საქართველოს მოქალაქე მარიკა გაბესკირია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/627 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2016 20:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მარიკა გაბესკირია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „რომელიც ასევე იმყოფება სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე- მარიკა გაბესკირია. მოსარჩელის წარმომადგენლები - ანა აბაშიძე, ლაშა მამულაძე, გიორგი კუპრეიშვილი და მარი წერეთელი. მოპასუხის წარმომადგენლები - ნინო კვეზერელი, ალექსანდრე თორია, ამირან დათეშიძე, ირმა ქიტიაშვილი, თეა გვარამაძე და ირაკლი გვასალია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №627) მომართა საქართველოს მოქალაქე მარიკა გაბესკირიამ. №627 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 10 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №627 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 18 მაისს, 27 ოქტომბერს და 21 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი იმ „ქმედუუნაროდ აღიარებული“ პირის მიერ, რომელსაც წარმოეშობა ან უკვე მოპოვებული აქვს სოციალური პაკეტის მიღების უფლება, საანაბრე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქმედუნარიანობის შემთხვევაში ან ქმედუნარიანობის აღდგენამდე - მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის გასაჩივრებულ სიტყვების საფუძველზე, საანაბრე ანგარიშზე დარიცხული თანხა ქმედუუნარო პირის პირველი რიგის მემკვიდრისთვის გადაცემას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მემკვიდრე ასევე იმყოფება სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს თავად საკუთრების უფლების არსი.
5. №627 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მარიკა გაბესკირია, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის №2/79 გადაწყვეტილებით აღიარებულია ქმედუუნაროდ. ამასთან, 2001 წლიდან მას უვადოდ მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და დაენიშნა სახელმწიფო პენსია. 2012 წლის შემდგომ მოსარჩელეს აღარ გააჩნია უფლება, უშუალოდ მიიღოს და განკარგოს სოციალური პაკეტით მისთვის გათვალისწინებული თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი.
6. მოსარჩლე მხარე აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც შესაძლებელია აკმაყოფილებდეს ქმედუუნაროდ აღიარების პირობებს, თუმცა არ ჰქონდეს სასამართლოს მიერ ამგვარი სტატუსი მინიჭებული, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი სასამართლოს მიერ „ქმედუუნაროდ ცნობილი პირი“, რომელსაც გააჩნია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო გარიგებების დადების უნარი, წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რომელთა მიმართაც სადავო ნორმებით დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ დიფერენცირებას საფუძვლად უდევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი, კერძოდ, სოციალური კუთვნილება.
7. მოსარჩლე მხარე გამოყოფს იმ შესადარებელ კატეგორიებს, რომელთაც ასევე გააჩნიათ სოციალური პაკეტით განსაზღვრული თანხის მიღების უფლება, თუმცა მსგავს ვითარებაში მყოფი პირებისგან განსხვავებით, მათთვის ამ თანხის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება არ არის შეზღუდული. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ასეთ ჯგუფებს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირები, რომლებიც არ არიან აღიარებული „ქმედუუნაროდ“, (მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ) და „ქმედუუნაროდ აღიარებული“ ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ. მოსარჩელის აღნიშვნით, თითოეული დასახელებული კატეგორია არის სოციალური პაკეტით განსაზღვრული თანხის მიმღები სუბიექტი, თუმცა მათგან განსხვავებით, მხოლოდ მოსარჩელის კატეგორიის პირებისთვის, კერძოდ „ქმედუუნაროდ აღიარებული“ იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ, შეზღუდულია სოციალური პაკეტის ფარგლებში მათზე გაცემული თანხის მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.
8. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
9. კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდება კონკრეტულ პირზე სოციალური დახმარების სახით თანხის გაცემა, ეს თანხა იქცევა მის საკუთრებად და ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, დაუშვებელია საკუთრების უფლების შეზღუდვა სამართლებრივი აქტების იერარქიაში კანონზე დაბლა მდგომი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელის უფლების შემზღუდველ აქტს წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, კერძოდ, მთავრობის დადგენილება, სადავო ნორმა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.
11. მოსარჩელე მხარის თქმით, სადავო ნორმა სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფ „შეზღუდული ქმედუნარიანობის“ მქონე პირთა ინდივიდუალურ გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს. გასაჩივრებული რეგულაცია მესაკუთრეს უსპობს შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს საკუთრების ობიექტით სარგებლობა. ამასთან, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა სრულად გამორიცხავს საკუთრებაზე მესაკუთრის უფლებას და საკუთრებას მიიჩნევს არა მუდმივ, არამედ დროებით, კერძოდ, მესაკუთრის სიცოცხლის ვადით შემოფარგლულ სამართლებრივ სიკეთედ.
12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის კატეგორიის პირთათვის, საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვის ფარგლების დადგენისას აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შემოწმებულ იქნეს სოციალური პაკეტის მიმღებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური უნარები და შესაბამისი დასკვნის გარეშე არ ხდებოდეს უფლებათა ბლანკეტური ჩამორთმევა.
13. მოსარჩელე „ქმედუუნარო“ პირთა მიერ მემკვიდრეობის ანდერძით გადაცემის უფლების შეზღუდვას არ მიიჩნევს პრობლემურად, არამედ არაკონსტიტუციურად თვლის რეგულაციას, რომლის თანახმად, მკაცრად არის გაწერილი და გაუმართლებლად დავიწროებული კანონით მემკვიდრეთა წრე, ხოლო მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებიც სახელმწიფო მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან.
14. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნული შეზღუდვის საფუძველზე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მოსარჩელის კატეგორიის პირთათვის საკუთრების მემკვიდრეობით გადაცემის უფლებით სარგებლობა შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, „ქმედუუნარო“ პირებს ისედაც არ გააჩნიათ ანდერძის საფუძველზე საკუთარი ქონების მემკვიდრეობით გადაცემის უფლება. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, იმ პირობებში, როდესაც ნებისმიერი სხვა ქონება დაუბრკოლებლად ექვემდებარება მემკვიდრეობით გადაცემას, გაუგებარია სოციალური პაკეტის გადაცემისთვის ამგვარი შეზღუდვის დაწესების მიზანი.
15. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
16. მოსარჩელის წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ, საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მიუხედავად სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ სადავო ნორმის რედაქციის ცვლილებისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად უნდა განიხილოს, რადგან მოსარჩელესთან მიმართებით მოქმედებს ძველი სადავო ნორმა, რაზეც მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 451-ე მუხლი.
17. ანა აბაშიძის განმარტებით, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 7 სექტემბერის №459 დადგენილების შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-10 მუხლის ფორმულირებაში სიტყვა „ქმედუუნაროს“ „მხარდამჭერის მიმღებით“ შეცვლით საქართველოს მთავრობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რადგან მოსარჩელისათვის და მის მდგომარეობაში მყოფი 149 ადამიანისთვის პრობლემა სადავო ნორმის შეცვლით არ მოგვარებულა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1508-ე მუხლი ჯერ კიდევ მოქმედებს.
18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარჩელისთვის დანიშნულმა წარმომადგენლმა, გიორგი კუპრეიშვილმა, საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ სს სოციალური მომსახურების სააგენტო №627 სარჩელის მოტივაციას არ ეთანხმება, რადგან სარჩელის შემოტანის მომენტისთვის სადავო ნორმის არსებული რეგულაცია არ ზღუდავდა „ქმედუუნარო“ პირის უფლებებს. მისი განმარტებით, არც მოქმედი რედაქციაა კონსტიტუციასთან შეუსაბამო. პირიქით, ცვლილებით სადავო ნორმის საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა. მისი მტკიცებით, ცვლილებით მოსარჩელისა და მის მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებები კი არ იზღუდება, არამედ დაწესდა სააგენტოს მოქმედების წესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ უნდა მიიღოს არსებითად განსახილველად.
19. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, №627 სარჩელი 2015 წლის 1 იანვრით თარიღდება, მთავრობის N279 დადგენილებაში კი 7 სექტემბერს არის შესული ცვლილება, შესაბამისად, მოქმედებს სადავო ნორმისგან განსხვავებული რედაქცია. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. მოსარჩელე მარიკა გაბესკირია სადავოდ ხდის „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „რომელიც ასევე იმყოფება სახელმწიფოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 7 სექტემბერის №459 დადგენილების შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-10 მუხლი შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, სადავო ნორმამ, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდა, შეწყვიტა მოქმედება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/545 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალბერტ ნურბეგიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/8/501 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი ქურდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის № 1/1/474 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
3. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმაში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და რაც ასევე გამორიცხავს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N627 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, უნდა შეწყდეს სამართალწარმოება.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №627 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე მარიკა გაბესკირია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი