საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/630 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 31 ივლისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - თინა ბეჟიტაშვილი; მოსარჩელის წარმომადგენლები - არჩილ ჩოფიკაშვილი და ლაშა ჭინჭარაული; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №630) მომართა საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილმა. №630 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 25 თებერვალს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 1 აპრილს. 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერით №630 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2015 წლის 9 ივნისს.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ვ” ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე” პუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, „იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის ოდენობით”.
5. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს, რომ „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2010 წლის 27 ოქტომბრიდან მოსარჩელეს ეკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 29 მარტის #502 ბრძანებით, იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
7. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის #3ბ/1033-13 გადაწყვეტილებით, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების #502 ბრძანება უკანონოდ იქნა მიჩნეული და იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის მოპასუხე მხარეს დაეკისრა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ვალდებულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს არა 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, არამედ სრული მოცულობით ანაზღაურება, თუმცა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებს უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანის სრულ ანაზღაურებას, თუმცა სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს შეზღუდულ პასუხისმგებლობას და სრული მოცულობის ნაცვლად მას მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ზიანის ანაზღაურებას აკისრებს. იმ პირობებში კი, როდესაც განაცდური პერიოდი აღემატება 3 თვეს, დასახელებული რეგულაცია ეწინააღმდეგება ზიანის სრულად ანაზღაურების კონსტიტუციურ უფლებას.
9. მოსარჩელის აღნიშვნით, საჯარო მოხელეს, თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი თანამდებობრივი სარგოს მიღებაზე, რაც წარმოადგენს ფიქსირებულ თანხას, ხოლო ეს უფლება არ არის დამოკიდებული შესრულებული სამუშაოს მოცულობასა თუ მის ხარისხზე. ამასთან, მოსარჩელე მხარე იძულებითი მოცდენის პერიოდის ამოწურვას უკავშირებს უკანონოდ განთავისუფლებული პირის სამსახურში ფაქტობრივად აღდგენის, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტს.
10. მოსარჩელემ სადავო შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სახელმწიფო სახსრების დაზოგვა, თუმცა აღნიშნა, რომ კანონმდებელს ანალოგიური მიზნის მიღწევა ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, კერძოდ, სასამართლო პროცესის ვადების შემცირების გზით შეეძლო განეხორციელებინა.
11. მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს კონსტიტუციური დებულება არ უშვებს რაიმე სახის გამონაკლისის არსებობის შესაძლებლობას და სახელმწიფო ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ვალდებულია, აანაზღაუროს იგი სრული მოცულობით.
12. ამასთან, მოსარჩელე ზიანის არსებობასა და მისი ოდენობის განსაზღვრას არ უკავშირებს განთავისუფლებული მოხელის მიერ განაცდური პერიოდის განმავლობაში ახალი სამსახურის დაწყების ან ამგვარი მცდელობის ფაქტს, ვინაიდან ერთ სამსახურში მუშაობა და ამ სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიღება, გავლენას ვერ მოახდენს მეორე სამუშაო ადგილას მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებაზე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
14. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, უთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა კანონმდებლობებზე.
15. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ხელფასის მიღების უფლება მჭიდრო კავშირშია პირის მიერ შესაბამის თანამდებობაზე გაწეულ საქმიანობასთან. იმ პირობებში, როდესაც განთავისუფლებული მოხელე არ ასრულებს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, არ არსებობს არც თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლება.
16. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შრომითი უფლებები სოციალურ უფლებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთაც, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ გააჩნიათ უშუალოდ მოქმედი სამართლის მნიშვნელობა. ამასთან, სახელმწიფოს გააჩნია საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის პერეროგატივა, რომელიც ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
17. მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულაციის შემოღება საბიუჯეტო სახსრების ამოწურვადმა ხასიათმა და მათი დაზოგვის მიზანმა განაპირობა. ეკონომიკური დაგეგმარების პროცესში სახელმწიფოს გააჩნია ფართო მიხედულების ზღვარი, იმოქმედოს საკუთარი შეხედულებით.
18. ამასთან, მოპასუხე მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული 3 თვიანი თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების გაწერის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობა და აღნიშნულ პერიოდს სრულიად მოიცავს სადავო ნორმით განსაზღვრული ვადა. მოპასუხის მითითებით, სახელმწიფო იმედოვნებს, რომ განსახილველი კატეგორიის დავების დასრულება უნდა მოხდეს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მისი განმარტებით, სახელმწიფომ დაადგინა ის მაქსიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა, რომლის ფაქტობრივად დაკმაყოფილების შესაძლებლობაც მწირი საბიუჯეტო სახსრების არსებობის პირობებში შეეძლო.
19. მოპასუხის აზრით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს ზიანის მხოლოდ სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა არ განსაზღვრავს ყოველი ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობისათვის მისი ოდენობის დადგენის კრიტერიუმებს, ხოლო ეს უფლებამოსილება კანონმდებლის დისკრეციას განეკუთვნება. საქართველოს პარლამენტმა, დასახელებული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო მოხელის თანამდებობიდან უკანონოდ განთავისუფლებისათვის ზიანის მოცულობა განსაზღვრა სწორედ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ეკვივალენტურად და აიღო საკუთარ თავზე მისი ანაზღაურების ვალდებულება, რის გამოც, მოპასუხის აზრით, სადავო ნორმა არ ახდენს ადამიანის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას.
20. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე, მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, მიიღოს სადავო ნორმით დადგენილი 3 თვის თანამდებობრივი სარგო განაცდური პერიოდისთვის, როდესაც მოხდება მისი დაკავებულ თანამდებობაზე ფაქტობრივად აღდგენა. ამასთან, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ პირის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მასზე კომპენსაცია არ გაიცემა.
21. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №630 კონსტიტუციურ სარჩელზე, ა.ა.ი.პ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება.
22. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ინდივიდს სახელმწიფოს მხრიდან გააჩნია კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების მოლოდინი იმგვარად, რომ არ დაარღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ხოლო მოხელე მიიღებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას და მის შესაბამისად დაგეგმავს მომავალს.
23. სასამართლოს მეგობრის აზრით, პირის უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში, დაკმაყოფილებულია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა, კერძოდ, სახელმწიფო მოხელე მოქმედებს უკანონოდ, უკანონობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სახეზეა ასევე ზიანი, რომელიც გამოიხატება უკანონო განთავისუფლების შედეგად მიუღებელ შემოსავალში. გარდა ამისა, არსებობს დასახელებულ ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან სწორედ უკანონო განთავისუფლების ბრძანება იწვევს პირისთვის მატერიალური ზარალის წარმოშობას.
24. ა.ა.ი.პ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მითითებით, სადავო ნორმა არ არის მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული საშუალება, ვინაიდან სახელმწიფო სახსრების დაზოგვა შესაძლებელია უკანონო განთავისუფლებების მინიმუმამდე დაყვანის ან სასამართლოში დავის წარმოების ხანგრძლივობის შემცირების გზით.
25. სასამართლოს მეგობარი, წერილობით მოსაზრებაში, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, „ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამ ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
2. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას.
3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
4. მოსარჩელის აზრით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის უფლებას, მოითხოვოს გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. სადავო ნორმა კი ადგენს იმ თანხის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულმა მოხელემ შეიძლება მიიღოს კომპენსაციის სახით განაცდური პერიოდისთვის. კერძოდ, „იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით“.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. კოდექსი განმარტავს იმ პროცედურულ დარღვევებსაც, რომლებიც შეიძლება აქტის ბათილად ცნობას დაედოს საფუძვლად. ასეთ საფუძვლად დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიიჩნევა „...სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. ამდენად, კანონმდებლობა პირის თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ბათილობის ორი სახის საფუძველს გამოყოფს: 1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის მატერიალური საფუძვლები - აქტი არ ემყარება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებს; 2. ფორმალური საფუძვლები - აქტი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებითი დარღვევით.
6. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სუბიექტთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედების შედეგს. შესაბამისად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრება პირის უკანონოდ გათავისუფლების ყველა შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, გათავისუფლებისას დაირღვა თუ არა მატერიალური თუ საპროცესო ნორმების მოთხოვნები, უკანონობა უკავშირდება გათავისუფლების საფუძვლის უკანონობას თუ გათავისუფლების პროცედურის მარეგულირებელი ნორმების უხეშ დარღვევას.
7. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის ზედა ზღვარით შეზღუდვა ლახავს მის კონსტიტუციურ უფლებას თანამდებობრივი სარგოს სახით მიუღებელი შემოსავლით გამოწვეული ზარალის სრულად ანაზღაურებაზე.
8. უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მიყენებული ზარალი შესაძლოა სხვადასხვა სახით იყოს გამოხატული, მათ შორის, არამატერიალური ფორმით. უკანონოდ განთავისუფლებული პირი, გარდა იმისა, რომ ვერ იღებს იძულებითი გაცდენის პერიოდში ნავარაუდებ ანაზღაურებას, განიცდის მის მიმართ განხორციელებული უკანონობის თანმხლებ უარყოფით შედეგებსაც, რაც ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა გამოხატულ იქნეს, საზოგადოების ან/და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში, რაც ნეგატიურად აისახება გათავისუფლებული მოხელის როგორც ქონებრივ მდგომარეობაზე, ასევე მის სამსახურებრივ რეპუტაციაზე. შესაბამისად, უკანონოდ განთავისუფლება შესაძლოა პირს აყენებდეს როგორც ქონებრივ, ასევე მორალურ ზიანს, რაც წარმოადგენს ზარალს, რომლის ანაზღაურებაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით.
9. საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველი დავის გადაწყვეტისას არ დგას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ზარალის ცნების ამომწურავად განსაზღვრის საჭიროების წინაშე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა განსაზღვრავს იძულებითი მოცდენის პერიოდის გამო მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ზედა ზღვარს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, რამდენად ახდენს კანონმდებლობა, იძულებითი მოცდენის გამო, პირის მიერ მიღებული ზიანის კონსტიტუციის 42-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას.
10. საჯარო მოხელის მიერ შრომითი გასამრჯელოს მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულებასთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს, შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე. გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე. ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან, სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას. შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა.
11. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად. აღნიშნულისგან განსხვავებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატების ბუნება, რომლებიც მოხელეზე გაიცემა კანონით გათვალისწინებული პირობების და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და მათი გაცემა კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.
12. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ასანაზღაურებელი ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელს მიანდობს. კონსტიტუციის ხსენებული დებულება იმპერატიულად ადგენს მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას. მისი მოქმედება არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტულ სფეროში მიყენებული ზარალის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგებით და მისი რეგულირების სფეროში ექცევა ნებისმიერი ზარალი, რომელიც გამოწვეულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირთა ქმედებით. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი შესაძლებელია განსხვავებული იყოს პირის ფუნქციური დატვირთვიდან, კვალიფიკაციიდან, საქმიანობის სფეროდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
13. პირს ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ენიჭება იმისდა მიუხედავად, სასამართლოსთვის მიმართვის ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ის ფაქტობრივად დასაქმებულია თუ არა. კერძოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გათავისუფლებული პირი მოგვიანებით დამსაქმებლის ინიციტივით აღდგენილი ან დანიშნული იქნება სხვა თანამდებობაზე, აღნიშნული არ ართმევს პირს უფლებას, მოითხოვოს უკანონოდ გათავისუფლებით მისთვის რეალურად მიყენებული ზარალის ანაზღაურება. შესაბამისად, სამსახურში ფაქტობრივად აღდგენა, ისევე როგორც პირის სხვა სამსახურში (მათ შორის კერძო სექტორში) დასაქმება, ვერ გაათავისუფლებს სახელმწიფოს უკანონოდ გათავისუფლებით პირისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუმცა შესაძლებელია, განსხვავებული იყოს ასანაზღაურებელი ზარალის კონკრეტული ოდენობა.
14. ზარალის ოდენობა იზრდება იძულებითი გაცდენის ხანგრძლივობასთან ერთად და მისი მოცულობა დამოკიდებულია სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებებზე, რომლებიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება თავად ურთიერთობის, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის, დასაქმებულის პიროვნებისა თუ შესაძლებლობების გათვალისწინებით. საჯარო მოხელე შრომის ანაზღაურებას იღებს მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის. იძულებითი გაცდენის დროს არ ხდება პირის მიერ სამუშაოს შესრულება და ამ დროს მიყენებული ზარალი შეიძლება ყოველთვის არ იყოს იძულებითი გაცდენის პერიოდში მისაღები ხელფასის იდენტური. შესაბამისად, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვრული უნდა იქნეს უკანონოდ განთავისუფლებით პირისთვის მიყენებული ზარალის კონკრეტული ოდენობა. ზარალის მოცულობა შეიძლება გაიზარდოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, დაწესებულება აჭიანურებს მის აღსრულებას.
15. სადავო ნორმა ითვალისწინებს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირისთვის მიყენებული ზიანის არა სრულად, არამედ ზღვრული ოდენობით ანაზღაურებას. საკანონმდებლო წესით პირის უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ერთიანი, კონკრეტულად განსაზღვრული ოდენობის დადგენა ნებისმიერი უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის და ნებისმიერი უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევისათვის, საქმის და მოხელის კონკრეტული ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას. რეალურად მიყენებული ზარალის ოდენობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ განაცდური პერიოდის ხანგრძლივობაზე და ყოველ კონკრეტულ მოხელესთან მიმართებით შესაძლებელია, განსხვავებული იყოს. შესაბამისად, მისი ოდენობა შესაძლოა იყოს 3 თვის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლები ან მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მას.
16. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმა მიმართულია მიყენებელი ზიანის სრული ანაზღაურებისაკენ, ხოლო 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით პირისთვის ზიანის ანაზღაურება დაკავშირებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საშუალო ხანგრძლივობასთან. აღნიშნული მსჯელობა ვერ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციურად ცნობის არგუმენტად.
17. სასამართლომ შეისწავლა შრომითი დავების განხილვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადების ხანგრძლივობის საკითხი; გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის და მისი კანონიერ ძალაში შესვლისათვის განსაზღვრული პროცედურების ხანგრძლივობა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები და დაადგინა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ხანგრძლივობა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება 3 თვეს მნიშვნელოვნად აღმატებოდეს.
18. ამავე დროს, გაუგებარია, რას ემსახურება კანონის საფუძველზე კომპენსაციის ზედა ზღვარის დადგენა, თუ რეალურად მიყენებული ზარალის ოდენობა არასოდეს აჭარბებს მას. შესაბამისად,სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომლის თანახმად, 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის ზედა ზღვარის დადგენა არ აფერხებს ზარალის სრული ოდენობით ანაზღაურებას.
19. არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა საბიუჯეტო რესურსის ამოწურვადობასა და მისი ოპტიმალური ხარჯვის მნიშვნელობაზე. მოპასუხის განმარტებით, სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ფინანსური ვალდებულებები იკისრონ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მათ ობიექტურად შეეძლებათ მათი შესრულება საბიუჯეტო დაფინანსებიდან გამომდინარე.
20. საბიუჯეტო სახსრების სწორად და საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა განვითარება და სხვადასხვა პროექტების განხორციელება. სასამართლო ეთანხმება მოპასუხეს, რომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა უნდა განხორციელდეს რაციონალურად, პრიორიტეტების სწორი გადანაწილების და, თითოეული მოქალაქის კანონიერი ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებით.
21. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი უფლება და საბიუჯეტო ხარჯი განუყოფელია ერთმანეთისაგან და სახელმწიფოს მიერ ასეთი ხარჯების გაწევის ვალდებულებას დასახელებული უფლება თავისთავად მოიაზრებს. შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა თავისთავად ვერ გახდება ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზეზი. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც ზიანის ანაზღაურების ხარჯი იმდენად მძიმე ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომ მისი ანაზღაურება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ფუნქციონირებას, ფისკალურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შესაძლებელია მსჯელობა ზიანის ანაზღაურების უფლების შეზღუდვაზე, გადახდის განაწილვადებისა თუ სხვა ფორმებით. სახელმწიფო ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს და მისთვის საფრთხის შექმნა თავისთავად არ მოიაზრება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების ნაწილად, შესაბამისად, გონივრული ბალანსის დაცვის მიზნით, უფლების გარკვეულწილად შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებული იყოს, თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად.
22. საბიუჯეტო სახსრების სიმცირის მოტივით სახელმწიფოს გათავისუფლება მისი სახელით მოქმედი თანამდებობის პირების უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან, ქმნის საფრთხეს, რომ შესაბამისმა სუბიექტებმა, კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარი თვითნებური ქმედებები გაამართლონ საბიუჯეტო სახსრების სიმწირისა და მისი დაზოგვის მიზნით. ამგვარი შესაძლებლობის მინიჭება თავად უფლების არსებობას დაუკარგავდა აზრს, ვინაიდან ხშირ შემთხვევებში შეუძლებელი გახდებოდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
23. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე: „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში დასახელებულ სუბიექტებს ეკისრებათ საკუთარი მოხელეების უკანონო ქმედებიდან გამომდინარე.
24. კერძო პირის ინტერესი, აინაზღაუროს ზიანი, უკავშირდება შესაბამისი პირებისა და ორგანოების უკანონო ქმედებას, რომელშიც თავად გათავისუფლებული პირი, როგორც წესი, არ მონაწილეობს. სადავო ნორმით დადგენილ განთავისუფლების შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს მოხელის მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება. ერთადერთი უკანონო ქმედება ჩადენილია გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მოხელის მიერ, რომელიც არამართლზომიერად ათავისუფლებს მისთვის სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პირს. შესაბამისად, მოხელე საფუძველშივე მოკლებულია შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს და თავიდან აირიდოს მისთვის ზიანის მიყენება ან შეამციროს მისი მოცულობა, რაც მისი დაცვის მომეტებულ საჭიროებას ქმნის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ზიანის წყარო, პირის ინტერესს წარმოადგენს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და ზიანით მიყენებული მატერიალური დანაკლისის შევსება.
25. იმავდროულად, გათავისუფლებულ პირს არც სამართლებრივი დავის ხანგრძლივობაზე შეუძლია ზემოქმედების მოხდენა, ვინაიდან მხარისთვის ამგვარ შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. შესაბამისად, თავად უკანონოდ გათავისუფლებულ პირს, არ შეუძლია რაიმე სახის აქტიური ქმედებით შეამციროს ან შეინარჩუნოს არსებული ზიანი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს პროცესზე მისი ზეგავლენა.
26. უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირებისათვის ზიანის სამართლიან და სრულ ანაზღაურებას. ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების სანაცვლოდ კანონი ადგენს ანაზღურების ზედა ზღვარს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მოხელის მიერ მიღებული ზარალის მოცულობა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს 3 თვის თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №630 (საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს - საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი