საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/5/535 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N535) მიმართა საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილმა. N535 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2012 წლის 12 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 14 დეკემბერს
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. სადავო ნორმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა იმ პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2009 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელე გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოსთხოვა შემოწმება ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად. მოსარჩელემ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა გაევლო აღნიშნული შემოწმება, რის გამოც მის მიმართ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი და მას 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თავად გაიარა შემოწმება ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად და აღნიშნული დასკვნა წარადგინა საპატრულო სამსახურში. ამასთანავე, მან სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდგომ მიმართა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციას.
6. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა თავისი შინაარსით დისკრიმინაციულია, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირს ფულად ჯარიმას აკისრებს იგივე ქმედებისთვის, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეს 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთმევა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
7. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმის ფორმულირება სამართალშემფარდებელს საშუალებას აძლევს, მასზე დაყრდნობით, პირს შეუფარდოს სანქცია აზრის (პროტესტის) გამოხატვისთვის. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის ოქმში მითითებულია, რომ სამართალდამრღვევმა სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე „გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა”, რაც გულისხმობს საკუთარი აზრის გამოხატვას, სიტყვიერი პროტესტის გამოთქმას და შინაარსობრივად არსებითად განსხვავდება მოქმედებით ან უმოქმედობით რაიმესგან, მათ შორის, სიმთვრალეზე შემოწმებისათვის თავის არიდებისაგან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში აიგივებენ ერთმანეთთან „თავის არიდებას“ და „უარის განცხადებას“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უარის განცხადებისას იგი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებს და, შესაბამისად, ამ დროს მისი დაჯარიმება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლების დარღვევას იწვევს.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი გულისხმობს პირის უფლებას, საკუთარი ქონების (ავტომობილის) სარგებლობით მიიღოს დამატებითი შემოსავალი. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არის ანტიკვარული ავტომობილების კოლექციონერი და ავტომობილი წარმოადგენს მისი შემოსავლის დამატებით წყაროს. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას ერთმევა საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება, რის გამოც სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს. მოსარჩელეს ასევე მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია აშკარად არაგონივრულია. ალკოჰოლური ზემოქმედების შემოწმებისთვის თავის არიდება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევას, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას მხოლოდ ფულადი დაჯარიმება მოსდევს.
9.მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არასწორად განიმარტება როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, ასევე საერთო სასამართლოების მიერ. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლო წესით გასაჩივრებით არ ხდება მისი შეჩერება და პირი მოკლებულია შესაძლებლობას, სამართალწარმოების დასრულებამდე ისარგებლოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აზრი ეკარგება სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და, ამასთანავე, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვინაიდან სასამართლოში საქმის დასრულებამდე ივარაუდება, რომ პირს არ ჩაუდენია სამართალდარღვევა და მის მიმართ არ უნდა მოქმედებდეს სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და 42-ე მუხლის პირველ პუნქტებს.
10.კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სასამართლო წესით გასაჩივრების შემდეგ მას აღარ გაუგრძელეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადა. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის გამოყენებით, პოლიცია თვითნებურად აღასრულებს სადავო ნორმით გათვალისწინებულ სანქციას, რითაც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.
11. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ბუნდოვანია და გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, სადავო ნორმით განსაზღვრული ტერმინი „სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება“ განმარტებული არ არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამასთან, შემოწმების წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. მოსარჩელის აზრით, პირს ევალება კანონის და არა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ცოდნა, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ კოდექსშივე უნდა იყოს გაწერილი ალკოჰოლური ზემოქმედების დასადგენად საჭირო პროცედურები, რათა პირმა იცოდეს, რომ აღნიშნული პროცედურებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციის ამოქმედებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია არ არის განჭვრეტადი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
12. მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგლომლობით მიმართავს, რათა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდეს სადავო ნორმის შეჩერება, ვინაიდან იგი ბუნდოვანია და საჭიროებს დაზუსტებას. მოსარჩელე ასევე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომ მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სადავო ნორმის დაზუსტება, რადგან იგი არასწორად განიმარტება და გამოიყენება სამართალშემფარდებლის მიერ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობის თაობაზე.
2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებს. მოსარჩელის აზრით, ადმინისტრაცულ სამართალდარვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის აღსრულებას სასამართლოს მიერ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, მოსარჩელე მიჩნევს, რომ ეს არაეფექტურს ხდის მის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას და ამავე დროს, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.
3.სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას და, ამავე დროს, განსაზღვრავს სანქციას აღნიშნული ქმედებისათვის. სადავო ნორმა არ არეგულირებს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრებისას მისი მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრებისას, ამ აქტის მოქმედების შეჩერებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების საკითხები მოწესრიგებულია არა სადავო ნორმით, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებით.
4.აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-40 და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია მიემართება არა სადავო ნორმის შინაარსს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც სადავო ნორმის რეგულირების საგანს საერთოდ არ წარმოადგენს.
5.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიუთითა, რომ „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული არგუმენტაცია შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება, N 2/3/412, II-9). „თუ ასეთი არგუმენტაცია არ არსებობს, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება, N2/2/438 , II-1).
6. მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. იგი სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ვინაიდან მისი აზრით, ფაქტობრივად აზრის გამოხატვა (სამართალდამცველი პირის მოქმედების თაობაზე სიტყვიერი პროტესტის გამოთქმა) გახდა მისთვის სადავო ნორმის საფუძველზე მართვის მოწმობის სამი წლით ჩამორთმევის მიზეზი.
7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია წინააღმდეგობრივია, იგი ეფუძნება როგორც სადავო ნორმის შინაარსის, ასევე საკუთარი ქმედების არასწორ აღქმას. მოსარჩელე ეჭვქვეშ არ აყენებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებას, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გაიაროს ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმება.
8.უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ აღწერილი (და მის მიერ შერჩეული) "პროტესტის ფორმა'' არსებითად და სამართლებრივად უტოლდება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნის შესრულებაზე ''უარის განცხადებას''. ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მტკიცება, რომ სადავო ნორმა იწვევს კონსტიტუციით დაცულ უფლებრივ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
9. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საპატრულო პოლიციამ მოსარჩელისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ მოახდინა ადმინისტრაციული სახდელის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე სასამართლოს დავის დასრულებამდე. შესაბამისად, პატრულმა არ შეასრულა ვალდებულება, დაეცვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნები.
10.მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იგი ამ შემთხვევაში სადავოდ ხდის საპატრულო პოლიციელის ქმედების კანონმდებლობასთან შესაბამისობას და არაფერია ნათქვამი უშუალოდ სადავო ნორმის შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებაზე. საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, სარჩელში მოსარჩელემ ისეთი არგუმენტაცია უნდა მოიყვანოს, რომელიც დაასაბუთებს, რომ მისი უფლების დარღვევის შესაძლებლობას სადავო ნორმა უშვებს.
11. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი. იგი აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით მას ეზღუდება საკუთარი ქონებით (ავტომობილით) სარგებლობის უფლება (მათ შორის დამატებითი შემოსავლის ან ანტიკვარული ავტომანქანით სეირნობისგან ესთეტიკური სიამოვნების მიღების მიზნით), რომლის დაცვაც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან, შესაბამისად სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დარღვევა.
12.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 39-ე მუხლის “მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. …... მოსარჩელეს შეუძლია 39–ე მუხლზე აპელირება იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული”(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განჩინება №1/2/458, „დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“).
13.აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, იმისათვის რომ ვისაუბროთ ადამიანის ამა თუ იმ უფლებრივი ასპექტის კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცვაზე, საჭიროა ეს უფლება არ იყოს დაცული კონსტიტუციის უფლებადამდგენი სხვა მუხლით (დებულებით). საკუთრების უფლება, შესაბამისად, საკუთრებაში არსებული ავტომობილის ფლობა, ისევე როგორც მისით სარგებლობა და განკარგვა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
14. ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, N535 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩლო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე, მე-40, 42-ე, 44-ე მუხლების პირველ პუნქტებთან, 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. N535 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი.
16. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, ხდება მისი არასწორი განმარტება და, მისი ფორმულირების დაზუსტებამდე, ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. წარმოდგენილი სარჩელიდან და თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, სადავო ნორმის შეფარდების შედეგად, უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი და სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ანუ, მის მიმართ სადავო ნორმის მოქმედების შედეგი უკვე დადგა. შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი და მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N535 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N535 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერის ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი