ელენე გეგეშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/1615 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 10 დეკემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 დეკემბერი 2021 15:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ელენე გეგეშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1615) მომართა ელენე გეგეშიძემ. №1615 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 28 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 10 დეკემბერს.
2. №1615 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ხსენებული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მულის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება) შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების დაცვა და მასალათა ასლების ნებისმიერ პირზე გადაცემა წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.
5. №1615 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მისი გარდაცვლილი შვილის უფლებამონაცვლეს. მისი შვილი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელზეც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, რადგან არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. საქმის შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შეწყვეტილი საქმის მასალები, თუმცა მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა მხარეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში. მოსარჩელემ უარი მასალათა გადაცემაზე გაასაჩივრა სამივე ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვდა სამინსიტროს უარის გაუქმებასა და მასალების გადაცემის დავალებას, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოებმა განმარტეს, რომ სადავო ნორმის თანახმად, ამ შემთხვევაზე არ ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, არამედ იგი ექცეოდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულირების ფარგლებში, რომლის საფუძველზეც არ იყო მასალების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ორგანოების, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს იმგვარი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან, ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულირების სფეროში. სადავო ნორმით კი დადგენილია საგამონაკლისო წესი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გავრცელების არეალიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეებზე სპეციალური სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გავრცელება პრობლემას არ წარმოადგენს, არამედ მისთვის პრობლემურია უკვე შეწყვეტილი, არქივში არსებული სისხლის სამართლის საქმეთა მასალების სადავო ნორმით გათვალისწინებულ კატეგორიაში მოაზრება და საგამონაკლისო წესის მათზე გავრცელება.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ გამოძიების მიმდინარეობა და მის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, ასევე, სისხლის სამართლის საქმის წარმოების სხვა ეტაპზე არსებული ინფორმაცია განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს და ამ ინტერესების დასაცავად ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია. თუმცა ამგვარი შეზღუდვა საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის ხელშეწყობისა და, საბოლოო ჯამში, საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს ემსახურება. სისხლისსამართლებრივი საქმის შეწყვეტის შემდგომ კი, იმ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით სრულდება პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების კონსტიტუციური ვალდებულების/ფუნქციის მოქმედება და ამ საქმესთან მიმართებით აღარ არსებობს სისხლის სამართლის ის სპეციფიკური მიზნები, რომლებიც საქმის წარმოების ეტაპზე დგას.
8. მოსარჩელის პოზიციით, შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შენახვა და მათი უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით უზრუნველყოფა, თავისი არსით, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ფუნქციას, რადგან ქმედება პირდაპირ ადმინისტრირებას უზრუნველყოფს. შესაძლოა, ინფორმაციის შექმნის მომენტში საქმიანობა საგამონაკლისო შემთხვევასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც საგამონაკლისო შემთხვევაზე ოფიციალურად შეწყვეტილია წარმოება, შესაბამისი ორგანოების მიერ ამ ინფორმაციის შენახვა აღარ არის დაკავშირებული სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან.
9. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკა ხსენებულ საკითხთან მიმართებით არაერთგვაროვანია. კერძოდ, საერთო სასამართლოების ადრეული პრაქტიკით, შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე მიიჩნეოდა საჯარო ინფორმაციად, ხოლო საქართველოს პროკურატურა მხოლოდ მისი, როგორც საარქივო დოკუმენტის შენახვასა და დაცვას უზრუნველყოფდა, რაც წარმოადგენს პროკურატურის არა კონსტიტუციური და სპეციალური კანონების საფუძველზე მინიჭებულ ფუნქციას (სისხლისსამართლებრივ დევნას/სისხლის სამართლის საქმის წარმოებას), არამედ მარტივ ადმინისტრაციულ ფუნქციას, რაც გამოხატულია სხვადასხვა სახის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში.
10. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოებაშეწყვეტილი სისხლის სამართლის მასალების გაცემაზე უარის ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენდეს მასალებში მითითებული პირების პერსონალური მონაცემების დაცვაც. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მონაცემთა დეპერსონალიზაციის ცნებას, რაც გულისხმობს მონაცემთა იმგვარ მოდიფიკაციას, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავშირება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვაა, კანონმდებელს, მონაცემთა დაშტრიხვის სახით, ბევრად უფრო მარტივი და ნაკლებად მზღუდავი საშუალებით შეუძლია დასახელებული მიზნის მიღწევა.
11. მოსარჩელე ასევე აპელირებს, რომ შეწყვეტილ, დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით დროის ფაქტორი მოქმედებს, კერძოდ, მცირდება მასალების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისგან მომდინარე საფრთხეები. ზოგადი სტანდარტით, საზოგადოებისთვის ამგვარ დოკუმენტებზე წვდომის უფლება უნდა არსებობდეს, ხოლო საჯარო ფუნქციების განმახორციელებელმა ორგანომ ლეგიტიმური ინტერესების შელახვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეზე წვდომის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურობა.
12. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ წარმოებაშეწყვეტილ საქმეთა მასალებზე წვდომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადო კონტროლის თვალსაზრისით. საზოგადოებას ისევე აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის მოთხოვნილებაცა და უფლებაც, როგორც ეს სასამართლოს შემთხვევაში ხდება. საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის, კონსტიტუციის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაციით, განსაკუთრებული უფლებამოსილებით, მომეტებული ინტენსივობით ეხებიან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ნაწილში დიდია ამ ძალაუფლების ბოროტად ან არაპროფესიონალურად გამოყენების რისკები. ამიტომაც, ნათელია, რომ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების კონტროლის ნაწილში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართალს, რადგან ეს უკანასკნელი ყველაზე დიდი ინტენსივობით იჭრება ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებში.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების შენახვას მიაკუთვნებს ისეთ საქმიანობას, რომელიც უკავშირდება სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და, შესაბამისად, მასზე გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის სტანდარტის გავრცელებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას.
14. №1615 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის კანონმდებლობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1615 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა ადგენს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის ფაქტი, რომ ვერ იღებს უკვე შეწყვეტილი საქმის მასალებს, რომელიც ინახება არქივში. მისი განმარტებით, არქივში შენახული დასრულებული საქმის მასალები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მასზე სადავო ნორმით დადგენილი გამონაკლისის გავრცელება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეგულირების ქვეშ მოქცევა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მიღების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. შესაბამისად, „ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმები ზღუდავს სახელმწიფო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციაზე [...] ხელმისაწვდომობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
5. ამგვარად, პირის უფლება, მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია.
6. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის მიზანს და არსს წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოების დეკლარირება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, არ იქნეს მოწესრიგებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამავდროულად, მას არ გააჩნია რაიმე სხვა, მით უფრო, გარკვეული სამართლებრივი მოქმედების განხორციელების ამკრძალავი ხასიათი. მისით არათუ არ არის მოწესრიგებული შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალათა გაცნობის წესი, არამედ პირიქით, ნორმა სწორედ ამ საკითხების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოწესრიგების მიღმა დატოვებისკენ არის მიმართული. ის გარემოება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა გარკვეულ საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში მოცემული საჯარო ინფორმაციის გაცნობის წესები, თავისთავად, ვერ გამოიწვევს მოსარჩელის საჯარო ინფორმაციის გაცნობის უფლების შეზღუდვას (იხ., mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/11/654 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
7. ამრიგად, სადავო ნორმის რეგულირების ფარგლები საერთოდ არ შეეხება შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის საკითხს და არ გააჩნია უფლების შემზღუდველი ბუნება. სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება მხოლოდ ხსენებული კოდექსის გაუვრცელებლობით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასა და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, რაც ვერ იქნება აღქმული საჯარო ინფორმაციის გაცნობის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვად. ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუძველზე, განაცხადეს უარი არქივიდან შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმის მასალათა გაცნობაზე. საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მოახდინეს მხოლოდ იმ ფაქტის დეკლარირება, რომ ამგვარ ინფორმაციზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. შესაბამისად, მოსარჩელის უფლების შეზღუდვას იწვევს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც იმგვარად შემოსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმის მასალათა გაცნობაზე უფლებამოსილ სუბიექტებს, რომ მოსარჩელეს ერთმევა ამგვარი შესაძლებლობა.
8. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1615 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1615 კონსტიტუციური სარჩელი („ელენე გეგეშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში