საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/631 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 18 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: “საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანი: 1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 2 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №631) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - თეიმურაზ ჯანაშიამ და გიული ალასანიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2015 წლის 4 მარტს.
2. №631 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 18 მაისს.
3. №631 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, “სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული”.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, კერძოდ, “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი”.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე თეიმურაზ ჯანაშიას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად 2014 წლის 13 აგვისტოს ბრალი დაედო წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ქონების გაფლანგვაში. 2014 წლის 16 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თეიმურაზ ჯანაშიას, მისი ყოფილი მეუღლისა და შვილების საკუთრებაში არსებული ქონების, ასევე მოსარჩელის საბანკო ანგარიშებისათვის ყადაღის დადება, რადგან არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მოსარჩელე გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა საკუთარ და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, ასევე მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას. აღნიშნული ხელს შეუშლიდა ბრალდებულის მიერ სახელმწიფოსათვის, როგორც დაზარალებულისათვის, ზიანის ანაზღაურებას.
7. მოსარჩელის მითითებით, სასამართლომ დაყენებული შუამდგომლობა განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, მიიჩნია საკმარისად დასაბუთებულად და 2014 წლის 18 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა. მოსარჩელის აზრით, ქონებას დაედო ყადაღა ისე, რომ სასამართლოსათვის წარდგენილი არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაყადაღებული ქონების კავშირს დანაშაულთან. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გიული ალასანიას, როგორც საქართველოს ყოფილ პრზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პირის, ქონების დაყადაღების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2014 წლის 27 აგვისტოს. მოსარჩელის მითითებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტული ქონების კავშირს შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან ან აღნიშნული ქონების გასხვისების ან გადამალვის საფრთხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გაასაჩივრა 2014 წლის 30 აგვისტოს. მოსარჩელის მითითებით, წარდგენილი საჩივარი იდენტური იყო 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობისა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტაცია და ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება და ყადაღა დაედო მოსარჩელე გიული ალასანიას ქონებას, რომელიც შეძენილი იყო შესაძლო დანაშაულის ჩადენის პერიოდში.
10. მოსარჩელე მხარისათვის სადავო/პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ქონებაზე ყადაღის დადების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესი. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადება “სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული” გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებლ საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას, რადგან იგი ითვალისწინებს პირის ქონებისათვის ყადაღის დადების შესაძლებლობას ისე, რომ აღნიშნულ ქონებას შეიძლება კავშირი არ ჰქონდეს ბრალდებულის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნორმა ასევე არ არის განჭვრეტადი და საკმარისად განსაზღვრული, რაც უფლების შემზღუდავი კანონის აუცილებელი კონსტიტუციური მოთხოვნაა.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საკუთრება ...აღიარებული და ხელშეუვალია”. აღნიშნული ნორმა ერთდროულად წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტისა და ადამიანის ძირითადი უფლების გარანტს. იგი მიმართულია კანონმდებლისაკენ და ავალდებულებს მას, შექმნას სამართლის სისტემა, რომელიც ეჭვქვეშ არ დააყენებს საკუთრების ინსტიტუტის არსებობას.
12. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, საკუთრების უფლება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს და დასაშვებია მისი შეზღუდვა. შეზღუდვის სტანდარტს ადგენს თავად კონსტიტუცია, კერძოდ, 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების დადგენა, ამ მხრივ კონკრეტული რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა. მოსარჩელის მითითებით, ყადაღის ცნება საკუთარ თავში მოიაზრებს საკუთრების უფლებისათვის ფარგლების დადგენას სახელმწიფოს მხრიდან და, შესაბამისად, საკუთრების უფლებაში ჩარევას.
13. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით ხდება საკუთრების უფლებაში გაუმართლებლად ჩარევა, რამდენადაც დაცული არ არის ადამიანის ძირითად უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების კონსტიტუციური კრიტერიუმის - თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის მიზანი თავად ამ ნორმაშია მოცემული - “სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფა”. ტერმინი “სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება” გათვალისწინებული იყო 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. მსგავს ღონისძიებებს კოდექსის მოქმედი რედაქცია არ იცნობს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აზრით, შეუძლებელია ქონებაზე ყადაღის დადება ემსახურებოდეს არარსებულ მიზანს და მას შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფის მიზანი.
14. მოსარჩელის მითითებით, ქონების ჩამორთმევას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი. კერძოდ, 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს სასჯელის სახით შესაძლოა ქონება ჩამოერთვას, თუკი ეს ქონება ა) გამოყენებულია ან არსებობს განზრახვა, გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩასადენად; ბ) მოპოვებულია დანაშაულებრივი გზით. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია დაყადაღდეს არა მარტო ქონება, რომელიც დანაშაულთან არის დაკავშირებული, არამედ ის ქონებაც, რომელიც არანაირ კავშირში არ არის პირის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან, მხოლოდ არსებობს ვარაუდი, რომ მას დახარჯავენ. ამგვარად, სადავო ნორმის საფუძველზე, შესაძლებელია ყადაღა დაედოს ბრალდებულისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონებას, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას. თუკი პირის საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონება არ არის დაკავშირებული დანაშაულთან, ვერ მოხდება, სასჯელის სახით, აღნიშნული ქონების ჩამორთმევაც. შესაბამისად, სადავო ნორმა უშვებს ისეთი ქონების დაყადაღების შესაძლებლობას, რომლის ჩამორთმევაც ვერ განხორციელდება და, ამდენად, შეზღუდვა არ ემსახურება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ქონებისათვის ყადაღის დადებას გააჩნია.
15. მოსარჩელე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ სისხლის სადავო ნორმა მსგავსი ფორმულირებით არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1998 წლის რედაქციაში, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას სამოქალაქო სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, პირისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი წყდებოდა სისხლის სამართლის პროცესში. ზიანის ანაზღაურებისათვის კი შესაძლებელია, გამოყენებული ყოფილიყო მსჯავრდებულის ნებისმიერი ქონება. მოსარჩელის მითითებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია მსგავს შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, პირმა უნდა იდავოს ცალკე, სამოქალაქო სამართლებრივი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, დაზარალებული მხარის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესებს საფრთხე არ ექმნება და მას შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით.
16. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის პროპორციულობის შეფასებისას დამატებით მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს დადგენა, თუ რამდენად აქვს შესაძლებლობა პირს, რომელსაც სსსკ-ის 151-ე მუხლის საფუძველზე ქონების დაყადაღების შედეგად მიადგა ზიანი, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით მოითხოვოს ასეთი ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება არა მარტო დანაშაულებრივი გზით, არამედ მართლზომიერად მოპოვებული ქონებაც, რომელიც ბრალდებულთან დაკავშირებული პირის საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, დაყადაღების შედეგად ზიანი შესაძლოა განიცადოს სწორედ ბრალდებულთან დაკავშირებულმა პირმა, მიუხედავად იმისა, მისი კუთვნილი ქონება კავშირში არის თუ არა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან.
17. მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის, ასევე დელიქტური ზიანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულსა და მასთან დაკავშირებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ზიანის მიყენება არ უკავშირდება ამ ურთიერთობას, რადგან ყადაღის საგანს წარმოადგენს ქონება, რომელიც დანაშაულთან, ბრალდებულის შესაძლო ქმედებასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება დელიქტურ ზიანს, მოსარჩელის მითითებით, სახეზე არ არის ზიანის არსებობისათვის აუცილებელი ყველა წინა პირობა, რადგან შესაძლოა, ყველა შემთხვევაში არ დადასტურდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც გამორიცხავს მისი ქმედების არამართლზომიერებას და, შესაბამისად, ზიანის მოთხოვნის უფლებასაც.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით ხდება საკუთრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვა.
19. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის სიტყვები “...სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებების...” და “... მასთან დაკავშირებული პირის...” არ აკმაყოფილებს ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს. კერძოდ, “სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების” ცნებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს და, შესაბამისად, გაუგებარია მოცემულ ტერმინში რა იგულისხმება. მოსარჩელის აზრით, ასევე გაუგებარია, ვინ მოიაზრება ბრალდებულთან დაკავშირებულ პირად, რადგან აღნიშნული ტერმინის განმარტება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული არ არის.
20. მოსარჩელის აზრით, გასათვალისწინებელია სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ინტენსიურობა. ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს საკუთრების უფლებაში აშკარად ინტენსიურ ჩარევას, რადგან იგი ქონების მფლობელს ან მესაკუთრეს უკრძალავს ქონების განკარგვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი - აგრეთვე ქონებით სარგებლობას. მესაკუთრემ შესაძლოა თვეების ან წელიწადზე მეტი დროის განმავლობაშიც კი ვერ ისარგებლოს ჯეროვნად კუთვნილი ქონებით.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლი ადგენს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის დაყენებისა და განხილვის წესს. კერძოდ, 154-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არაუგვიანეს 48 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია, შუამდგომლობა განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი მხარის მონაწილეობით”.
23. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, “დაცვის უფლება გარანტირებულია”.
24. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. იმისათვის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებამ უზრუნველყოს ადამიანის სრულყოფილი სამართლებრივი დაცვა, იგი უნდა მოიცავდეს შესაძლებლობათა გარკვეულ მინიმუმს, მათ შორის საქმის განხილვის უფლებას ზეპირი მოსმენით. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
25. მოსარჩელის მითითებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზითაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ ამგვარი შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და დაცულია თანაზომიერი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
26. მოსარჩელე მხარის აზრით, სადავო ნორმის მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს სწრაფი მართლმსაჯულება, რამდენადაც შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამცირებს მისი განხილვის დროსა და საჭირო რესურსს. უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის ის, თუ როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია მოცემულ შემთხვევაში. კერძოდ, თუკი სასამართლო დგას ფაქტების დადგენის საჭიროების წინაშე, მოსარჩელის აზრით, არსებობს მომეტებული ინტერესი, ჩატარდეს საქმის ზეპირი განხილვა. ამ გზით მხარეები გავლენას ახდენენ საკითხის გადაწყვეტაზე, ხელს უწყობენ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, რაც თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტულ პირთა უფლებების დაცვისათვის, ასევე ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის.
27. მოსარჩელე მხარის მითითებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის საფუძველზე, ქონებაზე ყადაღის დადების საკითხის განხილვისას სასამართლო რამდენად დგას ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საჭიროების წინაშე. მოსარჩელე მიუთითებს გიული ალასანიას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არსებულ არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების სადავო ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები, თავისი შინაარსით მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების გარდუვალობაზე. სწორედ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა უნდა მიუთითებდეს ბრალდებულის ან მასთან დაკავშირებული პირის საკუთრებაში არსებული ქონების დანაშაულებრივ ხასიათზე ან იმაზე, რომ ქონება შესაძლოა გასხვისდეს ან გადაიმალოს.
28. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის არათანაზომიერებაზე დამატებით მიუთითებს მოსამართლის შესაძლებლობა, შუამდგომლობის განხილვისას საკუთარი შეხედულებისამებრ მოიწვიოს შუამდგომლობის შემტანი მხარე. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით მსგავსი უფლებამოსილების დადგენა ზღუდავს პირის უფლებას შეჯიბრებით თანასწორ პროცესზე.
29. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს დაცვის მხარის წინასწარ ინფორმირების აკრძალვა, რათა მას არ მიეცეს საშუალება, გადამალოს ან გაასხვისოს შესაბამისი ქონება. თუმცა, მოსარჩელის აზრით, აღნიშნულ მიზანს გამორიცხავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. ეს უკანასკნელი კი ითვალისწინებს შუამდგომლობის განხილვის ადგილისა და დროის შეტყობინებას ორივე მხარისათვის. შესაბამისად, შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის შემტანი პირის მოწვევის შემთხვევაში, ამის თაობაზე ასევე ეცნობება ორივე მხარეს. შედეგად, ქონების მესაკუთრისათვის შესაძლოა ცნობილი გახდეს სასამართლოს მიერ მის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობის განხილვის ფაქტი, თუმცა მას საშუალება არ აქვს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს განხილვის პროცესში. ყოველივე აღნიშნული, მოსარჩელის აზრით, გამორიცხავს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის არსებობას.
30. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას. პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამ მიზნის მიღწევა, მოსარჩელის აზრით, პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. დაცვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკურად დამცველის ყოლას, არამედ დაცვისათვის ადეკვატურად მომზადების შესაძლებლობასაც. მოცემულ შემთხვევაში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა უფლების დარღვევას იწვევს სწორედ იმის გამო, რომ პირს გაუმართლებლად ეზღუდება საკუთრების უფლება და მას საერთოდ არ აქვს მტკიცებულებთა წარდგენის, საკუთარი პოზიციის პირადად ან დამცველის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეორე წინადადებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
32. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2013-2014 წლებში საქართველოს მასშტაბით პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული შუამდგომლობების განხილვისა და მათი დაკმაყოფილების სტატისტიკაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, შესაძლოა დაირღვეს არაერთი პირის კონსტიტუციური უფლება.
33. მოსარჩელე მხარე სადავო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №631 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
2. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება.
3. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება”. სასამართლოს განმარტებით, ეს არის “...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, “გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
4. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მოსარჩელისათვის უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებისათვის.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №631 (საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ლალი ფაფიაშვილი
ოთარ სიჭინავა
თამაზ ცაბუტაშვილი