სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/15/927 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 22:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №927) მიმართა სომხეთის მოქალაქე ანი მინასიანმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 19 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 8 სექტემბერს.
2. №927 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა წრეს. სადავო ნორმის თანახმად, აღნიშნული სტატუსი შეიძლება მიეცეს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს ეძლევა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. აღნიშნული ნორმის „ა“ ქვეპუნქტი ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმად ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ქონას. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს საფუძვლებს, რომელთა არსებობაც განაპირობებს პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტას. აღნიშნული პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად ითვალისწინებს პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
4. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მიღების აუცილებელ კრიტერიუმად ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობას. ამასთანავე, დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი სტატუსის მინიჭების მიზნით, წარსადგენ აუცილებელ დოკუმენტად ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ასევე, აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი პირისათვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლად განსაზღვრავს, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში პირს სტატუსი უწყდება მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას და კრძალავს დისკრიმინაციას.
6. მოსარჩელე ანი მინასიანი არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე და ფლობს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ელექტრონულ მოწმობას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებაზე, რადგან მან ვერ წარადგინა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელე, ცხადია, ვერ წარადგენდა აღნიშნულ დოკუმენტს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე ირღვევა მისი თანასწორობის უფლება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები იღებენ რიგ სოციალურ გარანტიებს, რაც გამოიხატება მათ მიერ პენსიის და შრომითი ანაზღაურების დანამატის მიღებაში და ა.შ. ასევე, ამ სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქე სარგებლობს სხვადასხვა სახის საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირი, რომელიც დასაქმებულია ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში, თუ მას ჰყავს სამი ან მეტი შვილი და არის საქართველოს მოქალაქე. თუ აღნიშნული პირი ერთი წლის განმავლობაში 3 000 ლარამდე შემოსავალს იღებს, საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება საჯარო მოხელე და, შესაბამისად, საჯარო მოხელის ხელფასის დაბეგვრისგან გათავისუფლებას შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. აქედან გამომდინარე, შეღავათის ამ ნაწილში უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის შედარება არ ხდება. თუმცა საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს მოქალაქე, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არსებულ არასაბიუჯეტო ორგანიზაციაში მიიღებს 6000 ლარამდე შემოსავალს. არასაბიუჯეტო ორგანიზაციაში შეიძლება დასაქმებული იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი. შესაბამისად, აღნიშნული შეღავათის ნაწილში უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქის შედარებად კატეგორიებში ექცევიან.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობის ნიშნით. კონსტიტუციის მე-14 მუხლი აღნიშნულ ნიშანს პირდაპირ არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, განსხვავებული მოპყრობის შეფასება უნდა მოხდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე, რადგან სადავო ნორმები ადგენს მაღალი ინტენსივობის დიფერენცირებას. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე სრულად არის გამორიცხული აღნიშნულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისაგან და მკვეთრად არის დაშორებული იმ სიკეთესთან, რასაც იღებენ საქართველოს მოქალაქეები. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეობის მიღება დაკავშირებულია ნატურალიზაციის პირობების დაკმაყოფილებასა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებასთან. შესაბამისად, დიფერენცირების მიზეზის აღმოფხვრა არ არის დამოკიდებული არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებულ პირზე.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს გააჩნია ლეგიტიმური ინტერესი, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური ხარჯვის მიზნით, შეზღუდოს სოციალური დანახარჯები. თუმცა მსგავსი შეზღუდვის დაწესება მხოლოდ უცხოელთათვის გაუმართლებელია, რადგან მუდმივი ბინადრობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად იხდიან გადასახადებს და ხელს უწყობენ ეკონომიკის ზრდას.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს ისიც, რომ მხოლოდ სოციალური გარანტიების გამო არ აირჩიონ უცხოელებმა მაღალმთიანი რეგიონები საცხოვრებლად. თუმცა სადავო რეგულირების პირობებში ზემოაღნიშნული საფრთხე რეალურად ვერ იარსებებს, რადგან რამდენიმე ათეული წლის წინ ამ რეგიონში დასახლებული უცხოელი ვერ გათვლიდა წინასწარ, რომ კანონის საფუძველზე მას შეეძლებოდა აღნიშნული შეღავათების სარგებლობა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსგავსი შეღავათების არსებობის იდეაც კი არ არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც ისინი რეგიონში დასახლდნენ. შესაბამისად, სადავო რეგულირებით იზღუდება იმ უცხოელების უფლება, რომლებსაც ზემოაღნიშნული მიზანი ვერ ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ვიწროდ მიზანმიმართული საშუალება.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო კანონის მიზანს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარება და მიგრაციული პროცესების შეჩერება. შესაბამისად, ყოველი უცხოელი, რომელიც ამ რეგიონში დასახლდება, ხელს შეუწყობს კანონის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, რეგიონში გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა. აქედან გამომდინარე, სწორედ კანონის მიზნების შესაბამისია უცხოელთა წახალისება, დასახლდნენ ამ რეგიონებში.
12. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სოციალური შეღავათებით სარგებლობა ძირითადად დაკავშირებულია ადამიანის სამუშაო ადგილის ქონასთან ან მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან. შესაბამისად, უცხოელი პირი ვერ იქცევა ტვირთად ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტისთვის. პირიქით, ის მისი საქმიანობით უფრო მეტ სარგებელს მოიტანს რეგიონისთვის, ვიდრე მასზე დახარჯული სოციალური შეღავათები დააწვება ტვირთად სახელმწიფოს.
13. კონსტიტუციურ სარჩელში ცალკე საკითხად არის გამოტანილი ის ნაწილი, რომელიც გულისხმობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ფულადი დახმარების - არანაკლებ 100 ლარის - მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის - 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ფულადი დახმარების - არანაკლებ 200 ლარის - მიცემას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, იგი გაუმართლებლად კარგავს ამგვარი სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლებას.
14. მოსარჩელის აზრით, ბავშვის დახმარება განსხვავდება სხვა ტიპის ფინანსური შეღავათისგან. კერძოდ, ეს დახმარება ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობის განვითარებას. ოჯახური კეთილდღეობის განვითრების უზრუნველყოფის გამო ამ შეღავათს განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ამასთან, კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არ არიან ძირითადი უფლების დამდგენი ნორმები, არამედ აყალიბებენ სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებებს. ამასთანავე, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს ფართო კონცეფციის ერთი ასპექტის კონკრეტიზაციას და განსაზღვრავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლების, ისევე როგორც სხვა უფლების შინაარსს.
15. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ბიუჯეტის დაზოგვა ვერ იქნება ბავშვის შეძენისათვის მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები უცხოელისათვის ფულადი დახმარების არმიცემის წონადი არგუმენტი. ამ დახმარების დანიშვნით სახელმწიფო გამოხატავს პატივისცემას ადამიანის ოჯახური ცხოვრების მიმართ. ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გამართლებული ვერ იქნება, მით უმეტეს მაშინ, როცა მეორე მხარეს, თანაბარ მოპყრობასთან ერთად, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის ინტერესი დგას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
17. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ფიზიკური პირია. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. N927 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოცემული სადავო ნორმების საფუძველზე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უწყდება ფიზიკურ პირს მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ აღნიშნული ნორმები იწვევს მისი უფლების დარღვევას.
4. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა რომლის დაკარგვის გამო სადავო ნორმების საფუძველზე შეუწყდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ამით დაირღვა მისი თანასწორობის უფლება. ხოლო, რაც შეეხება მოსარჩელის უფლების სავარაუდო, სამომავლო დარღვევას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, ზედმეტად აბსტრაქტულია შესაძლებლობა, რომ მან შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა, შემდგომ დაკარგოს იგი და ამის გამო მოეხსნას მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ №927 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №927 („სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №927 კონსტიტუციური სარჩელი („სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. №810 და №927 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი