საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/-3/8/767 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2016 11:21 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი;
ირინე იმერლიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №767) მომართა საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძემ. №767 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 6 ივნისს.
2. №767 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შრომა თავისუფალია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“.
5. №767 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ჯიმშერ ცხადაძე კანონით დადგენილი კონკურსის გავლის შემდგომ, 2014 წლის 10 აპრილს დაინიშნა სასამართლო მანდატურის თანამდებობაზე. 2016 წლის 3 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის ბრძანების საფუძველზე, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, ზღვრული ასაკის, 50 წელს მიღწევის გამო.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მანდატურის სამსახური სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობაშია, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მანდატური წარმოადგენს საჯარო მოხელეს და სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებაში. ამასთან, მოსარჩელე მხარე უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შრომის უფლებები კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით განიმარტა.
7. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ სამუშაოს არჩევა, არამედ, ასევე მისი შენარჩუნება, დათმობა, უმუშევრობისგან დაცვა, სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების შესაძლებლობა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს მოსამართლის ზღვრულ ასაკს და მისი, როგორც სიტყვასიტყვით, ასევე სხვა ნორმებთან ერთობლიობაში წაკითხვა და მისი გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იგი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებასთან.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურიდან გათავისუფლების იმპერატიული პირობა შესაძლოა მიზნად ისახავდეს აღნიშნული სამსახურისათვის შესაფერისი უნარ-ჩვევების მქონე პირების მობილიზებას. ამასთან, პირის უნარ-ჩვევების ასაკთან ავტომატური დაკავშირება სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვან დასაბუთებას საჭიროებს. მოსარჩელე მხარემ მანდატურის თანამდებობა 48 წლის ასაკში დაიკავა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად. შესაბამისად, მას 2 წლის გასვლის შემდგომ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, მხოლოდ ზღვრული ასაკის მიღწევის მიზეზით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება დაუსაბუთებლად მიაჩნია.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან მოსარჩელე და 50 წლამდე ასაკის მანდატურები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. მოსარჩელის აზრით, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, საჭიროა ე.წ. „მკაცრი ტესტის“ გამოყენება.
10. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სახელწიფოთა პრეცედენტულ სამართალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №767 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №767 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №767 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №767 („საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი