სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/811 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 6 თებერვალი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 თებერვალი 2017 15:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან; ბ) “სახელწმიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №811) მიმართესსსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველომ“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიამ საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 22 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 6 თებერვალი.
2. №811 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასმართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი; "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. აღნიშნულ მუხლში მოსარჩელეებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან გასაჩივრებული აქვთ სიტყვები “კერძო სამართლის”.
4. “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – უსასყიდლოდ”. აღნიშნულ მუხლში მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული აქვს შემდეგი სიტყვები : “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ” საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, “ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით ფიზიკურ პირებს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. ამ ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით”. ამ მუხლში მოსარჩელეებს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით სადავოდ მიაჩნიათ სიტყვები “კერძო სამართლის”.
6. “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას”. ამ მუხლში მოსარჩელე მხარეს გასაჩივრებული აქვს სიტყვები “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. კონსტიტუციის პირველ და მე-2 მუხლებში განმტკიცებულია საკუთრების უფლება და მისი შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძველი.
8. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები, კონკრეტულად “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტის, აგრეთვე 63 პუნქტის შესაბამისი სადავო სიტყვები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციებს შორის. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით არიან ჩამოყალიბებული, ერთმევათ შესაძლებლობა, მოახდინონ სახელმიწფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფოსთან ქონების გაცვლა და სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღება, მაშინ როდესაც ასეთი უფლება გარანტირებულია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციის ნიშნად ასახელებს რელიგიას, რომელიც სახელდებით არის გათვალისწინებული კონსტიტუციის მე-14 მუხლში.
9. ვინაიდან უთანასწორო მოპყრობის ნიშნად კონსტიტუციით პირდაპირ აკრძალული ნიშანი - რელიგიაა წარმოდგენილი, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი, რომელიც გაამართლებდა გასაჩივრებული ნორმებით დადგენილ რეგულაციებს. ამასთან ერთად მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ გაურკვეველია სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი, რაც გამორიცხავს აღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ “სახელწმიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”, 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”, მე-2 პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”, 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლში განმტკიცებული საკუთრების უფლება იცავს არა მხოლოდ არსებულ საკუთრებას, არამედ მისი შეძენის შესაძლებლობასაც. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ნორმებით მათ არ აქვთ უფლება, შეიძინონ სახელმწიფო საკუთრება, აღნიშნული წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 21-ე მუხლში გარანტირებულ მათი საკუთრების ძირითად უფლებაში.
13. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, ვინაიდან სახეზე არ არის საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, სადავო ნორმები წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას ამ კონსტიტუციურ უფლებაში და ეწინააღმდეგება 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
14. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებული სიტყვების შესაბამისი ნორმებიდან ამოღებით, გადაიჭრება კონსტიტუციურობის პრობლემა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №811 კონსტუტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, მე-2 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობას კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. ყველა ზემოხსენებული ნორმის არაკონსტიტუციურობის არგუმენტად მოსარჩელეებს დასახელებული აქვთ შესაძლებლობის არქონა, შეიძინონ სახელმწიფო ქონება, რაც განაპირობებს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მათი საკუთრების შეძენის უფლების ხელყოფას. საკუთრების შეძენის მნიშვნელობაზე, როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების ნაწილზე, საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში გაუმახვილებია ყურადღება.
4. მაგალითისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე. ადამიანის მისწრაფება საკუთრების მოპოვებისკენ, მისთვის დამახასიათებელ ნორმალურ სოციალურ ქცევას წარმოადგენს. მისი ეს სწრაფვა პიროვნული თავისუფლების ერთგვარი გამოვლინებაა. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს ადამიანს, შექნას მისი საკუთრება და ამის საფუძველზე უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა. ეს უფლება თავისთავად ვერ იქნება პირის მიერ სახელმწიფოსაგან გარკვეული მატერიალური სიკეთეების მოთხოვნის საფუძველი” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II – 37).
5. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების შეძენის კონსტიტუციურ უფლებაზე მსჯელობისას ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებაზე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთრების შეძენაში. საკუთრების შეძენის ხელის შეშლაში, სასამართლოს განმარტებით, მოიაზრება ასევე იმ სამართლებრივი გზების არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა პირის მიერ საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობას (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე “დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II – 39).
6. შესაბამისად, რეგულირებას, რომელიც თავისი შინაარსით მიმართულია პირის შესაძლებლობის შეზღუდვისკენ, შეიძინოს ესა თუ ის ქონება, მიმართება აქვს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლებით ვერ იქნება დაცული პირის ნებისმიერი სწრაფვა, გახდეს ამა თუ იმ ქონების შემძენი. კონსტიტუციის 21-ე მუხლში განმტკიცებული საკუთრების ძირითადი უფლების დაცვის ქვეშ ექცევა სხვა პირისგან საკუთრების შეძენის ისეთი შინაარსი, რომელიც პირთა შორის კონსენსუალურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. ცხადია, ირაციონალური იქნება იმის მტკიცება, კონსტიტუცია იცავს საკუთრების შეძენის უფლებას მაშინაც, როდესაც ქონების გამსხვისებლის ნება არ არსებობს შემძენთან გარიგების დადების თაობაზე.
7. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, უნდა მოიაზრებოდეს თუ არა სახელმწიფო ზემოხსენებული კონსენსუალური ურთიერთობის მონაწილე მხარედ? უფრო კონკრეტულად, უფლებებისა და ვალდებულებების თვალსაზრისით, სახელმწიფო სხვა მესაკუთრეებს უთანაბრდება, თუ ის სპეციალური ტიპის მესაკუთრედ უნდა მივიჩინოთ?
8. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები აქვს გაკეთებული სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის ცნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი საკუთრება გულისხმობს ყველასათვის ერთიანი და თანასწორი საკუთრების უფლების დამკვიდრებას. საქართველო პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც უარი თქვა საკუთრების ფორმებზე და, შესაბამისად, პრივილეგიური მესაკუთრის ინსტიტუტზე. ასეთ მესაკუთრეს საბჭოთა სინამდვილეში წარმოადგენდა სახელმწიფო. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჩადებული საკუთრების იდეა სახელმწიფოს როგორც მესაკუთრეს უფლებრივად ათანაბრებს სხვა მესაკუთრეებთან. ამის შესაბამისად ჩამოყალიბდა ქართული სამოქალაქო კანონმდებლობა. საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოცემულია უმნიშვნელოვანესი დებულება, რომ ,,სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი". კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში პირთა თანასწორობის დაკანონებულმა პრინციპმა სახელმწიფო გაათანაბრა ამ ურთიერთობის სხვა სუბიექტებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის 1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი” და „ანაჯგუფი” (ყოფილი „თბილგაზოაპარატი”) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო, როგორც მესაკუთრე უფლებრივად გათანაბრებულია სხვა მესაკუთრეებთან, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ კონსენსუალური ურთიერთოებების ჭრილში სახელმწიფო ორდინალური მესაკუთრეა, რომელიც უფლებამოსილია, განსაზღვროს საკუთარი ქონების განკარგვის პირობები.
10. მოსარჩელე მხარის მიერ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული სადავო სიტყვები და ზოგადად ის ნორმები, რომელშიც ასახულნი არიან ეს უკანასკნელნი, წარმოადგენენ სახელმწიფოს როგორც მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო ქონების შეძენის პირობების ნაწილს. სხვა სიტყვებით, სადავო ნორმებით სახელმწიფო ქონების მესაკუთრეს განსაზღვრული აქვს იმ პირთა წრე, რომელთანაც შევა სამართლებრივ ურთიერთობაში. კერძოდ, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ქონების შემძენია (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიხედვით, პრივატიზებისა და გაცვლის სუბიექტებად აგრეთვე განსაზღვრული არიან სხვადასხვა სუბიექტები, ვისთანაც სახელმწიფო როგორც მესაკუთრე შედის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. იგივე შეიძლება ითქვას ზემოაღნიშნული კანონის 63 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც სახელმწიფო ქონების მესაკუთრის მიერ დადგენილია იმ სუბიექტთა წრე, რომელსაც შესაძლოა უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო ქონება.
11. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო საკუთარი ქონების განკარგვის ჭრილში უფლებრივი თვალსაზრისით გათანაბრებულია სხვა ორდინალურ მესაკუთრეებთან, მის მიერ განსაზღვრული პირობები, მათ შორის ადრესატთა წრე არ უნდა ჩაითვალოს ჩარევად იმ პირთა საკუთრების უფლებაში, რომლებიც სუბიექტთა წრის გარეთ რჩებიან. შესაბმისად, პირის მოთხოვნა, შეიძინოს სახელმწიფო საკუთრება იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს მეორე მხარის ნება, ვერ იქნება დაცული კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №811 რეგისტრირებულ სარჩელში არ დასტურდება სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. შესაბამისად, №811 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების მიმართებას კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, დაუსაბუთებელია და სახეზეა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად არმიღების საფუძველი.
13. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის ქცეული “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
14. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, გასაჩივრებული სიტყვები დისკრიმინაციულია, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც, მათ შორის ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ.
15. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც რელევანტურია დასაბუთებულობის მოთხოვნა, რომელიც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს იმისთვის, რომ ის არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული. ეს მოთხოვნა გამომდინარებს როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონმდებლობიდან (მუხლები - 16 და 18), ისე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მრავალწლიანი პრაქტიკიდან.
16. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ სახელმწიფო ქონების მესაკუთრენი მაშინ, როდესაც ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელეებს გასაჩივრებული აქვთ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ” და მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები “კერძო სამართლის”.
17. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სიტყვებიდან არ გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში პრობლემურად გამხდარი შინაარსი. კერძოდ, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გასაჩივრებული სიტყვებიდან (“კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”) იმაზე მეტი შინაარსი არ იკითხება, ვიდრე სადავო ნორმის მიერ კერძო სამართლის სუბიექტისადმი შესაძლებლობის მიცემაა, შეიძინონ სახელწიფო ქონება, რაც სარჩელში პრობლემად დასახელებული არ არის და არც შესაბამისი დასაბუთებაა წარმოდგენილი. კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პრობლემა მხოლოდ ის უთანასწორო მოპყრობაა, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის შეიძლება იყოს, რაც გასაჩივრებული სიტყვებიდან არ გამომდინარეობს.
18. რაც შეეხება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გასაჩივრებულ სიტყვას “უსასყიდლოდ”, მართალია, ეს უკანასკნელი ადგენს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას, თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში ამ სიტყვის პრობლემატურობა დაკავშირებულია მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის თანაბარი შესაძლებლობის არარსებობასთან.
19. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშულია, რომ “გასაჩივრებული სიტყვების „კერძო სამართლის“; „სასყიდლით, ხოლო“ და „უსასყიდლოდ“ არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ნორმის ისეთი ფორმულირების ჩამოყალიბებას, რომ ნორმაში მოხსენიებულ ნებისმიერ სუბიექტზე შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება, თანაბარ პირობებში“. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთებულობა მიმართულია ზოგადად შესაძლებლობების თანასწორობასთან და არა კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ იმის შესაძლებლობა არსებობს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ უსასყიდლოდ მიიღოს კონკრეტული სახელმწიფო ქონება. ამის გარდა, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ “გასაჩივრებული ნორმის ფორმულირება არ შეზღუდავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიებს, რადგან სწორედ მე-7 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს შეეძლება მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს) გადასცეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ, რა პრივილეგიითაც მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედი ნორმის პირობებშიც სარგებლობს”. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება სადავო სიტყვას, რადგან სიტყვის შინაარსი, როგორც თავიდანვე აღინიშნა, შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ქმნის შესაძლებლობას, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეიძინოს კონკრეტული ქონება უსასყიდლოდ, რის არაკონსტიტუციურობაზეც შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილი არ არის.
20. რაც შეეხება ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის არასწორ აღქმას. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებულია “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვა “კერძო სამართლის”, საიდანაც არ გამომდინარეობს ის უთანასწორო მოპყრობა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმას და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №811 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №811 კონსტიტუციური სარჩელი (სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №811 კონსტიტუციური სარჩელი (სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ა) “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ”, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის” და 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ბ) “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის”, “სასყიდლით, ხოლო”, “უსასყიდლოდ” და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების “კერძო სამართლის” კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა