მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/1591 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, |
თარიღი | 11 ივნისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2021 16:38 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1591) მომართა საქართველოს მოქალაქე მერაბ მურადაშვილმა. №1591 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 19 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 11 ივნისს.
2. №1591 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის 55 წელს შეადგენს, ხოლო ამავე კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე ბრძანების 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მიუთითებს ზღვრული ასაკის მიღწევას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
5. №1591 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს გორის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს I სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი/მძღოლი/სამოქალაქო უსაფრთხოების სერჟანტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.
6. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს უდგენს არსებითად თანასწორ პირებს, კერძოდ, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, 55 წელს მიღწეული უმცროსი/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ხოლო, მეორე მხრივ, ის მოსამსახურეები, რომელთაც 55 წლისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, ერთი ჯგუფის წევრები სრულად კარგავენ უფლებას, დაიკავონ უმცროსი/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობა და, ასევე, მათ მიმართ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების ავტომატური საფუძველი, ხოლო მეორე ჯგუფის მიმართ ამგვარი შეზღუდვები არ ვრცელდება.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე უმცროს და საშუალო მოსამსახურეებს შეეძლოთ მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და, შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასაც. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენდეს, თუმცა მიზნის მიღწევის საშუალება არ არის გამოსადეგი.
8. მოსარჩელე არ დაობს იმ გარემოებაზე, რომ ნებისმიერი უმცროსი/საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელება გულისხმობს ბუნებრივ სტიქიებთან ბრძოლას, ხოლო მათზე დამოკიდებული მოვალეობების შესასრულებლად საჭიროა მოსამსახურეთა ფიზიკური და მენტალური მდგრადობა, ასევე იმ უნარ-ჩვევების არსებობა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივ სტიქიებთან ბრძოლაში, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ 55 წელი არ უნდა იქნეს მიჩნეული იმ ასაკობრივ კატეგორიად, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც, მეხანძრე-მაშველთა დიდი ჯგუფი აუცილებლად კარგავს შესაძლებლობას, განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები.
9. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ, თავისთავად, შესაძლოა, გარკვეულ ასაკში მყოფ პირთა დიდი უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყოს კონკრეტული საქმიანობის სათანადოდ განხორციელება, არ წარმოადგენს დიფერენცირების გამამართლებელ თვითკმარ საფუძველს და სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა.
10. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ წესზე, რომელიც მეხანძრე-მაშველის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად ითვალისწინებს ფიზიკური შესაძლებლობების შესამოწმებლად შესაბამისი პროგრამის წარუმატებლად გავლას და აღნიშნავს, რომ ეს წესი ისედაც ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველის თანამდებობიდან გათავისუფლებას, თუ მას დაუქვეითდა ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები, რომელიც ესაჭიროება სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ განსახორციელებლად. ამდენად, შესაძლებელია ისეთი მექანიზმის შემოღება, რომ მეხანძრე-მაშველები 55 წლის ასაკის მიღწევისას დაექვემდებარონ შემოწმებას, რაც არ იქნება დაკავშირებული დამატებით არაგონივრულ ადმინისტრაციულ ხარჯებთან, რადგან კანონმდებლობით, ისედაც გათვალისწინებულია ფიზიკური მომზადების დონის პერიოდული შემოწმება.
11. მოსარჩელე ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ, მართალია, სადავო კანონიც და ბრძანებაც შეიცავს ნორმებს, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას, მიმართოს სამსახურის უფროსს სამსახურის ვადის 5 წლით გაგრძელების შესახებ, თუმცა ასეთ შემთხვეაში მისი სამსახურებრივი მოვალეობის გაგრძელების შესაძლებლობა დამოკიდებულია სამსახურის უფროსის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არა პირის ინდივიდუალური ფიზიკური დონის შემოწმებისა და სამსახურის პირობებთან შესაბამისობის საფუძველზე.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1591 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1591 კონსტიტუციური სარჩელი („მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი