საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/1542 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 15 ივლისი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 30 ივლისი 2021 18:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1542) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1542 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 16 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 15 ივლისს.
2. №1542 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობის წესი არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, „არავინ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრე განისაზღვრება კანონით“.
5. №1542 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის საპროცესო მექანიზმიდან გადახვევის წესს და შესაძლებლობას აძლევს ბრალდების მხარეს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, მტკიცებულებად წარმოადგინოს ბრალდებულის მიერ მოტყუებით და არასაკმარისი საპროცესო გარანტიების პირობებში ნებაყოფლობით გაცემული და ფარულად დოკუმენტირებული მაინკრიმინირებელი ინფორმაცია.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლი არეგულირებს ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე, მისი გამოკითხვის დროს ნებაყოფლობით მიცემული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დასაშვებობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი გამოკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვების აუცილებელ წინაპირობად ასახელებს ბრალდებულის ნებას.
7. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის სათაური, ისე მთლიანად ამ მუხლის აგებულება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ კოდექსის 247-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ვრცელდება მხოლოდ ბრალდებულის მიერ გამოკითხვის დროს ბრალდების მხარისათვის საკუთარი ნებით მიწოდებულ ინფორმაციაზე.
8. პირის, მათ შორის, ბრალდებულის გამოკითხვის წესს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე ჩატარებული გამოკითხვისას, პირი, ერთი მხრივ, ინფორმირებულია ადვოკატის ყოლისა და მთელი რიგი საპროცესო გარანტიების გამოყენების შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბრალდების მხარისათვის მაინკრიმინირებელი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე ჩატარებული გამოკითხვის პირობებში, ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებულის შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პრივილეგიით.
9. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს გამონაკლისს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვიდან და დასაშვებად მიიჩნევს, ბრალდებულის მიერ საქმის არსებით განხილვამდე ბრალდების მხარისათვის გამოკითხვის საფუძველზე მიწოდებული, მათ შორის, მაინკრიმინირებელი ინფორმაციის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, თუ ეს ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგადაა მოპოვებული.
10. მოსარჩელე მხარე იშველიებს სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკულ შემთხვევებს და განმარტავს, რომ გასაჩივრებული ნორმა ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც ბრალდების მხარეს ეძლევა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გამოყენებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით გათვალისწინებული გამოკითხვის მსგავსი მოქმედების იმიტაციით, ბრალდებულისაგან მაინკრიმინირებელი ინფორმაციის მიღებისა და შემდგომში, ბრალდებულის ნებისაგან დამოუკიდებლად, ამ ინფორმაციის ბრალდების სასარგებლო მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა.
11. მოსარჩელე მხარის განცხადებით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი უფლებამოსილია, ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - პირის გამოკითხვა, რომელიც, მართალია, ნებაყოფლობითია, თუმცა ხასიათდება გამოსაკითხი პირის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის გაცილებით დაბალი სტანდარტით, ვიდრე ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამოკითხვის პირობებშია უზრუნველყოფილი. აღნიშნული გამოკითხვის მექანიზმს ბრალდების მხარე იყენებს იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის გვერდის ავლით, პოტენციურ ბრალდებულს გამოსტყუოს მაინკრიმინირებელი ინფორმაცია. ამასთანავე, გამოკითხვის პარალელურად ხდება ამ გამოკითხვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და დოკუმენტირება, რათა მოგვიანებით, საქმის არსებითი განხილვისას, აღნიშნულ ინფორმაციას მიენიჭოს მტკიცებულების მნიშვნელობა. საბოლოოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნულ ინფორმაციას იყენებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სწორედ სადავო ნორმა უზრუნველყოფს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში განხორციელებული გამოკითხვისას, ნებაყოფლობით, თუმცა არასაკმარისი ინფორმირებულობისა და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის მექანიზმების დაბალი სტანდარტის პირობებში, ბრალდების მხარისათვის გამჟღავნებული და ფარული საგამოძიებო მოქმედების საფუძველზე დოკუმენტირებული, მათ შორის, მაინკრიმინირებელი ინფორმაციის საქმის არსებით განხილვაზე მისსავე საწინააღმდეგო მტკიცებულებად გამოყენებისა და შემდგომში ამ მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა არღვევს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტს.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1542 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1542 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი