საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/8/765 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 დეკემბერი 2018 15:05 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 30 აპრილი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების და 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ვლადიმერ სანიკიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის, წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №765) მომართა საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 3 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერით №765 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2017 წლის 3 ოქტომბერს.
2. №765 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმები განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობისა და მისი შინაარსობრივი განხილვის წესს, ასევე ადგენს განცხადების დაკმაყოფილების შედეგს და საქმის ხელახლა განხილვის წესს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ“. დასახელებული კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს, რომ „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“. აღნიშნული კოდექსის 431-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს დაცვის უფლების გარანტიას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით აღდგა მოსარჩელის საკუთრების უფლება შპს „აკა“-ში დამფუძნებელი პარტნიორის 20%-იან წილზე. აღნიშნული გადაწყვეტილება 2012 წლის 12 მარტს აღსრულდა და მოსარჩელეს კუთვნილ წილთან ერთად დაუბრუნდა დამფუძნებელი პარტნიორის უფლება-მოვალეობები. მოსარჩელის განცხადებით, 2015 წლის ოქტომბერში შპს „აკა“-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა სასამართლოში შეიტანა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც სასამართლომ, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების გამოყენებით, ცნო დასაშვებად და საფუძვლიანად. შედეგად, 2016 წლის 23 მარტის განჩინებით გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. წარმოქმნილი მდგომარეობით ისარგებლეს შპს „აკა“-ს სხვა პარტნიორებმა, ჩაატარეს პარტნიორთა კრება და მიიღეს გადაწყვეტილება დავით ძოწენიძის კუთვნილი 20%-ის ოდენობის წილის გადანაწილების შესახებ.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადებით დადგენილია საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობის განხილვის წესი. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმის სიტყვები „თავისი ინიციატივით“ სასამართლოს აძლევს საშუალებას, დასახელებული განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მისი თქმით, დასახელებული განცხადების დასაშვებობის შემოწმება საჭიროებს მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას, მაგალითად, დაცულია თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის წარდგენისათვის დადგენილი ვადები და სხვა. ამგვარი გარემოებების დადგენისას მხარეებს შეუძლიათ, სასამართლოს მიაწოდონ იმგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს განცხადების განსახილველად მიღების ან განუხილველად დატოვების საკითხზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობის შემოწმება მოხდეს ზეპირი განხილვის გზით, რათა მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი პოზიციები, გამოთქვან მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და გააბათილონ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების განხილვის ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც, განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობასაც, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას. კერძოდ, სასამართლოს გადასაწყვეტია, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადება საჭიროებს თუ არა ზეპირ მოსმენას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება საქმის განახლების შესახებ შეტანილი განცხადების შინაარსობრივ მხარეს. კერძოდ, ხდება იმ ახლად აღმოჩენილი გარემოების შეფასება, რომელიც წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების საფუძველს. აღნიშნულ პროცესში, ახლად აღმოჩენილი გარემოებისა და მტკიცებულების სრულყოფილად გამოსაკვლევად, უმნიშვნელოვანესია, უზრუნველყოფილ იქნეს მხარეთა მონაწილეობა. ამასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დაკმაყოფილება იწვევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც არსებით გავლენას ახდენს პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ რამდენადაც სადავო ნორმები გამორიცხავენ მხარეთა მონაწილეობას ახლად აღმოჩენილი გარემოების განხილვისა და დასაშვებობის გადაწყვეტის პროცესში, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
8. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 431-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში, უქმდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და აღნიშნული საქმე განიხილება თავიდან. მისი აზრით, დასახელებული განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც საჭიროებს იგი ცვლილებას ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით. მოსარჩელე პარალელს ავლებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, სადაც დამკვიდრებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვის ინსტიტუტი და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი შუამდგომლობის განხილვის შედეგად, სასამართლო იმთავითვე წყვეტს შეცვალოს, გააუქმოს თუ უცვლელად დატოვოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და არ იწყებს საქმის წარმოების განახლებას.
9. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ, რამდენადაც სადავო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდგომ საქმის განხილვა თავიდან იწყება კოდექსით დადგენილი ზოგადი წესებით, მხარეებს საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ ახალი, განსხვავებული მტკიცებულებები საქმესთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ საქმის განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობის პრინციპს. ამასთან, საქმის წარმოების განახლების შედეგად საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ძველი გადაწყვეტილების იდენტურიც რომ იყოს, მხარეს მაინც აქვს ზედა ინსტანციაში გასაჩივრების უფლება, რაც იწვევს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მხარეთათვის სამართლებრივი შედეგის დაყოვნებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
10. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ იგი სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას ითხოვს იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და კომპანიის „თოდრია და პარტნიორების“ იურიდიული ექსპერტიზის დასკვნას.
12. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ქმედითი, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება. მისი თქმით, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას მოსამართლე ამოწმებს მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობას და არ შედის განცხადების შინაარსობრივად განხილვის საკითხში. განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო არ აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, აღნიშნულ ეტაპზე პირის მონაწილეობას არ შეუძლია არსებითი გავლენა იქონიოს საკითხის გადაწყვეტაზე. ამასთან, დასახელებული განცხადების დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობა რეგლამენტირებულია არა სადავო ნორმით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმებით.
13. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით უზრუნველყოფილია საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების დადგენას. შესაბამისად, სასამართლოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს, წარმოშობს თუ არა დასახელებული განცხადების განხილვა ზეპირი მოსმენის გამართვის აუცილებლობას. ამასთან, სასამართლოს განჩინება განცხადების დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების თაობაზე საჩივრდება კერძო საჩივრით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადება და 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
14. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 431-ე მუხლი წარმოადგენს მატერიალური სამართლიანობის პრინციპის გამოხატულებას. სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის თანახმადაც, განცხადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. სადავო ნორმები მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც საეჭვოობის ხარისხი იმ მტკიცებულებებისა, რომლებსაც ეყრდნობა გადაწყვეტილება, არის იმდენად მაღალი, რომ საფრთხე ექმნება სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობას და მატერიალური სამართლიანობის იდეას. ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი გზას უთმობს მატერიალური სამართლიანობის იდეას. მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება ქმნის იმის საფუძველს, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მისი არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გამოტანილი იქნებოდა განსხვავებული, საპირისპირო გადაწყვეტილება, აუცილებელია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქმის განახლების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების a priori აღსრულების შესაძლებლობა.
15. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევის სტანდარტი არ არის იმ ხარისხის, რაც დამახასიათებელია პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის. სწორედ ამიტომ, დასახელებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიზანშეწონილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რათა სასამართლომ ხელახლა და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
16. მოპასუხე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 431-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების და 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დასახელებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე ცალ-ცალკე იმსჯელებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულია დაცვის უფლება.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
5. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცული უფლების მოთხოვნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, „სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ“. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სიტყვები - „თავისი ინიციატივით“ გამორიცხავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას, რაც წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებების დარღვევას.
6. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა მოხდეს თავად ხსენებული ნორმის შინაარსის დადგენა, რა დროსაც მნიშვნელოვანია, მისი განმარტება მოხდეს სისტემურად, სხვა ნორმებთან კონტექსტში. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის განმარტებისას, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკას.
7. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმასთან დაკავშირებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლიდან „გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება №ა-3480-ბ-10-2016). „მოხმობილი ნორმა ადგენს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას, შეამოწმოს საქმის წარმოების განახლების შესახებ წარდგენილი მხარის წერილობითი პრეტენზია, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, შეესაბამება თუ არა კანონის იმპერატიულ წინაპირობებს (სსკ-ის 424-ე-427-ე მუხლები)“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინება №ას-981-945-2016).
8. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კი, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს განჩინება შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, წარდგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინება №ას-332-317-2012). „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღებისა და განხილვისათვის მოქმედებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საერთო წესები, თუ სპეციალური ნორმები საკითხს სხვაგვარად არ აწესრიგებს. სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში, განცხადების განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს მომხსენებელი მოსამართლე ერთპიროვნულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე-374 მუხლის შესაბამისად“ (უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 20 ნოემბრის განჩინება №ას-721-690-2014).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებებიდან ნათლად იკითხება, რომ სადავო ნორმა განსაზღვრავს სასამართლოს მხოლოდ იმ ვალდებულებას, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან. კერძოდ, აღნიშნული განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე - 427-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა განპირობებულია არა სადავო ნორმით, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლითა და საერთო სასამართლოების კონკრეტულ ინსტანციაში საქმის განხილვის მომწესრიგებელი ზოგადი წესებით (სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე და 374-ე მუხლებით, უზენაეს სასამართლოში – საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ა. შ.).
10. როგორც ზემოთ აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას იღებს და აფასებს იმ შინაარსით, რომლითაც მას იყენებენ საერთო სასამართლოები. აღნიშნული მიდგომიდან გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს საერთო სასამართლოებში არაერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობა ან/და განმარტების აშკარა არაგონივრულობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებული სხვაგვარი განმარტება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო არ თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სადავო ნორმის აშკარად არაგონივრულ განმარტებას.
11. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაციის ნორმატიული შინაარსი ამოიწურება სასამართლოს დავალდებულებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან. ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი განცხადების დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესი დადგენილია არა უშუალოდ სადავო ნორმით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლით და საერთო სასამართლოების კონკრეტულ ინსტანციაში საქმის განხილვის მარეგულირებელი ზოგადი წესებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ წარმოადგენს დავის საგანს. შესაბამისად, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია, სადავო ნორმას არ გააჩნია. ამასთან, მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს გასაჩივრებული რეგულაციის სხვა რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობაზე. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ამდენად, აღნიშნული წესით საქმეზე ზეპირი განხილვის ჩატარება საქმის განმხილველი მოსამართლის დისკრეციად არის განსაზღვრული. შესაბამისად, სადავო ნორმა უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, თუ საქმის განმხილველი მოსამართლე არ გადაწყვეტს ზეპირი მოსმენის ჩატარებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ართმევს მას სასამართლოსათვის საკუთარი არგუმენტაციის წარდგენის და ამ ფორმით გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, რაც ხელყოფს მისი სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.
13. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
14. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხარის მიერ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის უფლება ხელს უწყობს გადაწყვეტილების დასაბუთებულობას, აძლიერებს მომავალში მხარის გასაჩივრების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და ამცირებს გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი საფუძვლების დაუსაბუთებლობის ან/და უკანონობის არსებობას/არსებობის ალბათობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურად განხორციელებას.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება, რისი ეფექტურად განხორციელებაც რთულდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას.
16. როგორც აღინიშნა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის სხვადასხვა პუნქტით დაცული უფლებრივი კომპონენტები, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, იმდენად მჭიდროდ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების კონკრეტული ასპექტის შეზღუდვა ერთდროულად იწვევდეს რამდენიმე მათგანში ჩარევას. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა აწესრიგებს სასამართლო სხდომაზე მხარის დასწრებისა და განხილვის პროცესში მისი მონაწილეობის საკითხს. პირისთვის იმ პროცესში მონაწილეობის აკრძალვა, რომელზეც ხდება მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების განხილვა და სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, თანაბრად ზღუდავს როგორც პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ისე მის შესაძლებლობას, ეფექტურად მოახდინოს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების რეალიზაცია, დაცვის უფლების განხორციელება. იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დაცული იდენტური უფლებრივი ასპექტი, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობის არსებობა ერთნაირად იწვევს ჩარევას როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე დაცვის უფლებაში. ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების იდენტური ტვირთი, რათა გაამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დასახელებული ასპექტის შეზღუდვა. ხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაციის კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან შესაბამისობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ერთობლივად იმსჯელებს.
ჩარევის გამართლება
17. სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და, შესაბამისად, ექვემდებარება შეზღუდვას დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შეზღუდვას ექვემდებარება სამართლიანი სასამართლოს ისეთი უფლებრივი კომპონენტიც, როგორიცაა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. „სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის გზითაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ ამგვარი შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და დაცულია თანაზომიერი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ზეპირი განხილვა ... სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია, ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).
18. ამასთან, უფლების შეზღუდვის დროს აუცილებელია, დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60).
ლეგიტიმური საჯარო მიზანი
19. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის მიზანია ქმედითი, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებებისა და ინტერესების სწრაფად და ეფექტურად დაცვას. „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
20. სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს გონივრულ ვადაში და, იმავდროულად, გააჩნდეს სათანადო ბერკეტები ადამიანის უფლების ეფექტურად დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სწრაფი, ეფექტური და ქმედითი მართლმსაჯულების განხორციელება წარმოადგენს ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევად დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით.
დასაშვებობა და აუცილებლობა
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის (დასაშვებობის) და აუცილებლობის კრიტერიუმებს. კერძოდ, გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). იმავდროულად, გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. უფრო კონკრეტულად, „საშუალების აუცილებლობას ობიექტური გარემოებები იწვევს და მას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. საშუალებისადმი ასეთი მიდგომა გამორიცხავს შეზღუდვის ხელოვნურობას. აუცილებლობით გამოწვეული შეზღუდვა აუცილებელი საშუალების გამოყენებით გამართლდება. მხოლოდ ასეთი შეზღუდვა შეიძლება პასუხობდეს პრაქტიკული გონიერების მოთხოვნებს და სუბიექტის მზაობას, უფლების შეზღუდვა მიიჩნიოს, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-30).
22. თანაზომიერების პრინციპის დასახელებული ელემენტები მოითხოვს ლოგიკური კავშირის არსებობას საკანონმდებლო რეგულირებასა და მისაღწევ მიზანს შორის. ამასთან, უფლების განსახილველი ინტენსივობით შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ამარტივებს სამართალწარმოების პროცედურას და ხელს უწყობს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოითხოვს მეტ დროსა და რესურს, რაც გარკვეულწილად აფერხებს საქმის გადაწყვეტას. „სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის ეფექტურად განხორციელება დაკავშირებულია სასამართლოს დროისა და რესურსების ხარჯვასთან. საქმის ზეპირი განხილვა, მხარეების მტკიცებულებების შესწავლა და მათი პოზიციის მოსმენა, შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის ჩატარება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების განხორციელება სასამართლოში მოითხოვს გარკვეულ დროის დათმობას, რაც თავის მხრივ აისახება სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტის ვადებზე, პროცესუალური უფლებების სიმრავლე და მათი განხორციელებისათვის განკუთვნილი დრო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სამართალწარმოების სისწრაფეზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, ისევე, როგორც ზეპირი მოსმენის გარეშე ნებისმიერი სხვა საკითხის გადაწყვეტა, ნაკლებ დროს მოითხოვს და, როგორც წესი, წარმოადგენს სწრაფი, ეფექტური და ქმედითი მართლმსაჯულების მიღწევის გამოსადეგ გზას. „ცხადია, პროცედურის სიმარტივე განაპირობებს მართლმსაჯულების სისწრაფესა და ეფექტურობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). ამგვარი რეგულირება, რა თქმა უნდა, ლოგიკურად იწვევს საქმის განხილვის ვადის შემცირებას და ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას. ამავე დროს, სადავო ნორმის საფუძველზე, არ ხდება მოსამართლისათვის საქმის სათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებული აუცილებელი მექანიზმების გამოყენების შეზღუდვა. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმის გამოკვლევისათვის ზეპირი მოსმენის ჩატარება და მხარეთა პოზიციის მოსმენა აუცილებლობას წარმოადგენს, მას კანონი აძლევს სხდომის ზეპირი მოსმენით გამართვის შესაძლებლობას.
23. საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვეტა, სხდომის ზეპირი მოსმენით გამართვასთან შედარებით, მოითხოვს ნაკლებ დროს, აგრეთვე ნაკლები ადამიანური თუ მატერიალური რესურსის გამოყენებას. ამავდროულად, არ იკვეთება უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი რომელიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის სისწრაფეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიჩნევს, რომ სადავო წესი წარმოადგენს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
24. ვინაიდან სადავო ნორმა აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით. პროპორციულობა ვიწრო გაგებით, მოითხოვს, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, „სწრაფი მართლმსაჯულება და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილება, პროცესის ეკონომიურობა, ისევე, როგორც არდაშვება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისა, რაც, საბოლოო ჯამში, ნეგატიურ გავლენას ახდენს მართლმსაჯულების ხარისხზე, უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზნებია, ვინაიდან თითოეული მათგანის დაცვა ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას ემსახურება. თუმცა, ამ ინტერესების დაცვის აუცილებლობა ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეთა განხილვას, თუ ამის შედეგი იქნება კონკრეტული პირების უფლებების დარღვევა, უფლებების დაცვის შეუძლებლობა. სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების დაცვა ალოგიკურია, თუ ამის შედეგი ისევ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეუძლებლობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-90).
26. „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა არ წარმოადგენს თვითმიზანს, ის არის მხოლოდ შესაძლებლობა სხვა უფლებების დაცვისა. შესაბამისად, მისი უფლებრივი კომპონენტებიც იმ შემთხვევაში და იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისთვის/დარღვევის თავიდან აცილებისთვის. მაშასადამე, თითოეული უფლებრივი კომპონენტით სარგებლობა, საბოლოო ჯამში, ემსახურება რა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობას და, შესაბამისად, კონკრეტული უფლებების დაცვას, ამ უფლებრივი კომპონენტების გამოყენებაც არ უნდა იყოს თვითმიზანი. მათი უზრუნველყოფა საჭიროა მაშინ, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-66).
27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ზეპირი მოსმენის ჩატარების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როდესაც საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევას და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. „უმთავრესი საკითხი, რომელიც მხედველობაში მიიღება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის უფლების შეზღუდვისას, არის - როგორია კონკრეტული საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია იმ მოცემულ შემთხვევაში, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტია, სასამართლო იხილავს მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს, თუ, იმავდროულად, ახდენს ფაქტების (ფაქტობრივი გარემოებების) შეფასება/შესწავლასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი “jura novit curia” („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს. განსხვავებულია მიდგომა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წყვეტს როგორც ფორმალურ-სამართლებრივ საკითხებს, ასევე აფასებს ფაქტობრივ გარემოებებს. ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზეპირი მოსმენის ჩატარებასა და პირისთვის მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).
28. გარდა ამისა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის შეფასებისას, „მხედველობაშია მისაღები იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული. ცხადია, შეფასების სტანდარტები განსხვავებული იქნება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ინტერესების შემთხვევაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო ახდენს მხოლოდ სამართლებრივი ასპექტების შეფასებას თუ ასევე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. ამასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ის უფლება თუ სამართლებრივი ინტერესი, რომლის დაცვის შესაძლებლობასაც ზღუდავს სადავო ნორმა.
29. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო ნორმა ადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ შეტანილი განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წესს. ამასთან, მოსარჩელე დავობს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის კონსტიტუციურობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
30. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება, იმთავითვე მოითხოვს სასამართლოსგან კონკრეტული ფაქტის - ახლად აღმოჩენილი გარემოებისა და მტკიცებულების გამოკვლევასა და შეფასებას. კერძოდ, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ახლად აღმოჩენილი გარემოების ან/და მტკიცებულების მნიშვნელობა, მისი როლი და გავლენაუნარიანობა გადაწყვეტილების საბოლოო შედეგზე. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იმ შემთხვევაში, თუ ახლად აღმოჩენილი გარემოება ან/და მტკიცებულება წარმოდგენილი იქნებოდა საქმის განხილვის დროს, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გამოიწვევდა თუ არა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულება ცნობილი იყო თუ არა მხარისათვის საქმის განხილვისას და დაადგინოს, რამდენად არსებობდა ამ მტკიცებულების უფრო ადრე წარდგენის შესაძლებლობა. ამგვარად, სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ შესწავლას და ზოგიერთი ახალი ფაქტობრივი გარემოების დადგენას.
31. ამასთანავე, სადავო ნორმით გათვალისწინებული განცხადების განხილვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით შეტანილი განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში, ხდება უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომელმაც წარმოშვა იურიდიული შედეგი და, რომლის მიმართაც მხარეს გააჩნდა შეუქცევადად აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სამართლებრივი მდგომარეობის მნიშვნელოვანად გართულება/გაუარესება. შესაბამისად, სადავო ნორმით მოწესრიგებული პროცესის მიმართ პირს გააჩნია განსაკუთრებული სამართლებრივი ინტერესი, რათა არ მოხდეს მის სასარგებლოდ მიღებული, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მისსავე საუარესოდ გაუქმება.
32. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით მოწესრიგებული სამართალწარმოების ფარგლებში, ერთი მხრივ, არსებობს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საჭიროება, ხოლო, მეორე მხრივ, გადასაწყვეტი საკითხის მიმართ პირის მომეტებული სამართლებრივი ინტერესი. ამ პირობებში, პირის ინტერესი, არ მოხდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე გაუქმება, მნიშვნელოვნად აღემატება სწრაფ მართლმსაჯულებაზე სამოქალაქო სამართალწარმოების მეორე მხარისა თუ ზოგადად, საზოგადოების ინტერესს. ამასთანავე, მოსარჩელის უფლების შეზღუდვისათვის დამაბალანსებელი მექანიზმი ვერ იქნება ის გარემოება, რომ სასამართლოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება, რათა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსაზღვროს, არსებობს თუ არა ზეპირი მოსმენის ჩატარების აუცილებლობა და თუ ამგვარი საჭიროება გამოიკვეთება, გამართოს სხდომა ზეპირი მოსმენით. სადავო საკითხზე მოსამართლისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეესაბამებოდეს, თუ არსებობს მისი კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, იმისდა მიუხედავად, თუ რა სახისა თუ სირთულის სამართლებრივ ურთიერთობას ეხება საქმე, სასამართლოს ყოველ ჯერზე სჭირდება მისთვის წარდგენილი ახლად აღმოჩენილი გარემოების/მტკიცებულების შეფასება, უკვე მიღებულ და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მისი გავლენაუნარიანობის განსაზღვრა, ასევე იმის შეფასება თუ რამდენადაა დაცული ახლად აღმოჩენილი გარემოების სასამართლოსათვის წარდგენის წესი და ჰქონდა თუ არა მხარეს მისი უფრო ადრე აღმოჩენისა და წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, საკითხის გადაწყვეტა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში საჭიროებს ფაქტების დადგენას. ამავე დროს, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობის მოტივით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმ პირის უფლებებზე, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდაც არის მიმართული იგი. ამდენად, ყველა შემთხვევაში, როდესაც სასამართლო აუქმებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, არსებობს ზეპირი მოსმენის ჩატარების აუცილებლობა.
33. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ზეპირი მოსმენის ჩატარების გარეშე გაუქმებით, საერთო სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს იმ პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდაც ხდება გადაწყვეტილების გაუქმება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოსამართლის დისკრეციული უფლებამოსილების კონსტიტუციის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს. მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება ზღუდავს მისი ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღების შესაძლებლობას, ცხადია, ხსენებული არ გამორიცხავს სადავო ნორმის საფუძველზე სასამართლოსათვის საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილვის უფლებამოსილების მინიჭებას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ აკმაყოფილებს განმცხადებლის მოთხოვნას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. თუმცა ხსენებული ვერ გაამართლებს ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ სასამართლოს დისკრეციის არსებობას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
34. სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ვერ უზრუნველყოფს ვერც ის გარემოება, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ზემოხსენებული განცხადების განხილვის შედეგად მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას. „ზოგადად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრების მექანიზმი ემსახურება პირველ ინსტანციაში დაშვებული შეცდომების, კანონის არასწორად გამოყენების გამოსწორებას და ამ გზით უფლების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილებას. რაც, თავისთავად, არ ნიშნავს პირველ ინსტანციაში უფლების დარღვევის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობის დაშვებას და, მით უფრო, გამართლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
36. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, „თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლები ადგენენ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სხვადასხვა საფუძვლებს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოსარჩლისათვის პრობლემურია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების სადავო ნორმით დადგენილი წესით გაუქმება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - ანუ როდესაც „მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესაფასებლად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, სადავო ნორმით დადგენილი წესით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
უფლების დაცული სფერო/უფლებაში ჩარევა
37. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების უტყუარობის, აღსრულებისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული უმნიშვნელოვანესი უფლებრივი კომპონენტია. „სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო ვალდებულია, სიცხადე შეიტანოს და განსაზღვრულობა შესძინოს დავას, გადაწყვეტილებით საბოლოოდ გააქარწყლოს ეჭვი. ამიტომ სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
38. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობას სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. „ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). „დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას – უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). „საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმ პრეზუმფციის მატარებელია, რომ საკითხი მხარეთა შორის გადაწყდა სწორად და რომ ისინი ამ საკითხთან, უფლებასთან, სიკეთესთან, ქონებასთან დაკავშირებით შემდგომ სამართლებრივ ურთიერთობებს გააგრძელებენ გადაწყვეტილებით დადგენილი სინამდვილის გათვალისწინებით, მასზე დაყრდნობით ან მისგან გამომდინარე. ამიტომ პოტენციური მოპასუხე დაცული უნდა იყოს იმისგან, რომ კვლავ დადგეს ძველი სარჩელის წინაშე, რომელიც ერთხელ უკვე გადაწყვეტილი იყო სასამართლოს მიერ, ამასთან, დაცული უნდა იყოს იმისგან, რომ საეჭვო, სათუო გახდეს მის მიერ დამყარებული სამართლებრივი ურთიერთობები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
39. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების ცნობასა და აღსრულებასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ასევე იცავს, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, მისი გადახედვის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით იყოს შექმნილი ამ ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენებისთვის ადეკვატური და საკმარისი გარანტიები“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
40. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლება იცავს საბოლოო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების ცნობის, მისი აღსრულების ვალდებულებას, თუმცა, ამავე დროს, ახდენს არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობის გარანტირებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია იმთავითვე პირობადებულია ახლად აღმოჩენილი გარემოებებით საქმის განახლების შესაძლებლობით. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობა დაცულია მანამ, სანამ კანონით განსაზღვრული წესით არ დადგინდება მისი მცდარობა. სათანადო პროცედურის პირობებში, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მცდარობის დადგენის შემთხვევაში მისი გაუქმება, არათუ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ ამ უფლების პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შემზღუდველი იქნება, თუ ის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა სათანადო წესით დადგენილი არ არის.
41. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელი წესის კონსტიტუციურობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მიზნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის განჩინება №ვ-74-ა-5-2016). „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს მხოლოდ ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განჩინება №ას-1149-1105-2016).
42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სადავო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ამდენად, სადავო ნორმა ადგენს ისეთი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას, რომლის უსწორობა დგინდება სასამართლოს მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის საფუძველზე.
43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
44. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ასევე შეეხება შემთხვევებს, როდესაც ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის შემცირების აუცილებლობაზე, გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გაუქმებაზე ან/და სხვა ისეთ გარემოებაზე, რომელიც აუმჯობესებს გადაწყვეტილების გადახედვის მომთხოვნი მხარის მდგომარეობას, თუმცა არ მიუთითებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგების სრულად გაუქმების საჭიროებაზე. აშკარაა, რომ მსგავს შემთხვევებში, მოქმედებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების უტყუარობისა და შეუქცევადობის პრეზუმფცია გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც არ საჭიროებს გადასინჯვას. აღნიშნულის მიუხედავად, მსგავს შემთხვევებში, სადავო ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, სრულად გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს.
45. ხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. ამ ვითარებაში გადაწყვეტილების გაუქმება თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, საქმის თავიდან განხილვის შედეგად, სასამართლომ შესაძლოა, გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი ნაწილის სამართლებრივი შედეგები არც კი შეცვალოს. ამდენად, სადავო ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც დადგენილი არ არის მისი მთლიანად გაუქმების, მისგან მომდინარე სამართლებრივი შედეგების სრულად შეცვლის საჭიროება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
შეზღუდვის გამართლება
46. როგორც უკვე აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველო სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის... ამ პირობების დაცვა აუცილებელია, რადგან შეზღუდვები არ უნდა ამცირებდეს პირისათვის ნებადართულ ხელმისაწვდომობას იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
47. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში უნდა შეფასდეს. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ლეგიტიმური მიზანი
48. თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, უფლების შესაზღუდად, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, საჯარო ინტერესი, რომლის დაცვასაც არსებული რეგულირება ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
49. სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. პირთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობების მინიჭება, საბოლოო ჯამში, უნდა უზრუნველყოფდნენ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული მიზნის მისაღწევად, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინებით, დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.
გამოსადეგობა
50. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. როგორც უკვე აღინიშნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს.
51. სადავო ნორმა იძლევა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას, რაც შესაძლებელს ხდის სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენს დასახული მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
აუცილებლობა
52. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, გამოსადეგობასთან ერთად, სადავო ნორმით შერჩეული ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას. მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოდელზე და მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაშიც იგივე წესი უნდა დადგინდეს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 27-ე თავით გაწერილი პროცედურის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობის შემთხვევაში სასამართლო ატარებს საქმის არსებით განხილვას, რის შედეგადაც, წყვეტს შეცვალოს, გააუქმოს თუ უცვლელად დატოვოს გამოტანილი განაჩენი. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესზე სასამართლოს არ უწევს ე. წ. შუალედური გადაწყვეტილების მიღება, ძალაში შესული განაჩენის გაუქმება და ამის შემდგომ საქმის წარმოების ხელახლა დაწყება. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გამართული საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიიღება არა „შუალედური“, არამედ საბოლოო გადაწყვეტილება განაჩენის შეცვლის, გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
53. სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო გადაწყვეტილების გადახედვის საკითხის განსხვავებულად მოწესრიგება, თავისთავად, რომელიმე ამ წესის არაკონსტიტუციურობაზე არ მიუთითებს. შესაძლოა, ამ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არსებობდეს რამდენიმე, ერთმანეთისაგან განსხვავებული მოდელი, რომელთაგანაც თითოეული კონსტიტუციის შესაბამისი ან საწინააღმდეგო იყოს. კანონმდებელს გააჩნია კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი მოდელის არჩევის დისკრეცია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას შეიძლება წარმოადგენდეს უკვე შერჩეული მოდელის ფარგლებში, რამდენად არის დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები არაკონსტიტუციური ვერ იქნება მხოლოდ იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მსგავსი საკითხები სხვანაირად არის მოწესრიგებული. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს და, შესაბამისად, სასამართლომაც უნდა შეაფასოს, სადავო რეგულირება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, რამდენად არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
54. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხის მოწესრიგება თავის თავში მოიაზრებს ორ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეგულირებას. ერთი მხრივ, სახეზეა განცხადების წარმდგენი პირის კონსტიტუციური ინტერესი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის ეფექტური მექანიზმების არსებობასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, კონსტიტუციით დაცულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შეუქცევადობისა და აღსრულების უფლება. მოსარჩელის მითითება, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის ცალ-ცალკე წარმოებად გამოყოფის გამო, საქმის განხილვის გახანგრძლივების შესახებ შესაძლებელია მიემართებოდეს ორივე მხარის ინტერესებს. მოცემულ შემთხევაში, მოსარჩელე დავობს იმ პირის პოზიციიდან, რომლის ინტერესსაც ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. სასამართლო ვერ შეაფასებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მოცემული წესი, რამდენად უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გადახედვის მომთხოვნი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას.
55. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ სამართლებრივი ინსტიტუტების ბუნება, რომელთა მოწესრიგებისკენაცაა მიმართული გასაჩივრებული რეგულაცია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საკითხის მოწესრიგებისას, ერთმანეთს უპირისპირდება კერძო პირების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სხვადასხვა ლეგიტიმური ინტერესები. კონსტიტუციური სარჩელის ავტორს და მის პოზიციაში მყოფ პირებს გააჩნიათ იმის მოლოდინი, რომ მათ სასარგებლოდ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება შეუქცევადად აღსრულებული და არ მოხდება მისი რაიმე ფორმით შეცვლა. აღნიშნულ ინტერესს უპირისპირდება ასევე კერძო პირების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული ლეგიტიმური მოლოდინი, რომ, თუკი არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებები და მტკიცებულებები, მოხდება საქმის წარმოების განახლება და მიღებული იქნება ახალი, სამართლიანი გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, უფლებათა ამგვარი კონკურენციისას „კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია გონივრულია, როდესაც მისი ქმედება კოლიზიური უფლებების თანაარსებობის, თანარეალიზების უზრუნველყოფას, უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენას ისახავს მიზნად. ამავე დროს, როდესაც უფლებებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილება შეუძლებელია და კოლიზიის გადაჭრის მიზნით ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა გარდაუვალი ხდება, უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მკაცრი ფორმა უნდა იქნეს გამოყენებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32).
56. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შეტანილი განცხადების საფუძვლიანობის შემთხვევაში (ანუ თუ დადგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა), ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სრულად გაუქმების ვალდებულებას. ახლად აღმოჩენილი მტკიცებულებები და გარემოებები შეიძლება მიუთითებდნენ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგების სრული გაუქმების, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის რევიზიის აუცილებლობაზე. მაგალითად, შესაძლოა მოსამართლე მივიდეს დასკვნამდე, რომ საქმის განხილვის სტადიაზე რომ ყოფილიყო ცნობილი ახლად აღმოჩენილი გარემოება, ამას შესაძლოა, გამოეწვია მხარის მოთხოვნის შემცირება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის რომელიმე ასპექტის შეცვლა და ა. შ..
57. ამდენად, აშკარაა, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების სრულად გაუქმების საჭიროება, გადაწყვეტილების გადახედვის საკითხთან მიმართებით, როგორც გადახედვის მომთხოვნ, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა, ჰქონდეთ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული ინტერესები. მსგავს შემთხვევებში, ერთი მხრივ, სახეზეა განმცხადებლის სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული ინტერესი, რომ მოხდეს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომელთან მიმართებითაც არსებობს გადახედვის საჭიროება. მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ასევე იცავს პირის უფლებას, არ მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვა იმ ნაწილში, რომელზეც გავლენას არ ახდენს ახლად აღმოჩენილი გარემოება. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, განმცხადებლის უფლების დაცვა სრულად უზრუნველყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივმა გაუქმებამ. რაც, ბუნებრივია, გადაწყვეტილების სრულად გაუქმებასთან შედარებით ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებაა.
58. ამავე დროს, შესაძლებელია არსებობდეს შემთხვევები, როდესაც დავის შინაარსიდან გამომდინარე, არ იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმე საჭიროებდეს ერთიან კონტექსტში თავიდან გადაწყვეტას. თუმცა ამ პირობებშიც, მხარეთა ინტერესების მოცულობა და ურთიერთბალანსი სხვადასხვა შემთხვევაში იქნება განსხვავებული. შესაძლებელია, ახლად აღმოჩენილი გარემოებები მიუთითებენ გადაწყვეტილების დამდგარი შედეგების მცირედით ან/და მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროებაზე. ამდენად, იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილის რევიზია შეუძლებელია, მისი სრულად გაუქმებით შელახული პირის ინტერესები შესაძლოა აღემატებოდეს გადაწყვეტილების გაუქმებით დაცული განმცხადებლის ინტერესებს. სადავო საკითხის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისი რეგულირება უნდა იძლეოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობას.
59. როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებელი უფლებამოსილია, აირჩიოს სადავო ურთიერთობის მოწესრიგების სხვადასხვა მოდელი. მათ შორის, შესაძლებელია, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ძალის შენარჩუნება მანამ, სანამ სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სადავო საკითხზე. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების წესის კონსტიტუციურობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები საკითხის მოწესრიგებისას ხსენებული ალტერნატივის გამოყენების შესაძლებლობა. კერძოდ, კანონი უნდა აძლევდეს მოსამართლეს შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასოს მხარეთა ინტერესთა დაბალანსებას უკეთ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაუქმება თუ მისი ძალის შენარჩუნება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
60. სადავო ნორმით არ ხდება დავის ორივე მხარის ზემოთ ხსენებული ინტერესების თანაბრად გათვალისწინება. მის საფუძველზე დადგენილია ბლანკეტური წესი, რომელიც საკითხს, ყველა შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის მომთხოვნი მხარის სასარგებლოდ წყვეტს. სადავო რეგულირება საქმის განმხილველ მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს მხარეთა ინტერესები და გადაწყვეტილება სწორედ ამ ინტერესთა შეჯერების შედეგად მიიღოს.
61. აღნიშნულიდან გამომდინარე, წესი, რომელიც მოსამართლეს მისცემდა შესაძლებლობას, გადაწყვეტილება მიეღო ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გზით, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. ხსენებული რეგულირების პირობებში შესაძლებელი გახდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნი მხარის ინტერესების დაცვა იმგვარად, რომ არ მომხდარიყო მეორე მხარის უფლების არაპროპორციულად შელახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
62. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული ნორმის თანახმად, „გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით“. მოსარჩელე უთითებს, რომ საქმის ხელახალი განხილვა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, რომლებიც პირველადი განხილვისას საკუთარი ბრალით არ წარადგინეს ან ერთხელ უკვე იქნა დაუშვებლად ცნობილი სასამართლოს მიერ. მისი მოსაზრებით, ხსენებული სადავო ნორმა პირს ერთხელ უკვე წაგებულ საქმეზე თავიდან დავის საშუალებას აძლევს, რაც არღვევს შეჯიბრობითობის პრინციპს. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვის სამართალწარმოების ორ ეტაპად გაყოფა მნიშვნელოვნად აჭიანურებს საქმის გადაწყვეტას და არაეფექტურს ხდის უფლების დაცვის შესაძლებლობას.
63. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია. შესაბამისად, კანონის ნორმა, რომელიც სასამართლო წარმოებას ახანგრძლივებს, შეიძლება ზღუდავდეს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამავე დროს, სამოქალაქო სამართალწარმოებას ორი მხარე ჰყავს და ამა თუ იმ სამართალწარმოების დროში გახანგრძლივება, თუნდაც ხელოვნური გაჭიანურება, ყოველთვის ორივე მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს. რიგ შემთხვევებში, საქმის განხილვის გახანგრძლივება, დამატებითი არგუმენტებისა და მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭება შეიძლება რომელიმე ან/და ორივე მხარისათვის სასარგებლო იყოს. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობაზე მითითება თავისთავად არ გამოდგება მოსარჩელის უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად. შეზღუდვა სახეზე იქნება იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურება სასამართლოს მეშვეობით მოსარჩელე მხარის უფლების დაცვას აფერხებს.
64. №765 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელე დავობს იმ პირის პოზიციიდან, რომლის წინააღმდეგაც ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმის საფუძველზე სამართალწარმოების თავიდან დაწყება და სრულყოფილი ხელახალი პროცესის ჩატარება რამდენად აბრკოლებს მოსარჩელე მხარის მიერ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვას.
65. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე დავობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისიწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების ხელახლა განახლების შემთხვევებზე. ხსენებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება და საქმის წარმოება თავიდან იწყება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება ან მტკიცებულება საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სხვა, განცხადების წარმდგენი მხარისათვის სასარგებლო, გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისას სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებისა და გარემოების (ახლად აღმოჩენილის ჩათვლით) გათვალისწინებით, მიიღებოდა საქმის გახსნის მომთხოვნი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა ის კონსტიტუციური სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, შესაძლებელია, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად გამოირიცხება შესაძლებლობა, რომ საქმის წარმოება განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის გაუქმების საჭიროებაც არ არსებობს.
66. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოება თავიდან იწყება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოების/მტკიცებულების გათვალისწინებით, მიღებული იქნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნი მხარის სასარგებლო გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საყურადღებო იყოს მოსარჩელის მითითება ახალი პროცესის საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, არსებული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს არა ახალი პროცესის გამართვის მიზანშეწონილობას, არამედ იმას, თუ რამდენად ზღუდავს საქმის განხილვის თავიდან დაწყება მოსარჩელის უფლებას.
67. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ საქმის ხელახალი განხილვა, მათ შორის ახალი მტკიცებულებების და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭება, ემსახურება იმ პირის ინტერესებს, რომლის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოხდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება. საქმის ხელახალი განხილვის დაწყებისას, საქმეში არსებული მტკიცებულების გათვალისწინებით, მოსალოდნელი შედეგი უკვე დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გამაუქმებელი განჩინებით. სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვა, განმცხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება. ხსენებულს ასევე მოწმობს სადავო ნორმების მოსარჩელის მიმართ გამოყენების პრაქტიკაც. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) 2016 წლის 19 მაისის განჩინებით (საქმე №2/12497-16) მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. სასამართლოს მითითებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. ხოლო, მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლემ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია სარჩლის დაკმაყოფილების შესაძლებლობის არსებობის შესახებ. სასამართლომ გამოიყენა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სასამართლოს განჩინებაში არსებული მსჯელობა და დაადგინა, რომ „არსებობს ვარაუდი, რომ დავით ძოწენიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდება, რის გამოც გაუმართლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება“. ამდენად, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტების მიხედვით, საქმის ხელახალი განხილვის დაწყებისას არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მომთხოვნის მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების პრეზუმფცია.
68. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქმის ხელახალი განხილვა და სასამართლოს უკვე ჩამოყალიბებულ პოზიციაზე გავლენის მოხდენა სჭირდება იმ მხარეს, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოხდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება. იგი მას აძლევს დავის მის სასარგებლოდ დასრულების დამატებით შესაძლებლობას. ამდენად, მოსარჩელისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლს აღმჭურველი ხასიათი გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ ზღუდავს მოსარჩელის მიერ სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვის შესაძლებლობას და, შესაბამისად, არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას.
გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება
69. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო ნორმატიული შინაარსის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის მიერ საკითხის მოწესრიგებამდე, შეუძლებელი გახდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რიგ შემთხვევებში, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს. ხოლო სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა კანონმდებლის მიერ გონივრული ბალანსის დაუდგენლობამ იმ შემთხვევებში, როდესაც არ იკვეთება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სრულად (ყველა სამართლებრივი შედეგის) გაუქმების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გაუქმებამ შესაძლოა, გამოიწვიოს იმ პირთა უფლების დარღვევა, რომელთაც გააჩნიათ საქმის წარმოების განახლების კონსტიტუციით დაცული მოთხოვნა.
70. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს უნდა მიეცეს გონივრული ვადა სადავო საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით ისეთი წესის დასადგენად, რომელიც, ერთი მხრივ, გამორიცხავს სათანადო საფუძვლის გარეშე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, პირებს, კონსტიტუციით დაცული საფუძვლების არსებობისას, შესაძლებლობას მისცემს, მოითხოვონ ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე მითითებით გადაწყვეტილების გაუქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას, ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი 2019 წლის 30 აპრილიდან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №765 („საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელი №765 („საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 30 აპრილიდან.
5. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი