სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N810 |
ავტორ(ებ)ი | გარნეკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი |
თარიღი | 21 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ: საქართველოს პარლამენტმა, 2015 წლის 16 ივლისს, მიიღო საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითრების შესახებ“. საქართველოს მთავრობამ კი 2015 წლის 30 დეკემბრის #671 დადგენილებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით დაამტკიცა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის ქვეშ მოექცა სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ყველა დასახლება. ბ.ა) საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში, მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეს, გარნეკ ვარდერესიანს, 2016 წლის 13 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის #169 13 დადგენილებით (იხ.დანართი #1), უარი ეთქვა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დადგენილებით ირკვევა, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კანონით დადგენილი წესით შექმნილმა უფლებამოსილმა ორგანომ, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმისას იხელმძღვანელა „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #591 დადგენილების მე-5 მუხლის დანაწესით. დადგენილების მიღების ნორმატიული საფუძველს წარმოადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად ე.წ. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოს წინაშე წარადგინოს აუცილებელი დოკუმენტაცია, მათ შორის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. დოკუმენტების წარუდგენლობა არის განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი, (იქვე. # 591 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი). ამ შემთხვევაში, მართალია, საბჭომ განსახილველად მიიღო მომჩივნის განცხადება, თუმცა მომჩივანი ნებისმიერ შემთხვევაში მოკლებული იყო შესაძლებლობას წარედგინა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვინაიდან ის არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები სომხეთის მოქალაქე. გარნეკ ვარდერესიან 2005 წლიდან დღემდე მუშაობს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში ტექნიკოს ელექტრიკად. ბ.ბ) საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში, მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეს, არტავაზდ ხაჩატრიანს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიმღები ოპერატორის გადაწყვეტილებით (იხ. დანართი #2), უარი ეთქვა მაღლმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადების მიღებაზე. გადაწყვეტილების თანახმად მომჩივანი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის #591 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს - აღნიშნული ნორმა სტატუსის მინიჭების ძირითად მოთხოვნად ადგენს საქართველოს მოქალაქეობის კრიტერიუმს. არტავაზდ ხაჩატრიან მუშაობს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ტექნიკოს ელექტრიკად 2003 წლიდან დღემდე. ორივე შემთხვევაში მომჩივნები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლონ იმ შეღავათებით, რასაც კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ადგენს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მოსარჩელეებს გარნეკ ვარდერესიანსა და არტავაზდ ხაჩატრიანს დაერღვათ კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ უფლებამოსილ სუბიექტებს. გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს პარლამენტმა, 2015 წლის 16 ივლისს, დაამტკიცა საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითრების შესახებ“. კანონი საკანონმდებლო მაცნეში ამავე წლის 28 ივლისს გამოქვეყნდა. ახალი კანონის მიღების პარალელურად პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა აღნიშნული კანონის თანმდევი ცვლილებების ასახვას შესაბამის საკანონმდებლო აქტებში. მათ შორის, ცვლილება შეეხო საგადასახადო და სურსათი/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსებს, ასევე საქართველოს კანონებს - “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის”, “ნიადაგის დაცვის”, “სპორტის” და „საექიმო საქმიანობის” შესახებ. „მაღალმთიანი რეგიონების განვითრების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით განისაზღვრა საქართველოში მაღალმთიან დასახლებათა სამართლებრივი სტატუსი. მაღალმთიან დასახლებად აპრიორი განისაზღვრა დასახლებები ზღვის დონიდან 1500 მეტრზე და მის ზევით, ასევე, საქართველოს მთავრობას მიენიჭა დისკრეციული უფლებამოსილება, მაღალმთიან დასახლებად მიიჩნიოს და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეიყვანოს დასახლებები 800 მეტრიდან, განსაკუთრებულ შემთხვევებში - 800 მეტრამდეც. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 30 დეკემბრის #671 დადგენილებით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით დაამტკიცა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის ქვეშ მოექცა სამცხე ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარში მდებარე ყველა დასახლება. ზემოთ განხილულმა ცვლილებებმა დააწესა მთელი რიგი სოციალური თუ ეკონომიკური შეღავათებისა მაღალმთიან დასახლებებში არსებული მეწარმე სუბიექტებისთვის, იქ დასაქმებული საჯარო მოხელეების, ექიმების, პედაგოგებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეებისათვის, ასევე ყველასთვის, ვინც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თობაზე. მაღალმთიანი დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის კანონმა დაადგინა მთელი რიგი შეღავათებისა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ვ“ და „დ“ ქვეპუნქტებით საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, რაც აუცილებელი წინაპირობაა კანონით მაღალმთიან დასახლებაში დადგენილი ბენეფიტებით სარგებლობისა, შეიძლება მიენიჭოს პირს თუ, ის კუმულატიურად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა მაღალმთიან დასახლებებში, კონკრეტულ შემთხვევაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით ბლანკეტურად, სრულად ართმევს შესაძლებლობას მოიპოვონ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლონ იმ ბენეფიტებით და შეღავათებით, რასაც კანონი მაღალმთიან დასახლებებს განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით სთავაზობს. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს ადგენს, რა უთანასწორო მიდგომას არსებითად თანასწორი პირების მიმართ.
ა) დიფერენცირება და დიფერენცირების ნიშანიმოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა უთანასწოროდ ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს და ამიტომ იგი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ კანონის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტიასთან. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განარტავს „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე - მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, პ. 4). ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „თანასწორობის მიზანს არ წარმოადგენს ყველა პირისა და პირთაჯგუფს შორის უნივერსალური თანასწორობის მიღწევა, მათი ერთ სიბრტყეში ნოველირება. კონსტიტუციის მე-14 მუხლში დაცული ძირითადი უფლება არსებითად თანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობის გარანტიაა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის #2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთიანი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საკონსტიტუციო სასამართლომ თავისივე პრაქტიკით კონსტიტუციის 47-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა, საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის #2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ. 43) და, რომ კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, თუ საწინააღმდეგო თვით კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-93). სასამართლო, ასევე, განმარტავს, რომ „სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შორის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, არსებობს განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირი, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის #2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6) ამასთან, „დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის ჩანაწერი „სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-20). სასამართლომ კონსტიტუციის 31-ე მუხლი, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა თავშია წარმოდგენილი, განმარტა როგორც „...ერთი მხრივ სახელმწიფო სოლიდარობისა და მეორე მხრივ კი - სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის გამოხატულება.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-21). თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისობის შემოწმებაც შესაძლებლად მიიჩნია. სასამართლომ განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ - სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს”. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, IIპ.3). მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის მსჯელობისას მე-14 მუხლის განმარტების ფარგლები შესაძლებელია გაფართოვდეს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე მითითებით. ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები მაღალმთიან დასახლებებში დადგენილი შეღავათების მიღების მიზნისთვის არიან თანასწორნი, შესადარებელი სუბიექტები ექცევიან ანალოგიურ გარემოებებში, რადგან ისინი თანაბრად მონაწილეობენ მაღალმთიანი რეგიონების სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროცესში, თუმცა კანონი მათ არსებითად არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, არამედ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულ სოციალური სახელმწიფოს პრინციპსაც. სადავო ნორმა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის უგულებელყოფით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს არა იქ მცხოვრებ მთელ მოსახლეობას, არამედ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად სახეზეა დიფერენცირებული მოპყრობა დისკრიმინაციის, კერძოდ მოქალაქეობის ნიშნით.
ბ) მკაცრი შეფასების ტესტიროგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობისთვის სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს. „კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება, II.პ.6) მოქალაქეობა დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშნად არ განიხილება, რადგან ის არ არის კონსტიტუციის მე-14 მუხლის დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალში. თუმცა, ვინაიდან დისკრიმინაციის აკრძალვის მიზანი უფრო ფართოა, ვიდრე ეს მასში ჩამოთვლილი ნიშნებით შემოიფარგლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.2) მე-14 მუხლში ჩამოთვლილი დისკრიმინაციის ნიშნები არ არის ამომწურავი. სასამართლო განმარტავს, რომ მე-14 მუხლის „ჩამონათვალის არსებობა ამ ნიშნებთან დაკავშირებულ ადამიანთა დიფერენცირების შემთხვევების უპირატეს შეზღუდვაზე მიუთითებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ადამიანთა არაგონივრული დიფერენცირების სხვა შემთხვევების არსებობას და მათი კონსტიტუციით აკრძალვის საჭიროებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება, II.პ.1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მოქალაქოება არ განეკუთვნება იმ კლასიკური ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც გვხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში. შესაბამისად, მოქალაქეობის ნიშნით დიფერენცირების ნაწილში მე-14 მუხლში ჩარევას მკაცრი ტესტით შეაფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით. დიფერენცირების ინტენსივობის შეფასებისას კრიტერიუმები ყოველ კონრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო თანმხდება ძირითად კრიტერიუმზე, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბერის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-6). აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთი სოციალური უფლების თვალსაზრისით მსჯელობისას, როგორიც არის განათლების უფლება, მოქალაქეობის ნიშნით დიფერენცირება მიიჩნია მაღალ ინტენსივობად და კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევის კონსტიტუციურობა შეაფასა მკაცრი ტესტით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმების მიხედვით საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები „ზოგადი განათლების დაფინანსებას საერთოდ ვერ იღებენ, მაშინ როდესაც სხვა შესადარებელი ჯგუფისთვის იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის #2/3/540 გადაწყვეტილება „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53). იგივე ტესტი გამოიყენა სასამართლომ საქმეში საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ „დისციპლინური გადაცდომა“ დისკრიმინაციის ნიშნად მიიჩნია და მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარმოადგენდა დისკრიმინაციის კლასიკურ ნიშანს დიფერენცირების ინტენსივობის გამო მე-14 მუხლში ჩარევის კონსტიტუციურობა შეაფასა მკაცრი ტესტით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მისი და შესადარებელი პირთა წრეს შორის (საქართველოს მოქალაქეები) მაღალმთიან დასახლებებში შეღავათებით სარგებლობის რეგულირების სამართლებრივი რეჟიმის თვალსაზრისით დიფერენცირება იმდენად ინტენსიურია, რომ მოსარჩელეები მაღალმთიან დასახლებებში დადგენილ ბენეფიტებს საერთოდ ვერ იღებენ, მაშინ როცა საქართველოს მოქალქეები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე სარგებლობენ შეღავათებით. შესაბამისად, დიფერენცირება უნდა შეფასდეს მაღალი ინტენსივობით, ხოლო მე-14 მუხლში ჩარევის კონსტიტუციურობა მკაცრი შეფასების ტესტით. სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, უფლების შეზღუდვის შეფასების მკაცრი ტესტი გულისხმობს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებას. ამასთანავე, ამ ტესტის ფარგლებში „ლეგიტიმური მიზნის“ დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6).
გ) ლეგიტიმური მიზნის არ არსებობამკაცრი ტესტის გამოყენების პირობებში, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და ამ მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას წარმოადგენდეს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II.60). მიგვაჩნია, რომ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი. უფრო მეტიც, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის „მეორე წინადადების მოთხოვნის შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა დაადგინა შეღავათები, რომლებიც ასახულია ”მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფომ, უზრუნველყოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, გაატაროს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკა თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, გააძლიეროს მაღალმთიან რეგიონებში სოციალურ-კულტურული აქტივობა, განავითაროს მრეწველობა, რაციონალურად გამოიყენოს ადგილობრივი რესურსები და დაასაქმოს მოსახლეობა.” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის #2/8/366 განჩინება, პ.2). „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი კანონის მიღება გამოიწვია მისი წინამორბედის „მაღალმთიან რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ 1999 წლის საქართველოს კანონის არაეფექტურობამ. კანონის ავტორები განმარტავენ, რომ ახალი კანონის მიღებამდე მოქმედი ნორმატიული აქტები მათი აღსრულებადობის ხარვეზის გამო ვერ უზრუნველყოფდნენ საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ამასთან, საქართველოს კანონის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიზანია შეღავათების დაწესება არა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების არამედ, ზოგადად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რათა მოხდეს ამ გეოგრაფიულად სპეციფიკური დასახლებების განვითარების ხელშეწყობა. კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაღალმთიან დასახლებების განვითარებისთვის ეფექტური და აღსრულებადი კანონმდებლობის შექმნის მიზანია - „უზრუნველყოფილ იქნეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობით დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია რა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვას მაღალმთიანი რეგიონებში შეღავათებით სარგებლობის უფლება მისცეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა საქართველოში მცხოვრები უცხოელებს. მაშინ, როცა, როგორც უკვე ზემოთაც აღინიშნა, ზოგადად კანონის დეკლარირებული მიზანი არის შეღავათების დაწესება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.15.). ამ კონრეტულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმით დადგენილი მოქალაქეობის ნიშნით, მაღალი ინტენსივობის ჩარევა კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში მოკლებულია სახელმწიფოს მიერ რაიმე ლეგიტიმური მიზნით გამართლებას და ამიტომ ის არაკონსტიტუციურია მე-14 მუხლთან მიმართებით. დ) სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესიმიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმური მიზნი არ არსებობს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მოსარჩელე მხარე შეზღუდვას საფუძველშივე არაკონსტიტუციურად განიხილავს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს არც უფლების შეზღუდვის გამამართლებელი დაუძლეველი ინტერესი გააჩნია. განათლების უფლების მოქალაქეობის ნიშნით შეზღუდვის შემთხვევაში, სადაც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, სახელმწიფო არ უფინანსებდა საშუალო განათლებას, პარლამენტის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა დასაბუთება თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალური უფლების შეზღუდვის სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი და მხოლოდ ბიუჯეტის ამოწურვადობაზე გაამახვილა ყურადღება. სასამართლომ ეს მოსაზრება სათანადო დასაბუთების არქონის გამო არ მიიჩნია წონად არგუმენტად მე-14 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვისთვის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის #2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). მიგვაჩნია, რომ სარჩელში წარმოდგენილ შემთხვევაშიც მე-14 მუხლით დაცული უფლების სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვის დაუძლეველი ინტერესის სახით ბიუჯეტის ამოწურვადობის მითითების შემთხვევაში არ იქნება საკმარისი არგუმენტი, რაც შეზღუდვის აუცილებლობას გაამართლებდა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სიკეთე არ მოიაზრება ადამიანის ძირითად უფლებათა კატალოგში. სასამართლომ 2008 წლის 31 მარტის #2/1/-392 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება არის სახელმწიფოს მიზნის დამდგენ ნორმა. იგი არ განიხილა, როგორც მოვალეობა, მაგრამ ამავდროულად ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის არ არის მხოლოდ დეკლარაციული და პროგრამული დანაწესი. თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის განჩინებაში, კონსტიტუციის 31-ე მუხლი სახელმწიფოს ვალდებულების დამდგენ ნორმად მიიჩნია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის #2/8/366 განჩინება, პ.2). სადავო ნორმა უნდა შეფასდეს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებით შეიძლება გაფართოვდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი მაშინ, როდესაც საქმე შეზღუდულ რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას უკავშირდება. ამასთან, სასამართლოს განმარტებით ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. თუმცა სასამართლოს საკმაოდ მკაფიოდ მიუთითა, რომ „ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის #2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პ.26). ბ)თანაზომიერების პრინციპისადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არ არსებობა გამორიცხავს უფლების შეზღუდვის ინტენსივობისა და მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციულობის, მისი თანაზომიერების შეფასების შესაძლებლობას. ვინაიდან, „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის @1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ენერგეტიკის წინააღმდეგ“, II.9.) მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს თვითმიზანი, არ ემსახურება რა განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის #2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე „ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II.30). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლით, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი ვინაიდან ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა:არა