სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/1593 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი ‒ სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე ‒ წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე ‒ წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი ‒ წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 195-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1593) მომართეს მოსარჩელეებმა: სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ“, ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირმა“, სსიპ „მეგობართა რელიგიურმა საზოგადოებამ (კვაკერები)“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ საქართველოში“. №1593 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 19 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1593 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის მიეკუთვნება რელიგიურ საქმიანობას. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამატებითი ღირებულების გადასახადით (შემდგომში - დღგ) იბეგრება საქონლის იმპორტი. ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აწესრიგებს პირველ პუნქტში ჩამოთვლილ უფლებათა შეზღუდვის საფუძველსა და წესს.
5. მოსარჩელეები წარმოადგენენ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ რელიგიურ საქმიანობას და აღასრულებენ საღვთისმსახურო რიტუალებს, რისთვისაც იყენებენ სხვადასხვა რელიგიური დანიშნულების საგნებს.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, რელიგიური ღვთისმსახურებისთვის საჭირო ზოგიერთი საგნისა და პროდუქციის საქართველოში წარმოება, თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, რელიგიური ორგანიზაციები აღნიშნულ პროდუქციას მოიპოვებენ სხვა ქვეყნიდან შემოტანის, იმპორტის მეშვეობით.
7. რელიგიური საგნების იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, რელიგიური საქმიანობის ცნების ქვეშ არ მოიაზრება. მოსარჩელე მხარის განცხადებით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე რელიგიური საგნის იმპორტის რელიგიური საქმიანობის სფეროდან გამორიცხვა, საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, აღნიშნულ ქმედებას აქცევს ეკონომიკური საქმიანობის სფეროში, რაც ავტომატურად ნიშნავს მასზე შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას. კერძოდ, რელიგიური საგნების იმპორტისათვის მოსარჩელე რელიგიურ ორგანიზაციებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკისრებათ დღგ-ის გადახდის ვალდებულება, ხოლო ამავე კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, ისინი ვალდებულნი არიან, გადაიხადონ იმპორტის გადასახადი.
8. აღნიშნულის პარალელურად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ დადებული კონსტიტუციური შეთანხმების (შემდგომში - კონსტიტუციური შეთანხმება) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადებისაგან გათავისუფლებულია, მათ შორის, ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქციის შემოტანა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციური შეთანხმების ხსენებული დებულებისა და სადავო ნორმების ერთობლივი წაკითხვის შედეგად აშკარაა, რომ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, ვინაიდან საქართველოში რელიგიური პროდუქციის იმპორტის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოა გათავისუფლებული დღგ-ისა და იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რელიგიური რიტუალების სათანადოდ წარმართვისათვის, შესაბამისი საღვთისმსახურო საგნების ფლობა თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი რელიგიური გაერთიანებისათვის. შესაბამისად, რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ თანაბარი ინტერესი იმისა, რომ აღნიშნული საგნების საქართველოში იმპორტი თავისუფალი იყოს საგადასახადო ვალდებულებებისაგან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას.
10. ამასთან, მოსარჩელე მხარის განცხადებით, აღნიშნულ დიფერენცირებას ვერ გაამართლებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები, ვინაიდან საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება არ გულისხმობს განსახილველი პრივილეგიის მინიჭებას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
11. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირება ხდება კლასიკური, კერძოდ, რელიგიის ნიშნის საფუძველზე, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.
12. გარდა დისკრიმინაციული მოპყრობისა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლი გამორიცხავს რელიგიური საგნების იმპორტს რელიგიური საქმიანობის სფეროდან და მიაკუთვნებს მას ეკონომიკურ საქმიანობას, ამით ხდება ჩარევა კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ რელიგიის თავისუფლებაში.
13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, რწმენის თავისუფლება მოიცავს, მათ შორის, რწმენის შესაბამისად ცხოვრების უფლებას. რელიგიის გაცხადებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიგიური დანიშნულების საგნები და საღვთისმსახურო პროდუქცია, რომლის გარეშეც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია რელიგიური რიტუალების ჩატარება. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია შესაბამისი რელიგიური საგნის/პროდუქტის საქართველოში წარმოება, აუცილებელია მისი იმპორტის გზით შემოტანა.
14. მაშასადამე, სპეციფიკური რელიგიური საგნების საქართველოში იმპორტი, მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს რელიგიური ღვთისმსახურების ჩატარებისა და, შესაბამისად, რელიგიის გაცხადების აუცილებელ პირობას. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლი რელიგიური საგნების იმპორტს რელიგიურ საქმიანობად არ განიხილავს, მასზე ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობისათვის გათვალისწინებული დღგ და იმპორტის გადასახადი, რაც ართულებს მსგავსი პროდუქციის საქართველოში შემოტანას და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციებისათვის, რათა იმოქმედონ საკუთარი რწმენისა და რელიგიის შესაბამისად.
15. მოსარჩელე მხარის პოზიციით, რელიგიური საგნების იმპორტზე საგადასახადო ვალდებულებების დაწესება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსგავსი პროდუქციის საქართველოში წარმოებისას იგი თავისუფლდება დღგ-ისაგან, არაეფექტურია და წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას.
16. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1593 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა რელიგიური დანიშნულების საგნების იმპორტს გამორიცხავს რელიგიური საქმიანობის სფეროდან და განიხილავს მას ეკონომიკურ საქმიანობად საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის. შედეგად, მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციები, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებით, რელიგიური საგნების/პროდუქციის იმპორტირებისას იბეგრებიან დღგ-ით და იმპორტის გადასახადით, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებს მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ლახავს მოსარჩელეთა რელიგიურ თავისუფლებას.
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლი მოქცეულია ამავე კოდექსის პირველი კარის მე-2 თავში, სადაც განმარტებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში გამოყენებული ცნებებისა და ტერმინების მნიშვნელობა. კონკრეტულად სადავო ნორმა ითვალისწინებს იმ ქმედებათა ჩამონათვალს, რომლებიც მიიჩნევა რელიგიურ საქმიანობად საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება რელიგიური საქმიანობის ცნების განმარტებით. რაც შეეხება კონკრეტული საგადასახადო ვალდებულებების დაკისრების შემთხვევებს, დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებისა და გადასახადის გადამხდელ სუბიექტთა განსაზღვრის წესს, აღნიშნულ სამართალურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვა, მათ შორის, ამავე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი დებულებები.
5. ამდენად, მოსარჩელისათვის პრობლემურ ნორმატიულ შინაარსს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლი არ ატარებს. აღნიშნული ნორმა შესაძლოა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს სხვა ნორმების უფლების მზღუდავი შინაარსის აღქმისთვის, თუმცა თავად მას ძირითადი უფლების შეზღუდვის პოტენციალი არ გააჩნია.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ მისი შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1593 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1593 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1593 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 195-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1593 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ა(ა)იპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, ა(ა)იპ „საქართველოს ებრაელთა კავშირი“, სსიპ „მეგობართა რელიგიური საზოგადოება (კვაკერები)“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. №1422 და №1593 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი