საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/2/767 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2017 12:32 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №767) მიმართა საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძემ. №767 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2016 წლის 6 ივნისს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის №2-3/8/767 განჩინებით №767 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №767 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 28 მარტს.
2. №767 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით შრომა თავისუფალია, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“.
5. №767 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ჯიმშერ ცხადაძე კანონით დადგენილი კონკურსის გავლის შემდგომ, 2014 წლის 10 აპრილს დაინიშნა სასამართლო მანდატურის თანამდებობაზე. 2016 წლის 3 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის ბრძანების საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული ზღვრული ასაკის 50 წლის მიღწევის გამო.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მანდატურის სამსახური სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობაშია, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მანდატური წარმოადგენს საჯარო მოხელეს და სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელე მხარე უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შრომის უფლებები კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით განიმარტა და სწორედ ამიტომ მიაჩნია, რომ სასამართლომ სადავო ნორმა კონსტიტუციის ამ მუხლთანაც შეიძლება შეაფასოს.
7. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ სამუშაოს არჩევა, არამედ, ასევე მისი შენარჩუნება, დათმობა, უმუშევრობისგან დაცვა, სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლებისგან დაცვა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს მანდატურის ზღვრულ ასაკს და მისი, როგორც სიტყვასიტყვით, ასევე სხვა ნორმებთან ერთობლიობაში წაკითხვა (მოსარჩელე მიუთითებს შრომის კოდექსის მე-6 და 37-ე მუხლებზე) და მისი გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იგი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 მუხლებით დაცულ შრომის უფლებას.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მანდატურის სამსახურიდან გათავისუფლების იმპერატიული პირობა შესაძლოა მიზნად ისახავდეს აღნიშნული სამსახურისათვის შესაფერისი უნარ-ჩვევების მქონე პირების მობილიზებას. ამასთან, პირის უნარ-ჩვევების ასაკთან ავტომატური დაკავშირება სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვან დასაბუთებას საჭიროებს. მოსარჩელე მხარემ მანდატურის თანამდებობა 48 წლის ასაკში დაიკავა და 2 წლის გასვლის შემდგომ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, მხოლოდ ზღვრული ასაკის მიღწევის მიზეზით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება დისკრიმინაციულად მიაჩნია.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან მოსარჩელე და 50 წლამდე ასაკის მანდატურები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. მოსარჩელის აზრით, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, საჭიროა ე.წ. „მკაცრი ტესტის“ გამოყენება.
10. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა სახელმწიფოთა სასამართლოების პრეცედენტულ სამართალს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით, კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №767 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი არის ნორმა, რომელიც იცავს შრომის უფლებას, ხოლო 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი კი მასთან უშუალოდ კავშირში მყოფი ნორმა, რომელიც იძლევა ამ სფეროში მოქმედი ნორმების ფორმალური თუ მატერიალური თვალსაზრისით შემოწმების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-23). ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, „სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები, გარკვეულწილად, ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დებულებების მიზანმიმართულების გათვალისწინებით ადგენს, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა შეფასებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე თუ 29-ე მუხლთან. აღნიშნულისთვის გადამწყვეტია, წარმოადგენს თუ არა სასამართლოს მანდატურის თანამდებობა „სახელმწიფო თანამდებობას“, რადგან „სახელმწიფო თანამდებობის“ დაკავების გარანტიებს იცავს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი.
5. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება“, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი - „სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი“.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „„სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-3).
7. სასამართლოს მანდატური სახელმწიფო ორგანოებში - სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასრულებს პროფესიულ საქმიანობას - იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. ამრიგად, სასამართლოს მანდატურის თანამდებობა განხილულ უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ ნორმას.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკაა, რომ „იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/7/454 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
9. შესაბამისად, №767 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №767 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №767 („საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №767 („საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი