საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 630 |
ავტორ(ებ)ი | თინა ბეჟიტაშვილი |
თარიღი | 24 თებერვალი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის არსებით განსახილველად მიღება კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა,, და ,,ვ,, ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19-ე მუხლის ,,ე,, პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 16-ე მუხლის შესაბამისად: კონსტიტუციის მუხლი 89 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო .. მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, … კანონის, .. შესაბამისობის საკითხებზე; ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, ორგანული კანონის მუხლი 19. 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი; მუხლი 31. 1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. მუხლი 39. 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მოსარჩელე (საქართველოს მოქალაქე) ადასტურებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს. საკუთრების უფლებას - კონსტიტუციის 21 მუხლი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება- კონსტიტუციის 42-ე მუხლი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ, მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, სადავო საკითხი არ ყოფილა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამდენად, არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ სარჩელი არსებით განსახილველად იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: არაკონსტიტუციურად ცნოთ ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ბოლო წინადადება: ,,იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.,, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან, 42-ე მუხლის 1-ლ და მე-9 პუნქტთან მიმართებით.
ფაქტები, დაზარალებული 2010 წლის 27 ოქტომბრიდან თინა ბეჟიტაშვილი მუშაობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. ბეჟიტაშვილის თანამდებობრივი სარგო თვეში იყო 560 ლარი. 2013 წლის 29 მარტის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის #502 ბრძანებით თინა ბეჟიტაშვილი გაათავისუფლეს თანმდებობიდან, დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით. ბეჟიტაშვილმა სარჩელით მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვა თანამდებბაზე აღდგენა და განაცდური ხელფასი, რომელმაც 01.07.2013წ. არ დააკმაყოფილა სარჩელი. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. 26.09.2013წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დააკმაყოფილა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო, განაცდური ხელფასი დააკისრა მოსასუხეს მხოლოდ 3 თვის ოდენობით. ამ ნაწილში, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თინა ბეჟიტაშვილმა გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა განაცდური ხელფასის სრული ოდენობით ანაზღაურება. 04.03.2014წ უზენაესი სასამართლო ს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად. 2014 წლის 1 მაისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით თინა ბეჟიტაშვილი აღდგენილ იქნა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. სამსახურში აღდგენის დღიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და საქმიანობაში ხელშეშლა. 2014 წლის 2 ივნისის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით იგი კვლავ დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, რომლის კანონიერებასაც სადაო გახადა თინა ბეჟიტაშვილმა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაგისტრი მოსამართლი გადაწყვეტილებით, სადაო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლბის ბრძანება და განსახილველად დაუბრუნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებილია სააპელაციო სასამართლოში.
სადავო ნორმა და კონსტიტუციით დაცული უფლებები: საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ 112-ე მუხლის შესაბამისად: მუხლი 112. მოთხოვნის უფლება სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში (5.05.2011. N4650) სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. _ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად: მუხლი 21 (15.10.2010. N3710 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მუხლი 42 1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. _ საქართველოს ორგანული კანონით, შრომის კოდექსის შესაბამისად: მუხლი 32. შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს 1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. _ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1-ლი ოქმის შესაბამისად: მუხლი 1. ქონების დაცვა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. ზემო დებულებები არანაირად არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის. _ საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ მე- 7 მუხლის თანახმად: მუხლი 7 1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, კერძოდ: a) ანაზღაურება, რომელიც ყველა მშრომელისათვის, როგორც მინიმუმს, უზრუნველყოფს; I) სამართლიან ხელფასს და თანაბარ ანაზღაურებას ტოლფასოვანი შრომისათვის რაიმე განსხვავების გარეშე, ამასთან, კერძოდ, ქალებისათვის გარანტირებული უნდა იყოს შრომის ისეთი პირობები, რომლებიც მამაკაცთა შრომის პირობებზე უარესი არ იქნება და თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისათვის; II) მათი და მათი ოჯახების დამაკმაყოფილებელ არსებობას ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად; b) უსაფრთხოებისა და ჰიგიენის მოთხოვნების შესაბამისი შრომის პირობები; c) ყველასათვის ერთნაირი შესაძლებლობა სამუშაოზე დაწინაურდეს შესაბამის უფრო მაღალ საფეხურზე მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კვალიფიკაციის საფუძველზე; d) დასვენება, თავისუფალი დრო და სამუშაო დროის გონივრული შეზღუდვა და პერიოდული ანაზღაურებული შვებულება, ისევე როგორც ანაზღაურება უქმე დღეებისათვის. სასამართლოსადმი მიმართვა (სამართლიანი სასამართლო) სადავო ნორმის წყალობით წინასწარ განსაზღვრულია, რომ მიუხედავად სასამართლოსთვის მიმართვისა დაზარალებული ვერ შეძლებს დარღვეული უფლებების სრულად აღდგენას. დაზარალებული შეძლებს მხოლოდ 3 თვის იძულებით განაცდური ხელფასი მიიღოს მიუხედავად იმისა რომ საქმის განხილვას როგორც წესი 3 თვეზე გაცილებით მეტი დრო ჭირდება. სადავო ნორმის წყალობით თინა ბეჟიტაშვილმა ვერ მოახერხა და ვერ მიიღო 10 თვის იძულებით განაცდური ხელფასი 5600 ლარის ოდენობით. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არის მნიშვნელოვანი გარანტია დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანმა სასამართლოს მეშვეობით აღიდგინოს დარღვეული უფლებები, სწორედ აღნიშნული (და კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული) უფლება, დაუსაბუთებლად იზღუდება სადავო ნორმით. საკუთრების უფლება სადავო ნორმით ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების მიღების უფლება რომელიც დაკავშირებულია შრომით ურთიერთობასთან. ანუ დასაქმებულის უფლებაა დაცული იყოს დამსაქმებლის თვითნებური ქმედებებისგან მოიცავს შესაძლებლობას, რომ ასეთ შემთხვევაში ის სრულად მიიღებს იმ ხელფასს რაც უნდა მიეღო, რომ არა დამსაქმებლის უკანონო ქმედება. სადავო ნორმით მხოლოდ 3 თვის ხელფასი არის შესაძებელი, რომ მიიღოს უსაფუძვლოდ გათავისუფლებულმა პირმა. სადავო ნორმის წყალობით შეზღუდული პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომელიც ასუსტებს სამართლებრივი (ფინანსური) პასუხისმგებლობის ზღუდეს რიგ შემთხვევაში შესაძლოა წაახალისოს დამსაქმებელი და განაპირობოს დასაქმებულის დაუსაბუთებელი გათავისუფლება რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უფლებას და გარანტიებს. რაციონალური დიფერენციაციის ტესტი არც საკუთრების უფლება და არც სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აფსოლიტურ უფლებას შესაბამისად, უფლებების შეზღუდვისთვის საჭიროა ,,ლეგიტიმური მიზანი,, და პროპორციის დაცვა მიზანსა და შეზღუდვას შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ,,ლეგიტიმური მიზანი,, არ ყოფილა მითითებული. ჰიპოთეტურად, შესაძლოა ასეთი შეღუდვის მიზანი იყოს ფინანსური რესურსის დაზოგვა რაც სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს უკანოთ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს. ასეთი მიზნის არსებობის შემთხვევაში არსებული შეზღუდვა აშკარად არაპროორციული და არაგონივრულია ვინაიდან ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი შეზღუდვით მაგალითად, თუნდაც სასამართლო განხილვის შემცირებული ვადების დაწესებით რა დროსაც არ შეიზღუდება კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა. უფლების შეზღუდვა ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტების და პროცედურების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიშლება სამართლებრივი წესრიგი და უფლებათა შეზღუდვა ან რეგულირება ქაოტური და არაპროგნოზირებადი გახდება. სადავო ნორმით, როგორც საკუთრების უფლება ასევე, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა ხორციელდება დაუსაბუთებლად, ქმნის საშის პრეცედენტს და საფრთხეს, რომ მომავალშიც სახელმწიფოს ექნება ცდუნება საკუთარი სუბიექტური შეხებულებების და საჭიროებების შესაბამისად შეზღუდოს ადამიანის უფლებები და ეს შეზღუდვა არ მოხვდეს სასამართლო რეგულირების (დაცვის) ფარგლებში. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა დაზარალებულს განსაკუთრებით უსუსურ მდგომარეობაში და კანონიერი რეგულირების ფარგლებს გარეშე დატოვებს. სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი და არაბუნებრივია მსგავსი შეზღუდვა. ამდენად, სადავო ნორმა ,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ბოლო წინადადება: ,,იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.,, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტთან და 42-ე მუხლის 1-ლ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა