შპს „კონცერნი თექა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1575 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | შპს „კონცერნი თექა“ |
თარიღი | 12 მარტი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს იუსტიციის მინისტის 2020 წლის 15 ივლისის N582 ბრძანება “ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის N582 ბრძანების ,,ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ’’ მე-8 მუხლის მეხუთე პუნქტი -„სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის იმ საქმეებზე, სადაც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალეს წარმოადგენს იურიდიული პირი, არ ვრცელდება ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები და სააღსრულებო წარმოება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“ |
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე”ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. „საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. დაცულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ კანონის 313 მუხლისა და სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ა) სარჩელი ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ხსენებული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის (ამგვარი იერარქიულად მაღლა მდგომი აქტი ნორმატიურლი აქტი ჩვენს შემთზვევაში არც არსებობს).
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, იურიდიული პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სწარმოადგენს შპს „კონცერნი თექა“, რომლის მიმართაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი და ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, განახლდა იძულებითი წესით უძრავი ქონებიდან გამოსახლების პროცესი, რაც, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ზიანის მომტანია კომპანიისა და მასში დასაქმებული პირებისთვის. სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ხოლო „საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის ზვიად კომლაძის წარმოებაშია სს ,,ტერაბანკი“-ს სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძვეზეც იურიდიულად (დოკუმენტალურად) ხორციელდება შპს ,,კონცერნი თექა“-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. საკ. კ. 01.72.14.007.025 გამოთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო უძრავი ქონება შ.პ.ს ,,ღვინის სამყარო’’-ს და ფიზიკურ პირთა (მათ შორის არასრულწლოვანთა) სარგებლობაშია, ეს უკანანსკნელი სადავო ურთიერთბაში მონაწილეც კი არაა. „ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის N 582 ბრძანების მე-8 მუხლის საფუძველზე 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე შეჩერდა გამოსახლების პროცესი, თუმცა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2021 წლის 10 თებერვლის N684 ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე განიმარტა, რომ მე-8 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის იმ საქმეებზე, სადაც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალეს წარმოადგენს იურიდიული პირი, არ ვრცელდება ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები და სააღსრულებო წარმოება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“. მოცემულ შემთხვევაში განახლდა სააღსრულებო წარმოება და იძულებით გამოსახლება დაინიშნა 2021 წლის 17 მარტს.
ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. რაც შეეხება საბუთს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით: ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი; ბ) (ძალადაკარგულია შემდეგი ნორმატიული შინაარსი: სხვა პირებისთვის სახელმწიფო ბაჟი კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებზე − 55 ლარის ოდენობით) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/15/1214 განჩინების თანახმად, „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საქმის არსებითი განხილვის გარეშე უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შემდეგ აღარ იარსებებს არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს სადავო ნორმით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებზე იურიდიული პირის ბაჟის გადახდის ვალდებულებას. შესაბამისად, იურიდიული პირები სრულად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან“.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2020 წლის 15 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისატრის მიერ მიღებულ იქნა N582 ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“.
აღნიშნული ბრძანების მე-8 მუხლის თანახმად,
1. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოვალისათვის წერილობით გაფრთხილების გაგზავნა მოხდეს ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღისა და დროის მითითების გარეშე.
2. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე არ განხორციელდეს მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანა. ამ კატეგორიის საქმეებზე სხვა სააღსრულებო მოქმედებები წარიმართოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. შეჩერდეს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა/დინება და დაიწყოს/გაგრძელდეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 თებერვლის N684 ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი „ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის იმ საქმეებზე, სადაც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალეს წარმოადგენს იურიდიული პირი, არ ვრცელდება ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები და სააღსრულებო წარმოება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“
სადავო ნორმით - მე-8 მუხლის მეხუთე პუქნტით იურიდიული პირების მიმართ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხდება განსხვავებული მოპყრობა, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს წარმოადგენს იურიდიუი პირი, არ ვრცელდება მის მიმართ ამ მუხლით დაწესებული პირობები სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე წერილობით გაფრთხილების გამოსახლების თარიღისა და დროის მითითების გარეშე გაგზავნის, მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანის შეჩერებისა და გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსასრულებლად განსაზღვრული ვადის შეჩერების შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა არის არაკონსტიტუციური საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმა, კერძოდ, მე-8 მუხლის მეხუთე ნაწილი აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობას არათუ უზღუდავს, სართოდ არ ვრცელდება იურიდიულ პირების მიმართ. შესაბამისად, თუ კანონმდებლის გათვლა სადავო ნორმის მიღების დროს ის იყო, რომ იურიდიული პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანას, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში შეიძლება ნაკლები ზიანი მოყვეს ცალკეული პირებისთვის, არ წარმოადგენს არგუმენტს აღნიშნული უთანასწორო მოპყრობის მიზნით, ვინაიდან მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებიდან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის, ანუ აღნიშნულ იურიდიულ პირში დასაქმებული ფიზიკური პირების იძულებით გაყვანა იგივე შედეგებს იწვევს ორივე შემთხვევაში.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან:
კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიღწევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო 34-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპი აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კანონდმებლობით. სამართლებრივი თვალსაზრისით, თანასწორნი არიან როგორც ცალკეული ფიზიკური პირები, ისე მათი გაერთიანებები, იურიდიული პირები. სამოქალაქო სამართლებრივი რეგულირების მეთოდი ერთმანეთთან ათანაბრებს იურიდიულად, ეკონომიურად თუ სოციალურად ძლიერ და სუსტ მხარეს. ეს იურიდიული თანასწორობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ თანაბარი სამოქალაქო უფლებები. ის გულისხმობს, რომ ამ უფლების მატარებელნი თანაბარნი არიან ამ უფლების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის პროცესში. ისინი თანაბარნი არიან სამოქალაქო კანონმდებლობის, სასამართლოს წინაშე, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა აქვთ.
შესაბამისად, თანასწორობის პრინციპი თანაბრად უნდა გავრცელდეს როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებიდან გაყვანის დროს.
იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას.
იურიდიული პირებისადმი დიფერენცირებული მოპყრობის მოტივი, სადავო ნორმიდან გამომდინარე, ბუნდოვანია. ბუნდოვანია ასევე კანონმდებლის მიზანი, თუ ბრძანების თავდაპირველად მიღების დროს - 2020 წლის 15 ივლისს არ არსებობდა იმ პირთა დიფერენციაციის საჭიროება, რომელთა მიმართაც მოქმედებდა აღნიშნული ბრძანების მე-8 მუხლი, რამ განაპირობა ფიზიკური და იურიდიული პირების გამიჯვნა, ამასთან, ამ უკანასკნელის მიმართ არათანაბარი მოპყრობა 2021 წლის 10 თებერვალს, რომელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ამგვარი დიფერენცირება, მაშინ, როდესაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელება ერთნაირი ზიანის მომტანი აღმოჩნდა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიმართაც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული პირი, შესაძლოა ახორციელებდეს საქველმოქმედო ან სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მოგებასთან. თუნდაც ის ფაქტი, რომ მოსარჩელე წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს იმას, რომ მის მიმათ ამგვარი მიდგომა ნაკლებად ზიანის მომტანი იქნება ვიდრე ფიზიკური პირის მიმართ, მაშინ, როდესაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, არანაკლებ ზიანს განიცდიდა ისიც და ამ პერიოდში იძულებით გაყვანამ ანუ გამოსახლებამ, შესაძლოა გამოიწვიოს მისი ფუნქციონირების შეწყვეტა, რაც არ შეესაბამება სამართლის დაცვის ინტერესებს. ,,მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილსინდისიერი მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუცია სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411, II-21).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის (სხვა დანარჩენთან ერთად იხ. Karlheinz Schmidt v. Germany, 18 July, 1994, პარ. #32-33).
მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით საკონსიტიტუციო სასამართლოს განმარტავს, რომ იგი „წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).). ნორმის „მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირები უნდა ჩაითვალონ არსებითად თანასწორებად, ვინაიდან უძრავი ქონებიდან გამოსახლებასთან მიმართებით შეზღუდვა სამართლებრივი მდგომარეობის, სტატუსის მიხედვით, დაუშვებელია. შესაბამისად, არ იკვეთება კანონმდებლის დასაშვები და ვარგისი მიზანი დიფერენცირებული რეგულირების შემოსაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში არსებული ჩამონათვალით და თვითმიზნურ დიფერენცირებას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპყრობის სხვა ფორმის გამოც. ,,კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას სამართლებრივ სივრცეში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).
,,თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს. ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას.... სხვა შემთხვევაში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-15).
შესაბამისად, სასამართლო იყენებს ორგვარ - რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების ტესტს, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულია თუ არა შესაბამისი ნიშანი.
მოცემულ შემთხვევაში ხდება ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურდიული პირების დიფერენცირება, რაც გამოიხატება ფიზიკური პირების მიმართ უძრავი ქონებიდან იძულებით გამოყვანისა და მასთან დაკავშირებით ვადების შეჩერებაში, ხოლო იურიდიული პირების მიმართ - არა. ზოგადად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა მათი ბუნებისა და უფლებრივი სტატუსიდან გამომდინარე. თუმცა, ამ ორ პირს შორის არსებული განსხვავება ყოველთვის ვერ განაპირობებს მათ არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე შეფასებული აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დიფერენცირების კონსტიტუციურობის საკითხი და სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ გარკვეულ შემთხვევებში ხსენებული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებად შეიძლება იქნეს განხილული (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს “გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-5).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6, 2016 წლის 29 დეკემბრის N№2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). აღნიშნული ტესტის ფარგლებში დიფერენცირება გამართლებადია, თუ მას გარკვეული მიზანი გააჩნია და გონივრულ დასაბუთებას ემყარება.
მოცემულ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, არ არსებობს ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რაც გაამართლებდა ფიზიკური პირისგან განსხვავებით უძრავი ქონებიდან იურიდიული პირის იძულებით გამოყვანას. ასევე არ იკვეთება შეზღუდვის საჭიროება ან აუცილებლობა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დოფერენცირება კანონის მიღების მემნტში არ ყოფილა. კიდევ ერთხელ გვსურს გავისვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ დადგენილი განსხვავებული და არათანაბარი მოპყჰრობა ფიზიკური პირებისაგან განსხვავებით, იურიდიული პირების მიმართ, რაც გამოიხატება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე, მოვალე იურიდიული პირის მიმართ იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღისა და დროის მითითები წერილობით გაფრთხილების გაგზავნის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე მოვალე იურიდიული პირებისა და მისი თანმხლები პირების სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანის განხორციელების, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა/დინება და დაიწყოს/გაგრძელდეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე შეუჩერებლობის შესახებ წარმოადგენს მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას, ვერ დგინდება კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი ამგვარი დიფეენცირებული მოპყრობის მიმართ და, შესაბამისად, წარმოადგენს არაკონსტიტუციურ რეგულირებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა