სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/1422 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:51 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1422) მომართეს მოსარჩელეებმა: სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“. №1422 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 8 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1422 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. №1422 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი რეზიდენტ ორგანიზაციებს განუსაზღვრავს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებას.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებით დაბეგვრის ობიექტში ექცევა, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული მიწა, რომელიც წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და, ამასთან, არ გამოიყენება ეკონომიკური მიზნებისათვის.
7. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქო გათავისუფლებულია არაეკონომიკური საქმიანობისათვის არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან, მაშინ როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი მსგავს შეღავათს სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვის არ ითვალისწინებს.
8. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის აზრით, დასახელებული ნორმების ერთობლივი წაკითხვის შედეგად, აშკარაა, შესადარებელ სუბიექტებს, კერძოდ, ერთი მხრივ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და, მეორე მხრივ, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიფერენცირებული მოპყრობა. ამ კონტექსტში, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებას, წამგებიან მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელე რელიგიურ ორგანიზაციებს საქართველოს საპატრიარქოსთან მიმართებით.
9. ამასთან, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ შესადარებელი სუბიექტები, მოსაწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მათი სტატუსი, საქმიანობა და მიზნები ანალოგიურია. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არ არსებობს სახელმწიფოს გამოკვეთილი ინტერესი და ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა შესადარებელ სუბიექტებს შორის დიფერენცირებულ მოპყრობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1422 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1422 კონსტიტუციური სარჩელი („სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი