ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N725 |
ავტორ(ებ)ი | ლაშა გაგიშვილი |
თარიღი | 24 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელეს 2015 წლის 09 სექტემბერს ბათუმის რაიონულმა პროკურატურმა წარუდგინა ბრალი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (265,49 გრ.) უკანონოდ დათესვა-მოყვანისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 პუნქტით, ბრალდებულს კი ემუქრება 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, რომელის მიხედვითაც აკრძალულია და ღირსების შემლახავად მიიჩნევა არაჰუმანური და სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი სასჯელის გამოყენება. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ამგვარ სასჯელად, მათ შორის, მოიაზრებს პასუხისმგებლობის ისეთ ზომას, რომელიც ახდენს ადამიანის ინსტუმენტალიზაციას. სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არის ე.წ. ,,სანიმუშო სასჯელი’’, რომელიც ერთადერთ მიზანს, ზოგად პრევენციას ისახავს.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავო სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს და დასაშვებია რადგან:
- წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
- აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
- შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
- მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
- სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
- სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-17 მულიხს მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე; აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მიხედვით ინკრიმინირებულად ცხადდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა. ნარკოტიკული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების ჩამონათვალს, ისევე როგორც მათი დათესვისა და მოყვანის ცნებებს, განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი. რომლის მიხედვითაც ,,დათესვა’’ ნიშნავს ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანას, ან მცენარის ნერგის დარგვას მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში.’’ ხოლო ,,მოყვანა’’, ეს არის ,,დათესილი და დარგული მცენარის [...] მოვლა მათი ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით’’. რაც შეეხება თავად მცენარეს. იმავე კანონის პირველი დანართი განსაზღვრავს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა შორის არის კანაფი. დანართის 82-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებულია, რომ კანაფად ჩაითვლება ,,მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებით და ნაყოფით (ფოთლებისა და თესლების გარდა, რომელთაც თან არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების ფისი.’’ იმავე კანონის მეორე დანართით კი განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის 73-ე ჰორიზონტალური გრაფა ეთმობა მცენარე კანაფს, რომლის მიხედვითაც 10 გრამი არის მცირე ოდენობა, 50 გრამი ოდენობა, ხოლო 250 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით პასუხისმგებლობის ზომად ჩვეულებრივი ოდენობისთვის განსაზღვრულია ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 2-დან-5 წლამდე. დიდი ოდენობისთვის - თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან-7 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან-12 წლამდე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადამიანს იცავს ღირსებისშემლახავი სასჯელებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს პრაქტიკის მიხედვით ასეთად ჩაითვლება სასჯელი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებისთვის პირს დააკისრებს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით: ,,აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე. პ.25). ამდენად სისხლისსამართველბრივი პასუხისმგებლობა, რომლის პროპორციულობას სახელმწიფო ვერ დაამტკიცებს, ისევე როგორც საერთოდ ქმედების ინკრიმინირებას, ეწინააღდეგება ადამიანის ღისებას და წინააღმდეგობაში მოდის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან, როგორც აბსოლუტური უფლების დამდგენ ნორმასთან.
იმისათვის, რომ სასჯელის პროპორციულობა დადგინდეს საჭიროა განისაზღვროს სასჯელი მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევა რაც ამავდროულად უფლების დარღვევას ნიშნავს, რადგან საქმე აბსოლუტურ უფლებასთან გვაქვს. იგულისხმება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს კანაფის დათესვა ან მოყვანა, რადგან მისგან ნარკოტიკული საშუალება მზადდება. ამ ნარკოტიკული საშუალების მომყვანის მიერ მოხმარების აღკვეთას ცდილობს კანონმდებელი. ამ შემთხევაში სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პირველი მიზანი არ არის აქტუალური რადგან მესამე პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი პირის მიერ ნარკოტიკების მოხმარებით არ წარმოიშობა, ამდენად სამართლიანობის აღდგენას მოცემულ მომენტში, როგორც სასჯელის მიზანს ვერ გამოვიყენებთ. ასევე არ არსებობს მესამე მიზანი, რადგან პირი ასოციალურ ქმედებას ჩადის არა იმიტომ, რომ თავისთავად ქმედებაა ასოციალური, არამედ იმიტომ რომ კანონმა ის ასეთად გამოაცხადა. ქმედება, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, სხვას არ აყენებს ზიანს თავისთავად არ იქნება ასოციალური, რადგან ის ავტონომიური და საერთოდ არ მიემართება საზოგადოებას, მაშინ როცა ქმედება ასეთად (ასოციალურად), მაშინ იქცევა როდესაც ის შემხებლობაში მოვა საერთოსთან. რაც შეეხება მეორე მიზანს, ის შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად ზოგადი და კერძო პრევენცია. კერძო პრევენცია მოცემულ შემთხვევაში ვერ აღწევს საკუთარ მიზნებს. ზოგადად ისეთი დანაშაულების შემთხვევაში, რომელსაც საფუძვალად უდევს ნარკოტიკების მოხმარება, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთელი რიგი გასაგები მიზეზების გამო ვერ ხდება მისი წამალდამოკიდებულებისგან გათავისუფება (ეს იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს კანაფის მოხმარებას). საბოლოოდ სადავო ნორმა მხოლოდ ერთადერთ, ზოგად პრევენციის მიზანს მიემართება. აღნიშნული ქმედების ინკრიმინირების მოტივი სხვების დაშინებაა, კონკრეტული სამართადამრღვევის სამაგალითო დასჯა, რათა სხვებმაც იგივე არ ჩაიდინონ. კონსტიტუციასთან მთავარი წინააღმდეგობა სწორედ აქ წარმოიშობა: ,,არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, პ.52). რაც შეეხება თავად მცენარე კანაფის დათევა/მოყვანის აკრძალვის მიზანს. ეს მიზანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაა. მაგრამ ამ მიზანის მისაღწევად, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს აყენებს ზიანს, შეუძლებელია გამოვიყენოთ სასჯელი, მით უმეტეს ისეთი როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა. სადავო ნორმა არ მიუთითებს მომყვანის მიზანზე რეალიზაცია გაუკეთოს კანაფს, ამდენად შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პირს მცენარე პირადი მოხმარების მიზნებისთვის მოჰყავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, ,,კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, პ.84). რაც შეეხება კანაფის დათესვა/მოყვანით სავარაუდოდ განპირობებულ საფრთხეებს მესამე პირების/საზოგადოების მიმართ, - აქ ასევე ორი საკითხი უნდა გამოიყოს: ა) არ არსებობს სარწმუნო მონაცემი, რომლის მიხედვითაც კანაფის მოხმარება იწვევს სხვა დანაშაულის ჩადენას/ზრდას. ბ) სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარიხუანის კანაფის დათესვა/მოყვანა (იმ ოდენობით რა ოდენობითაც ის მოსარჩელეს აღმოუჩნეს) თავისთავად არ შეიცავს მისი გავრცელების, შესაბამისად, სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. გარდა ამისა სადავო ნორმის პრობლემას წარმოადგენს, რომ (1) სასჯელი, რომელიც მან განსაზღვრა, თანაბრად მიემართება ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა/მოყვანას, მაშინ როცა ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. (2) ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი არ იძლევა გამიჯვნის შესაძლებლობას მარიხუანას დათესვა/მოყვანის პირადი მოხმარების მიზანსა და რეალიზაციის მიზანს შორის, ზოგადად ადგენს პასუხისმგებლობას. აღნიშნული კი წარმოადგენს სასჯელის არაკონსტიტუციუტობის მიმანიშნებელ გარემოებას (ბექა წიქარიშვილის საქმე, პ. 98). ყველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის კრიტერიუმს, პრობლემურია რა მისი როგორც ლეგიტიმური საჯარო მიზნები და გამოსადეგობა, ასევე აუცილებლობა, მხოლოდ მესამე პირებზე ეფექტისკენ მიმართულ სასჯელს, ამავდროულად არის ბლანკეტური ხასიათის, ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, ამიტომ ცნობილ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი