საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 21 ოქტომბრის №3/2/1647 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do3/2/1647 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ევა გოცირიძე |
თარიღი | 21 ოქტომბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 ოქტომბერი 2021 19:51 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის
ევა გოცირიძის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 21 ოქტომბრის განჩინებაზე №1647 სარჩელთან დაკავშირებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებას, მიღებულს №1647 სარჩელთან დაკავშირებით, მიუხედავად კოლეგებისა და მათი მოსაზრებების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემისა, არ ვეთანხმები. უფრო სწორი და გამართლებული იქნებოდა, სასამართლოს სარჩელი ნაწილობრივ მიეღო არსებითად განსახილველად. სასამართლოს ორი განსახვავებული საფუძველი გააჩნდა საამისოდ. ერთი მხრივ, არსებობდა საჭიროება, შეცვლილიყო გენდერული კვოტირების საკითხთან მიმართებაში სასამართლოს წინანდელი - №3/3/1526 გადაწყვეტილებით[1] დადგენილი არასწორი, ჩემი აზრით, დისკრიმინაციული მიდგომა. მეორე მხრივ კი, - კონსტიტუციასთან მიმართებაში შეფასებულიყო პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების შესაბამის გარემოებებში დაკარგვის წესი - ახალი ნორმა, რომელზედაც სასამართლოს არასოდეს ჰქონდა ნამსჯელი არც ერთ ფორმატში და, რომელიც სერიოზულ ჩარევას წარმოადგენს პასიურ და აქტიურ საარჩევნო უფლებებში ერთდროულად.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც ნაწილობრივ (მამაკაცთა კვოტირების ნაწილში) არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმა, არ დავეთანხმე და ჩემს „განსხვავებულ აზრში“ გამოვთქვი მოსაზრება, რომ სასამართლომ შეცდომა დაუშვა. ამიტომ წინამდებარე სარჩელთან მიმართებაშიც, ცხადია, მის არსებითად განსახილველად მიღებას დავუჭირე მხარი. კარგი იქნებოდა, სასამართლოს არსებითად განსახილველად მიეღო ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული მსგავსი სარჩელი, რომელიც, მათ შორის, მოიცავდა მსგავსი სადავო ნორმების კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებას, ხელახლა შეეფასებინა ქალთა და მამაკაცთა კვოტირების მიმართ განსხვავებული მიდგომების გამართლებულობა, რაც მისი წინა გადაწყვეტილებით დამკვიდრდა და უარი ეთქვა გენდერულად ნეიტრალური შინაარსობრივი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ნაწილში, საკუთრივ მოპასუხე მხარემაც კი - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა - გამწესრიგებელ სხდომაზე საქმის არსებითად განსახილეველად მიღება მოითხოვეს. კარგი იქნებოდა, სასამართლოს, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გზით, გამოეყენებინა ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი მიდგომის შეცვლის შანსი.
არსებითად განსახილველად მიღების მეორე, პირველისაგან დამოუკიდებელი არგუმენტი უკავშირდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტს, რომელიც ადგენს მანდატის შემდგომი გაუქმების წესს უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლეობის წესით იმავე სქესის კანდიდატით ჩანაცვლების შეუძლებლობის შემთხვევაში. ანალოგიურ ან მსგავს ნორმას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რეგულაციები არ შეიცავს და, შესაბამისად, არც სასამართლოს უმსჯელია მათზე. იმის მიუხედავად, გამომდინარეობს თუ არა გენდერული კვოტირების წესიდან (პირდაპირ თუ არაპირდაპირ) შესაბამის შემთხვევაში პარტიის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატის დაკარგვა, ეს შეზღუდვა პრინციპულად მოითხოვდა არსებითი განხილვის პირობებში შეფასებას როგორც ჩარევის პროპორციულობის, ისე დაპირისპირებული ღირებულებების სამართლიანი ბალანსის ჭრილში.
1. პირველი და მეორე სარჩელების ურთიერთმიმართება და შესაბამისი პოზიციები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1647-ე სარჩელზე მიღებული განჩინების ავკარგიანობის შეფასება წარმოუდგენელია №1526-ე სარჩელზე მის მიერვე მიღებული 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილებისაგან მოწყვეტილად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო პერიოდში მეორედ მოუწია ემსჯელა წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული კვოტირების საკითხზე და შეეფასებინა კონსტიტუციურობა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა, რომლებიც ითვალისწინებდნენ განსხვავებული სქესის წარმომადგენლთა გარკვეული რაოდენობით მითითების ვალდებულებას პარტიულ პროპორციულ საარჩევნო სიებში. პირველი საქმე ( 1526- ე სარჩელი) შეეხებოდა საპარლამენტო არჩევნებს და სადავო ნორმა მოითხოვდა პარტიული სიის ყოველ ოთხეულში გასხვავებული სქესის კანდიდატის მითითების ვალდებულებას.[2] ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევდა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებაზე უარს. მეორე, წინამდებარე საქმე (1647-ე სარჩელი) შეეხება ადგილობრივ არჩევნებს. მოთხოვნილი გენდერული ბალანსის პროპორცია მცირედით განსხვავებულია - სადავო ნორმა მოითხოვს სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის კანდიდატის მითითებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ასევე იწვევს პარტიის უფლების დაკარგვას, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში. ამავდროულად, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ რეგულაციებს ახლავს პრინციპულად ახალი ნორმა, რომელიც უკვე არჩევნებისშემდგომ ვითარებას არეგულირებს და შეიცავს მექანიზმს იმისა, რომ გენდერული ბალანსი არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შენარჩუნებულ იქნეს ყოველ პარტიაში, რომელსაც მანდატები აქვს მოპოვებული ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში. ვგულისხმობ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს მანდატის გაუქმების შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლეობის წესით ჩანაცვლება იმავე სქესის კანდიდატით, შესაბამისი პარტიული სიიდან.
ჩემში არ იწვევს არავითარ ეჭვს ის გარემოება, რომ პარტიულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების წესი როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებში წარმოადგენს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ პასიურ საარჩევნო უფლებაში ჩარევას და რომ ამგვარი ჩარევა წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის მიღწევის ლეგიტიმური მიზნით არის გამართლებული. ამ მხრივ, ჩემი პოზიცია სრულ თანხვედრაშია 1526-ე და 1647-ე სარჩელებზე გადაწყვეტილების მიმღები ჩემი კოლეგების მოსაზრებებთან.
მათ იმაშიც ვეთანხმები, რომ წინამდებარე სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები საარჩევნო უფლებაში შედარებით ინტენსიურ ჩარევას გულისხმობს, რადგან საპარლამენტოსაგან განსახვავებით, რომელთან მიმართებაშიც დადგენილი იყო ყოველ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის ვალდებულება, ადგილობრივი არჩევნებისათვის ამგვარი ვალდებულება შემოღებული იქნა სიის ყოველი სამეულისათვის. ასევე, ჩემი კოლეგების მსგავსად, ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს გარემოება, ცალკე აღებული, არ ქმნიდა ჩარევის პროპორციულობის ხელახალი შეფასების საჭიროებას არსებითი განხილვის ფორმატში.
ფორმალურ- სამართლებრივად, არც იმისი უარყოფა შემიძლია, რომ (თუ არ მივიღებთ მხედველობაში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მანდატის გაუქმების სადავო ნორმას, რომელსაც ცალკე შევეხები) წინამდებარე სარჩელში სადავოდ გამხდარი დანარჩენი სადავო ნორმები იმეორებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ ნორმებს, რომლებიც წინა (1526-ე) სარჩელში იყო საკამათოდ გამხდარი და რომლებზედაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არსებითი განხილვის შედეგად. შესაბამისად, ფორმალურ–სამართლებრივად, რაკი გენდერული კვოტირების საკითხი გადაწყვეტილი ჰქონდა, სასამართლოს მართლაც შეეძლო დამძლევი ნორმის პრინციპებით ეხელმძღვანელა, ამ ნაწილში არ მიეღო საქმე და ძალადაკარგულად გამოეცხადებინა სადავო ნორმების შემდეგი ორი ნორმატიული შინაარსი, რაც გააკეთა კიდევაც. კერძოდ:, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო:
Ø საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-8 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი; და
Ø საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-10 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს.
თუმცა, სასამართლო ამით არ უნდა შემოფარგლულიყო. ბევრი რამ დარჩა გაურკვეველი, რამაც განაპირობა ჩემი მიუმხრობლობა კოლეგების გადაწყვეტილებებისადმი.
პირველი, ნათელი არ არის, რას გულისხმობს იმ რეგულაციის არაკონსტიტუციურობა, რომელიც „პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს“. იმას, რომ მამაკაცი საკრებულოს წევრი ადგილმონაცვლე არასოდეს შეიძლება იყოს მამაკაცი კანდიდატი ამავე პარტიიდან, თუ იმას, რომ ასეთი (გენდერული ნიშნის მიხედვით) უფლებამონაცვლეობა არ უნდა იყოს სავალდებულო? სავარაუდოდ, სასამართლო მეორე მათგანს გულისხმობს, თუმცა დებულების ფორმულირება პირველ მათგანს უფრო შეესაბამება.
გაურკვეველი დარჩა რა ბედი ეწია საკუთრივ მანდატის გაუქმების წესს. მამაკაცებთან მიმართებაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაკი მამაკაცი საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება მისი მანდატი პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს გადაეცეს, პრაქტიკაში, დღის წესრიგში აღარ დადგება მანდატის გაუქმების საკითხი. მაგრამ, არა მგონია, სასამართლო ამით უნდა შემოფარგლულიყო. ლოგიკურად, მას არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო სადავო ნორმის (საარჩევნო კოდექსის 203- მუხლის მე-10 პუნქტის) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს მანდატის გაუქმების წესს ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი მანდატის გადაცემა უფლებამონაცვლეობის წესით შეუძლებელია სხვა მამაკაცი კანდიდატისათვის.
2. კვოტირების წესი არსებითად - შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, ანუ მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურობა და ქალთა კვოტირების კონსტიტუციურობა
მსგავსად 1526-ე სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებისა, სასამართლომ წინამდებარე საქმეშიც მხარი დაუჭირა წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერულ კვოტირებას, ოღონდ მხოლოდ ქალების მიმართ. მან კვლავ განსხვავებული პოზიციები დაიკავა პარტიულ საარჩევნო სიებში ქალთა და მამაკაცთა კვოტირების მიმართ და მხოლოდ ქალთა კვოტირების აუცილებლობა აღიარა, მამაკაცთა კი უარყო. შესაბამისად, სადავო ნორმა ნაწილობრივ (მამაკაცთა კვიტირების ნორმატიული შინაარსით) ძალადაკარგულად გამოაცხადა. შესაბამისად, მან გენდერულად ნეიტრალური შინაარსი სადავო ნორმებისა, არაკონსტიტუციურად ცნო.
ცხადია, რაკი საწყისი გადაწყვეტილებით დადგენილ სქესთა მიმართ განსხვავებულ მიდგომას არ დავეთანხმე, ვერც მის გაგრძელებასა და საბოლოო დამკვიდრებას მივემხრობი.
ჩემს განსხვავებულ აზრში, რომელიც თან ახლავს 1526-ე სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას, გადმოცემული მაქვს მოსაზრებები, თუ რატომ იყო არასწორი, თუნდაც ლეგიტიმური მიზნების ჭრილში, განსხვავებული მიდგომების დაწესება ქალთა და მამაკაცთა კვოტირების მიმართ მაშინ, როდესაც საკუთრივ სადავო ნორმა გენდერულად ნეიტრალური იყო შინაარსობრივად, თუმცაღა, იმავდროულად, გააჩნდა პოტენცია, ყოველთვის „ემუშავა“ იმ სქესის სასარგებლოდ, რომელიც დაჩაგრული აღმოჩნდებოდა შესაბამის დროს თუ შესაბამის გარემოებებში.
არ მიმაჩნია საჭიროდ ყველა შესაბამისი არგუმენტის ხელმეორედ გადმოცემა, თუმცა პრინციპულ მოსაზრებებს გავიმეორებ, რამდენადაც ისინი თანაბრად რელევანტურია წინამდებარე სარჩელთან მიმართებაშიც.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმა, რომელიც პარტიული სიის ყოველ ოთხეულში განსავავებული სქესის, სულ მცირე, ერთი წარმომადგენლის ჩართვას მოითხოვდა, მხოლოდ მამაკაცათა კვოტირების ნაწილში ცნო რა არაკონსტიტუციურად, მიიჩნია, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პარტიული სიის ყოველ ოთხეულში მამაკაცის არსებობის ვალდებულებასაც აწესებდა, არ იყო რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზანთან (პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასთან) და არ ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 45-ე პუნქტი).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩარევის საფუძვლიანობის შეფასება დაუკავშირა უშუალოდ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ლეგიტიმურ მიზანს და არა, საზოგადოდ, გენდერული ბალანსის მიღწევას. სწორედ ეს იყო შეცდომა. შედეგად, დაშვებულ იქნა არა მხოლოდ ქალთა სასარგებლო კვოტირება, არამედ „სრულად ან უმეტესად ქალებით დაკომპლექტებული სიის ფორმირებაც“ იმ ფონზე, როდესაც მამაკაცების სასარგებლო კვოტირებაც კი (რომელიც მხოლოდ ქალთა სასარგებლოდ კვოტირების პარალელურად იყო დაწესებული) არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების შედეგად, შეიქმნა სამართლებრივი ვითარება, სადაც პარტიული სია, რომელშიც ქალი არ იქნება წარმოდგენილი პირველ და ყოველ მომდევნო ოთხეულში, საქართველოში ვერ დარეგისტრირდება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო სია, სადაც ყოველ ოთხეულში მამაკაცი არ იქნება წარმოდგენილი, დარეგისტრირდება. იგივე მიდგომა დაამკვიდრა სასამართლომ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაშიც, იმ განსხვავებით, რომ პარტიული სიის ყოველ სამეულში დადგენილია, სულ მცირე, ერთი ქალი კანდიდატის არსებობა.
ამგვარი გადაწყტვეტილებებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად დაუშვა, ყოველ შემთხვევაში, არ გამორიცხა, მხოლოდ ქალთა პარტიების არსებობა, ხოლო მხოლოდ მამაკაცთა პარტიების არსებობა კი უარყო. ეს კი ნამდვილად არის ქალთა და მამაკაცთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა და უცნობია, აქვს თუ არა მას ობიექტური და გონივრული გამართლება დღევანდელ რეალობაში. იმაზე, რომ სტრასბურგის სასამართლო კონვენციის დარღვევად აფასებს მხოლოდ ქალებით (ისევე, როგორც მხოლოდ მამაკაცებით) დაკომპლექტებულ პარტიულ სიებს, უკვე ვისაუბრე ჩემს განსხვავებულ აზრში, რომელიც თან ერთვის №1526-ე სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას.[3]
ამგვარი სამართლებრივი მოცემულობის შექმნა დღეს აუცილებელი არ იყო არც სქესთა შორის თანასწორობის და არც, ზოგადად, დემოკრატიის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში. ყველამ კარგად ვიცით, რომ პოზიტიური ზომების ექსცესიურმა გამოყენებამ შესაძლოა, უკუდისკრიმინაცია ან სხვა უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. ამიტომ ამგვარი გამაწონასწორებელი ზომების მიღება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, რათა ბალანსი ერთ-ერთი მხარის საზიანოდ არ გადაიხაროს.
გარდა უსამართლობისა, სამართლებრივი უხერხულობებიც შეიქმნა:
სასამართლომ, ფაქტობრივად, შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმები, რომლებსაც პრობლემა არ ჰქონდა თანასწორობის უფლებასთან, გახადა მიკერძოებული, განსხვავებული მოპყრობის ამსახველი და ამით თავად განახორციელა თანასწორობის, კერძოდ, სქესთა თანასწორობის უფლებაში ჩარევა. მან აშკარა პრიორიტეტი დაადგინა ქალებისათვის. პრაქტიკულად, სასამართლომ ის დაუწუნა კანონმდებელს, რომ მან საარჩევნო სფეროში თანასწორობის აღდგენისაკენ მიმართული ღონისძიების შერჩევისას გამოიყენა სქესის ნიშნით შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმა და ამ ნეიტრალურობის გამო ცნო ნორმა ნაწილობრივ არაკონსტიტუციურად. ამგვარად, სასამართლო ლეგიტიმური მიზნის რეალურად მისაღწევად უფლებებში უფრო მეტი ჩარევის მომხრე აღმოჩნდა. თუ სადავო ნორმა მხოლოდ საარჩევნო უფლებებში ჩარევას გულისხმობდა, სასამართლომ თანასწორობის უფლებაში ჩარევაც დაურთო ზედ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ საქმეში მთავარი საკითხი ის კი არ იყო, არღვევდა თუ არა სადავო რეგულაციები საარჩევნო უფლებას, არამედ იმის განსაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო რეგულაცია, რათა მას ლეგიტიმური მიზანი - პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა შეესრულებინა. ამ მიმართებაში სასამართლო ძალიან დაუახლოვდა პოზიტიური კანონმდებლის როლს. თავისი გადაწყვეტილებებით, სასამართლომ არა მარტო გამოხატა თავისი აზრი, თუ როგორი კანონი იქნებოდა უკეთესი დასახული მიზნის მისაღწევად, არამედ, პრაქტიკულად, გააკეთა კიდეც ის, რაც, მისი აზრით, პარლამენტს უნდა გაეკეთებინა.
კიდევ ერთი დილემა: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ხსენებული გადაწყვეტილებების შედეგად შეიქმნა მოცემულობა - სქესის ნიშნით (მამკაცების საზიანოდ) განსხვავებული მოპყრობა საარჩევნო უფლებასთან მიმართებაში, რომლის თანასწორობის უფლებასთან კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეფასების სამართლებრივი გზა პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან აღარ არსებობს ინსტანცია (ეროვნული სამართლის ფარგლებში), სადაც ამ კითხვაზე პასუხს მიიღებდა პირი (რომელიმე მამამაკაცი კანდიდატი), რომელიც თავს განსხვავებული მოპყრობის „მსხვერპლად“ მიიჩნევს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძლება და ის საბოლოოა. მაგრამ იგი როგორ ნორმატიული მოცემულობა არსებობს და სავალდებულოა შესასრულებლად მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილების დამძლევ ახალ ნორმას არ მიიღებს.
ყოველგვარი საპირისპირო მოსაზრება, ჩემი აზრით, ემყარება ლეგიტიმური მიზნების არასწორ გააზრებას. სასამართლომ არასწორად წარმოიდგინა, რომ სადავო ნორმების საბოლოო მიზანს შადგენდა წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და, შესაბამისად, ჩარევის გამართლებულობაც სწორედ ამ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებაში შეაფასა, რამაც ის არასწორ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანა.
სწორედ ამის დასტურია ის გარემოება, რომ სასამართლომ, რომელმაც გენდერული კვოტირების მიზნად ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა დაასახელა და არა ზოგადად გენდერული ბალანსის მიღწევა წარმომადგენლობით ორგანოებში, წინამდებარე განჩინებაში მიუთითა:„მამაკაცების ყოველ სამეულში წარდგენის ვალდებულება ასევე ხელს უშლის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, თანაც უფრო მეტად ინტენსიური ფორმით“ (იხ. განჩინების მე-13 პუნქტი). იგივე გაიმეორა მან განჩინების მე-14 პუნქტში: „ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრი მამაკაცის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლედ ითვალისწინებს პარტიულ სიაში მყოფ მომდევნო მამაკაცს, არსებითად იმავე ფორმით უშლის ხელს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორც ზემოხსენებული ნორმა.“
ეს დებულებები, ერთი მხრივ, იმითაა საყურადღებო, რომ მთავარ ლეგიტიმურ მიზნად დანახულია „ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა“ ნაცვლად გენდერული ბალანსის უზრუნველყოფისა. მეორე მხრივ, ისინი იმ მხრიდანაც იპყრობს ყურადღებას, რომ მასში ფაქტობრივად გათანაბრებულია ორი განსხვავებული შემთხვევა: წესი, რომელიც „ვერ ეხმარება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას“ გათანაბრებულია წესთან, რომელიც „ხელს უშლის“ მას. მამაკაცთა კვოტირების მიმართ, თუკი ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ ქალთა წარმომადგენლობას დავასახელებდით და არა გენდერული ბალანსის მიღწევას, მართლაც შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მამაკაცთა კვოტირების წესი ვერ ეხმარება ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის საქმეს, თუმცა ის, რაც „ვერ ეხმარება გარკვეული მიზნის მიღწევას, არ ნიშნავს, რომ, იმავდროულად, „ხელს უშლის“ მას.
ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, ვფიქრობ, უნდა დავინახოთ როგორც უშუალო, უახლოესი მიზანი, როგორც საბოლოო მიზნის - პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მიღწევის - საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შესაძლოა, ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლები წარმოშვას (და წარმოშვა კიდეც) შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციების ეროვნული კონსტიტუციების თუ ევროპული კონვენციის საწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის. თუ სახელმწიფოში დადგენილია სავალდებულო გენდერული კვოტირება შინაარსობრივად ნეიტრალური ფორმით და, მაშასადამე, თანასწორობის უფლებაში ჩარევის გარეშე, ასეთი სამართლებრივი მოცემულობა გამორიცხავს ისეთ დამოკიდებულებას, რომ სახელმწიფო უშვებდეს მხოლოდ ქალებით ან ქალების უმრავლესობით დაკომპლექტებული პოლიტიკური სიების საარჩევნო რეგისტრაციას, მაგრამ მხოლოდ მამაკაცებით ან მამაკაცების უმრავლესობით დაკომპლექტებული სიების რეგისტრაციაზე კი უარს ამბობდეს. ეს ნამდვილად იქნებოდა თანასწორობის უფლებაში სერიოზული ჩარევა, რომელიც ვერ გამართლდება პარლამენტში ქალების ნაკლებობის არგუმენტით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს შინაარსობრივად ნეიტრალური ეროვნული რეგულაციები. ნეიტრალური რეგულაციები, ერთი მხრივ, არ გულისხმობს თანასწორობის უფლებაში ჩარევას. მეორე მხრივ, მათ გააჩნიათ შესანიშნავი პოტენცია პრაქტიკაში იმუშაონ „დაჩაგრული“ სქესის სასარგებლოდ, რომელიც არ უნდა იყოს ის. დღესდღეისობით, ეს ნორმები ქალთა სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ სხვა დროს, თუ ქალები მართლაც მოიპოვებენ ძლიერ დომინაციას პოლიტიკის სფეროში, მაშინ მამაკაცების კვოტირების საჭიროება ისეთივე ხარისხით იარსებებს, როგორითაც დღეს ქალების კვოტირების საჭიროება არსებობს. ასეთ დროს მამაკაცთა კვოტირებაც ისეთივე სარგებლობას მოუტანდა თანასწორობის იდეას, როგორიც დღეს ქალთა კვოტირებას მოაქვს და სადავო ნორმა ამ შემთხვევაშიც შეასრულებდა უთანასწორობის აღმოფხვრის ამოცანას. შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც ორივე სქესის კვოტირებას გულისხმობს, ერთგვარი დამცავი, დამზღვევი ნორმებია,რომელნიც ყველანაირ მოცემულობას ერგება და ყოველთვის თანასწორობის უფლების სამსახურშია.
ამგვარად, მამაკაცთა მიმართ დისკრიმინაციული ვითარება, რომელიც წინა გადაწყვეტილებით საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რეგულაციებთან მიმართებაში შეიქმნა, წინამდებრე სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაშიც გაავრცელა.
3. მამაკაცი საკრებულოს წევრის მანდატით მხოლოდ მამაკაცით ჩანაცვლების წესის არაკონსტიტუციურობა - ახალი დისკრიმინაციული სივრცე
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ემუხლის მე-10 პუნქტის თანახმად:
„თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან შესაბამისი საოლქო–საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში იმავე სქესის საკრებულოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. “
ჩემმა კოლეგებმა ამ ნორმის ის ნორმატიული შინაარსი ცნეს არაკონსტიტუციურად, რომელიც ითვალისწინებს, რომ მამაკაცი საკრებულოს წევრის მანდატი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მამაკაც კანდიდატს საარჩევო სიიდან. ამგვარად, სასამართლომ დაადგინა, რომ მამაკაცის წევრის მანდატი უფლებამონაცვლეობის გზით შეიძლება გადაეცეს როგორც ქალს, ისე მამაკაცს პროპორციული სიიდან, ხოლო ქალი საკრებულოს წევრის მანდატი - მხოლოდ ქალ კანდიდატს. ამ გააწყვეტილებასაც ის პოზიცია დაედო საფუძვლად, რომელიც ლეგიტიმურ მიზანთან სადავო ნორმის მიმართებას უკავშირდება. კერძოდ, სასამართლომ თქვა: „როგორც მამაკაცის სავალდებულო წესით პარტიულ სიაში შეყვანა არ ემსახურება ქალთა წარმომადგენლობის ზრდას, ზუსტად ასევე არ ემსახურება აღნიშნულ ლეგიტიმურ ინტერესს გამოთავისუფლებული საკრებულოს მანდატის აუცილებლად მამაკაცის მიერ ათვისების ვალდებულების დაწესება“ (იხ. განჩინების მე-14 პუნქტი).
ცხადია, ეს მიდგომა ლოგიკური გაგრძელებაა ლეგიტიმურ მიზნად ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის დასახელებისა და ამ მიზანთან მიმართებაში პარტიულ სიებში მამაკაცთა კვოტირების არაკონსტიტუციურად აღიარებისა. ფაქტობრივად, სასამართლომ მამაკაცთა დისკრიმინაციის ახალი სამართლებრივი სივრცე შექმნა. მან საპარლამენტო არჩევნების სფეროში მამაკაცთა მიმართ ნაკლებად კეთილმოსურნე მოპყრობა, რომელიც მხოლოდ პარტიული სიის რეგისტრაციის პირობებთან მიმართებას გულისხმობდა, მხოლოდ მუნიციპალური არჩევნების დროს სიის რეგისტრაციის სფეროზე კი არ გაავრცელა, არამედ გამოთავისუფლებული მანდატის სხვა კანდიდატისათვის გადაცემისა და შესაბამის შემთხვევაში მანდატის გაუქმების წესებზეც.
4. მანდატის გაუქმების წესისადმი დამოკიდებულების ბუნდოვანება
სასამართლომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სადავო ნორმის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი ცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც ითვალისწინებს, რომ მამაკაცი საკრებულოს წევრის მანდატი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მამაკაც კანდიდატს საარჩევო სიიდან. მაგრამ ნათელი არ არის, რა ბედი არგუნა მან საკუთრივ მანდატის გაუქმების წესს შესაბამისი სქესის კანდიდატით მისი ჩანაცვლების შეუძლებლობის შემთხვევაში. უფრო ზუსტად, თუ ვიტყვით, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაადასტურა გაუმართლებლობა და, სავარაუდოდ, არაკონსტიტუციურობაც მანდატის გაუქმების წესისა მამკაცი საკრებულოს წევრის მამაკაცი კანდიტატით ჩანაცვლების შეუძლებლობის შემთხვევაში. თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ამაზე არაფერია ნათქვამი და სასამართლო სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობით შემოიფარგლა, რომელიც მამაკაცი საკრებულოს წევრის მხოლოდ მამაკაცი კანდიდატით ჩანაცვლების სავალდებულობას შეეხებოდა. თუმცა იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში განავითარა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ის იქნებოდა, რომ მას არაკონსტიტუციურად ეცნო საკუთრივ მანდატის გაუქმების წესი მამაკაცი საკრებულოს წევრის მამაკაცი კანდიდატით ჩანაცვლების შეუძლებლობისას.
5. მანდატის გაუქმების წესი არსებითად
აქ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტი: მხოლოდ ის მოცემულობა არ არის უსამართლო, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა - კერძოდ ის, რომ საკრებულოს ქალი წევრის ჩანაცვლება მხოლოდ ქალს შეუძლია, ხოლო მამაკაცისა კი - როგორც ქალს, ისე მამაკაცს. უსამართლობაა თავად მანდატის დაკარგვის წესი შესაბამისი სქესის კანდიდატით ჩანაცვლების შეუძლებლობის შემთხვევაში. არ ვეთანხმები არც პარლამენტს, რომელმაც სადავო ნორმა მიიღო და არც ჩემს კოლეგებს, რომლებიც დაეთანხმნენ ამ წესს ქალ კანდიდატებთან მიმართებაში, თანაც არსებითი განხილვის გარეშე. სასამართლომ (თუკი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს დავეყრდნობით) არაკონსტიტუციურად მიიჩნია არა მანდატის გაუქმების წესი პრინციპულად, არამედ მანდატის გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიულ სიაში არ იარსებებდა მამაკაცი საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლე მამაკაცი კანდიდატი, რითაც დაუშვა შესაძლებლად დაუშვა მისი ქალი კანდიდატით ჩანაცვლება.
აღარ გავაგრძელებ მამაკაცთა მიმართ აშკარად უსამართლო მოპყრობაზე საუბარს, რომელიც ვერაფრით ჩაითვლება აუცილებელ შეზღუდვად ვერც გენდერული ბალანსის დაცვის და ვერც სხვა რაიმე ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა მივაქციო საკუთრივ მანდატის გაუქმების წესს.
როგორც პარლამენტის წარმომადგენლების, ისე ჩემი კოლეგების აზრით, მანდატის გაუქმების წესი პირდაპირ გამომდინარეობს გენდერული კვოტირების პრინციპებიდან და მის გაგრძელებას, მისი უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. კერძოდ, სასამართლომ განჩინების 47-ე პუნქტში აღნიშნა: „იგი (იგულისხმება მანდატების გაუქმების წესი) ფაქტობრივად წარმოადგენს სავალდებულო კვოტირების განუყოფელ ნაწილს, რომელიც მინიმალურად ზრდის შეზღუდვის სიმძიმეს ...ამდენად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა ფაქტობრივად სავალდებულო კვოტირების ინსტიტუტის კონსტიტუციურობის თანმდევი საკითხია“.
მიჭირს ამ დებულებების შინარსსა და სულისკვეთებას დავეთანხმო.
განჩინებაში არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რატომ არის მანდატების გაუქმების წესი „კვოტირების პრინციპის განუყოფელი ნაწილი“ და ის გარემოება, რომ ორივე მათგანი წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის დაცვას ემსახურება, არის თუ არა საკმარისი მათი განუყოფლობისათვის.
იმაში, რომ„სადავო ნორმის კონსტიტუციურობა ფაქტობრივად სავალდებულო კვოტირების ინსტიტუტის კონსტიტუციურობის თანმდევი საკითხია“, სავარაუდოდ, სასამართლომ ის იგულისხმა, რომ სავალდებულო კვოტირების ინსტიტუტის კონსტიტუციურობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს მანდატის გაუქმების წესის კონსტიტუციურობა. ამ ორ რეგულაციას შორის კავშირის უარყოფა, ცხადია, სწორი არ იქნებოდა და ნამდვილია, რომ ორივე მათგანი ემსახურება ქალთა რაოდენობის რეალურ გაზრდას წარმომადგენლობით ორგანოებში. თუმცა პირველი რეგულაციის კონსტიტუციურობიდან ავტომატურად არ გამომდინარეობს მეორე რეგულაციის კონსტიტუციურობა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი მათგანის მსგავსად, მეორეც იმავე ლეგიტიმურ მიზანს ისახავს. ცხადია, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არაერთი გარემოება, მათ შორის: უფლებები, რომლებშიც ხდება ჩარევა, რაც შეიძლება განსხვავებული იყოს ამ ორ რეგულაციასთან მიმართებაში (1) ; მათში ჩარევის ხარისხი, რაც აგრეთვე შეიძლება განსხვავებული იყოს (2); კონფლიქტური ღირებულებები, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდება, რაც სხვადასხვა შეიძლება იყოს სხვადასხვა რეგულაციების შემთხვევაში (3); და, საბოლოოდ, ამ ღირებულებებს შორის ბალანსის სამართლიანობა, რაც ასევე განსხვავებულად შეიძლება ყალიბდებოდეს, თუნდაც ორივე კონფლიქტში ერთგვაროვანი ღირებულებების ჩართულობის დროს (4).
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან იმგვარი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობის ზრდა ისეთი ლეგიტიმური მიზანია, რომლის მიღწევა ყველა საშუალებას რომ ამართლებს. შესაბამისად, რაკი ქალთა რაოდენობის კვოტირების წესი კონსტიტუციურია, ამიტომ ამ პრინციპის უზრუნველმყოფი სხვა შემზღუდველი ღონისძიებებიც კონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თითქოს იმის მაუწყებელი იქნება, რომ სახელმწიფომ თავადვე თქვა უარი გენდერული კვოტირების პრინციპზე. აზრთა ამგვარ წყობას ვერ დავეთანხები.
რაც შეეხება მითითებას, რომ მანდატის გაუქმების წესი „მინიმალურად ზრდის შეზღუდვის სიმძიმეს“, კიდევ უფრო რთულად დასათანხმებელი დებულებაა. იმის თქმა, რომ მოპოვეული მანდატის გაუქმების წესი მინიმალურად ზრდის საარჩევნო უფლებებში ჩარევას, გაუმართლებელია. ჯერ ერთი, საარჩევნო უფლებებში ჩარევა, რომელიც კვოტირების ვალდებულების დაუცველობის შემთხვევაში პარტიული სიისათვის რეგისტრაციაზე უარს გულისხმობს, შინაარსობრივად და არა მარტო ხარისხობრივად, განსხვავდება საარჩევნო უფლებებში ჩარევისაგან, რამდენადაც იგი ჩატარებული არჩევნების შედეგად უკვე მოპოვებული მანდატების გაუქმებას გულისხმობს. პირველ შემთხვევაში საქმე შეეხება პოლიტიკური პარტიის საარჩევნო უფლებას, თავისი შეხედულებით დააკომპლექტოს პარტიული საარჩევნო სია, ამასთან, კვოტირების პრინციპის დაუცველობით შედგენილი პარტიული სიის წარდგენისას პარტიას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად და არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. რაც შეხება მანდატის გაუქმების წესს, იგი, ერთდროულად, იჭრება პასიურ და აქტიურ საარჩევნო უფლებებში, კერძოდ, პოლიტიკური პარტიის პასიურ საარჩევნო უფლებაში, იყოლიოს იმდენი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში, რამდენი მანდატიც კანონიერად მოიპოვა არჩევნების შედეგად და ამომრჩეველთა აქტიურ საარჩევნო უფლებაში ჰყავდეთ იმდენი წარმომადგენელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიიდან, რამდენსაც გაამარჯვებინეს არჩევნებში ამ პარტიის მხარდაჭერის გზით. ამგვარად, საქმე შეეხება განსხვავებულ საარჩევნო უფლებებში ჩარევას და, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ერთ რომელიმე საარჩევნო უფლებაში ჩარევა „ მინიმალურად ან მაქსიმალურად ზრდის სხვა საარჩევნო უფლებებში ჩარევის ხარისხს“. ასე რომ, ადეკვატური არ არის იმის თქმა, თითქოს მანდატის გაუქმების წესი, რომელიც ამომრჩეველთა აქტიურ საარჩევნო უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს, მინიმალურად ზრდის პოლიტიკური პარტიის პასიურ საარჩევნო უფლებაში ჩარევას.
სასამართლომ მანდატის გაუქმების წესისადმი ტოლერანტულობა ორი არგუმენტით დაასაბუთა.
პირველი, სასამართლომ მიუთითა, რომ „ერთი შეხედვით, მანდატის გაუქმების ინსტიტუტი არადემოკრატიულ ინსტიტუტს წარმოადგენდა“, მაგრამ უკვე დადგენილი იყო, რომ „დემოკრატიის პრინციპს არ ეწინააღმდეგებოდა პარტიულ სიებში გარკვეული რაოდენობით ქალების გათვალისწინების მოთხოვნა, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მისი დარღვევა არათუ ერთი მანდატის, არამედ მთლიანად პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იყო“ (იხ. განჩინების 44-ე პუნქტი). ამგვარად, სასამართლოს ლოგიკას თუ გავყვებით, ერთი მანდატის დაკარგვა ნაკლებ ბოროტებად უნდა ჩათვლილიყო, ვიდრე მთელი პარტიული სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა. შესაბამისად, რაკი ეს უკანასკნელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა, ერთი მანდატის დაკარგვა მით უფრო უპრობლემო იქნებოდა კონსტიტუციურობის თვალსაზრისით. ვერც ამგვარ შეპირაპირებას დავეთანხმები.
სასამართლოს დამაჯარებლად არ აუხსნია, თუ რატომ იყო მანდატის გაუქმების ინსტიტუტი მხოლოდ „ერთი შეხედვით“არადემოკრატიული და რას ეფუძნებოდა მისი ლეგიტიმურობა, ანდა რატომ შეიძლებოდა ერთ სიბრტყეში ყოფილიყო განხილული, ერთი მხრივ, საარჩევნო სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტია არ გამოასწორებდა ხარვეზს მისთვის მიცემულ ვადაში და კვლავ გენდერული კვოტირების პრინციპის დაუცველად წარადგენდა საარჩევნო სიას და, მეორე მხრივ, პარტიის მიერ არჩევნების გზით კანონიერად მოპოვებული მანდატის გაუქმება, რომელიც, იმავდროულად, ამომრჩეველთა უფლებებში ჩარევასაც გულისხმობდა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რატომ იყო პირველი მათგანი საარჩევნო უფლებებში უფრო უხეში ჩარევა, ვიდრე მეორე და რატომ წარმოდგებოდა ავტომატურად პირველი ჩარევის კონსტიტუციურობიდან მეორე ჩარევის კონსტიტუციურობა. ისიც გაუგებარი დარჩა, მხოლოდ ერთი მანდატის გაუქმების ალბათობას რატომ გულისხმობს მანდატის გაუქმების თაობაზე შესაბამისი რეგულაციები.
მეორე არსებითი არგუმენტი სასამართლოსათვის, როგორც ჩანს, ის აღმოჩნდა, რომ მისი აზრით, მანდატის დაკარგვის პირობები იშვიათად შეიძლება წარმოშობილიყო. კერძოდ, მან მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე „მანდატის დაკარგვის შესაძლებლობა უაღრესად ჰიპოთეტური იყო“ (განჩინების 45-ე პუნქტი); “მისგან მომდინარე უაღრესად ჰიპოთეტური საფრთხეების პრევენცია მარტივად შეეძლო ნებისმიერ პარტიას საარჩევნო სიაში საჭირო რაოდენობის ქალების გათვალისწინებით“ (47-ე პუნქტი); და რომ მანდატის დაკარგვის ჰიპოთეტური საფრთხის საპირწონედ, სადავო ნორმა გამორიცხავდა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან მანიპულაციების შესაძლებლობას კვოტირების წესისათვის თავის ასარიდებლად (განჩინების 46-ე პუნქტი).
ჯერ ერთი, იმ შემთხვევაში, თუ პარტიული სია არ უზრუნველყოფს უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის ჩანაცვლების შესაძლებლობას შესაბამისი სქესის კანდიდატით, ეს პარტია დაუყოვნებლივ დადგება პარტიული მანდატის დაკარგვის პირდაპირი საფრთხის წინაშე და, ასეთ დროს, მათთვის ეს საფრთხე არ იქნებოდა მხოლოდ „ჰოპოთეტური“. მეორე, ნათელი არ არის, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს იმ საფრთხის რეალურობა თუ ჰიპოთეტურობა, რომელიც კანონის მოთხოვნების დარღვევას მოჰყვება. შეიძლება თუ არა, საერთოდ, საფრთხეს ჰიპოთეტური ვუწოდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სუბიექტებს, ვისაც კანონი მიემართება, შეუძლიათ თავიდან აირიდონ ეს საფრთხე კანონის მოთხოვნების შესრულების გზით. თუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ, ამ ლოგიკით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკი, ჩვეულებრივ, ყველას აქვს შესაძლებლობა, თავიდან აიცილოს კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული შედგები (სანქციები, შეზღუდვები და ა.შ.) ამ მოთხოვნების შესრულების გზით, ამიტომ კანონისმიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სანქციაც მხოლოდ „ჰიპოთეტრია“ და არა რეალური.
ნათელია, რომ ზემოაღნიშნული არგუმენტებითა და ლოგიკით, მანდატის გაუქმების წესის შეფასება რელევანტური არ არის. საჭირო იყო, სასამართლოს ზუსტი იდენტიფიცირება მოეხდინა იმისა, თუ კერძოდ, რომელ უფლებებში ჩარევას გულისხმობდა სადავო ნორმით გათვალისწინებული წესი არჩევნების გზით მოპოვებული მანდატის/მანდატების გაუქმებისა, როგორი იყო უფლებებში ჩარევის ხასიათი და ხარისხი და რა სურათი იკვეთებოდა ღირებულებითი კონფლიქტის ჭრილში. სამწუხაროდ, სასამართლომ ადეკვატურად არ შეაფასა მნიშვნელობა ზიანის მნიშვნელობისა, რასაც იწვევდა პარტიის მიერ მოპოვებული მანდატის დაკარგვის წესი. შესაბამისად, არც ის ღირებულებათა კონფლიქტი, რომელიც მას უკავშირდება.
თუ ღირებულებათა კონფლიქტის პრიზმაში განვიხილავთ სადავო ნორმას მანდატის გაუქმების წესის შესახებ, ასე უნდა დავსვათ საკითხი: რა სჯობს, წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული ბალანსის სრულყოფილად დაცვა თუ პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების შესაბამისი რაოდენობის შენარჩუნება წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილების მთელი პერიოდის განმავლობაში?
შეიძლება ასეც დავაყენოთ საკითხი: რა უფრო ნაკლები ბოროტებაა - წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული ბალანსის მცირედ დარღვევა, თუ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ არჩევნების გზით მოპოვებული ერთი ან მეტი მანდატის დაკარგვა?
მანდატის დაკარგვის რეგულაციის მიმღებმა პარლამენტის წევრებმა, ისევე როგორც ჩემმა კოლეგებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მას, არ გაითვალისწინეს, რომ საფრთხის ქვეშ დადგა, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა უფლებები, რომლებმაც ხმა მისცეს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას და მოაპოვებინეს შესაბამისი რაოდენობით მანდატები. მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიის უფლება, შეინარჩუნოს მოპოვებული მანდატები (თუკი, ცხადია, კონკრეტული წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა კანონიერი საფუძვლები არ არის წარმოშობილი).
დასანანია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა, არსებითი განხილვის ფორმატში, მხარეთა მონაწილეობით, სიღრმისეულად ემსჯელა იმაზე, აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრის სხვა პირით ჩანაცვლებაზე თავისივე პარტიული სიიდან, მასში კანდიდატის რიგითი ნომრის გათვალისწინებით ანდა იმაზე, რამდენად გამართლებულია წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული კვოტირების პრინციპის განუხრელი დაცვის არგუმენტით, პოლიტიკური პარტიის მხრიდან, მის მიერ უკვე მოპოვებული მანდატის დაკარგვა. ეს საკითხები თანაბრად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა უფლებების თვალთახედვითაც. მანდატის ლეგიტიმაცია ხალხისაგან წარმოდგება და თავისუფალი მანდატის პირობებში თვით ხალხსაც კი არ აქვს უფლება, უკან გამოიწვიოს თავისი არჩეული. ასეთ პირობებში იოლი არ არის, პასუხი გაეცეს კითხვას, აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება, გენდერული ბალანსის უზრუნველყოფის მოსაზრებებიდან გამომდინარე, გაუუქმოს მანდატი პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მან არჩევნების გზით კანონიერად მოიპოვა.
წინამდებარე სარჩელის განსახილველად არმიღებით, სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ლეგიტიმური მიზანი მთლიანად ამართლებს პარტიის მიერ არჩევნების გზით მოპოვებული მანდატის დაკარგვას, შესაბამისად - ამომრჩეველთა უფლების დარღვევას, იყოლიოს იმდენი წარმომადგენელი წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისი პოლიტიკური პარტიიდან, რამდენსაც ნდობა გამოუცხადა.
პარლამენტის წარმომადგენელთა არგუმენტს, თითქოს მანდატის გაუქმების წესი პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელოვნური მანიპულაციების წინააღმდეგ მოქმედი მექანიზმია, ვეთანხმები, თუმცა იგი არასაკმარისი გამართლებაა საარჩევნო უფლებებში შესაბამისი ჩარევისა. პარტიების სავარაუდო არაკეთილსინდისიერებას არ შეიძლება ეყრდნობოდეს საარჩევნო - როგორც პასიურ, ისე აქტიურ - უფლებებში ისეთი სერიოზული ჩარევის გამართლება, როგორსაც წარმოადგენს კანონიერად მოპოვებული მანდატის გაუქმება წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული ბალანსის დაცვის ინტერესებისათვის. მხოლოდ ის, რომ მანდატის გაუქმების წესი გენდერული კვოტირების უზრუნველყოფის (თუნდაც ყველაზე საუკეთესო და ეფექტიანი) მექანიზმია, საკმარისი არ არის მანდატის გაუქმების წესის გასამართლებლად. გენდერული კვოტირება წარმომამდგენლობით ორგანოებში მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია, მაგრამ არავის უთქვამს (მათ შორის, პირდაპირ არც საკონსტიტუციო სასამართლოს), რომ ამ ინტერესის უზრუნველყოფა აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებში ყოველგვარ ჩარევას გაამართლებს. იგი არ არის ის „მიზანი“, რომელიც ყოველგვარ საშუალებას ამართლებს. ასეც რომ იყოს, ეს სასამართლოს სიღრმისეულად და დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა.
ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს შემდეგიც: მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, გადამწყვეტი, იმას, თუ რამდენად ხშირად შეიძლება დადგეს პრაქტიკაში ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მოპოვებული მანდატის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე და ყოველთვის მოახერხებენ თუ არა პარტიები ამის ეფექტიან პრევენციას. პრინციპული და გადამწყვეტი ისაა, თუ რას ამბობს საკუთრივ კანონი, რა მიდგომებსა და ღირებულებით პრეფერენციებს ადგენს იგი და როგორ რეაგირებს მათზე საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების უწყვეტი განვითარების ინტერესების გათვალისწინებით.
[1]ვგულისხმობ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[2]მხედველობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[3]მხედველობაშია, მათ შორის, საქმე Méndez Pérez and Others v. Spain, სადაც ნაგულვები დისკრიმანაციის გამო გასაჩივრებული იყო ხელისუფლების მიერ მთლიანად ქალი კანდიდატებისგან შემდგარი სიის გაუქმება. სასამართლომ საჩივარი არ მიიღო განსახილველად დაუსაბუთებლობის საფუძვლით და განმარტა, რომ სია გაუქმებას დაექვემდებარებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ მასში ყველა კანდიდატი მამაკაცი იქნებოდა. შესაბამისად, დისკრიმინაცია სახეზე არ იყო. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მიზანს, რომლის საფუძველზეც მოქმედებდნენ ესპანეთის საარჩევნო ორგანოები, წარმოადგენდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ორივე სქესის წარმომადგენლების ანუ ქალებისა და კაცების დაბალანსებული მონაწილეობის უზრუნველყოფა.No. 35473/08, 4 October 2011.