სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-ირაკლი ხვედელიძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac535 |
თარიღი | 25 მარტი 2013 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N535) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისათვის. აღნიშნული ნორმით განსხვავებული სახის ადმინისტრაციული სახდელი ეკისრება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთმევა 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული რეგულაცია, საქართველოს მოქალაქეს აყენებს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში უცხოელ მოქალაქესთან შედარებით, ვინაიდან ადმინისტრაციული სახდელი შეუსაბამოდ მკაცრია საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში და ატარებს რეპრესიულ ხასიათს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად ,,ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით“, თუმცა არ არის განმარტებული თუ რა სახის განმასხვავებელი თვისებები გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომ აუცილებელი ხდება მათ მიმართ სხვა და სხვა სიმძიმის სახდელები იქნას გამოყენებული და ერთი და იგივე ქმედების ჩადენისათვის საქართველოს მოქალაქის საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით განმსჭვალვისათვის გამოყენებული იქნას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით, ხოლო იგივე მიზნის მისაღწევად უცხოელი მოქალაქის შემთხვევაში, საკმარისი იყოს 500 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის 11 მუხლით დადგენილი წესის თანახმად პირს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ არ წარმოეშობა მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების ვალდებულება, გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 117-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებისა, რაც აღნიშნული მუხლის კიდევ ერთ რეპრესიულ თვისებაზე მიუთითებს, რომლის ადრესატი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ხდება. ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნების მე-41 პუნქტის თანახმად ,,ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით“. ამავე მუხლის შენიშვნების მე-6 პუნქტის თანახმად ,,ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით“. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის შენიშვნების მე-5 პუნქტის თანახმად ,,ჯარიმის ან/და საურავის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის გამო გამოცემული დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება გაუქმდეს და სამართალდამრღვევს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუკი იგი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია 1 წლის ვადით, ხოლო თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია 2 წლის ვადით – დამატებით 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას“. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის შედეგად თვალნათლივ ჩანს კანონმდებლის ლიბერალური მიდგომა პირთა წრის მიმართ, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, თვით ისეთი მძიმე სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაშიც კი, როგორებიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში და 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება. ამ შემთხვევებშიც კი შესაძლებელია ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვის შეცვლა ჯარიმით, რაც არ არის დაშვებული 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში და სამართალდამრღვევს არ ეძლევა საშუალება პასუხი აგოს ადმინისტრაციული სახდელის ალტერნატიული სახის დაკისრებით. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მოქალაქეს მინიჭებული სპეციალური უფლება (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამოერთმევა სამ წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. ასეთი უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი“. აღნიშნული ნორმასთან არსებითად მოდის წინააღმდეგობაში კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ უნდა წარმოადგენდეს, პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის, თავიდან აცილებისათვის განკუთვნილ პრევენციულ მექანიზმს, რეალურად კი წარმოადგენს სადამსჯელო ინსტრუმენტს და საქართველს მოქალაქეს, ქმედების ერთჯერადად ჩადენის შემთხვევაშიც კი აკისრებს შეუსაბამოდ მკაცრ სახდელს. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, შესაძლებელი ხდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისათვის ხელის შეშლის გამო პირს დაეკისროს შეუსაბამოდ მკაცრი სახდელი და ამავე დროს არსებობდეს ალბათობა იმისა, რომ იგი საერთოდ არ იმყოფებოდეს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. გამოდის, რომ ერთის მხრივ სახეზეა ადმინისტრაციული გადაცდომა, რომელიც კანონმდებლის მიერ ,,შეფასებულია“ 200 ლარად, ხოლო მეორეს მხრივ ადმინისტრაციული გადაცდომის არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენისათვის ხელის შეშლა, რომლის გამოც პირს ეზღუდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების უფლება. შესაბამისად ,,200 ლარიანი“ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის გამოვლენისათვის (რომლის ჩადენასაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი), პირს ეზღუდება ქმედუნარიანობა და იგი ვეღარ სარგებლობს ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ აშკარა ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი პუნქტის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ვინაიდან დისკრიმინაციული ბუნების არის საქართველოს მოქალაქის მიმართ და ლოიალურია უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენის დღესვე უფლებამოსილია თავისუფლად გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებით თავი აარიდოს ყველა გართულებას, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვას.
ამასთანავე საკითხის გადაწყვეტის პროცესში გასათვალისწინებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი მსჯელობები: - საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებებს ეხება, უფლებათა სუბიექტების განსაზღვრისას სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს. კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში ვხვდებით შემდეგ ფორმულირებებს: „ადამიანი“, „ყველა“, „ყველა ადამიანი“, „ყოველი ადამიანი“, „მოქალაქე“, „საქართველოს მოქალაქენი“, „საქართველოს ყოველი მოქალაქე“. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც თანამედროვე კონსტიტუციის ზოგადი მოდელი, მიჯნავს უფლებებს, რომლეთა სუბიექტიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, უფლებებისგან, რომლებიც უნივერსალური ბუნებისაა და „ყველაზე“ ვრცელდება. - კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. - კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია კონსტიტუციის მე–14 მუხლით, რაც გულისხმობას იმას, რომ კანონი არსებითად თანასწორ პირებს ერთნაირად უნდა მოეპყროს, არსებითად უთანასწოროებს კი პირიქით. კონსტიტუციის მე-14 მუხლი მიემართება კანონს და ადგენს, თუ როგორი არ შეიძლება იყოს იგი. ამისგან განსხვავებით, კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი მიემართება თავად კონსტიტუციური უფლებების შინაარსს და მიუთითებს, რომ მათი სუბიექტი მოქალაქეებთან ერთად საქართველოში მცხოვრები უცხოელიცაა და, ამავე დროს, კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დაცვის, უფლებით სარგებლობის ხარისხი საქართველოში მცხოვრები უცხოელისა და საქართველოს მოქალაქისათვის ერთნაირია, თუკი კონსტიტუციური უფლების გავრცელების სხვა საწინააღმდეგო წესი უშუალოდ კონსტიტუციიდან არ მომდინარეობს. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512).
- სამართალში აღიარებული თანაზომიერების პრინციპის თანახმად, სახელმწიფოს მოქმედება უნდა იყოს დასახული მიზნის მისაღწევად დასაშვები, აუცილებელი, მინიმალური ზიანის მომტანი, უფლების შეზღუდვა შეზღუდვის მიზანთან პროპორციული (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილება N1/1/374,379).
- კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, ,,არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება N2/1-392). |