ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1623 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ვასილ ჟიჟიაშვილი, გიორგი გოცირიძე |
თარიღი | 20 ივლისი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: „კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; |
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: „კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; |
31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადება: „ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. |
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“. |
მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ“. |
31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადება: „ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
ვასილ ჟიჟიაშვილი არის მოსარჩელე N1484[1] და N1453[2]კონსტიტუციურ სარჩელებზე. N1453 სარჩელზე ვასილ ჟიჟიაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს მისი წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე. სადავო ნორმის მიხედვით, ვასილ ჟიჟიაშვილს არ ჰქონდა უფლება კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეეტანა მისი წარმომადგენლის ხელმოწერით.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. როგორც ვნახეთ, ვასილ ჟიჟიაშვილს წარსულში უკვე დაერღვა უფლება მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. უფლება დაერღვა ასევე გიორგი გოცირიძესაც, რომელმაც ვერ შეძლო დაეცვა მისი მარწმუნებლის ინტერესები სასამართლოში. ამასთან, მომავალში ვასილ ჟიჟიაშვილი შესაძლოა კვლავ გახდეს მოსარჩელე და სადავო ნორმა მას ისევ შეუზღუდავს უფლებას მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სწორედ ამიტომ, მოსარჩელეები წარმოადგენენ უფლებამოსილ პირებს იდავონ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
[1] იხ. კონსტიტუციური სარჩელი: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=9026
[2] იხ. კონსტიტუციური სარჩელი: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=9026
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. დავის საგანი
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტია ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მისი/მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს“. ამავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად სადავო ნორმას გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ფიზიკური პირის სარჩელი არ მიიღება განსახილველად თუ მას ხელს აწერს არა მოსარჩელე, არამედ მისი წარმომადგენელი. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე იქნება 311 მუხლის მოთხოვნების დარღვევა, რაც 313 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს.
აღნიშნული ნორმატიული შინაარსი დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 2007 წლის პირველი მარტის N1/1/413 განჩინებაში საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება ”ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე მოსარჩელის მიერ ხელის მოწერის იმპერატიულ მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „საერთო სასამართლოებში შეტანილი სარჩელისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს აუცილებლად ხელს უნდა აწერდეს მოსარჩელე და არა მისი წარმომადგენელი... ამ მოთხოვნის დაუცველად, სარჩელის ფორმა არ იქნება სრულყოფილი. „“......პირს, როგორც მოსარჩელეს უფლება აქვს იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე. ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმატიულ აქტსა და მოსარჩელის უფლებებს შორის.“ სხვა სიტყვებით, სასამართლოს პოზიციით თუ სარჩელს მოსარჩელე არ აწერს, აღნიშნული სარჩელი განეკუთვნება actio popularis სარჩელს და არ უნდა იქნეს მიღებული.
ამავეს ადასტურებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის 2018 წლის 27 სექტემბრის N1 გადაწყვეტილებაც, სადაც სამოტივაციო ნაწილის მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ „მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის ხელმოუწერლობა განაპირობებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ამავე დროს, გასაზიარებელია საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ხსენებული ფორმალური უზუსტობა არსებითია და ქმნის კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის უარის თქმის საფუძველს მოსარჩელისათვის ხარვეზის აღმოსაფხვრელად დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 31-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი იყოს უშუალოდ მოსარჩელის მიერ. ხოლო „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელი, რომელიც ხელმოწერილია არა მოსარჩელის, არამედ მისი წარმომადგენლის მიერ ჩაითვლება კონსტიტუციის 311 მუხლის დარღვევად და არ იქნება მიღებული განსახილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმები ერთობლივად ქმნიან ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს ერთმევა შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მსგავსი შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადებას.
2. სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1. უფლებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას.”[1] „კანონის წინაშე თანასწორობა, ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის იდეა, კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები”[2]. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, „არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“[3].
2.2. დიფერენცირება
დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო თანასწორობის უფლებასთან მიმართებით აფასებს: (1) სახეზეა თუ არა კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებრივ სფეროში ჩარევა(დიფერენცირება), (2) არის თუ არა ეს ჩარევა გამართლებული.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გარკვევისათვის, სადავო ნორმა იწვევს თუ არა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისზეც უშუალოდ ვრცელდება სადავო ნორმის რეგულირება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის უნდა გავარკვიოთ: ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს; და ბ) ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევის შემდეგ არის შესაძლებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმა, ერთი შეხედვით, ნეიტრალურია და თანაბრად მიემართება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს, თუმცა მისი პრაქტიკაში მოქმედებით დგინდება, რომ სახეზეა დიფერენცირება. კერძოდ, იურიდიულ პირებს შეუძლიათ მათი წარმომადგენლების მეშვეობით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ ფიზიკურ პირებს. ამას მოწმობს თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის 2018 წლის 27 სექტემბრის N1 გადაწყვეტილებაც და პრაქტიკაც. მაგალითად, N1475 სარჩელზე შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ[4] კონსტიტუციურ სარჩელს ხელს აწერენ შპს „ბექანასის“ წარმომადგენლები ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი გოცირიძე.
ამდენად, სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედების პირობებში სახეზეა დიფერენცირება, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს და, მეორე მხრივ, იურიდიულ პირებს შორის, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული შესაძლებლობა. ამდენად, უნდა დადგინდეს შესადარებელი ჯგუფები წარმოადგენენ თუ არა არსებითად თანასწორ პირებს.
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამდენად, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება გულისხმობს ერთი და იმავე ბუნების მქონე სამართლებრივ მოცემულობას. ახლა კი მნიშვნელოვანია დავადგინოთ ის, თუ ვინ არიან იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზოგადოების წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს. ამასთან, წესდებით შესაძლოა წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი, არა დირექტორი, არამედ სხვა პირი იყოს. ამდენად, კანონიდან გამომდინარეობს, რომ იურიდიული პირს ყოველთვის ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც მას წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში ისევე როგორც ფიზიკური პირი წარმოადგენს საკუთარ თავს მესამე პირებთან ურთიერთობაში. საინტერესოა, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის გაანალიზება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამ ორ ნორმას თუ შევადარებთ ერთმანეთს, ნათელი გახდება, რომ იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იურიდიულ პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს იმგვარი სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათით, როგორც ფიზიკური პირი წარმოადგენს საკუთარ თავს. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გათვალისწინებულია არა საკუთარი ინტერესების უშუალო დაცვა, არამედ ამის გაკეთება წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და იურიდიულ პირს შორის არ არსებობს დავალების (მინდობილობის) ხელშეკრულება, აღნიშნული ურთიერთობა სხვაგვარი სამართლებრივი ხასიათისაა. ამდენად, ერთმანეთისგან განსხვავდებიან იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და პირები, რომლებიც იურიდიულ პირს წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში მინდობილობის ხელშეკრულების საფუძველზე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირსაც და იურიდიულ პირსაც შეუძლიათ საკუთარი თავი წარმოადგინონ მესამე პირებთან ურთიერობაში ან სასამართლოში როგორც საკუთარი თავის მეშვეობით, ასევე მინდობილობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმომადგენლის მეშვეობით. ამდენად, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აქვთ არსებითად თანასწორი ინტერესი მათი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. სწორედ ამიტომ აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში ფიზიკური და იურიდიული პირები არიან არსებითად თანასწორი პირები, ხოლო სადავო ნორმა ახდენს მათ დიფერენცირებას, რის გამოც ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
2.3. შეფასების ტესტი
საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის მიხედვით დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის განსხვავებული შეფასების ტესტებს იყენებს. კერძოდ, დიფერენცირების შეფასება ხდება 1) მკაცრი ტესტით; ან 2) რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.
„მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს „კლასიკური, სპეციფიკური” ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.[5]
„რაციონალური დიფერენციაციის ტესტით სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებისას მოწმდება ა) დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.“[6]
იმისათვის რომ დავადგინოთ, რომელი ტესტია საჭირო დიფერენცირების დისკრიმინაციულობის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დიფერენცირების ნიშანი. წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ ფიზიკური და იურიდიული პირები, შესაბამისად, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს, სამართლის სუბიექტის რაობა, კერძოდ ის, საპროცესო სამართლის სუბიექტი ფიზიკური თუ იურიდიული პირია. სადავო ნორმა ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს იურიდიულ პირს, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელე იურიდიულ პირს. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული ნიშანი არ წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, ამ ეტაპზე არ არსებობს სადავო ნორმის მკაცრი ტესტით შეფასების საჭიროება.
ამასთან, სადავო ნორმა ფიზიკურ პირებს არ უკრძალავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას. მისი მოქმედების პირობებში შესაძლოა გართულდეს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა, მაგრამ მოსარჩელეს კვლავ რჩება უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს მისივე ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელით. თანაც, საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას, ფიზიკური და იურიდიულ პირებს აქვს თითქმის ერთნაირი საპროცესო შესაძლებლობა, როგორც მოსარჩელეებმა გავლენა მოახდინონ საქმის საბოლოო შედეგზე. სარჩელის რეგისტრაციის და არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, მოსარჩელე ფიზიკური და იუსრიდიული პირების უფლებრივი მდგომარეობა თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამდენად, სადავო ნორმატიული შინაარსის ფარგლებში შესადარებელი ჯგუფები სამართლებრივ ურთიერთობაში შესასვლელ თანასწორ შესაძლებლობებს არ შორდებიან არსებითად, რის გამოც დიფერენცირება არ არის ინტენსიური. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იყოს რაციონალური კავშირის ტესტი.
ამდენად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მიხედვით, რომლის პირობებშიც სახელმწიფოს ევალება დაასახელოს 1. დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობა; 2. რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.
2.4. დიფერენცირების რაციონალურობა
დიფერენცირება a priori არ ნიშნავს დისკრიმინაციას, თუკი არსებობს დიფერენცირების რაციონალური მიზეზი და შესაბამისად, რეალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.
2007 წლის პირველი მარტის N1/1/413 განჩინებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. „სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალურია“.
დიფერენცირების რაციონალურობაზე მსჯელობა ასევე მოყვანილია საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის 2018 წლის 27 სექტემბრის N1 გადაწყვეტილებაშიც. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის მითითებით, დიფერენცირებას განაპირობებს ის გარემოება, რომ „იურიდიული პირები მისი ბუნებიდან გამომდინარე თავად ვერ მოაწერენ ხელს კონსტიტუციურ სარჩელს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დანაწესი იურიდიული პირების შემთხვევაში მოსარჩელის ხელმოწერად მოიაზრებს იმ პირის ხელმოწერას, რომელიც უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელი წარადგინოს იურიდიული პირის სახელით“.
2007 წლის N1/1/413 განჩინებაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე ხელმოწერის მიზნად მითითებულია პროცესის ეკონომიურობა და action popularis სარჩელების თავიდან აცილება. სხვის ნაცვლად ხელმოწერილი სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით action popularis კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული მიზეზი ვერ მიიჩნევა რაციონალურად, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის დიფერენცირების ასახსნელად. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნი არასწორად მიუთითებს იურიდიული პირის ბუნებაზე, რადგან როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს მისი დირექტორი წარმოადგენს. შესაბამისად, თუკი იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ არა დირექტორის, არამედ დირექტორის მიერ უფლებამოსილი სხვა პირის ხელმოწერით, ასეთივე უფლება უნდა ჰქონდეს ფიზიკურ პირსაც. ფიზიკურ პირსაც უნდა შეეძლოს, რომ სარჩელს არა თავად მოაწეროს ხელი, არამედ სარჩელზე ხელმოწერის უფლებამოსილება გადასცეს მესამე პირს, მინდობილობით. იმის გამო, რომ დიფერენცირებას არ გააჩნია რაციონალური ახსნა, დიფერენცირება ხასიათდება დისკრიმინაციულობით, ამიტომ გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ახალ კონსტიტუციურ რედაქციაში გაჩნდა და ამიტომ არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მასთან დაკავშირებით.
სადავო ნორმის აღნიშნულ უფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის დამტკიცებამდე, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, სადავო ნორმა იწვევს თუ არა უფლებაში ჩარევას.
სადავო ნორმის მიხედვით, ფიზიკურ პირებს არ აქვთ უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ მათი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე. ხოლო მეორე მხრივ წარმომადგნელებს ეშლებათ ხელი დაიცვან მათი მარწმუნებლის ინტერესები სასამართლოში. კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადება განამტკიცებს პირის უფლებას საკუთარი უფლებები დაიცვას წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული უფლება უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ უშუალოდ სასამართლოს სხდომათა დარბაზში წარმომადგენლის მიერ პირის დაცვას, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის უფლებასაც. ამდენად, სადავო ნორმა აწესებს ბარიერს, რომლის მეშვეობითაც ხდება წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაში ჩარევა. ამდენად, თანაზომიერების ტესტის გამოყენებით უნდა შეფასდეს აქვს თუ არა აღნიშნულ შეზღუდვას ლეგიტიმური მიზანი და არის თუ არა ის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
3.1. ლეგიტიმური მიზანი
როგორც სადავო ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით მსჯელობისას აღინიშნა, მის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს actio popularis სარჩელს, არმიღებაც საბოლოოდ უკავშირდება სასამართლოს ეკონომიურობის პრინციპს. სასამართლოს გადატვირთულობისა და ეკონომიურობის პრინციპი ზოგადად ღირებულ ინტერესებს წარმოადგენს, შესაბამისად, უნდა დადგინდეს რამდენად ემსახურება სადავო ნორმა აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანს. სხვა სიტყვებით, რამდენად ხდება მისი მოქმედების პირობებში სასამართლო გადატვირთულობისაგან თავის არიდება და რამდენად არსებობს მისი ინტერესი.
მოპასუხის მიერ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა ასევე დასახელდეს იმ პირის უფლებებისა და ინტერესების დაცვა, რომლის სახელითაც ხდება სარჩელის შეტანა. შესაბამისად, მოსარჩელე იმსჯელებს აღნიშნული ლეგიტიმური მიზნით უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხზეც.
3.2. გამოსადეგობა
ქართული საპროცესო სამართალი იცნობს წარმომადგენლის მეშვეობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით კი შესაგებელს ხელს აწერს მოპასუხე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარს ხელს აწერს მხარე ან მისი წარმომადგენელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. იგივე მოწესრიგებას ვხვდებით სისხლის სამართალის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. შესაბამისად, უნდა დავადგინოთ, არსებობს თუ არა რაიმე არსებითად განმასხვავებელი სამართლებრივი გარემოება საკონსტიტუციო სამართალწარმოებასა და ზემოთ განხილულ სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალწარმოებას შორის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. როგორც ვხედავთ, აქ ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებები საჭიროებენ ექსკლუზიური მინდობილობის გაფორმებას, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მხარის წარმომადგენელი უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს ზემოთ დასახელებული ნებისმიერი საპროცესო მოქმედება, მათ შორის, სარჩელის აღძვრა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, სარჩელის ცნობა და სხვა. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, შუამდგომლობებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მტკიცებულებები, მოთხოვნები, შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ სამართლებრივ ინსტიტუტებს შორის არ არსებობს რაიმე შინაარსობრივი განსხვავება, თუმცა ამის მიუხედავად, სადავო ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მოსარჩელეს მაინც არ აქვს უფლება წარმომადგენლის მეშვეობით შეიტანოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც მოსარჩელეს თავად სურდეს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანა, თუმცა მისი ფაქტობრივი მდგომარეობა ართულებდეს აღნიშნულ პროცესს. მაგალითად, თუ მოსარჩელე იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო მისი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით, სადავო ნორმატიული შინაარსის პირობებში შესაძლოა გართულდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესაძლებლობა. მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 27-ე ტერცია მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ასეთ შემთხვევაშიც სარჩელის შეტანა შესაძლოა გართულებული იყოს, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა პანდემიის პირობებში პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, იურიდიული პირები სარგებლობენ იმ უფლებით, რომელიც აკრძალულია სადავო ნორმატიული შინაარსით. ამასთან, როდესაც კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მოსარჩელე მხარე ექსპლიციტურად გამოხატავს მის ნებას კონსტიტუციური სარჩელი წარდგენილი იქნეს მისი წარმომადგენლის მეშვეობით, არ არსებობს actio popularis სარჩელის საფრთხე და სადავო ნორმა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ასეთ დროს ასევე არ არსებობს საფრთხე, რომ მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესების შესაძლოა შესაბამისობაში არ მოდიოდეს წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილ სარჩელთან. მოსარჩელეს მინდობილობის ნოტარიულად დამოწმებული წესით შეუძლია ზუსტად განსაზღვროს მინდობილი პირის უფლებამოსილებები, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კი აღნიშნული მინდობილობა გახდება მარწმუნებლის ნამდვილი ნების იდენტიფიცირების საშუალება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსის უკან მდგომი ლეგიტიმური ინტერესი არ ემყარება რეალურ საფრთხეს და არა თუ იცავს მოსარჩელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, არამედ მოსარჩელეს უწესებს გაუმართლებელ ბარიერს დაიცვას საკუთარი უფლებები წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედებას არანაირი კავშირი არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევასთან, როგორიცაა სასამართლოს ეკონომიურობის დაცვის ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლოში მოხვედრილ სარჩელზე მოსარჩელის ხელმოწერა იქნება თუ მოსარჩელის წარმომადგენლის, აღნიშნული ვერანაირად ვერ გააჭიანურებს სამართალწარმოებას რომელიმე ეტაპზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მულის მე-3 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებითაც.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის27 დეკემბრის გადაწყვეტილება N 1/1/493 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 2.
[2] იქვე., II-1.
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.
[4] იხ. კონსტიტუციური სარჩელი: https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=5005
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. II-20.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა