სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ა.ა.ი.პ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac630 |
თარიღი | 8 ივნისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №630 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილის #630 კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის ბოლო წინადადების (იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით) არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. ვსარგებლობთ რა, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 პრიმა მუხლით მონიჭებული უფლებამოსილებით, წარმოგიდგენთ წერილობით მოსაზრებას, განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. დასახელებული ნორმის პირველი პუნქტი 2 მნიშვნელოვან წესს ადგენს: 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს თანაბარი უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა; 2. სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე ნორმის მეორე პუნქტიც მსგავსი შინაარსისაა და მიუთითებს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები კანონით განისაზღვრება. კანონს, რომელიც სახელმწიფო სამსახურის პირობებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს. ვინაიდან, ის ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. # 630 კონსტიტუციურ სარჩელთან კავშირში, მნიშვნელოვანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნაწილი, რომელიც მოხელის საჯარო სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების წესს არეგულირებს. კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მოხელე სამსახურში ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება განუსაზღვრელი ვადით ( „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლი). სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მოხელეს უფლება აქვს მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლი). იმისათვის, რომ მოხელემ მიიღოს შრომითი გასამრჯელო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ბენეფიტები, მან უნდა შეასრულოს კანონმდებლობით, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-66 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები. საჯარო მოსამსახურე ასევე ვალდებულია დაიცვას კანონით დადგენილი ქცევის ზოგადი წესები. თავის მხრივ, დასახელებული წესების დაცვა საჯარო მოსამსახურეს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ იქნება დასაქმებული, მიიღებს გასამრჯელოს და ღირსეულად წარმართავს მომავალს. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა შრომითი ურთიერთობა საჯარო მოსამსახურის ინიციატივით ან სამსახურის ლიკვიდაციის საფუძველზე ხდება. სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: 1. განთავისუფლების უკანონოდ ცნობა; 2. განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა; 3. თანამდებობრივი სარგო. კანონის თანახმად, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლი). მართალია, მიუღებელი თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით განსაზღვრა წარმოადგენს კონკრეტული დავის საგანს. თუმცა, სადავო აქტის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობამდე, მიზანშეწონილია განვიხილოთ მისი პრაქტიკული გამოყენების ასპექტები და უფლების შესაძლო დარღვევის შემთხვევები.
სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეს უფლება აქვს გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში მიმართოს სასამართლოს. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული აქტის თაობაზე პირის მიერ სარჩელის წარდგენა არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლი). ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი (ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები განხილული უნდა იქნეს არა უგვიანეს 1 თვისა ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლი). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლი). დასახელებული ნორმების ერთობლივად წაკითხვა აჩვენებს, რომ გათავისუფლებიდან 2 თვე და 14 დღე არის ის მინიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც შრომის დავებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ცნობილი. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია დააკმაყოფილოს სარჩელი, უარი თქვას მის დაკმაყოფილებაზე ან საქმე დამატებითი შესწავლის მიზნით დაუბრუნოს აქტის გამომცემ ორგანოს. სარჩელის დაკმაყოფილება - ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბუნებრივია, აღნიშნული დამატებით დროს საჭიროებს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებას იწვევს. გამონაკლისია შემთხვევა, როცა მოსარჩელე მხარე აყენებს და სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საუბარია არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ). გადაწყვეტილების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა - მსგავს შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მოსარჩელის ინტერესებში შედის. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისევე როგორც სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადები სამოქალაქო საპროცესო კოდექსითაა განსაზღვრული. დასახელებული ვადების დეტალურად განხილვა კონკრეტულ მსჯელობის საგანს ცილდება. თუმცა, ზედაპირული განხილვითაც დასტურდება, რომ სააპელაციო და მით უფრო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა რამდენიმე თვეს საჭიროებს და 3 თვიან ვადას მნიშვნელოვნად აღემატება. დამატებითი შესწავლის მიზნით, აქტის გამომცემი ორგანოსთვის საქმის დაბრუნება - როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. აღნიშნული გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას, ანუ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი). ამასთან, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ვადა შესაძლოა 3 თვემდე გახანგრძლივდეს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, თავისთავად, არ გამორიცხავს უფლების სასამართლოს გზით დაცვის გაგრძელების შესაძლებლობას. შესაბამისად, მითითებული ვადა ასევე შესაძლებელია გაგრძელდეს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების ვადით. დამატებით მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით განსაზღვრულია პროცედურები, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას ახლავს თან. მათ შორის შეიძლება იყოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებები ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება, თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ აღასრულებს გადაწყვეილებას. შესაბამისად, შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ უკანონონდ გათავისუფლებული პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვა რამდენიმე თვეს საჭიროებს და სამ თვეს ბევრად აღემატება. გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირველი ინსტანციის სასამართლო აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
შესაბამისად, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ადგენს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ ნორმაში ხელფასზე, როგორც საკუთრების დამოუკიდებელ ფორმაზე, საუბარი არ არის. თუმცა, ხელფასს საკუთრების უფლების ქვეშ დაცულ სიკეთედ მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლო. სასამართლოს პოზიციით, შრომითი საქმიანობით მიღებული (მისაღები) კონკრეტული შედეგი (უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე) საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცული არ არის. [...] სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლება მიუღებელ შემოსავალზე - საკუთრებაზე განმტკიცებულია საკუთრების უფლებით. საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის #489 გადაწყვეტილება საქმეზე ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ხელფასს, საკუთრების უფლების ფარგლებში დაცულ სიკეთედ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც. სასამართლოს მოყვანილი განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის უფლების წარმოსაშობად აუცილებელი პირობა კანონიერი მოლოდინის არსებობაა. კანონიერი მოლოდინის უპირველესი საფუძველი შეიძლება იყოს სამართლის ზოგადი პრინციპები, მათ შორის სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი. „ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს. ღირებულებათა ნორმატიული წესრიგი ცალკეული მოქალაქის ქცევათა დეტერმინაციის საშუალებაა. ასეთი წესრიგის პირობებში ადამიანებს აქვთ გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო იმოქმედებს სამართლით დადგენილ ფარგლებში და მის მიერ ჩადენილ მოქმედებას შეაფასებს არსებული ნორმატიული სინამდვილის პირობებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის #1/1/428,447,459 გადაწყვეტილება, II.პ.1). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინდივიდს აქვს იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო იმოქმედებს რა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, არ დაარღვევს მის შრომით უფლებებს. აღნიშნული წარმოშობს მისივე მოლოდინს, რომ მიიღებს ანაზღაურებას და შესაბამისად დაგეგმავს მომავალს. რაც შეეხება შრომით სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ კონსტიტუციურ ნორმებს, კონსტიტუციის 29-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არ შეიძლება გაგებული იქნეს ისე, რომ იცავს მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას. კონსტიტუციური ნორმის ფარგლებში დაცულია როგორც პირის უფლება, დაცული იყოს უკანონო გათავისუფლებისგან, ასევე ნებისმიერი უკანონო მოქმედებისგან, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში წარმოიშობა. ხელფასს, როგორც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის განუყოფელ ნაწილს განიხილავს შესაბამისი სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის მე-7 მუხლი (რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ამდენად, კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს), მიუთითებს, რომ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც ასევე მოიცავს ანაზღაურების მიღების უფლებას. ანაღაურებად უნდა იქნეს მიჩნეული ის მიუღებელი შემოსავალიც, რომელსაც პირი მიიღებდა, რომ არა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების და შესაბამისად, უკანონოდ მოცდენის ფაქტი. მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით. კერძოდ, 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ: 1. სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ადგილი უნდა ჰქონდეს უკანონო მოქმედების ფაქტს; 2. პირს უნდა მიადგეს მატერიალური ზიანი; 3. უკანონო ქმედებას და ზიანს შორის უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. კონკრეტული შემთხვევა აკმაყოფილებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოსაშობად აუცილებელ ყველა პირობას. კერძოდ: სახელმწიფო მოხელის (სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი) უკანონო ქმედების ფაქტი დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით. მატერიალურ ზიანს შეადგენს სამსახურეობრივი სარგოს ის ოდენობა, რომელსაც პირი მიიღებდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების შემთხვევაში. ასევე ნათელია, რომ უკანონო ქმედების არარსებობის შემთხვევაში მსგავსი ზიანი არ დადგებოდა. სწორედ ამიტომ უნდა ანაზღაურდეს ზიანი სრულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნება ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა, რაც სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დარღვევას წარმოადგენს. ანალოგიურ ურთიერთობას განსხვავებულად და კონსტიტუციასთან შესაბამისად არეგულირებს შრომის კოდექსი. კერძოდ, კანონი ადგენს, რომ თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. აქვე მითითებულია, რომ დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება (შრომის კოდექსის 32-ე მუხლი). კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის შინაარსი ასევე განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში საუბარია, ზოგადად, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებულ ზიანზე. ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც - ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 07 დეკემბრის #423 გადაწყვეტილება ). ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით მოთხოვნა არაორაზროვანი და მკაფიოა. საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს ისეთი საგამონაკლისო შემთხვევების დადგენას, როდესაც [...] ან სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა ნებისმიერი სხვა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება (საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 07 დეკემბრის #423 გადაწყვეტილება 423 პ.23). ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობისას ასევე აუცილებელია ლეგიტიმურ მიზანზე საუბარი. ერთერთი მიზანი, რომელსაც შესაძლოა სადავო ნორმა ემსახურებოდეს, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა. კერძოდ, ხანგრძლივი სასამართლო დავების გათვალისწინებით, სახელმწიფოს ინტერესებში შედის, მაქსიმალურად შეამციროს უკანონოდ გათავისუფლებული პირისთვის ასანაზღაურებელი თანხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნორმა აღნიშნული რედაქციით, 2011 წლის 5 მაისის №4650-Iს ცვლილების საფუძველზე ჩამოყალიბდა. თუმცა, #630 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი ნორმა ვერ აკმაყოფილებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა კანონით განსაზღვრული და მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. ნებისმიერ უფლებაში ჩარევა, უფლების შეზღუდვა, კონსტიტუციის მიხედვით, კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული. იმავდროულად, იმისათვის, რომ შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულად ჩაითვალოს, პირველ რიგში, თავად კანონი უნდა შეესაბამებოდეს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს. „კანონად“ შეიძლება ჩაითვალოს საკანონმდებლო საქმიანობის მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს კანონის შესაბამისობას სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებთან. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ჩარევა კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტითაა გათვალისწინებული, პრობლემას ვერ ხსნის. სადავოდ გახდილი ნორმა ერთი მხრივ ვერ აკმაყოფილებს კანონისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ არ არის მიზნის მიღწევის ერთადერთი და ამავდროულად პროპორციული ზომა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის სტანდარტები, რაც უფლებაში ჩარევამ უნდა დააკმაყოფილოს. უფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება). იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ სადავო აქტით დადგენილი შეზღუდვა სახელმწიფო სახსრების ეკონომიურად ხარჯვას ემსახურება, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული ზომა ერთადერთი და ამავდროულად, პროპორციული ზომა ვერ იქნება. ვინაიდან, მიზანი შეიძლება მიღწეული იქნეს უკანონო გათავისუფლების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანით ან/და კიდევ უფრო მკაცრად განსაზღვრული სამართალწარმოების ვადებით. ,,ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება). შრომის უფლება, მათ შორის ანაზღაურების მიღების უფლება ასევე დაცულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. გამომდინარე იქედან, რომ ავიწროვებს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებს და ამდენად, ვერ შეესაბამება მას, #630 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გახდილი აქტი, კერძოდ, უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, იძულებით განაცდურის 3 თვის ოდენობით განსაზღვრა, ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად. |