საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/535 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 6 აგვისტო 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3.ქეთევან ერემაძე - წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ავთანდილ კახნიაშვილი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები –– თამარ მესხია, თამარ ხინთიბიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №535) მიმართა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილმა. №535 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 12 ივლისს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/535 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 27 თებერვალს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
5. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
6. სადავო ნორმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა იმ პირისა, რომელიც საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2009 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელე გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოსთხოვა შემოწმება ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად. მოსარჩელემ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა გაევლო აღნიშნული შემოწმება, რის გამოც მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და მას 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თავად გაიარა შემოწმება ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად და აღნიშნული დასკვნა წარადგინა საპატრულო სამსახურში. ამასთანავე, მან სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდგომ მიმართა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციას.
9. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა თავისი შინაარსით დისკრიმინაციულია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს ფულად ჯარიმას აკისრებს იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთმევა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება“ განმარტებული არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამასთან, შემოწმების წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. მოსარჩელის აზრით, პირს ევალება კანონის და არა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ კოდექსშივე უნდა იყოს გაწერილი ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად საჭირო პროცედურები, რათა პირმა იცოდეს, რომ აღნიშნული პროცედურებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციის ამოქმედებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია არ არის განჭვრეტადი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
11. მოსარჩელემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის სანქცია, იგი იწვევს დისკრიმინაციას. მოსარჩელის აზრით, თუ კანონმდებლობით უცხოელისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის ერთი და იგივე სანქცია იქნება გათვალისწინებული, სადავო ნორმა არ მოვა წინააღმდეგობაში კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
12. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმით არსებული რეგულირება არ შეიძლება გამართლდეს ლეგიტიმური მიზნით, ვინაიდან ისტორიულად, აღნიშნული ნორმა სხვა მიზნებისთვის იქნა შემოღებული. სადავო ნორმის თავდაპირველი რედაქცია ითვალისწინებდა ალკოჰოლური თრობის შემოწმებისთვის პოლიციის მიერ პირის გადაყვანას შესაბამის დაწესებულებაში. სადავო ნორმით კი პირის შემოწმება ხდება ალკოტესტის მეშვეობით, რაც ნორმას თავის მიზანსა და დანიშნულებას უკარგავს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, უცხოელი და საქართველოს მოქალაქე არსებითად თანასწორ პირებად უნდა იქნენ განხილული კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის. ამასთანავე, სადავო ნორმით გათვალისწინებულია განსხვავებული სანქციები უცხოელისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, სახეზეა არსებითად განსხვავებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობის ნიშნით.
14. მოპასუხის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის საფუძველზე, კონსტიტუცია იმთავითვე უშვებს მოქალაქეებსა და არამოქალაქეებს შორის განსხვავების არსებობის შესაძლებლობას, ამასთან, სახეზე არ არის კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დიფერენციაციის კლასიკური ნიშანი, შესაბამისად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დასასაბუთებლად საკმარისია დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება და რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მის მოქმედების შედეგს შორის.
15. მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო ნორმის შემოღება მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის დონის ამაღლებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციას. ამასთან, ერთი სახელმწიფო ვერ გააუქმებს მეორე სახელმწიფოს მიერ გაცემულ ლიცენზიას (მართვის მოწმობას). შესაბამისად, უცხოელისთვის ჯარიმის დაკისრება ჩადენილ სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს ადეკვატურ რეაქციას წარმოადგენს და სახეზეა რაციონალური კავშირი დასახელებულ ობიექტურ მიზანსა და შედეგს შორის.
16. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ნორმის მიზნებისთვის უცხოელი უნდა განიმარტოს როგორც უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის უფლების მქონე პირი, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა მუხლების მიზნებისთვის, რომლებიც ითვალისწინებენ უცხოელისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის შესაძლებლობას, უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა განიმარტოს როგორც საქართველოს მიერ გაცემული მართვის უფლების მქონე პირი. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ არსებობს ბრიუსელის ხელშეკრულება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის საერთაშორისო შედეგებზე, რომელიც საქართველოს მიერ ჯერ არ არის რატიფიცირებული. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების შემდეგ კანონმდებლობაც შესაბამისად დაიხვეწება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა გადის რაციონალური დიფერენციაციის ტესტს და, შესაბამისად, წარმოადგენს გამართლებულ დიფერენციაციას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ დარღვეულა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №535 კონსტიტუციურ სარჩელზე დავის ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად: „სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“.
2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არა აქვს ლეგიტიმური მიზანი, ის დისკრიმინაციულია, რადგან უცხოელს მხოლოდ ფულად ჯარიმას აკისრებს იმავე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით ჩამოერთმევა მართვის უფლება. შესაბამისად, სადავო ნორმამ ერთი და იგივე ქმედებისათვის ის, როგორც საქართველოს მოქალაქე, და უცხო ქვეყნის მოქალაქე სხვადასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში ჩააყენა. მისი აზრით, სხვადასხვა სახის სახდელის გამოყენება ერთი და იგივე ქმედებისათვის, თავისთავად, დისკრიმინაციაა. შესაბამისად, მოსარჩელე მკაფიოდ მიუთითებს მოქალაქეობის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
3. საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, განმარტავს დისკრიმინაციის ამკრძალავი კონსტიტუციური ნორმის არსსა და იმ მოთხოვნებს, რომელთაც კანონმდებლის მიმართ შეიცავს აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი შემდეგი შინაარსისაა: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ, ასევე წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5;). „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4.).
5. “საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისას და დადგენისას ის მიმართავს შემდეგ ძირითად მიდგომას: „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
6. სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შეფასებისათვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, არიან თუ არა სადავო ნორმის მოქმედების ადრესატები/სუბიექტები არსებითად თანასწორნი ამ ნორმით განსაზღვრული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, არის თუ არა სახეზე არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა. ამ მიზნით, გასათვალისწინებელია სადავო რეგულირების არსი. სადავო ნორმა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულირებას და მიემართება იმ პირებს, რომლებიც მართვის უფლების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს აარიდებენ. სადავო ნორმის მოქმედების წინა პირობას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების საჭესთან მყოფი პირების დაქვემდებარება კონკრეტული ღონისძიებისადმი, რომელიც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ ღონისძიების შინაარსი გამოიხატება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმების გავლაში. აღნიშნულ ღონისძიებას შესაძლოა დაექვემდებაროს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 1999 წლის 28 მაისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ჰ“ 11 პუნქტის თანახმად, მძღოლი არის ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას. ამავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლის და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანების 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, „უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს მისი საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა“. აქედან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება თანაბრად აქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე - უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო რეგულირების კონტექსტში, საქართველოს მოქალაქეები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ შედარებად კატეგორიებს. ორივე ჯგუფი ექცევა ანალოგიურ გარემოებებში, რადგან ორივე მათგანი მართავს სატრანსპორტო საშუალებებს, მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში, ექვემდებარება კონკრეტულ ღონისძიებას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმების ფორმით და შემოწმებისათვის თავის არიდებით (საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით) თანაბრად სჩადის სადავო ნორმით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
8. აქვე აღვნიშნავთ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიზანს არ წარმოადგენს სადავო ნორმით დადგენილ სახდელთა სიმკაცრის და ჩადენილი სამართალდარღვევის მიმართ თითოეული ამ სახდელის (ჯარიმის, მართვის უფლების ჩამორთმევის) კონსტიტუციურობის დადგენა, რადგან მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლო არ დგას ამის საჭიროების წინაშე. მოსარჩელე განმარტავს, რომ თანაბარი სახდელების დაწესების შემთხვევაში ის დისკრიმინაციას ვერ დაინახავდა. შესაბამისად, მისთვის დისკრიმინაციულია ნორმა სწორედ იმის გამო, რომ უცხოელი სხვაგვარად ისჯება და საქართველოს მოქალაქე სხვაგვარად. ასევე ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთი და იგივე სახის სამართალდარღვევისათვის, საქართველოს მოქალაქისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სახდელთა აშკარად არათანაზომადი სახეები გამოიყენება. როგორც ცნობილია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა უკავშირდება უკვე აღიარებული უფლების 3 წლამდე ვადით მოქმედების შეჩერებას. შესაძლოა, მართვის უფლებასთან დაკავშირებული იყოს პირის ძირითადი საქმიანობა, მიემართებოდეს იმ პირის ინტერესთა სფეროს, რომელსაც მართვის უფლებას ჩამოართმევენ, სატრანსპორტო საშუალების მართვა წარმოადგენდეს მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართვის უფლების ჩამორთმევამ, შესაძლოა, უარყოფითი ეფექტი მოახდინოს პირის თვითრეალიზებაზე მისი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში, არსებითი გავლენა იქონიოს კონკრეტული პირის ცხოვრების წესსა და გარკვეული თავისუფლებით სარგებლობის ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების ჩამორთმევას, ფულად ჯარიმასთან შედარებით, კანონმდებელიც უფრო მძიმე სანქციად განიხილავს. ამას მოწმობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი ნორმები. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ხოლო ამავე ქმედების 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით (116-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. აშკარაა, რომ უფრო მძიმე სამართალდარღვევისათვის კანონმდებელი ადმინისტრაციულ სახდელად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სულისკვეთებიდან გამომდინარე, კანონმდებელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას უფრო მძიმე ადმინისტრაციულ სახდელად მიიჩნევს, ვიდრე ფულად ჯარიმას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით საქართველოს მოქალაქისათვის გათვალისწინებულია იმაზე მკაცრი სახდელი, ვიდრე იმავე ქმედების ჩამდენი უცხოელი მოქალაქისათვის. შესაბამისად, მოცემული დავის გადასაწყვეტად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად გამართლებულია თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა.
9. ამასთან მივუთითებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელის ზომის, მოცულობისა და სიმძიმის კონსტიტუციურობის დადგენის თაობაზე სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განაცხადა: „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს ... ადმინისტრაციული სახდელის დაწესებისას კანონმდებლისთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ფარგლები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ყოველი კონკრეტული სამართალდამრღვევისთვის სახდელის რა მოცულობითა და ზომით შეფარდება იქნება ადეკვატური ... მართალია, კანონმდებლის ძალისხმევა ყოველთვის მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მან ადეკვატურად მიუსადაგოს თითოეული ადმინისტრაციული სახდელი იმ ქმედებას, რაც არღვევს სხვათა უფლებებს და ზიანს აყენებს საზოგადოებას, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის ზომა შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ... საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
10. სადავო ნორმის მოქმედების შედეგი და მისი ეფექტი იმ პირებზე, რომელთაც ის მიემართება, გამოიხატება პასუხისმგებლობის იმ მექანიზმში, რომელსაც რეგულირება აწესებს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების შემთხვევაში. სადავო ნორმა ერთი და იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი საქართველოს მოქალაქის და უცხოელი მოქალაქის მიმართ იწვევს განსხვავებული სახდელების გამოყენებას. საქართველოს მოქალაქის მიმართ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონების და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
11. ზემოაღნიშნულიდან ცხადი ხდება, რომ სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას, ამასთან, დიფერენციაცია ხორციელდება მოქალაქეობის ნიშნით. მოცემულ საქმეზე მოქალაქეობა წარმოადგენს დიფერენცირების ნიშანს, ანუ, სახეზე გვაქვს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების მიმართ სამართლებრივად განსხვავებული მოპყრობა მოქალაქეობის კრიტერიუმის მიხედვით.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დანაწესი არ მიუთითებს მოქალაქეობის ნიშნით დიფერენცირების აკრძალვაზე. თუმცა სასამართლო მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ სადავო ნორმა „იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას და, შესაბამისად, საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით ... „კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს ... დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში. დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და ‘საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23-27). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ მოქალაქეობის ნიშნით დიფერენცირებულ მოპყრობასთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ „კონსტიტუციის მე-14 მუხლი მიემართება კანონს და ადგენს, თუ როგორი არ შეიძლება იყოს იგი ... კანონით უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის სხვადასხვა სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენება ... შეფასებადია კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის № 3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97,99).
13. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევის შეფასება მისი სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის გათვალისწინებით, ერთი სტანდარტითა და იდენტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ მოხდება. „განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის. კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, “მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - «რაციონალური დიფერენციაციის ტესტს» (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც: ა)საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-6 ).
14. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის და კონკრეტული საქმის ფარგლებში დავის საგნის არსის გათვალისწინებით, მოპასუხის პოზიციის ანალიზის შედეგად, საქმის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა უნდა შეფასდეს „რაციონალური დიფერენციაციის“ ტესტით. იმის გამო, რომ სადავო ნორმით დიფერენციაცია არ ხდება „კლასიკური“ ნიშნით და არც დიფერენციაციის ინტენსივობა არის მაღალი ხარისხის, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებას.
15. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიზანი სადავო ნორმის მიღებისას არ ყოფილა მიზანმიმართული დიფერენციაცია საქართველოს მოქალაქესა და უცხოელ მოქალაქეს შორის. ის მიიჩნევს, რომ, მართალია, სადავო ნორმაში მითითებული პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის საფუძველია მათი მოქალაქეობა, ეს დასაშვებია, რადგან თავად კონსტიტუცია უშვებს მათ შორის განსხვავებას. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავება კეთდება კანონმდებლობით, ის უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით და, შესაბამისად, სადავო ნორმაში მითითებული დიფერენციაცია გამართლებულია. მოპასუხემ აღნიშნულის დასასაბუთებლად მიუთითა განსხვავებული მოპყრობის აუცილებლობასა და მაქსიმალურ რეალისტურობაზე. ამ კონტექსტში ის ყურადღებას ამახვილებს სადავო ნორმის მიღების საფუძვლებსა და მიზანზე. მოპასუხე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ნორმის შემოღება საგზაო მოძრაობის წესების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებაა და ის უზრუნველყოფს ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირების მიმართ ადეკვატური ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებას. სამართალდარღვევათა რეალური პრევენციის მიზნის მისაღწევად ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე თავის არიდება აღიქმება როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაც, თავის მხრივ, მეტყველებს პირის დამოკიდებულებაზე საგზაო წესებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ და განსაკუთრებით საშიშს ხდის მის მიერ ავტომობილით მოძრაობის გაგრძელებას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ავტომობილის მართვის მოწმობის ჩამორთმევა შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან, ადეკვატურ რეაქციად ჩაითვალოს. რაც შეეხება უცხოელის მიმართ იმავე ქმედებისთვის ჯარიმის გამოყენებას მართვის მოწმობის ჩამოურთმევლად, ეს ევროპაში მიღებული პრაქტიკაა. ერთი სახელმწიფო ვერ გააუქმებს მეორე სახელმწიფოს მიერ გაცემულ ლიცენზიას. შესაბამისად, დაჯარიმება ადეკვატური რეაქციაა უცხო ქვეყნის მითითებულ ქმედებაზე. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ამ არგუმენტაციით სავსებით რაციონალური კავშირი არსებობს დასახელებულ ობიექტურ მიზანსა და შედეგს შორის.
16. მოპასუხის წარმომადგენელი თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიზნებისთვის უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა განიმარტოს პირად, რომელიც ფლობს უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას. ხოლო იმ ნორმების მიზნებისთვის, რომელიც აწესებს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას სახდელის სახით, უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი უნდა განიმარტოს პირად, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა აქვს. ის მიიჩნევს, რომ მართვის უფლების ჩამორთმევის ინსტიტუტი უცხოელთან მიმართებით პრაქტიკულად განუხორციელებელია, რადგან საქართველო ჯერ არ არის მიერთებული შესაბამის ხელშეკრულებას, არ არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფდა საერთაშორისო შედეგების დადგომას.
17. იმისათვის, რომ სადავო ნორმამ რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, აუცილებელია სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება მიზნის მიღწევის რაციონალურ საშუალებას წარმოადგენდეს. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა, შესაძლოა, ემსახურებოდეს შემდეგ ლეგიტიმურ მიზანს: საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, იმ საფრთხეების გამორიცხვას, რომელთაც შესაბამისი პირი შეუქმნიდა საგზაო უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
18. მაგრამ, ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებებს შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხებ ვერ დაასაბუთა სადავო ნორმაში არსებული დიფერენცირებული მიდგომის არსი, მის მიერ მოყვანილი არგუმენტები დიფერენცირების რაციონალურობასთან დაკავშირებით საფუძველსაა მოკლებული. მოპასუხემ არათანასწორი მოპყრობის გამართლებად დაასახელა ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს არ შეუძლია უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის დოკუმენტის ჩამორთმევა და ამითაა განპირობებული განსხვავებული მიდგომა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის ამ არგუმენტაციას გამორიცხავს თვით სადავო მუხლის შენიშვნა, რომლის შინაარსი მიუთითებს, რომ, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ გადაიხდის (არ აღასრულებს) მასზე დაკისრებულ ჯარიმას, მას დაერიცხება საურავი, ხოლო შემდგომ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხევაში, მას ჯარიმა შეეცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით. როგორც სადავო ნორმის ანალიზი გვიჩვენებს, ნორმა თავისთავშივე არ გამორიცხავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის მართვის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ასევე მოპასუხის წარმომადგენლის ის არგუმენტიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა, ჩამოართვას უცხოელ მოქალაქეებს მართვის უფლება. ამის საპირისპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი მუხლები (მაგალითად, 125-ე მუხლის მე-6 ნაწილი) შესაბამისი რეგულაციების დარღვევისათვის ითვალისწინებს ასევე მართვის უფლების ჩამორთმევას და ამ ნორმის ადრესატების დიფერენცირება არ ხდება მოქალაქეობის ნიშნით. მოპასუხის მიერ მოყვანილი არგუმენტი ეჭვქვეშ დგება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უცხოელ მოქალაქეს აქვს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა (რისი შესაძლებლობაც არსებობს საქართველოს კანონმდებლობით). ლოგიკასაა მოკლებული მოპასუხის წარმომადგენლის მითითება იმის თაობაზე, რომ იქ, სადაც მოქმედი კანონმდებლობა მართვის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს და, იმავდროულად, არ ახდენს ნორმის ადრესატთა დიფერენცირებას მოქალაქეობის ნიშნით, თითქოს იგულისხმება უცხოელ მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის უფლების დოკუმენტი/მოწმობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაბამისი ნორმების ამგვარი ნორმატიული შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას. იმავდროულად, თუ უცხოელებისთვის ჯარიმის დაკისრება მოპასუხეს საკმარისად მიაჩნია მის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის/მიზნების მისაღწევად, მაშინ უფრო გაუგებარი ხდება საქართველოს მოქალაქისათვის უცხოელებთან შედარებით უფრო მძიმე ტვირთის დაკისრების აუცილებლობა.
19. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასება არ უკავშირდება კონკრეტული სამართალდარღვევისათვის საქართველოს მოქალაქეებისა თუ უცხოელებისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამკაცრების თუ შემსუბუქების საჭიროების საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაცია გაუგებარია, აუხსნელია, რის გამოც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის კონსტიტუციური სარჩელი #535 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვები - „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის “.
2. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი