სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა სა
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N811 |
ავტორ(ებ)ი | სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა სა |
თარიღი | 21 ივლისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ: ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და გათვალისწინებულია მე-16 მუხლის მოთხოვნები. სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას იურიდიული პირებისათვის. მოსარჩელეები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული მათი უფლებები - მე-14 და 21-ე მუხლები. სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“. საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით. გასაჩივრებული აქტი საკანონმდებლოა და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები. ჩვენი პოზიციის წარმოსაჩენად და არგუმენტაციის გასამყარებლად, პირველ რიგში მიმოვიხილავთ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლების რეგულირების სფეროსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას აღნიშნულ ნორმებთან მიმართებით.
მე-14 მუხლისაქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“. შესაბამისად, მე-14 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ის უნდა გავრცელდეს იურიდიულ პირებზეც, რადგან დისკრიმინაციის მსხვერპლი შესაძლებელია გახდეს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირიც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-14 მუხლის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამას მოწმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია: „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“. საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისაგან მომდინარეობს ისეთი საკანინმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება. დისკრიმინაციის დადგენისათვის, პირველ რიგში უნდა დადგინდეს სუბიექტები, რომელთაც ეხებათ სადავო ნორმა, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ პირებს კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, უნდა განისაზღვროს, ადგილი აქვს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებულ მოპყრობას, ზემოაღნიშნული სუბიექტების მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ასევე წარმოადგენენ ამავე კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები. თავის მხრივ, 15091 მუხლის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირად შესაძლებელია დარეგისტრირდნენ სხვა რელიგიური ორგანიზაციები. შესაბამისად, კანონი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს გააჩნდეთ იდენტური სამართლებრივი სტატუსი, რაც გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მოსარჩელეები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები და რეგისტრირებულნი ასეთად კანონის მიხედვით. არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები არ არიან არსებითად თანასწორნი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა რელიგიური ორგანიზაციები არსებითად თანასწორნი არიან კანონის წინაშე. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს მე-14 მუხლთან გასაჩივრებული თითოეული ნორმა აყენებს თუ არა უთანასწორო მდგომარეობაში სუბიექტებს.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – უსასყიდლოდ.“ ნორმის საფუძველზე მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღება სახელმწიფოსგან მხოლოდ უსასყიდლოდ. ამავე დროს, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აღნიშნული უფლებით სარგებლობა, როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლოდ. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას, თანასწორი პირების მიმართ. გასაჩივრებული სიტყვების „კერძო სამართლის“; „სასყიდლით, ხოლო“ და „უსასყიდლოდ“ არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ნორმის ისეთი ფორმულირების ჩამოყალიბებას, რომ ნორმაში მოხსენიებულ ნებისმიერ სუბიექტზე შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება, თანაბარ პირობებში. ამავე დროს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. გასათვალისწინებელია, რომ „სახელმწიფო ქონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ფორმებს: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; ბ.გ) იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვა; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმის ფორმულირება არ შეზღუდავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიებს, რადგან სწორედ მე-7 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს შეეძლება მართლმადიდებელ ეკლესიას (ისევე როგორც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს) გადასცეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ, რა პრივილეგიითაც მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედი ნორმის პირობებშიც სარგებლობს. ამასთანავე, სახელმწიფოს დარჩება დისკრეცია, თვითონ განსაზღვროს პრივატიზების ფორმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
სახელმწიფო ქონების გაცვლა„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით ფიზიკურ პირებს ან/ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. ამ ქონების გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.“ მოცემული ნორმა ასევე აწესებს განსხვავებულ მოპყრობას თანასწორ პირებს შორის. კერძოდ, ნორმის საფუძველზე მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს ქონების გაცვლა სახელმწიფოსთან. ამავე უფლებამოსილებით არ სარგებლობს არც ერთი სხვა რელიგიური ორგანიზაცია. ამ შემთხვევაშიც აშკარაა დისკრიმინაციული მოპყრობა. გასაჩივრებული სიტყვების „კერძო სამართლის“ არაკონსტიტუციურად ცნობას შედეგად მოყვება აღნიშნული უფლებამოსილების გადაცემა ყველა სხვა რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციისთვისაც. შედეგად აღმოიფხვრება დისკრიმინაცია.
სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-63 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.“ აღნიშნული ნორმა ასევე დისკრიმინაციულია, რადგან აწესებს რელიგიურ ორგანიზაციებს [კერძოდ ეკლესიებს] შორის (რომლებიც წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს) უთანასწორო მოპყრობას. გასაჩივრებული სიტყვების „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ“ არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ყველა სახის ეკლესიებს შორის დისკრიმინაციის აღმოფხვრას და მათ თანასწორ პირობებში ჩაყენებას. რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სრულად ვერ აღმოიფხვრება, რადგან მხოლოდ ეკლესიებზე გავრცელდება ნორმით გათვალისწინებული პრივილეგია, მაგრამ ამ პრივილეგიით ისარგებლებს ყველა სახის ეკლესია. შესაბამისად, დისკრიმინაციული მოპყრობა ნაწილობრივ მაინც აღარ იარსებებს. მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ტესტი, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო შეაფასებს განსხვავებული მოპყრობის გამართლების და კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევის საკითხს. იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული მოპყრობა ხდება რელიგიური ნიშნით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხდვით, კლასიკური ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევაში, სასამართლო იყენებს „მკაცრ ტესტს“. რელიგიური ნიშნით დიფერენციაცია წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, რადგან აღნიშნული ნიშნით დისკრიმინაციას პირდაპირ კრძალავს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ტექსტი. სასამართლომ 2010 წლის 27 დეკემბრის საქმეში აღნიშნა: „განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. რაც შეეხება თავად ტესტის საფეხურებს, დიფერენციაციის გამართლების პირველ საფუძველს წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის არსებობა, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ აქვს. სრულიად ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს განსხვავებული მოპყრობა, რომელსაც განაპირობებს სადავო ნორმა. გაუგებარია რა სახელმწიფო ინტერესი შეიძლება არსებობდეს, როდესაც ხდება გარკვეული რელიგიური ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ქონების შეძენის უფლების ჩამორთმევა, რადგან სახელმწიფო ან ნებისმიერი პირი, როდესაც ის გვევლინება საკუთარი ქონების გამსხვისებლის როლში, სწორედ მის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ქონების შესაძლო შემძენთა წრის მაქსიმალურად გაფართოვება, ხოლო სადავო ნორმები პირიქით, ავიწროებს შესაძლო შემძენთა წრეს. შესაბამისად, არათუ არ იკვეთება „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“, არამედ გაურკვეველია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა სხვა რელიგიური ორგანიზაციებისადმი. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც დიფერენცირებულ მოპყრობას გაამართლებდა, შეუძლებელი ხდება ტესტის სხვა ეტაპებზე მსჯელობა, რადგან ლეგიტიმური მიზნის გარეშე შეუძლებელია მსჯელობა მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას, მინიმალურად შემზღუდველ საშუალებასა და თანაზომიერების პრინციპის დაცვაზე. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს „მკაცრი ტესტის“ მოთხოვნებს.
21-ე მუხლიმოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5 პუნქტები, ასევე მე-63 მუხლის პირველი პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის ასევე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასა („საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია“) და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან („აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“) მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება აქვს გაკეთებული კონსტიტუციის 21-ე მუხლის სამივე პუნქტის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით: ,,ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში. აქედან გამომდინარე, 21-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის დამრღვევი ნორმა, რომელიც არ შეესაბამება საკუთრების უფლების შეზღუდვისადმი ან საკუთრების ჩამორთმევისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვა ამავე მუხლის პირველ პუნქტთანაც.” - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება, II.პ.6. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ამავე მუხლის პირველ პუნქტთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ უკვე არსებული საკუთრების უფლებას, ასევე საკუთრების შეძენის უფლებასაც, რაზეც მეტყველებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაც: „საკუთრების შეძენის უფლება გულისხმობს პიროვნების შესაძლებლობას, გახდეს მესაკუთრე. ადამიანის მისწრაფება საკუთრების მოპოვებისკენ, მისთვის დამახასიათებელ ნორმალურ სოციალურ ქცევას წარმოადგენს. მისი ეს სწრაფვა პიროვნული თავისუფლების ერთგვარი გამოვლინებაა. საკუთრების შეძენის კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს ადამიანს, შექმნას მისი საკუთრება და ამის საფუძველზე უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა. ეს უფლება თავისთავად ვერ იქნება პირის მიერ სახელმწიფოსაგან გარკვეული მატერიალური სიკეთეების მოთხოვნის საფუძველი.“ - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება, II.პ.37. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ 21-ე მუხლი სახელმწიფოს აკისრებს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებას, საკუთრების დაცვის. „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას.“- საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 21-ე მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, რათა შესაძლებელი იყოს საკუთრების უფლების რეალიზება და მისი ეფექტური გამოყენება. ამავე საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „...უნდა იქნეს სასამართლოს მეგობრის (თავისუფალი უნივერსიტეტი) მოსაზრება, რომლის თანახმად, თუ საკუთრების შეძენის სამართლებრივ გზებზე ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ, ეს საკუთრების უფლების შემდგომ დაცვას გარკვეულწილად აზრს დაუკარგავს.“ სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა, საკუთრებაში მიიღოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (შეძენის, გაცვლის ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის გზით), რაც აზრს უკარგავს მის შემდგომ დაცვას. აქედან გამომდინარე, სახეზეა საკუთრების უფლების შეზღუდვა. აღნიშნული შეზღუდვა რამდენად ჯდება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში და შესაბამისად, ირღვევა თუ არა 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება, ამის დასაბუთებას ქვემოთ შევეცდებით. საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი განმარტება აქვს გაკეთებული საკონსტიტუციო სასამართლოს: „როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რამდენად არსებობს ლეგიტიმური მიზანი. ამის შემდეგ კონკრეტული კანონის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით.“ - საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება. როგორც ვხედავთ, უფლების შეზღუდვის გასამართლებლად, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის არსებობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, ამიტომ თანაზომიერების პრინციპზე მსჯელობა შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს და შესაბამისად, პირველი პუნქტის პირველ წინადადებასაც. სახელმწიფო ქონების შეძენა„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, აგრეთვე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“ გასაჩივრებული სიტყვების „კერძო სამართლის“ არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს ნორმის იმ სახით ჩამოყალიბებას, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შეეძლებათ სახელმწიფო ქონების შეძენა, რაც აღმოფხვრის ნორმის კონსტიტუციურობის პრობლემას 21-ე მუხლთან მიმართებით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ამავე კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის სიტყვების: „კერძო სამართლის“; „სასყიდლით, ხოლო“; და „უსასყიდლოდ“ არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეეძლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება. შესაბამისად, აღარ იარსებებს წინააღმდეგობა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. სახელმწიფო ქონების გაცვლა ამავე კანონის მე-3 მუხლის მეხუთე პუნქტის სიტყვების: „კერძო სამართლის“ არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეეძლება სახელმწიფო ქონების საკუთრებაში მიღება, საკუთარი ქონების გაცვლის საშუალებით. შესაბამისად, სადავო ნორმა აღარ იქნება კონსტიტუციის 21-ე მუხლთან წინააღმდეგობრივი. სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ამავე კანონის მე-63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ“ არაკონსტიტუციურად ცნობის შედეგად სარჩელის ამ ნაწილის მოსარჩელეებს შეეძლებათ სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღება, რის შედეგადაც აღარ იარსებებს აღნიშნული ნორმის წინააღმდეგობრიობა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავოდ გამხდარი ნორმების სიტყვები. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა