საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/11/1605 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ნოემბერი 2021 12:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1605) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1605 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 18 ნოემბერს.
2. №1605 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „მოსამსახურეს, რომელსაც უმცროსი სპეციალური წოდება აქვს, შეუძლია სამსახურში 60 წლის ჩათვლით იმსახუროს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.
5. №1605 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ადგენს ზღვრულ ასაკს უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის, რომლის მიღწევის შემთხვევაში ის ავტომატურად გათავისუფლდება სამსახურიდან. შესაბამისად, სადავო ნორმა აწესებს ბლანკეტურ შეზღუდვას და არ ითვალისწინებს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ ფუნქციურ მონაცემებს. საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის გათავისუფლების სხვადასხვა შემთხვევებს, რომელიც უშუალოდ კავშირშია მის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულების შეუძლებლობასთან, მაგალითად, პირის შრომისუუნარობა, ჯანმრთელობის პრობლემა. სადავო ნორმა კი ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც ჩვეულებრივ შეუძლიათ განახორციელონ საქმიანობა ფუნქციებისა და პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე და მათი გათავისუფლება მხოლოდ იმ ფაქტის საფუძველზე ხდება, რომ 60 წელი შეუსრულდათ.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც ზღვრული ასაკის მიღწევის მიუხედავად, პირებს უგრძელდებათ საქმიანობის ვადა 5 წლამდე ვადით სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, ხოლო უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის ამგვარი შესაძლებლობა საერთოდ არ არსებობს. სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომ მოსამსახურე ვერ შეძლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური საფუძველია ზღვრული ასაკის მიღწევისას პირის გათავისუფლებისთვის, თუმცა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის შემთხვევაში მსგავსი შეფასებაც კი არ ხდება.
7. მოსარჩელე ასევე აპელირებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ფუნქციონირებს ორი ტიპის დანაყოფის მეშვეობით, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა ქვედანაყოფებს. ქვედანაყოფების, სტრუქტურული ერთეულებისა თუ სამმართველოების ფუნქციები განსხვავდება ერთმანეთისგან და მოიცავს როგორც ფიზიკურ აქტივობას, ასევე ორგანიზაციულ საკითხებსაც. უმცროსი სპეციალური წოდების ქვეშ ერთიანდებიან რიგითი, უმცროსი სერჟანტი, უფროსი სერჟანტი და ზემდეგი. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის რეგულირების ქვეშ ექცევიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფუნქცია-მოვალეობებს შეიძლება ასრულებდნენ, სადავო ნორმა კი მათ ბლანკეტურად უწესებს ზედა ზღვარს და არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ გარემოებებს.
8. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმის საფუძველზე 60 წელს მიღწეული და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მიმართ განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი არის დადგენილი. ვინაიდან არ არსებობს რაიმე ხელშესახები განსხვავება ამ პირებს შორის, გარდა იმისა, რომ ერთი კატეგორიის პირები დაუყონებლივ თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან, ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, რომელთაც აქვთ საქმიანობის განხორცილების თანაბარი ინტერესი და სადავო ნორმა ახდენს მათ დიფერენცირებას ასაკის საფუძველზე.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ კანონმდებელი უფლებამოსილია დააწესოს გარკვეული შეზღუდვები ისეთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ მისი ფუნქციების სრულფასოვნად და ეფექტიანად განხორცილება და თავად სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირება, თუმცა არსებითი მნიშვნელობისაა, რომ არსებული შეზღუდვა ემსახურებოდეს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
10. მოსარჩელე მხარე იშველიებს სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკულ შემთხვევებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმა თავისთავად გამორიცხავს განსხვავებული შემთხვევის არსებობის შესაძლებლობას და უმცროსი წოდების მქონე მოსამსახურე ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე კარგავს სამსახურს. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მათ მიმართეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და გამოითხოვეს ინფორმაცია, რა შემთხვევებში ხდებოდა პირების თანამდებობიდან გათავისუფლება, ხოლო პასუხად მიიღეს, რომ კანონმდებლობა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირების შემთხვევაში არ იძლეოდა დისკრეციის შესაძლებლობას და შესაბამისად, ზღვრული ასაკის მიღწევა გათავისუფლების ავტომატურ საფუძველს წარმოადგენდა ყველა შემთხვევაში. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს კონკრეტულ პრაქტიკულ შემთხვევაზე, როდესაც გათავისუფლებული პირის ფუნქციები საერთოდ არ იყო ფიზიკური ხასიათის და იგი სამსახურიდან არა მათი არაჯეროვნად შესრულების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ 60 წლის მიღწევის გამო იქნა გათავისუფლებული ყოველგვარი შეფასების გარეშე.
11. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ადამიანების ფიზიკური უნარები ინდივიდუალურია და 60 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შორის შესაძლოა მართლაც იყვნენ ისეთი პირები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური მონაცემები არ შეესაბამება უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ფუნქციებს, თუმცა 60 წლის ასაკის მიღწევა ავტომატურად არ ნიშნავს ფიზიკური მონაცემების დაქვეითებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად, ამ ზღვრული ასაკის დაწესება ვერ იქნება მიჩნეული რაციონალურ შეზღუდვად. მართალია, კონკრეტულ შემთხვევებში უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების საქმიანობა შესაძლოა მოითხოვდეს ისეთ ფიზიკურ მონაცემებს, რომელიც არ გააჩნია კონკრეტულ 60 წელს მიღწეულ პირს, თუმცა ამ შემთხვევაშიც გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველი იქნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება, რომელიც დადასტურდებოდა შესაბამისი დასკვნით და იმ პირობებში, როდესაც ასეთ შესაძლებლობას თავად კანონიც ითვალისწინებს, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ლოგიკას მოკლებულია.
12. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ დაწესებულების ეფექტიანი ფუქნციონირების ხელშეწყობა მნიშნელოვანი მიზანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისა და სტიგმატიზებისგან. ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი. ამგვარი მიდგომა გაუმართლებლად ფართო სივრცეს დატოვებდა ასაკის ნიშნით ადამიანების დიფერენცირებისთვის, რაც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში არ იყოს განპირობებული რაციონალური და ობიექტური საჭიროებით და, შედეგად, მოახდინოს გარკვეულ ზღვრულ ასაკს მიღწეული ადამიანების თვითმიზნური დისკრიმინაცია. შესაბამისად, კანონმდებელმა ხსენებული ურთიერთობები იმგვარად უნდა დაარეგულიროს, რომ დაცული იყოს გონივრული ბალანსი ასაკოვან თანამდებობის პირთა უფლებებსა და კონკრეტული პოზიციის მახასიათებლებით განპირობებულ საჯარო ინტერესებს შორის, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ხდება.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა 60 წელს მიღწეულ პირებს დისკრიმინაციულად ეპყრობა, შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
14. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1605 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1605 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. №1591 და №1605 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე