ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/1-2/1458,1556 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 23 აპრილი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მაისი 2021 18:58 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
ვასილ როინიშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №1458 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც იძლევა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
2) №1556 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის, 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 496-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და 55-ე მუხლის სიტყვების „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმდება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით; გ) „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №1458) მომართა ჯემალ დუმბაძემ. №1458 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 31 ოქტომბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №1556) მომართა ბადრი ბეჟანიძემ. №1556 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 25 დეკემბერს.
3. №1458 და №1556 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები განსაზღვრავს სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებ მტკიცებულებებს და ადგენს მათ ჩამონათვალს, ხოლო 496-ე მუხლის მე-3 ნაწილით განისაზღვრება ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლოს განაჩენი იმისთვის, რომ იგი დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული. ზემოაღნიშნული კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე“.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“. ამავე კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“.
6. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის (შემდგომში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) მე-16 მუხლი ადგენს, რომ პირს, რომელზეც ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება, სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემისა და გამამტყუნებელი განაჩენის კონსტიტუციურ სტანდარტებს, აგრეთვე განამტკიცებს, რომ ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
8. №1458 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ჯემალ დუმბაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის განაჩენით, მსჯავრდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. №1556 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ბადრი ბეჟანიძე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 ივლისის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ხსენებული განაჩენის გადასინჯვა მოხდა გარკვეულ ეპიზოდებში კონკრეტული საფუძვლების გამო, თუმცა, საბოლოოდ, მოსარჩელე ბეჟანიძის მიმართ ძალაში დარჩა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი, რის საფუძველზეც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელეების მიმართ საქმე წარიმართა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომელიც მოგვიანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
9. მოსარჩელეებმა, სხვადასხვა დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, თუმცა სასამართლომ მოსარჩელეთა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები, ხოლო მოსარჩელეთა მიმართ საქმე წარიმართა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
10. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს საფუძვლად დაედო ირიბი ჩვენება. შესაბამისად, ისინი სადავოდ ხდიან საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. მოსარჩელეთა განმარტებით, როგორც საერთო სასამართლოების თანმიმდევრული პრაქტიკა აჩვენებს, იმისთვის, რომ მოსარჩელეთა მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოხდეს და მათ შეძლონ დარღვეულ უფლებაში აღდგენა, საჭიროა საქართველოს 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის დასახელებული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა.
11. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მართალია, პირდაპირ არ ითვალისწინებს ირიბი და პირდაპირი ჩვენების ცნებებს, თუმცა, როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, ხსენებული კოდექსი ცალსახად მოიაზრებს არათუ „ირიბი ჩვენების“ მტკიცებულებად წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, მის საფუძველზე, უშვებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასაც, თუ იგი გადალახავს მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპს.
12. ამდენად, მოსარჩელეები, ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. №1458 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, დამკვიდრებული პრაქტიკის მიუხედავად, არსებითად განსახილველად უნდა მიიღოს სადავო ძალადაკარგული ნორმა, ვინაიდან იგი დღემდე არღვევს მოსარჩელის უფლებებს. კერძოდ, მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
14. №1458 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, წინამდებარე კონსტიტუციურ დავაში წამოჭრილი პრობლემა უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა №1/1/548 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების მსგავსად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით გარანტირებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპს. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ორივე შემთხვევაში სადავო ნორმები შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იწვევს იდენტურ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, ორივე შემთხვევაში, ირიბი ჩვენების საფუძველზე, შესაძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც საჭიროებს არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას.
15. №1556 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 496-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 503-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილთან ერთად, უშვებს ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმები საკმარისად განჭვრეტადი არ არის და ცალსახა კრიტერიუმების (წესის) არარსებობის პირობებში კი შეფასება „თვითნებობის“, „ბუნდოვანი სამართლის“ დამკვიდრების საფრთხეს ქმნის. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპს, რის გამოც, ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
16. №1556 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული სადავო ნორმები ვერც საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მსჯავრდებულ პირებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მსჯავრდებულ იქნენ 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობენ ამავე კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით.
17. №1556 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს უარი ეთქვა დანიშნული სასჯელის შემცირებაზე იმ მოტივით, რომ იგი ექცეოდა ახალი კანონის სანქციის ფარგლებში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისას სასჯელს ამცირებენ ახალი კანონის კერძო ნაწილის მუხლის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე, ხოლო, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, უარს აცხადებენ მისი ზომის შემცირებაზე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის ამგვარი განმარტება ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
18. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის გადასინჯვისას გაითვალისწინოს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხი და მისი პიროვნება. ასეთი წესით დანიშნული სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას. ამავდროულად, სადავო ნორმის ამგვარი განმარტება გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება პირის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას.
19. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლითაც სასამართლო უფლებამოსილია, უკუძალით გამოიყენოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონი, ქმედების კვალიფიკაციასთან ერთად, მოიაზრებს სასჯელის სახეს და ზომას, რაც სასამართლოს ავალდებულებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონის საფუძველზე, იმსჯელოს სასჯელის ზომაზეც. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის იმგვარი განმარტება კი, რომელიც გამორიცხავს ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის მაქსიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები სასჯელის განსაზღვრას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
20. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მისი მტკიცებით, პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ახალი შემამსუბუქებელი სასჯელის დამდგენი კანონის ამოქმედებამდე და სადავო ნორმების შესაბამისად არ იცვლება მათ მიმართ დანიშნული სასჯელი ან იცვლება მხოლოდ ახალი კანონით დადგენილი სანქციის მაქსიმალურ ზღვრამდე, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ პირებთან მიმართებით, რომელთა მიმართაც ახალი შემამსუბუქებელი კანონის ამოქმედების შემდეგაც გრძელდება სასამართლო განხილვა და სასჯელი ენიშნებათ ახალი კანონით დადგენილი სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში.
21. №1556 კონსტიტუციურ სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, საპროცესო შეთანხმების დადების გარეშე განუსაზღვროს პირს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების უფლება სასამართლოს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავად და იგი დამოკიდებული არ უნდა იყოს პროკურორის კეთილ ნებაზე. სადავო ნორმით დაწესებული შეღავათის პროკურორის კეთილი ნებისთვის მინდობა კი არღვევს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს და პრაქტიკაში განაპირობებს პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
22. №1556 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ ხდის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მსგავსად, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ერთი მეოთხედით, მაგრამ დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა რჩება უცვლელი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის ამგვარი განმარტება გამოწვეულია აღნიშნული კანონის ბუნდოვანებით, კერძოდ კი, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებით კონკრეტული რეგულაციის არარსებობით.
23. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ყოველგვარი დათქმის გარეშე განსაზღვრავს სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების ვალდებულებას, მიუხედავად შეფარდებული სასჯელის სახისა და ზომისა. შესაბამისად, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს დანიშნული სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეთ ერთი მეოთხედით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელებული ნორმით გარანტირებული უფლება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს იძენს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებულ უფლებებთან. ამავდროულად, იგი ლახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ ღირსების უფლებას და წარმოადგენს მათ მიმართ დამამცირებელ მოპყრობას.
24. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მისი განმარტებით, სადავო ნორმით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და მათ მიმართ განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 2 ოქტომბრამდე იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც ჩაიდინეს იგივე დანაშაული, თუმცა მათ მიმართ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე განაჩენი არ შესულა კანონიერ ძალაში. მოსარჩელის განმარტებით, ბუნებრივია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნულ პირებს არ შეუფარდებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
25. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა გიორგი კვერენჩხილაძემ დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №1458 კონსტიტუციური სარჩელის („ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და №1556 კონსტიტუციური სარჩელის („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმეებიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი წერილობით შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოა, მათ შორის, ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი. კერძოდ კი, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარს, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით სადავოა ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს ასეთ სარჩელს არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის №2/6/518 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის პირმა უნდა გაასაჩივროს მოქმედი ნორმატიული აქტი, „ვინაიდან ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
27. წერილობითი შუამდგომლობის ავტორის პოზიცია განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ აქტებში გამოხატული სამართლებრივი პოზიციისგან. იგი განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის როგორც გრამატიკული, ისე ტელეოლოგიური განმარტება იძლევა იმის რესურს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, მათ შორის, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან იგი ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ სასამართლოში დავის საგანი შეიძლება იყოს „ნორმატიული აქტი“ და არა აუცილებლად „მოქმედი ნორმატიული აქტი“. წერილობითი შუამდგომლობის ავტორის პიზიციით, თავისთავად ცხადია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც კონსტიტუციური სარჩელის შეტანის დროს მოქმედმა ნორმატიულმა აქტმა, ისე, პირობითად, კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანამდე ერთი ან რამდენიმე დღით ადრე ძალადაკარგულმა ნორმატიულმა აქტმაც.
28. გიორგი კვერენჩხილაძე არ იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული ლოგიკა ქმნის ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისა და მანიპულირების აშკარა რისკებს და იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ცალკეული ფაქტები დარჩეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლს მიღმა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებთან. ამასთან, გიორგი კვერენჩხილაძე აღნიშნავს, რომ არც საქართველოს კონსტიტუციიდან და არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობიდან გამომდინარეობს ის, რომ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის ერთადერთი სამართლებრივი შედეგი მისი ძალადაკარგულად ცნობაა. პირიქით, აღნიშნული ლოგიკის გაზიარება იმთავითვე ეწინააღმდეგება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს არსს, ისე კონსტიტუციით განმტკიცებულ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებლურ პრინციპებს.
29. გიორგი კვერენჩხილაძის პოზიციით, მართებული არ არის ის, რომ ძალადაკარგული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელების დაკმაყოფილებისა და საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელეებს შესაძლებლობა ექნებათ, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვონ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას.
30. გიორგი კვერენჩხილაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ იმ ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე უნდა იმსჯელოს, რომლებმაც უკვე შეზღუდეს პირის რომელიმე უფლება. იმ შემთხვევაში კი, როდესაც პირი უფლების დარღვევის სამომავლო პრევენციაზე მიუთითებს, სასამართლომ არ უნდა მიიღოს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად, ვინაიდან, თუ ნორმა ისე გაუქმდა, რომ იგი პირის უფლებას არ შეხებია, არც უფლების დარღვევის რისკი იარსებებს. ამასთან, ბუნებრივია, ძალადაკარგულ ნორმაზე მსჯელობის შესაძლებლობა შეიძლება შეიზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნებით, როგორიც არის სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი ანდა სასამართლოს გადატვირთულობის პრევენცია.
31. გიორგი კვერენჩხილაძე მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმეზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის №3/5/678,719) გადასაწყვეტი აქვს სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტი წარსულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, მანამ, სანამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დააგენს იმას, რომ პირს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არ უნდა შეეძლოს დარღვეული უფლების აღდგენა, №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელების განხილვაზე უარის თქმა, ცალსახად არღვევს პირის უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პრაქტიკის შეცვლა და, შესაბამისად, სასამართლოს წევრი მიიჩნევს, რომ საქმე „ჯემალ დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1458) და საქმე „ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1556) უნდა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელების პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 23 აპრილს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა, რომელიც საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის „კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან „ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლო არ იღებს ასეთ სარჩელს არსებითად განსახილველად.
3. №1458 და №1556 კონსტიტუციურ სარჩელებზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე არ იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ პრაქტიკას და მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გამორიცხავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საგანი იყოს ძალადაკარგული ნორმატიული აქტი. ვინაიდან, მისი განმარტებით, პირის უფლებების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც სარჩელის შეტანის დროს მოქმედმა ნორმატიულმა აქტმა, ისე სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანამდე ძალადაკარგულმა ნორმატიულმა აქტმაც. გიორგი კვერენჩხილაძის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ძალადაკარგული ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე იმ შემთხვევაში, როდესაც ნათელია, რომ ძალადაკარგულმა ნორმამ პირის უფლებები შეზღუდა, როგორც ეს მოსარჩელეების შემთხვევაშია.
4. საკონსტიტუციო სასამართოს პლენუმი მიიჩნევს, რომ №1458 და №1556 კონსტიტუციურ სარჩელებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დადგება, მათ შორის, სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის წინაშე, შესაბამისად, დადგენილი პრაქტიკის გაზიარების ან შეცვლის საჭიროების წინაშე. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ წერილობით შუამდგომლობაში წარმოდგენილი დასაბუთების გათვალისწინებით, საკითხის დამატებითი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია, დადგინდეს არსებული პრაქტიკის შენარჩუნების საჭიროება (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/1-1/752 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, იმისათვის, რათა გადაწყვიტოს დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის საკითხი, საჭიროა საქმის დამატებითი, სრულყოფილი გამოკვლევა პლენუმის მიერ და, შესაბამისად, №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელები მიღებულ უნდა იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელები („ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.
2. №1458 და №1556 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ერთობლივად იქნეს განხილული.
3. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში