სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N927 |
ავტორ(ებ)ი | ანი მინასიანი |
თარიღი | 10 აპრილი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; სარჩელს თან ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ახალქალაქის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის #0710116002482 საინფორმაციო ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე ანი მინასიანი არის სომხეთის მოქალაქე. საინფორმაციო ბარათიდან ასევე დგინდება, რომ ანი მინასიანი ფლობს მუდმივი ბინადრობის ელექტრონულ მოწმობა #13PR12878-ს. ეს გარემოება ასევე დასტურდება ანი მინასიანის ბინადრობის ელექტრონული ბარათით. სარჩელს თან ერთვის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედუარდ აღსარიანის 2016 წლის 5 სექტემბრის #2503/13 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად ანი მინასიანმა განცხადებას არ დაურთო საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმის გათვალისწინებით, რომ ანი მინასიანი უცხოელია, ის ფლობს არა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, არამედ ბინადრობის მოწმობას, ანი მინასიანი ვერ წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტს. ამგვარად, სადავო ნორმებმა, უკვე შელახეს მოსარჩელის, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქის უფლება, ისარგებლობს მაღალმთიან რეგისტრირებული პირისათვის დაწესებული შეღავათით. შესაბამისად, ანი მინასიანი უფლებამოსილია იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე. გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) გასაჩივრებულია როგორც საკანონმდებლო, ისე ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც იქნა ის გამოცემული. მთავრობის სადავოდ ქცეული ნორმები ერთ შემთხვევაში იმეორებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში აზუსტებს სადავოდ გამხდარ საკანონმდებლო ნორმებს. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმის არსისადავო ნორმებით ხდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები უცხოელების მიმართ განსხვავებული მოპყრობა საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერი საქართველოს მოქალაქე, იღებს ყოველთვიურ დანამატს, რაც შეადგენს პენსიის 20 პროცენტს. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული ექთანი იღებს სახელმწიფო პენსიის ოდენობის ყოველთვიურ დანამატს, ხოლო ექიმის ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას ემატება სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობის თანხა. ზამთრის პერიოდში სახელმწიფო მხოლოდ მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელ მოქალაქეს უნაზღაურებს მოხმარებული ელექტროენერგიის 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიისა. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს მიეცემა თვეში 100 ლარი ერთი წლის განმავლობაში ბავშვის დაბადებიდან, ხოლო ყოველი შემდგომი ბავშვის დაბადებიდან თვეში 200 ლარი. მაღალმთიან რეგიონში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქე მასწავლებელი და ამავე რეგიონში არსებული პროფესიული სასწავლებლის საქართველოს მოქალაქე პედაგოგი აიღებს მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 35%-იან დანამატს. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ავ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირი, რომელიც დასაქმებულია ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში, თუ მას ჰყავს სამი ან მეტი შვილი და არის საქართველოს მოქალაქე. თუ ეს პირი ერთი წლის განმავლობაში 3 000 ლარამდე შემოსავალს იღებს, საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ შედარება ხდება უცხოელსა და საქართველოს მოქალაქეს შორის, რომლიც არ ითვლება საჯარო მოხელედ. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი ვერ გახდება საჯარო მოხელე და შესაბამისად, საჯარო მოხელის ხელფასის დაბეგვრისაგან მხოლოდ საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება. ამიტომ საჯარო სამსახურიდან აღებული ხელფასისათვის დაწესებული შეღავათის ნაწილში უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის შედარება არ ხდება. ამასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს მოქალაქე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არსებულ არასაბიუჯეტო ორგანიზაციაში მიიღებს 6000 ლარამდე შემოსავალს. არასაბიუჯეტო ორგანიზაციაში შეიძლება მუშაობდეს როგორც უცხოელი, ისე საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ამ შეღავათთან დაკავშირებით უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის შედარება დასაშვებია. როგორც ვხედავთ, მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი პირის სტატუსი დაკავშირებულია სოციალური შეღავათის მთელი სპექტრით სარგებლობასთან. მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლის სტატუსს იღებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. უცხოელი, რომელიც მართალია ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში, მთლიანად მოკლებულია სოციალური გარანტიების ამ მრავალფეროვან პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას. სახეზეა არსებითად თანასწორთა - მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების - საქართველოს მოქალაქეების და უცხოელების მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობის ნიშნით. ეს უკანასკნელი არ არის კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი. ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი სოციალური გარანტია არ არის ხელმისაწვდომი უცხოელისათვის, მაშინ როცა ამ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა. უცხოელი სრულად არის გამორიცხული აღნიშნულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში, საქართველოს მოქალაქესთან თანაბარ პირობებში, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისაგან. იმავდროულად, სოციალური გარანტიებით სარგებლობა დაკავშირებულია მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებლის სტატუსის მოპოვებასთან, ამისათვის სტატუსის მაძიებელმა ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოიპოვოს. საქართველოს მოქალაქეობის მიღება დაკავშირებულია ერთი მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მეორეს მხრივ, ნატურალიზაციის პირობების დაკმაყოფილებასთან, შესაბამისად, დიფერენცირების მიზეზების აღმოფხვრა არ არის დამოკიდებული არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ პირზე, რომელიც სრულად არის გამორიცხული საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის შესაძლებლისაგან. დიფერენცირების ინტენსივობა არის მაღალი: არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული უცხოელი სრულად არის გამორიცხული საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობას და იმავდროულად, უცხოელი საკუთარი ქმედებით ვერ დააღწევს თავს არახელსაყრელ მდგომარეობას. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი მაღალი ინტენსივობის დიფერენცირება უნდა შემოწმდეს შეფასების მკაცრი ტესტით.’ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 11 ივნისს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეში გასაჩივრებული იყო ნორმა, რომელიც დევნილის სტატუსს და მასთან დაკავშირებულ შეღავათებს ანიჭებდა აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. დევნილის სტატუსს ვერ იღებდნენ და შესაბამისად, სტატუსთან დაკავშირებული სოციალური გარანტიით ვერ სარგებლობდნენ ადამიანები, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი არ იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, თუმცა მათი საცხოვრებელი ადგილი ასევე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევა და გადაწყვეტილების მეორე თავის 26-ე პუნქტში განაცხადა: ,,მიუხედავად იმისა, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარი მოპყრობა არ ეფუძნება „კლასიკურ ნიშანს”, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის კონსტიტუციურობა მაინც უნდა შეფასდეს „მკაცრი ტესტის” მიხედვით, რადგან სადავო რეგულაცია არსებითად თანასწორ პირებს საგრძნობლად, მნიშვნელოვნად აცილებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი პირობებისგან, კერძოდ კი, ის პრაქტიკულად გამორიცხავს დევნილების იდენტურ მდგომარეობაში მყოფ პირთა შესაძლებლობას, ისარგებლონ დევნილის სტატუსით გათვალისწინებული გარანტიებით.“ ის, რომ უცხოელს არა აქვს მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლის სტატუსის მიღების და მასთან დაკავშირებული გარანტიებით სარგებლობის შესაძლებლობა, ასეთი უცხოელი მნიშვნელოვნად დაშორებულია მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქის თანასწორად მაღალმთიანი რეგიონებში მაცხოვრებლებისათვის დაწესებული გარანტიებით სარგებლობასთან. ამიტომ მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი პირისათვის სტატუსზე უარი საკონსტიტუციო სასამართლომ ისევე უნდა შეაფასოს მკაცრი ტესტით, როგორც გორისა და ქარელის რაიონში მაცხოვრებლი იძულებით ადგილნაცვალი პირისათვის დევნილის სტატუსის მიღებაზე უარი შეაფასა.
2) მკაცრი ტესტიმოქალაქეების თანაბრად სოციალურ შეღავათებზე უცხოელების წვდომას ეხება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 1971 წლის გადაწყვეტილება გრეჰემი სოციალური დაცვის საზოგადოებრივი დეპარტამენტის წინააღმდეგ (https://supreme.justia.com/cases/federal/us/403/365/case.html). ამ საქმეში გასაჩივრებული იყო ორი შტატის კანონი: არიზონის შტატის კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელს შტატის ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა 15 წელი იმისათვის, რომ სოციალური დახმარება მიეღო; გასაჩივრებული იყო ასევე პენსილვანიის კანონი, რომელიც უცხოელს უკრძალავდა სოციალური დახმარების მიღებას, იმის მიუხედავად, რამდენი ხანი ცხოვრობდა შტატის ტერიტორიაზე. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად გასაჩივრებული ნორმები სცნო არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-14 შესწორებასთან მიმართებაში (თანაბარი მოპყრობის უფლება). ამ საქმეში აშშ-ს უზენაეს სასამართლოს ჰქონდა შემდეგი არგუმენტები: ,, შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორების შესაბამისად, სახელმწიფოს არა აქვს უფლება წაართვას ადამიანს სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება ჯეროვანი პროცესის გარეშე, სახელმწიფოს ასევე არა აქვს უფლება თავისი იურისდიქციის ფარგლებში უარი უთხრას ნებისმიერ პირს კანონით თანაბარ დაცვაზე. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თქმით, დიდი ხნის წინ დადგინდა და სადავოც არ არის ის გარემოება, რომ ტერმინი ,,პირი“ ამ კონტექსტში მოიცავს ქვეყანაში კანონიერად მცხოვრებ უცხოელსაც, ისევე როგორც მოქალაქეს. ეს ნორმა როგორც უცხოელს, ისე მოქალაქეს აძლევს იმის უფლებას, რომ მიიღოს თანაბარი მოპყრობა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სახელმწიფო ორგანოსაგან. სადავო კანონები ერთმანეთისაგან მიჯნავენ დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების ორ ჯგუფს, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. გრეჰემის საქმეში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თქმით, თანასწორობის ტრადიციული პრინციპის თანახმად, სახელმწიფო ინარჩუნებს ფართო დისკრეციას, გონივრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოახდინოს დიფერენცირება. ეს ეხება ეკონომიკური და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს. აქვე აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ მოქალაქეობის საფუძველზე დიფერენცირება, ეროვნებისა და რასის საფუძველზე დიფერენცირების მსგავსად, თავისთავად საეჭვოა და სასამართლოს მეტ ჩარევას მოითხოვს. უცხოელები განცალკევებული და იზოლირებული ჯგუფია, რომელთა მიმართებაშიც სასამართლოს მომეტებული მზრუნველობა გამართლებულია. სახელმწიფო რომელიც ექსკლუზიურად უცხოელებზე შეზღუდვებს ავრცელებს, ძალიან ვიწრო მოქმედების არეალით არის შემოსაზღვრული. გრეჰემის საქმეში ასევე ნათქვამია: სახელმწიფო ცდილობს უცხოელების მიმართ სოციალური შემწეობის მისაღებად დაწესებული შეზღუდვა გაამართლოს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს განსაკუთრებული საჯარო ინტერესით: ისეთი შეზღუდული რესურსის, როგორიცაა სოციალური შეღავათი, განაწილებისას საკუთარი მოქალაქეები ჩააყენოს უპირატეს მდგომარეობაში უცხოელებთან შედარებით. გრეჰემის საქმეზე აშშ-ს უზენაესი სასამართლოს განცხადებით: სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური ინტერესი შეინარჩუნოს თავისი პროგრამების ფისკალური მდგრადობა. სახელმწიფოს შეუძლია, ლეგიტიმურად შეეცადოს, შეზღუდოს დანახარჯები სოციალური დახმარების, საჯარო განათლების და სხვა პროგრამებში. ამის მიუხედავად სახელმწიფოს არა აქვს უფლება, განახორციელოს ეს მიზნები ადამიანების დაუსაბუთებელი დიფერენცირების ხარჯზე. სოციალური დაცვის ხარჯების შემცირებამ არ შეიძლება გაამართლოს სხვაგვარად აკრძალული დისკრიმინაცია. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი, ისევე როგორც მოქალაქე ,,პირია“ თანაბარი მოპყრობის მიზნებისათვის, ფისკალური მდგრადობა ისეთივე რელევანტური არგუმენტია ამ საქმეში, როგორც იმ საქმეებში იყო, სადაც სახელმწიფომ დისკრიმინაცია დაადგინა მოქალაქეობის ნიშნით. ,,დიფერენცირება, რასაც ადგილი აქვს ამ საქმეში, თავისთავად საეჭვოა, ვინაიდან ხდება მოქალაქეობის ნიშნით. ამიტომ ეს დიფერენცირების მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული იმის მიუხედავად ადგილი აქვს თუ არა ფუნდამენტური უფლების შეზღუდვას... აშშ-ს უზენაესი სასამართლო ეთანხმება პენსილვანიის სამკაციან მოსამართლეთა კოლეგიას, რომელმაც განაცხადა: საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით შეზღუდვის გამართლება განსაკუთრებით არასათანადო და არაგონივრულია, როდესაც დისკრიმინირებული ჯგუფის წარმომადგენლები უცხოელები არიან. უცხოელები, მოქალაქეთა მსგავსად, იხდიან გადასახადებს. ქვეყანაში მოკლე ვადით ვიზიტორებისაგან განსხვავებით, მუდმივი ბინადრობის მქონე უცხოელებმა ქვეყანაში შეიძლება მრავალი წელი იცხოვრონ. ამ დროის განმავლობაში ისინი სახელმწიფოს შიგნით მუშაობენ და ხელს უწყობენ სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდას. ამის გათვალისწინებით მივიჩნევთ, რომ კანონი, რაც უარყოფს მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირის უფლებას, მიიღოს სოციალური შეღავათი და ასევე არ ანიჭებს სოციალურ შეღავათზე უფლებას იმ უცხოელს, რომელსაც განსაზღვრული ვადით არ უცხოვრია ქვეყანაში, არღვევს თანასწორობის უფლებას.“ ეს იყო აშშ-ს უზენაესმა სასამართლოს საბოლოო პოზიცია გრეჰემის საქმეში. ამგვარად, საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა მხოლოდ მოქალაქეებზე არასაკმარისი არგუმენტია დიფერენცირების გასამართლებლად, ვინაიდან უცხოელებიც საქართველოს მოქალაქეების მსგავსად იხდიან გადასახადებს და მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლი, განაცხადა: ,,საქართველოში მცხოვრები უცხოელები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები სახელმწიფოსთან, ისინი წარმოადგენენ ქართული საზოგადოების წევრებს და საქართველოს მოქალაქეების მსგავსად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ყოფა–ცხოვრებაში, მის წინსვლასა და განვითარებაში. უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ინტენსიურად ექცევიან საქართველოს სამართლებრივი რეგულირების სფეროში და ნორმატიული წესრიგის ფორმირება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქის თანაბრად ახდენს გავლენას მათ საქმიანობაზე, არსებობასა და განვითარებაზე. დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.“ საკუთარ მოქალაქეზე საბიუჯეტო რესურსების დაზოგვა ერთხელ უკვე იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან დასახელებული არგუმენტი საქმეზე რუსეთის მოქალაქე ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეში სასამართლომ გადაჭრით უარყო ეს არგუმენტი და გადაწყვეტილების მეორე თავის 55-ე პუნქტში განაცხადა: ,,ნიშანდობლივია, რომ მოპასუხეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის სახელმწიფოს “დაუძლეველ ინტერესზე” საერთოდ არ მიუთითებია. საქართველოს პარლამენტმა მიუთითა საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის აუცილებლობაზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განათლების უფლების მინიჭება გაუმართლებლად მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს ან სხვა რაიმე ინტერესებს დააზიანებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არ არსებობს “დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი”, რომელიც გაამართლებდა მოსარჩელე კლასის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება თანასწორობის ძირითად უფლებას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“ ამ საქმეში სასამართლომ ჩათვალა, რომ 467 მოსწავლეზე გასაწევი 117.495 ლარი და 75 თეთრი გაუმართლებლად მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა ქვეყნის ბიუჯეტს. უცნობია, ასევე აქვს თუ არა ხელისუფლებას დათვლილი, რამდენი უცხოელი ცხოვრობს მუდმივად მაღალმთიან რეგიონებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს კანონი მიღებული იქნა მაღალმთიანი რეგიონების ადამიანებისაგან დაცლის თავიდან ასაცილებლად, ძნელია იმის თქმა, რომ მაღალმთიან რეგიონებში უცხოელთა მრავალრიცხოვანი არმია ცხოვრობს მუდმივად, რაც ტვირთი იქნება ქვეყნის ბიუჯეტისათვის. სახელმწიფოს კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოციალური შეღავათების გამო არ აირჩიონ უცხოელებმა მაღალმთიანი რეგიონები საცხოვრებლად. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, ის რომ სადავო ნორმა არ არის იმგვარად ვიწროდ მიზანმიმართული რომ მოემსახუროს ამ მიზნების მიღწევას. სადავო ნორმა ერთმანეთისაგან არ მიჯნავს ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში დასახლდნენ სხვადასხვა მიზნებით იმ ადამიანებისაგან, რომლებიც მხოლოდ შეღავათის მიღების მიზნით დასახლდნენ კონკრეტულ ადგილას. ადამიანი ახალქალაქში შეიძლება დაიბადოს, თუმცა მისი ორივე მშობელი იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ასეთი ბავშვი ავტომატურად ვერ მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას. ასეთი კატეგორიის მოქალაქე შესაძლოა დაიბადოს ამ კანონის მიღებამდე ან ახალქალაქის მუნიციპალიტეტისათვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებამდე ბევრად ადრე. ამგვარად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოსარჩელე ან მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირი ახალქალაქში მხოლოდ იმიტომ დაიბადა ან დასახლდა რამდენიმე ათწლეულის წინ, რომ წლების შემდეგ ,,მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონი მიეღოთ და ამ შეღავათით ესარგებლათ. სადავო ნორმა განურჩევლად ყველა უცხოელის გამორიცხვით არ ემსახურება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომ თავიდან იქნეს აცილებული მაღალმთიან რეგიონებში იმგვარი უცხოელის დასახლება, რომლის ერთადერთ მიზანსაც წარმოადგენს სწორედ ამ შეღავათით სარგებლობა. აკრძალვა იმ უცხოელებზეც ვრცელდება, რომლებიც დაიბადნენ ან დასახლდნენ შესაბამის მაღალმთიან რეგიონში იმაზე ბევრად ადრე, სანამ ამგვარი შეღავათების დაწესების იდეაც კი ვინმეს მოუვიდოდა თავში. სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ვიწროდ მიზანმიმართული. სახელმწიფოს განზრახვა - კონკრეტული ტერიტორია დაიცვას ღარიბი ადამიანებისაგან (იმის მიუხედავად ის ქართველია თუ უცხოელი), არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურად სოციალური შეღავათებით სარგებლობის მიზნით მაღალმთიან რეგიონებში დასახლება შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქის ერთადერთი მოტივიც. შეიძლება ითქვას, რომ კანონი არათუ მავთულხლართით ღობავს მაღალმთიან რეგიონებს როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ადამიანებისაგან, არამედ მიესალმება მაღალმთიან რეგიონებში ახალი მოსახლის გამოჩენას. კანონის მიღების ლეგიტიმური მიზანი სიტყვა-სიტყვით არის გაწერილი კანონის პრეამბულაში: ,,ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.“ როგორც კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტშია აღნიშნულია, რომ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი ენიჭება დასახლებას მისი დემოგრაფიული მდგომარეობის და გამწვავებული მიგრაციული პროცესების გამო. კანონმდებელმა დაინახა, რომ მაღალმთიანი რეგიონები ადამიანებისაგან იცლება, იმავდროულად მთაში ძალიან დაბალია ეკონომიკური აქტიურობა, რაც მძიმედ მოქმედებს იქ მაცხოვრებელი ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იმის მიუხედავად, უცხოელი თუ ქართველი გადაწყვეტს მაღალმთიან რეგიონში მასწავლებლად და ექიმად მუშაობას, ეს ხელს შეუწყობს არა მარტო ზოგადი განათლების ან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის ამაღლებას, არამედ ამგვარი პედაგოგისათვის ან სამედიცინო მუშაკისათვის გადახდილი ხელფასი, ხელს უწყობს ამ რეგიონში ეკონომიკური აქტიურობის გაზრდას. აქედან გამომდინარე ყოველი ახალი უცხოელის ჩასვლა მაღალმთიან რეგიონში აჩერებს მიგრაციულ პროცესს, ხოლო ასეთი ადამიანის დასაქმება ზრდის ეკონომიკურ აქტიურობას. ამგვარად, უცხოელების, ისევე როგორც მოქალაქეების წახალისება - დასახლდნენ მოსახლეობისაგან დაცლილ მაღალმთიან რეგიონებში, არის კანონით გაცხადებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა და არა საფრთხე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. თუკი თუნდაც უცხოელების ხარჯზე კონკრეტულ მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა და მასთან ერთად ეკონომიკა გაიზრდება, ან კანონის მიზანი მიღწეულად ჩაითვლება და კანონი გაუქმდება ან კონკრეტული დასახლებას მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მოეხსნება. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით დაწესებული შეღავათები, თავისი ხასიათით არ არის იმგვარი, რაც იქნება ერთადერთი მოტივაცია უცხოელისათვის, შემოვიდეს საქართველოში და დასახლდეს მაღალმთიან რეგიონში. ეს შეღავათები, უცხოელებზე მათი გავრცელების შემთხვევაში, არ ქმნის მიგრანტთა მოზღვავების საფრთხეს. მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებისა და ბავშვის დაბადებისათვის გაცემული ფულადი თანხის გარდა, ყველა სხვა შეღავათები უკავშირდება მაღალმთიან რეგიონში პედაგოგად, სამედიცინო მუშაკად მუშაობას, სხვა ტიპის სოციალურ და ეკონომიკურ აქტიურობას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაც მეტი ადამიანი, მათ შორის უცხოელი განახორციელებს საგანმანათლებლო, სოციალურ და ეკონომიკურ აქტიურობას, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონის განვითარებას. შეღავათით სარგებლობა თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ ადამიანს გააჩნია სამუშაო ადგილი ან ახორცილებს სამეწარმეო საქმიანობას. შეღავათები სწორედ სამუშაო შესრულებასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაქმებული, თვითდასაქმებული პირი და მეწარმე, მათ შორის უცხოელი ვერც შემთხვევაში ვერ იქცევა ტვირთად როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტისათვის. მაღალმთიან რეგიონში მაცხოვრებელი პირი არათუ ტვირთია, არამედ თავისი საქმიანობით იმაზე დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს რეგიონისათვის, ვიდრე მის მიერ გადახდილმა გადასახადმა ან მასზე დახარჯულმა სახელფასო დანამატმა. გაუგებარია, რატომ არ არის ისეთივე ფასეული მაღალკვალიფიციური უცხოელი ექიმი მაღალმთიანი რეგიონისათვის, როგორც მისი ქართველი კოლეგა. ან რატომ ვერ შეასწავლის საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბრიტანეთის ან შეერთებულ შტატების მოქალაქე მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ინგლისურ ენას საქართველოს მოქალაქეზე უკეთ. სადავო ნორმები საქართველოს მოქალაქე ინგლისური ენის მასწავლებლის შესანარჩუნებლად ადგენს შეღავათებს, მაშინ როცა ბრიტანეთი ან შეერთებული შტატების მოქალაქის ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე შენარჩუნებისათვის არ აკეთებს იმავეს. ამგვარად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს მკაცრი ტესტის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა.
3. მოქალაქეობის ნიშნით სოციალურ უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა3.1. გაიგუსუზი ავსტრიის წინააღმდეგსოციალურ შეღავათით სარგებლობისას მოქალაქესა და უცხოელს შორის დისკრიმინაციული მოპყრობის წამყვანი საქმეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 1996 წლის 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე გაიგუსუზი ავსტრიის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-58060). ბატონი ჩევეტ გაიგუსუზი არის თურქეთის მოქალაქე. ის 1973 წლიდან 1987 წლამდე ცხოვრობდა ავსტრიაში (გადაწყვეტილების მე-9 პარაგრაფი). მომჩივანი დასაქმებული იყო ავსტრიაში 1973 წლიდან 1984 წლამდე. 1986 წელს მომჩივანი სამედიცინო მიზეზით გახდა შრომისუუნარო და იღებდა შესაბამის დახმარებას. მომჩივანი 1986 წლის 1 ივლისიდან 1987 წლის 1 მარტამდე იღებდა შრომისუუნარობის პენსიას. როდესაც აღნიშნული შეღავათის მიღების ვადა ამოიწურა, გაიგუსუზმა მიმართა ლინცის დასაქმების სამსახურს გადაუდებელი დახმარების პენსიის მისაღებად (გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფი). 1987 წლის 8 ივლისს სააგენტომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის განცხადება იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს არ ჰქონდა ავსტრიის მოქალაქეობა. ამ შეღავათის მისაღებად მოქალაქეობა იყო ერთ-ერთი პირობა (გადაწყვეტილების მე-11 პარაგრაფი). მომჩივანმა გაიგუსუზმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში. მომჩივანი მიუთითებდა, რომ განსხვავება მოქალაქესა და უცხოელს შორის იყო გაუმართლებელი, არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის საწინააღმდეგო (გადაწყვეტილების მე-12 პარაგრაფი). საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება დარჩა ძალაში იმის გამო, რომ მომჩივანს არ გააჩნდა ავსტრიის მოქალაქეობა და არ არსებობდა გადაუდებელი დახმარების პენსიის გაცემის თუნდაც გამონაკლისი საფუძველი (მე-12 პარაგრაფი). ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაუსაბუთებლობის გამო არ მიიღო გაიგუსუზის სარჩელი არსებითად განსახილველად. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოებს შეეძლოთ სარჩელში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა (გადაწყვეტილების მე-15 პარაგრაფი). გაიგუსუზმა მიმართა ადმინისტრაციულ სასამართლოსაც, თუმცა სარჩელი ამ სასამართლომაც დაუშვებლად სცნო. ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის არგუმენტი ემყარებოდეს იმ კანონის არაკონსტიტუციურობას, რომელიც უკრძალავდა უცხოელს გადაუდებელი დახმარების პენსიის მიღებას. ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის შუამდგომლობა, წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უმუშევრობის დაზღვევის შესახებ კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სასამართლოს (მე-19 პარაგრაფი). ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან კავშირში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში განაცხადა: სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლი წარმოადგენს კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული მატერიალური უფლებების თანმდევს. კონვენციის მე-14 მუხლი არ მოქმედებს დამოუკიდებლად, ვინაიდან ის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობის შემთხვევაში. მართალია, კონვენციის მე-14 მუხლის მოქმედება არ იწვევს კონვენციის სხვა მატერიალური დებულებების დარღვევას, ამის მიუხედავად, მე-14 მუხლი არ მოქმედებს, თუკი საჩივარში მითითებული გარემოებები არ ექცევა კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე მუხლებით დაცულ სფეროში. მოპასუხე ავსტრიის მთავრობა არ დაეთანხმა მომჩივანის და მესამე პირად ჩართული თურქეთის მთავრობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საჩივარი ექცეოდა პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ სფეროში. ავსტრიის მთავრობის განმარტებით, სადავოდ ქცეული გადაუდებელი დახმარების შეღავათი არ გაიცემოდა უმუშევრობის ფონდში დასაქმებული პირის მიერ განხორციელებული შენატანიდან. ავსტრიის მთავრობის თქმით, გადაუდებელი დახმარების პენსია იყო სახელმწიფოს მხრიდან საჭიროების მქონე პირებისათვის დახმარება. ავსტრიის მთავრობის თქმით, ამის გამო კონვენციის მე-14 მუხლი არ უნდა გამოყენებულიყო (გადაწყვეტილების 38-ე პარაგრაფი). გადაწყვეტილების 41-ე პუნქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: ,,გადაუდებელი დახმარების გადასახდელის მიღება, მოქმედი კანონმდებლობით, არის ფულადი ხასიათის მოთხოვნა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მიზნებისათვის. ამის გამო არ არის აუცილებელი იმ საკითხის გარკვევა არსებობს თუ არა კავშირი ამ პენსიის მიღებასა და უმუშევრობამდე მომჩივანის მიერ გადახდილ გადასახადსა და სხვა შენატანებს შორის.“ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, კონვენციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული დასაბუთება, რაც ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული მოპყრობა არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ან გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი. ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ შეფასების თავისუფლებით, იმის განსაზღვრისას მოეპყრან თუ არა განსხვავებულად ერთნაირ მდგომარეობაში მყოფ პირებს ან რა ფარგლებში მოახდინონ მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ სასამართლოს წონადი მიზეზი უნდა წარუდგინოს, თუკი განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება მოქალაქეობის ნიშანს (გადაწყვეტილების 42-ე პარაგრაფი). მომჩივანის მტკიცებით, ავსტრიელების და არაავსტრიელების მიმართ განსხვავებული მოპყრობა გადაუდებელი დახმარების პენსიასთან დაკავშირებით არ ეფუძნებოდა ობიექტურ და გონივრულ გამართლებას. უცხოელი ისევე იხდიდა შენატანებს უმუშევრობისაგან დაზღვევის ფონდში, როგორც ამას ავსტრიის მოქალაქეები აკეთებდნენ (გადაწყვეტილების 43-ე პარაგრაფი). ავსტრიის მთავრობის განმარტებით, სადავო საკანონმდებლო ნორმები არ იყო დისკრიმინაციული. კანონმდებლობა ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს აქვს სპეციალური პასუხისმგებლობა თავისი მოქალაქეების მიმართ. ავსტრიის მთავრობის განმარტებით, სახელმწიფომ უპირველესად თავის მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს და უნდა დააკმაყოფილოს მათი ძირითადი მოთხოვნები. ავსტრიის მთავრობა მიუთითებს უმუშევრობისაგან დაზღვევის შესახებ კანონში მოქალაქეობის მოთხოვნიდან დაწესებულ ცალკეულ გამონაკლისებზე. ბოლოს ავსტრიის მთავრობამ მიუთითა, რომ განსახილველ პერიოდში მას არ ჰქონდა თურქეთთან არავითარი სახელშეკრულებო ვალდებულება, გადაეხადა თურქეთის მოქალაქეებისათვის გადაუდებელი დახმარების პენსია (გადაწყვეტილების 45-ე პარაგრაფი). სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ ბატონი გაიგუსუზი კანონიერად ცხოვრობდა და მუშაობდა ავსტრიაში განსაზღვრული დროის განმავლობაში. გაიგუსუზი იხდიდა შენატანებს უმუშევრობისაგან დაზღვევის ფონდში, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ავსტრიის მოქალაქეები (გადაწყვეტილების 46-ე პარაგრაფი). ხელისუფლების უარი - გაიგუსუზს მიეღო დახმარება - ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მომჩივანს არ ჰქონდა ავსტრიის მოქალაქეობა, როგორც ამას ითხოვდა უმუშევრობისაგან დაზღვევის კანონის შესაბამისი მუხლი (გადაწყვეტილების 47-ე პარაგრაფი). დამატებით, სადავოდ არ არის ის საკითხი, რომ მომჩივანი აკმაყოფილებდა დახმარების მისაღებად აუცილებელ ყველა სხვა მოთხოვნას გარდა მოქალაქეობისა (გადაწყვეტილების 48-ე პუნქტი). მართალია, უმუშევრობისაგან დაცვის შესახებ კანონი ითვალისწინებდა გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც არამოქალაქესაც შეიძლება მიეღო გადაუდებელი დახმარების პენსია, მაგალითად, ამ პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხოელებს. ამის მიუხედავად, მომჩივანი გაიგუსუზი ვერ აკმაყოფილებდა ვერც ერთ ასეთ საგამონაკლისო მოთხოვნებს (გადაწყვეტილების 49-ე პარაგრაფი). ამის გამო სასამართლო ადგენს, რომ ავსტრიის მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელია. კომისიის მსგავსად, სასამართლოც თვლის, რომ განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეებსა და არამოქალაქეებს შორის გადაუდებელი დახმარების შეღავათთან დაკავშირებით, რისი მსხვერპლიც ბატონი გაიგუსუზი გახდა, არ ეფუძნება რაიმე გონივრულ და ობიექტურ დასაბუთებას (გადაწყვეტილების 50-ე პუნქტი). მიუხედავად იმისა, რომ განსახილველ პერიოდში ავსტრია არ იყო შეზღუდული თურქეთის მიმართ ნაცვალგებაზე დაფუძნებული სახელშეკრულებო ვალდებულებით, რომ თითოეული სახელმწიფო უზრუნველყოფდა ერთმანეთის მოქალაქეებს სოციალური შეღავათებით, ავსტრიის სახელმწიფოს რატიფიცირებული ჰქონდა ევროპული კონვენცია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ავსტრიას ეკისრებოდა ვალდებულება, თავისი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველეყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა (გადაწყვეტილების 51-ე პარაგრაფი). ამის გამო ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან კავშირში (გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფი). გაიგუსუზის საქმე საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპულმა სასამართლომ სოციალურ შეღავათთან დაკავშირებით დიფერენცირების გამართლების საკმარის მიზეზად არ მიიჩნია, სახელმწიფოს არგუმენტი, რომ მას სპეციალური პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სასამართლომ ,,არადამაჯერებელი“ უწოდა იმ არგუმენტს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ჯერ მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ძირითადი საჭიროებები დააკმაყოფილოს და ამით უცხოელები არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს. აქედან გამომდინარე, მოპასუხე საქართველოს პარლამენტი ვერ იმართლებს თავს იმით, რომ ვინაიდან სახელმწიფოს სპეციალური პასუხისმგებლობა გააჩნია საკუთარი მოქალაქის მიმართ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე უნდა გავრცელდეს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები. ის უცხოელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში, საქართველოს მოქალაქესთან თანაბარ პირობებში უნდა სარგებლობდეს ამ რეგიონისათვის დაწესებული შეღავათებით. უცხოელი საქართველოს მოქალაქის მსგავსად იხდის გადასახადებს და ისეთივე სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობას შეიძლება ახორციელებდეს მაღალმთიან რეგიონში, როგორც საქართველოს მოქალაქე.
3.2. დახმარება შვილის შეძენისათვის,,მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონიდან ცალკე სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს ფულადი დახმარება, რაც გაიცემა ბავშვის შეძენისათვის. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირები სახელმწიფოსაგან ერთი წლის განმავლობაში იღებენ 100 ლარს ერთი შვილის შეძენისათვის, ხოლო 200 ლარს ყოველ მომდევნო ბავშვის შეძენისათვის. ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით სახელმწიფოსაგან მისაღები დახმარების კონტექსტში მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნიედზვიეცკი გერმანიის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-70765). მომჩივანი, პოლონეთის მოქალაქე, სამშობლოდან წავიდა ემიგრაციაში, დასავლეთ გერმანიაში 1987 წელს. მომჩივანმა გერმანიისაგან მოითხოვა თავშესაფარი. მოთხოვნა უარყოფილი იქნა. ამის მიუხედავად მიწის ხელისუფლებამ მომჩივანი არ გააძევა პოლონეთში. 1989 წელს მომჩივანმა გფრ-ში მოიპოვა პირობითი ცხოვრების ნებართვა. 1991 წელს შეტანილი ცვლილებით მომჩივანს მიენიჭა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამ ბინადრობის ნებართვის განახლება ხდებოდა ორ წელიწადში ერთხელ. ბოლოს ეს ნებართვა განახლდა 1995 წელს. 1997 წელს მომჩივანმა მიიღო გერმანიაში მუდმივი ნებართვის უფლება (გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი). 1995 წელს მომჩივანს შეეძინა ქალიშვილი (გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი). კომპეტენტურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განუცხადა მომჩივანს ბავშვის დახმარების თანხის გაცემაზე, ვინაიდან მომჩივანს ჰქონდა გერმანიაში დროებითი ბინადრობის ნებართვა და არა მუდმივი ნებართვა (გადაწყვეტილების მე-12 პუნქტი). ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სოციალურ სასამართლოში (გადაწყვეტილების მე-14 პარაგრაფი). სოციალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი არ იყო უფლებამოსილი 1995-1997 წლებში მიეღო ბავშვის დახმარება, ვინაიდან ამ პერიოდში მას ჰქონდა არა მუდმივი ბინადრობის ნებართვა, არამედ დროებითი ნებართვა. ბავშვის დახმარება გარანტირებული იყო იმ უცხოელისათვის, რომელიც მუდმივად აპირებდა გერმანიაში საცხოვრებლად დარჩენას. დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე პირი კი არ იყო ისეთი, ვისაც ამგვარი განზრახვა შეიძლება ჰქონოდა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კანონი არ მოდიოდა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, ვინაიდან ამ სფეროში კანონმდებელს ფართო დისკრეცია ჰქონდა (გადაწყვეტილების მე-15 პარაგრაფი). ფედერალურმა სოციალურმა სასამართლომ ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელი დატოვა (გადაწყვეტილების მე-17 პუნქტი). გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ არც კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად, არც შესაბამისად, დროებითი ღონისძიება არ გამოუცია (გადაწყვეტილების მე-19 პარაგრაფი). ბავშვის შეღავათის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის თანახმად, ბავშვის შეღავათი ფინანსდება ფედერაციის ბიუჯეტიდან. ეს შეღავათი გაიცემოდა როგორც მოქალაქეზე, ასევე უცხოელზე, რომელსაც ჰქონდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წლის 6 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ბავშვთა შეღავათის შესახებ კანონის შესაბამისი ნორმა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. სასამართლომ კანონმდებელს მოსთხოვა კანონის შეცვლა (გადაწყვეტილების 23-ე პუნქტი). გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსხვავებული მოპყრობა იმ მშობლებს შორის, რომელთაც აქვთ სტაბილური ბინადრობის ნებართვა და რომლებსაც ამგვარი სტაბილური ცხოვრების ნებართვა არ გააჩნიათ, წარმოადგენს დისკრიმინაციას. ვინაიდან ბავშვის დახმარების გაცემა უკავშირდება ოჯახური ცხოვრების უფლებას, ძალზედ წონადი მიზეზია საჭირო საიმისოდ, რომ გამართლებული იქნას განსხვავებული მოპყრობა. ამგვარი მიზეზები არ იქნა წარმოდგენილი. განსხვავებული მოპყრობის მიზანს წარმოადგენს ბავშვის დახმარების მიცემა იმ მშობლებისათვის, რომლებიც შესაძლოა მუდმივად დარჩნენ გერმანიის ტერიტორიაზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვის კრიტერიუმი ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. დროებითი ბინადრობის ნებართვით შეუძლებელია იმის ზუსტი განსაზღვრა, რამდენ ხანს დარჩები ამ სტატუსის მატარებელი პირი გერმანიის ტერიტორიაზე. ამ დიფერენცირების სხვა მიზეზი არ იქნა წარდგენილი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოში (გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციის მე-14 მუხლი მოქმედებაში მაშინ შემოდის, როდესაც არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებული პირის პრობლემა ეხება კონვენციით გარანტირებულ უფლებებს ან გასაჩივრებული ღონისძიება რამენაირად უკავშირდება კონვენციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობას (30-ე პარაგრაფი). ბავშვის დახმარების შეღავათის დაწესებით სახელმწიფომ გამოამჟღავნა პატივისცემა ოჯახური ცხოვრების მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის. ამის გამო ბავშვის დახმარების შეღავათი ექცევა ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-14 მუხლი მოქმედებს მე-8 მუხლთან კავშირში. სასამართლო არ არის მოწოდებული, გადაწყვიტოს, რა ფარგლებში არის სახელმწიფოსათვის ნებადართული განსხვავებულ მდგომარეობაში ჩააყენოს განსხვავებული ვადით ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირები სოციალური შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით. სასამართლო თავს იზღუდავს იმ საკითხით, რამდენად არღვევს ბავშვის შეღავათის თაობაზე გერმანიის კანონი მომჩივანის კონვენციით გარანტირებულ უფლებას. ამ კუთხით ევროპული სასამართლო მიუთითებს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რაც მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ამავე საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება მომჩივანის სარჩელთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსად, ევროპული სასამართლოც ვერ ხედავს სათანადო მიზეზს საიმისოდ, რომ გამართლებული იქნეს ბავშვის შეღავათთან დაკავშირებით განსხვავებული მოპყრობა იმ უცხოელს შორის, რომელსაც აქვს სახელმწიფოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა და იმ პირს, შორის, რომელსაც აღნიშნული ნებართვა არ გააჩნია (გადაწყვეტილების 33-ე პუნქტი). მართალია, აღნიშნულ საქმეში სასამართლოს ერთმანეთს არ შეუდარებია მოქალაქე და უცხოელი, არამედ დისკრიმინაცია დაადგინა ორი კატეგორიის უცხოელების მიმართ განსხვავებული მოპყრობის გამო, თუმცა ამ საქმეში გამოყენებული არგუმენტები გამართლებული იქნებოდა სადავო ნორმის შეფასება. სადავო ნორმა ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქისათვის ბავშვის შეძენის გამო 100 და 200 ლარის დანიშვნას. უცხოელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონებში ამ ბავშვის შეღავათს არის მოკლებული. როგორც ზემოხსენებულ საქმეშიც, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიზანი შეიძლება იყოს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქე უფრო ხანგრძლივად დარჩება მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებლად, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქე. როგორც ეს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა და ამაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც დაეთანხმა, შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენ ხანს დარჩება კონკრეტული უცხოელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამიტომ ბავშვის დახმარება არ შეიძლება ამ მოლოდინზე იყოს დაფუძნებული. სხვათა შორის ეს არგუმენტი გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლომ ოგანეს დარბინიანის საქმეში, რაც ეხებოდა უცხოელებისათვის განათლების საფასურის დაფინანსებას: ,, ამასთანავე, ვერ დავუშვებთ იმის ვარაუდსაც, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაწყვეტენ დარჩენას... რესურსის დაზოგვა ხშირად არათანაზომიერია იმ მოსალოდნელი ხარჯებისა, რომლის გაღებაც სახელმწიფოს მოუწევს აღნიშნული პირების გამო მომავალში.” ხარჯებში საკონსტიტუციო სასამართლომ იგულისხმა ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებიდან მომდინარე ხარჯები, რაც წარმოიშვა იმის გამო, რომ სახელმწიფომ სათანადო დახმარების გარეშე დატოვა უცხოელები. ბავშვის დახმარება, უნდა განვასხვაოთ სხვა ტიპის ფინანსური შეღავათისაგან. ეს დახმარება ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობის განვითარებას. ოჯახური კეთილდღეობის განვითრების უზრუნველყოფის გამო ამ შეღავათს განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. თავად კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე პუნქტი აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ამ ვალდებულების შესასრულებლად სახელმწიფომ, კონსტიტუციის 36-ე მუხლის მესამე პუნქტით, დედათა და ბავშვთა უფლებები უნდა დაიცვას კანონით. ოჯახში კეთილდღეობის უზრუნველყოფას თან სდევს მშობლის მოვალეობის ჯეროვნად შესრულება და ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა. კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტები არ არის უფლებების დამდგენი ნორმები. ეს ნორმები აყალიბებენ სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებებს. იმავდროულად, კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტი კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლების, ისევე როგორც სხვა უფლების შინაარსის განმსაზღვრელია. კონსტიტუციის 36-ე მუხლის მეორე და მესამე პუნქტი პრეამბულით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს ფართო კონცეფციის ერთ ასპექტის კონკრეტიზაციას წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს ნორმა-პრინციპთან კავშირში განიმარტება ცალკეული კონსტიტუციური უფლებები. დაჰბი იტალიის წინააღმდეგ საქმე (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-142504) ეხებოდა იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვის მქონე ტუნისის მოქალაქეს. მომჩივანი მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში და იხდიდა შენატანს ეროვნული სოციალური დაცვის სააგენტოში. მომჩივანის ოჯახი შედგებოდა ცოლის და 4 შვილისაგან. 1999 წელს მომჩივანის შემოსავალმა შეადგინა 15, 832 ევროს ოდენობის თანხა მაშინდელ იტალიურ ლირაში (გადაწყვეტილების მე-6 პარაგრაფი). 2001 წლის 24 მაისს მომჩივანმა სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ოჯახის შეღავათის გადახდა. კანონმდებლობის თანახმად, იტალიის მოქალაქეებს, რომელთა წლიური შემოსავალი იყო 18,592 ევროზე დაბალი და ჰყავდათ სამი შვილი ან მეტი, ეძლეოდათ დახმარება (გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი). თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მომჩივანმა მიუთითა ტუნისსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება (ევრო-ხმელთაშუაზღვის შეთანხმება), რაც ითვალისწინებდა ევროკავშირში არსებული სოციალური გარანტიების ტუნისის მოქალაქეებზე გავრცელების შესაძლებლობას (გადაწყვეტილების მე-8 პარაგრაფი). პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა (მე-9 პარაგრაფი). მომჩივანმა მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში. მომჩივანმა სასამართლოსაგან მოითხოვა საქმის გადაცემა ლუქსემბურგის მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსათვის, რათა მომხდარიყო ევროკავშირის მიერ დადებული შეთანხმების განმარტება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა უფლება ტუნისის მოქალაქეს, მიეღო ოჯახის დახმარება. პალერმოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის საჩივარი. სასამართლოს განმარტებით, სადავოდ ქცეული შეღავათი ეფუძნებოდა მისი მიმღების შემოსავლებს და ოჯახურ მდგომარეობას. ეს შეღავათი ექცეოდა სოციალური დახმარების სფეროში. ეს დახმარება თავდაპირველად გათვალისწინებული იყო მხოლოდ იტალიის მოქალაქეებისათვის. ამის შემდეგ ეს შეღავათი გავრცელდა ევროკავშირის მოქალაქეებზე. ამის მიუხედავად, ევრო-ხმელთაშუაზღვის შეთანხმება ეხებოდა სოციალური დაცვის შეღავათების და ამგვარად ვერ გავრცელდებოდა საოჯახო დახმარებაზე (გადაწყვეტილების მე-11 პარაგრაფი). ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო სასამართლოში. ამ უკანასკნელმა საჩივარი არ დააკმაყოფილა (გადაწყვეტილების მე-13 პარაგრაფი). საკასაციო სასამართლომ მიუთითა ევრო-ხმელთაშუაზღვის შეთანხმებაზე, სადაც აღნიშნულია: ,,ტუნისის მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია წევრის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ევროკავშირის მოქალაქეების მსგავსად, თავისუფალი უნდა იყოს თავისი მოქალაქეობის გამო დისკრიმინაციისაგან შრომით პირობებთან, ხელფასთან და სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში (მე-13 პარაგრაფი).“ საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ევრო-ხმელთაშუაზღვის შეთანხმება პირდაპირ ეხება შრომით ურთიერთობებს და მისგან მომდინარე საკითხებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ეს შეთანხმება ეხებოდა სოციალური დაცვის შეღავათებს და არა სოციალური დახმარების შეღავათებს. ეს უკანასკნელი არ ვრცელდებოდა იტალიაში მცხოვრებ ტუნისის მოქალაქეებზე. საკასაციო სასამართლოს თქმით, ამგვარი ინტერპრეტაცია ეფუძნება ევრო-ხმელთაშუაზღვის შეთანხმების კონკრეტულ მუხლებს, სადაც მითითებულია, რომ შეთანხმება ეხება ავადმყოფობის და დეკრეტული შვებულების გამო ანაზღაურებას, შრომისუუნარობის დახმარებას, ასაკობრივ პენსიას, მემკვიდრეებისათვის გადასაცემ დახმარებას, საწარმოო ტრავმების, პროფესიულ დაავადებების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალების გამო კომპენსაციას. უმუშევრობის გასაცემ დახმარებას. საკასაციო სასამართლოს თქმით, ხელშეკრულების ამგვარი ინტერპრეტაცია არ არის გამოწვეული მხოლოდ ხელშეკრულების ტექსტში ჩაწერილი სიტყვებით ,,სოციალური დაცვა,“ არამედ საკასაციო სასამართლო ეყრდნობა ლუქსემბურგის სასამართლოს მიერ შეღავათის თითოეულ შემადგენელ ელემენტზე მითითებას (გადაწყვეტილების მე-15 პარაგრაფი). ამგვარად, სოციალური დაცვა იყო ის, რაც დაკავშირებული იყო ადამიანის შრომით უფლებებთან, ხოლო სოციალური დახმარება, რაც უკავშირდებოდა ადამიანის შემოსავლებს და ოჯახურ მდგომარეობას. ტუნისის მოქალაქე იტალიაში უზრუნველყოფილი იყო სოციალური დაცვით და არა სოციალური დახმარების უფლებით. იმის თაობაზე, თუ რამდენად ექცეოდა საოჯახო შეღავათი კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში (ოჯახური ცხოვრების უფლება), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლო თვლის, პირველ რიგში, ხელისუფლების უარი, მიეცა მომჩივანისათვის შეღავათი, მიზნად არ ისახავდა, მომჩივანის ოჯახური ცხოვრების დანგრევას. ამგვარი შედეგი არ დგებოდა დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში. კონვენციის მე-8 მუხლი არ აკისრებს სახელმწიფოს ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.“ (გადაწყვეტილების მე-40 პარაგრაფი). ,,ამის მიუხედავად, სასამართლომ ადრე დაადგინა ის, რომ დიდ ოჯახებზე დახმარების გაცემით, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი პატივისცემა ოჯახური ცხოვრების მიმართ კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისათვის. ამის გამო აღნიშნული შეღავათი ექცევა კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში. ვინაიდან დავის საგანი ექცევა კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სფეროში, დასაშვებია კონვენციის მე-14 მუხლის გამოყენება (გადაწყვეტილების 41-ე პარაგრაფი). მომჩივანი მიუთითებს, მთავრობა, ერთი მხრივ, მის მდგომარეობაში მყოფ პირებს, მეორე მხრივ, ევროკავშირის მოქალაქეებსა და ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხოელებს შორის განსხვავებულ მოპყრობას ახდენდა შეღავათის ,,სოციალურ დახმარებად“ კვალიფიკაციის გზით. მომჩივანის განმარტებით, ამით ხელისუფლება ცდილობდა თავიდან აეცილებინა დანახარჯი, რაც წარმოიშობოდა შეღავათის ახალი კატეგორიის ადამიანებზე გავრცელების გზით. ამ გარემოებების გათვალისწინებით დიფერენცირება არ იყო გამართლებული არც კონვენციით, არც იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. მომჩივანის მითითებით, სასამართლომ ადრეც დაადგინა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების მიმართ ხელსაყრელი მოპყრობა ეფუძნებოდა ობიექტურ და გონივრულ გამართლებას. ევროკავშირი ქმნის სპეციალურ სამართლებრივ წესრიგს. ევროკავშირს ჰყავს თავისი საკუთარი მოქალაქეები. ამის მიუხედავად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ევროკავშირის არამოქალაქესაც შესაძლოა თავისი წვლილი შეჰქონდეს სახელმწიფოს სათანადო რესურსებით უზრუნველყოფაში. ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირები იხდიან შენატანებს სოციალური დაცვის სქემებში და ისინი იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანმა დაამატა, რომ დისკრიმინაცია, რასაც ის დაექვემდებარა, ეფუძნებოდა მოქალაქეობას და არა მის საემიგრაციო სტატუსს. მომჩივანი მიუთითებს, ევროკავშირის 2003/109/EC დირექტივაზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მესამე ქვეყნის იმ მოქალაქის ინტეგრაცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ევროკავშირში (გადაწყვეტილების 43-ე პარაგრაფი). კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო გარკვეულ ფარგლებში სარგებლობს შეფასების თავისუფლებით, განსხვავებულად მოეპყროს თუ არა სხვაგვარად ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფ პირებს ან რა ფარგლებში განახორციელოს ამგვარი განსხვავებული მოპყრობა. შეფასების თავისუფლების ფარგლები დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე, დავის საგანზე და მათ თანმხლებ მოვლენებზე. ჩვეულებრივ, სახელმწიფოს შეფასების თავისუფლება ფართოა, ეკონომიკური ან სოციალური ხასიათის ღონისძიების გამოყენებისას. ამის მიუხედავად, ძალზედ წონადი მიზეზი უნდა წარუდგინოს სახელმწიფომ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, როდესაც განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ ადამიანის მოქალაქეობრივ კუთვნილებას ეფუძნება. სხვაგვარად განსხვავებული მოპყრობა წინააღმდეგობაში იქნება კონვენციასთან (გადაწყვეტილების 46-ე პუნქტი). ვინაიდან კონვენცია არის ადამიანის უფლებების დაცვის მოწინავე სისტემა, სასამართლო მხედველობაში იღებს მონაწილე სახელმწიფოებში მომხდარ ცვლილებებს. კონვენცია პასუხობს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან დაკავშირებით ევოლუციურ მიღწევებს (გადაწყვეტილების 47-ე პუნქტი). სასამართლოს ეჭვგარეშედ მიაჩნია ის, რომ მომჩივანს განსხვავებულად მოეპყრნენ იმ დასაქმებულებთან შედარებით, რომლებიც არიან ევროკავშირის მოქალაქეები. ევროკავშირის ამ მოქალაქეებს, მომჩივანის მსგავსად, აქვთ დიდი ოჯახები (გადაწყვეტილების 48-ე პარაგრაფი). სასამართლო დამატებით ასკვნის, რომ უარი შეღავათის გაცემაზე ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ მომჩივანის მოქალაქეობას. განსახილველ პერიოდში მომჩივანი არ იყო ევროკავშირის მოქალაქე. სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მომჩივანი, მოქალაქეობის გარდა, აკმაყოფილებდა შეღავათის მისაღებად აუცილებელ სხვა მოთხოვნებს. ამგვარად, მომჩივანს, მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელად მოეპყრნენ მისი პიროვნული მახასიათებლების გამო (გადაწყვეტილების 49-ე პარაგრაფი). სასამართლო მიუთითებს მის მიერ განხილულ მსგავს საქმეებზე (Niedzwiecki; Okpisz; Weller; Fawsie; and Saidoun). ეს საქმეებიც შეეხებოდა სოციალურ შეღავათებს, რაც უცხოელებს უნდა მიეღოთ საკუთარი ოჯახური მდგომარეობის გამო. ამ საქმეებში დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან კავშირში, იმის გამო, რომ სახელმწიფოებმა ვერ წარადგინეს, გონივრული გამართლება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ეძლეოდათ ქვეყანაში კანონიერად მცხოვრებ უცხოელებს შეღავათი მხოლოდ და მხოლოდ მათი მოქალაქეობის გამო (გადაწყვეტილების 50-ე პარაგრაფი). ზემოთ ნახსენებ ფევიზისა და საიდოუნის საქმეში, დავის საგანს წარმოადგენდა დიდი ოჯახებისათვის დაწესებული შეღავათი. ამ საქმეში მომჩივნებმა საბერძნეთში მიიღეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი. სახელმწიფო დიდი ოჯახებისათვის დაწესებულ შეღავათს სთავაზობდა საბერძნეთის მოქალაქეებს და ბერძნული წარმოშობის პირებს. ეს კრიტერიუმი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია რელევანტურად, ვინაიდან არ პასუხობდა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ლეგიტიმურ მიზანს (გადაწყვეტილების 51-ე პარაგრაფი). ევროპული სასამართლო თვლის, რომ მსგავს გარემოებებს აქვს ადგილი აღნიშნულ საქმეში. განსახილველ პერიოდში მომჩივანს ჰქონდა იტალიაში კანონიერად ცხოვრების და მუშაობის უფლება. მომჩივანი დაზღვეული იყო სოციალური დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიერ. მომჩივანი ისევე იხდიდა შენატანს აღნიშნულ სააგენტოში, როგორც ქვეყანაში დასაქმებული ევროკავშირის მოქალაქე. მომჩივანი არ იყო ქვეყანაში მოკლე ვადით მცხოვრები პირი ან ის უცხოელი, რომელმაც დაარღვია საემიგრაციო კანონმდებლობა. მომჩივანი არ მიეკუთვნებოდა პირთა იმ კატეგორიას, რომელიც არ ღებულობდა სახელმწიფო სერვისის დაფინანსებაში მონაწილეობას. სახელმწიფოს მომჩივანთან დაკავშირებით არ ჰქონდა ლეგიტიმური მიზეზი დაეზოგა ისეთი მწირი საჯარო რესურსი როგორიცაა სახელმწიფო დაზღვევა, სოციალური შეღავათები და ჯანდაცვა (გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფი). რაც შეეხება ბიუჯეტის დაზოგვის მთავრობის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს, სასამართლო აღიარებს, რომ სახელმწიფოს საბიუჯეტო ინტერესების დაცვა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ცალკე აღებული ამ მიზანს არ შეუძლია გაამართლოს ამ საქმეში სადავოდ ქცეული განსხვავებული მოპყრობა. გასარკვევი რჩება, რამდენად არსებობს პროპორციული კავშირი ზემოხსენებულ ლეგიტიმურ მიზანსა და მის მისაღწევად გამოყენებულ ღონისძიებას შორის. სასამართლო მიუთითებს, რომ ხელისუფლების უარი გაეცა მომჩივანზე ოჯახთან დაკავშირებული დახმარება, ეფუძნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მომჩივანი არ იყო ევროკავშირის მოქალაქე. სადავო არ არის ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე მიიღებდა ოჯახთან დაკავშირებულ დახმარებას. მოქალაქეობა იყო ერთადერთი კრიტერიუმი, რასაც სადავოდ ქცეული განსხვავებული მოპყრობა ეფუძნებოდა. სასამართლო იმეორებს, რომ წონადი მიზეზის წარდგენაა საჭირო მაშინ, როცა განსხვავებული მოპყრობა მხოლოდ მოქალაქეობას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს შეფასების ფართო თავისუფლება გააჩნია, სახელმწიფოს მიერ წარდგენილმა არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა სასამართლო დარწმუნებულიყო, რომ აღნიშნულ საქმეში პროპორციულობის ისეთ გონივრულ კავშირთან გვქონდა საქმე, რამაც განსხვავებული მოპყრობა კონვენციის მე-14 მუხლთან შესაბამისად აქცია. ამგვარად, ევროპულმა სასამართლომ დაჰბი იტალიის წინააღმდეგ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-8 მუხლთან კავშირში. ამგვარად, ბიუჯეტის დაზოგვა არ არის წონადი არგუმენტი, რათა ბავშვის შეძენისათვის მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს არ მიეცეს ფულადი დახმარება 100-200 ლარის ოდენობით, ისევე როგორც ეს საქართველოს მოქალაქეს ეძლევა. ამ დახმარების დანიშვნით სახელმწიფო გამოხატავს პატივისცემას ადამიანის ოჯახური ცხოვრების მიმართ და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები უცხოელისათვის, რომელიც საქართველოს მოქალაქის მსგავსად, მონაწილეობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ აქტივობაში, არ არსებობს საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის გამართლებული ინტერესი, მით უმეტეს, მაშინ როცა მეორე მხარეს, თანაბარ მოპყრობასთან ერთად ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის ინტერესი დგას. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი: აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი ხანია უარყვეს ე.წ. ,,სპეციალური სახელმწიფო პასუხისმგებლობის“ დოქტრინა. ეს დოქტრინა სოციალური შეღავათის განაწილებისას უპირატესობას ანიჭებს მოქალაქეებს უცხოელებთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელი შესაძლოა მუდმივად ცხოვრობდეს საქართველოში, იყოს ქართული საზოგადოების წევრი, საქართველოს მოქალაქის მსგავსად იხდიდეს გადასახადებს ან სხვაგვარად წვლილი შეჰქონდეს წვლილი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, ,,სპეციალური სახელმწიფო პასუხისმგებლობის“ დოქტრინის ადგილი საქართველოს კონსტიტუციაში ან საერთოდ ვერ იქნება ან ამ დოქტრინამ არ უნდა ჩააყენოს არახელსაყრელ მდგომარეობაში ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელი. ამგვარად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას და უნდა მოხდეს მისი ძალადაკარგულად ცნობა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა