საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/1441 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 მარტი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2021 18:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის, 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1441) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1441 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2019 წლის 16 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტები, 34-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. პატიმრობის კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის უფლებას და ამავე უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ წინაპირობებს. პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, გამოიყენოს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვემდე ვადით. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დისციპლინური სახდელის სახით, განესაზღვრება სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესებს დისციპლინური სახდელის საფუძველზე სამარტოო საკანში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივ მდგომარეობას. კერძოდ, სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მათ შორის, ეკრძალება სატელეფონო საუბარი.
4. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ა) უფლება აქვს, სახალხო დამცველის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს მხოლოდ საკუთარი ხარჯით; ბ) უფლებას არ ანიჭებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაბამისი ტიპისათვის განსაზღვრული სატელეფონო საუბრების ყოველთვიური რაოდენობისა და თითოეული საუბრის ხანგრძლივობის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ისარგებლოს ცხელი ხაზით; გ) დისციპლინური სახდელის სახით, ეზღუდება სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლება; დ) სამარტოო საკანში მოთავსებისას ეკრძალება სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. ხოლო 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგენილია საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობასთან დაკავშირებით.
6. მოსარჩელის მითითებით, კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს სავარაუდო წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება და შესაბამისი ადეკვატური ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები არ დაექვემდებარონ არასათანადო მოპყრობას.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე აუცილებელია მყისიერი რეაგირება, რათა უფლებით სარგებლობამ არ მიიღოს ფორმალური ხასიათი. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველის ცხელი ხაზი წარმოადგენს იმგვარ ეფექტურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს არასათანადო მოპყრობათა ეფექტურ გამოძიებას ან ამგვარი შემთხვევების პრევენციას. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში იგი მოიაზრება ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული უფლების უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ასპექტად. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის უფლების გარკვეული წინაპირობებით შემოსაზღვრა ან მისი სრულად შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირება, უფლებით ეფექტური სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველთან კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დარეკვის უფლებას. შესაბამისად, შეუძლებელია, წერილობითი კომუნიკაცია მასზე დროული რეაგირების კონტექსტში ჩაითვალოს ცხელი ხაზით სარგებლობის სრულფასოვან ალტერნატივად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ცხელი ხაზი პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯარდებულის სახალხო დამცველთან კომუნიკაციის ერთადერთი ქმედითი და ეფექტური საშუალებაა.
9. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ასევე ირღვევა სახალხო დამცველის კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული კომპეტენცია, განახორციელოს კონსტიტუციური უფლების დაცვაზე ზედამხედველობა. ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს გაუმართლებლად უზღუდავს იმ კომპეტენციათა მინიმუმს, რომლის ფარგლებშიც მას ერთმევა საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის თითოეული უფლების მნიშვნელობიდან და კონკრეტული თავისებურებებიდან გამომდინარე, განსხვავებულია მათზე სახალხო დამცველის ზედამხედველობითი კომპეტენციის ინტენსივობა. კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის სახალხო დამცველი ასრულებს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას. ამ ფუნქციის უზრუნველყოფის მიზნებისთვის სახალხო დამცველის ცხელი ხაზი მოიაზრება როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან ზემოხსენებულ მექანიზმთან წვდომის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფორმა. შესაბამისად, გასაჩივრებული სადავო ნორმები სახალხო დამცველს უზღუდავს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებაზე ეფექტური ზედამხედველობის კომპეტენციას. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლების უზრუნველყოფა. იგი ადასტურებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვები, თავის მხრივ, ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა: პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, პატიმრების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების რისკის პრევენცია, ასევე, დამატებითი ადამიანური/ფინანსური რესურსების თავიდან არიდება. ამის მიუხედავად, მოსარჩელის აზრით, დაუშვებელია აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომის უფლების ბლანკეტური შეზღუდვის საფუძველზე.
12. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებსა და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე №1441 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ ხდის, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელისთვის პრობლემურია დასახელებული სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის შესაბამისადაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ა) უფლება აქვს, სახალხო დამცველის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს მხოლოდ საკუთარი ხარჯით; ბ) არ გააჩნია უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაბამისი ტიპისათვის განსაზღვრული სატელეფონო საუბრების ყოველთვიური რაოდენობისა და თითოეული საუბრის ხანგრძლივობის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ, ისარგებლოს ცხელი ხაზით.
3. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა ამჟამად მოქმედი ყველა პენიტენციური დაწესებულების დებულებაში, რომელეთაც არსებითი გავლენა მოახდინეს ზემოხსენებული სადავო ნორმების შინაარსზე. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, დამატებით განისაზღვრა, სახალხო დამცველის ცხელი ხაზის მეშვეობით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის წესი და პირობები. კერძოდ, მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგულაციების თანახმად, ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში სახალხო დამცველის ცხელი ხაზის მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ამიერიდან ხორციელდება დაწესებულების და არა პატიმრის ხარჯით. ამასთან, სატელეფონო საუბრების ლიმიტები აღარ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სახალხო დაცველის ცხელი ხაზის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. ამგვარად, პატიმრობის კოდექსის დასახელებულ სადავო ნორმებს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით თითოეული პენიტენციური დაწესებულების დებულებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე და მასთან ერთობლივად მოქმედების ფარგლებში, აღარ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, ობიექტურად არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ დასახელებული შეზღუდვები, რაც გამორიცხავს ზემოხსენებული სადავო ნორმების შეფასებას მითითებულ კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1441 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილევლად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კერძოდ, მოსარჩელისთვის პრობლემურია დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მოქმედების ფარგლებში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ა) დისციპლინური სახდელის სახით ეზღუდება სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების უფლება; ბ) სამარტოო საკანში მოთავსებისას ეკრძალება სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება. მოსარჩელის პოზიციით, სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირება პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლებით ეფექტური სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა. აღნიშნულს უზრუნველყოფს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი, მაშინ, როდესაც გასაჩივრებული წესი მასზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წვდომის უფლებას ბლანკეტურად გამორიცხავს. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება არასათანადო მოპყრობის კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ აკრძალვას და, იმავდროულად, არღვევს სახალხო დამცველის კომპეტენციას არასათანადო მოპყრობის აკრძალვაზე ზედამხედველობის განხორციელების სფეროში, რაც მას კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აქვს განსაზღვრული.
სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართება
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები მას ართმევს შესაძლებლობას, სრულყოფილად განახორციელოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით მისთვის განსაზღვრული კომპეტენცია, კერძოდ, ზედამხედველობა არასათანადო მოპყრობისაგან პატიმართა დაცვის საქმეში. მოსარჩელის მითითებით, იგი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას, რომლის ეფექტურად და ქმედითად განსახორციელებლად მას ესაჭიროება კომპეტენციათა მინიმუმი. მოსარჩელის აზრით, გასაჩივრებული წესი მას უზღუდავს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებაზე ეფექტური ზედამხედველობის კომპეტენციას. ამგვარად, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ზღუდავს მის კომპეტენციას და კონსტიტუციური სარჩელი განხილული უნდა იქნეს არა მარტო კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, არამედ 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაშიც, როგორც კომპეტენციური დავა. ამასთან, იმის მტკიცებისას, რომ სადავო ნორმები არღვევს სახალხო დამცველის კონსტიტუციის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, განახორციელოს ზედამხედველობა არასათანადო მოპყრობის აკრძალვაზე, მოსარჩელის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომა გაცილებით ეფექტიანია კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებთან, მათ შორის, წერილობით კომუნიკაციასთან შედარებით, რა დროსაც არსებობს კონფიდენციალურობის დარღვევისა და კორესპონდენციის დაბლოკვის რისკი.
7. სასამართლო არ უარყოფს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომა შესაძლოა, მართლაც ყველაზე ეფექტიან და სწრაფ მექანიზმს წარმოადგენდეს, საზოგადოდ, პატიმრებთან და, კონკრეტულად, სამარტოო საკანში მყოფ პირებთან სახალხო დამცველის დასაკავშირებლად. თუმცა სასამართლოს არ ესახება საკმარისად დასაბუთებულად, რომ გასაჩივრებული წესის მოქმედების პირობებში ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან წვდომის შეზღუდვა სახალხო დამცველს ართმევს მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის აკრძალვის დაცულობაზე ზედამხედველობის შესაძლებლობას ანდა უზღუდავს მას იმ ხარისხით, რომ ეს იწვევდეს ადამიანის უფლებათა ზედამხედველობაზე მისი კონსტიტუციური კომპეტენციის დარღვევას. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილებათა ფართო სპექტრი, რომელიც მას გააჩნია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირთა უფლებების ზედამხედველობის სფეროში, კერძოდ: ა) „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას დაუბრკოლებლად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; ბ) დასახელებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შესაძლებლობას, შეამოწმოს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა, პირადად შეხვდეს და ესაუბროს დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ პირებს და მსჯავრდებულებს. აგრეთვე, შეამოწმოს მათი აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტი პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სახალხო დამცველს/ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს აძლევს შესაძლებლობას, პირადად, მოწმის გარეშე, და თუ საჭიროა თარჯიმანთან ერთად, შეხვდნენ და ესაუბრონ დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ, სხვაგვარად, თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დ) „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულების მიზნით, სახალხო დამცველთან შექმნილ სპეციალური პრევენციულ ჯგუფს გააჩნია უფლება და ვალდებულება, რეგულარულად შეამოწმოს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობა და მათდამი მოპყრობა, წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის მიზნით; ე) პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სახალხო დამცველი, აგრეთვე მისი წინასწარი წერილობითი თანხობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებისა და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება.
8. ზემოაღნიშნული საერთო უფლებამოსილებების ფართო სპექტრისა და უშუალოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს/მის წარმომადგენელს არ ეკრძალება ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადგილზე შეხვედრა ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, მათი სამარტოო საკანში ყოფნის დროს, სასამართლოს საფუძვლიანად არ მიაჩნია მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო ნორმები მას არ აძლევს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული კომპეტენციის განხორციელებისათვის მინიმალურად აუცილებელ შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული სადავო ნორმები სახალხო დამცველს არ უკეტავს სამოქმედო ასპარეზს იმ თვალსაზრისით, რომ განახორციელოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული მისი უფლებამოსილება მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების დაცვის ზედამხედველობასთან დაკავშირებით.
9. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელე, კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან სადავო ნორმების შეუსაბამობაზე მსჯელობისას უწინარესად იშველიებს სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლს არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებში და კონკრეტულად იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი გარემოება, თავისთავად, ვერ აძლიერებს სადავო ნორმების 35-ე მუხლთან შეუსაბამობის დასაბუთებას. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას აკისრებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი და არა საქართველოს კონსტიტუცია. საკუთრივ, კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის რაიმე განსხვავებულ კომპეტენციებს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც ცხადს გახდიდა გასაჩივრებული შეზღუდვის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობას. სახალხო დამცველისათვის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის დაკისრება არ განხორციელებულა კონსტიტუციის რომელიმე მუხლის საფუძველზე და, ამდენად, იგი არ წარმოადგენს კონსტიტუციით განსაზღვრულ კომპეტენციას. შესაბამისად, ვინაიდან სახალხო დამცველისათვის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის დაკისრებას არ გააჩნია კონსტიტუციური დასაყრდენი კონსტიტუციის არც 35-ე და არც რომელიმე სხვა მუხლში, ცხადი არ არის რელევანტურობა იმისა, რომ არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული მექანიზმის არგუმენტი გამოყენებულ იქნეს სადავო ნორმების კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან წინააღმდეგობის საჩვენებლად.
10. სასარჩელო მოთხოვნა, რომ სადავო ნორმები კომპეტენციური დავის ფარგლებში შეფასდეს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, სხვა მხრივაც არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოსთვის ბუნდოვანი დარჩა სარჩელის ლოგიკა, რატომ ილახება სადავო შეზღუდვებით სახალხო დამცველის მხოლოდ ის კონსტიტუციური კომპეტენცია, რომელიც არასათანადო მოპყრობის აკრძალვის ზედამხედველობას შეეხება. კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დადგენილია სახალხო დამცველის საერთო კონსტიტუციური მანდატი, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველი კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული ყველა უფლებისა და თავისუფლების დაცვას უწევს ზედამხედველობას, ახდენს დარღვევების იდენტიფიცირებას, მათ კონსტატაციას და მიმართავს კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც გათვალისწინებულია სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის კონსტიტუციისა და შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი არ წარმოშობს გამორჩეულ, განსხვავებულ კომპეტენციებს სახალხო დამცველისათვის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების ზედამხედველობასთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც სადავო ნორმებით გათვალისწინებულმა შეზღუდვამ, თეორიულად, საფრთხე შეიძლება შეუქმნას არა მარტო კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, არამედ სხვა უფლებებსაც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ნებისმიერ პირთან სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, პირი, რომელიც იმყოფება სამარტოო საკანში, თეორიულად, შეიძლება აღმოჩნდეს სხვა უფლებების დარღვევის საფრთხის წინაშეც, მაგალითად, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის ან/და სიცოცხლის საფრთხის, მათ შორის, სუიციდის საფრთხის წინაშე, რა დროსაც არანაკლებ მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობა. ის გარემოება, რომ სახალხო დამცველი სწორედ არასათანადო მოპყრობის საკითხებზე ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას, არ გულისხმობს, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით ნაგულისხმები მისი ვალდებულება, განახორციელოს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობა, რამდენადმე შემცირებულია სხვა უფლებებთან მიმართებაში. ამგვარად, სარჩელში არ არის ნაჩვენები, თუ რატომ არღვევს სადავო ნორმები სახალხო დამცველის მხოლოდ იმ კონსტიტუციურ კომპეტეციას, რომელიც არასათანადო მოპყრობისაგან დაცვაზე ზედამხედველობას უკავშირდება.
11. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, №1441 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართება
12. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულის შეფასება უნდა მოხდეს გასაჩივრებული წესით გათვალისწინებული კომუნიკაციის შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნების, ასევე, არასათანადო მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურობის გათვალისწინებით და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში. ის გარემოება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის დროს, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას ეკრძალება სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება ან/და ის, რომ ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დისციპლინური სახდელის სახეს, არ გულისხმობს per se პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობას და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებებში რაიმე ფორმით ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან. მაშასადამე, სადავო ნორმები არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ნეგატიური ვალდებულების დარღვევას, რასაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვა გულისხმობს. ამგვარად, საკითხი შეიძლება დაისვას მხოლოდ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში. სასამართლომ არსებითი განხილვის ფორმატში უნდა შეაფასოს შემდეგი: იმის მიუხედავად, რომ სამარტოო საკანში მყოფ და დისციპლინური წესით დასჯილ პირს გააჩნია სახალხო დამცველთან წერილობითი კონტაქტის, ხოლო სახალხო დამცველს კი ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგილზე მონახულების შესაძლებლობა, წარმოშობს თუ არა წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, ამასთან, შესაბამისი დარღვევების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზანი სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ასეთი პირებისათვის სახალხო დამცველთან კონკრეტული ფორმით - ცხელი ხაზის მეშვეობით დაკავშირების შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ეწინააღმდეგება თუ არა ამ შესაძლებლობის არარსებობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1441 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1441 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) პატიმრობის კოდექსის 602 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 663 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის, მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი