მედეა გვაზავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/1546 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მედეა გვაზავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1546) მომართა საქართველოს მოქალაქე მედეა გვაზავამ. №1546 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 5 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1546 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით“. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, „ბ“ ქვეპუნქტი კი ამგვარ საფუძვლად ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
5. №1546 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 1999 წლიდან 2020 წლის პირველ ნოემბრამდე იკავებდა ნოტარიუსის თანამდებობას. 2020 წლის 1 ნოემბრიდან კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამავე წლის 22 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, ზღვრული ასაკის (65 წლის) მიღწევის გამო, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება და ამოირიცხა საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან. 2020 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეკომენდაციის გაწევა იუსტიციის მინისტრის წინაშე, რათა მისი უფლებამოსილების ვადა გაგრძელებულიყო, თუმცა ნოტარიუსთა პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან ბრძანება უკვე გამოცემული იყო, ისინი მოკლებულ იყვნენ შესაძლებლობას, ამგვარი რეკომენდაციით მიემართათ მინისტრისათვის.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, შესაბამისად ის წარმოადგენს საჯარო თანამდებობის მქონე პირს და სახელმწიფოს აკისრია კონსტიტუციური ვალდებულება, დაადგინოს ნოტარიუსის გათავისუფლების გონივრული საფუძვლები, სადავო ნორმით დაწესებული ზღვრული ასაკი წინააღმდეგობაში მოდის ხსენებულ ვალდებულებასთან.
7. მოსარჩელე აპელირებს, რომ ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მიუთითებს სწორედ სახელმწიფოს ზოგად ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება. ამასთან, ხსენებულ ცვლილებებამდე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღვრული ასაკის განსაზღვრისთვის მიუთითებდა სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე, ხოლო ცვლილებების შემდგომ „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცალკეულად განისაზღვრა ზღვრული ასაკი - 65 წელი. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ განისაზღვრა ნოტარიუსებისთვის ზღვრული ასაკი იმ პირობებში, როდესაც ასეთი აღარ არსებობს საჯარო მოხელეებთან მიმართებით და არც კერძო ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, გაურკვეველია, რატომ იწვევს კონკრეტულად 65 წლის ასაკის მიღწევა ნოტარიუსის საქმიანობის სათანადოდ განხორციელების შეუძლებლობას და შეუძლებელია, სახელმწიფომ დაასაბუთოს, რომ აღნიშნულ ასაკს მიღწეული პირი ვეღარ შეძლებს სათანადოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ან აქვს იმგვარი პრობლემები, რომლებიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული საგამონაკლისო წესი, რომელიც ნოტარიუსის საქმიანობის 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობას ადგენს, არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც ნაკლებ მზღუდელი საშუალება, ვინაიდან ის არ ეფუძნება სათანადო კრიტერიუმებს. საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნით განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, არც ნოტარიუსთა პალატას და არც იუსტიციის მინისტრს არ წარმოეშობა ვალდებულება, შეაფასოს განმცხადებლის ინდივიდუალური მდგომარეობა, მის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ნოტარიუსთა პალატა რეკომენდაციის გაცემისას ხელმძღვანელობს ისეთი კრიტერიუმებით, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პირის მიერ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობებთან. ინსტიტუტს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის ის ფაქტიც, რომ იუსტიციის მინისტრს არ გააჩნია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და არ არსებობს არანაირი ვადები ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ - 65 წელს მიღწეულ და მიუღწეველ პირებს. ვინაიდან შესადარებელი ჯგუფები არიან მკვეთრად განსხვავებულ პირობებში, კერძოდ, 65 წელს მიუღწეველი პირები შეუფერხებლად ახორციელებენ საქმიანობას, ხოლო 65 წელს მიღწეულ პირებს საერთოდ ერთმევათ ეს შესაძლებლობა, დიფერენცირება მაღალი ინტენსივობის მქონეა, მოსარჩელე მხარე კი საერთოდ ვერ ხედავს, რა ლეგიტიმურ მიზანს/მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმები, რომლებიც გადაწონიდა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან, ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“ მოქმედების შეჩერების თაობაზე. მისი განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, 2020 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ და ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს რაიმე ბერკეტი, რითაც მისი დარღვეული უფლებები რეტროაქტიულად აღდგება, ბრძანების ამოქმედება გამოიწვევს მისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმების შეჩერებით ზიანი არ მიადგებათ მესამე პირებსა და საჯარო ინტერესებს, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას კი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლების 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობა, მისი პირადი განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია, ერთი მხრივ, ზღვრული ასაკის დადგენა ნოტარიუსის საქმიანობისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი კრიტერიუმებისა და გარანტიების არარსებობა 5 წლის ვადით უფლებამოსილების გაგრძელების თაობაზე საგამონაკლისო წესის გამოყენებისას.
4. სადავო ნორმა შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ადგენს ზღვრული ასაკის მიღწევას ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად, ხოლო მეორე ნაწილი მიუთითებს სხვა ნორმაზე, რომლითაც დადგენილია საგამონაკლისო შემთხვევა. ვინაიდან მოსარჩელისთვის პრობლემურია სწორედ ხსენებული საგამონაკლისო წესის სამართლებრივი მოწესრიგება და არა უშუალოდ საგამონაკლისო წესის არსებობა, მისი პრობლემა მომდინარეობს სწორედ იმ ნორმიდან, რომელიც განსაზღვრავს ამ საგამონაკლისო წესის ინსტიტუტსა და მისი მოქმედების ფარგლებს, კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებიდან. ხოლო ხსენებული სადავო ნორმის სიტყვები „გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“ მხოლოდ მითითებას აკეთებს საგამონაკლისო წესის არსებობაზე და არ განსაზღვრავს ამ წესის სამართლებრივ ბუნებას. ამდენად, აღნიშნულ დანაწესს არ გააჩნია შემზღუდველი შინაარსი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1546 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1546 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
7. №1546 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“ მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მას შეუწყდება საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, რაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
9. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის მოსარჩელე უკვე შესრულებული ჰქონდა 65 წლის ასაკი და, შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინიტრის ბრძანებაც მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ მოქმედი იყო. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მის მიმართ, მომავალში უფლების შესაძლო დარღვევის პრევენციის ეფექტი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1546 („მედეა გვაზავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა)„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1546 („მედეა გვაზავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი