საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/21/701,722,725 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 20 დეკემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 დეკემბერი 2016 18:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი − სხდომის თავმჯდომარე;
მაია კოპალეიშვილი − წევრი;
მერაბ ტურავა − წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე − წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) №701 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისათვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2) №722 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებული სიტყვების „10“ (მცირე), „50“ (დიდი), „250“ (განსაკუთრებით დიდი) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში, სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
3) №725 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონო დათესვის ან მოყვანისთვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში, სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები: მიხეილ მიქანაძე, ვაჟა ხახუტაიშვილი და ვახუშტი მენაბდე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: ქრისტინე კუპრავა და ბაჩანა სურმავა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №701) მიმართა საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 17 დეკემბერს. საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკმა კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №722) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 17 თებერვალს. აღნიშნული სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 18 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №725) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილმა. №725 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 25 თებერვალს.
2. №701, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 11 ნოემბერს.
3. №701, №722 და №725 კონსტიტუციურ სარჩელებში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზირებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება და დაწესებულია სასჯელი აღნიშნული ქმედებისთვის. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები განსაზღვრავს ზემოაღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებს და ადგენს შესაბამის სასჯელებს. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) ოდენობები. კერძოდ, დანართის თანახმად, თუ კანაფის ოდენობა აღემატება 10 გრამს − არსებობს მცირე ოდენობა, თუ აღემატება 50 გრამს − დიდი ოდენობა, ხოლო თუ აღემატება 250 გრამს − განსაკუთრებით დიდი ოდენობა.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულია კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპი. კონსტიტუციის მე-16 მუხლი განსაზღვრავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
6. №701 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ბრალდებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის დიდი ოდენობით (150,72გ.) უკანონოდ დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის. №722 კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი ედება კანაფის დიდი ოდენობით (63,73გ.) უკანონოდ დათესვისა და მოყვანისათვის, ხოლო №725 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ბრალდებულად ცნეს კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (265,49გ.) უკანონოდ დათესვისა და მოყვანისათვის.
7. მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა. კერძოდ, გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა მიემართება როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი. ამასთან, სადავო ნორმა ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.
8. მოსარჩელეთა განცხადებით, კონკრეტული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელი გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალურად, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტების შეფასების საფუძველზე. სადავო ნორმით არ არის უზრუნველყოფილი ამგვარი ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა, ვინაიდან მოსამართლე შებოჭილია სადავო ნორმით მყარად დადგენილი სასჯელის ზომით და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოშობს თავისუფლების აღკვეთის ადეკვატურ საფრთხეს, მოსამართლეს არ გააჩნია უფლებამოსილება, სხვა სახის სასჯელი შეუფარდოს პირს.
9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფის ოდენობის დადგენისას არაერთგვაროვანი პრაქტიკაა დამკვიდრებული, რაც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას უსვამს ხაზს. კერძოდ, №725 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მფლობელობაში აღმოჩენილი კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული მცენარის ის ნაწილებიც, რომლებიც უვარგისია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად, კერძოდ, მისი ღერო და გვერდითი ტოტები, ხოლო №722 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში ამოღებული კანაფის ოდენობა დადგინდა მცენარის ზემოაღნიშნული ნაწილების წონის გაუთვალისწინებლად.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნივთიერება, რომელიც მცენარე კანაფს აქცევს ნარკოტიკულ საშუალებად, არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რომლის შემცველობაც სხვადასხვა მცენარის შემთხვევაში არის განსხვავებული და სწორედ მასზეა დამოკიდებული ნარკოტიკული თრობის ხარისხი. კანაფის აღმოჩენისას არ ხდება ექსპერტიზის ჩატარება იმის დასადგენად, თუ რა ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს მოცემული მცენარე, რის გამოც, შესაძლოა, პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისათვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირების გამო პირის პასუხისგებაში მიცემისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა თავად მცენარის წონა, არამედ მასში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობა.
11. განმწესრიგებელ სხდომაზე №722 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმით გათვალისწინებული ისეთი დასჯადი ქმედებისთვის გათვალისწინებული სასჯელი, როგორიცაა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა და მოყვანა, ხოლო კულტივირებისთვის დადგენილი სასჯელის შეფასება ამ ეტაპზე მათ მოთხოვნას არ წარმოადგენს.
12. მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ, მარიხუანისგან გასხვავებით, მცენარე კანაფს გააჩნია ზრდის პერსპექტივა, მაგრამ აღნიშნული ვერ გამოდგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვის დასასაბუთებლად. პირი უნდა დაისაჯოს იმ შედეგის მიხედვით, რაც გამოიწვია მისმა ქმედებამ და არა იმის მიხედვით, თუ ჰიპოთეტურად რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ, პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის დაწესებული სასჯელის სახე − თავისუფლების აღკვეთა არის არაადამიანური და დამამცირებელი, რის გამოც, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
14. №701 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, რადგან იგი იწვევს არათანაბარ მოპყრობას არსებითად თანასწორი პირების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ დათესილი, მოყვანილი ან კულტივირებული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) ოდენობა არ აღემატება 50 გრამს, დანაშაულის ამსრულებელი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სანქციის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, მაშინ როდესაც, თუ აღნიშნული მცენარის ოდენობა 50 გრამზე მეტია, პირი დაისჯება ზემოხსენებული მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სასჯელის მინიმალურ სახედ ადგენს 4 წლით თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევებში სახეზეა იდენტური ბუნებისა და მიზნების მქონე დანაშაულები, რის გამოც, აღნიშნული დანაშაულის ამსრულებლები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, ხოლო სადავო რეგულაცია ადგენს მნიშვნელოვნად განსხვავებული სიმძიმის სასჯელებს მოცემული პირებისთვის. კანონმდებელმა უნდა შექმნას მინიმალური გარანტიები იმისთვის, რომ მოსამართლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, არსებითად თანასწორ პირებს დაუწესოს ერთნაირი სანქცია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
15. №701 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმით გათვალისწინებულია ზედმეტად მკაცრი სისხლისსამართლებრივი სანქცია, რის გამოც, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა.
16. №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები აპელირებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე ითხოვენ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განჩინებით, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საზოგადოებრივი საშიშროების მხრივ, თვისობრივად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მარიხუანა მზადდება მცენარე კანაფისაგან, ორივე მათგანი შეიცავს ერთი და იმავე ნარკოტიკულ ნივთიერებას − ტეტრაჰიდროკანაბინოლს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში დადგენილი სტანდარტები მიემართება არა მხოლოდ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, არამედ კანაბინოიდების ყველა სახეობას, მათ შორის − კანაფს (მცენარეს). ამასთან, პასუხისმგებლობის დაწესება ერთი მხრივ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ხოლო მეორე მხრივ მისი დათესვა-მოყვანისათვის განპირობებულია საერთო ლეგიტიმური მიზნის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად. შესაბამისად, ზემოხსენებული დასჯადი ქმედებები იდენტური სამართლებრივი ბუნებით ხასიათდება. აღნიშნულის გამო, მცენარე კანაფის დათესვა/მოყვანისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დადგენა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების დაძლევას.
17. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის პრობლემურია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მაშინ, როდესაც სახეზეა პირადი მოხმარების მიზანი.
18. №701 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება პერსონალურად მოსარჩელის მიმართ, ხოლო №725 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ზოგადად. შუამდგომლობებში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, საერთო სასამართლოებმა მოსარჩელეთა მიმართ გამოიტანონ გამამტყუნებელი განაჩენი. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ვადების სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს რისკი იმისა, რომ მოსარჩელეებმა ხანგრძლივი დრო გაატარონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე, რაც მათ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
19. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
20. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №701 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტები, რომლებიც მიუთითებდა, თუ რატომ არიან სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი პირები არსებითად თანასწორები იმ პირებთან მიმართებით, რომლებმაც ჩაიდინეს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და, შესაბამისად, რატომ არ უნდა გავრცელდეს მათ მიმართ განსხვავებული სანქციები. შესაბამისად, №701 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
21. მოპასუხის პოზიციით, №701 კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმის წინააღმდეგობა კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
22. პარლამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, კანაფის ღეროსა და მისი გვერდითი ტოტებისგან შესაძლებელია დამზადდეს ისეთი ნარკოტიკული საშუალებები, როგორებიცაა: კანაფის ზეთი, კანაფის ფისი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი. სწორედ ამიტომ, გამართლებულია დასახელებული ნაწილების მცენარე კანაფის საერთო ოდენობაში ჩათვლა.
23. მოპასუხე მხარის განმარტებით, ნარკოტიკული ნივთიერება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით, კანაფის ოდენობის განსაზღვრა წარმოშობს პრაქტიკულ პრობლემებს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შემცველობა მუდმივად ცვალებადია და შესაძლოა 24 საათიანი დროის მონაკვეთში მისი ოდენობა, ბუნებრივი პროცესებიდან გამომდინარე, მაგალითად, აორთქლების შედეგად შემცირდეს. აღნიშნულმა ფაქტორმა კი შესაძლოა პრობლემა შექმნას ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის მხრივ. ამასთან, ცალკე აღებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი ასევე არის შეტანილი ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში. შესაბამისად, კანაფის აღმოჩენის შემთხვევაში, არ არსებობს ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რათა დადგინდეს მასში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა.
24. პარლამენტის განცხადებით, კანაფის დათესვა და მოყვანა თავისთავად ქმნის მისი რეალიზაციის საფრთხეს. ამიტომ აუცილებელია იმგვარი საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა, რომლებიც უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული დანაშაული აღკვეთოს საწყის ეტაპზევე და მოხდეს პოტენციური გამსაღებლის საზოგადოებისგან იზოლირება, რათა დაცული იყოს სხვა პირთა ჯანმრთელობა.
25. მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო რეგულაციები წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებს. პარლამენტის პოზიციით, არამართებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის და ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) ერთმანეთთან გაიგივება, რადგან ისინი ხასიათდებან განსხვავებული ნარკოტიკული თვისებებით. მცენარე კანაფი მიიჩნევა მარიხუანაზე უფრო მოთხოვნად ნარკოტიკულ საშუალებად, რადგან მისგან მარიხუანის გარდა შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი. ამასთან, დასახელებულ ნარკოტიკულ საშუალებებს გაცილებით უფრო ძლიერმოქმედი ეფექტი გააჩნიათ, ვიდრე ეს მარიხუანის შემთხვევაშია.
26. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთი მხრივ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, ხოლო მეორე მხრივ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება არ წარმოადგენს ანალოგიური საშიშროების მქონე ქმედებებს. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა ხდება განსაზღვრული ოდენობით მაშინ, როდესაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანისას მისი ოდენობა გამუდმებით იზრდება და, შესაბამისად, უფრო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელია.
27. პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში აღარ იარსებებს სასჯელი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის და გაურკვეველი დარჩება იმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც ბრალი აქვთ წაყენებული სადავო ნომრის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის გარდაუვალ საფრთხეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №701 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმაზე ფართო შინაარსისაა, ვიდრე ეს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი. კერძოდ, 265-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი, ზემოაღნიშნული ქმედებები, ჩადენილი დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. მოსარჩელე პრობლემურად მიიჩნევს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანისა და კულტივირების გამო სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო, შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, ამ ეტაპზე შეაფასებს გასაჩივრებული ნორმის მხოლოდ ამ ნორმატიული შინაარსის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. №701 კონსტიტუციურ სარჩელში დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული ნორმა მას უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
4. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართით გათვალისწინებული „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ მიხედვით დგინდება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება მცენარე კანაფის იმ ოდენობით დათესვა-მოყვანა და კულტივირება, რომელიც მეტია 10 გრამზე და არ აღემატება 50 გრამს, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სასჯელს იმ ქმედებისთვის, როცა უკანონოდ დათესილი, მოყვანილი ან კულტივირებული კანაფის ოდენობა მეტია 50 გრამზე და არ აღემატება 250 გრამს.
5. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს სადავო რეგულაციის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებისა და უშუალოდ მოსარჩელის კანონის წინაშე თანასწორობის უფლების სავარაუდო დარღვევის არსებობაში. კერძოდ, სარჩელში არ არის მოყვანილი არგუმენტები, რომლებიც მიუთითებდა, რატომ არიან სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი პირები არსებითად თანასწორები და, შესაბამისად, რატომ არ უნდა გავრცელდეს მათ მიმართ განსხვავებული სანქციები. მოსარჩელე, ნორმის დისკრიმინაციულობის მტკიცებისას, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არა უმეტეს 50 გრამი მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის პირი დაისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ხოლო 50 გრამზე მეტი იგივე ნარკოტიკული საშუალების მოყვანისთვის პირის მსჯავრდება მოხდება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციით, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. მისი აზრით, 50 გრამსა და 51 გრამს შორის არსებული სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ამ ოდენობის კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება არ უნდა იწვევდეს განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს. თუმცა ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს აღმოაჩნდა 150,72 გრამი კანაფი (მცენარე). ამავე დროს, სარჩელიდან არ იკვეთება, მიიჩნევს თუ არა მოსარჩელე, რომ 250 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვა, მოყვანა ან კულტივირება უნდა ისჯებოდეს ისევე, როგორც ამავე ნარკოტიკული საშუალების არა უმეტეს 50 გრამის ოდენობით დათესვა, მოყვანა ან კულტივირება. მაშასადამე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი დასაბუთება, რომ, ერთი მხრივ, არა უმეტეს 50 გრამი კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ხოლო, მეორე მხრივ, არა უმეტეს 250 გრამი კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ანალოგიური ქმედებებია და, ამდენად, კანონმდებელი ერთნაირი ქმედებისთვის ადგენს განსხვავებულ სასჯელებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
6. მოსარჩელე ასევე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, თუმცა სარჩელში არ არის მოყვანილი შესაფერისი არგუმენტები სადავო ნორმის კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შესაძლო შემხებლობისა და, მით უფრო, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არგუმენტებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის თაობაზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №701 მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი)კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
8. №722 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ ხდის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებული სიტყვების - „10“ (მცირე), „50“ (დიდი), „250“ (განსაკუთრებით დიდი) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
9. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმისა და კონსტიტუციის მოცემული დებულების შინაარსის არასწორ აღქმას. გასაჩივრებული რეგულაციით განსაზღვრულია ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე სახის სასჯელს ამა თუ იმ ქმედებისათვის. შესაბამისად, მას არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლითაც აკრძალულია არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი სასჯელის გამოყენება.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებული სიტყვების „10“, „50“, „250“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი №722 დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
11. №722 და №725 კონსტიტუციურ სარჩელებში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის - ჩადენილს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. №725 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის ჩადენილს ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
12. მოსარჩელეთა მხრიდან არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ირღვევა ზემოხსენებული სადავო ნორმებით კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი. შესაბამისად, არგუმენტებისა და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის თაობაზე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის - ჩადენილს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და №725 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის ჩადენილს ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. მოსარჩელე მხარე (№722 და №725 კონსტიტუციურ სარჩელებში) შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, განჩინებით ძალადაკარგულად ცნოს სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას.მათი აზრით, სადავო ნორმები იმავე შინაარსის მატარებელია, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, „„იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მაინცადამაინც იგივე კანონში ასეთი წესის გამეორებას. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს არა კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს, არამედ ის აფასებს ნორმაში ასახულ პრობლემას, საკითხს, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, ფრაზაში თუ წინადადებაში. სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა იწვევს თუ არა უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710 საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო“, II-5).
16. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ საქმეში, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს, სადავო ნორმები წარმოადგენს თუ არა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეში არაკონსტიტუციურად გამოცხადდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
17. №722 და №725 კონსტიტუციური სარჩელის ავტორებისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვისა და მოყვანისათვის სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით ასევე გადაწყვეტილია თუ არა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის დათესვისა და მოყვანისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი.
18. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მარიხუანის შეძენა/შენახვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალების ოდენობა წარმოადგენს მყარ მოცემულობას, რომლის მასაც, თავისთავად, ვერ გაიზრდება. აღნიშნული საშუალებას იძლევა, შეფასდეს მარიხუანის კონკრეტული ოდენობიდან მომდინარე საფრთხეები. N1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 70 გრამამდე არსებული გამომშრალი მარიხუანა არ წარმოადგენს იმ ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც თავისთავად მიუთითებს გასაღების მიზანზე ან უცილობელ შესაძლებლობაზე, ხოლო მისი პირადი მოხმარების მიზნით შენახვიდან მომდინარე საფრთხეების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ქმედების ჩადენა არ შეიძლება დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით. მარიხუანისგან განსხვავებით, კანაფი წარმოადგენს მუდმივად მზარდ მცენარეს. მისი დათესვისას არსებობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ოდენობის ზრდის არა ჰიპოთეტური შესაძლებლობა, არამედ ობიექტური მოლოდინი. ამიტომ ცალკე შეფასების საგანს წარმოადგენს ის დამატებითი საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა განაპირობოს აღნიშნულმა ფაქტორმა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ ერთი ცალი მცენარე კანაფისგან მომდინარე საფრთხე შესაძლოა არ იყოს იმ საფრთხის იდენტური, რომელიც მომდინარეობს რამდენიმე ისეთი მცენარე კანაფისგან, რომელთა საერთო ოდენობაც უტოლდება ერთი მცენარის მასას.
19. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ შეუძლებელია განმწესრიგებელი განხივლის ფორმატში დადგინდეს, არის თუ არა კანაფის (თუნდაც ერთი მცენარის) მოყვანა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვის იდენტური ან ნაკლები საფრთხის შემცველი. კანაფის დათესვისა და მოყვანიდან მომდინარე საფრთხეები ცალკე საჭიროებს გამოკვლევას საქმის არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე განმწესრიგებელ სხდომაზე სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №701 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ (ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისთვის გათვალისწინებული სასჯელი) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
21. №722 კონსტიტუციუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონო დათესვისა და მოყვანისათვის სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონო დათესვისა და მოყვანისათვის სასჯელის სახედ ადგენს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
22. №725 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო დათესვისა და მოყვანისათვის სასჯელის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
23. №701 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, სადავო ნორმის მოქმედების პერსონალურად მისდამი შეჩერების შესახებ, ხოლო №725 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ყველას მიმართ.
28. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. №701 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული რეგულაციის არსს და მიზანს არ წარმოადგენს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალურად, პერსონალურად. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა, ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე. №725 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის თქმით, არსებობს რისკი იმისა, რომ საერთო სასამართლომ მის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ შემთხვევაში მას სასჯელის სახედ, სადავო ნორმის საფუძველზე, დაეკისრება, მინიმუმ, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დროის გატარებით.
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ... არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩლე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის დანიშნული სასჯელის ნაწილში. ამიტომ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №701 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
2. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №722 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №725 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №701 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
5. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №722 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებული სიტყვების „10“, „50“, „250“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის - ჩადენილს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №725 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის - ჩადენილს: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) დათესვისა და მოყვანისათვის ჩადენილს ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
7. არ დაკმაყოფილდეს №722 კონსტიტუციურ სარჩელში („საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და №725 კონსტიტუციურ სარჩელში („საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაყენებული მოთხოვნა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
8. არ დაკმაყოფილდეს №701 კონსტიტუციურ სარჩელში („საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და №725 კონსტიტუციურ სარჩელში („საქართველოს მოქალაქე ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მოსარჩელეთა მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
9. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
10. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
11. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
12. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
გიორგი კვერენჩხილაძე