მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/1546,1595 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 15:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე; მოსარჩელეთა წარმომადგენლები - მარინე კაპანაძე, ბექა ჭყონია, ანანო შალიკიანი, მზექალა რომანაძე, ელენე სვანიძე, მარიამ ხუნჯგურუა; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დიანა კვარაცხელია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1546) მომართა მედეა გვაზავამ. №1546 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 5 ნოემბერს. №1546 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/3/1546 საოქმო ჩანაწერით №1546 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1595) მომართა საქართველოს მოქალაქე ჯულიეტა არჩვაძემ. №1595 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 აპრილს. №1595 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 5 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/10/1595 საოქმო ჩანაწერით №1595 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/10/1595 საოქმო ჩანაწერით №1546 და №1595 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ ერთობლივად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითი განხილვის სხდომა №1546 და №1595 კონსტიტუციურ სარჩელებზე, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
3. №1546 და №1595 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით“. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ჩამოთვლის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, ზემოხსენებული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კი ამგვარ საფუძვლად ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
6. №1546 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან 2020 წლის პირველ ნოემბრამდე იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას. 2020 წლის 1 ნოემბრიდან კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამავე წლის 22 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, ზღვრული ასაკის (65 წლის) მიღწევის გამო, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან. 2020 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეკომენდაციის გაწევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე, რათა მისი უფლებამოსილების ვადა გაგრძელებულიყო, თუმცა ნოტარიუსთა პალატამ მიუთითა, რომ დაკავებული თანამდებობიდან ზღვრულის ასაკის მიღწევის გამო გათავისუფლების შესახებ უკვე გამოცემული ბრძანების არსებობის საფუძვლით, ისინი მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, ამგვარი რეკომენდაციით მიემართათ საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, შესაბამისად, ის წარმოადგენს საჯარო თანამდებობის მქონე პირს და სახელმწიფოს აკისრია კონსტიტუციური ვალდებულება, დაადგინოს ნოტარიუსის გათავისუფლების გონივრული საფუძვლები. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმით დაწესებული ზღვრული ასაკი წინააღმდეგობაში მოდის ხსენებულ ვალდებულებასთან.
8. მოსარჩელეები აპელირებენ, რომ ცვლილებები, რომელთა თანახმად, საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მიუთითებს სწორედ სახელმწიფოს ზოგად ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება. ამასთან, ხსენებულ ცვლილებებამდე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღვრული ასაკის განსაზღვრისთვის მიუთითებდა სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე, ხოლო ცვლილებების შემდგომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცალკეულად განისაზღვრა ზღვრული ასაკი - 65 წელი. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ დადგინდა ნოტარიუსებისთვის ზღვრული ასაკი იმ პირობებში, როდესაც ასეთი ასაკი აღარ არსებობს საჯარო მოხელეებთან მიმართებით და არც კერძო ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ასევე, გაურკვეველია, კონკრეტულად 65 წლის ასაკის მიღწევა რატომ გამორიცხავს ნოტარიუსის მიერ თავისი საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას და რატომაა შეუძლებელი სახელმწიფოსთვის, დაასაბუთოს, რომ აღნიშნულ ასაკს მიღწეული პირი ვეღარ შეძლებს სათანადოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ან აქვს იმგვარი პრობლემები, რომლებიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში.
9. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული საგამონაკლისო წესი, რომელიც ნოტარიუსის საქმიანობის 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობას ადგენს, არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც ნაკლებადმზღუდველი საშუალება, ვინაიდან ის არ ეფუძნება სათანადო კრიტერიუმებს. საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, არც ნოტარიუსთა პალატას და არც იუსტიციის მინისტრს არ წარმოეშობა ვალდებულება, შეაფასოს განმცხადებლის ინდივიდუალური მდგომარეობა, მის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ნოტარიუსთა პალატა რეკომენდაციის გაცემისას ხელმძღვანელობს ისეთი კრიტერიუმებით, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო პირის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობებთან. ინსტიტუტს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ის გარემოებაც, რომ იუსტიციის მინისტრს არ გააჩნია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და არ არსებობს კანონით დადგენილი ვადა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
10. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების მოქმედება აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ - 65 წელს მიღწეულ და მიუღწეველ პირებს, ვინაიდან შესადარებელი ჯგუფები არიან მკვეთრად განსხვავებულ პირობებში, კერძოდ, 65 წელს მიუღწეველი პირები შეუფერხებლად ახორციელებენ საქმიანობას, ხოლო 65 წელს მიღწეულ პირებს საერთოდ ერთმევათ ეს შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დიფერენცირება მაღალი ინტენსივობის მქონეა, სადავო ნორმა კი არ ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც გადაწონიდა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან, ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
12. ამავდროულად, №1595 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს, 69 წლის მოსარჩელეს, რომელსაც უკავია ნოტარიუსის თანამდებობა, კანონის საფუძველზე, სანოტარო საქმიანობის გაგრძელების უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 70 წლის ასაკის მიღწევამდე. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმათა საფუძველზე, 70 წლის ასაკის შესრულების შემდგომ იგი გათავისუფლდება ნოტარიუსის თანამდებობიდან. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის საქმიანობის ვადის გაგრძელება უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს და არა გამონაკლისს. იმავდროულად, 70 წელს გადაცილებული პირი უნდა აგრძელებდეს სანოტარო საქმიანობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ბლანკეტურად, პირის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასების გარეშე, ადგენს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტას თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევისას და ვადის გაგრძელების შემდგომ, რაც არ წარმოადგენს უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას.
13. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
14. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საჯარო თანამდებობის შეუფერხებელი განხორციელებისა და თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროებში ჩარევა სახელმწიფომ განახორციელა ისეთი ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა სანოტარო სფეროში როტაციის პრინციპის უზრუნველყოფა, რაც გამოიხატება თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილებით. უფრო კონკრეტულად, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ძველი კადრის სამსახურიდან გათავისუფლების გვერდის ავლით, შეუძლებელია კანონმდებელმა დასახულ მიზანს მიაღწიოს სხვა ნაკლებადმზღუდველი საშუალების გამოყენებით და, იმავდროულად, ახალი კადრის შემოდინებას შეუწყოს ხელი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, სანოტარო სფეროში კადრთა გადანაცვლების უწყვეტი ციკლი, საბოლოოდ, უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის ხარისხიანი სანოტარო მომსახურების მიწოდებას. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანზე და შეზღუდვის პროპორციულობაზე.
15. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმებს, ერთი მხრივ, გააჩნია უფლებაშემზღუდველი ნორმატიული შინაარსი, ხოლო, მეორე მხრივ, საგამონაკლისო წესი, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის მინისტრის მიერ ნოტარიუსის უფლებამოსილების 5 წლის ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობას, წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ნორმას, რომლის მოქმედებით გამოირიცხება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
16. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, განსახილველ საქმეში ნოტარიუსის გონებრივი ან/და ფიზიკური უნარების ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობის არსებობა არ არის პრიორიტეტული. პირიქით, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი დაკავშირებულია ზღვრული ასაკის მიღწევასთან, ხოლო ზღვრული ასაკის მიღწევა, თავის მხრივ, ემსახურება რა არა ნოტარიუსის გონებრივი ან/და ფიზიკური უნარების შესუსტებას, არამედ ახალი კადრის შემოდინების ხელშეწყობას, მოპასუხე მხარის პოზიციით, არ იქნება ლოგიკური საკითხის იმგვარი გადაწყვეტა, თითქოს ნოტარიუსების მიერ თანამდებობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებაში ჩარევა ხდება მათი გონებრივი ან/და ფიზიკური უნარების შესუსტების მოტივით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. საქართველოს პარლამენტი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოსა და საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
18. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლოს ინიციატივით მოწვეულ იქნა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი. №1546 და №1595 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დიანა კვარაცხელია. საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს. იგი დაეთანხმა მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას სადავო ნორმათა კონსტიტუციურობის თაობაზე და, ზოგადად, განმარტა პრაქტიკაში მათი მოქმედების შედეგები.
19. საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ნოტარიუსის საქმიანობის 5 წლის ვადით გახანგრძლივების შესახებ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული საგამონაკლისო წესი იუსტიციის მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება ნოტარიუსის საქმიანობის ვადის გაგრძელების თაობაზე და არ გულისხმობს ვალდებულებას ავტომატურად დააკმაყოფილოს ყველა განცხადება. ეს არის იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები და არა იმის ვალდებულება, რომ ყველა დაინტერესებული ნოტარიუსი, რომელიც მომართავს იუსტიციის სამინისტროს, აუცილებლად იქნეს დაკმაყოფილებული. იუსტიციის სამინისტრო, 65 წლის ასაკის ნოტარიუსისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხის განხილვისას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ დაბალანსდეს სანოტარო ბიუროების რაოდენობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რათა სანოტარო მომსახურება ყველა მოქალაქისთვის იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი: ა) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითად განხილვის შემდგომ სადავო ნორმამ განიცადა ცვლილება. კერძოდ, 2022 წლის 26 აპრილს მიღებული „„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის №1526-VIIIმს-Xმპ კანონის თანახმად, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დასახელებული კანონი გამოქვეყნდა 2022 წლის 6 მაისს და ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ახალი რედაქციის მიხედვით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლიდან გაიზარდა 70 წლამდე, ხოლო საგამონაკლისო წესი - თანამდებობის განხორციელების 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობა გაუქმდა. რაც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი - ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, საგამონაკლისო წესის გარეშე, დაკონკრეტდა და ბლანკეტურად განისაზღვრა ზემოხსენებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის შემდგომ სადავო ნორმამ ძალა დაკარგა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, „როდესაც სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს №1546 და №1595 კონსტიტუციურ სარჩელებზე საქმის შეწყვეტის საფუძველი და საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას.
5. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობაზე. აღსანიშნავია, რომ ძალადაკარგული სადავო ნორმების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად უნდა შეაფასოს ორი სამართლებრივი მოცემულობა: 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და; 2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე შეაფასებს.
1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
1.1. უფლებით დაცული სფერო - საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება
6. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს წვდომა საჯარო თანამდებობაზე. დასახელებული კონსტიტუციური დებულება იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს ‒ არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება [საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს], ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი - ამავე ნორმის მე-2 წინადადება [საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით]. ამასთან, როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა, უპირველესად, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს წარმოადგენს სახელმწიფო. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
1.2. უფლების შეზღუდვა
8. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან, ერთი მხრივ, ნოტარიუსის საქმიანობისთვის ზღვრული ასაკის დადგენას, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს - 65 წელს.
9. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი“. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ამგვარ საფუძვლად ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის თანამდებობა მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვის მატარებელია და განსაკუთრებულ როლს ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება“. ამასთან, კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. აღნიშნული გარემოება ხაზს უსვამს ნოტარიატის როგორც საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტისა და ნოტარიუსის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირის განსაკუთრებულ როლს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს ამ სფეროს სამართლებრივი რეგულირება, მათ შორის, შეიმუშაოს ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესების ცხადი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
11. სადავო ნორმებით დადგენილია ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების ასაკობრივი შეზღუდვა და შესაბამისი საფუძველი. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, პირისთვის, 65 წლის შესრულების შემდგომ, აღნიშნული ასაკის მიღწევა არის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის არა პირველი წინადადებით გათვალისწინებულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, არამედ სადავო ნორმა ითვალისწინებს რა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს და შესაბამის ასაკობრივ ზღვარს, შესაბამისად, სახეზე გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 წინადადებით გარანტირებული საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვა.
12. მაშასადამე, განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო ნორმა ემსახურება ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელებაში ჩარევას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მეშვეობით. ამ უფლებრივი სიკეთის შეზღუდვის შეფასებისას კი არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საჭიროება. ასეთი საკითხები, თავისი არსით, განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ სფეროს. ამდენად, სადავო ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებული მოქალაქის უფლება საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელებაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეაფასოს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით ზემოთ დასახელებულ კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
1.3. შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება
13. საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
14. განსახილველ შემთხვევაში საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვა დადგენილია საკანონმდებლო აქტით - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა.
15. საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლებისათვის აუცილებელია, იგი შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის დისტანცირება საჯარო მმართველობის პროცესიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
1.4. ლეგიტიმური მიზანი
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.
17. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელეს სანოტარო სფეროში თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების, ე.წ. როტაციის პრინციპისა და, ასევე, საზოგადოებისთვის შესაბამისი ხარისხიანი სანოტარო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეთა როტაცია შესაძლოა ნამდვილად იყოს მენეჯმენტის განხორციელების მნიშვნელოვანი მეთოდი, რომლის მიზანია ორგანიზაციაში დასაქმებულთა შემადგენლობის პერიოდულად იმგვარი განახლება, რომ თანამშრომელთა ურთიერთჩანაცვლებამ ხელი შეუწყოს თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას, ახალი უნარების შეძენასა და, ზოგადად, სამსახურის პროდუქტიულობის ამაღლებასა თუ ორგანიზაციის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის ზრდას, რომელიც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ამ სამსახურის მომსახურების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის ხარისხს.
19. განსახილველი საქმის ფარგლებში გამოსარკვევია, რამდენად წარმოადგენს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის გასამართლებლად, მით უფრო მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ნოტარიუსის საქმიანობას.
20. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება“. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს; ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას; გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას; დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას; ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან; ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს; ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს; ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს; პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს; ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს; რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს; ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს. ასევე, კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებსა და უფლებამოსილებებს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ნოტარიუსი მნიშვნელოვანი საჯარო დატვირთვის მატარებელი სუბიექტია, რომელსაც სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად აკისრია კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი ფუნქციები და მოვალეობები. შესაბამისად, ამ ფუნქციათა და მოვალეობათა ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფის, ნოტარიუსთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, მათ მიერ ახალი უნარების შეძენისა თუ, ზოგადად, სამსახურის პროდუქტიულობის ამაღლებისა და ნოტარიუსის მიზნების მიღწევის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით, თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების მენეჯმენტური მეთოდი, ე.წ. როტაციის პრინციპის უზრუნველყოფა, წარმოადგენს ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს მით უფრო მაშინ, როდესაც ნოტარიუსების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საკუთრივ საქართველოს იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს ნოტარიუსთა რა რაოდენობაა გონივრული ქვეყნის მასშტაბით სანოტარო მომსახურების უზრუნველყოფისათვის სათანადო დროს არსებული მოთხოვნილების შესაბამისად. რაც შეეხება საზოგადოებისთვის რელევანტური და ხარისხიანი სანოტარო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას, სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობს აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის განცალკევებულად შეფასების საჭიროება, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოპასუხე მხარემაც დაასახელა სანოტარო სფეროში თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების ლეგიტიმურ მიზანთან კუმულაციურად.
1.5. გამოსადეგობა
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა ემსახურებოდეს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სადავო ნორმით გათვალისწინებული ნოტარიუსის თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის შეფასებისას, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული განსახილველი ურთიერთობის სპეციფიკა და ნოტარიუსის ფუნქციები.
23. როგორც უკვე აღინიშნა, ნოტარიუსის ფუნქციები მრავალფეროვანია და კანონმდებლობით ისინი დეტალურად არის განსაზღვრული. სწორედ ამიტომ ნოტარიუსის დანიშნულება და მნიშვნელობა, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში კიდევ უფრო ხაზგასასმელია. ნოტარიუსი არის პირი, რომელიც მოქალაქეს ეხმარება დოკუმენტებისა და სამოქალაქო ურთიერთობების იურიდიულ გაფორმებაში. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს საერთო სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში მნიშვნელოვანი იურიდიული ძალა აქვს. მაგალითად, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე საერთო სასამართლოებში, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, უტყუარი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც უფლებამოსილ პირს რთავს ნებას, ნაკლები რესურსის გამოყენების ხარჯზე, აღარ შეამოწმოს პირთა წარმომადგენლობის უფლებამოსილებათა ფორმალური თუ მატერიალური მხარე. შესაბამისად, რომ არაფერი ვთქვათ, ნოტარიუსის მრავალმხრივი მონაწილეობის თაობაზე კერძო-სამართლებრივი გარიგებების გაფორმების ნაწილში, ზემოხსენებული მაგალითიც კი ცალსახად მიუთითებს ნოტარიუსის საჯარო დანიშნულებასა და მიზანზე.
24. ნოტარიუსის საქმიანობის ზემოხსენებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ თანამდებობის დაკავების უფლება როდია დაკავშირებული მის მუდმივობასთან. შესაბამისად, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძვლის, ზღვრული ასაკის, 65 წლის მიღწევის კონსტიტუციურობის შეფასების მიზნით, 65 წლის ასაკის ნოტარიუსის, როტაციის პრინციპით, ახალი ნოტარიუსით ჩანაცვლება წარმოადგენს გამოსადეგ და ვარგის საშუალებას. თუმცა საქმე ისაა, რომ ასეთი გამოსადეგი და ვარგისი საშუალება, იმავდროულად, უნდა იყოს ყველაზე ნაკლებადმზღუდველი და პროპორციული ღონისძიება დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
1.6. აუცილებლობა
25. უდავოა, რომ „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). სწორედ თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ არ არსებობდეს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სხვა უფრო ნაკლებადმზღუდველი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
26. გასაჩივრებული ნორმა, როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, აწესებს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთ ასაკად, კანონმდებელი მიიჩნევს 65 წელს. საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა რა ნოტარიუსის საჯარო ფუნქციების დიდ მნიშვნელობასა და როლზე დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული მწვავე საჭიროებების გადაჭრის მიზნით, იქვე აღნიშნა, რომ მოქალაქის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავება ნოტარიუსის პოზიციაზე, არ არის დაკავშირებული მის მუდმივობასთან, არამედ აუცილებელია, რომ სოციალურ გარემოში დროისა და სხვადასხვა გარემოებების ცვლილების გათვალისწინებით, ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობას არ გამოეცალოს არსი და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის კადრების გადინება-შემოდინების მეშვეობით სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულება შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში.
27. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის სამსახურიდან გათავისუფლება თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების მიზნით, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსის ფუნქციების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, ნამდვილად წარმოადგენს ყველაზე ნაკლებმზღუდველ ღონისძიებას. ნოტარიუსის მიერ თანამდებობის განუსაზღვრელი ვადით დაკავების შემთხვევაში, ახალი კადრი, რომელსაც სურვილი ექნებოდა გამხდარიყო ნოტარიუსი და მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო ურთიერთობების ფარგლებში მოქალაქეთა იურიდიული დახმარების პროცესში, მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, მოეხდინა საკუთარი უნარების პრაქტიკაში რეალიზაცია. ამისთვის, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის (კერძოდ, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) არარსებობის პირობებში, იგი დაელოდებოდა ნოტარიუსის თანამდებობის გათავისუფლებას ნოტარიუსის გარდაცვალების, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თუ სხვა შესაბამისი საფუძვლის არსებობის გამო.
28. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესების ცხადი, სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმების შემუშავებასთან ერთად, ასევე, ეკისრება კონსტიტუციური ვალდებულება, მოახდინოს ამ სფეროს იმგვარი სამართლებრივი რეგულირება, მათ შორის, შეიმუშაოს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაბამისი განჭვრეტადი საფუძვლები, რომელთა კონსტიტუციურობის შეფასებისთვის ერთმნიშვნელოვნად დადასტურდება მათი არსებობის გარდაუვალობა. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსი შეიძლება განწესებული იყოს თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით, ვინაიდან საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება როდია მის მუდმივობასა თუ ხელშეუხებლობასთან/აბსოლუტურობასთან დაკავშირებული, ამავდროულად, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურობის კრიტერიუმებს, რის გამოც აუცილებელია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს შესაბამის კონკრეტულ ასაკს. სწორედ ასეთ შემთხვევას განეკუთვნება სადავო ნორმები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ნოტარიუსის ზღვრული ასაკის, 65 წელს მიღწევის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს მიიჩნევს საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებმზღუდველ საშუალებად. სხვაგვარად, კანონმდებლის მიერ დასახული მიზანი, თაობათა შორის შესაძლებლობათა სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფა, რომელსაც თან სდევს საზოგადოებისათვის ნოტარიუსის მომსახურების შეუფერხებელი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა, მიუღწეველი იქნებოდა.
1.7. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
29. უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა, შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ერთ მხარეს არის ღირებული საჯარო ინტერესი - როტაციის პრინციპის უზრუნველყოფა თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების მეშვეობით, რომელსაც თან სდევს საზოგადოებისათვის ნოტარიუსის მომსახურების შეუფერხებელი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხარეს - კონკრეტული პირის [ნოტარიუსის] უფლება, შეუფერხებლად განახორციელოს დაკავებული საჯარო თანამდებობა.
30. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზებისათვის ასაკობრივი ზღვრის დაწესება, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლებისაგან განსხვავებულად უზრუნველყოფდეს სამსახურის ეფექტიანობისა და სტაბილურობის მიზანს. თუმცა შესაძლებელია, ცალკეულ შემთხვევაში გამართლებული იყოს თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვა ისეთი ასაკობრივი ჯგუფებისათვის, რომლებსაც ასაკის გამო არ აქვთ დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამსახურის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემები. კერძოდ, თუ დადგინდება, რომ რომელიმე კონკრეტულ ასაკის მიღწევისას პირების უმრავლესობა კარგავს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკურ ან/და გონებრივ მონაცემებს, შესაძლებელია, სამსახურში მიღების უფლება შეეზღუდოთ აღნიშნულ ასაკთან მიახლოებულ ასაკობრივ ჯგუფებს იმაზე მითითებით, რომ გართულდება მათი ჩანაცვლება და ეჭვქვეშ დადგება სამსახურში კადრების სტაბილურობა და ეფექტიანობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
31. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ განავითარა მხოლოდ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან მიმართებით და არ უმსჯელია საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში საკითხი ეხება არა თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას შესაბამისი ასაკის მიღწევისა და პირის ამ თანამდებობისთვის საჭირო გონებრივი ან/და ფიზიკური უნარების შესუსტების გამო, არამედ საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას, რაც მოიცავს, როგორც ცალკე აღებული საჯარო თანამდებობის სტაბილურობას, ასევე ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიან აღსრულებას. ამ უფლების შეზღუდვა კი, თავის მხრივ, დაკავშირებული უნდა იყოს კადრების ჩანაცვლების გარდაუვალობასა და სამსახურის სტაბილურობისა და ეფექტიანობისთვის სერიოზული საფრთხის არსებობასთან.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ ნოტარიუსის საქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მიერ არჩეული პოლიტიკა, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, მიზნად ისახავს ახალგაზრდა იურისტების ნოტარიუსის საქმიანობით დაინტერესების გაზრდასა და მათ აქტიურად და უწყვეტად ჩართვას სანოტარო მოქმედებების განხორციელებაში. შესაბამისად, თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების გარეშე, ახალი კადრის ამ საქმიანობაში ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ნოტარიუსის თანამდებობაზე განწესების შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 65 წლამდე ნოტარიუსად მუშაობის გამოცდილება საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი ახალი შესაძლებლობა მიეცეს მომავალ თაობას.
33. განსახილველ შემთხვევაში არაერთხელ აღინიშნა, რომ ნოტარიუსი არის მოქალაქის მიუკერძოებელი და სანდო მრჩეველი. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. ამასთანავე, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. ამავდროულად, ნოტარიუსის თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება ემსახურება მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების აღსრულებას. შესაბამისად, ამ უფლების შეზღუდვაც თანაბარწონად უფლებათა გონივრული დაბალანსების გზით უნდა ხორციელდებოდეს. აქედან გამომდინარე, სანოტარო სფეროში როტაციის პრინციპის უზრუნველყოფა თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების მეშვეობით, რომელსაც თან სდევს საზოგადოებისათვის ნოტარიუსის მომსახურების შეუფერხებელი და ეფექტიანი ხელმისაწვდომობა, ცალსახად მიმართულია დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სწორი და სამართლიანი ბალანსის დადგენისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმას გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობის არარსებობაც სწორედ იმით არის გამართლებული, რომ შეზღუდვა ისეთი ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება, რომელიც, თავისი არსით, მიუღწეველი იქნებოდა სხვაგვარი ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობის არსებობის პირობებში. სანოტარო სფეროში როტაციის პრინციპის უზრუნველყოფის მიღწევა, რაც გამოიხატება თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიან გადანაწილებაში, რომელიც განხორციელებადია მხოლოდ ახალი კადრის შემოდინების ხელშეწყობის გზით, დასაშვებია მხოლოდ ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესებით. სხვა შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებოდა პირის [ნოტარიუსის] უფლებას, შეუფერხებლად გაეგრძელებინა დაკავებულ საჯარო თანამდებობაზე თავისი საქმიანობა განუსაზღვრელი ვადით. საქმე ისაა, რომ დასახელებული გარემოებების ერთობლივი შეფასების გზით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიების ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროება კონსტიტუციურად უპირატესია ნოტარიუსის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევასთან მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმით სამართლიანად არის დადგენილი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და ნორმა შეესაბამება თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას.
2. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1. უფლებით დაცული სფერო - თანასწორობის უფლება
35. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
36. ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). ამრიგად, სახელმწიფო ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.
2.2. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირება
37. როგორც აღინიშნა, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ამგვარ საფუძვლად ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 65 წლამდე და, მეორე მხრივ, 65 წელს გადაცილებულ პირებს უწესებს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს.
38. სადავო ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ დადგენილია ნოტარიუსთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, ასევე, ასეთ ასაკად მიჩნეულია 65 წელი. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა დიფერენცირებულ მოპყრობასთან დაკავშირებით მიემართება ასაკის ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს. თუმცა მოსარჩელე ცალ-ცალკე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ინდივიდუალურ კონსტიტუციურ უფლებებთან მიმართებით. ზუსტად ასეთ მოთხოვნას განეკუთვნება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
39. წინამდებარე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ შინაარსი და მოქმედების ფარგლები, აგრეთვე მოახდინა შეზღუდვის იდენტიფიცირებაც. ამავდროულად, სასამართლომ შეაფასა ნორმის კონსტიტუციურობა საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებასთან მიმართებით და დაადგინა, რომ არ არსებობდა მისი არაკონსტიტუციურად ცნობის სათანადო წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ნორმა ადგენს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა ნოტარიუსთან მიმართებით თანაბრად მოქმედებს და არ არის დაკავშირებული, უფლებრივი თუ შედეგობრივი თვალსაზრისით, ნოტარიუსების არათანასწორ/არაერთგვაროვან ვითარებაში ჩაყენებასთან. მოსარჩელის პრობლემა გაუმართლებელი დიფერენციაციის თაობაზე მომდინარეობს მხოლოდ ასაკის ნიშნით ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიდან. ცალკე აღებული ამგვარი საფუძველი, კერძოდ, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, არ ადგენს განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობას არსებითად ერთგვაროვან პირთა ჯგუფის მიმართ. არამედ, ამგვარი საკანონმდებლო საფუძველი ყველა პირს, რომელიც ნოტარიუსის სამართლებრივ სტატუსს ფლობს, თანაბრად მიემართება.
40. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედებით არ ვლინდება შესადარებელ პირებს, ნოტარიუსებს შორის ერთმანეთისაგან განმასხვავებელი გარემოებები. პირიქით, სადავო ნორმის მოქმედებით ყველა ნოტარიუსს თანაბრად მიემართება თანამდებობიდან გათავისუფლების კანონისმიერი საფუძველი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ არ ახდენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებაში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
41. რაც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს გარემოებას სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებით. სადავო ნორმის საფუძველზე 65 წელს მიღწეული და 65 წელს გადაცილებული ნოტარიუსების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი არის დადგენილი. 65 წლის ასაკის მიღწეული პირები, ერთი მხრივ, კარგავენ უფლებას, რომ განახორციელონ ნოტარიუსის თანამდებობაზე შესაბამისი ფუნქციები, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიმართ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. როგორც აღინიშნა, ამგვარი, ასაკზე მიბმული საფუძველი არ არსებობს 65 წელს მიუღწეველ პირებთან მიმართებით. შესაბამისად, სახეზეა შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა.
42. როგორც უკვე აღინიშნა, უთანასწორო მოპყრობის არსებობა არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასადგენად. ამისათვის, აგრეთვე აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ პირებს ერთმანეთისაგან განასხვავებთ მხოლოდ ერთი გარემოება - ასაკი.
43. საჯარო სამსახური - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად სახელმწიფო რესურსია, რომლის დაკავების შემდეგ, მისი შეუფერხებელი განხორციელებაც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. 65 წელს მიუღწეველ და მიღწეულ ნოტარიუსებს აქვთ თანაბარი ინტერესი, სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ შესაძლებლობა, მსახურობდნენ სახელმწიფო სამსახურში და ახორციელებდნენ ნოტარიუსის საქმიანობას. ამ თვალსაზრისით, მარტოოდენ 65 წლის ასაკის მიღწევა ვერ ჩაითვლება იმგვარ გარემოებად, რომელიც გამოიწვევდა შესადარებელი ჯგუფების ერთმანეთის არსებითად უთანასწოროდ განხილვას, ვინაიდან ერთ შემთხვევაში 65 წლამდე ნოტარიუსი ახორციელებს საქმიანობას, ხოლო მეორე შემთხვევაში 65 წელს გადაცილებულ პირს, მარტოოდენ კონკრეტული ასაკის მიღწევის გამო, სახელმწიფო ათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით გათვალისწინებულია არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და სახეზეა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.
2.3. განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასება
2.3.1. შეფასების სტანდარტი
44. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
45. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).
46. ამდენად, მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად.
2.3.2. განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება
47. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეესაბამება თანასწორობის უფლების კონსტიტუციურ მოთხოვნებს 65-წლიანი ასაკობრივი ზღვრის დაწესება ნოტარიუსის მიერ თანამდებობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის. მოპასუხის მიერ დიფერენცირებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად დასახელდა სანოტარო სფეროში თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების, ე.წ. როტაციის პრინციპისა და, ასევე, საზოგადოებისთვის შესაბამისი სანოტარო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა.
48. წინამდებარე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ დასახელებული მიზანი ნამდვილად ღირებული ინტერესია და მის დასაცავად, შესაძლებელია შეიზღუდოს საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლება (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების II-19-21 პარაგრაფები). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მიზნის მისაღწევად კანონმდებელი უფლებამოსილია, დაადგინოს დიფერენცირებული მოპყრობა. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება პროპორციულად იზღუდება ისეთი გამოსადეგი და ყველაზე ნაკლებად მზღუდველი საშუალების გამოყენებით, როგორიცაა ზღვრული ასაკის მიღწევა. სასამართლომ განმარტა, რომ ამგვარი შეზღუდვა გამართლებული იყო ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნით, რომლის მიღწევა სხვაგვარი სამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში შეუძლებელი იქნებოდა.
49. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შესადარებელ პირებს შორის დიფერენცირებასა და მათ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას განაპირობებს ნოტარიუსის მიერ 65 წლის შესრულება და წინა პლანზე დგება თანამდებობის განხორციელების უფლების შეზღუდვა. იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია ამ საფუძვლით პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, დიფერენციაციის გაუმართლებლად მიჩნევისა და მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ასაკის ნიშანი ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის საქმეებში მტკიცების ტვირთი მნიშვნელოვანწილად ეკისრება სახელმწიფოს, რა დროსაც, აუცილებელია, სახელმწიფომ სასამართლოს წარმოუდგინოს მყარი, დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტები დისკრიმინაციის გაბათილებადი პრეზუმფციის დასაძლევად.
50. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სანოტარო სფეროში თაობათა შორის შესაძლებლობების სამართლიანი გადანაწილების ლეგიტიმურ მიზანთან რაციონალურ და ლოგიკურ კავშირშია ზღვრული ასაკის მიღწევის სამართლებრივი გარემოება. მოპასუხე მხარემ ამგვარი მითითება ახსნა იმ არგუმენტაციით, რომ ნოტარიუსის ზღვრული ასაკის მიღწევა არ წარმოადგენს გარემოებას, რომელიც a priori იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, რომელიც აუცილებელია ნოტარიუსის ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისთვის. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა ასაკობრივი ნიშნით დიფერენციაციის გამართლების მიზნით, ასევე მიუთითეს ლეგიტიმური მიზნის არსსა და დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის საქმიანობის სტაბილურობასა და ეფექტურობაზე. მათი მოსაზრებით, ასაკის მიღწევა, რომლის საფუძველზე ნოტარიუსი თავისუფლდება თანამდებობიდან, არ არის სახელმწიფოს თვითმიზანი, არამედ სახელმწიფო ამ დროს ორიენტირებულია სანოტარო სფეროში ახალი კადრის უწყვეტად შედინების გზით ნოტარიუსის საქმიანობის სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეფექტიანობის გაზრდაზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, განსხვავებული მოპყრობის კანონით დაწესება წარმოადგენდა prima facie დისკრიმინაციის მტკიცებულებას, იმავდროულად, განმარტა, რომ სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა არ წარმოადგენდა შესაბამისი სარწმუნო და დამაჯერებელი დასაბუთების საფუძველზე აკრძალულ დიფერენციაციას ასაკის ნიშნით. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება.
51. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ღონისძიება არ არის დისკრიმინაციული და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
52. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული ნორმის თანახმად, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. მოსარჩელის არგუმენტაციის მიხედვით, მისთვის პრობლემურია სწორედ ხსენებული საგამონაკლისო წესის სამართლებრივი მოწესრიგება და არა უშუალოდ საგამონაკლისო წესის არსებობა. მოსარჩელე მხარის პრობლემა მომდინარეობს სწორედ იმ ნორმიდან, რომელიც განსაზღვრავს ამ საგამონაკლისო წესის ინსტიტუტსა და მისი მოქმედების ფარგლებს, კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებიდან. ამდენად, მოსარჩელისთვის პრობლემურია, შესაბამისი კრიტერიუმებისა და გარანტიების არარსებობა 5 წლის ვადით უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე საგამონაკლისო წესის გამოყენებისას.
53. როგორც აღინიშნა, საჯარო თანამდებობის შეუფერხებელი განხორციელების კონსტიტუციური სტანდარტები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციურობა ასევე შეაფასოს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განმარტა შესაბამისი კონსტიტუციური უფლებით დაცული სფერო (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების II-6-7 პარაგრაფები). ამდენად, სასამართლო მხედველობაში მიიღებს მხოლოდ სადავო ნორმის შინაარსსა და შეზღუდვის ხასიათს.
3.1. სადავო ნორმის უფლებააღმჭურველი ხასიათი
54. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლების 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობა, მისი პირადი განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე, თავისი არსით, არ არის უფლებაშემზღუდველი ღონისძიება. გასაჩივრებული ნორმა აღმჭურველი ხასიათისაა. აღმჭურველი ნორმა კი პირს ანიჭებს უფლებას/შესაძლებლობას, ხოლო შემზღუდველი ნორმის შედეგია ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება უფლებათა განხორციელებისას. სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი, გამონაკლისის სახით, ადგენს ნოტარიუსის შესაძლებლობას, მიმართოს იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციისა და მისი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილების ვადის 5 წლით გაგრძელების თაობაზე. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მისთვის პრობლემურია არა ზოგადად ამ საგამონაკლისო ინსტიტუტის არსებობა, არამედ შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის საფუძველზე ამ წესის მოქმედების ფარგლები. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა, თავისი შინაარსით, აღმჭურველი ბუნებისაა და წარმოადგენს საგამონაკლისო წესს ნოტარიუსის სამსახურიდან გათავისუფლების - ზღვრული ასაკის მიღწევის გამო - საფუძვლებიდან.
55. მოსარჩელე მხარე სასარჩელო არგუმენტაციაში მიუთითებდა, რომ ამგვარი ფორმით უფლებამოსილების ვადის გაგრძელების ინსტიტუტი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტებს, შესაბამისად, არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ნაკლებადმზღუდველი საშუალება, ვინაიდან ის არ ეფუძნება სათანადო კრიტერიუმებს. ამასთანავე, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ ნოტარიუსთა პალატა რეკომენდაციის გაცემისას ხელმძღვანელობს ისეთი კრიტერიუმებით, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო პირის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობებთან. მოსარჩელეთა აზრით, ინსტიტუტს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ის ფაქტიც, რომ იუსტიციის მინისტრს არ გააჩნია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და არ არსებობს კანონით დადგენილი ვადა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული არგუმენტი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს თავად საგამონაკლისო წესის აღმჭურველ ბუნებას. მოსარჩელისთვის პრობლემური შინაარსი მომდინარეობს არა აღმჭურველი საგამონაკლისო წესიდან, არამედ იმ საკანონმდებლო ჩანაწერიდან, რომელიც ზოგადად კრძალავს ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას 65 წლის მიღწევის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შესაბამისი ასაკის არსებობასთან დაკავშირებით, იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი ბლანკეტური შეზღუდვა არ საჭიროებს ინდივიდუალური გარემოებების შეფასებას ლეგიტიმური მიზნის არსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში აზრს მოკლებულია საგამონაკლისო წესის, როგორც უფლების ნაკლებმზღუდველ საშუალებად განხილვა. ამას განამტკიცებს ისიც, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული საგამონაკლისო წესი ზოგადი აკრძალვიდან, წარმოადგენს აღმჭურველი ბუნების ნორმას, რომელიც არ წარმოშობს უფლებაში ჩარევის შესაბამის წინაპირობებს.
57. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების (2022 წლის 4 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მოქმედებით, არ ხდება საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილ კონსტიტუციურ სტანდარტებს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1546 და №1595 კონსტიტუციური სარჩელები („მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე