საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/4/828 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრისსაქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - გიორგი გელაძე და გელა ნიკოლაიშვილი. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ნიკოლოზ მეტრეველი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №828) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა: კობა ეპიტაშვილმა, ხვიჩა ყირმიზაშვილმა, ლევან გაბაშვილმა, ბადრი ბეჟანიძემ და სხვებმა (სულ 9 მოსარჩელე). საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 16 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 2 ივლისს.
2. №828 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. „ამნისტიის შესახებ“2012 წლის 28 დეკემბრისსაქართველოს კანონის (შემდგომში „ამნისტიის შესახებ“საქართველოს კანონი) მე-16 მუხლი ადგენს, რომ პირს, რომელზეც ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება, სასჯელი შეუმცირდეს ერთი მეოთხედით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
4. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 260-ე და 262-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები) სასჯელის ზომად განესაზღვრათ უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. მოსარჩელეთა განმარტებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათი შეეხო ყველა იმ მსჯავრდებულს, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე და სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდათ ვადიანი სასჯელი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 260-ე და 262-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირებს. სადავო კანონის მე-16 მუხლის მოქმედების შედეგად, მათ სასჯელი შეუმცირდათ ერთი მეოთხედით, თუმცა იგივე შეღავათი არ გავრცელდა და შესაბამისად, სასჯელი არ შეუმცირდათ იმ პირებს, რომელთა დანაშაულებიც დაკვალიფიცირდა ანალოგიური მუხლებით, მაგრამ სასჯელის სახით განესაზღვრათ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელის პოზიციით, მათ კატეგორიაში მყოფი პირები იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვადიანი სასჯელით მსჯავრდებულ პირებთან მიმართებით. შესაბამისად, სახეზეა არსებითად თანასწორ პირთა შორის უთანასწორო მოპყრობა სამართლებრივი მდგომარეობის, სასჯელის ზომისა და სახის ნიშნით.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ყველა პირისათვის სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირებისას მხედველობაში არ მიიღება ამა თუ იმ დანაშაულის ხასიათი, მისი სიმძიმე და სპეციფიკური მახასიათებლები. აღნიშნული კი განაპირობებს არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობას, რაც ასევე წარმოადგენს დისკრიმინაციას.
7. მოსარჩელეთა მტკიცებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა ჯგუფის მიმართ დიფერენცირება არის დაუსაბუთებელი, თვითმიზნური და გაუმართლებელი, რაც გამოწვეულია აღნიშნული კანონის ბუნდოვანებით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებთან მიმართებით კონკრეტული რეგულაციის არარსებობით. მოსარჩელე მხარე თვალსაჩინოებისთვის უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე, რომელთა მიხედვითაც, მოსარჩელეებს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ, მაგრამ საბოლოო სასჯელად მაინც უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩათ.
8. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „ამნისტიის შესახებ“საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. შედეგად, მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენს დასახელებული კანონის მე-16 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
9. ამასთან, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და განმარტეს, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემური არ არის სადავო რეგულირება სრულად, არამედ მისი მხოლოდ ის ნაწილია, რომელიც არ ითვალისწინებს უვადო სასჯელის მქონე მსჯავრდებულებისთვის შეღავათის მიცემას. ამასთან, მათი მიზანი არ არის შეღავათების გაუქმება იმ პირთათვის, რომელთაც სადავო ნორმების საფუძველზე სასჯელი შეუმსუბუქდათ. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც აწესებს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა შორის, ხოლო არსებითად უთანასწორო პირთა შორის თანაბარი მოპყრობის შედეგად გამოწვეულ შესაძლო დისკრიმინაციას მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
11. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით, განსახილველ შემთხვევაში შესადარებელი პირები არ არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები. კერძოდ, პირებს, რომელთაც სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, ჩადენილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნულს მოწმობს სისხლის სამართლის კოდექსის 51-ე მუხლიც, რომლის თანახმადაც, „უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის“. შესაბამისად, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ერთი და იგივე დანაშაული, პირს, რომელსაც უვადოდ აქვს თავისუფლება აღკვეთილი, უფრო მეტად მძიმე და საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საშიში ქმედება აქვს ჩადენილი, ვიდრე პირს, რომელსაც იმავე დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ხსენებულის გათვალისწინებით, აღნიშნული ორი კატეგორიის პირები ვერ ჩაითვლებიან ერთმანეთის არსებითად თანასწორად ამ კონკრეტულ სამართალურთიერთობაში.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არ იკვეთება არსებითად თანასწორ სუბიექტთა შორის უთანასწორო მოპყრობა. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. დასახელებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმის თანახმად, ერთი მეოთხედით უმცირდება დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლების მოქმედება. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო რეგულირება ვრცელდება უვადო თავისუფლების აღკვეთის მქონე მსჯავრდებულებზეც, თუმცა ნორმა იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ შეუძლებელია კანონით გათვალისწინებული შეღავათი (სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება) რეალურად მიიღონ მსჯავრდებულებმა, რომელთაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
3. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე არაორაზროვნად მიუთითეს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას არ წარმოადგენს იმ პირთათვის შეღავათების გაუქმება, რომელთაც სადავო ნორმის საფუძველზე შეუმცირდათ დანიშნული ვადიანი სასჯელი. მათი განმარტებით, მოსარჩელე მხარე ითხოვს შესადარებელ სუბიექტთა თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებას იმგვარად, რომ სადავო რეგულირებით გათვალისწინებული შეღავათით ისარგებლონ როგორც ვადიანი, ასევე უვადო სასჯელის მქონე პირებმა.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის თანახმად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი იმგვარად, რომ რაიმე სახის შეღავათი გავრცელდეს იმ მსჯავრდებულებზე, რომელთაც სადავო ნორმის საფუძველზე, სასჯელი არ შეუმცირდათ ერთი მეოთხედით. მოსარჩელეები ასევე მოითხოვენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიუთითოს, თუ რა ფორმით უნდა აღმოიფხვრას განსხვავებული მოპყრობა და როგორ გავრცელდეს შეღავათები უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებზე, რის შემდეგაც, საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდება, შეიმუშაოს რეგულირება, რომელიც უვადო სასჯელის მქონე პირებს დაუწესებს შესაბამის შეღავათს.
5. მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
6. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. ფაქტობრივად, მოსარჩელე მხარე პრობლემურად საერთოდ არ მიიჩნევს სადავო ნორმით დადგენილ წესს, კერძოდ, სადავო ნორმით გათვალისწინებულ პირთათვის ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებას. მოსარჩელეები ითხოვენ, სადავო ნორმის შინაარსის ცვლილებას იმგვარად, რომ გაფართოვდეს ნორმის რეგულირების სფერო, გაიზარდოს ამნისტირებულ სუბიექტთა წრე და მისი მოქმედების ფარგლებში მოექცნენ მოსარჩელეები და მათ მდგომარეობაში მყოფი სხვა პირები. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის შექმნის მოთხოვნის იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა საკონსტიტუციო კონტროლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი. შესაბამისად, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და სადავო ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოება, ამნისტიის მიმღები პირების წრის გაზრდა სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე არ არის უფლებამოსილი, დაავალოს საქართველოს პარლამენტს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც მოსარჩელეებს მოიაზრებდა აღნიშნული შეღავათის მიმღებ სუბიექტთა წრეში.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს №828 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №828 („საქართველოს მოქალაქეები - კობა ეპიტაშვილი, ხვიჩა ყირმიზაშვილი, ლევან გაბაშვილი, ბადრი ბეჟანიძე და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი