ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1595 |
ავტორ(ებ)ი | ჯულიეტა არჩვაძე |
თარიღი | 19 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით“. | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. |
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. |
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნტი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 311 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ რასაც მიუთითებს და ადასტურებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯულიეტა არჩვაძე წლებია მუშაობს ნოტარიუსად. 2017 წლის 10 მარტს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონის მე-2 მუხლში მიუთითა: „თუ ნოტარიუსი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, მას უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვალოს.“ აღნიშნული კანონი 22 მარტს ამოქმედდა, რა დროსაც ჯულიეტა არჩვაძე უკვე იყო 65 წლის. კერძოდ ის 1951 წლის 22 ივლისს დაიბადა და შესაბამისად 2017-ში ხდებოდა 66 წლის. აქედან გამომდინარე მასზე გავრცელდა აღნიშნული გარდამავალი დებულება და ჯულიეტა არჩვაძეს 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა. ამჟამად ჯულიეტა არჩვაძე 69 წლისაა და მას 2021 წლის 22 ივლისს უსრულდება 70 წელი, რის შემდეგაც „ნოტარიუსის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი დებულებების თანახმად (მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) მას აღარ შეეძლება ნოტარიუსად მუშაობა და იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
ჯულიეტა არჩვაძე ფიქრობს, რომ მას აქვს შესაბამისი უნარები, ისევე როგორც სურვილი გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა, თუმცა ამის შესაძლებლობას მას სადავო ნორმები არ აძლევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ის წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით არის სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და 25-ე მუხლებს
ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად ;
ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოცემულ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიმართ სადავო ნორმებია „ნოტარიატის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი „3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.“ და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი „ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“
დამატებით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმებია: „ნოტარიატის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი“ და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“.
ამდენად, გასაჩივრებული ნორმები ადგენს 65 წელს მიღეწული ნოტარიუსის გათავისუფლების საფუძველს მისი ასაკის გამო. კანონი აწესებს მხოლოდ ერთ ბუნდოვან გამონაკლისს აღნიშნული წესისგან, როდესაც შესაძლებელია რომ არაუმეტეს ხუთი წლით გაგრძელდეს ნოტარიუსის უფლებამოსილება ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციით და იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები კანონმდებელმა 2017 წლის 10 მარტს მიიღო (დოკუმენტის ნომერი 453-IIს), რა დროსაც პარლამენტმა ცვლილებების შესახებ აქტში მიუთითა: „თუ ნოტარიუსი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, მას უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვალოს.“ მართალია აღნიშნული ნორმა ასევე მოიაზრებს იმას, რომ 70 წლის ასაკს მიღწეული პირი უნდა გათავისუფლდეს, თუმცა იგი აღმჭურველი შინაარსისაა. უფლების შეზღუდვის წყაროს კი ზემოთ დასახელებული, კოდიფიცირებულ კანონში არსებული ნორმები („ნოტარიატის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) წარმოადგენს.
I. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით
1) 25-ე მუხლით დაცული სფერო
სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმადაც, “საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.”
აღსანიშნავია, რომ 25-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციურლი რეგულაციების დადგენის ვალდებულებას, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლებას, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის # 2/80-9 გადაწყვეტილება საქმეზე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამრიგად, „კონსტიტუციის 29-ე მუხლი [მოქმედი 25-ე] სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელეოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
ნოტარიუსი ცალსახად წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისა და იმ სტანდარტების გათვალისწინებით რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა „სახელმწიფო თანამდებობის“ განსამარტად 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში. მათ შორის ამაზე მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია კონსტიტუციური ვალდებულება დაადგინოს ნოტარიუსის გათავისუფლების გონივრული საფუძვლები. ამ შემთხვევაში ზედა ასაკობრივი ზღვარის დაწესება არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
2) შეზღუდვის შეფასების კრიტერიუმები და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის თუ არა განსაზღვრული პირის მიერ სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების კონკრეტული ვადა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება II. პ.29)
„უფლებამოსილების ვადის ბოლომდე თანამდებობაზე ყოფნას განსაკუთრებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება.“ სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის პირის განთავისუფლება კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მკაცრი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტით უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის იმ ნორმებთან კავშირში, რომლებიც უფლებამოსილების ვადას და ფარგლებს განსაზღვრავს.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება II. პ.31)
გასათვალისწინებელია, რომ სანოტარო საქმიანობის განხორციელებისათვის არ არის დადგენილი კონკრეტული უფლებამოსილების ვადა. კანონში მითითებულია მხოლოდ ის, რომ „ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი ან მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს...“ (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი)
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაასაბუთოს ამ შეზღუდვის ლეგიტიმურობა შესაბამისი საჯარო ინტერესის წარმოჩენით, რომელიც უნდა იყოს საკმარისად წონადი იმისათვის, რომ გაამართლოს დაწესებული შეზღუდვა.
თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში, თუნდაც არსებობდეს ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, აუცილებელია სადავო ნორმა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებსაც, ანუ იყოს, გამოსადეგი, აუცილებელი (ყველაზე ნაკლებად მზღუდავი) და პროპორციული საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.პ.60).
ა) ლეგიტიმური მიზანი და გამოსადეგობა
გაურკვეველია სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მიზნობრიობა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. (შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტს მიიღეს. გათავისუფლების მსგავს საფუძველს არ ითვალისწინებს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული ახალი ვერსია). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ნოტარიუსთა პალატაზე არ ვრცელდება, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში რეგულაციების შეცვლა მიუთითებს სახელმწფიოს ზოგად ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის 2017 წლის 10 მარტამდე მოქმედი რედაქცია, მითითებას სწორედ „საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკზე“ აკეთებდა, შესაბამისად ამ თვალსაზრისით ის უთანაბრებდა ნოტარიუსებს საჯარო მოხელეებს. 2017 წლის 10 მარტს შესული ცვლილებებით კი კანონმა დამოუკიდებლად განსაზღვრა ნოტარიული საქმიანობის განხორციელების ზღვრული ასაკი- 65 წელი, მაშინ როდესაც ასეთი ჩანაწერი აღარ მოიპოვება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. აქვე აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს არც კერძო ხასიათის შრომით ურთიერთობებში.
გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 10 მარტს მიღებული ცვლილების განმარტებითი ბარათი არ მიუთითებს რაიმე არგუმენტაციას იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა კანონმდებელმა ზღვრული ასაკის დადგენა და კონკრეტულას რატომ შეარჩია 65 წელი.
მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ 65 წელს ასაკს მიღწეული ნებისმიერი ნოტარიუსი აპრიორი ვეღარ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომეტებული პრობლემები ანდა სხვა ისეთი პრობლემები, რომელიც მას ხელს შეუშლის ნოტარიუსზე დაკისრებული საქმიანობის განხორციელებაში. ასაკი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ამის შეფასებისათვის.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ იკვეთება. ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია რაიმე რაციონალური ახსნა და ლოგიკური კავშირის დანახვა დაწესებულ შეზღუდვასთან. აღნიშნული კი საკმარის საფუძველს წარმოადგენს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის.
ბ) აუცილებლობა და პროპორციულობა
ამ ნაწილში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს ზღვრული ასაკის დადგენა და რამდენად ბლანკეტურია ის.
აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისს, როდესაც თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის მიუხედავად, ნოტარიუს შეუძლია განაგრძოს საქმიანობა. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.“ თუმცა აღნიშნული დანაწესი მხოლოდ 5 წლის ვადით უხანგრძლივებს ნოტარიუსებს თანამდებობაზე ყოფნის ვადას. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე, ჯულიეტა არჩვაძე დაობს სწორედ იმაზე, რომ მას როგორც თითქმის 70 წელს მიღწეულ პირს უნდა შეეძლოს საქმიანობის გაგრძელება 70 წლის შემდეგაც. შესაბამისად ამ თვალსაზრისით სადავო ნორმა ბლანკეტურია და არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ მიდგომას. შედეგად, სადავო ნორმები არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი, რაც მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ უფლებამოსილების გაგრძელება 65 წლის შემდეგ უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს და არა გამონაკლისს. მოქმედი ნორმა, ამ თვალსაზრისით არ იცავს ბალანსს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის და ამდენად არაპროპორციულია. ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
ამ საქმეში სასამართლომ იმსჯელა, სწორედ იმაზე, თუ რამდენად ხდებოდა სადავო ნორმით შეპირისპირებულ ინტერესებს (სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობა და პერსონალური მონაცემების დაცვა) შორის ბალანსის მიღწევა და დაადგინა რომ აღნიშნული მოთხოვნა არ სრულდებოდა. სასამართლომ აღნიშნა:
„არსებობს პირის აღმატებული ინტერესი ნებისმიერი სასამართლო გადაწყვტილების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა წესრიგის ფარგლებში, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება. სადავო ნორმებით დადგენილი ბალანსი კი აღნიშნულის საპირისპიროა, რადგან სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, დახურულია, თუ დაინტერესებული პირი არ დაასაბუთებს, რომ არსებობს აქტის ღიაობის მომეტებული ინტერესი.“ (პ.64)
მოცემულ შემთხვევაში პრობლემაა არათუ შეპირისპირებულ ინტერესებს შორის დისბალანსი, არამედ საერთოდ ის, თუ რა სიკეთე დგას სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის საპირწონედ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სტანდარტიდან გამომდინარე, რაც სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაადგინა, ბალანსი ამ შემთხვევაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების მხარეს უნდა გადმოიხაროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიზღუდოს, როდესაც დგას სხვა ინტერესების დაზიანების რეალური საშიშროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
II. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებაში
1) თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობა და დიფერენცირებული მოპყრობა ასაკის გამო
სახელმწიფოში თანასწორობის უფლების დაცვა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, რომელიც განაპირობებს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ყველასთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა სწორედ ის ფუნდამენტია, რომელზეც უნდა აშენდეს ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოს მომავალი. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს არ შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც თავისი არსით იქნება დისკრიმინაციული და შესაბამისად არათანასწორ პირობებში ჩააყენებს არსებითად თანასწორ პირებს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით სახელმწიფომ დაარღვია სწორედ ეს ნეგატიური ვალდებულება და შექმნა დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი იმ ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომლებსაც უსრულდებათ 65/70 წელი და შესაბამისად ამ საფუძვლით ხდება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება.
გასათვალისწინებელია, რომ თანასწორუფლებიანობის ფუნდამენტური დებულება იმთავითვე ვრცელდება კონსტიტუციის 25-ე მუხლის შინაარსზე. მოქალაქეებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე დაიკავონ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა საქართველოს საჯარო სისტემაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის #2/33/1 განჩინება საქმეზე ნინო იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის და საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ;)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ დადგინდეს დიფერენცირებული მოპყრობა, აუცილებელია სახეზე იყვნენ შესადარებელი კატეგორიები/პირები, რომელთა მიმართაც ხდება განსხვავებული მოპრობა, ამასთან სახეზე უნდა იყოს დისკრიმინაციის რაიმე ნიშანი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო ე.წ. მკაცრი შეფასების ან რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით აფასებს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.5-6;)
2) შესადარებელი კატეგორიები და დისკრიმინაციის ნიშანი
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. კერძოდ არათანასწორ მდგომარეობაში არიან ერთმანეთის მიმართ ერთი მხრივ ის ნოტარიუსები, რომელთა გათავისუფლება ხდება 65/70 წელს ასაკს მიღწევის გამო, ხოლო მეორე მხრივ ის ნოტარიუსები , რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 65/70 წელი და ამდენად შეუძლიათ საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და შესაბამისად დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვა ნებისმიერი ნიშნით, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ეს ნიშანი კონსტიტუციის მე-11 მუხლში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.1-2;). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ასაკის გამო დისკრიმინაცია ასევე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით.
ამგვარად, ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, რომელიც არ წარმოადგენს ე.წ. კლასიკური დისკრიმინაციის ნიშანს (იგი არაა მითითებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩამონათვალში), თუმცა მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ხარისხისაა, ვინაიდან ასაკის გამო არსებითად თანასწორი პირები-ნოტარიუსები, საგრძნობლად სცილდებიან თანაბარი შესაძლებლობებისადმი ხელმისაწვდომობას (სადავო ნორმა „მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“) და ექცევიან აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.53) . ერთ შემთხვევაში 65/70 წელს ასაკს მიუღწეველი პირი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ასრულებს საკუთარი საქმიანობას, მეორე შემთხვევაში კი 65/70 წელს ასაკს მიწეული პირი სამუდამოდ თავისუფლდება თანამდებობიდან და შესაბამისად ერთმევა ასეთი შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით და სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს დაუძლეველი ინტერესის არსებობა და ჩარევის თანაზომიერება დაწესებული დისკრიმინაციული შეზღუდვის გამართლებისათვის.
25-ე მუხლზე მსჯელობისას ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც სადავო ნორმებს აქვს ლეგიტიმური მიზნის და თანაზომიერების თვალსაზრისით. შეუძლებელია, ნორმა რომელიც არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას, ამართლედეს განსხვავებულ მოპყრობას. ამდენად, ზემოთ განვითარებული არგუმენტაცია მიუთითებს არამხოლოდ კონსტიტუციის 25-ე, არამედ მე-11 მუხლის დარღვევაზეც.
აქვე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პრაქტიკაში უკვე არსებობს ისეთი საქმეები, სადაც სასამართლომ გარკვეულ თანამდებობაზე ასაკის გამო არჩევის შეუძლებლობა ანდა გათავისუფლება დისკრიმინაციულად/სახელმწიფო თანამდებობის დაკავების გაუმართლებელ შეზღუდვად და შესაბამისად არაკონსტიტუციურად მიიჩნია, სწორედ იმის გამო, რომ სასამართლომ ვერ დაინახა ასაკის ნიშნით უფლების შეზღუდვის რაციონალური ახსნა და ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებთან. მაგალითად, 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767/1272 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი