მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1591 |
ავტორ(ებ)ი | მერაბ მურადაშვილი |
თარიღი | 15 აპრილი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი
ბ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესი.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: “სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: „სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, აგრეთვე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: „სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია უმცროსი სპეციალური წოდების ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა – 55 წელი.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: “სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა, შეიძლება ასევე გათავისუფლდეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო“. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2020 წლის 9 დეკემბრის ბრძანება მერაბ მურადაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ(იხ: დანართი 1).
აღნიშნული ბრძანების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს გორის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს I სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი/მძღოლი/სამოქალაქო უსაფრთხოების სერჟანტი მერაბ მურადაშვილი გათავისუფლებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
ბრძანებაში მითითებულია, რომ მერაბ მურადაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის წესის გავლის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანებით (შემდეგში „შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანება“) დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომელის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო).
აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მოსარჩელე მერაბ მურადაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ბრძანების 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის - 55 წელს მიღწევა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს იდავოს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედოს მის სამსახურიდან გათავისუფლებას.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია როგორც კანონი, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი საკანონმდებლო აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმების ანალიზი და დავის საგანი
წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია გაანალიზდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის(შემდეგში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ფუნქცია სახელმწიფო უსაფრთოხების საკითხებში და მეხანძრე-მაშველის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების განხორციელების ერთ-ერთი რგოლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა საფეხურების გავლაა საჭირო მეხანძრე-მაშველის სტატუსის მოსაპოვებლად და როგორ ხდება მათი სამსახურიდან გათავისუფლება.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისა და ეროვნული სისტემის განვითარების ფუნქციასთან ერთად აკისრია ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზების, განვითარებისა და მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის ფუნქციაც. აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად კი მნიშვნელოვანია იმ ადამიანური რესურსების მობილიზება, რომლებიც დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას ინციდენტებსა და საგანგებო სიტუაციებზე.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ მიიღება საქართველოს მოქალაქე/უცხოელი,
რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 9 ნოემბრის N157 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სპეციალური კონკურსი შედგება 8 ეტაპისგან. კერძოდ: ა) აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა; ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება; დ)სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება; ე) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება; ვ) სპეციალური შემოწმება; ზ) გამოსაცდელი ვადით დანიშვნა; თ) სამსახურში მიღება. თუკი კანდიდატი აღნიშნულ ეტაპებს გაივლის წარმატებით, ის დაიკავებს ვაკანტურ თანამდებობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების წესს, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლეს თანამდებობიდან ან/და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ამავე კანონის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი უმცროსი სპეციალური წოდების ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა შეადგენს 55 წელს. აღნიშნული კანონის მსგავსად, სამსახურიდან გათავისუფლების იგივე წესს ადგენს მისი კანონქვემდებარე შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანება. კერძოდ, ბრძანების 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი თანამდებობიდან/სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის საფუძვლად ითვალისწინებს სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევას, ხოლო ბრძანების 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკად 55 წელს მიიჩნევს.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მესამე პრიმა პუნქტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) სისტემის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პრიმა მუხლის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სამოქალაქო უსაფრთხოების.“ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს გორის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს I სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი/მძღოლი/, სამოქალაქო უსაფრთხოების სერჟანტს. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით სერჟანტი წარმოადგენს უმცროს სპეციალურ წოდებას. ამდენად, მოსარჩელე წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც ამავდროულად არის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი და რომელზეც ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონითა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანებით დადგენილი სამსახურიდან გათავისუფლების წესი - ზღვრული ასაკი წარმოადგენს სამსახურიდან ავტომატური გათავისუფლების საფუძველს.
წინამდებარე სარჩელში მოსარჩელის პოზიციის ცხადად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილი და შინაგან საქმეთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნული ნორმების მიხედვით, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო ცნობის/დასკვნის არსებობისას, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს (მათ შორის უმცროს/საშუალო წოდების მქონე მოსამსახურეს), საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით. მართალია, აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას, მიმართოს სამსახურის უფროსს სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ, თუმცა ასეთ შემთხვეაში 55 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის გაგრძელების შესაძლებლობა დამოკიდებულია სამსახურის უფროსის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ, როდესაც მოსარჩელე ითხოვს 55 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, მისი სამსახურში დარჩენის საკითხი გადაწყდეს ინდივიდუალური ფიზიკური დონის შემოწმების შემდეგ იმის მიხედვით აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონმდებლობით დადგენილ სამსახურის გავლის პირობებს, აღნიშნულ ნორმებში მოცემული მექანიზმი ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნას, რადგანაც ასეთ დროს მოსარჩელის სამსახურში დატოვება დამოკიდებულია სამსახურის უფროსის დისკრეციაზე და არა იმაზე მოსარჩელე აკმაყოფილებს თუ არა კანონმდებლობით დადგენილ სამსახურის გავლის პირობებს. შესაბამისად, აღნიშნულმა ნორმებს წინამდებარე სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსთან არ აქვს კავშირი და სასამართლოს მხრიდან მათზე ყურადღება არ უნდა იქნეს გამახვილებული.
საკანონმდებლო ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, დგინდება, რომ უმცროსი ან საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკია 55 წელი. აღნიშნულ ასაკს მიღწეული სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი კი ავტომატურად თავისუფლდება სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სარჩელით მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის N4 ბრძანების 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უმცროსი ან საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლებას/დათხოვნას ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე ითვალისწინებს ავტომატურად.
2. სადავო ნორმების შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1. უფლებით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა
მოსარჩელე სადავო ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია თანასწორობის უფლება, მისი ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“.
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით. ან პირიქით, არსებითად უთანასწორო პირებს ამყოფებს თანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში. შესაბამისად, წინამდებარე დავის მიზნებისთვის უნდა დადგინდეს, რომელი შემთხვევაა სახეზე, რათა განისაზღვროს სადავო ნორმა ახდენს თუ არა თანასწორობის უფლებაში ჩარევას.
სადავო ნორმის მიხედვით, შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, 55 წელს მიღწეული უმცროსი/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ხოლო მეორე მხრივ, ის მოსამსახურეები, რომელსაც 55 წლისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. კერძოდ, სადავო ნორმის მიხედვით, 55 წელს მიღწეული უმცროსი/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ერთი მხრივ, კარგავენ უფლებას, დაიკავონ უმცროსი/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობა, ხოლო მეორე მხრივ, მათ მიმართ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების ავტომატური საფუძველი. ასაკზე მიბმული სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს 55 წელს მიუღწეველი მოსამსახურეებისთვის. ამასთან, აღნიშნული ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რადგან ორივე ჯგუფს გააჩნია თანაბარი ინტერესი ეკავოს უმცროსი/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის თანამდებობა და მათ მიმართ ასაკობრივი შეზღუდვის გარდა არ არსებობს კანონმდებლობით დადგენილის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძველი. შესადარებელი ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ ასაკით, რაც ვერ იქნება მათი არსებითად განსხვავებულობის განმაპირობებელი გარემოება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს უდგენს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს, რაც ნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
2.2. შეფასების ტესტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თანასწორობების უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმის შეფასება შესაძლოა მოხდეს მკაცრი ან რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე. სადავო ნორმა მკაცრი ტესტით შეფასდება მაშინ, თუ დიფერენცირების ნიშანი წარმოადგენს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილ კლასიკურ ნიშანთაგან ერთ-ერთს ან/და თუ დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით. ამისგან განსხვავებით, თუ დიფერენცირება არც კლასიკური ნიშნით ხდება და არც მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ტესტს. შეფასების ტესტებს შორის განსხვავებას განაპირობებს სასამართლოს მიერ სადავო ნორმისადმი შეფასების სიმკაცრე. კერძოდ, თუ დიფერენცირება ფასდება მკაცრი ტესტით, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ დიფერენცირების გარდაუვალობა გამოწვეულია დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობით, ამისგან განსხვავებით რაციონალური დიფერენცირების ტესტით შეფასებისას სახელმწიფოს მოეთხოვება დიფერენცირების რაციონალურობის დასაბუთება.[1]
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში მოიძებნება ზემოთ დასახელებული პრაქტიკისგან განსხვავებული შეფასების ტესტის დამკვიდრების მცდელობა ასაკის ნიშნით დიფერენცირების შემთხვევებში. კერძოდ, 2018 წლის 4 დეკემბრის №3/2/767/1272 საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად“.[2] აშკარაა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ შეიმუშავა ასაკით განპირობებული დიფერენცირების შეფასების განსხვავებული ტესტი, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს (1) ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან (2) რაციონალურ და (3) გონივრულ კავშირში.
ასაკობრივი ნიშნით დიფერენცირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება საქმეზე - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, კანონმდებელი ვალდებულია დაასაბუთოს:
1. კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. უნდა დასაბუთდეს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. იმავდროულად, ხსენებული უნარების შესუსტება, დაქვეითება, უნდა იქნეს შეფასებული არა ზოგადად, არამედ საქმიანობის იმ სახესთან მიმართებით, რომელთა განხორციელებაც იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევის შემდგომ.
2. თუ კანონმდებელი დაასაბუთებს, რომ გარკვეულ ასაკში მყოფ პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს საქმიანობის სათანადოდ განხორცილებას მან ასევე უნდა დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა.[3]
წინამდებარე დავისთვის მნიშვნელოვანია ზემოთ დასახელებული ორივე გადაწყვეტილებაში გამოყენებული ტესტის ფარგლებში შეფასდეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა. კერძოდ, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება გააჩნდეს სახელმწიფოს შესადარებელ ჯგუფთა დიფერენცირებისას, ამასთან უნდა დადგინდეს აქვს თუ არა დიფერენცირებას რაციონალური და გონივრული მიმართება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. ამასთან, უნდა შეფასდეს ისიც, თუ რამდენად კმაყოფილდება ორსაფეხურიანი ტესტის კრიტერიუმებიც.
2.3. ლეგიტიმური მიზანი
როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს ერთი მხრივ 55 წელს მიღწეულ უმცროს/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, ხოლო მეორე მხრივ 55 წელს მიუღწეველ მოსამსახურეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს თუ რა შეიძლება იყოს აღნიშნული დიფერენცირების განმაპირობებელი ლეგიტიმური მიზანი.
სადავო ნორმის საფუძველზე დიფერენცირებული პირები წარმოადგენენ უმცროს/საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, რომლებიც ირიცხებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. თავის მხრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე უმცროს და საშუალო მოსამსახურეებს შეეძლოთ მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევებში საფრთხე შეექმნებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და შესაბამისად სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვასაც. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან დიფერენცირების შესაძლო ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, რაც ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმით გამოწვეული დიფერენცირება სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სხვა კრიტერიუმებს.
2.4. დიფერენცირების რაციონალურობა და გამოსადეგობა
იმის დასადგენად თუ რამდენად არსებობს 55 წლის ასაკის მიღწეული უმცროსი/საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის ბლანკეტურად სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას შორის რაციონალური კავშირი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია შემოწმდეს 55 წლის ასაკამდე მიღწევა რამდენად ამცირებს აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი პირების დიდი უმრავლესობის შესაძლებლობებს განახორციელოს მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ფუნქციები.
მოსარჩელე დაკავებული თანამდებობის პირობებში წარმოადგენდა სახანძრო-სამაშველო მანქანის მძღოლს. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ჰ2 პუნქტის მიხედვით, მეხანძრე-მაშველი არის პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკასა და ჩაქრობას, ატარებს სამაშველო/საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციას და მასზე რეაგირებას, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამასთან, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის N153 დადგენილების მე-13 მუხლის მიხედვით, მეხანძრე-მაშველი ვალდებულია: ა) მზად იყოს საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სრულყოს თავისი ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს; გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება; დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები; ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში – აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ; ვ) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოთა შესრულებისას; ზ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. ხოლო ამავე ბრძანების მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მეხანძრე-მაშველის რეჟიმი ყოველდღიური საქმიანობისას დგინდება შინაგანაწესით, მორიგეობის გრაფიკით, სწავლებისა და სხვა სპეციალური მომზადების ღონისძიებების განრიგით.
კანონმდებლობის ანალიზიდან დგინდება, რომ როგორც მოსარჩელის ასევე ნებისმიერ უმცროს/საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელება გულისხმობს ბუნებრივ სტიქიებთან ბრძოლას, ხოლო მათზე დამოკიდებული მოვალეობების შესასრულებლად საჭიროა მოსამსახურეთა ფიზიკური და მენტალური მდგრადობა, ასევე იმ უნარ ჩვევების არსებობა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივ სტიქიებთან ბრძოლაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთხელ უკვე შეაფასა რამდენად წარმოადგენდა 50 წლის ასაკის მიღწევა იმ გარემოებას, რომელიც აქვეითებდა პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობას იმდენად, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მანდატურის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება. საქმეში მოწვეული სპეციალისტის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „ადამიანის ფიზიკური უნარები ინდივიდუალურია და, 50 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შორის, შესაძლოა, მართლაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მონაცემები არ შეესატყვისება მანდატურის ფუნქციებს. თუმცა, როგორც სპეციალისტის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ფიზიკური მონაცემების დაქვეითება და ჯანმრთელობის გაუარესება არ არის 50 წლის ასაკს მიღწევით გამოწვეული და პირდაპირ არ უკავშირდება ამ ასაკობრივ ჯგუფში მოხვედრას. შესაბამისად, ამ ასაკობრივი ზღვრის დაწესება არ არის ასაკიდან გამომდინარე ფიზიკური მონაცემების დაქვეითებისა თუ ჯანმრთელობის გაუარესების განსაზღვრის რაციონალური კრიტერიუმი“[4]. სასამართლოს მანდატურისა და მეხანძრის საქმიანობის სპეციფიკა ერთმანეთთან კავშირშია, რადგან, როგორც სასამართლო მანდატურის უფლებამოსილებების, ასევე მეხანძრის უფლებამოსილებების განხორციელება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. სასამართლომ ერთხელ უკვე მიიჩნია, რომ 50 წელი არ წარმოადგენს იმ ასაკს, რომელიც იმდენად შეამცირებდა ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებს, რომ ის ვერ შეძლებდა განეხორციელებინა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ცალკეულ ფიზიკური ძალის, იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება. წინამდებარე დავის მიზნებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მაქსიმალურ ასაკობრივ ზღვრად 50 წლის ნაცვლად დაწესებულია 55 წელი. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 5 წელი არ წარმოადგენს იმ პერიოდს, რომელიც ისე დააქვეითებდა ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება 50 წლის ადამიანთა ჯგუფის შესაძლებლობების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით ეჭვ ქვეშ იქნეს დაყენებული.
ამდენად, 55 წელი არ უნდა იქნეს მიჩნეული იმ ასაკობრივ კატეგორიად, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც მეხანძრე-მაშველთა დიდი ჯგუფი კარგავს შესაძლებლობას განახორციელოს მასზე დაკისრებული ფუნქციები. შესაბამისად არ არსებობს დიფერენცირებასა ლეგიტიმურ მიზანს შორის რაციონალური კავშირი, რის სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
თუმცა, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 55 წლის მეხანძრე მაშველების დიდი უმრავლესობა, მანდატურებისგან განსხვავებული სამსახურებრივი სპეციფიკის გამო კარგავს შესაძლებლობას განხორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, უნდა შემოწმდეს დიფერენცირების გამოსადეგობა. ამისთვის კი სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა.
თავისთავად ის, რომ შესაძლოა გარკვეულ ასაკში მყოფ პირთა დიდი უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყოს კონკრეტული საქმიანობის სათანადოდ განხორციელება, არ წარმოადგენს დიფერენცირების გამამართლებელ თვითკმარ საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამგვარი მიდგომა გაუმართლებლად ფართო სივრცეს დატოვებდა ასაკის ნიშნით ადამიანების დიფერენცირებისთვის, რაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში არ იყოს განპირობებული რაციონალური და ობიექტური საჭიროებით და, შედეგად, მოახდინოს გარკვეულ ზღვრულ ასაკს მიღწეული ადამიანების თვითმიზნური დისკრიმინაცია. შესაბამისად, კანონმდებელმა ხსენებული ურთიერთობები იმგვარად უნდა დაარეგულიროს, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი ასაკოვან თანამდებობის პირთა უფლებებსა და კონკრეტული პოზიციის მახასიათებლებით განპირობებულ საჯარო ინტერესებს შორის“.[5]
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებობს მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა. ამას ადასტურებს გასაჩივრებული ბრძანების 52-ე მუხლი, რომლიც მეხანძრე-მაშველის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად ითვალისწინებს შესაბამისი ფიზიკური დონის შემოწმების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო. სადავო ნორმების მიხედვით, 55 წლის ასაკის მქონე მეხანძრე-მაშველის თანამდებობიდან გათავისუფლება ეფუძნება დაშვებას, რომ აღნიშნულ ასაკს მიღწეული ადამიანს უქვეითდება ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები სამსახურებრივი მოვალეობების სათანადოდ განსახორციელებლად. თუმცა, როგორც კანონმდებლობის ანალიზიდან ირკვევა, მეხანძრე-მაშველი კანონმდებლობით დადგენილ ფიზიკური შემოწმების დონესთან შეუთავსებლობის მოტივით გათავისუფლდეს სამსახურიდან 55 წლის ასაკს მიღწევამდეც თანამდებობაზე ყოფნის დროს ნებისმიერ ასაკში.
სადავო ნორმები 55 წლის ასაკის უმცროსი/საშუალო სპეციალური წოდების მოსამსახურეებისთვის ბლანკეტურად ითვალისწინებს სამსახურებისგან გათავისუფლებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 55 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მეხანძრე-მაშველებს უნდა უტარდებოდეთ ფიზიკური უნარების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წყდებოდეს მათი თანამდებობაზე დატოვების ან გათავისუფლების საკითხი. აღნიშნული ინდივიდუალური შეფასების მექანიზმის პირობებში, ერთი მხრივ, მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი, ხოლო მეორე მხრივ, არახელსაყრელ მდგომარეობაში არ იქნებიან ჩაყენებული ის ადამიანები, რომლებიც 55 წლის ასაკს მიღწევის მიუხედავად აკმაყოფილებენ მეხანძრე-მაშველისათვის კანონმდებლობით დადგენილ ფიზიკური ამტანობის დონეს. ამასთან, 55 წლის ასაკს მიღწევის შემდეგ თანამდებობის დაკავების საკითხის მსგავსად გადაწყვეტა არ უკავშირდება არაგონივრულ ხარჯებს, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთათვის ფიზიკური მომზადების დონის პერიოდულ შემოწმებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის გამოსადეგი საშუალება, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
[1] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 3 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-6.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის №3/2/767/1272 გადაწყვეტილება საქმეზე ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-40.
[3] საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-24-25.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის №3/2/767/1272 გადაწყვეტილება საქმეზე ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-25.
[5] საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის N2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქეები – გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-23.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი