ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი | 
| ნომერი | N1/5/1556 | 
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, | 
| თარიღი | 17 ოქტომბერი 2025 | 
| გამოქვეყნების თარიღი | 3 ნოემბერი 2025 15:43 | 
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი − წევრი, სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი − წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილისა და 55-ე მუხლის სიტყვების „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №1556) მომართა ბადრი ბეჟანიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინებით, №1556 კონსტიტუციური სარჩელი გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. №1556 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 31 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 17 ოქტომბერს.
2. №1556 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“. ამავე კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ადგენს, რომ პირს, რომელზეც ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება, სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-9 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა დანიშნული სასჯელის შემცირებაზე იმ მოტივით, რომ იგი ექცეოდა ახალი კანონის სანქციის ფარგლებში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონის საფუძველზე, განაჩენის გადასინჯვისას სასჯელს ამცირებენ ახალი კანონის კერძო ნაწილის მუხლის სანქციის მხოლოდ მაქსიმალურ ზღვრამდე, ხოლო, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, უარს აცხადებენ მისი ზომის შემცირებაზე, რაც ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის გადასინჯვისას გაითვალისწინოს დამნაშავის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხი. ასეთი წესით დანიშნული სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას. ამავდროულად, სადავო ნორმის ამგვარი განმარტება გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, რაც ეწინააღმდეგება პირის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას.
6. მოსარჩელე განმარტავს, რომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომლითაც სასამართლო უფლებამოსილია, უკუძალით გამოიყენოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონი, ქმედების კვალიფიკაციასთან ერთად, მოიაზრებს სასჯელის სახეს და ზომას, რაც სასამართლოს ავალდებულებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ახალი კანონის საფუძველზე, იმსჯელოს სასჯელის ზომაზეც. სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის იმგვარი განმარტება კი, რომელიც გამორიცხავს ახალი კანონით განსაზღვრული სანქციის მაქსიმალურ ზღვარზე უფრო ნაკლები სასჯელის განსაზღვრას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
7. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მისი მტკიცებით, პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ახალი შემამსუბუქებელი სასჯელის დამდგენი კანონის ამოქმედებამდე და სადავო ნორმების შესაბამისად არ იცვლება მათ მიმართ დანიშნული სასჯელი ან იცვლება მხოლოდ ახალი კანონით დადგენილი სანქციის მაქსიმალურ ზღვრამდე, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ პირებთან მიმართებით, რომელთა მიმართაც ახალი შემამსუბუქებელი კანონის ამოქმედების შემდეგაც გრძელდება სასამართლო განხილვა და სასჯელი ენიშნებათ ახალი კანონით დადგენილი სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ასევე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის სიტყვების „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო მოწესრიგება ზღუდავს სასამართლოს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად, საპროცესო შეთანხმების დადების გარეშე, განუსაზღვროს პირს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო დანაწესით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების უფლება სასამართლოს უნდა ჰქონდეს შეუზღუდავად და იგი დამოკიდებული არ უნდა იყოს პროკურორის კეთილ ნებაზე. გასაჩივრებული რეგულაციით დაწესებული შეღავათის პროკურორის კეთილი ნებისთვის მინდობა კი არღვევს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს და პრაქტიკაში განაპირობებს პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
9. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის მსგავსად, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ერთი მეოთხედით, მაგრამ დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა რჩება უცვლელი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის ამგვარი განმარტება გამოწვეულია აღნიშნული კანონის ბუნდოვანებით, კერძოდ კი, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებით კონკრეტული რეგულაციის არარსებობით.
10. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა, ყოველგვარი დათქმის გარეშე, განსაზღვრავს სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების ვალდებულებას, მიუხედავად შეფარდებული სასჯელის სახისა და ზომისა. შესაბამისად, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს დანიშნული სასჯელის ზომა უნდა შეუმცირდეთ ერთი მეოთხედით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახელებული ნორმით გარანტირებული უფლება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს იძენს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით გარანტირებულ უფლებებთან. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ლახავს პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებულ ღირსების ნორმა-პრინციპს და წარმოადგენს უვადოდ თავისუფლებაღკვეთილი პირების მიმართ დამამცირებელ მოპყრობას.
11. მოსარჩელე მხარე, ასევე მიუთითებს თანასწორობის უფლების დარღვევაზე. მისი განმარტებით, სადავო ნორმით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და მათ მიმართ განაჩენი კანონიერ ძალაში შესულია 2012 წლის 2 ოქტომბრამდე, იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც ჩაიდინეს იგივე დანაშაული, თუმცა მათ მიმართ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე განაჩენი არ შესულა კანონიერ ძალაში. მოსარჩელის განმარტებით, ბუნებრივია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნულ პირებს არ შეუფარდებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
12. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებობის სტანდარტები, რომლითაც იხელმძღვანელებს საკონსტიტუციო სასამართლო
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამდენად, მოსარჩელის უფლებების სრულყოფილად რეალიზაციისათვის, ისევე, როგორც კონსტიტუციური წესრიგის დაცვისათვის, აუცილებელია, ერთი მხრივ, იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც წარმოაჩენს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ძირითადი უფლების სწორად იდენტიფიცირება, რომლის რეალურ შეზღუდვასაც იწვევს სადავო ნორმა. ამ კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის ზუსტად წარმოჩენას და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის კონსტიტუციის რელევანტურ მუხლთან დაყენებას, რათა მოხდეს უფლების შესაძლო შეზღუდვის სწორი, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტით შეფასება.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
2. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს, რომ თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისთვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. მოსარჩელე, მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ირღვევა სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. მისი მტკიცებით, პირები, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ახალი შემამსუბუქებელი სასჯელის დამდგენი კანონის ამოქმედებამდე და მათ მიმართ სადავო ნორმების შესაბამისად არ იცვლება დანიშნული სასჯელი, ან იცვლება მხოლოდ ახალი კანონით დადგენილი სანქციის მაქსიმალურ ზღვრამდე, არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ პირებთან მიმართებით, რომელთა მიმართაც ახალი შემამსუბუქებელი კანონის ამოქმედების შემდეგაც გრძელდება სასამართლო განხილვა და სასჯელი ენიშნებათ ახალი კანონით დადგენილი სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში.
3. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული სადავო ნორმით დადგენილია წესი, რომლის მიხედვითაც, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. სასამართლოს აზრით, აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი, როგორადაც არის ის ფორმულირებული, არ ადგენს დიფერენციაციას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქმე საერთოდ არ შეეხება პირთა გარკვეული ჯგუფებისადმი განსხვავებულ მოპყრობას. თუმცა, სასამართლო ადასტურებს იმასაც, რომ, ერთი შეხედვით, ნეიტრალური ნორმა პრაქტიკაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისკრიმინაციულად ან გამოიწვიოს ასეთი შედეგი, რაც, ჩვეულებრივ, არაპირდაპირი დისკრიმინაციის ფორმად განიხილება. თუმცა, დისკრიმინაციული მიდგომა ასეთ დროს, ჩვეულებრივ, წარმოდგება ნორმის გამოყენების პრაქტიკიდან და არა საკუთრივ ნორმიდან, ამასთანავე, ზოგჯერ არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ ნორმის ბუნდოვანება ან სხვაგვარი ხარვეზი განაპირობებდეს ამას. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ სადავო ნორმის დისკრიმინაციულობის ვარაუდი უკავშირდება სწორედ ნორმის გამოყენების პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოები ხსენებულ ნორმას იყენებენ იმგვარად, რომ ახალი მსუბუქი კანონის გამოყენებისას სასჯელმისჯილ პირებს თავისუფლების აღკვეთის სასჯელს უმცირებენ ახალი კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვრამდე, თუკი მისჯილი სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს. რეალურად, მოსარჩელე უთითებს ნორმის გამოყენების პრაქტიკაზე (ნორმატიულ შინაარსზე), თუმცა დიფერენცირებას ხედავს იმაში, რომ ახალი კანონის საფუძველზე, პირებს გააჩნიათ კანონის მინიმალური და მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში სასჯელის დანიშვნის უფლება, ხოლო ძველი კანონის საფუძველზე სასჯელმისჯილ პირებს კი ასეთ უფლებას ახალი კანონი ართმევს. სასამართლოს ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად მიაჩნია, რამდენადაც, მისი აზრით, ერთადერთი რელევანტური საკითხი, რომელიც სადავო ნორმის შესაბამისი ნორმატიული შინაარსით მოქმედების დროს შეიძლება წარმოიშვას, უკავშირდება არა კანონით გათვალისწინებული მინიმალური და მაქსიმალური სასჯელის ფარგლებში სასჯელის დანიშვნის უფლებას, რაზედაც მოსარჩელე საუბრობს, არამედ, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვას და სასჯელის თანაზომიერებას იმ პირების მიმართ, რომელთა მიმართაც ახალი კანონი უკუქცევითი ძალით იმოქმედებს. ამგვარად, რეალური პრობლემა, რომელიც ლოგიკურად იკვეთება, უკავშირდება ახალი, უფრო მსუბუქი სისხლისსამართლებრივი კანონისათვის უკუძალის მიცემის საკითხს, ამ პრინციპის სრულყოფილად განხორციელებას. სწორედ ეს არის ამ კონტექსტში წამყვანი თემა და არა თანასწორობის პრობლემა, რომელიც შეიძლება, გამოიკვეთოს მხოლოდ როგორც უკუძალის პრინციპის სრულად განუხორციელებლობის გვერდითი, თანმდევი შედეგი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა, რომ სადავო ნორმის გამოყენება მითითებული ნორმატიული შინაარსით პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს მსუბუქი სისხლისსამართლებრივი კანონისათვის უკუძალის მიცემას სრულყოფილად (რა ნაწილშიც სასამართლო კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად მიიღებს) და მისი ჩარევის შედეგად ეს ხარვეზი გამოსწორდა, ბუნებრივად მოიხსნება თანასწორობას დარღვევასთან დაკავშირებული ვარაუდებიც.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი მოსამართლეს არ აძლევს შესაძლებლობას, სასჯელის გადასინჯვისას გაითვალისწინოს დამნაშავის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხი. ასეთი წესით დანიშნული სასჯელი კი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას. ამავდროულად, სადავო ნორმის ამგვარი განმარტება გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ისარგებლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება პირის უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობას. მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე მიუთითებს მთლიანად, 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, ისე, რომ არ აზუსტებს, ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ რომელ წინადადებასთან მიმართებით ხედავს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას და რატომ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ, როგორც პირველ, ასევე მე-2 წინადადებასთან შესაძლო მიმართებაზე, ცალ-ცალკე იმსჯელებს.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმა ადგენს სასჯელის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მას საერთოდ არ გააჩნია შემხებლობა სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან, არ ზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. თავის მხრივ, მოსარჩელესაც, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ეზღუდება მისი უფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა.
7. რაც შეეხება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არსებითად განსახილველად მისაღებობის საკითხის გადაწყვეტას, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: კონსტიტუციის დასახელებული დებულება, კერძოდ სამართლიანი განხილვის უფლება, როდესაც საქმე შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, იგი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს იმგვარი პროცესუალური წესების ერთობლიობად, რომლებიც მოქმედებს სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებიდან მის დასრულებამდე და ორიენტირებულია სამართლიანი შედეგის მიღწევაზე. სხვაგვარად, ეს არის სამართალწარმოების პროცესში მოქმედი წესები, პრინციპები, სტანდარტები, გარანტიები თუ წინაპირობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს მხრიდან სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. კიდევ სხვაგვარად, ეს არის სათანადო სამართლებრივი პროცედურა, რომელიც ქმნის მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის სწორად გამოყენების წინაპირობებს და, ამ გზით - შედეგის სამართლიანობის დიდ ალბათობას, თუმცა არ იძლევა სამართლიანი შედეგის სრულ გარანტიას. გამომდინარე აქედან, ამ ნაწილში, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა, რეალურად, მიემართება არა კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ სფეროს, არამედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების საკითხს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელე არასწორად წარმოაჩენს სადავო ნორმის მიმართებას კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა დაუსაბუთებლად ზღუდავს ახალი, შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების ფარგლებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არაინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად, შეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა ქმედებები წარმოადგენს სამართალდარღვევებს და საკუთარი ქცევის შესაბამისად წარმართვა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1). დასახელებული კონსტიტუციური დებულება გამორიცხავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება არ შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის დროში მოქმედების საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გამოყენების ვალდებულების კონსტიტუციური საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება (საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II -71). მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რომ მას პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის დაეკისრა, რომელიც მის ჩადენამდე არ იყო გამოცხადებული სამართალდარღვევად, არამედ დავობს მხოლოდ შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების ფარგლებზე. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის სიტყვების „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით
12. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილი წესის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. სადავო რეგულირების მიხედვით, მოსამართლეს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება დანიშნოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. მოსარჩელის სასარჩელო ლოგიკა, ამ ნაწილში, მთლიანად ემსახურება იმის დემონსტრირებას, რომ გასაჩივრებული მოწესრიგებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების უფლება სასამართლოს უნდა გააჩნდეს შეუზღუდავად და იგი დამოკიდებული არ უნდა იყოს პროკურორის კეთილ ნებაზე. სადავო დანაწესით გათვალისწინებული შეღავათის პროკურორის კეთილი ნებისთვის მინდობა კი, მისი აზრით, განაპირობებს პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ისევე, როგორც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესს. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის ნაჩვენები და სათანადო რელევანტური არგუმენტაციით დადასტურებული, თუ რატომ და რა ასპექტში ზღუდავს სადავო ნორმა დასახელებული კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებულ უფლებებს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. მოსარჩელე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით დადგენილ წესს, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული წესი ზღუდავს მოსამართლეს, რომ მან დამოუკიდებლად, საპროცესო შეთანხმების დადების გარეშე, განუსაზღვროს პირს შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, რომელიც იქნება სამართლიანი კონკრეტული საქმის ფარგლებში. მოსარჩელე, სადავო ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე მიუთითებს მთლიანად, 31-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით, ისე, რომ არ აზუსტებს ამავე კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ რომელ წინადადებასთან მიმართებით ხედავს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თითოეულ, როგორც პირველ, ასევე მე-2 წინადადებასთან შესაძლო მიმართებაზე ცალ-ცალკე იმსჯელებს.
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან სადავო ნორმის შესაძლო მიმართებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია საერთოდ არ არეგულირებს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მით უმეტეს არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. მისი რეგულირების სფერო ამოიწურება იმ საკითხების იდენტიფიცირებით, თუ რა წინაპირობების არსებობის შემთხვევაში არის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი, დანიშნოს კანონმდებლობით დადგენილ უდაბლეს ზღვარზე ნაკლები ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი. მეორე მხრივ, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში რელევანტური და ხელშესახები არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სადავო ნორმის ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების არსებობას.
16. რაც შეეხება სადავო ნორმის მიმართების საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების მარეგლამენტირებელი დებულებაა, სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ამავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
17. თავის მხრივ, სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელზე ნაკლები ოდენობით ან შემამსუბუქებელი გარემოებებით მისი მოხდის დანიშვნა წარმოადგენს დამოუკიდებელი მატერიალური უფლების მინიჭების მოთხოვნას, რასაც არ გააჩნია ინსტრუმენტული ბუნება. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონის საფუძველზე დადგენილი სასჯელი მის დასაძრახ (გასაკიცხ) ქმედებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მძიმეა, არაპროპორციულია, მაშინ იგი უფლებამოსილია, იდავოს თავად ამ სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებით, თუმცა არა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, არამედ კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც მატერიალური უფლებების შინაარსს განსაზღვრავს.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის ზომის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, პირის მატერიალური შინაარსის მქონე უფლების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს. სასამართლოსათვის კანონით განსაზღვრული სასჯელის მოცულობის უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების უფლება ვერ მიიჩნევა რაიმე კონკრეტული, მატერიალური შინაარსის მქონე უფლების დაცვის სამართლებრივ მექანიზმად. სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია არის კანონით დადგენილი და კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელის შეფარდება. სამართლიანი სასამართლოს უფლება კანონით განსაზღვრული სასჯელის სასამართლოს მიერ სამართლიანად შეფარდებას არეგულირებს და არა თავად კანონით სასჯელის განსაზღვრის სისწორეს, ადეკვატურობას ან/და პროპორციულობას. სასამართლოს უფლებამოსილების იმგვარად გაწერა, დამნაშავის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელი, ვერ იქნება განხილული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შემზღუდვად.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის სიტყვების „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის არსებითად განსახილველად მისაღებობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით
20. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, პირს, რომელზეც ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება, სასჯელი უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის არგუმენტაციით, გასაჩივრებულ რეგულაციას გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინარსი, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ სუბიექტებთან მიმართებით სასჯელის შემცირებას, მეორე მხრივ კი - უზღუდავს სასამართლოს ამის გაკეთების შესაძლებლობას. კერძოდ, საქმის განმხილველი სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას ავრცელებს მათ მიმართ, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელი - უვადოდ თავისუფლების აღკვეთა - ძალაში რჩება და არ მცირდება, რაც მოსარჩელის აზრით, არ არის შეთავსებადი საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან. ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულ თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, მოსარჩელე სადავოდ ხდის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, მისი აზრით, სასამართლოს უზღუდავს შესაძლებლობას, სასჯელი შეუმციროს ამ კანონით გათალისწინებულ ადრესატების ჯგუფს, კერძოდ, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოიკითხოს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
22. სადავო ნორმა, მისი ერთმნიშვნელოვანი ფორმულირებით, ადგენს, რომ პირს, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება, სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით. იგი ადგენს წესს, თუ რომელი სუბიექტების მიმართ, რა პირობებში და კონკრეტულად რა ვადით უნდა შემცირდეს შეფარდებული სასჯელი. სადავო მოწესრიგებიდან არ იკითხება მოსარჩელის მიერ ნაგულვები შემზღუდველი წესი, რომელიც, თითქოს, საქმის განმხილველ სასამართლოს უზღუდავს შესაძლებლობას, სასჯელი შეუმციროს ამ კანონით გათალისწინებულ ადრესატების ჯგუფს, კერძოდ, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს.
23. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ სადავო ნორმის მითითებული ნორმატიული შინაარსი, თითქოს, სადავო ნორმა ვრცელდება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებზე და მათ მიმართაც ითვალისწინებს შეფარდებული სასჯელის შემცირებას, ასევე არ დასტურდება სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტებით, შესაბამისად ასეთი ნორმატიული შინაარსი სადავო დანაწესს საერთო სასამართლოების პრაქტიკითაც არ შეუძენია. მოსარჩელე, ამ კონტექსტში, ყურადღებას ამახვილებს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, საქმის განმხილველმა სასამართლოებმა სადავო ნორმის მოქმედება, ერთი მხრივ, თითქოს, გაავრცელეს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებზე, თუმცა, მათ მიმართ სადავო ნორმის გამოყენებას რეალური შედეგები მაინც არ მოჰყვა, ვინაიდან საქმეზე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უცვლელი დარჩა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ზემოხსენებული ფაქტობრივი მოცემულობა, რაზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, არ არის გამოწვეული სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც თითქოსდა შეეხება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს, მაგრამ პრაქტიკულად, საქმის განმხილველ სასამართლოს უზღუდავს შესაძლებლობას, შეუმციროს მათ სასჯელი და ავალდებულებს შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ვერ ინარჩუნებს თანმიმდევრულობას საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენისა და დასაბუთებისას. იგი, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ სადავო ნორმა საერთო სასამართლოებს უზღუდავს უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემცირების შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი, მისი სამდურავი სწორედ იმას მიემართება, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა არასწორად გამოიყენეს კანონი და რომ მათ, თითქოს, შეეძლოთ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის სადავო დანაწესის საფუძველზე შეემცირებინათ სასჯელი. გარდა იმისა, რომ ზემოხსენებული ლოგიკა კონსტიტუციური სარჩელით პრობლემურად მიჩნეული საკითხის ირგვლივ მოსარჩელის პოზიციას არათანმიმდევრულად წარმოაჩენს, სადავო კანონის (შესაძლო) არასწორად გამოყენების საკითხის შეფასება ისედაც სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, შინაარსობრივად, არ არის და ვერც იქნება გამოყენებადი უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ. უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება ობიექტურად შეუძლებელია. შესაბამისად, ცხადია, რომ არც გასაჩივრებული რეგულაცია, ისევე, როგორც, საკუთრივ, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის სხვა მუხლები არ ითვალისწინებს კონკრეტულ მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება შეფარდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების წესმა პრაქტიკული ასახვა ჰპოვოს უვადომისჯილ პატიმრებთან მიმართებით. ასეთ პირობებში, მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთის უცვლელად დატოვება, გამოწვეულია არა მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული რეგულაციაში ამოკითხული ნორმატიული შინაარსის მოქმედებით, არამედ, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირების ობიექტური შეუძლებლობით.
25. სადავო ნორმის როგორც ცალკე, ისე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონთან მისი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთული პირები არ განეკუთვნებიან გასაჩივრებული რეგულაციის მოქმედების სუბიექტთა წრეს. საერთო სასამართლოების მიერ მათ მიმართ სასჯელის საკითხის განხილვა, სადავო კანონის საფუძველზე, აიხსნება საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით ხარვეზიანი ნორმით. კერძოდ, იმ გარემოებით, რომ პირთა ეს კატეგორია - უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირები - სახელდებით არ არიან გამორიცხული ნორმის მოქმედებიდან, მაშინ როდესაც, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული (რასაც შემდეგ სასჯელის სახით მოჰყვა უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება) მუხლობრივად, სრულად თავსდება ნორმის სამოქმედო დიაპაზონში. სწორედ დანაშაულთა კატეგორიის (რომელთა ჩადენასაც შეიძლება მოჰყვეს როგორც ვადიანი ისე უვადო თავისუფლების აღკვეთა) სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ მოქცევის გამო, გახდა აუცილებელი საერთო სასამართლოებში ამ პირთა სასჯელის საკითხის განხილვა. შესაბამისი ზოგადი ფორმულირების გამო, რომელიც შეეხებოდა დანაშაულთა კატეგორიას, რომლებზედაც ამნისტია ვრცელდებოდა, მნიშვნელოვანი იყო მკაფიო საკანონმდებლო დათქმა უვადოდ თავისუფლებაღკვეთილი პირების გამორიცხვის შესახებ სადავო ნორმის მოქმედების სუბიექტთა წრიდან, რათა ხელოვნურად არ მომხდარიყო მცდარი წარმოდგენისა შექმნა, თითქოს სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების წესი მათ მიმართაც ვრცელდებოდა და, ამიტომ, სასჯელი გარკვეული ფორმით, მათაც უნდა შემცირებოდათ. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა ეს კატეგორია თავიდანვე არ იყო მოაზრებული ნორმის მოქმედების სამიზნე ჯგუფში, ვინაიდან მათთვის სასჯელის შემცირება ობიექტურად შესაძლებელია მხოლოდ მათთვის განსაზღვრული სასჯელის - უვადო თავისუფლების აღკვეთის - შეცვლით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სასჯელით და, კანონმდებელს არაფერი აბრკოლებდა, სწორედ ასეთი ნაბიჯი გადაედგა და შესაბამისი მკაფიო დანაწესი მიეღო. თუმცა, ზემოაღწერილი საკანონმდებლო ხარვეზის მიუხედავად, სრულიად აშკარაა, რომ სადავო ნორმა, შინაარსობრივად, არ მიემართება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ვინაიდან შეფარდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების წესი გამოყენებადი არ არის და არც შეიძლება იყოს მათ მიმართ. სასამართლო იმ აზრისაა, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენდა სადავო ნორმის მეშვეობით რაიმე შეღავათების დადგენა უვადომისჯილი პატიმრების მიმართ. შესაბამისად, საქმე არ გვაქვს იმგვარ მოცემულობასთან, თითქოს სადავო ნორმა შეეხება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ითვალისწინებს მათთვის სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებას, და, იმავდროულად, საერთო სასამართლოებს უკრძალავს ამ წესით მათთვის სასჯელის შემცირებას.
26. ვინაიდან, სადავო ნორმა არ იძლევა მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსის მასში ამოკითხვის შესაძლებლობას, ეს გარემოება წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში არსებითად განსახილველად მიუღებლობის თვითკმარ საფუძველს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ თითოეულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით. ამასთანავე, კიდევაც რომ გაიზიაროს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ნორმატიული შინაარსი, მას ისედაც ვერ ექნებოდა შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რასთან დაკავშირებითაც სიღრმისეული მსჯელობის საჭიროების წინაშე არ დგას სასამართლო. რაც შეეხება 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებას, მას მხოლოდ მაშინ დაადასტურებდა სასამართლო, თუკი დარწმუნდებოდა, რომ სადავო ნორმა, რომელიც სასჯელის შემსუბუქებას ითვალისწინებდა, მართლაც შეეხებოდა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს და, იმავდროულად, მის უკუქცევით გამოყენებას კრძალავდა. სასამართლო ვერც იმაში დარწმუნდა, რომ სადავო კანონს, მისი ხარვეზიანობის მიუხედავად, რაიმე სერიოზული ლეგიტიმური მოლოდინი შეიძლება გაეჩინა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისათვის იმ თავისთავად ცხადი გარემოების გამო, რომ მათ მიმართ სადავო კანონის გამოყენებადობა ობიექტურად შეუძლებელი იყო, მით უფრო, რომ საერთო სასამართლოებმაც თავიდანვე გამორიცხეს ამ კანონის საფუძველზე მათთვის სასჯელის შემცირების ყოველგვარი შესაძლებლობა.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
28. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1556 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს №1556 კონსტიტუციური სარჩელი („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული №1556 კონსტიტუციური სარჩელი („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის სიტყვების „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით;
გ) „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 31-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე