საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/2/821 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:18 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი - ეკა ქობესაშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და გიორგი ჩიფჩიური. ექსპერტები - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი - ირინე ბოხაშვილი და ადვოკატი - იოსებ ბარათაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №821) მომართა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 10 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 10 მაისს.
2. №821 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უფლებამოსილებას, განიხილოს მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმამ სასამართლოს საშუალება მისცა, გამოეყენებინა, მისი მტკიცებით, დაუშვებელი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შემდგომში მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.
6. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული წესით, მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმება ხდება წინასასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლო არკვევს, რამდენად იყო დაცული კანონის მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისას, ხოლო მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შესაძლოა დასაშვებად ცნოს მხარეთა მტკიცებულებები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ხასიათს ატარებენ. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის გამოყენებით, სასამართლოს საშუალება ეძლევა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვეთილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უარი უთხრას მხარეს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის და, შესაბამისად, კანონიერების შემოწმებაზე და აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. მოსარჩელე საერთო სასამართლოში მისი საქმის განხილვის პროცესზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის N1/ბ-281-15 განაჩენზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო ნორმა სასამართლოს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპი და მხარეს არ მისცეს შესაძლებლობა, მტკიცებულებათა გამოკვლევის საბოლოო ეტაპზე დააყენოს შუამდგომლობა მტკიცებულებათა კანონიერების შეფასების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, მხარეს უზღუდავს საშუალებას, დაარწმუნოს სასამართლო საკუთარი არგუმენტაციის სისწორეში და გავლენა მოახდინოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა კიდევ უფრო დიდ პრობლემას ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ წარმართული სისხლისსამართლებრივი პროცესის შემთხვევაში, რადგან ნაფიც მსაჯულებს არ გააჩნიათ იურიდიული განათლება და თეორიულადაც შეუძლებელია სათათბირო ოთახში შეაფასონ მტკიცებულებათა კანონიერება.
8. კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული წესი საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს უტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს მტკიცებულებათა გამოკვლევის ბოლო სტადიაზე „დაუშვებელ“, ანუ უკანონო მტკიცებულებად ცნობის შუამდგომლობის განხილვაზე. ხსენებული მნიშვნელოვნად ზრდის შეცდომებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს და მტკიცებულებათა შეფასებას მთლიანად მიანდობს მხოლოდ უფლებამოსილების მქონე პირის კეთილსინდისიერებასა და მიუკერძოებლობას, რაც ვერ ჩაითვლება დაცვის საკმარის გარანტიად და არღვევს მის კონსტიტუციურ უფლებებს. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა მხოლოდ კანონიერების ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით, და შესაძლებელია, მტკიცებულება, რომლის კანონიერების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შემოწმება არ მომხდარა, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განმტკიცებულ მხარეთა გარანტიებს.
9. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვას ზედმეტად ფორმალური ხასიათი გააჩნია. კერძოდ, მოსამართლე ამოწმებს, რამდენად კანონის დაცვით გაცვალეს მხარეებმა მტკიცებულებები და ისმენს მხარეების არგუმენტაციას მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წყვეტს, რომელი მტკიცებულებები უნდა დაერთოს საქმეს. საქმის განხილვის ამ ეტაპზე საერთოდ არ ხდება მტკიცებულებების შინაარსობრივი შეფასება. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობაზე მხარე შემდგომ საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვეღარ დავობს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტსა და 42 მუხლის მე-7 პუნქტს.
11. მოპასუხემ აღნიშნა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე გამორიცხავს და დაუშვებლად ცნობს ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა მოპოვებისას კანონის დარღვევა აშკარაა. ამ ეტაპზე სასამართლო არ აფასებს მტკიცებულების შინაარსობრივ მხარეს. აღნიშნული საკითხი არსებითი განხილვის სხდომაზე ფასდება. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხოლოდ მტკიცებულების ფორმალურ მხარეს, მისი მოპოვების კანონიერებას აფასებს.
12. მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა კანონიერების შეფასება ხორციელდება წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, მოსამართლეს შეუძლია, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც არ გაიზიაროს კონკრეტული მტკიცებულებები. კერძოდ, თუ ერთი მხარის მტკიცებულება ადასტურებს მეორე მხარის მტკიცებულების არასწორ შინაარსს, მოსამართლე არ გაიზიარებს ასეთი ტიპის მტკიცებულებას. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროსაც არის შესაძლებელი მტკიცებულებათა კანონიერების შესახებ მსჯელობა. ვინაიდან მოსამართლეს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აკისრია ვალდებულება, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელოს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებებით, იგი ვალდებულია, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც, სრულყოფილად გამოიკვლიოს მტკიცებულებათა კანონიერება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მხარეს აქვს კანონით მინიჭებული მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულ პრობლემას შესაძლოა, შემხებლობა ჰქონდეს კონსტიტუციის სხვა დებულებებთან, მაგრამ სადავო ნორმას არ აქვს მიმართება მოსარჩელის მიერ დასახელებულ კონსტიტუციურ უფლებებთან. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
14. საქმის განხილვის პროცესში ექსპერტად მოწვეულმა იოსებ ბარათაშვილმა აღნიშნა, თუ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვეთა, რომ კონკრეტული მტკიცებულება აშკარად დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, სასამართლო არ იხილავს მხარის შუამდგომლობას მტკიცებულების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ადგილი აქვს ორ შემთხვევაში: პირველი - როდესაც წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი, მაგრამ არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მტკიცებულება არ არის დასაშვები და მეორე - როდესაც მხარე ახალ მტკიცებულებას წარადგენს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და დაასაბუთებს, რომ მანამდე ეს მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა საპატიო მიზეზის არსებობის გამო, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე არ იხილავს მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, რატომ ვერ შეძლო მხარემ ამ მტკიცებულების წარმოდგენა წინასასამართლო სხდომაზე.
15. ექსპერტმა განმარტა, რომ მას არ მიაჩნია გამართლებულად მთლიანად სადავო ნორმის გაუქმება, არამედ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაყენებას. ამასთან, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი გააჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლს, 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს და 239-ე მუხლის პირველ ნაწილს ერთობლიობაში.
16. განსახილველ საქმეზე ექსპერტად მოწვეულმა ირინე ბოხაშვილმა მიუთითა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს არ შეუძლია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, იგი უფლებამოსილია, ესა თუ ის მტკიცებულება არ გაიზიაროს, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა მოსამართლისათვის, ვიდრე მტკიცებულების დასაშვებობაზე მსჯელობა. კერძოდ, მოსამართლეს შეუძლია, არსებითი განხილვის ეტაპზე იმსჯელოს არა მხოლოდ მტკიცებულების წარმომავლობასთან დაკავშირებით, არამედ ყოველმხრივ შეისწავლოს კონკრეტული მტკიცებულება და, მათ შორის, იმსჯელოს მის რელევანტურობაზეც.
17. ექსპერტის განმარტებით, წინასასამართლო სხდომის მიზანს წარმოადგენს საპროცესო ეკონომიის დაცვა. კერძოდ, მოსამართლეს არსებითი განხილვის სხდომაზე აღარ უწევს ისეთი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელთა დაუშვებლად ცნობა, მათი წარმომავლობის გამო, უკვე შესაძლებელი იყო წინასასამართლო სხდომაზე. ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა არ გამორიცხავს მოსამართლის უფლებამოსილებას, გადაწყვეტილების მიღებისას არ დაეყრდნოს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მას სარწმუნოდ არ მიაჩნია.
18. ექსპერტმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმა მოთავსებულია წინასასამართლო სხდომის თავში და, შესაბამისად, ის არ არეგულირებს არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობის დაყენების საკითხს. აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობას, არამედ მხოლოდ ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის კომპეტენციას და საქმისწარმოების მხოლოდ ამ ეტაპს შეეხება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა არ მომდინარეობს სადავო ნორმიდან.
19. ექსპერტმა დამატებით მიუთითა, რომ ის ვერ ხედავს კანონმდებლობაში არსებულ რაიმე პრობლემას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თუკი კანონმდებლობა საჭიროებს ცვლილებას, ეს საერთოდ არ ეხება სადავო ნორმას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №821 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, სისხლის სამართლის საქმეზე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, იმსჯელოს ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მაშინაც კი, თუ მისი დაუშვებლობის საფუძველი არსებითი სხდომის ეტაპზე გამოვლინდება. ამასთან, დაცვის მხარეს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იშუამდგომლოს ამგვარი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“. დასახელებული ნორმა აწესრიგებს წინასასამართლო სხდომის ეტაპს და ადგენს აღნიშნულ ეტაპზე მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობების განხილვის უფლებამოსილებას. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და მით უმეტეს, არ შეიცავს რაიმე სახის შეზღუდვას საქმის განხილვის აღნიშნულ ეტაპთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტება, რომელიც გაიზიარებდა ნორმის შინაარსთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებდა, რომ სწორედ სადავო ნორმა გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
4. ის, გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ განმწესრიგებელ სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ადგენს შეზღუდვებს საქმის განხილვის შემდგომი სტადიებისათვის ნათლად დასტურდება, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტრუქტურიდან, ასევე თავად ხსენებული მუხლის შინაარსიდან. აღნიშნული მუხლი მოთავსებულია კოდექსის XXII თავში („წინასასამართლო სხდომა“) ხოლო საქმის არსებით განხილვას აწესრიგებს XXIII თავი. ამავე დროს 219-ე მუხლი მიუთითებს სასამართლოს მიერ ისეთი საკითხების გამოკვლევაზე, რომელიც საქმის განხილვის შემდგომ სტადიაზეც ხორციელდება. მაგალითად, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების არსებობის ფაქტის გამორკვევის ვალდებულებას, ხოლო მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვაზე. აღნიშნული დანაწესები, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სასამართლოს არსებითი განხილვისას ეკრძალება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ან/და მხარეებს ეკრძალებათ საპროცესო შეთანხმების განმწესრიგებელი სხდომის ეტაპის შემდგომ გაფორმება. ამდენად, აშკარაა, რომ 219-ე მუხლის მიზანია, განმაწესრიგებელ სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და არა საქმის განხილვის შემდგომ ეტაპთან მიმართებით შეზღუდვების დადგენა.
5. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე ისევე როგორც საქმეზე მოწვეული ექსპერტი (იოსებ ბარათაშვილი) პრობლემურად მიიჩნევენ არა მოსამართლის უფლებამოსილებას, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილოს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, არამედ იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზე აღარ ხდება უკვე დაშვებულად ცნობილი მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხის განხილვა. ექსპერტის პოზიციით პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ, თუ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვეთა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის საჭირო გარემოებები, სასამართლო არ იხილავს მხარის შუამდგომლობას მათ დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პრობლემა უკავშირდება არა სადავო ნორმას, არამედ საქმის განხილვის იმ ეტაპს (არსებით განხილვას), რომელიც სადავო ნორმის რეგულირების გარეთაა.
6. ამგვარად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, თავისთავად, მოსარჩელის მიერ მითითებული ბრალდებულის უფლების შეზღუდვას არ იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, მან უნდა მოითხოვოს სისხლის სამართლის საპროცესო იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც მას მსგავსი შუამდგომლობის დაყენების უფლებას უზღუდავს. ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელემ შესაძლებელია, გაასაჩივროს თავად ის საპროცესო ნორმა (ინსტიტუტი), რომელიც, მისი აზრით, დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენებით ზღუდავს მის უფლებებს. ამდენად, სადავო ნორმის შემზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ ნორმის საფუძველზე, მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა ან/და უფლებაშემზღუდველი აქტი მის მიმართ მიიღება სათანადო პროცესუალური გარანტიების დაცვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმასთან მიმართებით არც ერთი ზემოთ ხსენებული გარემოება სახეზე არ არის.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, №821 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №821 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი