საქართველოს მოქალაქე დავით ხომერიკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N722 |
ავტორ(ებ)ი | დავით ხომერიკი |
თარიღი | 17 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; 2015 წლის 4 ივნისის ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა, ანა თავხელიძემ მიიღო დადგენილება დავით ხომერიკის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. დადგენილებაში აღნიშნულია: ,,დავით ხომერიკს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი დიდი ოდენობით. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2015 წლის 06 ივნისს 17:04 საათზე ქ.თბილისში ნუცუბიძის ფერდობი, მე-5 მ/რ კორპუსი #6, ბინა #35-ში დავით ხომერიკის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მოვლილ მდგომარეობაში ქოთანში დარგული 07 ცალი მცენარე, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება კანაფს, საერთო წონით - 63,73 გრამი. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით. ამგვარად, სადავო ნორმები უშუალოდ შეეხო დავით ხომერიკს და შესაბამისად, უფლებამოსილია იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების არსი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #004095315 დასკვნის 1/6-2/6 გვერდებზე აღნიშნულია: ,,კანაფი წარმოადგენს მცენარეს, რომელიც შედგება მორფოლოგიური (ფესვი, ღერო, ფოთოლი) და გენერაციული (ყვავილი, ნაყოფი) ორგანოებისაგან. როგორც წესი, მცენარე წარმოდგენილია მთავარი (ცენტრალური) ღეროთი და განაპირა ტოტებით მათზე განლაგებული ფოთლებით, ყვავილებით და ნაყოფებით. რაც შეეხება მარიხუანას, ის დამზადებულია მდედრობითი ეგზემპლარის (უმეტეს შემთხვევაში) კანაფისაგან, მოშორებული აქვს მთავარი ღერო და სხვა უხეში გვერდითი ტოტები და ძირითადად წარმოდგენილია მცენარის შეფოთლილი ყვავილედის დაქუცმაცებული კენწეროებისაგან (შესაძლებელია მცირე რაოდენობით ნაყოფის არსებობაც).“ ამგვარად, მდედრობითი კანაფისაგან, მას შემდეგ, რაც მას მოშორდება მთავარი ღერო და სხვა უხეში გვერდითი ტოტები, მზადდება მარიხუანა. კანაფი მთავარ ღეროსთან და გვერდით ტოტებთან ერთად შესაძლოა განსაზღვრავდეს კანაფის წონას მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის. თუმცა თავად მთავარი ღერო და გვერდითი ტოტები უვარგისი მასალაა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის დაუშვებელია მარიხუანას წონა იყოს კანაფის წონაზე ნაკლები ან ტოლი. მარიხუანა მთელი თავისი შემადგენლობით არის ნარკოტიკული ნივთიერება, მაშინ როდესაც მხოლოდ განსაზღვრული სახის კანაფის ნაწილისაგან შეიძლება იყოს დამზადებული მარიხუანა, ხოლო დარჩენილი ნაწილი არავითარი საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელი არ არის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის კანაფის საერთო წონაში მისი გათვალისწინების არავითარი სამართლებრივი ინტერესი არ არსებობს. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის დანართი #2-ის 92-ე პუნქტის თანახმად, მცირე ოდენობად ითვლება გამომშრალი მარიხუანა ხუთი გრამიდან, ხოლო ნედლი მარიხუანა 10 გრამიდან. ეს მაშინ, როცა 265-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის ამავე ოდენობის კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება იწვევს უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 10 გრამი კანაფი ცალკე აღებული არ არის ვარგისი ნარკოტიკულ საშუალებად მოხმარებისათვის, საჭიროა მას მოსცილდეს მთავარი ღერო და სხვა უხეში ტოტები. ეს კი კანაფის წონას 10 გრამზე ქვემოთ ჩამოიყვანს. ამ ოდენობის მარიხუანა კი, რომლის ნედლეულადაც გამოიყენება კანაფი, არ წარმოშობს პასუხისმგებლობას. ამგვარად, 10 გრამი კანაფის კრიმინალიზაცია მოკლებულია საზოგადოებრივ საშიშროებას, არ არის ჩადენილი ქმედების პროპორციული და არ პასუხობს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #004095315 დასკვნაში აღნიშნულია (იხილეთ დანართი): ,,ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის წარმომადგენლობითი ნიმუშების აღება მოხდა ზემოთ მითითებული წესით. აღებული ვეგეტატიური და გენერაციული ნაწილების გამოშრობის და დაქუცმაცების შედეგად მიღებული წონაკი გამოიწვლილა მეთანოლით ულტრაბგერით აბაზანაში... ექსპერტიზაზე წარდგენილ ობიექტში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობამ შეადგინა 0,0150 გრამი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე დანართის # 164-ის თანახმად, ტეტრაჰიდროკანაბინოლის მცირე ოდენობა არის 0,05 გრამი, დიდი ოდენობა 0,5 გრამი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 5 გრამი. ამგვარად, დავით ხომერიკს ბრალი წაუყენეს არა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ქიმიური ნივთიერების ოდენობის მიხედვით, არამედ იმ მცენარის წონის მიხედვით, რომელიც შეიცავს ძალიან მცირე ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას, რაც სხვა შემთხვევაში არ წარმოშობდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანაფის ქიმიური შემცველობა არ აღწევს იმ ოდენობას (0,05 გრამს), რაც საკმარისია ადამიანის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად. 0,05 გრამზე მცირე რაოდენობით ნარკოტიკების ფლობა და შენახვა არ არის იმგვარი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი, რაც გაამართლებდა ადამიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სადავო ნორმით ადამიანი ისჯება ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მცენარის მოყვანისათვის, რომლშიც ნარკოტიკების ქიმიური შემცველობა იმდენად მცირეა, რომ არ აღწევს უმართლობის ისეთ ხარისხს, რაც მომეტებული რისკის მატარებელი იქნება. 0,01 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი ობიექტურად არ არის იმგვარი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რისთვისაც გამართლებულია სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გამოყენება. ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გამოყვანა ობიექტურად არ მიეკუთვნება სისხლისსამართლებრივ სფეროს, რასაც ადასტურებს ტეტრაჰიდროკანაბინოლის კრიმინალური ოდენობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტი. ქმედების უმართლობის ხარისხის თაობაზე, რაც ამართლებს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაციას, საუბარია ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 37-ე პარაგრაფში: ,,სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის სამართლის - ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ultima ratio. საზოგადოების და ადამიანის ინტერესების დასაცავად სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი საშუალებები. ამ პროცესის წარმატებულობას უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან შემდეგი პირობების კუმულაციურად დაკმაყოფილება: ა)კანონით დანაშაულად მხოლოდ ისეთი ქმედების მიჩნევა, რომელიც უმართლობის ხარისხის იმ მომეტებული რისკების მატარებელია, რომელთა განეიტრალება და ამ გზით საზოგადოების და ადამიანების დაცვა ობიექტურად სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება; ბ)კანონითვე კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის პროპორციული ზომის გათვალისწინება. სასჯელი, როგორც ერთგვარად სოციალური კონტროლის მექანიზმი, სახელმწიფო იძულების ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა, ამიტომ კონკრეტული ქმედებისთვის სასჯელის დაწესებისას კანონმდებელი შეზღუდულია იმის დემონსტრირების ვალდებულებით, რომ სასჯელის მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის ეფექტური და პროპორციული; გ)კანონმდებლის მიერ სასამართლოს აღჭურვა შესაძლებლობით, გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნების, ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით; დ)სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების სწორად და სამართლიანად გამოყენება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოთხოვნიდან არ არის დაკმაყოფილებული პირველი პირობა, 0,0150 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი არ ქმნის უმართლობის (საზოგადოებრივი საშიშროების) ისეთ ხარისხს, რაც ამ ქმედებას მიაკუთვნებს სისხლის სამართლის სფეროს. ამ პირობის დაუკმაყოფილებლობა უკვე საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კანონმდებელმა თავი შეიკავოს ამგვარი ქმედების კრიმინალიზაციისაგან. ამას გარდა არ არის დაცული სხვა მოთხოვნებიც. აღნიშნული ქმედებისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სულ მცირე, ორიდან ხუთ წლამდე. ეს უკანასკნელი ჩადენილ ქმედებასთან შედარებით აშკარად არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს. მოსამართლეს კანონი არ აძლევს საქმის გარემოებების ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობას, მოსამართლემ ადამიანის მსჯავრდებისათვის მხედველობაში უნდა მიიღოს მცენარის ბიოლოგიური წონა (რაც დამოუკიდებლად არ არის საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი) და არა მასში ნარკოტიკული საშუალების ქიმიური შემცველობის ოდენობა. კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ საქმეში ხალხი ლეალის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: ,,სისხლის სამართალი დაკავებულია ქმედებისათვის ზღვარის დადგენის განუწყვეტელი პროცესით. ნარკოტიკების შენახვის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ნარკოტიკების ზღვარის დადგენა არის გარდაუვალი. ამ საქმეში კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ ასევე განაცხადა: ნარკოტიკების შენახვისათვის ადამიანს სახელმწიფო სჯის, მხოლოდ იმგვარი აკრძალული მასალის ფლობისათვის, რასაც გააჩნია ნარკოტიკული ზემოქმედების ეფექტი. ეს აკრძალვა არ ეხება ნარკოტიკული ნივთიერების ნარჩენს ან ნალექს, რომელსაც ზემოქმედების ეფექტი არ გააჩნია. ნარკოტიკის კრისტალური დანალექის ის ოდენობა (minute crystalline residue of narcotic), რაც გამოუსადეგარია, როგორც მოხმარებისათვის, ისე გაყიდვისათვის, არ არის საკმარისი ადამიანის მსჯავრდებისათვის (http://scocal.stanford.edu/opinion/people-v-leal-24581).“ ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენდა 32 მილიგრამის კრისტალური ნივთიერება, რომელიც შეიცავდა ჰეროინს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 25-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს. ამავე გადაწყვეტილების 27-ე მუხლში აღნიშნულია: ,,შეუძლებელია, რომ არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი და, შესაბამისად, საჭიროება არ არსებობს საერთოდ, ან, როდესაც თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ვადა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილი ქმედებისთვის საკმარისი პასუხისმგებლობის მიზნების მისაღწევად.“ საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 34-ე პარაგრაფში ასევე განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე პოტენციურად მსჯელობაუნარიანია. ასეთი მიდგომა დაარღვევდა ბალანსს სასამართლოს და კანონმდებლის კომპეტენციებს შორის, შექმნიდა ცდუნებას, მართლმსაჯულებამ ჩაანაცვლოს კანონმდებელი. თუმცა ამ სფეროში შესვლისას სასამართლოს სიფრთხილე უსაფუძვლო და უადგილო გახდება, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ პირადი მოხმარების მიზნებისთვის ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა სპეციალური ნორმით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წესრიგდება, ეს არ გამორიცხავს 260-ე მუხლის ფარგლებში პირადი მოხმარების მიზნებისთვის მარიხუანის შეძენა/შენახვის გამო სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 64-ე პარაგრაფი). ასევე არ არის გამორიცხული ის, რომ ადამიანმა კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივირება მოახდინოს ამ ნივთიერების ფოთლების ყვავილისაგან მარიხუანას მიღებისათვის, რასაც შემდგომ მარიხუანას პირადი მოხმარება და არა მისი გასაღება მოჰყვება. სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე. სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილს სანქციის ნაწილში არა აქვს თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა ალტერნატივა. ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმის ლოგიკა არის ის, რომ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის თუნდაც მცირე დროით გამოყენება წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 84-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს. ამდენად, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.” კანაფის დათესვა და მოყვანა იმისათვის, რომ მომავალში მოხდეს მისგან მარიხუანას გამოყვანა და პირადი მოხმარება, ასევე წარმოადგენს ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს მხოლოდ იმ ადამიანის ჯანმრთელობას, რომელმაც დათესა კანაფი. ამ ქმედების ჩამდენი პირისათვის არათუ 2, 4 და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს, არამედ ამ სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება ზოგადად (მაგალითად, თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით). საკონსტიტუციო სასამართლომ გადაჭრით თქვა უარი იმ პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის თუნდაც უმცირესი ვადით გამოყენებაზე, რომელიც ამ ქმედებით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს. მოსარჩელე დავით ხომერიკს ბრალი წაუყენეს 63,73 გრამი კანაფის დათესვისათვის. არის თუ არა ეს ოდენობა საკმარისი იმისათვის, რომ მისგან გამოყვანილი მარიხუანა საკმარისი იყო, როგორც პირადი მოხმარებისათვის, ისე გასაღებისათვის? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კვლავაც უნდა დავუბრუნდეთ საქმეს ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ: ,,დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა/შენახვა თავისთავად იწვევს მისი გავრცელების საფრთხეს და, ამდენად, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების მომეტებულ რისკებს შეიცავს. სახელმწიფოს დისკრეცია, ცხადია, უფრო ფართოა, როდესაც საქმე ეხება სხვათა ჯანმრთელობის დაცვას.” (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 88-ე პარაგრაფი). ,,როდესაც ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად აჩენს რეალურ საფრთხეს მისი არა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, არამედ რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის თაობაზე, მაშინ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან, პასუხისმგებლობის ზომა/ხარისხი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნარკოტიკული საშუალების რაოდენობასთან.” (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 89-ე პარაგრაფი). ითვლება, თუ არა 63, 73 კანაფის დათესვა და მოყვანა იმ ოდენობად, რაც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, ამ კანაფისაგან მიღებული მარიხუანას გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი ღონისძიება, მათ შორის თავისუფლების აღკვეთა? ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 90-ე პარაგრაფში აღნიშნულია: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მარიხუანის შემთხვევაში დიდ ოდენობად განსაზღვრავს 50-500 გ-ს. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს პირისთვის ასეთი პასუხისმგებლობის დაკისრებას მარიხუანის იმ ოდენობით შეძენა/შენახვისთვის, რომელსაც ის ფლობს პირადი მოხმარების და არა გასაღების/რეალიზაციის მიზნებისთვის.” ამასთან, მოსარჩელეს აღმოაჩნდა 69 გ. მარიხუანა. შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენს სადავო ნორმის გამოყენება ამ ოდენობის ფარგლებში მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის გამო.” ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 92-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,როგორც საქმეზე მოწვეული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების განმარტებებიდან ირკვევა, 50-70გ. მარიხუანა არ არის ის ოდენობა, რომელიც მაღალი ალბათობით მიანიშნებს მისი რეალიზაციის მიზნებისთვის შეძენა/შენახვის გარდაუვალობაზე, თავისთავადობაზე. ბატონი ზ. შენგელიას მითითებით, ერთი მოწევისას საშუალოდ ერთ გრამამდე მარიხუანის გამოყენება ხდება. მისივე განმარტებით, მარიხუანის ზედოზირების რისკი იმდენად პატარაა სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან შედარებით, რომ ფაქტიურად შეუძლებელია მარიხუანის ზედოზირებამ ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. შედეგად, მისი აზრით, ნამდვილად არ არის შეუძლებელი დროის ხანმოკლე მონაკვეთში 50-70 გრამის მოხმარება.” ამავე გადაწყვეტილების 95-ე პარაგრაფში ასევე აღნიშნულია: ,,სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლომ დაადგინა, რომ 69 გრ. მარიხუანა (რომელიც მოსარჩელეს აღმოაჩნდა), a priori, არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ოდენობად, რომელიც არ არის განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის და რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელების და, შესაბამისად, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების გარდაუვალ საფრთხეს.” მაშინ როდესაც 69 გრამი მარიხუანა არ არის ის ოდენობა, რაც არ შეიძლება განკუთვნილი იყოს პირადი მოხმარებისათვის, არც იმის თქმა შეიძლება, რომ 63,73 გრამი კანაფისაგან ტოტებისა ღეროების მოცილების შემდეგ დარჩენილი მარიხუანას წონამ 63 გრამზე ნაკლები არ შეადგინოს, რაც მით უმეტეს არ იქნება განკუთვნილი პირადი მოხმარებისათვის და მხოლოდ გასაღება იქნება ამ ოდენობის კანაფის დათესვისა და მოყვანის მიზანი. ისევე როგორც ეს ბექა წიქარიშვილი პარლამენტის საქმეში იყო ნათქვამი, დაუშვებელია ბლანკეტური ნორმის საფუძველზე კანაფის (რომლისგანაც მზადდება მარიხუანა) დათესვის, მოყვანის და კულტივირებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იმის მიუხედავად ამ ქმედების მიზანი არის მოყვანილი კანაფის მარიხუანად გადამუშავება მოხმარებისათვის თუ გასაღებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 98-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,კანონმდებელი არ იძლევა გამიჯვნის შესაძლებლობას მარიხუანას შეძენა/შენახვისას პირადი მოხმარების მიზანსა და რეალიზაციის მიზანს შორის, ზოგადად ადგენს პასუხისმგებლობას შეძენა/შენახვისთვის.” ამავე გადაწყვეტილების 101-ე პარაგრაფში აღნიშნულია,, ვინაიდან სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა და არა მხოლოდ არ გამორიცხავს, არამედ პირდაპირ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას ისეთი ქმედებისთვისაც, რომელიც არ უქმნის საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას, ის არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოს აუცილებელ და პროპორციულ ჩარევად ადამიანის თავისუფლებაში. ასეთი სასჯელი ვერც სასჯელის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს და, შედეგად, სასჯელს გადააქცევს მიზნად. შეუძლებელია საუბარი სასჯელით სამართლიანობის აღდგენაზე ან პირის რესოციალიზაციაზე, როდესაც არ არსებობს საამისო მიზეზი და საფუძველი. შეუძლებელია საუბარი სასჯელით სამართლიანობის აღდგენაზე ან პირის რესოციალიზაციაზე, როდესაც არ არსებობს საამისო მიზეზი და საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პასუხისმგებლობა იმთავითვე მხოლოდ ზოგად პრევენციას ემსახურება, რომ სხვებმაც არ ჩაიდინონ ასოციალური და საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის გამომწვევი ქმედება. რაც შეეხება სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხის თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაშინ, როდესაც ასეთი საფრთხე ჰიპოთეტურია, ან საერთოდ არ არსებობს, ან ყოველ ჯერზე მისი არსებობის მტკიცება შეუძლებელია, სასჯელი კვლავ მხოლოდ ზოგადი პრევენციის დომინირების იმედად რჩება, რაც დაუშვებელია და გაუმართლებელი.” 63,73 გრამი კანაფის გადამუშავების შედეგად მიღებული მარიხუანა იმ ოდენობისაა, რომელიც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ამ ოდენობის მარიხუანა, სწორედ მხოლოდ იმ პირმა მოიხმაროს, რომელმაც ეს კანაფი დათესა. მარიხუანას მოხმარება არ არის ისეთივე საშიში ქმედება, როგორც ეს სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში ხდება: ,,საქმეზე მოწვეული მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ მარიხუანა არის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ნარკოტიკული საშუალება, რომლის თავისუფალ ბრუნვაში მიმოქცევა შეზღუდული უნდა იყოს, იმავდროულად, არც ერთი არ უარყოფდა, რომ მარიხუანა, მისი მოხმარებით გამოწვევადი შედეგების სიმძიმისა და საფრთხეების მიხედვით, გაცილებით უფრო მსუბუქია სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით, მეტიც, ზოგიერთი მოწმე (ზ. შენგელია) მიუთითებდა, რომ ის შედარებადია ალკოჰოლთან, თამბაქოსთან და ცალკეულ შემთხვევაში არა მხოლოდ იდენტური, არამედ ნაკლები საფრთხის გამოწვევაუნარიანიც არის.” ამის მიუხედავად, 260-ე მუხლი მარიხუანას შეძენასა და შენახვას არ ასხვავებდა სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალების ფლობისაგან. პასუხისმგებლობის ზომა იყო ერთნაირი. იმავე მდგომარეობას ვაწყდებით სადავო ნორმის შემთხვევაში, კანონმდებლობა ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს, როგორც კანაფის, რომლისგანაც მზადდება მარიხუანა, ისე სხვა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირებისათვის. ეს არის ბალნკეტურობის სხვა ასპექტი, რის გამოც ბექა წიქარიშვილის საქმეში კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა დაინახა: ,,სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი თანაბრად მიემართება ყველა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით.” შესაძლოა სასამართლომ კანაფის დამთესავი პირის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი გამოიყენოს, ვიდრე მორფინისა და კოდეინის შემცველი ყაყაჩოს კულტივატორის მიმართ, თუმცა 265-ე მუხლის მეორე პუნქტით თავისუფლების აღკვეთა არის ერთადერთი უალტერნატივო სანქცია. მოსამართლე კანაფის დათესვასა და მოყვანაში მსჯავრდებულ პირს 4 წელით თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლები ვადით თავისუფლების აღკვეთას ვერ შეუფარდებს: ,,მართალია, კანონმდებელი მოკლებულია შესაძლებლობას, დეტალურად აღწეროს კანონში, ყველა შესაძლო ინდივიდუალური გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლემ როდის როგორი პასუხისმგელობა უნდა შეუფარდოს პირს, თუმცა კანონმდებელი არ თავისუფლდება ვალდებულებისგან, განსაკუთრებით სისხლის სამართლის სფეროში, სასამართლო აღჭუროს საკმარისად მოქნილი ნორმებით, რომელიც შესაძლებელს გახდის, მოსამართლემ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს ყველა ინდივიდუალური გარემოება და პირის მიმართ გამოიყენოს ის სასჯელი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტურად აუცილებელია და გარდაუვალი (ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-100 პარაგრაფი). სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლეს არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ნაკლებად მძიმე მარიხუანას შემცველი მცენარის დათესვისა და მოყვანის გამო პირის მიმართ გამოიყენოს ისეთი მძიმე სასჯელი, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა: ,,თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს რა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მისი უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ამასთან, უნდა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი ასეთი მიდგომით გამოყენება, არამედ კანონის დონეზეც ამა თუ იმ ქმედებისთვის სასჯელის სახით პატიმრობის მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინება, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც პირის ქმედების რეგულირება აუცილებელია, თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ. ამგვარად, 10-დან 50-მდე, 50-დან 250-მდე და 250-დან ზემოთ გრამი ოდენობის კანაფის კრიმინალიზაცია წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს, ვინაიდან ნედლი მარიხუანას მცირე ოდენობას ქმნის 10 გრამი, ხოლო დიდ ოდენობას. ასევე პირადი მოხმარების მიზნით კანაფის მოყვანისათვის თავისუფლების აღკვეთა ასევე წარმოადგენს არაადამიანურ და დამამაცირებელ სასჯელს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი