საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 21 ოქტომბრის №3/2/1647 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/2/1647 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კვერენჩხილაძე |
თარიღი | 21 ოქტომბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ოქტომბერი 2021 17:48 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 21 ოქტომბრის №3/2/1647 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის2021 წლის 21 ოქტომბრის №3/2/1647 განჩინებაში გამოხატულ პოზიციასთან დაკავშირებით. ხსენებული განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითად განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1647) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებით, რასაც არ ვეთანხმები.
2. სადავო ნორმის მიხედვით, საკრებულოს წევრი ქალის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ წარდგენილ პარტიულ სიაში აღარ არის ქალი კანდიდატი, მანდატი უქმდება. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით მძიმე ხასიათის ჩარევას აწესებს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებაში და ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მანდატის გაუქმების ინსტიტუტი სავალდებულო კვოტირების სისტემის განუყოფელ ნაწილად და ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნია, რაც საფუძვლად დაედო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას.
3. სწორედ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს, რადგან მიმაჩნია, რომ, ერთი მხრივ, არ არსებობდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ არსებითი განხილვის ფორმატში მსჯელობაზე უარის თქმის საფუძველი, მეორე მხრივ კი, პარტიულ სიაში ქალი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში დემოკრატიული წესით მოპოვებული მანდატის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიარებ სხვა სადავო ნორმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას.
სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
4. უპირველესად, გაურკვეველია რა საფუძვლით თქვა უარი სასამართლომ სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ქალთა სავალდებულო კვოტირების დამდგენი ნორმების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის დასაბუთებისას სასამართლო დაეყრდნო 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას და მიუთითა, რომ №1647 კონსტიტუციურ სარჩელში და საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში. აღნიშნულ სადავო ნორმებთან დაკავშირებით სასამართლოს არგუმენტაციას ვიზიარებ, თუმცა არსებითად განსხვავებული მოცემულობაა მანდატის გაუქმების ინსტიტუტის დამდგენ ნორმასთან მიმართებით.
5. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს №3/3/1526 გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია მანდატის გაუქმების დამდგენი რეგულირების კონსტიტუციურობაზე. დასახელებულ გადაწყვეტილებაში სადავოდ გამხდარი ნორმა ცალსახად მიუთითებდა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი პარტიულ სიაში აღარ იყო დარჩენილი იმავე სქესის პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მის ადგილს იკავებდა პარტიულ სიაში მყოფი მომდევნო კანდიდატი, მიუხედავად მისი სქესისა. გარდა ამისა, სადავო ნორმა პრაქტიკაშიც სწორედ ასეთი შინაარსით იქნა გამოყენებული და სარჩევნო სუბიექტებმა, რომელთა პარტიულ სიაში აღარ იყო დარჩენილი პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, პარლამენტში შეიყვანეს მამაკაცი კანდიდატები. შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში განსახილველი სამართლებრივი რეალობა არსებითად განსხვავდება №3/3/1526 გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ შეფასებული საკითხისაგან.
6. სასამართლოს მითითება, რომ მანდატის გაუქმების ინსტიტუტი ფაქტობრივად სავალდებულო კვოტირების სისტემის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ვერ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ №1647 და №1526 კონსტიტუციურ სარჩელებში არსებული შესაფასებელი მოცემულობა არსებითად მსგავსია. სასამართლო საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ „ერთი შეხედვით, მანდატის გაუქმების ინსტიტუტი არადემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენს, თუმცა როგორც უკვე დადგენილია სასამართლოს მიერ, დემოკრატიის პრინციპს არ არღვევს პარტიულ სიაში გარკვეული რაოდენობით ქალების გათვალისწინების მოთხოვნა, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მისი დარღვევა არათუ ერთი მანდატის, არამედ მთლიანად პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის №3/2/1647 განჩინება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
7. მიმაჩნია, რომ სასამართლოს ზემოაღნიშნული არგუმენტაცია პრინციპულად არასწორ დაშვებებს ეყრდნობა. საარჩევნო სუბიექტისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გარკვეული წინაპირობების წინასწარ განსაზღვრა გაიგივებული არ უნდა იქნეს იმგვარი ტიპის შეზღუდვასთან, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საარჩევნო სუბიექტის მიერ დემოკრატიული წესით მოპოვებული მანდატის გაუქმება. დასახელებულ შეზღუდვებს არსებითად განსხვავებული გავლენა აქვს საარჩევნო უფლებაზე და, შესაბამისად, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებულ გამართლებას საჭიროებს.
8. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სქესობრივად დაბალანსებული პარტიული სიის წარდგენის ვალდებულება საარჩევნო სუბიექტებს ავალდებულებს, შესაბამისი ძალისხმევა გასწიონ ქალი პოლიტიკოსების მოსაძიებლად, რაც, თავისთავად, საარჩევნო უფლების მაღალი ინტენსივობით შეზღუდვას იწვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ამომრჩევლის მიერ უშუალოდ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფას. ხსენებულისგან განსხვავებით, მანდატის გაუქმების ინსტიტუტი პირდაპირ უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას და ყველაზე მძიმე ფორმით ზღუდავს როგორც აქტიურ, ასევე პასიურ საარჩევნო უფლებას. აქედან გამომდინარე, მისი გამართლებისთვის აუცილებელია მნიშვნელოვნად წონადი არგუმენტების წარმოდგენა.
9. აღსანიშნავია, რომ განმწესრიგებელი სხდომის ბუნებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით სრულფასოვნად წარმოედგინა შესაბამისი არგუმენტაცია. ამასთან, ნაცვლად საკითხის სრულფასოვანი გამოკვლევისა, სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების შესაძლებლობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატშიც. შედეგად, სრულიად ბუნდოვანი დარჩა საკითხი, თუ რამდენად აკმაყოფილებდა სადავო ნორმა თანაზომიერების პრინციპის ცალკეულ მოთხოვნებს. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზე არ იყო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი
10. გარდა სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებისა, მიმაჩნია, რომ განსახილველ საქმეში, რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობდა მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველიც. მანდატის გაუქმების მექანიზმის შემოღება მართლაც ემსახურება იმავე ლეგიტიმურ მიზანს, რის მისაღწევადაც იქნა შემოღებული სავალდებულო კვოტირების სისტემა. ამასთან, იგი მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებასაც წარმოადგენს. თუმცა, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არ არის მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, მეორე მხრივ კი, არასამართლიან ბალანსს ადგენს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის.
11. უპირველესად, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შემოღების საფუძველი და მისი რეალური მიზანი. როგორც საქართველოს პარლამენტის პოზიციიდან ირკვევა, მისი მიზანია, გამორიცხოს ისეთი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტები, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გზით, ბოროტად იყენებენ აღნიშნულ მექანიზმს სავალდებულო კვოტირებისათვის თავის ასარიდებლად. შესაბამისად, სასამართლოს აუცილებლობის ეტაპზე უნდა შეეფასებინა, რამდენად შესაძლებელია საკითხის იმგვარად რეგულირება, რომ, ერთი მხრივ, გამოირიცხოს ხსენებული მექანიზმის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებულ მანდატს არ შეექმნას გაუქმების საფრთხე იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი პროცესის შედეგად დგება იმგვარი მოცემულობა, რომ პარტიულ სიაში აღარ არის დარჩენილი საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი.
12. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხა ოთხი საპარლამენტო მანდატის ათვისება ისე, რომ არც ერთი ქალი კანდიდატი არ იქნა შეყვანილი პარლამენტში. ორივე შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გააუქმეს გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების ნაწილის წარდგენის შესახებ, ხოლო პარტიულ სიაში დარჩენილმა პარლამენტის წევრობის ერთეულმა ქალმა კანდიდატებმა უარი განაცხადეს მათთვის განკუთვნილი მანდატის ათვისებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პარტიის მიერ რეგისტრაციიდან ჩახსნილ იქნა პარტიული სია, სხვა ქალ კანდიდატებს არ მისცემიათ შესაძლებლობა აეთვისებინათ მათთვის განკუთვნილი მანდატი. შესაბამისად, დასადგენია, რამდენადაა შესაძლებელი აღნიშნული მექანიზმის იმგვარად რეგულირება, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად გამოირიცხოს მისი გამოყენებით სავალდებულო კვოტირებისათვის თავის არიდება, მეორე მხრივ კი, არ გაუქმდეს მანდატი, თუკი პარტიულ სიაში დარჩენილია საკრებულოს წევრობის კანდიდატი.
13. მიმაჩნია, რომ მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი ერთ-ერთი საშუალება იქნებოდა, მაგალითისათვის, პარტიული სიის ნაწილის რეგისტრაციიდან მოხსნის მექანიზმის იმგვარი მოწესრიგება, რომლის საფუძველზეც პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლება პარტიული სიის ნაწილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გარკვეულად შეზღუდულიყო, რათა გამორიცხულიყო პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხსენებული მექანიზმის გამოყენება კვოტირებისათვის თავის ასარიდებლად. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე. თუ განცხადება 3 დღის ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. შესაბამისად, არსებული რეგულირებით, პარტიული სიის ნაწილის რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია პარტიის ხელმძღვანელი პირის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ცესკოს თავმჯდომარის მიერ განცხადების არდაკმაყოფილების შემთხვევაშიც, 3 დღის ვადის გასვლის შემდგომ, რეგისტრაცია უქმდება.
14. მივიჩნევ, რომ არსებობს შესაძლებლობა, ზემოაღნიშნულ პროცესში პარტიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ფარგლების შემცირება და ცესკოს თავმჯდომარის როლის გაზრდა მოხდეს იმგვარად, რომ ამ უკანასკნელს მიენიჭოს უფლებამოსილება, უარი განაცხადოს პარტიული სიის რეგისტრაციიდან მოხსნაზე იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ ხელოვნურად ხდება ამ მექანიზმის გამოყენება კვოტირების მოთხოვნის უგულებელსაყოფად. ამრიგად, თუკი ცესკოს თავმჯდომარე, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღვანელი პირი სიის რეგისტრაციიდან მოხსნის მექანიზმს იყენებს კვოტირებისათვის თავის ასარიდებლად, სიის რეგისტრაციიდან მოხსნის განცხადება შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში, პარტიული სიის რეგისტრაციიდან მოხსნის სავალდებულო წინაპირობად შესაძლებელია განისაზღვროს პარტიულ სიაში მყოფი ყველა ქალი კანდიდატის მიერ ცხადად გამოხატული თანხმობა პარტიის ხელმძღვანელი პირის განცხადებასთან დაკავშირებით, რათა გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მანდატის ათვისებაზე უფლებამოსილი ქალების ნების უგულებელყოფის გზით, სავალდებულო კვოტირების სისტემისათვის გვერდის ავლა. გარდა ამისა, თუკი პარტიულ სიაში მყოფი ყველა კანდიდატი თავისუფალი ნებით მართლაც უარს აცხადებს მანდატის ათვისებაზე, მათ შესაძლებლობა რჩებათ ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე უარი თქვან მანდატის ათვისებაზე, რათა მათი ნების საწინააღმდეგოდ არ მოხდეს უფლებამოსილების ცნობა.
15. ამგვარი მექანიზმის შემოღების შემთხვევაში, ერთი მხრივ, მაქსიმალურად გამოირიცხებოდა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ისეთი მდგომარეობის ინსცენირება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს შესაძლებლობას მისცემდა ხელოვნურად ეთქვა უარი კვოტირების მოთხოვნის შესრულებაზე, მეორე მხრივ კი გამოირიცხებოდა მანდატის გაუქმების შესაძლებლობა, თუკი ასეთი მოცემულობა ბუნებრივად, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე დადგებოდა. ასეთ პირობებში, ერთადერთი საშუალება, რომლის საფუძველზეც საარჩევნო სუბიექტი შეძლებდა კვოტირებისათვის ხელოვნურად თავის არიდებას, შეიძლებოდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის მიერ პარტიულ სიაში ყველა ისეთი ქალი კანდიდატის ფორმალურად წარმოდგენა, რომლებთანაც წინასწარ იქნებოდა შეთანხმებული ამგვარი სცენარის ხელოვნურად გათამაშება. თუმცა, ასეთი შესაძლებლობა ნაკლებად არის მოსალოდნელი ელექტორალური ლოგიკიდან გამომდინარე. ამგვარი სცენარის რეალიზება შესაძლებელია განხორციელდეს ერთეულ შემთხვევებში, რასაც შეიძლება მინიმალური გავლენა ჰქონდეს სავალდებულო კვოტირების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ბუნებრივი პროცესების შედეგად, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პარტიულ სიაში აღარ არის დარჩენილი საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი, რომ სადავო ნორმის საფუძველზე გაუქმდეს საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული მანდატი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
16. გარდა ზემოაღნიშნულისა, სადავო ნორმა ასევე ვერ აკმაყოფილებს ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნებს. სასამართლომ სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიუღებლობის ძირითად არგუმენტად გამოიყენა საარჩევნო სუბიექტის მიერ მანდატის დაკარგვის საფრთხის ჰიპოთეტური შესაძლებლობა და მიუთითა, რომ აღნიშნულის საპირწონედ, იგი გამორიცხავს სავალდებულო კვოტირებისათვის გვერდის ავლის რეალურ საფრთხეს და უზრუნველყოფს მის ეფექტიან ფუნქციონირებას. შედეგად, სასამართლომ სადავო რეგულირება არ მიიღო არსებითად განსახილველად და არ შეაფასა მის საფუძველზე დადგენილი ინტერესთა ბალანსის სამართლიანობა.
17. თუ სასამართლოს მოუწევდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნათა საფუძველზე, მისი გამართლებისათვის აუცილებელი იქნებოდა ბევრად უფრო წონადი არგუმენტების წარმოდგენა ინტერესთა შორის დადგენილი ბალანსის სამართლიანობის დასადასტურებლად. აღნიშნულის დასაბუთებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ იმ საფრთხეების რეალურობის ხარისხის შედარება, რომელიც თან ახლავს, ერთი მხრივ, სადავო ნორმას, მეორე მხრივ კი, მის არარსებობას. სასამართლო ვალდებულია, მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ დასახელებული საფრთხეების რეალურობის ხარისხი, არამედ ასევე ყურადღება გაამახვილოს თავად შეპირისპირებულ ინტერესთა მნიშვნელობაზე, მათ ფუნქციაზე კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა წესრიგში.
18. საფრთხის ჰიპოთეტურ ხასიათზე მითითებით ინტერესთა ბალანსის სამართლიანობის დასაბუთება ლეგიტიმურია იმ შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება მეტ-ნაკლებად თანაბარი ინტერესები. ასეთ შემთხვევაში, საფრთხის ჰიპოთეტური ხასიათი შესაძლოა მართლაც დაედოს საფუძვლად სადავო შეზღუდვის ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე გამართლებას. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელი მოცემულობის სრულფასოვნად გამოკვლევისათვის აუცილებელი იყო, ერთი მხრივ, სავალდებულო კვოტირების სისტემის, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიული მმართველობის, სახალხო სუვერენიტეტის მნიშვნელობისა და დატვირთვის გააზრება თავად კონსტიტუციის სულისკვეთების გათვალისწინებით.
19. შეპირისპირებულ ინტერესთა მნიშვნელობაზე მსჯელობისას კი უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების შედეგად ხალხის მიერ გამოხატული ნების ადეკვატური ასახვა დემოკრატიული მმართველობის ფუძემდებლური პრინციპის პირდაპირი გამოძახილია. „არჩევნების მთავარი დანიშნულება ხალხის ნების ადეკვატურ ასახვასა და სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებაში მდგომარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). მანდატის გაუქმების ინსტიტუტი კი ხელს უშლის სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებას. იგი პირდაპირ უშვებს შესაძლებლობას, უარყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება და ყველაზე უხეში ფორმით იქნეს შეზღუდული როგორც აქტიური, ისე პასიური სარჩევნო უფლება.
20. მეორე მხრივ, მანდატის გაუქმების ინსტიტუტი ემსახურება სავალდებულო კვოტირების მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებას, რომელიც, თავის მხრივ, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სპეციალური სამართლებრივი რეჟიმიდან, რომელიც, სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპიდან გადახვევის გზით, მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული არაჯანსაღი დამოკიდებულებების განეიტრალებას. აღნიშნულ კონსტიტუციურ დანაწესს, მისი ფუნქციიდან გამომდინარე, დროებითი პოზიტიური ზომების შემოღების ლეგიტიმაციის ფუნქცია აკისრია და თავისთავად არ გამომდინარეობს კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპებიდან. შესაბამისად, სავალდებულო კვოტირების სისტემის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში მის რელევანტურობაზე.
21. სასამართლომ არ მოახდინა იმ ნეგატიური შედეგების ერთმანეთთან შედარება, რაც შეიძლება წარმოშვას, ერთი მხრივ სადავო ნორმამ, მეორე მხრივ კი მისმა არარსებობამ. კერძოდ, თუკი დასახელებული საფრთხეების ჰიპოთეტურობის ხარისხს მხედველობაში არ მივიღებთ და დავუშვებთ, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე, გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული მანდატი, სახეზე იქნება ამომრჩევლის ნების უგულებელყოფა. აღსანიშნავია, რომ ამგვარ შესაძლებლობას სრულად სასამართლოც არ გამორიცხავს (იხ. განჩინების სამოტივაციო ნაწილის 45-ე პარაგრაფი). მეორე მხრივ, სადავო ნორმის არარსებობის პირობებში შესაძლოა ზოგიერთმა საარჩევნო სუბიექტმა მოახერხოს რამდენიმე მანდატის ათვისება ისე, რომ საკრებულოში ქალი კანდიდატისათვის განკუთვნილი ადგილი მოიპოვოს მამაკაცმა კანდიდატმა. უფრო ცხადი რომ გახდეს, თუკი სადავო ნორმა გავრცელდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ორი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიიდან თითო მანდატის ათვისებას შეძლებდნენ ქალი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, ნაცვლად მამაკაცი კანდიდატებისა. სადავო ნორმის საფუძველზე თუნდაც ერთი მანდატის გაუქმება კი ბევრად უფრო მნიშვნელოვან და კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან შეუთავსებელ პრობლემას წარმოშობს, ვიდრე ცალკეულ შემთხვევებში კვოტირების წესის დარღვევაა. ასეთი შესაძლებლობის დაშვებაც კი სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს იმდენად მძიმე ფორმით უგულებელყოფს, რომ თუნდაც არ განხორციელდეს პრაქტიკაში ამ საფრთხის რეალიზება, ამგვარი ალბათობის გამორიცხვის ინტერესი თავისთავად გადაწონის სავალდებულო კვოტირების ზედმიწევნით და უპირობოდ დაცვის ინტერესს.
22. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში, მისი კონსტიტუციურობის შეფასებისას, სასამართლო ვალდებული იქნებოდა ვიწრო პროპორციულობის ეტაპზე ემსჯელა კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა წესრიგში შეპირისპირებული ინტერესების როლსა და მნიშვნელობაზე. შედეგად, სადავო ნორმის გამართლება მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მანდატის გაუქმების საფრთხე ჰიპოთეტურია, მნიშვნელოვნად გართულდებოდა და, შესაბამისად, ბევრად უფრო წონადი არგუმენტების წარმოდგენა გახდებოდა აუცილებელი. აღნიშნულის ნაცვლად, სასამართლომ არ მოახდინა საკითხის არსებითად გამოკვლევა, მათ შორის, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა ყველა ის არგუმენტი, რაც სასამართლოს ნორმის არაკონსტიტუციურობაში დაარწმუნებდა. შედეგად, სასამართლომ არასრული მსჯელობით გადაწყვიტა საკითხი და ფუნდამენტურად არასწორ დასკვნამდე მივიდა.
23. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ სასამართლოს არსებითი განხილვის ფორმატში უნდა ემსჯელა სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა მისი არაკონსტიტუციურობის ცხადად წარმოჩენას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი:
გიორგი კვერენჩხილაძე