საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 535 |
ავტორ(ებ)ი | ავთანდილ კახნიაშვილი |
თარიღი | 9 ივლისი 2012 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
პოლიციელთა შემადგენლობაში „ვარდების რევოლუციის” შემდეგაც მხვდებიან ისეთი „კადრები”, ვინც, შევარდნაძისდროინდელი მილიციელებივით, არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, არამედ საგზაო მოძრაობის ელემენტარული წესებიც კი არ იციან სათანადოდ. ამის გამო, იძულებული გავხდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო დეპარტამენტისა და თბილისის სამმართველოს წინააღმდეგ სასამართლოში რამოდენიმე სარჩელი შემეტანა. კანონთან შეუსაბამო ადმინისტრაციული ოქმების (საჯარიმო ქვითრების) ბათილობის მოთხოვნის გარდა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვასაჩივრებდი ქმედებებს, რომლებიც არ იყო დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან. კერძოდ, საჯარო მოსამსახურეებისგან ვითხოვდი კონსტიტუციის დაცვას და კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი უცხოენოვანი წარწერების (POLICE), წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალური სიმბოლოსა (+) და კერძო სამართლის იურიდიული პირების რეკლამების („ჯეოსელი”, „ირაო”) ჩამოხსნას სამსახურებრივი ავტომობილებიდან და ფორმის ტანსაცმლიდან (დანართი 1). მიუხედავად კანონით მკაცრად განსაზღვრული ვადებისა, ჩემთვის უცნობი მიზეზებით, ყველა საქმეზე სამართალწარმოება გაუმართლებლად გაჭიანურდა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს 5 მოსამართლიდან, ვინც პოლიციის წინაღმდეგ შეტანილი ჩემი პირველი საქმე და კერძო საჩივარი განიხილა ე. წ. მძღოლის მოწმობა ერთსაც კი არ ქონდა... როგორც კი, 2009 წლის 1 სექტემბერს, უზენაეს სასამართლოში პირველი საკასაციო საჩივარი შევიტანე (დანართი 2) და 20 ლარიანი საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობისთვის 300 ლარიანი სახელმწიფო ბაჟიც გადავიხადე, რამოდენიმე დღეში, პოლიციელებმა 1958 წელს გამოშვებული საკუთარი მანქანაც ჩამომართვეს და 1974 ში აღებული მძღოლის მოწმობაც... ფაქტია, რომ 2009 წლის 4 სექტემბრის ღამეს, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია, არც ნასვამი ვიყავი და სიმთვრალეზე შემოწმებაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გავიარე (დანართი 3), აშკარა კანონდარღვევით და არასწორად შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 3 წლით ჩამომერთვა მძღოლის მოწმობა, რისთვისაც საპატრულო პოლიციამ, თან თვითნებური ინტერპრეტაციით, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო და არაგონივრულად ფორმულირებული ნორმა გამოიყენა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასჯადია „სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდება” (თუმცა, „სიმთვრალეზე შემოწმებაში” რა იგულისხმება განმარტებული არ არის) პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითარში ჩაწერილია, რომ „მძღოლმა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად შემოწმებაზე”. ამასთან, ოქმში არ არის მითითებული სანქცია (დანართი 4). ფაქტია, რომ ოქმში ჩაწერილი სავარაუდო სამართალდარღვევის ფორმულირება არსებითად განსხვავდება ასკ 117-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულისგან (არსად წერია, რომ მძღოლმა, თავი აარიდა სიმთვრალეზე შემოწმებას) და ისეთ ფაქტობრივ გარემოებას აღწერს, რომლის სამართალდარღვევად მიჩნევა კანონმდებლის მიზანს არ შეადგენდა. ანუ, ოქმში, ფაქტობრივად, მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ პოლიციელებმა, თითქოს, ვერ გაარკვიეს, რატომ განვუცხადე უარი (სიტყვიერად) შემოწმებაზე. სინამდვილეში, უკანონოდ გაჩერებისა და ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე, მანქანის სალონშივე და თანაც ჩემი მგზავრების თვალწინ, სახეში ალკოტესტის მოშვერის თაობაზე, ღიად გამოვთქვი პროტესტი და განვაცხადე მზადყოფნა დაუყოვნებლივ გამევლო ნებისმიერი სახის შემოწმება, მას შემდეგ, რაც პოლიციელი დადგენილი წესით წარმომიდგებოდა (დამისახელებდა თანამდებობას და ვინაობას) და გაჩერების მიზეზს ამიხსნიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციელის ქმედებას კანონით დადგენილი წესით გავასაჩივრებდი. სრულიად ლოგიკურია (გონივრულიც), რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხოლოდ ის მძღოლი მიიჩნევა დასჯის ღირსად, ვინც თავისი მოქმედებით „თავს აარიდებს” შემოწმებას... ამასთან, ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ აზრის გამოხატვისთვის (სიტყვიერი პროტესტისთვის) აღნიშნული ნორმა სანქციას საერთოდ არ ითვალისწინებს (მითუმეტეს, „გაურკვეველი მიზეზების გამო უარის განცხადებისთვის”...). მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სიმთვრალეზე შემოწმების გავლის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურს წარვუდგინე, მაცნობეს, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩემთვის, 3 წლით ჩამოურთმევიათ მძღოლის მოწმობა. ამასთან, როდესაც აღნიშნული ნორმის ახალ რედაქციას გავეცანი (ადრე, ყველასთვის 70 ლარიანი ჯარიმა იყო დაწესებული), აღმოჩნდა, რომ, უცხოელი იგივე ქმედებისთვის მხოლოდ 500 ლარით ისჯება, რაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ „ნოვაციის” აშკარად დისრიმინაციულ მიდგომაზე მიუთითებს. ბუნებრივია, რომ უკანონოდ შედგენილი ოქმი და პოლიციელის არამართლზომიერი ქმედებები კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრე (დანართები 5-7), ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოში დავის დასრულების შემდეგ სასამართლოს მივმართე (დანართები 8-10). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ადმინისტრაციული სარჩელის შეტანა აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას, ხოლო სამართალწარმოების დასრულებამდე მართვის დროებითი მოწმობა უნდა მქონოდა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მხოლოდ პოლიციაში საქმის განხილვის პერიოდისთვის მომცეს მართვის დროებითი ნებართვა, ხოლო სასამართლოს მიერ სადაო საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანას აღარ დაელოდნენ და სასჯელი თვითნებურად დამაკისრეს, რითაც, ფაქტობრივად ხელყოფილ იქნა ჩემი უფლება სასამართლოსთვის მიმემართა და საქმე სამართლიანად განხილულიყო. ისიც ფაქტია, რომ მძღოლის მოწმობა, ფაქტობრივად აზრის გამოხატვისთვის (სიტყვიერად პროტესტის გამოთქმისთვის) ჩამომართვეს, ვინაიდან, სამართალდამცავები, როგორც ჩანს, ერთმნიშნელოვანად აღიქვამენ ტერმინებს „უარი განაცხადა" და „თავი აარიდა", მაშინ როდესაც მათ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები გააჩნიათ. მართლაც, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „განაცხადა (განაცხადებს)” ნიშნავს „საჯაროდ რასმე თქმას, გამოცხადებას”, მაგალითებადაც, სწორედ „უარი განაცხადა” და „პროტესტი განაცხადაა” მოყვანილი (იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, მთავარი რედაქტორი: არნოლდ ჩიქობავა, თბილისი, 1986, გვ.123). ამასთან, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ საქართველოში ტერმინი „განცხადება - ინფორმაციაა, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო”. გარდა ამისა, ქართული ენის იმავე განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „არიდება (არიდებს)”, ერთმნიშვნელოვნად „მოქმედებას” (გვ. 37) აღნიშნავს და „განცხადება (განაცხადა)სგან” არსებითად განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია. ყველა შემთხვევაში, სრულიად აშკარა უნდა იყოს, რომ პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ფიქსირებული ტერმინი „უარი განაცხადა” (ანუ, ადამიანმა აზრი გამოხატა) შინაარსობრივად არსებითად განსხვავდება მოქმედებით ან უმოქმედობით რაიმესგან (მათ შორის, სიმთვრალეზე შემოწმებისთვის) „თავის არიდებისაგან”. ფაქტია, უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ 2011 წლის 21 ივნისს დაასრულა საქმის განხილვა (საკასაციო საჩივარი 2010 წლის 30 დეკემბერს შევიტანე, ხოლო განჩინება მის დაუშვებლად ცნობის შესახებ მხოლოდ 20 ივლისს გამომიგზავნეს) და სამართალდამრღვევად სრულიად დაუსაბუთებლად მცნო. ცხადია, აღარ გამკვირვებია, რომ განჩინებაში იგივე არგუმენტებია გამოყენებული, რომლებითაც შსს-მ და ქვემდგომმა სასამართლოებმა გაამართლეს თვითნებობა. სამწუხაროდ, „უზენაესმაც” ვერ დაინახა განსხვავება „თავის არიდებასა” და პროტესტის გამოთქმას შორის, ამასთან, „შესაბამის საექსპერტო დაწესებულებისთვის მიმართვის შესაძლებლობა მძღოლის უფლება ყოფილა და არა ვალდებულება” და, თუ მძღოლი ამ უფლებით ისარგებლებს, თურმე მხოლოდ ის გაირკვევა, ალკოჰოლი მიიღო თუ არა, ხოლო შემოწმება გაიარა თუ არა სასამართლო ვერ ხვდება... (დანართები 11-13). ამასთან, კანონების იგნორირება და ადამიანის უფლების ხელყოფა (უსაფუძვლო გაჩერება და სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე „განაჩენის” აღსრულება), სამართალწარმოების ვადების ხელოვნური გაჭიანურება და მოსამართლეების მიერ მოძრაობის ელემენტარული წესების არცოდნა (მძღოლის მოწმობის უქონლობა), თურმე, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას და მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს არ უშლის... ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ 2011 წლის 20 ივლისს შემატყობინა 2010 წლის 30 დეკემბერს შეტანილ საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოების დასრულების შესახებ, შსს-მ 2010 წლის 7 ინვრიდან აღარ გამიგრძელა მართვის დროებითი მოწმობის მოქმედების ვადა (დანართი 14), ანუ, სასამართლოს მიერ ჩემს სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა ხელყოფილი კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვა, ვინაიდან სანქცია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იყო აღსრულებული. ამდენად, ასკ 117-ე მუხლის დღევანდელი ინტერპრეტაციით, ფაქტობრივად, გამოდის, რომ თუ პოლიციამ მძღოლს მართვის უფლება ჩამოართვა, სასამართლოში საჩივრის შეტანა აღარაფერს ცვლის, რადგან სანქციის ამოქმედება შსს-ს ნებაზეა დამოკიდებული... შესაბამისად, ასკ 117 მუხლის პირველი ნაწილის სადღეისო განმარტებით გამოდის, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევი ადმინისტრაციული ოქმის შედგენისთანავე ითვლება „დამნაშავედ” და სასჯელის მოხდასაც შსს-ს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებისთანვე იწყებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 302-ე მუხლი („სპეციალური უფლების ჩამორთმევის ვადა და წესი”) ითვალისწინებს, პიროვნებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების შესაძლებლობას დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ. ამასთან, ვადა აითვლება ამ უფლების ჩამორთმევის თაობაზე დადგენილების გამოტანის დღიდან. ვინაიდან, მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის დღიდან ორი წელი გავიდა, ვარ 55 წლის, სამართლის დოქტორი, უნივერისტეტის ("სდასუ") სრული პროფესორი, ოცი წელია ახალგაზრდებს სამართალს ვასწავლი, გამოქვეყნებული მაქვს 6 წიგნი (ადამიანის უფლებების, უდანაშაულობის პრეზუმფციის, სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის და სხვა აქტუალურ საკითხებზე), 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 200-მდე საგაზეთო პუბლიკაცია, ნასამართლევი არასოდეს ვყოფილვარ და ვსარგებლობ კანონმორჩილი მოქალაქის რეპუტაციით, არც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაში ვყოფილვარ როდესმე შემჩნეული, მოძრაობის წესებსაც მაქსიმალურად ვიცავ, არც ნასვამი ვჯდები საჭესთან და 35 წელზე მეტია ავტოსაგზაო შემთხვევის გარეშე ვმართავ ავტომობილს, ამასთან, არც რომელიმე პარტიის, პოლიტიკური გაერთიანების ან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვარ, მიტინგებზეც არ დავდივარ, ანტიკვარული ავტომობილების კოლექციონერად ვითვლები, საკუთარი ხელით აღვადგენ ძველ ავტომობილებს და ვმონაწილეობ გამოფენებში (ანუ, ავტომობილი, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრების ნაწილია...), ამასთან მყავს 80 წელს მიტანებული დედა, რომელსაც ფეხით გადაადგილება უჭირს და ხშირად ესაჭიროება ავტომობილით მომსახურება, რამოდენიმეჯერ მივმართე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას თხოვნით, ჩემი პიროვნების, საქმიანობისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გონივრული ნორმა ჩემს მიმართაც გაევრცელებინათ (დანართები 15 და 16). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებს ავალებს სადაო საკითხზე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება და უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკმარისად დაასაბუთონ, ფაქტია, რომ ნარკომანებთან და სხვა „კრიმინალებთან” გამათანაბრეს და, სრულიად დაუსაბუთებლად, უარი მითხრეს მართვის მოწმობის ვადამდე დაბრუნებაზე. ამასთან, ერთაბზაციან პასუხში აშკარა უზუსტობაა, ვინაიდან №ბგ004176 ოქმში სანქცია საერთოდ არ არის მითითებული (დანართები 17 და 18). როგორც ჩანს, სამართალდამცავი ორგანოები სამაგალითოდ მსჯიან აზრის გამოხატვისთვის - კრიტიკისთვის (შედეგად, ის დამნაშავეებიც „დაუდგენელი” დარჩნენ ვინც ზურგიდან დამესხნენ, თავში რაღაცა ჩამარტყეს და ძირს დაცემულს ფეხები თავის არეში მირტყეს... იხ. სს საქმე №006075193), რაც ბუნებრივია, მაინც ვერ შემიშლის ხელს სამოქალაქო ვალი მოვიხადო და დარღვეული უფლებების დაცვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით გავაგრძელო. მითუმეტეს, რომ ყველა კანონმორჩილი მძღოლის ინტერესებში შედის სამართლის ნორმებში გარკვევა და მათი დაცვა. ამდენად, საქართველოს ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, პარლამენტის მიერ არაგონივრულად ფორმულირების, აგრეთვე ადმინისტრაციული და სამართალდამდცავი ორგანოების არასწორი ინტერპრეტაციისა და შეფარდების შედეგად, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (არაგანჭვრეტადია, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრულ პრინციპს ადამიანების კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ, მე-19 და 24-ე მუხლებით დაცულ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, 39-ე მუხლით დაცულ ადამიანის უფლებასა და გარანტიას საკუთარი ქონებით (ავტომობილით) სარგებლობით მიიღოს დამატებითი შემოსავლები, მე- 40 მუხლით აღიარებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას, 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობის შესახებ). |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხოლო „ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს” (მუხლი 44.1). ანუ, ხელისუფლებათა დანაწილებასა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასთან ერთად, მოქალაქეებიც და საჯარო მოსამსახურეებიც ე. წ. კანონის უზენაესობის პრინციპითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმორჩილმა მოქალაქემ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება რომ შეძლოს და მისი ძირითადი უფლებები არ იქნას ხელყოფილი, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმები მკაფიო და გასაგები („განჭვრეტადი”) უნდა იყოს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მათი გონივრული განმარტება და სამართლიანი შეფარდება უნდა ხდებოდეს. 2010 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი („ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება”) ახალი რედაქციით ჩამოაყალიბა და თუ ადრე ყველა მძღოლს, განურჩევლად მოქალაქეობისა ერთი და იგივე პასუხისმგებლობა (70 ლარიანი ჯარიმა) ეკისრებოდა, ამჯერად: “სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით”. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასკ 116-ე მუხლის თანახმად, მთვრალი მძღოლი 150 ლარით ჯარიმდებოდა, ხოლო ნარკოტიკების მოხმარებისთვის 3 წლით ერთმეოდა მართვის უფლება, გამოდის რომ კანონმდებელმა, ერთის მხრივ, სიმთვრალეზე და ნარკოტიკის მოხმარებაზე შემოწმებითვის თავის ამრიდებელი საქართველოს მოქალაქეები საზოგადოებისთვის ერთნაირად საშიშებად მიიჩნია და 3 წლით ჩამოაშორა საჭეს, ამასთან, სხვა ქვეყნის „დაუმორჩილებელი” მოქალაქეების მხრიდან, როგორც ჩანს, დიდი საფრთხე ვერ დაინახა და მათ მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა აკმარა. მივიჩნევ, რომ ახალი რედაქციით ასკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი აშკარად დისკრიმინაციულია, ვინაიდან უცხოელს, იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლებას ერთმევა, მხოლოდ უმნიშვნელო ფულად ჯარიმას აკისრებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევის გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის („დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა”) აშკარა დარღვევასაც წარმოადგენს. ფაქტია, რომ აღნიშნული დისკრიმინაციული ნორმით, ერთი და იგივე ქმედებისთვის სანქციები მოქალაქეობის მიხედვით არის დაწესებული და, იმ დროს, როდესაც უცხოელს, მაგ. ხელფასის მეოცედს ან ერთი ვახშმის ფულს ვახდევინებთ, საქართველოს რიგით მოქალაქეს, ფაქტობრივად საარსებო საშუალებას ვუსპობთ, ვინაიდან მძღოლთა დიდი ნაწილისთვის, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილები, ავტომობილი ოჯახის რჩენის ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, სანქცია საქართველოს მოქალაქეების მიმართ აშკარად არაგონივრულია, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი თავს აარიდებდა ალკოტესტში ჩაბერვას, შეიძლებოდა, სიმთვრალისთვის დადგენილი სახდელი გამოგვეყენებინა და გამოფხიზლებამდე მანქანაც ჩამოგვერთვა, ხოლო ის პირები, ვინც პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, იძულების წესით იქნებოდნენ წარდგენილი საექსპერტო დაწესებულებაში და „დაუმორჩილებლობის” მუხლითაც აგებდნენ პასუხს. ცხადია, დღევანდელ პირობებში, საქართველოში მძღოლის სპეციალიზებულ დაწესებულებაში შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს აუცილებელი, როდესაც პოლიციელს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების თაობაზე გაუჩნდება გონივრული ეჭვი, ხოლო, თუ სამართალდამცავებს მხოლოდ მძღოლის მიერ ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებაზე აქვთ ეჭვი, ალკოტესტში ჩაბერვაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, სრულიად საკმარისი იქნებოდა მისი საჭიდან ჩამოცილება და ასკ 116-ე მუხლის I ნაწილით („სიმთვრალეზე”) ადმინისტრაციული ოქმის გაფორმება. ლოგიკურია, რომ ამ დროს მძღოლს უფლება ექნება არ დაეთანხმოს სამართალდამცავთა პოზიციას და სპეციალიზირებულ საექსპერტო დაწესებულებაში გაიაროს სიმთვრალეზე შემოწმება. სრულიად ლოგიკურია, ისიც, რომ, თუ პოლიციელი სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდებად მძღოლის მიერ, გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზებით, „ალკოტესტში ჩაბერვაზე უარის თქმას (განცხადებას)” მიიჩნევს, მძღოლს, ყველა შემთხვევაში, უნდა გააჩნდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ნებით გაიაროს ალტერნატიული ექსპერტიზა სპეციალიზებულ საექსპერტო დაწესებულებაში და დოკუმენტურად დაამტკიცოს, რომ შემოწმებისთვის თავი არ აურიდებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, სავსებით შესაძლებელია, მოქალაქეთა კანონიერი უფლებების საზიანოდ (თანაც, თვითნებურად) იქნას გამოყენებული და ნებისმიერ მძღოლს, რომელიც ფხიზელიც იქნება და ალკოტესტშიც ჩაბერავს, მაგრამ პოლიციელს რამეზე შეეკამათება, შეიძლება „სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდებაზე” გაუფორმდეს ადმინისტრაციული ოქმი, რომლის გასაჩივრების და ბათილად ცნობის სამართლებრივი საშუალება არ იარსებებს (მითუმეტეს, როდესაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეებმა ჩემს მიერ დასახელებული მოწმეებიც კი არ დაკითხეს). აშკარაა ისიც, რომ ასკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მეტად ბუნდოვანია და კანონმდებლის მიერ გარკვეულ დაზუსტებასაც საჭიროებს („არაგანჭვრეტადია”), ვინაიდან თავად კოდექსში სიმთვრალეზე შემოწმების „კანონმდებლობით დადგენილი წესი” განმარტებული არ არის და მხოლოდ ბლანკეტური ნორმაა მითითებული. თავად შემოწმების პროცედურა კი, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაშია მოცემული (ცხადია, რიგით მოქალაქეებს მინისტრების ბრძანებების ცოდნას ვერ მოთხოვ!). ამდენად, აუცილებლობად მიმაჩნია, რომ ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშივე მკაფიოდ ეწეროს რა იგულისხმება „შემოწმებისთვის თავის არიდებაში” და თუ მხოლოდ „ალკოტესტში ჩაბერვაზე უარის თქმაზე” იქნება ლაპარაკი, იქვე უნდა იყოს მითითებული ალტერნატიული შემოწმების გავლის წესი. კერძოდ, თუნდაც ის პროცედურა, რომელიც მითითებულია შსს მინისტრის ბრძანებაში და ითვალისწინებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან ორი საათის განმავლობაში, სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობითი შემოწმების გავლის შესაძლებლობას. ასკ 117-ე მუხლის I ნაწილი, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს იმ მძღოლების უმკაცრესად
დასჯას, რომლებიც, სავარაუდოდ, ნასვამები არიან და ყოველგვარ შემოწმებას არიდებენ თავს. ამასთან, სავსებით ლოგიკურია, რომ არ შეიძლება ასკ 117-ე მუხლის I ნაწილი იმ პირებზე გავრცელდეს, რომლებიც შემოწმებას არა ე.წ. „ალკოტესტით”, არამედ კანონმდებლობითვე გათვალისწინებული რომელიმე სხვა პროცედურის დაცვით, მითუმეტეს, ნებაყოფლობით გაივლიან, მაგრამ პოლიციელის თვითნებობას, ან თუნდაც კანონიერ მოქმედებას, კანონით დაშვებული ფორმითვე გააპროტესტებენ (თუნდაც, მხოლოდ სიტვიერად). მართლაც, აღნიშნული ნორმის გრამატიკული და ტელეოლოგიური (მიზნობრივი) განმარტებიდან გამომდინარე, აშკარა უნდა იყოს, რომ, თუ მოქალაქემ კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი პროცედურით, თანაც ნებაყოფლობით, გაიარა შემოწმება, ლოგიკურია, მასზე ვერ იტყვი, რომ „თავი აარიდა შემოწმებას” ხოლო, თუ სიმთვრალეში ეჭვმიტანილი მძღოლი შეეცდება შეეწინაღმდეგოს იძულებითი წესით საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანას, შეიძლება დამატებით დაუმორჩილებლობისთვისაც დაჯარიმდეს 400-500 ლარით, მაგრამ არ შეიძლება ნარკომანივით 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევით დაისაჯოს. მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც მოქალაქეს, სავსებით შესაძლებელია, საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდეს პოლიციელების ხელთ არსებული ხელსაწყოს გამართულობის თაობაზე ან, სრულიად გარკვეული, სხვადასხვა მიზეზების გამო, თქვას უარი „აბა, ერთი ჩაბერეს” პროცედურაზე (მითუმეტეს, თუ მანქანიდან გადმოსვლას არ შესთავაზებენ და „აპარატს” მგზავრების თანდასწრებითვე მანქანის სალონშივე მიუტანენ პირთან...), ან ამის გაკეთება ფიზიკურად ვერ შეძლოს (მაგ. მეტყველების უნარი დაკარგა, ჰაერის უკმარისობა, ასთმის შეტევა ან გულის ინფარქტი დაემართა...). დავუშვათ, რომ, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა მანქანის მართვას ჩამოაშორეს და სავარაუდო სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს, მძღოლმა, დადგენილი წესით, ნებაყოფლობით გაიარა ექსპერტიზა უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში, სადაც 30 ლარის საფასურად კვალიფიციურმა ექსპერტმა გერბიანი ბეჭდით დაუდასტურა, რომ შემოწმებაც გაიარა და, მაგ. უკანონოდ გაჩერების თაობაზე პროტესტის გამოთქმის ან ჯანმრთელობის დროებითი გაუარესების (ასთმის შეტევის ან მიკროინფაქტის) დროს, სრულიად ფხიზელი ყოფილა, ასეთ შემთხვევაში, მაინც, 3 წლით უნდა ჩამოვართვათ მძღოლის მოწმობა?! მიმაჩნია, რომ, იმ შემთხვევაშიც, თუ მძღოლი ნასვამია და ყოველგვარ შემოწმებას არიდებს თავს, ხოლო კანონმდებლობა სიმთვრალის ხარისხის დიფერენცირებას (შესაბამისად, განსხვავებულ სანქციებს) ჯერ-ჯერობით არ ითვალისწინებს და მთვრალი მძღოლების იძულებითი წესით შემოწმებას აუცილებლობად არ მიიჩნევს, გონივრული და სამართლიანი იქნებოდა მათ მიმართ სიმთვრალისთვის დადგენილი სახდელი (200-500 ლარიანი ჯარიმა) გამოგვეყენებინა. ანუ, იმავე პრინციპით გვემოქმედა, როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშულებების გამოყენების შემთხვევებში (ვისაც თავის არიდებება ამ მოხმარება დაუმტკიცდება 3 წლით ერთმევა მძღოლის მოწმობა). მართლაც, ფაქტია, რომ ასკ 116-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნარკოტიკით გაბრუებულ მძღოლს 3 წლით უნდა ჩამოერთვას მართვის უფლება და იძულებითი შემოწმებისთვის თავის არიდებისთვისაც, სრულიად ლოგიკურად, კანონით იგივე სანქცია არის გათვალისწინებული. ამდენად, გონივრული და სამართლიანი იქნებოდა მთვრალი მძღოლების მიმართაც იგივე პრინციპი გამოგვეყენებინა. ყველა შემთხვევაში, სრული უგუნურობაა საქართველოში, სადაც სპეციალიზებულ საექსპერტო დაწესებულებაში სიმთვრალეზე იძულებით შემოწმებას კანონი აღარ ითვალისწინებს (ადრე, ეჭვმიტანილი მძღოლი პოლიციას იძულებით მიჰყავდა შესამოწმებლად), ერთი და იგივე სანქცია (3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა) დავუწესოთ მათ ვინც „ალკოტესტში არ ჩაბერავს” და მათ ვინც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დასადგენად იძულებით შემოწმებას შეეწინაღმდეგება. მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც კანონმდებელმა ნებისმიერი ხარისხის სიმთვრალისთვის მხოლოდ 200 ლარიანი ჯარიმა დააწესა (ჩემი ნება რომ იყოს, იმ მძღოლებს, ვის სისხლშიც ალკოჰოლის შემცველობა ნორმას 2-ჯერ აღემატება არანაკლებ 2 წლით გავუშვებდი „გამოსასწორებლად”...), ხოლო ნარკოტიკის მოხმარებისთვის, სამართალდამცავებმა მძღოლი ციხეში თუ არ გაუშვეს, საჭეს 3 წლით ყველა შემთხვევაში ჩამოაცილებენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ ოქმში „თავის არიდებაზე" არაფერია ნათქვამი და საქმეში სიმთვრალეზე შემოწმების გავლის თაობაზე ოფიციალური საექსპერტო დაწესებულების დასკვნაც დევს, აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა მაინც დადგენილად მიიჩნია და, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უმძიმესი და დისკრიმინაციული სანქციის გამოყენებაც დასაშვებად მიიჩნია (სრულიად ფხიზელ და კანონმორჩილ მოქალაქეს 3 წლით ჩამოართვა მძღოლის მოწმობა...), ეს გარემოება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ დღევანდელი ინტერპრეტაციით აღნიშნული ნორმა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მას აუცილებლად ჭირდება შინაარსის დაზუსტება ან/და ფორმულირების კორექტირება. ფაქტია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მოსამართლეები არასწორად განმარტავენ კანონს (სამწუხაროდ, იგივე ხდება, ისეთ მნიშვნელოვან ტერმინებთან დაკავშირებითაც, როგორებიც არის „ძალაში შესვლა”, „ამოქმედება”, „თავის არიდება, „უარის თქმა”, „სდექ ხაზი”, „შუქნიშნის გამორთული სექცია” და სხვა, რაც ცალკე მსჯელობის თემაა). დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც იციან (მითუმეტეს, სამართლის დოქტორებმა), რომ სამართლის ნორმების განმარტება გრამატიკული, ისტორიული, სისტემური და ტელეოლოგიური (მიზნობრივი) მეთოდების გამოყენებით ხდება. ამასთან, სადაო საკითხის გონივრული გადაწყვეტა, ე.წ. ზოგად უნარებთან (ელემენტარულ ლოგიკასთან) ერთად, მართლაც სერიოზულ განსჯა-გააზრებასა და პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. მითუმეტეს, თუ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას მართლა ვაპირებთ და ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობასაც უპირობოთ ვაღიარებთ (აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მოძიება, თსუ-ს ყოფილი რექტორის, პროფესორ გია ხუბუას მიერ გერმანულიდან უხეიროდ გადმოქართულებულ, 2004 წელს გამოცემულ „სამართლის თეორიაშიც” არის შესაძლებელი). ფაქტია, კოდექსები მაღაზიებში იყიდება. აქედან გამომდინარე, კანონი ბავშვმაც კი შეიძლება გადაიკითხოს და რომელიმე სამართლის ნორმა სათავისოდაც გაიგოს, მაგრამ პროფესიონალი იურისტი ვალდებულია სამართლის ნორმები და იურიდიული ტერმინები (მაგ. „სდექ ხაზი”, „უარის თქმა”, „თავის არიდება”, „ძალაში შესვლა”, „მოქმედების შეჩერება”, „აღსრულება”, „მართვის უფლება”, „გადასახადი”, „საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადა” და სხვა) ზემოთ ნახსენები სამართლის მეთოდების (ხერხების) მეშვეობით სამართლიანად (ლოგიკურად, გონივრულად და კანონის სათანადო ნორმების საფუძველზე) განმარტოს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სამართლის ნორმის „განჭვრეტადობას” (ანუ, ფაქტობრივად, სამართლის ნორმის არსის მოქალაქისთვის გასაგები ენით განმარტებას და მის სათანადოდ გათვიცნობიერებას დასჯადი ქმედებების თაობაზე), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებს ავალებს სადაო საკითხზე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება და უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკმარისად დაასაბუთონ. ამდენად, დაუშვებელია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების (სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია) წარმომადგენლები, თვითნებობის გასამართლებლად, ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე სამართლის ნორმაზე ისე უთითებენ, შინაარსის გაცნობიერებას და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთებას საჭიროდ არ მიიჩნევენ (დანართები 19 და 20). ფაქტია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას", ჩემს საჩივართან დაკავშირებით შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ გამიგრძელეს უკანონოდ ჩამორთმეული მოწმობის სანაცვლოდ გაცემული დროებითი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა. ამასთან, საპატრულო პოლიცია და სასამართლო შეეცადენ ჩემს მიმართ უფლებამოსილების გადამეტებით და უკანონოდ სანქციის გამოყენების ფაქტი ასკ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ხან „ა”, ხან „ბ” და ხან „ვ” ქვეპუნქტებით გაემართლებინათ... ანუ, ფაქტობრივად, ვერ გაერკვენ ჩემს მიმართ განხორციელებული თვითნებობის სამართლებრივ საფუძვლებში, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული ნორმა შეხებაში არ არის ჩემს საქმესთან და შესაბამის კოდექსებში ცალკე თავები აქვთ დათმობილი (მათ შორის, აღსრულებასაც). ამასთან, მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, სასამართლოს მიერ, ფაქტობრივად არ გაცემულა პასუხი კითხვაზე: თუ რომელი კანონის (სამართლის ნორმის) საფუძველზე „აღსრულდა” სადაო აქტი. ბოლოს, სააპელაციოსა და „უზენაესში” თითქოს „ვ” ქვეპუნქტზე „შეთანხმდნენ”, მაგრამ, მხედველობიდან გამორჩათ, რომ აღსრულების საკითხებს კოდექსში ცალკე თავი აქვს დათმობილი და სრულიად სხვა შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული. ამასთანავე, როგორც ჩანს, მოსამართლეები, გარდა იმისა, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებენ ტერმინებს „უარი განაცხადა” (აზრის გამოხატვას) და „თავი აარიდა" (ქმედებას), საპატრულო პოლიციის იურისტების მიერ „გადასხვაფერებულ" (ეს სიტყვა ილია ჭავჭავაძის „ცხოვრება და კანონშია” გამოყენებული) სრულიად არაგონივრულ და მცდარ დებულებებს ეყრდნობიან და მათ, სასამართლოს გადაწყვეტილებში, ყოველგვარი შეფასება-ანალიზის (გააზრების) გარეშე იმეორებენ. მაგ. თუ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების პირველ გვერდზე აღნიშნულია, რომ თურმე, „მოსარჩელე ადასტურებს იმ გარემოებას რომ მან უარი განაცხადა ან თავი აარიდა სიმთვრალეზე შემოწმებას. თავისთავად ეს დარღვევა უკვე წარმოადგენს სამართალდრღვევას"... (რა დავადასტურე, „უარის თქმა", თუ „თავის არიდება?!..), სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილების 7.7 პუნქტიდან (რაც, თავის მხრივ, შსს-ს გადაწყვეტილებიდან არის გადმოწერილი) საკუთარი განჩინების სამოტივაციო ნაწილში უცვლელად გადმოიტანა აბსურდული დებულება იმის თაობაზე, რომ თურმე „ის გარემოება, რომ კახნიაშვილმა გაიარა შემოწმება საექსპერტო დაწესებულებაში და არ დაუდგინდა სიმთვრალე, ვერ იქნება სადაო ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სამართალდარღვევას წარმოადგენს არა სიმთვრალის ფაქტის დადგენა, არამედ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება" (მე-13 გვერდის მე-3 აბზაცი) ანუ, შსს-ს და მოსამართლეების განმარტებების გონივრულად მიჩნევის შემთხვევაში გამოდის, რომ, თურმე ის გარემოება, რომ „შემოწმება გავიარე", არ მანთავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რადგან „შემოწმებისთის თავის არიდება" ყოფილა დასჯადი. ფაქტია, რომ კანონის მეტად „სპეციფიკურ" განმარტებასთან („მძიმე შემთხვევასთან") გვაქვს საქმე. არადა, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებზე, ე.წ. ზოგად უნარებშიც რომ ბარდებოდეს გამოცდები, დარწმუნებული ვარ, მოსამართლეებს ზემოაღნიშნული ფორმულირებიდან არ გაუჭირდებოდათ იმის დადგენა, რომ, ვინაიდან შემოწმების შედეგად მძღოლი სრულიად ფხიზელი აღმოჩნდა, სიმთვრალეზე შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუვლია, ანუ, შემოწმებისთვის თავი არ აურიდებია... ვინაიდან, მიუხედავად ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმების გავლის თაობაზე საექსპერტო დაწესებულების ოფიციალური დასკვნის დროულად წარდგენისა პოლიციელებმა მაინც „თავის ამრიდებლად” ჩამთვალეს და 3 წლით ჩამომართვეს მართვის მოწმობა, ბუნებრივია, დარღვეული უფლების აღსადგენად ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებს, შემდეგ კი სასამართლოს მივმართე,. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას", სრულიად ლოგიკურია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციული სასჯელი არ შეიძლებოდა დამკისრებოდა. ამდენად, საერთოდ გაუგებარი და სრულიად მიუღებელია, როდესაც სასამართლო, განსახილველად შესული სარჩელის მიუხედავად, არ აღკვეთს პოლიციის თვითნებობას და არ აჩერებს კანონის იგნორირებით თვითნებურად ამოქმედებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მძღოლისთვის მართვის უფლების ჩამორთმების თაობაზე, რითაც, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ადმინისტრაციულ ორგანოს ადამიანის ულებების აშკარა ხელყოფაში. ის, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი ბუნდოვანია და ადმინისტრაციული ორგანოების არასწორი ინტერპრეტაციისა და შეფარდების შედეგად, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (არაგანჭვრეტადია, ხელყოფს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციას) დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებითაც: ა) აშკარაა, რომ ასკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მეტად ბუნდოვანია და გარკვეულ დაზუსტებასაც საჭიროებს. თავად კოდექსში სიმთვრალეზე შემოწმების „კანონმდებლობით დადგენილი წესი” განმარტებული არ არის და მხოლოდ ბლანკეტური ნორმაა მითითებული, ხოლო აღნიშნული პროცედურა შსს და ჯანდაცვის მინისტრების №768-161 ერთობლივ ბრანებაშია მოცემული. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოქალაქე ვალდებულია იცოდეს კანონი, მაგრამ არავინ ავალდებულებს იცნობდეს მინისტრების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს. ამდენად, პოლიციელი ვალდებული იყო, ოქმის შედგენამდე, ეცნობებია ჩემთვის, რომ ალკოტესტში ჩაბერვაზე უარის თქმა „თავის არიდებას” ნიშნავდა და 3 წლით მძღოლის მოწმობის ჩამორთმევით ისჯებოდა. ასკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გრამატიკული და ტელეოლოგიური (მიზნობრივი) განმარტებიდან გამომდინარე კი, აშკარა უნდა იყოს, რომ, თუ მოქალაქემ კანონმდებლობით დადგენილი ნებისმიერი პროცედურით, თანაც ნებაყოფლობით გაიარაAსიმთვრალეზე შემოწმება, ლოგიკურია, მასზე ვერ იტყვი „თავი აარიდაო” ხოლო, თუ უარს განაცხადებს იძულებითი წესით საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანაზე, შეიძლება, დამატებით, დაუმორჩილებლობისთვისაც დააჯარიმო, მაგრამ, აბსურდულია სრულიად ფხიზელი მძღოლი 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევით დასაჯო მითუმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც კანონმდებელს ჯერ კიდევ მკაფიოდ ვერ დაუდგენია რას ნიშნავს სიმთვრალე (განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან, შსს მინისტრი ადგენს რამდენი შეიძლება დალიო საჭესთან...) და მოქალაქეს, სავსებით შესაძლებელია, საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდეს პოლიციელების ხელთ არსებული, ფრიად საეჭვო წარმომავლობის ხელსაწყოებისადმი ან, სრულიად გარკვეული, სხვადასხვა მიზეზების გამო თქვას უარი „აბა, ერთი ჩაბერეს” მეტად შეურაცხმყოფელ პროცედურაზე (მითუმეტეს, როდესაც „აპარატს” მგზავრების თანდასწრებით შემოყოფენ მანქანის ფანჯარაში...). დავუშვათ, პოლიციელს, მართლაც „გაურკვეველი მიზეზებით” უარი ვუთხარი „ჩაბერვაზე” (მაგ. გულის მწვავე შეტევის გამო). მას მერე კი, რაც მანქანაც ჩამომართვეს და შუაღამეს მარტო დამტოვეს ქუჩაში, გონს მოვეგე და კანონით დადგენილი წესით გავიარე ექსპერტიზა უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში, სადაც 30 ლარის საფასურად, კვალიფიციურმა ექსპერტმა გერბიანი ბეჭდით დაადასტურა, რომ შემოწმებაც გავიარე და „ჯანმრთელობის დროებითი გაუარესების” დროს სრულიად ფხიზელი ვყოფილვარ, მაინც, 3 წელი უნდა ჩამომაშორონ მანქანის მართვას?! აღნიშნული ნორმა, როგორც ჩანს, გათვლილია იმ მძღოლებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ნასვამები არიან და ყოველგვარ შემოწმებაზე ამბობენ უარს (თუმცა, სანქცია ნამდვილად არაგონივრულია. ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა სიმთვრალისთვის დადგენილი სახდელი გამოგვეყენებინა და, თუ გვერდზე მყოფ ფხიზელ მძღოლს ვერ გადავცემდით, შეიძლებოდა მანქანაც ჩამოგვერთვა). ბ) ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დასჯადია „სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდება”, ხოლო პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითარში ჩაწერილია, რომ, თითქოს „გაურკვეველი მიზეზებით უარი განვაცხადე სიმთვრალეზე შემოწმებაზე” და არც სანქციაა მითითებული (დანართი 4). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი მხოლოდ იმ მძღოლს მიიჩნევს დასჯის ღირსად, ვინც მოქმედებით „თავს არიდებს” შემოწმებას, ადმინისტრაციული ორგანოების ინტერპრეტაციით აღნიშნული ნორმა აზრის გამოხატვისთვისაც (მაგ. სიტყვიერი პროტესტისთვის: „გაურკვეველი მიზეზით უარი თქვა (განაცხადა) შემოწმებაზე”) ითვალისწინებს სანქციას. ცხადია, რომ ალკოჰოლურ სიმთვრალეზე „შემოწმებისთვის თავის არიდება” ქმედებაა, რაც არ ჩამიდენია, ვინაიდან შემოწმება სპეციალიზებულ საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით და საკუთარი ხარჯით გავიარე. ფაქტია, Aარც სიტყვით მითქვამს უარი ალკოტესტით შემოწმებაზე, უბრალოდ, პოლიციელს კანონმდებლობის (შსს მინისტრის №3110 ბრძანებით დამტკიცებული პატრულირების წესების) შესაბამისად მოქმედებისკენ მოვუწოდე და, განვუმარტე, რომ ალკოტესტში მას შემდეგ ჩავბერავდი, რაც გაჩერების მიზეზის თაობაზე მოვისმენდი განმარტებას, რასაც ადასტურებენ მოწმეებიც. ამასთან, მხოლოდ ოქმის გაცნობის შემდეგ შევიტყვე, რომ, თურმე „არასწორი მანევრირებით” ვმოძრაობდი..., რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ პოლიციელებმა სასამართლოს შეგნებულად არ წარმოუდგინეს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მოძრაობის წესები არ დამირღვევია და პოლიციელებმა სრულიად უსაფუძვლოდ გამაჩერეს. ამასთან, საერთოდ გაუგებარია, როდესაც ვიდეოკამერა ხან არ მუშაობს, ხან, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარის განხილვა მიმდინარეობს პოლიციას ძირითადი მტკიცებულება (შემთხვევის ვიდეოჩანაწერი) წაუშლია... (დანართები 21 და 22). გ) ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ბრალეული ქმედებაა (ასკ, მუხლი 10), არ შეიძლება ადამიანს პასუხისმგებლობა დააკისრო „გაურკვეველი მიზეზით” ჩადენილი ქმდებისთვის. ანუ, თუ მაგ. მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები უხეშად დაარღია (თუნდაც, „ტროტუარზე” ამოვარდა და ფეხით მოსიარულე იმსხვერპლა), თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ საჭესთან „ინფარქტი” დამართნია, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვექნება და არა დანაშაულთან. ამდენად, პოლიციელი ვალდებულია, ოქმის შედგენამდეც „გაერკვეს მიზეზებში”, ხოლო თუ ეს შემთხვევის ადგილზე ვერ მოხერხა, როდესაც სხვა გაარკვევს, ხომ უნდა გაითვალისწინოს რამ განაპირობა მომხდარი?! მითუმეტეს, ჩემს შემთხვევაში, არანაირ „გაურკვეველ მიზეზებზე” არ არის ლაპარაკი, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორის მეწყვილემ (სოფიო გვრიტიშვილმა) ახსნა-განმარტებაში დაადასტურა, რომ „მძღოლი აპროტესტებდა მის გაჩერებას”. ანუ, აღიარა, რომ გაჩერების მიზეზის თაობაზე ვითხოვდი განმარტებას და პოლიციელის მიერ სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებობას ვაპროტესტებდი. დ) ფაქტია, რომ პოლიციელებს არაერთგზის განვუცხადე, რომ მზად ვიყავი არა მარტო ადგილზე გამევლო შემოწმება ალკოტესტის აპარატში „ჩაბერვის” გზით, არამედ სპეციალიზებულ დაწესებულებაშიც წავყოლოდი, მაგრამ, მანამდე მსურდა განემარტათ თუ რატომ გამაჩერეს და რატომ შეეპარათ ეჭვი ჩემს სიფხიზლეში. პოლიციის შესახებ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელს მხოლოდ „სამართალდარღევის შემთხვევაში აქვს უფლება გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება”, ხოლო შსს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებული „პატრულირების წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, პატრულ-პოლიციელი, მას შემდეგ რაც სავარაუდო სამართალდარღვევისთვის გაჩერებულ მძღოლს წარუდგება, ვალდებულია მას „განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი” (ფაქტობრივად, ისეთივე პროცედურაა, როგორც ეჭვმიტანილის დაკავებისას). ამასთან, იმავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-6 პრიმ პუნქტის თანახმად, ალკოტესტზე შესამოწმებლად პოლიციელს „საკმაო საფუძველი უნდა ჰქონდეს, რომ მძღოლი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია". აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრულ-ინსპექტორს, მხოლოდ „საკმაო საფუძვლების" არსებობის შემთხვევაში ჰქონდა ჩემი გაჩერების უფლება და, კანონმდებლობა ავალებდა ჩემთვის განემარტა გაჩერებისა და ალკოტესტზე შემოწმების საფუძველი, ხოლო მე, სრულიად კანონიერი უფლება მქონდა მეკითხა, თუ რაში მედებოდა ბრალი (ისევე, როგორც ეჭვმიტანილის დაკავებისას). შსს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანებით დამტკიცებული „პატრულირების წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, პატრულ-პოლიციელი, მას შემდეგ რაც სავარაუდო სამართალდარღვევისთვის გაჩერებულ მძღოლს წარუდგება, ვალდებულია მას „განუმარტოს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველი”. ამასთან, პოლიციის შესახებ კანონის მე-8 მუხლის ფ) ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი ვალდებული იყო, თუ „საკმაო საფუძველი ჰქონდა” ეჭვი შეეტანა ჩემს სიფხიზლეში, ჯერ მართვას უნდა ჩამოვეშორებინე და მერე შევემოწმებინე ალკოტესტზე, ხოლო ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, თუ „არსებობდა იმის საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ნასვამი” იყო, პოლიციელს მანქანის საალონიდან გადმოსვლის წინადადება უნდა მოეცა. ამასთან, ზემოაღნიშნული ინსტრუქციის თანახმად, როდესაც ერთი პოლიციელი გადმოდის მანქანიდან მისი მეწყვილე ავტომობილში რჩება. ამდენად, მოსამართლეებს კანონმდებლობაში რომ ჩაეხედათ დარწმუნდებოდნენ, რომ პოლიციელთა ჩვენებები (თითქოს, მანქანიდან ერთად „გადმოვიდნენ”, „წარმომიდგნენ”, „ამიხსნეს”, „განმიმარტეს”...) სინამდვილეს არ შეესაბამება. მოწმეების ჩვენებით (ორი ჩემი მგზავრი), რომლებიც ისმენდნენ ჩემს განმარტებებს დასტურდება, რომ ჩემთან მხოლოდ ერთი პოლიციელი მოვიდა, მანქანიდან გადმოსვლა არ მოუთხოვია და ყოველგვარი განმარტების გარეშე, მგზავრების თანდასწრებით, მომიშვირა ალკოტესტი და „ჩაბერვა” მომთხოვა (დანართი 23). აქედან გამომდინარე, ვინაიდან, პოლიციელს გაჩერების საფუძვლის (მიზეზის) თაობაზე განმარტება არ მოუცია, არც მანქანიდან გადმოსვლა მოუთხოვია და ოქმის შედგენამდე ავტომანქანის სალონში ვიჯექი, დასტურდება, რომ პოლიციელმა სრულიად უსაფუძვლოდ გამაჩერა და ალკოტესტით შემოწმებაც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ანუ უკანონოდ („საკმაო საფუძვლების” გარეშე) მომთხოვა. მიუხედავად პოლიციელების მცდელობისა ადგილზე გაუმართლებლად დავეყოვნებინე (პროცედურებს საათნახევარზე მეტი მოანდომეს...), 30 ლარიანი ქვითრის აღება და საექსპერტო დაწესებულებაში მისვლა კანონმდებლობით (შსს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით) დადგენილ 2 საათიან ვადაში მოვასწარი და პოლიციას წარვუდგინე ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების ოქმი №002371, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ შემოწმებისთვის თავი არ ამირიდებია (დანართი 3). ფაქტია, რომ მოქმედებითაც დავადასტურე, რომ კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და შემოწმებაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გავიარე ამდენად, ასკ 117.1 მუხლი არ დამირღვევია, ანუ შემოწმებისთვის თავი არ ამირიდებია. მოწმეც და მეორე პოლიციელიც ახსნა-განმარტებაში ადასტურებენ, რომ პროტესტი უკანონო გაჩერების თაობაზე გამოვთქვი და ალკოტესტში ჩაბერვას მხოლოდ გაჩერების მიზეზების თაობაზე განმარტების შემდეგ ვაპირებდი (დანართი 24). აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი იმდენად არაგანჭვრეტადია, რომ ადმინისტრაციული ორგანოები „სიმთვრალეზე შემოწმებად”, მხოლოდ უმარტივეს ხელსაწყოში („ალკოტესტში”) ჩაბერვას გულისხმობენ, ხოლო სახელმწიფოს მიერ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის ოფიციალურ დასკვნას არაფრად ადგებენ.
ე) 2009 წლის 5 სექტემბერს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 2009 წლის 9 სექტემბერს, კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში გავასაჩივრე, რითაც მისი მოქმედება შეჩერდა (სზაკ, მუხლი 184.1). ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას". საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით არ მიეკუთვნება არც „გადასასახადებს და მოსაკრებლებს”, არც საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ქმედებებს და არც იმ შემთხვევებს, როდესაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს აღსრულება (ანუ, იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც აღსრულება არ ჩერდება) და, რომელთა განხორციელების პროცედურებსაც ადმინისტრაციულ კოდექსებში ცალკე თავები აქვთ დათმობილი. ამდენად, მართვის უფლების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილება, თუ ის კანონმდებლობით დადგენილი წესით იქნება გასაჩივრებული, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონითვე, სადაოდ მიიჩნევა და სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში სავარაუდო სამართალდამრღვევ მძღოლს არ უნდა შეეზღუდოს მანქანის მართვის კანონით მინიჭებული უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ პოლიციას სასამართლოს აზრი არ აინტერესებს და მის გადაწყვეტილებას არ ელოდება. ლოგიკურად ისმის კითხვა: რა აზრი აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, სარჩელის შეტანას და სასამართლოში საქმის განხილვას, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება სადაო საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას, საკუთარ სტრუქტურაშივე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ აღასრულებს (იქნებ, „დამნაშავეებიც” ბრალდების წაყენებისთანავე დავსაჯოთ?!).
ვ) საქართველოს კონსტიტუციით „ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს” (მუხლი 44.1), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე და სანქციის ამოქმედებამდე, სრულიად ლოგიკურად, გათვალისწინებულია მძღოლისთვის, ოქმის შედგენისას ჩამორთმეული მართვის მოწმობის სანაცვლოდ, დადგენილი ნიმუშის მართვის დროებითი ნებართვის გადაცემა, რომლის მოქმედების ვადა უნდა გაგრძელდეს სამართალწარმოების დასრულებამდე. ამდენად, სრულიად გაუგებარია და უკანონო, როდესაც შსს-ს სისტემაში დავის განხილვის პერიოდში მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა მიგრძელდებოდა, ხოლო დავის სასამართლოში გადასვლის შემდეგ საპატრულო პოლიციამ უარი მითხრა დროებითი ნებართვის მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებაზე. ანუ, ფაქტობრივად, ხელყოფილ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ვალდებულება კანონმდებლობის განუხრელი დაცვის თაობაზე. ცხადია, თუ მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა სასამართლოსადმი მიმართვის მიუხედავად აღარ გამიგრძელეს და სახდელი „სისრულეში მოიყვანეს”, სასამართლოსადმი მიმართვასაც დაეკარგა აზრი. ან, სასამართლოს მიერ ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თითქმის 2 წლიანი სამართალწარმოების განმავლობაში (ჩემი პირველი სარჩელი შსს-ს მიმართ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იხილებოდა), ჩემი უფლების დარღვევის კომპენსაცია რა გზით მოხდებოდა?! ფაქტია, რომ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული სადაო აქტის თვითნებური აღსრულება მძღოლს არსებითი ზიანს აყენებს, ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში ვერ სარგებლობს კანონით მონიჭებული მართვის უფლებით, რითაც ხელი ეშლება პროფესიულ საქმიანობაში ან მიიღოს დამატებითი შემოსავლები. ამასთან, თუ გავითვალიწინებთ, რომ მართვის მოწმობის სანაცვლოდ 2009 წლის 6 სექტემბერს გაცემული მართვის დროებითი ნებართვის ვადა 2010 წლის 7 იანვრიდან აღარ გამიგრძელეს და არარსებული (სავარაუდო) დარღვევისთვის „სახდელ-სასჯელის” ნახევარი ჩემი სარჩელის თაობაზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მოვიხადე, გამოდის, რომ სასამართლოს მიერ 117.1 მუხლის გამოყენების პრაქტიკის მართებულად მიჩნევის პირობებში, სასამართლოს მიერ ჩემი „გამართლების” შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა ჩემი კანონიერი უფლებისა დ ინტერესის დაცვა, ვინაიდან დროს უკან დაბრუნება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება და ხელყოფილი უფლების კომპენსაცია შეუძლებელი გახდებოდა. ლოგიკურია, ჯარიმასთან დაკავშირებით, სრულიად სხვა ვითარებაა, ვინაიდან გამართლების შემთხვევაში, უკანონოდ გადახდილი თანხა მძღოლს უკან უბრუნდება (ამ შემთხვევაში, მართვის უფლების ჩამორთმევა არ ხდება). აქედან გამომდინარე, თუ სასამართლოში საქმის განხილვის შედეგის მიუხედავად, მართვის უფლება უკვე 2010 წლის 7 იანვრიდან მაქვს ჩამორთმეული, გაუგებარი ხდება, მართლმსაჯულების ფუნქცია რაში მდგომარეობს და ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, რა გზით მოხდებოდა დარღვეული უფლების კომპენსაცია. ვინაიდან, შსს-ს სისტემაში ჩემი საჩივრების განხილვის განმავლობაში მართვის უფლება მქონდა, ხოლო ადმინიტრაციული სამრთალწარმოების დასრულების მომენტიდან მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა აღარ გამიგრძელდა, გამოდის, რომ, ფაქტობრივად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე შსს-მ დამაკისრა „სახდელ-სასჯელი” და საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადქწყვეტილების გამოტანის მომენტში „3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევის” ნახევარი ვადა უკვე გასული იყო (ალბათ, აზრის გამოხატვისთვის - პროტესტის გამოთქმისთვის და სასამართლოსადმი მიმართვისთვის...). გამოდის, რომ სარჩელის წერაზე დრო ფუჭად დავკარგე და სახელმწიფო ბაჟი ტყუილად გადავიხადე, ვინაიდან შსს-ს სასამართლოს აზრი არ აინტერესებს. როგორ შეიძლება სამართლიანად და გონივრულად ჩაითვალოს, როდესაც მოქალაქეს ხელში „შემოწმების გავლის თაობაზე” ექსპერტის დასკვნა უჭირავს, სახელმწიფო ბაჟიც გადახდილი აქვს და სასამართლოში მისი სარჩელის განხილვაც მიმდინარეობს და, იმის მიუხედავადაც, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, „შემოწმებისთვის თავის არიდებაა” დასჯადი, პოლიციელის მიერ შედგენილი „საჯარიმო ქვითრის” საფუძველზე, რომლითაც „გაურკვეველი მიზეზებით უარის თქმა შემოწმებაზე” ედება ბრალად, მის მიმართ, უკვე არის „მართლმსაჯულება აღსრულებული” . ამდენად, თუ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების და შეფარდების სადღეისოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას მართებულად მივიჩნევთ, საქართველოში უფრო „მომგებიანი” გამოდის, კანონები არ იცოდე, მათი დაცვაც და დამცველებიც ფეხებზე გეკიდოს... ანუ, იმ ღამეს „გატიალებული” რომ ვმჯდარიყავი საჭესთან, ქართველი სამართალდამცავები არც მანქანას ჩამომართმევდნენ (გვერდზე მყოფს გადასცემდნენ ხელწერილით...) და მხოლოდ 150 ლარიან ჯარიმას მაკმარებდნენ... ე.ი. კანონი თუ ვიცი, და ვიცავ კიდეც, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო?! ფაქტია, რომ უკვე 2010 წლის 7 იანვრიდან აღარ მიგრძელდებოდა დროებითი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა (ანუ, ფაქტობრივად, სადაო და სასამართლოში გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი, მავანი თანამდებობის პირის მიერ, უფლებამოსილების გადამეტებით იქნა აღსრულებული...) და ჩემი კანონიერი უფლების დარღვევა უზენაესი სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე გაგრძელდა. სადაო აქტის „კანონიერების” თაობაზე ზემოთ უკვე აღვნიშნე, ხოლო რაც შეეხება მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადის გაუგრძელებლობით მიყენებულ პირდაპირ და უშუალო ზიანს, დამატებით გაცნობებთ, რომ გარდა იმისა, რომ ავტომობილი, ფაქტობრივად, ჩემი ძირითადი საარსებო საშუალებაა (თსუ-დან დათხოვნის შემდეგ, ავტომობილების გაყიდვითაც ვარჩენ ოჯახს), ანტიკვარული მანქანების კოლექციონერი გახლავართ და ჩემი ხელით რესტავრებული ავტომობილებით სისტემატურად ვმონაწილეობ გამოფენებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებში (დანართი 25). შედეგად, მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადის გაუგრძელებლობით, ფაქტობრივად, მესპობა საშუალება ვარჩინო ოჯახი და დაკავებული ვიყო იმ საქმიანობით (იმედი მაქვს, რომ „საზოგადოებრივად სასარგებლო”), რასაც მივსდევ 35 წლის განმავლობაში. ჩემს შესახებ ბეჭდურ მედიაშიც არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა და ტელევიზიითაც მომზადდა გადაცემები. ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეშიც არის განთავსებული (მაგ. „იუ თუბიზე” შეგიძლიათ ქართულად აკრიფოთ „ანტიკვარული მერსედესი”, ხოლო „მაი ვიდეოზე” ნახოთ „რეტრომობილები თბილისში”). აქედან გამომდინარე, ცხადი უნდა იყოს, რომ მართვის უფლების გარეშე ჩემი დატოვება არა მარტო მატერიალურ, არამედ არსებით მორალურ ზიანსაც მაყენებს. ამასთან, „საზოგადოებრივი ინტერესიც” ზარალდება, ვინაიდან აღარ ეძლევა საშუალება ჩემი საკოლექციო ავტომობილები ყოველწლიურ გამოფენებზე, მუსიკალურ ვიდეორგოლებსა და კინოფილმებში იხილოს (მაგ. ჩემი ავტომობილები გადაღებულია ოთარ იოსელიანისა და ლევან თუთბერიძის ფილმებში, აგრეთვე პოპულარულ კლიპში აფხაზეთში დაბრუნებაზე). მიმაჩნია, რომ სამართლიანი და გონივრულიც იქნებოდა საპატრულო პოლიციას ეხელმძღვანელა კანონმდებლობით (კონსტიტუციით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით) და, ჩემი ადმინისტრაციული სარჩელის სასამართლოს მიერ მიღების იურიდიული ფაქტის საფუძველზე (რომელმაც შეაჩერა გასაჩივრებული აქტის მოქმედება), სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაეგრძელებინა მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა. ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, რომ, როდესაც ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით შსს (პოლიცია) სავარაუდო სამართალდამრღვევებს, სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში უარს ეუბნება მართვის დროებითი მოწმობის გაცემაზე ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელებაზე (ფაქტობრივად, თვითნებურად აღასრულებს სასჯელს), ამით, ხელყოფს არამარტო კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობის შესახებ, არამედ აგრეთვე ხელყოფს საქრთველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ ადამიანის უფლებასა და გარანტიას საკუთარი ქონებით (ავტომობილით) სარგებლობით მიიღოს დამატებითი შემოსავლები (თუნდაც, მორალური სიამოვნება ანტიკვარული ავტომობილით სეირნობით), რაც ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ზ) საქართველოში, ისევე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში, ჯერ-ჯერობით, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას", ასკ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ გამონაკლისებს ჩემს საქმესთან კავშირი არ აქვთ და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ შეიძლებოდა ჩემს მიმართ სანქცია გამოყენებულიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიციისა და სასამართლოს პოზიციას მართებულადად მივიჩნევთ (ანუ, თუ ზემოქმედების ზომის გამოყენება დაკავშირებულია გადასახადებთან, აღსრულების გადადება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან სანქცია „აღსრულებულია”...) ასკ 29-ე მუხლის მე- 3 ნაწილი აძლევს უფლებას სასამართლოს შეაჩეროს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, „თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი კანონიერების თაობაზე, ან თუ აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლებების ან ინტერესების დაცვას”. ჩემს შემთხვევაში, სამივე პირობა სახეზე იყო, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობები და სრულიად დაუსაბუთებლად უარი მითხრა მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე იმ ვადით, რაც დასჭირდებოდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. ის, რაც სასამართლოში მოხდა, ნამდვილად შორს არის სამართლისგან (სამართლიანობისგანაც) და, საერთოდ, ძნელია „მართლმსაჯულების განხორციელებად” იწოდებოდეს. ან, რომელ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, სამართლიანობასა და კანონიერებაზე, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაზეა ლაპარაკი, როდესაც სახელმწიფო სასამართლოში საქმის განხილვისთვის ბაჟს მახდევინებს, მაგრამ მოსამართლეები სარჩელს არც კი კითხულობენ , ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეფარდებული ზემოქმედების ზომა ისე მოჰყავთ სისრულეში, რომ სამართალწარმოების დასრულებასაც არ ელოდებიან... ფაქტია, რომ უკანონოდ შედგენილი ოქმი და პოლიციელის არამართლზომიერი ქმედებები კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრე, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოში დავის დასრულების შემდეგ, სადაო საკითხში გასარკვევად სასამართლოს მივმართე. აქედან გამომდინარე, თუ სასამართლოში საქმის განხილვის შედეგის მიუხედავად, მართვის უფლება ადმინიტრაციული ორგანოს გადაწვეტილების საფუძველზე ჩამომერთვა და მართვის დროებითი ნებართვის ვადა სამართალწარმოების ვადით აღარ გამიგრძელდა, მართლმსაჯულების ფუნქცია რაში მდგომარეობს და ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, რა გზით მოხდებოდა დარღვეული უფლების კომპენსაცია?! ამდენად, ასკ 117.1 მუხლის პირველი ნაწილის დღევანდელი ინტერპრეტაციით გამოდის, რომ, ფაქტობრივად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე დამეკისრა სასჯელი (თანაც, აზრის გამოხატვისთვის, სიტყვიერად პროტესტის გამოთქმისთვის) და პოლიციელის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისთანავე 3 წლით ჩამომერთვა მძღოლის მოწმობა... შეიძლება, პოლიციაში საქმის განხილვის პერიოდში, მძღოლს მართვის უფლება დავუტოვოთ, ხოლო სასამართლოს მიერ სადაო საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანას აღარ დაველოდოთ და სავარაუდო სამართალდამრღვევს სანქციები დავაკისროთ?! საინტერესოა, წელიწადნახევრიანი სამართალწარმოების შემდეგ, სასამართლოს მიერ ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ გახდებოდა შესაძლებელი ჩემი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა?! აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის თანხმად, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ვადა ერთ თვეს შეადგენს, ხოლო 184-ე მუხლის თანახმად, ჩემი საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, სადაო ადმინისტრაციული აქტების მოქმედება უნდა შეჩერებულიყო. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2010 წლის 8 იანვრისთვის შსს-ში საჩივრის შემტანიდან ერთ თვეზე მეტი ნამდვილად იყო გასული (ანუ, ზაკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილი ვადაც დაირღვა), ხოლო გადაწყვეტილება, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ხელზე არ მქონდა მიღებული, ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი ვადების დარღვევას, რამაც არსებითად ხელყო ჩემი უფლებები და კანონით დაცული ინტერესები, ვინაიდან მართვის უფლებას სანაცვლოდ გაცემულ დროებითი მოწმობის მოქმედების ვადა, 2010 წლის 7 იანვრის მერე, იმ ვითარებაში აღარ გამიგრძელეს, როდესაც სანქციის დამდგენი ადმინისტრაციული აქტი ჯერ არ იყო ამოქმედებული (ფაქტობრივად, „განაჩენი” სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე აღსრულდა..) თ) მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას" შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღარ გამიგრძელეს უკანონოდ ჩამორთმეული მოწმობის სანაცვლოდ გაცემული დროებითი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოები უარს, ასკ 29-ე მუხლის II ნაწილის ხან „ა”, ხან „ბ” და ხან „ე” ქვეპუნქტებით მეუბნებოდნენ... ანუ, თავადაც ვერ გაერკვენ ჩემს მიმართ განხორციელებული თვითნებობის სამართლებრივ საფუძვლებში. მითუმეტეს, რომ არცერთი ზემოაღნიშნული ნორმა შეხებაში არ არის ჩემს საქმესთან და შესაბამის კოდექსებში ცალკე თავები აქვთ დათმობილი (მათ შორის, აღსრულებასაც). ამასთან, მიუხედავად არაერთგზის მიმართვისა, სასამართლოს მიერ, ფაქტობრივად არ გაცემულა პასუხი კითხვაზე: თუ რომელი კანონის (სამართლის ნორმის) საფუძველზე „აღსრულდა” სადაო აქტი. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია და სასამართლო შეეცადა ჩემს მიმართ უფლებამოსილების გადამეტებით და უკანონოდ სანქციის გამოყენების ფაქტი ასკ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის ხან „ა”, ხან „ბ” და ხან „ვ” ქვეპუნქტებით გაემართლებინათ... (არადა, არცერთი ზემოაღნიშნული ნორმა შეხებაში არ არის ჩემს შემთხვევასთან). ბოლოს, თითქოს „ვ” ქვეპუნქტზე „შეთანხმდნენ”, მაგრამ, მხედველობიდან გამორჩათ, რომ აღსრულების საკითხებს კოდექსში ცალკე თავი აქვს დათმობილი. ყველა შემთხვევაში, ჩემი ქმედება არამართლზომიერიც რომ ყოფილიყო, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე და ბრალეულობის დადგენამდე, ყოვლად დაუშვებელია ჩემს მიმართ სანქციის გამოყენება (სახდელის შეფარდება), ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის I ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას". მართალია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებს, მაგრამ სამართლის ნორმათა განმარტების კლასიკური ხერხების (გრამატიკული, მიზნობრივი, სისტემური, ისტორიული) გამოყენება და ელემენტარული ლოგიკა („ზოგადი უნარები”) საკმარისი უნდა იყოს იმის დასადგენად, რომ მართვის უფლების ჩამორთმევას არცერთი ეხება... ფაქტია, მას შემდეგ რაც ჩემი სარჩელის მიღება სასამართლომ არარსებული „ხარვეზების” გამო გააჭიანურა და, ფაქტობრივად, ყველა მოთხოვნასა და შუამდგომლობაზე უარი მათქმევინა, ხოლო ერთგვერდიან განჩინებაში უცხო პირის სახელი აღმოვაჩინე და აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც, მორიგ სხდომაზე, სრულიად უსამართლო და ულოგიკო შენიშვნაც დავიმსახურე, დავრწმუნდი, რომ ჩემს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს მოსამართლეები არ ეცნობოდნენ (და არც საკუთარ შედგენილს... იხ. დანართი 12, გვ.12, პირველი აბზაცი. ფაქტია, რომ შემოწმებისთვის „თავის არიდების” საკითხის გარკვევისას, მოსამართლე მანანა ჩოხელი, რატომღაც „საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შუქნიშნის სიგნალებზე” იწყებს მსჯელობას... არადა, მანამდე, ჩემ საქმეზე მიღებულ განჩინებაში, მოსამართლე ნინო ონიანი ვინმე „ქეთი ლოიდს” ავალებს ბაჟის გადახდას... მართლაც, „მძიმე შემთხვევაა”..) და მოპასუხეებისადმი აშკარად მიკერძოებულად მოქმედებდნენ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას", ასკ 29-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილ გამონაკლისებს ჩემს საქმესთან კავშირი არ აქვთ და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ შეიძლებოდა ჩემს მიმართ სანქცია გამოყენებულიყო. მოკლედ, გამოდის, რომ ასკ 117 მუხლის პირველი ნაწილის სადღეისო განმარტებით პოლიციას სასამართლო ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილება არ აინტერესებს და, შეუძლია, ბრალდებულები ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულებისთანავე უმკაცრესად დასაჯოს (არადა, „სტაჟიანი” ან პროფესიონალი მძღოლებისთვის, სამი წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევა ფაქტობრივად, „დახვრეტაა”). ამასთან, საერთოდ გაუგებარი და სრულიად მიუღებელია, როდესაც, სასამართლომ არ აღკვეთა აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა მავანთა მიერ კანონის იგნორირებით ამოქმედებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რითაც, ფაქტობრივად, ხელი შუწყო სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთ წარმომადგენელს ჩემს მიმართ განხორციელებულ დევნაში მათი საქმიანობის მიმართ საჯაროდ გამოთქმული კრიტიკისთვის, ფაქტობრივად, აზრის გამოხატვისთვის (შეგახსენებთ, რომ ჩემი სარჩელები ეხება შსს-ს მიერ განხორცილებული არამართლზომიერი, მათ შორის, კონსტიტუციის ხელმყოფი, ქმედებების აღკვეთას და სწორედ საკასაციო საჩივრის შეტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, სრულიად ფხიზელს, ჩამომართვეს მანქანაც და მძღოლის მოწმობაც). საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, გამოდის, რომ, თუ პირმა დაკავებისას სიტყვიერად გამოთქვა პროტესტი, მაგრამ პოლიციელებს განყოფილებაში წაყვა, წინააღმდეგობის გაწევისთვის უნდა აგოს პასუხი ამასთან, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს სასამართლოში პოლიციელთა ქმედების გასაჩივრების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით შსს (პოლიცია) სავარაუდო სამართალდამრღვევებს ისე უფარდებს სასჯელებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას არაფერს ეკითხება. ანუ, აშკარად ხელყოფილია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და, მიუხედავად კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში გასაჩივრებისა, დღესდღეობით, საქართველოში შსს-ს გადაწყვეტილება სანქციის დაკისრების თობაზე დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება. ი) მძღოლის მოწმობა, ფაქტობრივად აზრის გამოხატვისთვის (სიტყვიერად პროტესტის გამოთქმისთვის) ჩამომართვეს, ვინაიდან, სამართალდამცავები, როგორც ჩანს, ერთმნიშნელოვანად აღიქვამენ ტერმინებს „უარი განაცხადა" და „თავი აარიდა", მაშინ როდესაც მათ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობები გააჩნიათ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „განაცხადა (განაცხადებს)” ნიშნავს „საჯაროდ რასმე თქმას, გამოცხადებას”, მაგალითებადაც, სწორედ „უარი განაცხადა” და „პროტესტი განაცხადაა” მოყვანილი (იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, მთავარი რედაქტორი: არნოლდ ჩიქობავა, თბილისი, 1986, გვ.123). ამასთან, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა” ქვეპუნქტშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ საქართველოში ტერმინი „განცხადება - ინფორმაციაა, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო”. გარდა ამისა, ქართული ენის იმავე განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „არიდება (არიდებს)”, ერთმნიშვნელოვნად „მოქმედებას” (გვ. 37) აღნიშნავს და „განცხადება (განაცხადა)სგან” არსებითად განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა გააჩნია. ყველა შემთხვევაში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად აშკარა უნდა იყოს, რომ პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმულირება: „გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა” (ანუ, ადამიანმა საკუთარი აზრი გამოხატა, სიტყვიერი პროტესტი გამოთქვა) შინაარსობრივად არსებითად განსხვავდება მოქმედებით ან უმოქმედობით რაიმესგან (მათ შორის, სიმთვრალეზე შემოწმებისთვის) „თავის არიდებისაგან”. ამდენად, მივიჩნევ რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის სადღეისო ინტერპრეტაციით აშკარად ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით დაცული სიტვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ვინაიდან პოლიციელის უკანონო მოქმედების თაობაზე სიტყვიერი პროტესტის გამოთქმისთვის 3 წლით ჩამამერთვა მძღოლის მოწმობა. კ) საგულისხმოა, რომ ასკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენება, (მითუმეტეს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე) დაუშვებელია, ვინაიდან აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. კერძოდ, უცხოელს, იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლებას ერთმევა, მხოლოდ უმნიშვნელო ფულად ჯარიმას აკისრებს, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევის გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის აშკარა დარღვევასაც წარმოადგენს და გონივრული იქნებოდა, საქმის განმხილველ მოსამართლეებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ. მითუმეტეს, ამ ნორმის დღევანდელი ინტეპრეტაციით, ფაქტობრივად სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც არის ხელყოფილი, ვინაიდან მოქალაქეს სასამართლოსადმი მიმართვამდე ეკისრება სახდელი (არადა, 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევა „სასჯელს” უფრო გავს. უმუშევრად დარჩენილებს, ვინც იძულებულია „იტაქსაოს”, ფაქტობრივად, საარსებო საშუალებას ვუსპობთ.) მიმაჩნია, რომ ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი აშკარად დისკრიმინაციულია და თუ არ გაუქმდება, ისე უნდა შეიცვალოს, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების მიმართ ერთი და იგივე სანქციებს ითვალისწინებდეს (როგორც ეს ადრე იყო). ამასთან, საქართველოში ალკოჰოლის ზემოქმედების მყოფი პირებისა (გადაცდომა) და ნარკოტიკულ საშუალების მომხმარებლების (დანაშაული) ერთმანეთთან გათანაბრება ყოვლად დაუშვებელია და შემოწმებისვის თავის არიდება ერთი და იგივე სანქციას (მძღოლის მოწმობის 3 წლით ჩამორთმევას) არ უნდა ითვალისწინებდეს. უფრო ლოგიკურია, ე.წ. ალკოტესტის საშუალებით სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდება, ზემოქმედებაში ყოფნას გაუთანაბრდეს და ჯარიმით ისჯებოდეს. ამასთან, მძღოლს უფლება უნდა ჰქონდეს ნებაყოფლობით გაიაროს ალტერნატიული შემოწმება (ბუნებრივია, ზოგიერთ კანონმორჩილ და თავმოყვარე მძღოლს, მათ შორის, უცხოელსაც, არ სურს გაიაროს უკანონო და უაღრესად შეურაცხმყოფელი პროცედურა, როდესაც პოლიციელი ალკოტესტს მანქანაში შემოყოფს და მგზავრების თანდასწრებით გაიძულებს „ერთი ჩაბერო...”, ანუ, ფაქტობრივად, გაიძულებს საჯაროდ ამტკიცო რომ უდანაშაულო ხარ) ამდენად, ასკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილი აშკარად დისკრიმინაციულია და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრულ პრინციპს ადამიანების კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიცია
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მართვის უფლების ხანგრძლივი (ორ კვირაზე მეტი) ვადით ჩამორთმევას საკმაოდ მკაცრ სასჯელად მოიზრებს და მასთან დაკავშირებულ დავებს სისხლის სამართლის საქმეებთან ათანაბრებს. საგულისხმოა, რომ ქართულ ენაზე 2009 წელს გამოცემულ შტეფან ტრექსელის წიგნში: „ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში” ხაზგასმულია, რომ: „სანქციები, არ შემოიფარგლება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმებით. ალტერნატიული სანქციები მოიცავს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და გარკვეული უფლებების ჩამორთმევას, როგორიცაა მანქანის მართვის უფლება. შესაბამისად, გასარკვევია აღნიშნული სანქციების სიმძიმის საკითხი. სასამართლომ ეს საკითხი განიხილა საქმეში მალიგე (malige) საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც შეეხებოდა არა უშუალოდ მართვის მოწმობის ჩამორთმევას, არამედ ქულების ჩამოჭრას, რასაც, საბოლოო ჯამში, შეეძლო ამ შედეგის გამოწვევა. ეს იყო მსჯავრდების ავტომატური შედეგი და საკმაოდ მკაცრი სასჯელი: „უდავოა, რომ ავტომანქანის მართვის უფლება ძალზე სასარგებლოა ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამსახურებრივ საქმიანობაში”. სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მე-6 მუხლი ვრცელდებოდა ამ საქმეზე (გვ.48). შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ხშირად ითვალისწინებს მართვის მოწმობის დაუყოვნებლივ ჩამორთმევას სერიოზული საგზაო შემთხვევის დროს, რომელიც მსხვერპლით სრულდება ან გამოწვეულია მძღოლის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნით. სწორედ ასეთ შემთხვევას უკავშირდებოდა ესკუბეს (Escoubet) საქმე. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი არ ჰქონდა სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენას, ვინაიდან კონფისკაციის ბრძანება გაიცა მანამ, სანამ რაიმე სახის სამართალწარმოება დაიწყებოდა. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე მართვის მოწმობის ჩამორთმევის მიზანი იყო, „გარკვეული დროის მანძილზე საშიში მძღოლის გზებიდან ჩამოშორება”. ეს იყო მხოლოდ პრევენციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც არ უკავშირდებოდა ბრალის დადგენას. დაბოლოს, ის დროში იყო შეზღუდული, კერძოდ, გულისხმობდა მართვის მოწმობის ჩამორთმევას თხუთმეტი დღის ვადით. შესაბამისად, მე-6 მუხლი არ გამოიყენებოდა. (გვ.59)” ამასთან, სრულიად ლოგიკურად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სამართლის ნორმის „განჭვრეტადობას” (ანუ, ფაქტობრივად, სამართლის ნორმის არსის მოქალაქისთვის გასაგები ენით განმარტებას და მის სათანადოდ გათვიცნობიერებას დასჯადი ქმედებების თაობაზე), ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებს ავალებს სადაო საკითხზე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება და უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საკმარისად დაასაბუთონ. ამდენად, დაუშვებელია როდესაც სამართალდამცავი ორგანოების (სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია) წარმომადგენლები, თვითნებობის გასამართლებლად, ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე სამართლის ნორმაზე ისე უთითებენ, შინაარსის გაცნობიერებას და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების დასაბუთებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. რაც მთავარია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლი („დისკრიმინაციის საერთო აკრძალვა”) დაუშვებლად მიიჩნევს მართვის უფლებით სარგებლობისთვის დისკრიმინაციული რეჯიმის დაწესებას და სანქციების მოქალაქეობის ნიშნით დაწესებას. ამდენად, ახალი რედაქციით, ასკ 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი აშკარად დისკრიმინაციულია, ვინაიდან უცხოელს, იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით მართვის უფლებას ერთმევა, მხოლოდ უმნიშვნელო ფულადი ჯარიმა ეკისრება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი უფლებას მაძლევს გამოვთქვა ჩემი აზრი ნებისმიერ საკითხზე და გავასაჩივრო პოლიციელის მოქმედება. ამდენად, დაუშვებელია, კამონმორჩილ და სრულიად ფხიზელ მძღოლს მართვის უფლება, 3 წლით, მხოლოდ იმის გამო ჩამოართვა, რომ შსს-ს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი სასამართლოში ან პატრულ-ინსპექტორის თვითნებობაზე სიტყვიერად გამოთქვა პროტესტი. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა კონვენციამ მომანიჭა უფლება დარღვეული უფლებების დასაცავად მივმართო დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, რომელმაც ღია სხდომაზე და გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს საქმე (მუხლი 6), ხოლო სამართლებრივი დაცვის საშუალებები ეფექტური უნდა იყოს (მუხლი 13). ამდენად, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს სასამართლოს აზრი და, სასამართლოში სარჩელის შეტანის მიუხედავად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულებას („სასჯელის აღსრულებას”) - მართვის უფლების ჩამორთმევას - საკუთარი შეხედულებისამებრ ახდენს, ხოლო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის თაობაზე ელემენტარული დავა წლების განმავლობაში გრძელდება (გონივრული იქნებოდა შსს-ს სისტემასა და სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ 15 დღიან ვადაში იხილავდნენ საქმეებს და შემდგომი გასაჩივრებაც იგივე ვადაში ხდებოდეს) სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაც ხელყოფილია და არც სამართლებრივი დაცვის ეფექტურ საშუალებებზე შეიძლება ლაპარაკი. ფაქტია, რომ ჩემი საჩივრების განხილვისას სამართლებრივი დაცვის საშუალებები იმდენად არაეფექტური აღმოჩნდა, რომ სასჯელი მანამდე მოვიხადე, სანამ სასამართალწარმოება დასრულდებოდა... ამასთან, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მართვის უფლების ხანგრძლივი ვადით ჩამორთმევა სასჯელად არის მიჩნეული, გამოდის, რომ ასკ 117-ე მუხლით პირის ბრალდებისას, სამართალწარმოების სასამართლომდელ სტადიაზევე მართვის უფლების ჩამორთვით, აშკარად არის ხელყოფილი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც (მუხლი 6.2), რადგან ადამიანი დამნაშავედ, ფაქტობრივად, სასამართლოში მისი ბრალეულობის დამტკიცების გარეშე მიიჩნევა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ძალით უფლება მქონდა ჩემი საჩივარი დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს განეხილა. მოსამართლეები აშკარად მიკერძოებული იყვნენ მოწინააღმდეგე მხარის მიმართ და არ დააკმაყოფილეს დასაბუთებული შუამდგომლობები მათი აცილების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებმა, ფაქტობრივად, მოსამართლეების დავალებით ჩამომართვეს ავტომობილი და მართვის უფლება. ცხადია, მოსამართლეები დაინტერესებულნი იყვნენ შედეგით, ვინაიდან მათ მიმართ მქონდა საფუძვლიანი და დასაბუთრებული ეჭვი, რომ სწორედ მათი მონაწილეობით ადრეც მოხდა ჩემი კანონიერი უფლებების დარღვევა (მოსამართლეებმა, საპატრულო პოლიციის ინტერესებში, „სდექ ხაზი” იქ დაინახეს, სადაც ის საერთოდ არ იყო და ამის წერილობით „დასაბუთებას”, კანონით დადგენილი ორი კვირის ნაცვლად, ნახევარ წელზე მეტი მოანდომეს..) ამასთან, 20 ლარიანი საჯარიმო ქვითრის თაობაზე სამართალწარმოება, მთლიანობაში, სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და, ოფიციალურად, 500 ლარზე მეტი დამიჯდა (საქმე №3ბ/1464-08), რის თაობაზეც საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მაქვს შეტანილი (სტრასბურგში მინიჭებული კოდი: ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ჩემს მიმართ, საქართველოს კონსტიტუციისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნების გარდა, ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7, მე-10 და მე-13 მუხლებით და მე-12 ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული უფლებების დარღვევას (შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14,მე-19, 24-ე, მე-40 და 42-ე მუხლები). კერძოდ, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მართვის უფლების, ფაქტობრივად 1,5 წლით უკანონოდ ჩამორთმევით სახელმწიფომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გარეშე ჩამთვალა „დამნაშავედ” და დამსაჯა ისეთი ქმედებისთვის, რაც კანონით არ ითვლება სამართალდარღვევად (ადმინისტრაციულ ოქმში ლაპარაკია „გაურკვეველი მიზეზით უარის განცხადებაზე”, მაშინ, როდესაც ასკ 117.1 მუხლის თანახმად დასჯადია „თავის არიდება”, ანუ ქმედება და არა საპროტესტო განცხადების გაკეთება). ამასთან, სახელმწიფოში დარღვეული უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს და, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოასწორებს ვითარებას, გამოდის რომ, იმავე ასკ 117.1 მუხლის საფუძველზე (რომლის თანახმად დასჯადია „თავის არიდება”, ანუ ქმედება და არა საპროტესტო განცხადების გაკეთება) მოქალაქეს პოლიციელმა ოქმი რომ გაუფორმოს, ასჯერაც რომ ჰქონდეს ალკოტესტში ჩაბერილი და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში საექპერტო დაწესებულებაში შემოწმებაც რომ გაიაროს, სიმართლეს ვერაფრით დაამტკიცებს და, სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაშიც, ოფიციალური საექსპერტო დასკვნის გარდა, 100 მოწმეც რომ წარადგინოს, პოლიცია სასჯელს მაინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისთანავე დააკისრებს და, თანაც, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე... ამდენად, 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, იმ შინაარსით, როგორც ის მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში და როგორც განიმარტება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, არამარტო საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ აშკარად ხელყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ჩემს უფლებებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი/არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი/არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი