მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის", ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/2/1647 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 21 ოქტომბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ოქტომბერი 2021 18:39 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან, 24-ე მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეები – ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე, დოდო სიხარულიძე, ლია ჩიგოგიძე, ლანა შენგელია, ელენა გვაზავა; მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – გვანცა კვარაცხელია, გიორგი ბოკერია; მოპასუხე მხარის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური, ლევან ღავთაძე; მოწმეები – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები – კახაბერ ნარეკლიშვილი, ნოდარ მელაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 17 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1647) მომართეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრიამ, მართა ქარდავამ, ნინო ორდენიძემ და სხვებმა (სულ 12 მოსარჩელე). №1647 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2021 წლის 20 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 14 და 15 სექტემბერს.
2. №1647 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები საარჩევნო სუბიექტებს უდგენს ვალდებულებას, 2028 წლამდე ჩასატარებელ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სია დაარეგისტრირონ იმგვარად, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მის ადგილს იკავებს იმავე სქესის წარმომადგენელი ადგილმონაცვლე, ხოლო, თუ წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. 23-ე მუხლი განამტკიცებს პოლიტიკური პარტიების თავისუფლებას, ხოლო 24-ე მუხლით დაცულია საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკურ პარტიათა თავისუფალ საქმიანობას და მის როლს დემოკრატიული მმართველობის პროცესში. თავის მხრივ, პოლიტიკური პარტიების დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, მათ გააჩნდეთ შიდაპარტიული მექანიზმების საფუძველზე პარტიული სიების შედგენის შესაძლებლობა, რასაც გამორიცხავს სადავო ნორმები. კერძოდ, სახელმწიფო უხეშად ერევა პოლიტიკურ პარტიათა პარტიული სიების შედგენის პროცესში და გამორიცხავს მისი ფორმირების შესაძლებლობას თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი არ ქმნის გენდერული კვოტების დაწესების საფუძველს და მისი შემოღება წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის უფლებასთან. საერთაშორისო გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ გენდერული კვოტირება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურად, თუკი ასეთ შესაძლებლობას იძლევა შესაბამისი კონსტიტუციური ჩანაწერი. ამასთან, პარტიულ სიაში იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში მანდატის გაუქმება ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის არსს.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ასევე ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას პოლიტიკურ პარტიათა შორის. კერძოდ, არათანაბარ მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ, ის პარტიები, რომლებიც საკმარის ადამიანურ რესურსს ფლობენ, რათა გენდერული კვოტირების მოთხოვნა დააკმაყოფილონ, ხოლო, მეორე მხრივ, ის პარტიები, რომლებსაც ასეთივე გენდერულად დაბალანსებული ადამიანური რესურსი არ გააჩნიათ.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არ შეუფასებია სავალდებულო კვოტირების კონსტიტუციურობა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებთან მიმართებით. ამასთან, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევაში შეზღუდვა უფრო მეტად ინტენსიურია და ითვალისწინებს განსხვავებული სქესის წარმოდგენის ვალდებულებას ყოველ სამეულში და არა ყოველ ოთხეულში. გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიას უწევს ერთი პარტიული სიის შედგენა, მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნებისათვის კი პარტიამ უნდა წარადგინოს პარტიული სია თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, თანაც ქალთა უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე იყო მოთხოვნილი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პარტიას უწევს გაცილებით მეტი რაოდენობის ქალი პოლიტიკოსის მოძიება, რაც განაპირობებს უფლების შეზღუდვას მეტი ინტენსივობით.
9. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობით არიან წარმოდგენილნი საკრებულოს წევრი ქალები. ამდენად, გაუგებარია, რატომ უნდა მოეთხოვებოდეს პარტიას, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის, სქესის მიხედვით, იდენტურად დაბალანსებული პარტიული სიების წარდგენა. ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა ისედაც პასუხობს სავალდებულო კვოტირებით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, გაუმართლებელია ასეთ შემთხვევებში სავალდებულო კვოტირების დაწესება.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სავალდებულო კვოტირებას, ხშირ შემთხვევაში, შედეგად მოაქვს ქალი კანდიდატების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული ოდენობის ქალი პოლიტიკოსები ჰყავს, იგი იძულებული ხდება, ყველა ქალი კანდიდატი გამოიყენოს კანონის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები გაბნეულ იქნენ ყოველ სამეულში. მაგალითისთვის, თუკი პარტიის ორი საუკეთესო პოლიტიკოსიდან ორივე მათგანი ქალია, იგი იძულებული ხდება, რომ აღნიშნული ქალი არა პარტიული სიის პირველ ორ პოზიციაზე წარმოადგინოს, არამედ გადაანაწილოს პირველ ექვსეულზე, რათა კანონის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად ქალი პოლიტიკოსების რესურსი დარჩეს. მოსარჩელეთა მითითებით, სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 2017 წლის არჩევნების დროს, როდესაც პარტიამ ხაშურის საკრებულოს წევრობის პირველ ორ კანდიდატად პარტიულ სიაში წარადგინა ორი ქალი. კვოტირების შემოღების გამო კი დღეს პარტია იძულებული ხდება, ასეთ შემთხვევაში ქალები არა მოწინავე პოზიციებზე, არამედ ყოველ სამეულში თითო შეიყვანოს.
11. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამომწურავად განსაზღვრავს ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგულირება უთანაბრდება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვას კონსტიტუციის 23-ე მუხლის მიზნებისათვის. ამასთან, სახეზე არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელსაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რაც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს.
12. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედება შეიცავს საფრთხეს, რომ პარტიულ სიაში მყოფი პოლიტიკოსებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა, პარტიას გაუუქმდეს მოპოვებული მანდატი.
13. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან, რადგან ყველა ის ასპექტი, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს, დაცულია კონსტიტუციის 24-ე მუხლით. ამასთანავე, სადავო ნორმების საფუძველზე იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლება და სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველი. ასევე, სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება თანასწორობის უფლებასთან, რადგან რეგულირება შინაარსობრივად ნეიტრალურია და არ იწვევს შესადარებელ პირთა მიმართ არათანასწორ მოპყრობას.
14. მოპასუხე მხარის პოზიციით, სავალდებულო კვოტირების დამდგენი ნორმა ნეიტრალური შინაარსის არის, რადგან დღეს შესაძლოა, იგი რეალურად ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერებას ემსახურებოდეს, მაგრამ, თუკი პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა მიეცემათ, პარტიული სია სრულად ქალებით დააკომპლექტონ, მომავალში შესაძლოა, დაირღვეს სქესობრივი ბალანსი უკვე მამაკაცების არასაკმარისი რაოდენობიდან გამომდინარე. ამდენად, ნორმა განმწესრიგებელ სხდომაზე არ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად ცნობილი და იგი განხილული უნდა იქნეს არსებითი განხილვის ფორმატში.
15. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმა, რომელიც უშვებს მანდატის გაუქმების შესაძლებლობას შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, განხილული უნდა იქნეს სხვა ნორმებთან ერთად, ერთიან კონტექსტში. აღნიშნული რეგულირების მიზანი სწორედ სავალდებულო კვოტირების სისტემის ჯეროვნად ოპერირების უზრუნველყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შესაბამისი პროცედურების გამოყენებით, პოლიტიკურ პარტიებს თავი აერიდებინათ ზემოაღნიშნული მოთხოვნისათვის. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ არ არსებობს სადავო რეგულირების მოქმედების შეჩერების საფუძველი, რადგან სახეზე არ არის უფლების შეუქცევადად დარღვევის რეალური საფრთხე.
16. საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულ იქნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები - კახაბერ ნარეკლიშვილი და ნოდარ მელაშვილი. მოწმეთა განმარტებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო სუბიექტი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირებს პარტიულ სიას, მასში ცვლილების შეტანა შეუძლებელია, მათ შორის, ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც პარტიული სიის დასარეგისტრირებლად განსაზღვრული ვადა არ არის გასული.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების და მე-10 პუნქტის პირველი წინადადების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების და მე-10 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმა ადგენს პარტიულ სიებში კვოტების დაცვის ვალდებულებას, რაც გულისხმობს, რომ სიის ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა პარტიულ სიებში კვოტირების საკითხზე. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კვოტირების შედეგად პარტიულ სიებში მამაკაცების სავალდებულოდ გათვალისწინების მოთხოვნა, ხოლო სიებში ქალების სავალდებულოობა საარჩევნო უფლების გამართლებულ შეზღუდვად მიიჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა შეაფასოს, ხომ არ არსებობს სადავო ნორმების არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი. კერძოდ, უნდა შეფასდეს თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილ პარტიულ სიებში გარკვეული რაოდენობის მამაკაცების სავალდებულო წესით გათვალისწინების მოთხოვნის არაკონსტიტუციურობა ხომ არ არის უკვე დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს №3/3/1526 გადაწყვეტილებით.
3. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს. ზემოხსენებული სადავო რეგულირებები თვისობრივად უკავშირდება ერთმანეთს. პირველ შემთხვევაში სადავო ნორმა უზრუნველყოფს მამაკაცთა მინიმალურ ოდენობას პარტიულ სიაში, ხოლო მეორე შემთხვევაში პარტიული სიით უკვე არჩეული მამაკაცი საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტისას მის ადგილმონაცვლედ განიხილავს ამავე სქესის წარმომადგენელს, რათა კვოტირების შედეგად დადგენილი სქესობრივი ბალანსი არ დაირღვეს. აღნიშნული ნორმების ერთმანეთთან მჭიდრო შინაარსობრივი კავშირიდან გამომდინარე, მათი №3/3/1526 გადაწყვეტილების შესაძლო დამძლევი ბუნების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ერთიან კონტექსტში იმსჯელებს.
1.1. პარტიული სიის ყოველ სამეულში, მინიმუმ, ერთი მამაკაცი კანდიდატის გათვალისწინების ვალდებულება/პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის ადგილმონაცვლედ მომდევნო მამაკაცის განსაზღვრა
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
5. იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, არის თუ არა სადავო ნორმები არსებითად იმავე შინაარსის, რაც ერთხელ უკვე იქნა არაკონსტიტუციურად ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით და რამდენად შეიძლება, იგი მიჩნეულ იქნეს დასახელებული გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსების დადგენისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს: „სადავო ნორმა იწვევს თუ არა იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელსაც არღვევდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს … გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, რამდენად ხდება უფლების შეზღუდვა მსგავსი სამართლებრივი საშუალების გამოყენებით და დგება თუ არა არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინება საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“, II-5). ამდენად, შინაარსობრივი მსგავსება სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.
8. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს სადავო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. ამასთან, არსებითი მსგავსების პირობებშიც კი აუცილებელია, გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში.
9. 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
10. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დადგენილი სავალდებულო კვოტირების სისტემის კონსტიტუციურობაზე. პარტიული სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი მამაკაცი კანდიდატის წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა დღევანდელი მდგომარეობით, ისევე როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არსებულ ყველა მოწვევის პარლამენტში, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებ(ოდ)ა მამაკაცთა რაოდენობას. ამავე დროს, არ არსებობს რაციონალური მოლოდინი, რომ, თუნდაც სავალდებულო კვოტირების შემდეგ, უახლოეს მომავალში, პარლამენტში ქალების რაოდენობა გაასწრებს მამაკაცთა რაოდენობას და შეიქმნება მამაკაცთა სასარგებლოდ კვოტირების განხორციელების საჭიროება. შესაბამისად, სასამართლომ სადავო ნორმის ზემოხსენებული ნორმატიული შინაარსი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დამაბრკოლებელ ბარიერად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო იგი.
11. განსახილველ საქმეში „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტი, მათ შორის, ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა, საქართველოს პარლამენტის ნაცვლად, შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებს. ამასთან, ნაცვლად ყოველ ოთხეულში ერთი მამაკაცი კანდიდატისა, სავალდებულოა ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მამაკაცის წარდგენა. სწორედ ეს ორი ფაქტორი განასხვავებს განსახილველ საქმეში გასაჩივრებულ სადავო ნორმას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულირებისგან.
12. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა არეგულირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებს, აღნიშნული ორგანო ასევე არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კომპლექტდება პირდაპირი არჩევის წესით. საკრებულოსა და პარლამენტის უფლებამოსილებებს შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა, თავისთავად, ვერ ჩაითვლება ისეთ ფაქტორად, რაც წარმოშობს სადავო ნორმის არსებითი განხილვის ფორმატში მსჯელობის საფუძველს. ამასთან, არ იკვეთება აღნიშნულ ორგანოში მამაკაცთა კვოტირების გზით სქესობრივი ბალანსის დაცვის საჭიროება. თავად მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც არსებობს, როგორც მინიმუმ, ისეთივე ინტერესი ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისა, როგორც ეს პარლამენტის შემთხვევაში.
13. რაც შეეხება კვოტირების განსხვავებულ ინტენსივობას, განსახილველ შემთხვევაშიც, სადავო ნორმის მიზანია ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. შესაბამისად, მამაკაცების ყოველ სამეულში წარდგენის ვალდებულება ასევე ხელს უშლის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, თანაც უფრო მეტად ინტენსიური ფორმით. ამდენად, აშკარაა, რომ არც ერთი ზემოხსენებული განსხვავება განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარ რეგულირებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის არ ქმნის სადავო რეგულირების კონსტიტუციურობის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საფუძველს.
14. რაც შეეხება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტს, იგი არ არეგულირებს პარტიული სიის შედგენის წესს, თუმცა თვისებრივად უკავშირდება ზემოხსენებულ ნორმას და მის შინაარსს განავრცობს. იგი არეგულირებს მანდატების სქესის მიხედვით განაწილების საკითხს, როდესაც საკრებულოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება. აღნიშნული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს, არსებითად იმავე ფორმით უშლის ხელს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ზემოხსენებული ნორმა. როგორც მამაკაცის სავალდებულო წესით პარტიულ სიაში შეყვანა არ ემსახურება ქალთა წარმომადგენლობის ზრდას, ზუსტად ასევე არ ემსახურება აღნიშნულ ლეგიტიმურ ინტერესს გამოთავისუფლებული საკრებულოს მანდატის აუცილებლად მამაკაცის მიერ ათვისების ვალდებულების დაწესება.
15. ამდენად, სადავო ნორმებს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის არსებითად იდენტური შინაარსი და არ გამოკვეთილა რაიმე ახალი გარემოება, რომელიც წარმოაჩენდა №1647 კონსტიტუციური სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებით ფორმატში განხილვის აუცილებლობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი; და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს, გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
17. განსახილველი საქმის ფარგლებში, სადავოდ არის გამხდარი აგრეთვე „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-9 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. ამ დებულებების თანახმად, „2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის ამ მუხლით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება“. შესაბამისად, დასახელებული დებულებების მოქმედება სრულად არის დამოკიდებული ამავე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ პარტიული სიის შედგენის წესზე.
18. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამატებითი არგუმენტაცია, რომლის გამოც იგი ზემოხსენებული მუხლის მე-9 პუნქტს დამოუკიდებლად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის საწინააღმდეგოდ. მისთვის პრობლემურია მხოლოდ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული სქესთა შორის ბალანსის დაცვის ვალდებულება პოლიტიკური სუბიექტებისათვის. ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ზემოთ ხსენებული ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ, ბუნებრივია, სადავო დებულებებით გათვალისწინებული ღონისძიება კარგავს შემზღუდველ შინაარსს პარტიული სიის იმ ფორმით შედგენის ვალდებულებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, სიის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც უნდა იყოს მამაკაცი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-9 პუნქტზე დამოუკიდებლად მსჯელობის საჭიროება.
1.2. პარტიული სიის ყოველ სამეულში, მინიმუმ, ერთი ქალი კანდიდატის გათვალისწინების ვალდებულება/პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი ქალის ადგილმონაცვლედ მომდევნო ქალის განსაზღვრა
19. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით არ უმსჯელია სავალდებულო კვოტირების კონსტიტუციურობაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებთან მიმართებით და, ასევე, ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის წარმოდგენის ვალდებულებაზე. შესაბამისად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი და ამავე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი ქალის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო ქალს, არსებითი განხილვის ფორმატში უნდა იქნეს შეფასებული.
20. 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია სავალდებულო კვოტირების (ყოველ ოთხეულში ერთი ქალის რაოდენობით) დაწესება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისათვის. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკაში ქალთა დაბალი მონაწილეობა გამოწვეულია საზოგადოებაში დამკვიდრებული არაჯანსაღი შეხედულებებით ქალის როლთან დაკავშირებით, ამავე დროს, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ქალებს უბრალოდ არ სურთ პოლიტიკაში მონაწილეობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-32-34) და დაადგინა, რომ “...საქართველოს პარლამენტში ქალთა დაბალი წარმომადგენლობა პირდაპირ არის კავშირში მათი უნარების რეალიზებასთან დაკავშირებული ხელოვნური ბარიერების არსებობასთან. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი აღჭურავს სახელმწიფოს უფლებამოსილებით, მიიღოს ზომები პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისათვის” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/3/1526 გადაწყვეტილება, II-35).
21. ამასთან, სასამართლომ №3/3/1526 გადაწყვეტილებაში სადავოდ გამხდარი სავალდებულო კვოტირების მოდელი სწორედ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელოვნური ბარიერების განეიტრალების და არა სქესის ნიშნით ხელოვნური გათანაბრების მექანიზმად მიიჩნია. სასამართლომ ასევე გამიჯნა არჩევითი თანამდებობები პროფესიულისგან და დაადგინა, რომ საპარლამენტო სიებში ქალთა კვოტირებასა და საკანონმდებლო ორგანოს წევრთა კვალიფიკაციის გაუარესებას შორის მყარი კავშირი არ არსებობს. ხსენებული მოთხოვნა პარტიებისთვის არ ქმნის განსაკუთრებით მძიმე, გადაულახავ დაბრკოლებებს. ამავე დროს, მინიმალურია გავლენა ამომრჩეველთა შესაძლებლობაზე, აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/3/1526 გადაწყვეტილება, II-63-69). ხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ №3/3/1526 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ინტერესი გადაწონიდა შეზღუდვის შედეგად საარჩევნო უფლებისათვის მიყენებულ ზიანს და კონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა.
22. ამდენად, სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია კონსტიტუციური სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საარჩევნო სიაში ქალთა სასარგებლოდ გამოყენებული სავალდებულო კვოტირება. კერძოდ, იგი მიმართული უნდა იყოს ხელოვნური ბარიერების შედეგად გამოწვეული ქალთა ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმის შექმნის და არა პირთა შედეგებში გათანაბრებისკენ. ამავე დროს, კვოტირების შემოთავაზებული მექანიზმი არ უნდა ქმნიდეს შესასრულებლად რთულ, გადაულახავ ბარიერს პოლიტიკური პარტიებისათვის.
23. საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკაში არაერთხელ მიუთითა, რომ სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ უფლების შეზღუდვის ფაქტის წარმოჩენა (რაც მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის), ამავე დროს, აუცილებელია, გარკვეული ხარისხით იკვეთებოდეს სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-14; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/11/1557 განჩინება საქმეზე „შპს „იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). სასარჩელო მოთხოვნაა არა უფლების შეზღუდვის ფაქტის დადგენა, არამედ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, შესაბამისად, სწორედ ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას ემსახურება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დებულება. ამდენად, ხსენებული საკანონმდებლო დანაწესის მიზნებისათვის, №1647 კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანად მისაჩნევად მოსარჩლემ უნდა წარმოაჩინოს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კვოტირება, რომელიც არ არის ქალების პოლიტიკაში ჩართვის საჭიროებით ნაკარნახევი, ადგენს პარტიებისათვის შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს ან/და სახეზეა ისეთი გარემოება, რომელიც სასამართლოს მიერ საკითხის №3/3/1526 გადაწყვეტილებისგან განსხვავებულად გადაწყვეტის რეალურ ალბათობას განაპირობებს.
24. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი მასალების ანალიზი იძლევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ბოლო 3 არჩევნების შედეგად საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობის ზოგადი სურათის შექმნის შესაძლებლობას. კერძოდ, ბოლო სამი არჩევნების შედეგად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა იყო განსხვავებული. იგი საშუალოდ მერყეობს 0-დან 40 პროცენტამდე, გარდა ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც 2014 წელს, თვითმმართველი ქალაქის - ოზურგეთის საკრებულოში პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრთა 70% (7 წევრი) ქალი იყო. ამავე დროს, აღნიშნული სამი არჩევნების მონაცემებით, ქალთა საშუალო წარმომადგენლობა არ აღემატება პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრების 20 პროცენტს. ამდენად, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა და აშკარაა, რომ სადავო ნორმა მიმართულია მისი გაზრდისაკენ.
25. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საკრებულოში ასარჩევ პირთა კვოტირებასთან მიმართებით საქართველოს პარლამენტში ასარჩევ პირთა კვოტირებისაგან განსხვავებული მიდგომა უნდა აირჩიოს. მოსარჩელის არგუმენტაცია ძირითადად შემოიფარგლება ამ ორი ორგანოს განსხვავებულობის ზოგადი მითითებით. ბუნებრივია, სასამართლო იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოები სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი ორგანოებია. თუმცა აბსოლუტურად იდენტურია ყველა ფაქტორი, რომელიც №3/3/1526 გადაწყვეტილებაში კვოტირების ინსტიტუტის კონსტიტუციურობის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო. ორივე შემთხვევაში კვოტირება უკავშირდება ხელოვნური ბარიერებით გამოწვეული ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას, ორივე ორგანო აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე – ფარული კენჭისყრით. ამდენად, ორივე ორგანო უშუალოდ პირდაპირი დემოკრატიული პროცესის შედეგად კომპლექტდება და მათი წევრების არჩევა პირდაპირ არ უკავშირდება მათ პროფესიულ კვალიფიკაციას. შესაბამისად, ხსენებულ შემთხვევაშიც შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ კვოტირება საკრებულოს წევრების ზოგად კვალიფიკაციაზე უარყოფითად აისახება და, შედეგად, თვითმმართველობის ორგანოების ჯეროვან ფუნქციონირებას ზიანი მიადგება. შესაბამისად, კანონმდებელმა ისევე შეიძლება დაინახოს, სქესთა შორის ბალანსის დაცვის მოტივით, სავალდებულო კვოტირების შემოღების საჭიროება მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნებთან მიმართებით, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან. ამასთან, სავალდებულო კვოტირება ორივე ზემოხსენებულ ორგანოსთან მიმართებით პრინციპულად იდენტურ სამართლებრივ და ფაქტობრივ შედეგებს აყენებს. ამრიგად, ყველა ის არგუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებული კვოტირების გასამართლებლად, რელევანტურია საკრებულოსთან მიმართებით.
26. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში ყოველი ოთხი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა ყოფილიყო განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ეს მოთხოვნა მოქმედებს ყოველ სამეულთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს მიერ განხილული შემთხვევისგან განსხვავებულ შინაარსს სძენს შეზღუდვას. ბუნებრივია, პარტიული სიის ყოველ სამეულში ქალის გათვალისწინების ვალდებულება უფლების უფრო მძიმე შეზღუდვას წარმოადგენს ყოველი ოთხიდან მინიმუმ ერთი ქალის გათვალისწინებასთან შედარებით. თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს არა იმას, უკვე გადაწყვეტილია თუ არა სადავო საკითხი, არამედ არსებობს თუ არა რაიმე გარემოება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებს სარჩელის საფუძვლიანობაში ანუ უკვე დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების ფარგლებში მოთხოვნის დაკმაყოფილების პერსპექტიულობაზე. სასამართლომ №3/3/1526 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ კვოტირება დასაშვებია როგორც ქალთა პოლიტიკაში ჩართვის ხელშემწყობი ინსტრუმენტი, რომელიც არ იწვევს განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა აბსოლუტურ და ხელოვნურ გათანაბრებას და, ამავე დროს, არ ადგენს პარტიისათვის შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არჩევნებში მონაწილეობაზე.
27. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა რაოდენობრივი მოთხოვნის გაზრდა, ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი ქალის წარდგენა ვერ ჩაითვლება სქესის მიხედვით საკრებულოს წევრთა ხელოვნურ გათანაბრებად. ამ შემთხვევაში გაზრდილია კვოტირების რაოდენობრივი მოთხოვნა, მაგრამ არა იმ ხარისხით, რაც შინაარსს შეუცვლიდა დაწესებულ შეზღუდვას და ჩაითვლებოდა ხელოვნურ გათანაბრებად. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელი ახდენს არა ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, არამედ ეხმარება მათ წარმომადგენლობის გაზრდაში. მსგავსი მიდგომა, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ხელოვნური ბარიერების დაძლევას, მეორე მხრივ კი, არ უკარგავს ქალებს ინტერესს, თავად იზრუნონ რეალური თანასწორობის მიღწევისათვის. სადავო ნორმებით განსაზღვრული ზომა კვლავ მიმართულია ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობისკენ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მიერ სახელმწიფოსათვის სქესთა შორის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების დასაშვებ ფარგლებში ექცევა.
28. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიას უწევს ერთი პარტიული სიის შედგენა, მუნიციპალიტეტების საკრებულოების არჩევნებისათვის კი პარტიამ უნდა წარადგინოს პარტიული სია თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, თანაც უფრო მეტი ქალის მობილიზებას მოითხოვს, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პარტიას უწევს გაცილებით მეტი რაოდენობის ქალი პოლიტიკოსის მოძიება.
29. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მუნიციპალიტეტების სიმრავლიდან გამომდინარე, მოითხოვს უფრო მეტი ადამიანური რესურსის მოძიებას პარტიული სიების შესადგენად, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტმა წინასწარ უნდა იზრუნოს ხსენებული რესურსის მოძიებაზე. ამასთან, თავისთავად, ის გარემოება, რომ საარჩევნო სუბიექტებს შესაძლოა არ ჰყავდათ საკმარისი რაოდენობის ქალი პოლიტიკოსი, რომ ყველა პარტიული სია კანონის მოთხოვნის შესაბამისად დაკომპლექტებულიყო, არ გამოდგება შეზღუდვის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად. სავალდებულო კვოტირების შემოღება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ქალი პოლიტიკოსები და სწორედ მათ მოძიებაზე უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა. შესაბამისად, სავალდებულო კვოტირება თავის თავში გულისხმობს პარტიების მიერ დამატებითი ძალისხმევის გაწევას ქალი პოლიტიკოსების მოსაძიებლად და, თავისთავად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება შეზღუდვის მაღალი ინტენსივობის დასადასტურებლად. ამრიგად, შესაძლოა განსახილველ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა უწევთ მეტი ქალის მოსაძიებლად, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს, მაგრამ ეს გარემოება არ მიუთითებს პოლიტიკური პარტიებისათვის არჩევნებში მონაწილეობისთვის გადაულახავი ბარიერის დადგენაზე. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები მტკიცებულება, რომელიც წარმოაჩენდა, რომ საკმარისი რაოდენობით ქალების მოძიებამ და პოლიტიკაში ჩართვამ მისთვის არსებითად რთული/გადაულახავი ბარიერი წარმოშვა. მოცემულ შემთხვევაშიც, №1526 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, არგუმენტაცია ძირითადად შემოიფარგლება სისტემის უსამართლობაზე, ქალთა ჩაგვრაზე, მათთვის კვოტირების გარეშე წარმატების მიღწევის შეზღუდვაზე და მსგავს არგუმენტაციაზე აპელირებით. ხსენებული სასამართლომ ერთხელ უკვე არ გაიზიარა №3/3/1526 გადაწყვეტილებით და არც მოცემულ საქმეზე არსებობს მისი გაზიარების რეალური პერსპექტივა. ამდენად, ყველა არგუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ №3/3/1526 გადაწყვეტილებაში გამოიყენა პარტიული სიის ყოველ ოთხეულში, მინიმუმ, ერთი ქალის სავალდებულო გათვალისწინების კონსტიტუციურობის დასაბუთებისას, ასევე რელევანტურია მოცემულ შემთხვევაში და სახეზე არ არის რაიმე გარემოება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ხსენებულ საქმეზე საკითხის განსხვავებულად გადაწყვეტის პერსპექტიულობაში.
30. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში ერთმანეთისგან განსხვავებული რაოდენობით არიან წარმოდგენილნი საკრებულოს წევრი ქალები, ამდენად, გაუგებარია, რატომ უნდა მოეთხოვებოდეს პარტიას, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის სქესის მიხედვით იდენტურად დაბალანსებული პარტიული სიების წარდგენა.
31. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიზნად დაისახა თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში კონკრეტული მინიმალური ოდენობის ქალთა წარმოდგენა. იმისათვის, რომ ამგვარი ზომის გაუმართლებლობა იქნეს დასაბუთებული, საკმარისი არ არის მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტების საკრებულოებში სახეზეა ერთმანეთისგან განსხვავებული სქესობრივი ბალანსი. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ, ერთი მხრივ, ცალკეულ საკრებულოებს შორის სახეზეა აშკარა დისბალანსი ქალი საკრებულოს წევრების რაოდენობის მიხედვით, მეორე მხრივ, იმ საკრებულოებში, რომლებშიც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ დგას კვოტირების საჭიროება, ქალთა რაოდენობა სტაბილურად უნდა ფიქსირდებოდეს იმ ნიშნულზე, რომ სავალდებულო კვოტების შემოღება არ ჩაითვალოს მიზანშეწონილად.
32. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების უკანასკნელი არჩევნების შედეგები ვერ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ დაწესებული სავალდებულო კვოტირების ამ ფორმით შემოღების ლეგიტიმურობას. კერძოდ, 2010 წლის არჩევნების პროპორციული ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი თემის/ქალაქის 64 საკრებულოდან ორ მათგანში დაფიქსირდა სადავო ნორმებით გათვალისწინებულ ქალთა სავარაუდო ოდენობაზე (33.3%) უკეთესი შედეგი - 10-დან 4 ქალი (40%); 2014 წელს 71 საკრებულოდან, მხოლოდ ერთში (ქალაქ ოზურგეთის საკრებულო) დაფიქსირდა კვოტირებით დადგენილ სავარაუდო ოდენობაზე (33.3%) უკეთესი შედეგი - 10-დან 7 წევრი ქალი (70%). 2017 წლის არჩევნების პროპორციული ნაწილის მიხედვით კი 64 საკრებულოდან ასევე მხოლოდ ერთ საკრებულოში (წალენჯიხის საკრებულო) აღმოჩნდა სადავო ნორმებით გათვალისწინებულ ქალთა სავარაუდო ოდენობაზე მეტი ქალი - 15-დან 6 წევრი (40%). ამასთან, 2014 წელს პროპორციული სიით გასულ საკრებულოს წევრებს შორის ქალები წარმოდგენილნი იყვნენ 33.3%-ით ორ საკრებულოში, ხოლო 2017 წელს - 7 საკრებულოში. ყველა სხვა შემთხვევაში, ორივე არჩევნების შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა პროპორციული სიით გასულ საკრებულოს წევრებს შორის ნაკლები იყო სადავო ნორმების მიერ ქალების სავარაუდო ზღვრად დადგენილ ოდენობაზე.
33. ზემოაღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ უკანასკნელი სამი არჩევნების შედეგების მიხედვით, სავალდებულო კვოტირებით დაწესებულ ზღვარზე უკეთესი შედეგი სულ ოთხ შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც ზოგადი სურათიდან აშკარა გამონაკლისს წარმოადგენს. 2014 წელს ორ საკრებულოში და 2017 წელს 7 საკრებულოში დაფიქსირდა ისეთი სქესობრივი ბალანსი, რაც სადავო ნორმის საფუძველზე უზრუნველყოფილია, როგორც სავარაუდო ნიშნული სქესობრივი ბალანსის. ამდენად, აშკარაა, რომ ხსენებული მონაცემების გათვალისწინებით, საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მიერ ყველა მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულო კვოტირების იდენტური ოდენობით განსაზღვრა არაგონივრულ ღონისძიებას წარმოადგენს.
34. ზემოაღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, სადაც 2014 წლის არჩევნებზე პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა ოდენობა არანაკლებ 33.3% იყო, 2017 წლისათვის ამ მონაცემებმა დაიკლო და არც ერთი ამ ტერიტორიული ერთეულის საკრებულოში ხსენებულმა მონაცემმა ვეღარ მიაღწია 33.3%-ს. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში მუნიციპალიტეტების მკაცრად დაყოფა იმ ნიშნით, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სავალდებულო კვოტირება ზოგიერთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში საჭირო არ არის, რაციონალურ საფუძველს მოკლებულია.
35. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ სავალდებულო კვოტირებას ხშირ შემთხვევაში შედეგად მოაქვს ქალი კანდიდატების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული ოდენობის ქალი პოლიტიკოსები ჰყავს, იგი იძულებული ხდება ყველა ქალი კანდიდატი გამოიყენოს კანონის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები გაბნეულ იქნენ ყოველ სამეულში. ხსენებული არგუმენტის გასამყარებლად მოსარჩელე უთითებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მაგალითს. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხაშურის მუნიციპალიტეტში წარდგენილ მოსარჩელის პარტიულ სიაში პირველი ორი ქალი იყო, რომლებიც საკრებულოში მოხვდნენ. მისი პოზიციით, ვინაიდან პარტიას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ქალების სიის 1/3-ზე მეტის დასაკომპლექტებლად, მას მოუწევს მეორე ნომრის ნაცვლად, მისი ლიდერი ქალი სიაში ჩასვას მე-4 ნომრად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი საკრებულოს გარეთ დარჩენა. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, თეორიულ დონეზე სადავო რეგულირებამ შესაძლოა, ასეთი სტიმული მართლაც გააჩინოს და, შედეგად, რომელიმე ქალი პოლიტიკოსის უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდეს. თუმცა, რეალურად, ძნელად წარმოსადგენია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ ლიდერი ქალი სიაში გადაიყვანოს ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ვერ ახერხებს დამატებით კიდევ ერთი ქალის პოლიტიკაში ჩართვას, რომელიც სათანადო პოზიციას შეავსებს.
36. მიუხედავად ზემოაღნიშნული თეორიული დაშვებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ლიდერი პოლიტიკოსი ქალის საარჩევნო სიის მოწინავე პოზიციიდან დაქვეითება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პარტიას ქალი პოლიტიკოსების მოძიება უჭირს, ვერ აიხსნება რაციონალური ელექტორალური ლოგიკით. თუკი პარტიას მართლაც არ ჰყავს საკმარისი ოდენობის ქალი პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ლიდერი ქალი პოლიტიკოსები პარტიულ სიაში დააქვეითოს და, შესაბამისად, ელექტორალური შანსები მნიშვნელოვნად შეიმციროს, ბევრად უფრო გონივრული და ლოგიკური იქნება, მომავალ არჩევნებამდე არსებული დრო გამოიყენოს უფრო მეტი ქალი პოლიტიკოსის მოსაძიებლად, რა ვარაუდსაც სადავო ნორმები ეყრდნობა.
37. ზემოაღნიშნული მსჯელობის რეალობასთან სიახლოვეს ადასტურებს თავად მოსარჩელე პოლიტიკური პარტიის ქმედებაც. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2017 წლის არჩევნების დროს პარტიამ ხაშურის საკრებულოს წევრობის პირველ ორ კანდიდატად პარტიულ სიაში წარადგინა ორი ქალი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის არჩევნებისთვის, ხაშურის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიამ დაარეგისტრირა პარტიული სია, სადაც პირველ სამეულში ორი ქალია და წარდგენილი 22 კანდიდატიდან 11 ქალია. აღნიშნული პრაქტიკული მაგალითი თავისთავად მეტყველებს, რომ სადავო ნორმის შედეგად ხდება არა ლიდერი ქალების პარტიულ სიაში უკან დაწევა, არამედ პოლიტიკაში მეტი ქალის მობილიზება.
38. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო სუბიექტთა თანასწორი შესაძლებლობების გარანტიაზე. კერძოდ, პატარა პარტიებს არ გააჩნიათ ისეთივე ადამიანური რესურსი, როგორც დიდ პარტიებს, შესაბამისად, სადავო რეგულირება განსაკუთრებულ ბარიერს ადგენს პატარა პარტიებისა და მათი პოლიტიკოსებისათვის. მოსარჩელის განმარტებით, ამ შემთხვევაში პარტიის ზომას კავშირი არ აქვს მისი წევრი პოლიტიკოსების სქესთან, მაგრამ პატარა პარტიებს, ზოგადად, ნაკლები ადამიანური რესურსი გააჩნიათ და სწორედ ეს გარემოება განაპირობებს მათ უთანასწორობას დიდ პარტიებთან შედარებით.
39. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე სადავოდ არ არის გამხდარი საკრებულოში წარსადგენი პარტიული სიის ზომის განმსაზღვრელი ნორმა. შესაბამისად, არგუმენტი, რომელიც შეეხება შედარებით მცირე რესურსის მქონე პარტიებისათვის შექმნილ სირთულეებს, რეალურად, არ უკავშირდება კვოტირებას. სადავო ნორმის მოთხოვნების შესრულება შეიძლება, სხვებთან შედარებით, მძიმე ტვირთი იყოს ისეთი პარტიებისთვის, რომლებსაც ახასიათებთ დიდი დისბალანსი სქესის ნიშნით, თუმცა არ გამოკვეთილა, რომ მოსარჩელე ასეთ პარტიას წარმოადგენს, ამავე დროს, სწორედ ამ დისბალანსის აღმოფხვრისა და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას ემსახურება სადავო ნორმა.
40. თუ მოსარჩელე მიუთითებს, რომ, რაც უფრო მეტი რესურსი აქვს პარტიას, მით უფრო ადვილად შეძლებს პოლიტიკაში ქალების მობილიზებას, ხსენებული შეიძლება, თეორიულად სიმართლეს წარმოადგენდეს, თუმცა არა მხოლოდ ქალების პოლიტიკაში ჩართვასთან, არამედ სხვა ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევასთან მიმართებით. ზოგადად, არგუმენტი, რომლის თანახმადაც, მეტი შესაძლებლობების/რესურსების მქონე პირი უკეთეს შედეგებს აღწევს, არ გამოდგება თანასწორობის შეზღუდვის წარმოსაჩენად. ამისათვის მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ შემოღებული შეზღუდვა არსებით საფრთხეს უქმნის პარტიების ფუნქციონირებას ან/და დიდ პარტიებს ხელოვნურად აყენებს უპირატეს მდგომარეობაში. მსგავსი გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ გამოკვეთილა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფოს მიერ შემოღებული პარტიულად ნეიტრალური ბუნების შეზღუდვა, რომელიც ცალკეული პარტიების მხრიდან მეტ-ნაკლებად განსხვავებული ძალისხმევის გაღებას მოითხოვს. ამრიგად, არ დასტურდება საარჩევნო სუბიექტთა თანასწორ შესაძლებლობებზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი გარემოება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის დაწესებული კვოტირების კონსტიტუციურობის შეფასებისას.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც №1647 კონსტიტუციური სარჩელიდან და არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოკვეთილა არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში დაარწმუნებდა. არგუმენტაცია, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა №3/3/1526 გადაწყვეტილებით კონსტიტუციურად მიიჩნია, რელევანტურია მოცემულ შემთხვევაშიც და სახეზე არ არის გარემოება, რომელიც ხსენებულ საქმეზე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის პერსპექტივას წარმოაჩენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-8 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი ქალის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო ქალს, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით, სახეზეა სარჩელის განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან
42. კონსტიტუციური სარჩელით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, თუკი პროპორციული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და პარტიულ სიაში აღარ არის დარჩენილი იმავე სქესის კანდიდატი, მანდატი უქმდება. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ნორმა, რომლის საფუძველზეც მამაკაცი საკრებულოს წევრისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს აუცილებლად იკავებდა იმავე სქესის წარმომადგენელი, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადებამ შინაარსი დაკარგა ზემოთ აღწერილ შემთხვევასთან მიმართებით. შესაბამისად, განსახილველ სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს იმ შინაარსით, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრი ქალისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი პარტიულ სიაში აღარ არის ქალი კანდიდატი, მანდატი უქმდება. მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით მძიმე ხასიათის შეზღუდვას აწესებს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებაში და ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსს.
43. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებული შეზღუდვა ეფუძნება იმავე ლოგიკას, რასაც, ზოგადად, კვოტირების ინსტიტუტი. კერძოდ, კანონი ავალდებულებს პოლიტიკურ პარტიებს, სიაში გაითვალისწინონ იმდენი ქალი, რამდენიც შეიძლება საჭირო გახდეს უფლებამოსილებაშეწყვეტილი ქალი დეპუტატების ჩასანაცვლებლად. ამდენად, სადავო ნორმა აშკარად წარმოადგენს საარჩევნო სიებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის წამახალისებელ მექანიზმს, მათ შორის, იმაზე უფრო ეფექტურს, ვიდრე სიის ყოველი სამი კანდიდატიდან მინიმუმ ერთი ქალის გათვალისწინების ვალდებულებაა.
44. ამავე დროს, ერთი შეხედვით, მანდატის გაუქმების ინსტიტუტი არადემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენს, თუმცა როგორც უკვე დადგენილია სასამართლოს მიერ, დემოკრატიის პრინციპს არ არღვევს პარტიულ სიაში გარკვეული რაოდენობით ქალების გათვალისწინების მოთხოვნა, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მისი დარღვევა არათუ ერთი მანდატის, არამედ მთლიანად პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
45. ბუნებრივია, გარკვეული ობიექტური მიზეზებით, მათ შორის, არჩეული წევრების გარდაცვალების შედეგად შესაძლებელია, საჭირო გახდეს საკრებულოს არჩეული წევრის სიის მომდევნო წევრით ჩანაცვლება. თუმცა პოლიტიკური პარტიის მიერ სადავო ნორმის საფუძველზე მანდატის დაკარგვის შესაძლებლობა უაღრესად ჰიპოთეტურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკრებულოში ქალთა რაოდენობის შემცირების მიზნით, თავადვე მოაწყობს მსგავსი მდგომარეობის ინსცენირებას და მისი სიის წევრი ქალები ხელოვნურად იტყვიან უარს მანდატზე. მანდატის დაკარგვის შესაძლებლობა კიდევ უფრო დაბალია საკრებულოში მცირე წარმომადგენლობის მქონე პარტიებისათვის, რომელსაც მიაკუთვნებს თავს მოსარჩელე და რომლის პოზიციიდანაც აყენებს სარჩელის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას. კერძოდ, კანონმდებლობის თანახმად, პარტიას მოეთხოვება საარჩევნო სიაში ჰყავდეს, მინიმუმ, იმდენი კანდიდატი, რამდენი წევრიც არის ასარჩევი საკრებულოში, შესაბამისად, პარტიამ არჩევნების შედეგად საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედიც რომ მოიპოვოს, მას საარჩევნო სიაში მაინც რჩება არჩეულ წევრებზე, მინიმუმ, სამჯერ მეტი სარეზერვო პირი, უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ჩასანაცვლებლად.
46. მანდატის დაკარგვის ჰიპოთეტური საფრთხის საპირწონედ, სადავო ნორმა გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საარჩევნო სუბიექტებმა ფორმალურად შეიყვანონ პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები და შემდგომ, მათ მიერ მანდატზე უარის თქმით თავი აარიდონ სავალდებულო კვოტირებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ, რაც სავალდებულო კვოტირების სისტემა იქნა შემოღებული საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე, ორმა საარჩევნო სუბიექტმა, მანდატზე უარის თქმის და სიის ჩახსნის მექანიზმის გამოყენებით მოპოვებული 4 საპარლამენტო მანდატი აითვისა ისე, რომ არც ერთი ქალი არ მოხვედრილა პარლამენტში მათი პარტიული სიიდან. შესაბამისად, ხსენებული საფრთხის რეალურობა ეჭვქვეშ არ დგას. ამავე დროს, დადგენილი შეზღუდვის საპირწონედ არ გამოდგება ზემოხსენებული მექანიზმების გაუქმება. საკრებულოს წევრისათვის მანდატზე უარის თქმის შესაძლებლობის წართმევა შეიძლება მანდატის დაკარგვაზე ბევრად არადემოკრატიულიც კი იყოს.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა უზრუნველყოფს სავალდებულო კვოტირების პრაქტიკაში სათანადოდ ოპერირებას. იგი ფაქტობრივად წარმოადგენს სავალდებულო კვოტირების განუყოფელ ნაწილს, რომელიც მინიმალურად ზრდის შეზღუდვის სიმძიმეს. მისგან მომდინარე უაღრესად ჰიპოთეტური საფრთხეების პრევენცია მარტივად შეუძლია ნებისმიერ პარტიას საარჩევნო სიაში საჭირო რაოდენობის ქალების გათვალისწინებით. ამდენად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა ფაქტობრივად კვოტირების ინსტიტუტის კონსტიტუციურობის თანმდევი საკითხია.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1647 კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოკვეთილა არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობას წარმოაჩენდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
3. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან
49. №1647 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია პოლიტიკურ პარტიათა თავისუფლება.
50. მოსარჩელე მხარემ საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან შეუსაბამობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სავალდებულო კვოტირების შემოღება შეუძლებელს ხდის შიდაპარტიული მექანიზმის მოქმედებას, რომლის საფუძველზეც, პარტიულ სიაში პოლიტიკოსების პოზიციის განსაზღვრა ხორციელდება თავისუფალი კონკურენციის პირობებში. ამდენად, სადავო ნორმები ზეგავლენას ახდენს მთლიანად პარტიის ფუნქციონირებაზე.
51. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
52. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი განამტკიცებს საარჩევნო უფლებას. სადავო ნორმას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიული სიის რეგისტრაციის წინაპირობებს ადგენს, სწორედ ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებასთან გააჩნია შინაარსობრივი მიმართება. თავის მხრივ, ყველა ის შესაძლო ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია ხსენებული წინაპირობების შესაბამისად პარტიული სიის შედგენის სირთულესთან, თავისთავად, შეფასებადია საარჩევნო უფლების ფარგლებში. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართების დასაბუთებისას მიუთითებს იმ სირთულეებზე, რაც გამომდინარეობს სწორედ პარტიული სიის სქესთა შორის ბალანსის დაცვის ვალდებულებიდან. შესაბამისად, ვერ იქნა დასაბუთებული სადავო რეგულირების რაიმე ისეთი მზღუდავი ეფექტის არსებობა, რაც შეფასებადი არ არის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის ფარგლებში.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1647 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან
54. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების კონსტიტუციურობას სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც. მათი მითითებით, სადავო ნორმა აწესებს დისკრიმინაციას სქესის ნიშნით, რადგან პარტიული სიის პოზიციას, რომელსაც პოლიტიკოსი დაიკავებდა კვოტირების არარსებობის პირობებში, იკავებს სხვა, განსხვავებული სქესის მქონე პოლიტიკოსი. ამასთან, საკრებულოს წევრი ქალისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მანდატს ითვისებს პარტიულ სიაში მყოფი მომდევნო ქალი, ხოლო მამაკაცის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში - სიაში მყოფი მომდევნო მამაკაცი. შესაბამისად, სადავო რეგულირება იწვევს იმ პირთა დისკრიმინაციას, რომლებსაც რიგითობის მიხედვით ეკუთვნით, ერთი მხრივ, დამსახურებული პოზიცია პარტიულ სიაში, მეორე მხრივ, გამოთავისუფლებული მანდატი.
55. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა მამაკაცი კანდიდატების წარდგენის ვალდებულებას პარტიული სიის ყოველ სამეულში, ასევე რეგულირება, რომლის საფუძველზეც, მამაკაცი საკრებულოს წევრისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებდა მომდევნო მამაკაცი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნორმებს შეაფასებს მხოლოდ იმ შინაარსით, რომლის მიხედვითაც, პარტიული სიის ყოველ სამეულში წარდგენილი უნდა იქნეს ქალი პოლიტიკოსი, ასევე, ქალი საკრებულოს წევრისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში მყოფი მომდევნო ქალი.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის შინაარსი მხოლოდ მამაკაცთა უფლებრივ მდგომარეობაზე ახდენს უარყოფით გავლენას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
57. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ქალები და პოლიტიკური გაერთიანება. შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს მამაკაცების დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების თაობაზე დავის უფლებამოსილ სუბიექტს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
58. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამობის დასაბუთებისას ასევე განმარტავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის სქესის მიხედვით იდენტურად დაბალანსებული პარტიული სიების წარდგენის ვალდებულება უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს პატარა პარტიებს დიდ პარტიებთან შედარებით. კერძოდ, პატარა პარტიებს არ გააჩნიათ ისეთივე ადამიანური რესურსი, როგორიც დიდ პარტიებს, შესაბამისად, სადავო რეგულირება განსაკუთრებულ ბარიერს ადგენს პატარა პარტიებისთვის. მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევს, რომ გარდა პარტიებისა, უთანასწორო მდგომარეობაში ასევე არიან პატარა პარტიების წარმომადგენელი ქალი პოლიტიკოსები დიდი პარტიის წარმომადგენელ ქალ პოლიტიკოსებთან მიმართებით, რადგან პატარა პარტიები, არასაკმარისი ადამიანური რესურსის გამო, იძულებულნი არიან, ქალი პოლიტიკოსები არ წარადგინონ პარტიული სიის მოწინავე პოზიციებზე, არამედ მათი გაბნევა მოახდინონ მთელ პარტიულ სიაზე, რათა კანონის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
59. სასამართლომ როგორც უკვე მიუთითა, კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე, თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებაში უნდა იქნეს ამოკითხული. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განმარტავს, რომ სავალდებულო კვოტირება გავლენას ახდენს საარჩევნო სუბიექტების თანასწორობაზე და პატარა პარტიებისა და მათი პოლიტიკოსი ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლება თავის თავში მოიაზრებს საარჩევნო სუბიექტთა თანასწორი პირობების გარანტიას. ამდენად, სავალდებულო კვოტირების გავლენის საკითხი არჩევნებში საარჩევნო სუბიექტთა თანასწორ შანსებთან მიმართებით შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით.
60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1647 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3, მე-4 და 41 პუნქტების, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1647 კონსტიტუციური სარჩელი („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინებას დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის, ევა გოცირიძის, ირინე იმერლიშვილის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრები.
6. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში