ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/10/1595 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 5 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 5 ივლისი 2021 17:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1595) მომართა საქართველოს მოქალაქე ჯულიეტა არჩვაძემ. №1595 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 23 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 5 ივლისს.
2. №1595 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით“. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, „ბ“ ქვეპუნქტი კი ამგვარ საფუძვლად ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება, ხოლო 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.
5. №1595 კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, 69 წლის მოსარჩელეს, რომელსაც უკავია ნოტარიუსის თანამდებობა, კანონის საფუძველზე, სანოტარო საქმიანობის გაგრძელების უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა 70 წლის ასაკის მიღწევამდე. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმათა საფუძველზე, 70 წლის ასაკის შესრულების შემდგომ იგი გათავისუფლდება ნოტარიუსის თანამდებობიდან.
6. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსი ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. შესაბამისად, ის წარმოადგენს საჯარო თანამდებობის მქონე პირს და სახელმწიფოს აკისრია კონსტიტუციური ვალდებულება, დაადგინოს ნოტარიუსის გათავისუფლების გონივრული საფუძვლები. სადავო ნორმით დაწესებული ზღვრული ასაკი წინააღმდეგობაში მოდის ხსენებულ ვალდებულებასთან.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მიუთითებს სწორედ სახელმწიფოს ზოგად ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება. ამასთან, ხსენებულ ცვლილებებამდე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი ზღვრული ასაკის განსაზღვრისთვის მიუთითებდა სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე, ხოლო ცვლილებების შემდგომ „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცალკეულად განისაზღვრა ზღვრული ასაკი - 65 წელი. მოსარჩელისთვის გაუგებარია, რატომ განისაზღვრა ნოტარიუსებისთვის ზღვრული ასაკი იმ პირობებში, როდესაც ასეთი აღარ არსებობს საჯარო მოხელეებთან მიმართებით და არც კერძო ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, გაურკვეველია, რატომ გამორიცხავს 65 ან 70 წლის ასაკის მიღწევა ნოტარიუსის საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას და შეუძლებელია, სახელმწიფომ დაასაბუთოს, რომ აღნიშნულ ასაკს მიღწეული პირი ვეღარ შეძლებს სათანადოდ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ან აქვს იმგვარი პრობლემები, რომლებიც მას ხელს შეუშლის ნოტარიატის საქმიანობის განხორციელებაში.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნოტარიუსის საქმიანობის ვადის გაგრძელება უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს და არა გამონაკლისს. იმავდროულად, 70 წელს გადაცილებული პირი უნდა აგრძელებდეს სანოტარო საქმიანობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები ბლანკეტურად, პირის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასების გარეშე, ადგენს ნოტარიუსის უფლებამოსილების შეწყვეტას თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევისას და ვადის გაგრძელების შემდგომ, რაც არ წარმოადგენს უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ - 65 ან 70 წელს მიღწეულ და აღნიშნულ ასაკს მიუღწეველ პირებს. ვინაიდან შესადარებელი ჯგუფები არიან მკვეთრად განსხვავებულ პირობებში, კერძოდ, 65 წელს მიუღწეველი პირები შეუფერხებლად ახორციელებენ საქმიანობას, ხოლო 65 ან 70 წელს მიღწეულ პირებს საერთოდ ერთმევათ ეს შესაძლებლობა, დიფერენცირება მაღალი ინტენსივობის მქონეა, მოსარჩელე მხარე კი საერთოდ ვერ ხედავს, რა ლეგიტიმურ მიზანს/მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმები, რომლებიც გადაწონიდა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან, ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“ მოქმედების შეჩერების თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2021 წლის 22 ივლისს მოსარჩელეს უსრულდება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის მისთვის დადგენილი ზღვრული ასაკი - 70 წელი, რის შემდეგაც მას შეუწყდება უფლებამოსილება. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმების შეჩერებით ზიანი არ მიადგებათ მესამე პირებსა და საჯარო ინტერესებს, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აუცილებელია, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდაოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვისი, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე ან მომავალში შესაძლო დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
3. №1595 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილია ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის 65 წლიანი ზღვრული ასაკისაგან საგამონაკლისო შემთხვევა. კერძოდ, დასახელებული საგამონაკლისო წესის შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, №1595 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს პირს, რომელსაც ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების ვადაც 65 წლიდან 70 წლამდე გაუგრძელდა არა სადავო ნორმის, არამედ სხვა საკანონმდებლო საფუძვლით. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგინდა, რომ „ნოტარიუსს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი, ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, მას უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვალოს“. სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე გაუგრძელდა მოსარჩელეს ავტომატურად ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადა 70 წლის ასაკის მიღწევამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არ გავრცელებულა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 წინადადებით დადგენილი საგამონაკლისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ნოტარიუსისთვის საქმიანობის უფლების 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობას. ამავდროულად, მოსარჩელის ასაკისა და სადავო რეგულირების მოწესრიგების საგნის გათვალისწინებით, მის მიმართ ვერც მომავალში გავრცელდება აღნიშნული სადავო წესი.
5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც მოსარჩელის მიმართ არ გავრცელებულა სადავო ნორმის მოქმედება და, არსებული ფაქტობრივი თუ საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე, იგი მომავალშიც ვერ მოექცევა მისი რეგულირების ქვეშ, №1595 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1595 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
7. №1595 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“ მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მას შეუწყდება საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, რაც მისთვის გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
9. ამგვარად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება ქმნის გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მას შეუწყდება ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ არის უფლების დარღვევა შეუქცევადი და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, რატომ იქნება შეუძლებელი მოსარჩელის უფლებების დაცვა. სხვაგვარად, სარჩელის დაკმაყოფილებისა და ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ზღვრული ასაკის არარსებობის პირობებში, რატომ ვერ შეძლებს მოსარჩელე, კვლავაც დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1595 („ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა,“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1595 („ჯულიეტა არჩვაძე პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. №1546 და №1595 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
8. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი