სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/810 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 მარტი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2017 18:41 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სომხეთის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი და არტავაზდ ხაჩატრიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №810) მომართეს სომხეთის მოქალაქეებმა - გარნიკ ვარდერესიანმა და არტავაზდ ხაჩატრიანმა. №810 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 22 ივლისს. №810 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 15 მარტს.
2. №810 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოთვლის კრიტერიუმებს, რომელთაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური პირი, „ა“ ქვეპუნქტი კი ასეთ კრიტერიუმად საქართველოს მოქალაქეობას ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
4. №810 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები არიან საქართველოში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სომხეთის მოქალაქეები. „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №671 დადგენილების დანართის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური შეღავათები და ბენეფიტები იმ პირთათვის, რომლებიც სარგებლობენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით. მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან, სადავო ნორმის თანახმად, აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებელ ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობა, ისინი არ ექცევიან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა წრეში და ვერ სარგებლობენ ზემოხსენებული შეღავათებით.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო რეგულაცია დისკრიმინაციულია, რადგან არსებითად თანასწორი პირების მიმართ ადგენს უთანასწორო მოპყრობას. მოსარჩელეთა განცხადებით, საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მონაწილეობენ მაღალმთიანი რეგიონების სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროცესში. ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, ბლანკეტურად, სრულად ერთმევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლონ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი შეღავათებით.
6. მოსარჩელეთა აღნიშვნით, ზოგადად, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს შეღავათების დაწესება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. აღნიშნულის ფონზე კი მათთვის გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება გააჩნდეს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის დიფერენცირებას მოქალაქეობის ნიშნით.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლები შესაძლებელია გაფართოვდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპით.
8. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №810 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №810 („სომხეთის მოქალაქეები გარნიკ ვარდერესიანი და არტავაზდ ხაჩატრიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი