საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/2/630 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აპრილი 2015 |
კოლეგიისშემადგენლობა:
1. ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ სიჭინავა – წევრი;
3. ლალი ფაფიაშვილი – წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
4. თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი;
სხდომის მდივანი – დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №630) მომართა საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილმა. №630 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 25 თებერვალს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 1 აპრილს.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს: საქათველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, თუმცა სარჩელის ველში, სადაც მოსარჩელეს მოეთხოვება მოახდინოს სადავო ნორმისა და კონსტიტუციური უფლებების იდენტიფიცირება, მოსარჩელეს მითითებული აქვს მხოლოდ 112-ე მუხლის მეორე წინადადება. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელით ითხოვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონონის 112 მუხლის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, „იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის ოდენობით“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2010 წლის 27 ოქტომბრიდან მოსარჩელეს ეკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის №502 ბრძანებით, იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის №3ბ/1033-13 გადაწყვეტილებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების №502 ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული და იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის მოპასუხე მხარეს დაეკისრა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ვალდებულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში, თუმცა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. მოსარჩელის განმარტებით, როდესაც პირი არამართლზომიერად, მისი ბრალის გარეშე თავისუფლდება საჯარო სამსახურიდან, მას უნდა ჰქონდეს იძულებით მოცდენილი პერიოდის განმავლობაში ასაღები თანამდებობრივი სარგოს სრულად ანაზღაურების უფლება. ვინაიდან სადავო ნორმით აღნიშნული პერიოდი პირობადადებულია 3 თვის ვადით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ, მართალია, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება დაცულია კონსტიტუციის 29-ე მუხლით, თუმცა აღნიშნული საქმიანობით მიღებული შემოსავალი, თანამდებობრივი სარგო, მიეკუთვნება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს.
9. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება წარმოადგენს უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას და აუცილებელია სასამართლოს გააჩნდეს შესაძლებლობა, უფლების დარღვევაზე ეფექტური რეაგირებისთვის. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება სადავო ნორმით დადგენილ იძულებით მოცდენილი პერიოდის ანაზღაურებად მაქსიმუმს (სამ თვეს), შესაბამისად, თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების დადგენის შემთხვევაშიც კი, სადავო ნორმა სასამართლოს არ უტოვებს შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააკისროს ანაზღაურება იძულებით გაცდენილი სრული პერიოდისთვის. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას აქცევს ფორმალურ და ილუზორულ უფლებად, შესაბამისად, ზღუდავს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს.
10. გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით სახელმწიფოს ევალება, უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანის სრული ანაზღაურება, თუმცა სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს შეზღუდულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იგი სახელმწიფოს ათავისუფლებს ვალდებულებისგან, აანაზღაუროს უკანონო ქმდებით გამოწვეული ზიანის სრული ოდენობა, რაც წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცულ უფლებაში.
11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მეორე წინადადებით დადგენილი რეგულაცია ზღუდავს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, აგრეთვე 42-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით დაცულ უფლებებს, შესაბამისად, სარჩელი მიღებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად.
12. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობაზე.
13. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტაციას. მისი აზრით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არის ინსტრუმენტული ხასიათის, ხოლო სადავო ნორმა არ შეიცავს რაიმე სახის პროცედურულ შეზღუდვას, შესაბამისად, მას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
14. მოპასუხე მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებას. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ კომპენსაცია იძულებით მოცდენილი პერიოდისთვის არ წარმოადგენს „ზარალის“ კლასიკურ სახეს, ამასთან, კომპენსაციის აღნიშნული შემთხვევა მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებასთან. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ, როგორც თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლება, ისე უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში იძულებით მოცდენილი პერიოდის კომპენსირების უფლება დაცულია კონსტიტუციის სპეციალური ნორმით – 29-ე მუხლით და არა, შესაბამისად, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტებით.
15. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ აქვს მიმართება მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ კონსტიტუციურ უფლებებთან და სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, დააკისროს სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისთვის.
3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველა ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლების დაცვის რეალურ სამართლებრივ გარანტიას. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებების, სასამართლოს მეშვეობით, დაცვის რეალური შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არამარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული, ფიქციური და არარეალური მექანიზმი უფლების დასაცავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანიაშვილი, ნანა ჯანიაშვილი და ირმა ჯანიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, $II-2).
4. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების თავისებურებას წარმოადგენს მისი ინსტრუმენტული ბუნება, კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი არ განსაზღვრავს რომელიმე უფლების მატერიალურ შინაარსს, იგი ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
5. სადავო ნორმა მკაფიოდ განსაზღვრავს იძულებით გაცდენილ სამუშაო პერიოდს, რომელიც ანაზღაურდება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შემთხვევაში. ამასთან, იგი მოსარჩელეს არ უქმნის რაიმე სახის დაბრკოლებას, სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას სადავო ნორმით მინიჭებული უფლება ამავე ნორმით აღიარებულ ფარგლებში, შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №630 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
7. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების აუცილებელი წინაპირობაა, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან მას არ ეძლევა სამსახურიდან უკანონო დათხოვნის შედეგად, იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის განკუთვნილი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით მიღების შესაძლებლობა.
9. სადავო ნორმის მიხედვით, „იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის უფლებას „სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს“. ციტირებული ნორმა ხაზს უსვამს თანამდებობრივი სარგოსა და პირის მიერ შესაბამის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის მჭიდრო კავშირს. სხვაგვარად, პირს შრომითი ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ მის მიერ კონკრეტულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის. როდესაც პირი თავისუფლდებდა სამსახურიდან, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების მიუხედავად, იგი წყვეტს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად კარგავს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის დასრულების შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, თუ დადასტურდება უკანონო გათავისუფლების ფაქტი, იძულებით მოცდენილი პერიოდისთვის პირი იღებს შრომით გასამრჯელოს არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს არა ხელფასს პირის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, არამედ კომპენსაციას მისი უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მოცდენილი პერიოდისთვის, შესაბამისად, სადავო ნორმა არ აწესრიგებს თანამდებობრივი სარგოს მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობას.
10. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის დასაბუთებისთვის მოსარჩელე მიუთითებს სწორედ იმ არგუმენტაციაზე, რასაც იგი იყენებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებას მას ერღვევა იმდენად, რამდენადაც არ აქვს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება. არც სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია დამატებითი არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმით კონსტიტუციის 21-ე მუხლის სავარუდო შეზღუდვას.
11. ამგვარად, არგუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილია №554 კონსტიტუციურ სარჩელში, არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს სადავო ნორმას ისეთი ნორმატიული შინაარსით, რომელიც მას არ გააჩნია(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/5/554 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“. II-7).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №630 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №630 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №630 (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №630 (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი