საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N767 |
ავტორ(ებ)ი | ჯიმშერ ცხადაძე |
თარიღი | 6 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, ამასთან ერთად სახეზე არ გვაქვს ამავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციურ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები . სარჩელში მითითებულია: ა)საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი; ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; ვ) მოთხოვნის არსი; ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
დაზარალებული ფაქტები ჯიმშერ ცხადაძემ გაიარა სათანადო კონკურსი დააკმაყოფილა კანონით დადგენილი კრიტერიუმები (ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა) და 2014 წლის 10 აპრილიდან დაინიშნა სასამართლო მანდატურის თანამდებობაზე. 2016 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 03.05.2016წ #58 ბრძანებით ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა კონტროლის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ჯიმშერ ცხადაძე დაბადებულია 03.05.1966, შრომითი ურთიერთობების მთელ პერიოდში ის ხასიათდებოდა დადებითად და იყო სამსახურის ერთ-ერთი კარგი თანამშრომელი. მისი გათავისუფლების საფძველი გახდა მხოლოდ ზღვრული ასაკი. ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებით გათვალისწინებულია: ,,სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია,,
,,საერთო სასამართლოების შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების (სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია) არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან, 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებთან მიმართებაში.
სასამართლო მანდატურის სამსახური მოქცეულია საერთო სასამართლოების სისტემაში და კონტროლის ქვეშ, მანდატურს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კონკრეტული სასამართლოს თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლომ 03.04.2014წ #2/1/565 საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.,, საოქმო ჩანაწერით, ერთმანეთისგან განასხვავა კონსტიტუციის 29-ე და 30-ე მუხლით დაცული უფლებები, როდესაც მოსარჩელე იყო ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ,,კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი არის ნორმა, რომელიც იცავს შრომის უფლებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის # 2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-23). განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, “სახელმწიფო სამსახურში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებით ქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს. ,,მოცემული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, მცდარი იქნებოდა შრომითი ურთიერთობის სრული სპექტრის კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში მოქცევა. ცალსახაა ის გარემოება, რომ კონსტიტუცია შრომითი ურთიერთობების გარკვეული სეგმენტის მოწესრიგებას, კერძოდ, საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებებში, მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნული თავისი არსით წარმოადგენს შრომით საქმიანობას, უკავშირებს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულ სფეროს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის #2/9/556 საოქმო ჩანაწერი საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ,,იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ერთი უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებულია სპეციალური რეგულაცია, უფლებაში ჩარევის განსხვავებული შინაარსი და ფარგლები, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ დროს ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა შესაძლებელია და უნდა შეფასდეს მხოლოდ მის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმასთან მიმართებით, წინააღმდეგ შემთხვევში, შეუძლებელი იქნება კონსტიტუციურობის საკითხის სწორად გადაწყვეტა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #N1/7/454 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგენს, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა შეფასებული უნდა იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე თუ 30-ე მუხლთან.
სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავება და განხორციელება საქართველოს კონსტიტუციის რომელი მუხლითაა გარანტირებული (29 თუ 30) საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუმარტავს. იმის გათვალისწინებით, რომ მანდატურის სამსახური სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობაშია, არის საჯარო მოხელე და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შემოწმდეს 29-ე მუხლთან მიმართებით მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ 03.11.1998წ #2/80-9 საქმეს ,,საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის უფლებები კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით განმარტა საკითხი არ არის ცალსახა და საჭიროა აღნშნული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე თუ 30-ე მუხლთან მიმართებით.
კონსტიტუციის 29-ე მუხლით: მუხლი 29 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა , თუ იგი აკმაყოფილებსკანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . 2. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ სამუშაოს არჩევის, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.
,,სასამართლო კოლეგიის ღრმა წმენით ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მთელი სასამართლო სისტემის მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (თანამდებობიდან დათხოვნას) ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, აშკარად, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეოთხე პუნქტს. (03.11.1998წ #2/80-9 საქმეში საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მელაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” მიუთითა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს,,
“კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული”. (2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს,,
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ასევე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მისი გონივრული განმარტება მოითხოვს, რომ “„...სადავო ნორმა არ იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე «საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ»).
ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს ორგანული კანონით ,,შრომის კოდექსის,, მე-6 და 37-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები მე-6 მუხლის 1/3 ნაწილის შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ასევე, 37-ე მუხლით დადგენილია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები. შრომის კოდექსი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მსგავს საფუძველს არ ითვალისწინებს.
სადავო ნორმის როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე სხვა ნორმებთან ერთობლიობაში წაკითხვა და მისი გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ნორმა წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებასთან. ვინაიდან, სადავო ნორმით იმპერატიულად დგინდება, რომ ,, ,,სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია,,
ლეგიტიმური მიზანი და პროპორცია უფლების შეზღუდვასთან. სადავო ნორმის წყალობით, სასამართლოს მანდატურის შრომითი უფლებები არ არის დაცული. მანდატური რაც არ უნდა კვალიფიციური და კეთილსინდისიერი იყოს ის ავტომატურად გათავისუფლდება სამსახურიდან მიუხედავად მისი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობისა 50 წლის ასაკის მიღწევისთანავე.
ბუნებრივია, შესაბამისი მიზნების განხორციელებისათვის და დადგენილი წესების დაცვით, გარკვეულ პირობებში დასაშვებია სასამართლოს მანდატურის გათავისუფლება. როგორც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლით დგინდება თანამდებობზე ინიშნება: საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამდენად, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს ,,შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობის,, არმქონე კადრებისგან სამსახურის გათავისუფლება მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეზღუდვა არის უკიდურესი (ზღვრული ასაკი 50 წელია)
შრომის უფლება არ წარმოადგენს აფსოლიტურ უფლებას, შესაბამისად, უფლებების შეზღუდვისთვის საჭიროა ,,ლეგიტიმური მიზანი,, და პროპორციის დაცვა მიზანსა და შეზღუდვას შორის. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა. უფლების შეზღუდვა ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტების და პროცედურების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიშლება სამართლებრივი წესრიგი და უფლებათა შეზღუდვა ან რეგულირება ქაოტური და არაპროგნოზირებადი გახდება.
„ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მასში ჩარევა შესაძლებელია მკაცრი კონსტიტუციურ- სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც იცავს ნებისმიერ ადამიანს შესაძლო სახელისუფლებლო თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის,, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის №2/6/264 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „უნისერვისის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის №2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართვველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ არის აბსოლუტური და დასაშვებია შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად მიზნის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით.
,,თუმცა ჩარევის თანაზომიერების შეფასებისთვის მხედველობაშია მისაღები როგორც ჩარევის ინტენსივობა, ისე იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-69).
,,გამოსადეგობასთან ერთად, მზღუდავი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, არ უნდა არსებობდეს ამავე ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდავი საშუალებით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. ნორმის მზღუდავი ეფექტის ლეგიტიმურ მიზნებთან თანაზომიერება მოითხოვს უფლებაში ჩარევის ინდივიდუალიზაციასა და საჭიროებებზე მაქსიმალურ მორგებას. ნორმა, რომელიც უპირობოდ და სრულად ზღუდავს უფლებას, რთულად თუ დააკმაყოფილებს კონსტიტუციურობის სტანდარტს. ამავდროულად, უფლებამზღუდავი რეგულაციის საჭიროებებზე მორგება მთელ რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.,, 08.10.2014წ #2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე: ,,საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.,, (პარ 79)
ასევე „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. მიუთითა, რომ „სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, ხელისუფლების უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ამ უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ადამიანის უფლებების არსიდან გამომდინარე ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. შესაბამისად, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის, შეამცირებს ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა“
იმპერატიული პირობა, როდესაც 50 წლის შესრულებისთანავე ადამიანი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობოდან შესაძლოა, მიზნად ისახავდეს ისეთი უნარ-ჩვევების მქონე თანამშრომელთა მობილიზებას, რომლებიც საჭიროა მანდატურის სამსახურისთვის მაგრამ საჭირო უნარ-ჩვევების ავტომატურად ასაკთან მიბმა ჯეროვან დასაბუთებას საჭიროებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თანამდებობა დაიკავა 48 წლის ასაკში რაც მიუთითებს, რომ მან დააკმაყოფილა საჭირო სტანდარტი და შესაბამისად, რთულად დასაბუთებადია 2 წლის შემდეგ მისი შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან. ერთი მხრივ კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება და მეორე მხრივ, ორგანული კანონით გათვალისწინებული პირობა ერთმანეთთან შეუსაბამოა. ,,ასეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით,, მოქმედი თანამშრომლებისთვის ატესტაციის, გამოცდის, ხელახალი შემოწმების ჩატარება და ინდივიდუალურად გადაწყვეტა უნდა გააგრძელოს თუ არა მან მუშაობა.
ასევე მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა მაგ. აშშ-ში არსებული რეგულირების შესაბამისად, სასამართლოს უსაფრთხოების ოფიცერთათვის დადგენილია საკვალიფიკაციო მოთხოვნები რომელთა შესაბამისადაც (Court Security Officers) შეიძლება იყოს სათანადო მონაცემების და უნარჩვევების პირი 21 წლის ასაკიდან, ზღვრული ასაკი დადგენილი არ არის მაგრამ, შესაძლოა შეზღუდვა იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი საჭირო უნარ-ჩვევებს ვერ დააკმაყოფილებს. (Be at least 21 years of age. While there is no maximum age limit for CSO positions, all applicants must be able to withstand the physical demands of the job and be capable of responding to emergency situations.)
http://www.usmarshals.gov/foia/Reading_Room_Information/Contracts/4th_circuit/contract/section_c.pdf-http://nevada.jobing.com/intercon-security-systems-inc/court-security-officer-las-vegas-nv-shared-time-2-243964 -https://www.glassdoor.com/job-listing/court-security-officer-yosemite-ca-shared-time-inter-con-security-systems-JV_IC3789105_KO0,46_KE47,73.htm?jl=1833642009
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ნათელია, რომ სადავო ნორმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებით გათვლისწინებულია: ,,სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია,, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
,,საერთო სასამართლოების შესახებ,, საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების (სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია) არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლთან მიმართებით.
კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 14 ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა , კანის ფერისა , ენისა , სქესისა ,რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა , ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა , წარმოშობისა , ქონებრივიდა წოდებრივი მდგომარეობისა , საცხოვრებელი ადგილისა.
კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებული ნიშნების ჩამონათვალი, არ არის ამომწურავი: საჭიროა ამ „ფუძემდებლური კონსტიტუციური ნორმა-პრინციპის სრულყოფილი განმარტება, მასში ობიექტივირებული ნების არსის გაგება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად უფლებას, არამედ კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, უზრუნველყოს თანასწორობა კანონის წინაშე, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ ან პირიქით. ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი ერთი შეხედვით გრამატიკული თვალსაზრისით ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის №2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სასამართლოს მანდატურის თანამდებობის დაკავება და განხორციელება დაკავშირებულია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღნიშნული კრიტერიუმების პარალელურად დადგენილია რომ ,,სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია,,
განმცხადებელი აკმაყოფილებდა ყოველგვარ მოთხოვნებს და გარდა ასაკისა, მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ ყოფილა. თანამდებობა მან დაიკავა 48 წლის ასაკში რითაც დადასტურდა, რომ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. ამ პირობებში მისი გათავისუფლება მხოლოდ ზღვრული ასაკის გამო, მიუთითებს დისკრიმინაციაზე.
განმცხადებელი, ისევე როგორც აღნიშნულ სამსახურში მოღვაწე 50 წელზე ნაკლები ასაკის სხვა თანამშრომლები, განხილული უნდა იქნეს როგორც ,,არსებითად თანასწორნი,, სადავო ნორმით კი დაშვებულია არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ, რაც მიუთითებს დისკრიმინაციას ასაკის გამო.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილებაში განისაზღვრა, რომ სასამართლოს მიდგომა დიფერენცირების კონსტიტუციურობის შეფასებისას ვერ იქნება ერთგვაროვანი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის მიმართ. სწორედ ამიტომ სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაციის შეფასების კრიტერიუმები. პირველი არის ეგრეთ წოდებული მკაცრი შეფასების ტესტი, რომელიც ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, ,,არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესეი,, (საკონსტიტუციო საამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება, II.პ.7 25 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 530 26 ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი 2013, გვ 40 16) დანარჩენ შემთხვევაში კი მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. იმ შემთხვევაში თუკი დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, გამოიყენება შეფასების მკაცრი ტესტი, ხოლო ინტენსივობა თუკი დაბალია, სასამართლო იყენებს „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს.“, რომლის მიხევდვითაც ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთება, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდაუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. ამრიგად, სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობის შეფასებისას იყენებს ორ განსხვავებულ ტესტს, ხოლო საკითხი, თუ რომელი ტესტის საფუძველზე შეაფასებს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნიშნით ხდება დიფერენცირება და რამდენად მაღალია ჩარევის ინტენსივობა. ,,ჩარევის ინტენსივობის,, და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საჭიროა ე.წ. ,,მკაცრი ტესტის,, გამოყენება. კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არ არის აბსოლუტურად აუცილებელი და არ არსებობს სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი ამგვარი შეზღუდვისათვის |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა