შპს „კონცერნი თექა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/1575 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 19:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს კონცერნი თექა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1575) მომართა „შპს კონცერნი თექამ“. №1575 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 15 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1575 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი პუნქტი, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-60 მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებით „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე შეჩერდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალისა და მისი თანმხლები პირების იძულებითი წესით გამოყვანა. თუმცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ხსენებული დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ეს შეზღუდვა არ შეეხება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის იმ საქმეებს, სადაც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალეს წარმოადგენს იურიდიული პირი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება.
5. №1575 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის წინააღმდეგ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, ხორციელდება „შპს კონცერნი თექას“ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა. მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებით შეიზღუდა სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე მოვალეებისა და მისი თანმხლები პირების უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გამოყვანა, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მოვალეს წარმოადგენს იურიდიული პირი. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს თანასწორ სუბიექტებს - ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ფიზიკური პირების მიმართ იძულებითი გამოსახლების შეჩერების ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა, იყოს ახალი კორონავირუსის პანდემიითა და შექმნილი კრიზისით გამოწვეული ზიანის შემსუბუქება, თუმცაღა მოსარჩელისათვის გაუგებარია, თუ რას ემსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შორის დიფერენცირება, რამდენადაც შექმნილი მდგომარეობის შედეგად იურიდიულმა პირებმაც ანალოგიურად განიცადეს ფინანსური ზარალი და მათ უძრავ ქონებაზე იძულებითი აღსრულება შესაძლოა, ნიშნავდეს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტას. ამასთანავე, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე აღსასრულებლად მიქცეული უძრავი ქონების ნაწილი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლებს, სადაც ცხოვრობენ ფიზიკური პირები, მათ შორის, არასრულწლოვნები. მოსარჩელის განმარტებით, რამდენადაც ქონების მესაკუთრე იყო იურიდიული პირი, სადავო ნორმის გამო არ შეჩერებულა მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საკითხი, რაც აზარალებს როგორც იურიდიულ პირს, ისე ამ უძრავ ქონებაში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ დიფერენცირება ეფუძნება არა რაიმე ლეგიტიმურ საჭიროებას ან მიზანს, არამედ მხოლოდ პირის სამართლებრივ სტატუსს, რაც, მისი პოზიციით, დაუშვებელია და არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებს იურიდიულ პირებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
8. №1575 კონსტიტუციურ სარჩელში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება, რამდენადაც სადავო ნორმა მას და აღსასრულებლად მიქცეულ უძრავ ქონებაში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს აყენებს გამოუსწორებელ ზიანს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1575 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის იმ საქმეებზე, რომლებზეც აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიხედვით, მოვალეს წარმოადგენს იურიდიული პირი, განსხვავებით ფიზიკური პირებისაგან, არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები, კერძოდ, ამგვარ საქმეებზე არ შეჩერებულა სააღსრულებო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა/დინება და ამ უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა იძულებითი გამოსახლება. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის და იგი არღვევს სამართლის წინაშე პირთა თანასწორობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვას და პირების ყოველმხრივ გათანაბრებას, თავად სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებისა თუ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების საფუძველზე, სახელმწიფოსათვის „მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთებისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს − პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-2).
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დადგენა, დიფერენცირების ყოველგვარი გამოვლინება a priori არ გულისხმობს დისკრიმინაციულ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი არ კრძალავს განსხვავებულ მოპყრობას არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ, რომელიც ეფუძნება არსებითად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ შეფასებას, გააჩნია გონივრული დასაბუთება და იცავს სამართლიან წონასწორობას დაპირისპირებულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მითითებული კონსტიტუციური დებულება „არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას ... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევებში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს ... ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“). ამდენად, გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა, არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ განსხვავებული მოპყრობა იყოს აუცილებელი და რაციონალური, გააჩნდეს კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება და არ იწვევდეს სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დარღვევას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის N2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე დაობს სადავო ნორმის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების დარღვევაზე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის იგი ვალდებულია, წარმოადგინოს არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად არიან შესადარებელი პირები კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის თანასწორი სუბიექტები და რატომ არის შესადარებელ ჯგუფებს შორის განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებელი. ამისათვის კი უნდა დასაბუთდეს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულაციის მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გავრცელება არაკონსტიტუციურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს შესადარებელ სუბიექტებს მოსარჩელესთან მიმართებით.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები ერთნაირად დაზარალდნენ ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობით და მათ შორის დიფერენცირება გაუმართლებელია. სადავო ნორმა შეეხება კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას - სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის შეჩერებასა და მოვალის/თანმხლები პირების უძრავი ქონებიდან იძულებითი წესით გაყვანის აკრძალვას „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე. დასახელებული რეგულაციის მიზანია, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში არ მოხდეს უძრავი ქონებიდან ფიზიკურ პირთა გამოსახლება და ამით კიდევ უფრო არ გაუარესდეს მათი საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური მდგომარეობა. მოსარჩელე მხარე აპელირებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ფიზიკური პირების მსგავსად, დიდი ფინანსური ზიანი განიცადეს იურიდიულმა პირებმაც, თუმცაღა მოცემულ შემთხვევაში იგი არ ასაბუთებს, თუ რამდენად გააჩნია იურიდიულ პირს ფიზიკური პირის იდენტური ან მსგავსი საჭიროებები საცხოვრებლით/თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხთან მიმართებით, რა განაპირობებს შესადარებელ პირთა თანასწორობას სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართალურთიერთობის - უძრავი ქონებიდან იძულებითი გაყვანის გარკვეული ვადით შეჩერების ასპექტში. ამდენად, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ იურიდიულმა პირმაც განიცადა გარკვეული ზიანი, ვერ გამოდგება ვერც სადავო ურთიერთობის ფარგლებში შესადარებელ პირთა თანასწორობისა და ვერც ამგვარი დიფერენცირების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელ არგუმენტად.
8. მოსარჩელე, გარდა ზემოხსენებული არგუმენტისა, ასევე აპელირებს იმაზე, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში ასევე ცხოვრობენ ფიზიკური პირები, მათ შორის, არასრულწლოვნებიც და რამდენადაც სადავო ნორმა არ ითვალისწინებს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შეჩერებას, თუ მოვალე იურიდიული პირია, ამგვარი მოწესრიგებით ზიანი ადგებათ ფიზიკურ პირებსაც. №1575 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 4 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მითითებულია, რომ უნდა მოხდეს კონკრეტული უძრავი ქონების გამოთხოვა „შპს კონცერნი თექას“ უკანონო მფლობელობიდან. დასახელებული სააღსრულებო ფურცელი შეეხება მხოლოდ იურიდიული პირის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საკითხს და არა იმ ქონებას, რომელიც ფიზიკური პირების მფლობელობაშია (მიუხედავად იმისა წარსულში ეს ქონება იყო თუ არა „შპს კონცერნი თექას“ საკუთრება). შესაბამისად, იურიდიული პირის მიმართ მიმდინარე აღსრულების ფარგლებში ვერ მოხდება ფიზიკური პირების უკანონო მფლობელობის აღკვეთა და მათი იძულებით გამოსახლება. ფიზიკური პირების იძულებითი გამოსახლების შემთხვევაზე კი იმოქმედებს არა სადავო ნორმა, არამედ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №582 ბრძანების ის რეგულაცია, რომელიც ამ პროცესს აჩერებს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე.
9. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1575 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1575 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს კონცერნი თექა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი