ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/1/1434,1466 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 25 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 თებერვალი 2022 18:47 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 ოქტომბერი 2022 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: ნათია ებრალიძე.
საქმის დასახელება: ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) №1434 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ და 158-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) №1466 კონსტიტუციურ სარჩელზე: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ოთარ მარშავა; მოსარჩელე მხარის, ოთარ მარშავას წარმომადგენელი - ბექა გულედანი; მოსარჩელე - მიხეილ ნოზაძე; მოსარჩელე მხარის, მიხეილ ნოზაძის წარმომადგენლები - გიორგი მშვენიერაძე და მარინე კაპანაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - რუსუდან მუმლაური, ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი - საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ნათია სონღულაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის პირველ აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1434) მომართა საქართველოს მოქალაქე ოთარ მარშავამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1466) მომართა საქართველოს მოქალაქე მიხეილ ნოზაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/1/1434 და №2/4/1466 საოქმო ჩანაწერებით, №1434 და №1466 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №2/4/1466 საოქმო ჩანაწერით დასახელებული ორი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდა ერთ საქმედ. №1434 და №1466 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2021 წლის 9 ივნისს.
2. №1434 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. №1466 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“. ამავე კოდექსის 158-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.
6. №1434 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, 2017 წლიდან მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ყადაღა დაედო მოსარჩელის ქონებას იმ მოტივით, რომ ქონება შესაძლოა, მოპოვებული იყო დანაშაულებრივი გზით ან/და მის მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული. აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ იმავე არგუმენტაციით უცვლელად დატოვა. მოსარჩელე დღემდე არ არის ცნობილი ბრალდებულად და იგი სარგებლობს მოწმის სტატუსით. ამავდროულად, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, სამოქალაქო დავის ფარგლებში, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ დაადასტურა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერების ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ უცვლელად დატოვა და მოსარჩელე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცნობილია ქონების კეთილსინდისიერ შემძენად.
7. №1434 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმა საგამოძიებო ორგანოს აღჭურავს ფართო დისკრეციით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყადაღა დაადოს კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას. მოსარჩელის განმარტებით, ყადაღის დადების შუამდგომლობის წარდგენის დროს არც პროკურორის და არც სასამართლოს მხრიდან მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ სამოქალაქო დავის ფარგლებში დადასტურდა მოსარჩელის კეთილსინდისიერების ფაქტი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის ქონებას უკვე 4 წელია ადევს ყადაღა, რაც საკმაოდ მძიმე შეზღუდვას წარმოადგენს და არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ასევე პრობლემურია ქონებაზე ყადაღის მოქმედების ვადის საკითხიც. შეზღუდვის ინტენსივობას ზრდის ის ფაქტი, რომ ნორმა ბლანკეტურად მიუთითებს ხანდაზმულობის ვადებზე და არ ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის მოქმედების საჭიროების გადასინჯვის მექანიზმს. ამავდროულად, მოსარჩელე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სარგებლობს მოწმის სტატუსით და იგი არ არის აღჭურვილი რაიმე სამართლებრივი ბერკეტით, მიმართოს სასამართლოს მის ქონებაზე ყადაღის გაუქმების შუამდგომლობით. აღნიშნული კი იწვევს საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას და, ამდენად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
9. №1466 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2017 წელს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაედო ყადაღა. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სადავო ნორმას და განმარტა, რომ ქონება შესაძლოა, მოპოვებული იყო დანაშაულებრივი გზით ან/და მის მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს არგუმენტაცია და გასაჩივრებული განჩინება ძალაში დატოვა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე, თავდაპირველი გამოძიების ფარგლებში, 2008 წლის დადგენილებით სხვა პირები იქნენ მიცემული სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, იგი კი დღემდე არ არის ცნობილი ბრალდებულად და არ არის დაკითხული როგორც მოწმე.
10. №1466 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმის მიზანი ქონების შესაძლო ჩამორთმევაა, რაც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების აღსრულებას. შესაბამისად, იგი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მსჯავრდებული პირის მიმართ. სადავო ნორმა კი შესაძლებლობას იძლევა, ყადაღა დაედოს კეთილსინდისიერი შემძენის ქონებასაც, ვინაიდან იგი პროკურორს არ ავალდებულებს, ამტკიცოს პირის ბრალეულობის ფაქტი. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, ყადაღა ედება ისეთ ქონებასაც, რომლის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.
11. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას ის ფაქტიც ზრდის, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოებმა ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ჩაატარონ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებული პირის გამოსავლენად. ამავდროულად, არ არსებობს აღნიშნულ პროცესზე კონტროლის მექანიზმიც, რაც საგამოძიებო ორგანოების თვითნებობას გამორიცხავდა.
12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის მიზანი ვერ იქნება ახალი დანაშაულის პრევენცია და ნივთიერი მტკიცებულებების დაზიანებისგან დაცვა. ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანი უკვე უზრუნველყოფილია სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების დაზიანებისგან დაცვას უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნივთმტკიცებასთან მოპყრობის მარეგლამენტირებელი კანონმდებლობა, რომელიც ადგენს ნივთმტკიცების დათვალიერების, აღწერის, ამოღებისა და დალუქვის შესაძლებლობას. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ ხდება საჭირო აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის, დამატებით, სადავო ნორმის საფუძველზე ქონებაზე ყადაღის დადება.
13. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებას და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
14. მოპასუხე მხარის განმარტებით, სსსკ-ის 151-ე მუხლის სადავო მე-3 ნაწილი ამავე მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებით, გამოიყენება მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს დანაშაულის ფაქტი, თუმცა დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, ვინ ჩაიდინა დანაშაული. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული სამართალშემფარდებელს არ ათავისუფლებს ქონების მესაკუთრის სავარაუდო არაკეთილსინდისიერების დასაბუთების ვალდებულებისგან. ცალსახად, კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას ყადაღა ვერ დაედება, რადგან ასეთი ქონება სამომავლოდ ჩამორთმევასაც ვერ დაექვემდებარება. ამდენად, მოპასუხე მხარის განმარტებით, 151-ე მუხლით დადგენილი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი მოიცავს სამართალშემფარდებლის მხრიდან დასაყადაღებელი ქონების მესაკუთრის სავარაუდო არაკეთილსინდისიერების დასაბუთების ვალდებულებასაც.
15. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ, თუ არ იარსებებს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა, თავად ყადაღის გამოყენებას აზრი დაეკარგება და ვეღარ უზრუნველყოფს იმ საფრთხეების აღმოფხვრას, რისი უზრუნველყოფისთვისაც გამოიყენება იგი. კერძოდ, მოპასუხე მხარის განმარტებით, ყადაღის მიზანია ახალი დანაშაულის პრევენცია, ნივთიერი მტკიცებულებების დაზიანებისგან დაცვა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფა. ყადაღის გამოყენების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ქონების განკარგვისა და სარგებლობის აკრძალვა გამორიცხავს თავად ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენას და აღნიშნული ქონებიდან მიღებული შემოსავლის დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოყენების შესაძლებლობას. ამავდროულად, ქონების გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე შესაძლოა, არ იყოს დაინტერესებული ნივთიერი მტკიცებულების მტკიცებულებითი ხასიათის შენარჩუნებით, ამდენად, გამოძიების ინტერესებისთვის და დანაშაულთან ეფექტურად ბრძოლისთვის აუცილებელია, აიკრძალოს ქონების გასხვისება. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ქონების განკარგვის შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე შეუძლებელი იქნება ქონების ჩამორთმევაც, ვინაიდან არ არსებობს კეთილსინდისიერი შემძენისთვის ქონების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე ქონების ჩამორთმევა ხორციელდება სსკ-ის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნით და იგი გამოიყენება სასჯელის ერთ-ერთ სახედ. შესაბამისად, ვინაიდან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ მსჯავრდებულს, ქონებაზე ყადაღის დადებისას ასევე უნდა საბუთდებოდეს მესაკუთრის შესაძლო ბრალეულობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული ვერ განხორციელდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისთვის საჭირო მტკიცებულებებით. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, გამოძიების მიმდინარეობისას დადასტურდეს მესაკუთრის კეთილსინდისიერება.
17. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ „ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“ პირობასაც. თუმცა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სამართალშემფარდებლის გადასაწყვეტია, სადავო ნორმის კონკრეტულად რომელი პირობა გვაქვს სახეზე. მოპასუხე მხარემ დამატებით განმარტა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია, ყოველთვის არ იყოს ქონების ჩამორთმევა. იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების მიმართ არის დანაშაული ჩადენილი და იგი დანაშაულებრივი გზით მესამე პირის საკუთრებაში არ გადასულა, არ არსებობს დაზარალებული მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევის საფუძველი. ამდენად, ქონების ჩამორთმევისთვის აუცილებელია, იგი დანაშაულებრივი გზით გადავიდეს მესამე პირის საკუთრებაში.
18. საქართველოს პარლამენტმა ნაწილობრივ ცნო №1434 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის არაკონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოპასუხე მხარის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განსხვავდება დანაშაულის კატეგორიის მიხედვით. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება და პირის ბრალდებულად ცნობისთვის საჭირო მტკიცებულებების შეკრება შესაძლებელია, გაგრძელდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ქონებაზე ყადაღის მოქმედების გაგრძელების საჭიროება, რაც იწვევს საკუთრების უფლების ინტენსიურ შეზღუდვას. მოპასუხე მხარის განმარტებით, შეზღუდვის ინტენსივობას ის ფაქტიც ზრდის, რომ არ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების პერიოდული გადასინჯვის მექანიზმი და არც მხარეს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის მოხსნის თაობაზე.
19. საქმეზე საქართველოს პროკურატურიდან მოწვეულმა საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ყადაღის მარეგლამენტირებელი კანონმდებლობის მოქნილობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყადაღის გამოყენება მხოლოდ ბრალდებულის ქონებასთან მიმართებით, აღნიშნულ ინსტიტუტს არაეფექტურს გახდიდა. ამასთან, მოწმემ მიუთითა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს, დასახელებული საპროცესო იძულების ღონისძიება პირთა ფართო წრეზე განავრცოს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბრალდებულით.
20. წარმომადგენელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების რეგულირების სფერო. მისი განმარტებით, სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ინსტიტუტი, ამავე მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებით, არ მოითხოვს საქმეზე ბრალდებული პირის არსებობას. შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის მიმართ დაწყებული არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის საჭირო მტკიცებულებები პირის ბრალეულობის სამტკიცებლად. ამდენად, ყადაღას შესაძლებელია, დაექვემდებაროს ნებისმიერი პირის (პოტენციური ბრალდებულის, მასთან დაკავშირებული პირის) ქონება, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი ან/და იგი დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული.
21. წარმომადგენელი განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე ყოველთვის არ არის ცხადი პირის კეთილსინდისიერებისა და დანაშაულთან მისი სავარაუდო შემხებლობის საკითხი, თუმცა, თუ არ იარსებებს აღნიშნულ ეტაპზე ყადაღის გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა, ეს შემდგომში შეუძლებელს გახდის ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფას. წარმომადგენელმა ხაზგასმით მიუთითა, რომ, თუ გამოძიების მიმდინარეობისას ცალსახა გახდება პირის კეთილსინდისიერების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შეწყვეტამდე არ არსებობს ქონებაზე ყადაღის გაუქმების საკანონმდებლო საფუძველი, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პროკურორი მიმართავს სასამართლოს კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე ყადაღის გაუქმების შუამდგომლობით.
22. წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, ქონებაზე ყადაღის დადებისას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა დასაბუთდეს ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენის ან/და მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვების ფაქტი. დაუშვებელია, ყადაღა დაედოს ისეთ ქონებას, რომელიც არ უკავშირდება ჩადენილი დანაშაულის პერიოდს ან იმაზე მეტი მოცულობით იქნეს იგი გამოყენებული, ვიდრე ჩადენილი დანაშაულია.
23. პროკურატურის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ყადაღის დადების დამოუკიდებელი საფუძვლების - „ამ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი“ და „იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ შინაარსზე. წარმომადგენელმა მიუთითა, რომ „ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“ გულისხმობს ვითარებას, როდესაც ქონება აღრიცხულია იმ პირის საკუთრებაში, რომელმაც უშუალოდ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება და არ მომხდარა ქონების შემდგომი გასხვისება. ხოლო „ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი“ მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შესაბამისი სტანდარტით არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პირი, ვინც უშუალოდ განახორციელა ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვება.
24. წარმომადგენელი განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფაა და არა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც სამოქალაქო წარმოების ფარგლებში ხდება. შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომლის ჩამორთმევის შესაძლებლობაც არსებობს. ამდენად, პროკურორმა ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობაში ისიც უნდა ასაბუთოს, რომ ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას.
25. წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება გამოძიების შეწყვეტამდე. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ ქონებას ყადაღა ედება კონკრეტულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადით, რაც შესაძლებელია გაგრძელდეს ხანგრძლივი დროით, ვინაიდან ამ პერიოდში ვერ მოხდეს პირის ბრალდებულად ცნობისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვება.
26. წარმომადგენლის განმარტებით, ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი ასევე შეიძლება იყოს ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენცია. მართალია, აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფა ხდება სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუმცა იგი შემოიფარგლება კონკრეტული დანაშაულებით. შესაბამისად, სხვა დანაშაულების შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება ახალი დანაშაულის ჩასადენად, გამოყენებულ უნდა იქნეს სადავო ნორმა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. წინამდებარე საქმეზე სადავოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ და ამავე კოდექსის 158-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხემ – საქართველოს პარლამენტმა ცნო №1434 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს კონსტიტუციური სარჩელი. იმავდროულად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, ... საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/505 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხის პოზიციის მიუხედავად, შეაფასებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას.
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით
1.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების სფერო
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ავტონომიური მნიშვნელობა აქვს. „კერძოდ, საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, არსებული ქონების (მათ შორის, მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები) განკარგვას [...] სარგებლობასა და მფლობელობასთან ერთად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/3/680 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
6. ამდენად, „სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას [...] a priori განიხილება როგორც ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებაში და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-7).
1.2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას“. ქონებით სარგებლობა, ისევე როგორც მისი განკარგვა, საკუთრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს, შესაბამისად, ბუნებრივია, მისი დაყადაღება ხსენებულ უფლებას ზღუდავს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დავობს არა ზოგადად ყადაღის ინსტიტუტის კონსტიტუციურობაზე, არამედ სადავო ნორმის მხოლოდ იმ ასპექტზე, რომელიც ითვალისწინებს კეთილსინდისიერი შემძენის ქონების დაყადაღებას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არის შესაძლებელი, სადავო ნორმით უფლება შეიზღუდოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფორმით. ხსენებულისათვის აუცილებელია, სადავო ნორმის და მასთან კავშირში მყოფი სხვა ნორმების სისტემურად გაანალიზება.
8. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. სადავო ნორმის შინაარსისა და ფარგლების სრულყოფილი გააზრებისთვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადების ინსტიტუტის მიზნები და საფუძვლები. სწორედ, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, სადავო ნორმიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის ფარგლების იდენტიფიცირება და, შესაბამისად, მისი კონსტიტუციურობის შეფასება.
9. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.
10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქონებაზე ყადაღის დადების კონკრეტულ წინაპირობებს, კერძოდ, განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, რომელთა ქონებასაც შეიძლება დაედოს ყადაღა და ჩამოთვლის მიზნებს/საფუძვლებს, რომელთა უზრუნველსაყოფადაც ხდება ყადაღის გამოყენება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს ყადაღის კონკრეტული დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით დადების შესაძლებლობას. ამდენად, სსსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები უშვებენ ხსენებული ინსტიტუტის მხოლოდ ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფის და რიგი დანაშაულების აღკვეთის მიზნით გამოყენების შესაძლებლობას.
11. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო სიტყვები არ უთითებს, თუ რა მიზნით არის დასაშვები ქონების დაყადაღება. ამავდროულად, იგი არც იმ სუბიექტთა წრეს განსაზღვრავს, რომელთა ქონებასაც შესაძლებელია, დაედოს ყადაღა. სადავო ნორმა აქცენტს აკეთებს ქონების ხასიათზე, დანაშაულის ობიექტზე და ყადაღის დადების შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას უშვებს მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის მიმართ ჯერ კიდევ არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.
12. აღნიშნულს, ასევე ადასტურებენ საქმეზე მოწვეული საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი და მოპასუხე მხარე. მათი განმარტებით, სადავო ნორმა არ მოითხოვს საქმეზე ბრალდებული პირის არსებობას და მიზნად ისახავს ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას მანამ, სანამ კონკრეტული პირის ქმედებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება.
13. ამავე დროს, სადავო ნორმა ყადაღის დადებას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფარგლებში. საქმეზე თანდართული მასალებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ №1466 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, ხოლო №1434 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში ‒ კერძო პირის საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე.
14. ამდენად, აშკარაა, რომ ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენის ან/და მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სადავო ნორმა უშვებს ნებისმიერი პირის ქონების დაყადაღებას. მათ შორის, იმ პირის, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი არ არსებობს. სისხლის სამართლის ამა თუ იმ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ხელმძღვანელობა, თავისთავად, გულისხმობს, რომ ესა თუ ის საეჭვო ფაქტი შესაძლოა გამოძიების და სასამართლოს განხილვის დროს არ დადასტურდეს. შესაბამისად, ყადაღის დადების დროს არსებული სახელმძღვანელო სტანდარტი, თავისთავად, მოიაზრებს, რომ დაყადაღებული ქონება შესაძლოა, არ იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და მის მიმართ არ იყოს დანაშაული ჩადენილი ან/და ეს დანაშაული არ იყოს ჩადენილი ქონების მესაკუთრის მიერ. სადავო ნორმიდან გამომდინარე, ყადაღის გამოყენების დროს არც პროკურორს და არც მოსამართლეს არ მოეთხოვებათ, დადასტურებულად იცოდნენ მისი შეძენისას ქონების მესაკუთრის არაკეთილსინდისიერების ფაქტი. ამდენად, სადავო ნორმა უშვებს, მათ შორის, კეთილსინდისიერი შემძენის ქონების დაყადაღების შესაძლებლობასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საკუთრების უფლება იზღუდება, მათ შორის, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ფორმით, რაც საჭიროებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გამართლებას.
1.3. უფლების შეზღუდვის გამართლება
1.3.1. შეფასების ტესტი
15. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკუთრების უფლება მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც მესაკუთრის კერძო ინტერესი საჯარო ინტერესებთან მიმართებით აბსოლუტური, უპირობო უპირატესობით სარგებლობს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქოსამართლებრივი წესრიგის შექმნისას აუცილებელია, მიღწეულ იქნეს სწორი ბალანსი საკუთრების უფლებასა და სხვა უფლებებს/საჯარო ინტერესებს შორის. აუცილებელია, „მესაკუთრემ გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგულირებისას უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, ძირითადი უფლებიდან მომდინარე, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპიროდ არსებული საჯარო ინტერესების სამართლიანი დაბალანსება.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებს. დასახელებული კონსტიტუციური დებულების მიხედვით, საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნა არის, რომ უფლების შეზღუდვა რეგლამენტირებულ იქნეს კანონით. განსახილველ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ დგას სადავო ნორმის კონსტიტუციასთან ფორმალური შესაბამისობა, ვინაიდან იგი კანონის ფორმით არის მიღებული.
17. ამავდროულად, საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი ლეგიტიმაციისათვის მხოლოდ საჯარო ინტერესის არსებობა საკმარისი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმის შესაბამისობა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებთან.
1.3.2. ლეგიტიმური საჯარო მიზანი
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „თუ არ არსებობს შესაფერისი ღირებული მიზანი, ზედმეტია იმ საშუალებების შეფასება, რითიც ეს მიზანი მიიღწევა ან რამდენად აღმატებულია მიზნიდან გამომდინარე სიკეთე იმ ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც შეზღუდული უფლებიდან გამომდინარეობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
19. №1434 და №1466 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სადავო ნორმა ემსახურება ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფის გზით მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების, ნივთიერი მტკიცებულებების დაზიანებისგან დაცვის და ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნებს.
20. „ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შეუფერხებელი განხორციელება, ... და დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა უმნიშვნელოვანესი საჯარო ინტერესებია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). „სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა სისხლისსამართლებრივი დევნის, გამოძიებისა და მართლმსაჯულების მიზნობრივი, ეფექტური და სამართლიანი განხორციელება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). ნივთიერი მტკიცებულებების დაცვა, ისევე როგორც სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის, აღსრულების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებასთან. ამავე დროს, დანაშაულის ჩადენის პრევენცია სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რომელიც ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვას. ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებული მიზნები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა.
1.3.3. გამოსადეგობა
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის ლეგიტიმურ მიზანზე მითითება საკმარისი არ არის. სხვა პირობებთან ერთად, ასევე აუცილებელია, დაკმაყოფილებული იყოს გამოსადეგობის მოთხოვნაც. თავის მხრივ, ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
22. მოსარჩელე მიუთითებს ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისგან დაცვაზე, ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფასა და ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციაზე. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება უზრუნველყოფს მისი გასხვისების აკრძალვას, რაც, შესაბამისად, აადვილებს სახელმწიფოს მიერ მის ჩამორთმევას მესაკუთრის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში. ამავე დროს, სასამართლო არ გამორიცხავს ქონების უშუალოდ დანაშაულის ჩასადენად ან/და დანაშაულის ჩასადენად საჭირო რესურსის შესაძენად გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, ასევე არსებობდეს კავშირი სადავო ნორმასა და ახალი დანაშაულის პრევენციას შორის.
23. მტკიცებულების განადგურებისაგან დაცვის მიზანთან მიმართებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი სპეციალურად არეგულირებს ნივთიერი მტკიცებულებების დაცვის წესებს. კერძოდ, სსსკ-ის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე და 260-ე მუხლები განსაზღვრავენ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოების ფარგლებში მოპოვებული ნივთმტკიცების შენახვა-განადგურების წესს განაჩენის დადგენისას და სისხლის სამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტისას. ამდენად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე, გარდა ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა. აღნიშნულის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, ნივთიერი მტკიცებულების ამოღება და შენახვა შესაძლოა, შეუძლებელი ან/და მიზანშეუწონელი იყოს და მესაკუთრისათვის მისით სარგებლობის აკრძალვა წარმოადგენდეს განადგურებისგან დაცვის საკმარის ან/და აუცილებელ ღონისძიებას. ქონებაზე ყადაღის დადება გულისხმობს მისი განკარგვის, აუცილებლობის შემთხვევაში კი, ასევე სარგებლობის აკრძალვას. ბუნებრივია, ქონების განკარგვის აკრძალვასა და მტკიცებულებების განადგურებისგან დაცვას შორის პირდაპირი კავშირი არ იკვეთება. მტკიცებულების განადგურებისაგან დაცვა შესაძლებელია, მისი მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად, თუმცა, ხსენებული კავშირი სახეზეა ქონების სარგებლობის აკრძალვის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულების განადგურებისგან დაცვის მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
1.3.4. აუცილებლობა
24. პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. აუცილებლობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი იმავე ეფექტურობით ვერ მიიღწევა სხვა, ნაკლებად მზღუდველი საშუალებით.
25. სასამართლომ სადავო ნორმა ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნის გამოსადეგ საშუალებად მიიჩნია, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ან/და ქონება, რომლის მიმართ დანაშაულია ჩადენილი, უშუალოდ იქნეს გამოყენებული ახალი დანაშაულის ჩასადენად. ასევე შესაძლებელია, რომ ხსენებული ქონება დამნაშავისათვის წარმოადგენდეს დანაშაულის ჩასადენად საჭირო მატერიალური რესურსის მობილიზების წყაროს. თუმცა, სადავო ნორმა ქონების დაყადაღების წინაპირობად განსაზღვრავს თავად ქონების ბუნებას, მისი დანაშაულებრივი გზით მოპოვების ან/და მის მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ყოველგვარი დამატებითი მითითების გარეშე. მსგავსი ქონების არსებობა, უმრავლეს შემთხვევაში, მისი გამოყენებით ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს არ წარმოშობს. მაგალითად, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, საერთო სასამართლო არც ერთი მოსარჩელის მიმართ არ მიუთითებს იმაზე, რომ ყადაღის დადების საფუძველი შესაძლო დანაშაულის ჩადენის პრევენცია გახდა.
26. ამდენად, აშკარაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელს სურს, დამნაშავისათვის დანაშაულის ჩასადენად საჭირო რესურსზე წვდომის შეზღუდვა და ამ ფორმით დანაშაულის პრევენცია, მას შეუძლია, მიიღოს სადავო ნორმაზე ბევრად უფრო ვიწროდ მიმართული რეგულირება. მაგალითად, ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილება დაადგინოს იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონების ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების დასაბუთებული ვარაუდი არსებობს. მსგავსი რეგულირება, ერთი მხრივ, სადავო ნორმის ეკვივალენტური ეფექტურობით უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციას, მეორე მხრივ კი, იქმნება საკუთრების უფლების ნაკლებად მზღუდველი ღონისძიება. ამდენად, აშკარაა, რომ კანონმდებელს შეუძლია ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა სადავო ნორმით განსაზღვრულზე უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებით. შესაბამისად, ხსენებულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, სადავო ნორმა ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას.
27. როგორც უკვე აღინიშნა, ნივთიერი მტკიცებულებით სარგებლობის აკრძალვა შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, წარმოადგენდეს მათი განადგურებისგან დაცვისკენ მიმართულ ქმედებას. თუმცა, ქონებაზე ყადაღის გამოყენება ავტომატურად გულისხმობს მისი განკარგვის აკრძალვას, სარგებლობის აკრძალვას კი, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს. ამავე დროს, სადავო ნორმის საფუძველზე, მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, ქონებით სარგებლობა შეზღუდოს მისი განკარგვის აკრძალვის გარეშე. შესაბამისად, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს საკუთრების უფლებას, ვიდრე პოტენციურად შეიძლება იყოს საჭირო მტკიცებულებების განადგურებისგან დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. კანონმდებელს შეუძლია, კანონით განსაზღვროს, ნივთიერი მტკიცებულებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიერ ქონებით სარგებლობის აკრძალვის უფლებამოსილება, რაც, ერთი მხრივ, იქნება უფლების ნაკლებად მზღუდველი საშუალება, მეორე მხრივ კი, იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფს მტკიცებულებების განადგურებისგან დაცვას.
28. სადავო ნორმით განსაზღვრული ღონისძიების აუცილებლობის საკითხი, ასევე ცალკე უნდა შეფასდეს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დამნაშავის მიერ ქონების განკარგვა მნიშვნელოვნად ართულებს მის მიმართ ქონების ჩამორთმევის- სასჯელის აღსრულებას. ბუნებრივია, დამნაშავის მიერ დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების გასხვისების და მისი კეთილსინდისიერი შემძენის მიერ შეძენის შემთხვევაში, შესაძლებელია, ვერც უშუალოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა მოხდეს და ვერც ალტერნატიული ჩამოსართმევი ქონების მოძიება მოხერხდეს. ხსენებული კი, მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების აღსრულებას. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის ქონება პოტენციურად ჩამოსართმევია, ქონებაზე ყადაღის დადება, რაც, როგორც წესი, მხოლოდ მისი გასხვისების აკრძალვას გულისხმობს, შესაძლებელია, იქნეს მიჩნეული უფლების შეზღუდვის აუცილებელ საშუალებად. ამდენად, სადავო ნორმის აუცილებლობაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, რამდენად შემოიფარგლება იგი მხოლოდ პოტენციურად ჩამოსართმევ ქონებაზე ყადაღის დადებით.
29. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს არც ქონებაზე ყადაღის დადების მიზნებს და არც სუბიექტთა წრეს, რომელთა ქონებაც შესაძლოა, დაექვემდებაროს ხსენებულ ღონისძიებას. სადავო ნორმა აქცენტს აკეთებს ქონების ხასიათზე, დანაშაულის ობიექტზე და ყადაღის დადების შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (საკმარისი მონაცემები), რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. პროკურორსა და სასამართლოს არ ევალებათ, შეამოწმონ, რამდენად არსებობს დასაყადაღებელი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შესაძლებლობა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ბრალდების მხარის ყველა ვარაუდი. კონსტიტუციურ სარჩელებზე დართულ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებიდანაც ნათლად ჩანს, რომ სასამართლოები ყადაღის დადების დროს ითვალისწინებენ მხოლოდ ქონების დანაშაულებრივ ხასიათს და რელევანტურად არ მიიჩნევენ იმ გარემოებას, თუ რამდენად არსებობს ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა.
30. ნებისმიერი ქონება, რომელიც მოპოვებულია დანაშაულის გზით ან/და რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას არ ექვემდებარება. სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება ჩამორთმევადი იყოს ქონება, რომელიც დამნაშავეს წარმოეშვა სახელმწიფო ქონების დანაშაულის გზით მისაკუთრების შედეგად (ან ასეთი ქონების ეკვივალენტური ქონება). თუმცა, დანაშაული შეიძლება, ასევე ჩადენილ იქნეს კერძო საკუთრების უკანონოდ დაუფლების გზით. მსგავს შემთხვევებში, ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება, როგორც წესი, კერძო პირებს შორის სამოქალაქო დავის საგანია და ხსენებული ქონება პოტენციურადაც კი არ წარმოადგენს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევ ობიექტს.
31. ამავე დროს, საქმეზე თანდართული, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი სასამართლო აქტებით დასტურდება, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ყადაღის გამოყენება ხდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე მითითებით (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 03 მაისის №1გ/621-17 განჩინება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის №1/გ-469 განჩინება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის №1/გ-415-21 განჩინება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის №12-6 განჩინება).მათ შორის, №1434 კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაშიც გამოძიება მიმდინარეობს კერძო საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, კერძოდ კი, სხვა პირის ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, სადავო ნორმის საფუძველზე, ყადაღა დაედო მოსარჩელის ქონებას (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის №1/გ-66-19 განჩინება).
32. სისხლის სამართლის პროცესი კერძო საკუთრების მიმართ ჩადენილ დანაშაულზე დამდგარი სასამართლოს განაჩენის შედეგად, მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტისას ქონების ნამდვილი მესაკუთრისთვის დაბრუნების ან/და საპროცესო ხარჯების და ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევის შემთხვევაში. ამავე დროს, კერძო საკუთრების მიმართ ჩადენილი დანაშაულის პირობებში დაყადაღებული ქონება არ შემოიფარგლება მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება მათ შორის ისეთი ქონების დაყადაღება, რომელზე საკუთრების უფლებაზეც საბოლოო განაჩენი პოტენციურადაც კი ვერ მოახდენს გავლენას.
33. ზემოაღნიშნული მსჯელობა ადასტურებს, რომ სადავო ნორმა ადგენს საკუთრების ბლანკეტურ შეზღუდვას, მაშინ, როცა ყადაღის საჭიროება შეიძლება არსებობდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მიზნების მისაღწევად. საკონსტიტუციო სასამართლო, ბუნებრივია, იზიარებს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გადამალვის პრევენციის აუცილებლობას. თუმცა ხსენებული მიზნების მისაღწევად შესაძლოა, მიღებული იქნეს საკუთრების მზღუდველი ვიწროდ მიმართული რეგულაციები. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას, ვიდრე ეს საჭიროა ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას.
1.3.5. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
34. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის საფუძველზე ქონების განკარგვის აკრძალვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს, მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულებების ან/და სახელმწიფო ქონების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად შეძენილი ქონების დაყადაღებისას. შესაბამისად, ამ ნაწილში უნდა შეფასდეს პროპორციულობა ვიწრო გაგებით. თანაზომიერების პრინციპის აღნიშნული ელემენტის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევით მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესის უზრუნველყოფა და, მეორე მხრივ, მესაკუთრის უფლება, თავისუფლად ისარგებლოს ქონებით და განკარგოს იგი.
35. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ სიკეთეს წარმოადგენს. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია არ იცავს დანაშაულის გზით მოპოვებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 13 ივლისის №2/5/309,310,311 გადაწყვეტილება საქმეზე „1) მოქალაქეები: ლილი თელია, არჩილ მეფარიძე და გურამ თოხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3) მოქალაქე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). შესაბამისად, ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაში, არც მოსარჩელე ითხოვს და არც სასამართლოს ამოცანას წარმოადგენს ხსენებული ქონების დაყადაღების კონსტიტუციურობის შეფასება.
36. რიგ შემთხვევებში, როდესაც ქონების გამსხვისებელი არ არის ნამდვილი მესაკუთრე, საქართველოს კანონმდებლობა იცავს კეთილსინდისიერი შემძენის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა“. ამდენად, დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების კეთილსინდისიერი შემძენის მიერ შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო კარგავს მისი ჩამორთმევის შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის საფუძველზე ისეთი ქონების დაყადაღება, რომლის ჩამორთმევასაც კანონმდებლობა არ უშვებს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
37. ასევე აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ყადაღის გამოყენება ხდება იმ პირობებში, როდესაც დადგენილი არ არის ქონების შემძენის არაკეთილსინდისიერების ფაქტი. საქმეზე მოწვეული საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე ყადაღის დადების დროს შეუძლებელია წინასწარ იმის მტკიცება, რომ მესაკუთრე აუცილებლად ბრალდებულად იქნება ცნობილი. თუმცა, თუ აღნიშნულ ეტაპზე არ იარსებებს ყადაღის დადების ინსტიტუტი, შესაძლოა, მომავალში საფრთხე შეექმნას გამოძიების ინტერესებს, ვინაიდან შესაძლებელია, პირი ნამდვილად ბრალდებული აღმოჩნდეს, თუმცა უკვე მას გადამალული ან გასხვისებული ჰქონდეს ქონება, რაც გამორიცხავს მის ჩამორთმევასა და დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას. ასევე შესაძლებელია, დადგინდეს, რომ ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა იგი კეთილსინდისიერ შემძენად ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლში მითითებული გარემოების არსებობის გამო (იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე ან ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი).
38. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო არ აფასებს, რამდენად კონსტიტუციურად არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა ქონების ჩამორთმევის ან/და ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტის საკითხებს. ხსენებული საკითხები რეგულირდება სადავო ნორმებისაგან განცალკევებულად (არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლი) და შესაძლებელია, დამოუკიდებლად გახდეს სასამართლოს შეფასების საგანი. ამ დავის ფარგლებში, სასამართლო მოცემულობად იღებს არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში, ქონების ჩამორთმევის ან/და ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტის ლეგიტიმურობის ფაქტს. სადავო ნორმის საფუძველზე, ხდება ქონების დაყადაღება იმ მოლოდინით, რომ საქმეზე გამოძიების შედეგად დადგინდება გარემოებები, რომელიც დაყადაღებული ქონების ჩამორთმევის ან მისი ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევის საფუძველი გახდება. სწორედ, ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს სადავო ნორმით დადგენილი ბალანსის სამართლიანობა ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ლეგიტიმური საფუძვლით ქონების ჩამორთმევის მიზნით, რა პირობებში შეიძლება დაყადაღდეს იგი.
39. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებისადმი ქონების მესაკუთრის შემხებლობის რაიმე ხარისხით მტკიცების ვალდებულებას. იგი ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ყადაღის თვითკმარ საფუძვლად მიიჩნევს, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვგარეშეა, რომ ქონება კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაშია, რაც მისი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამდენად, აშკარაა, რომ იმისათვის, რათა ყადაღის გამოყენება სამართლიანი ბალანსის ნაწილად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, როგორც მინიმუმ, არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი არა მხოლოდ ქონების მიმართ დანაშაულის ჩადენის, არამედ, ასევე იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ქონების შემძენი არ იყოს კეთილსინდისიერი.
40. ბუნებრივია, სასამართლო იზიარებს პოზიციას, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, შესაძლებელია, სახელმწიფო ორგანოებს არ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. თუმცა, ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის გარეშე მისი დაყადაღება, არაპროპორციულად ზღუდავს მას. მსგავსი ვარაუდი კი, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშვას, თუ გარკვეული ფაქტები მიუთითებს შემძენის შესაძლო არაკეთილსინდისიერების შესახებ.
41. ამავე დროს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას, როგორც წესი, ხდება ახალი მტკიცებულებების მოპოვება, რაც ადასტურებს ან აქარწყლებს შესაძლო ვარაუდებს. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოძიების რომელიმე ეტაპზე ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობის შესახებ დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, შესაძლოა, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ეს ვარაუდი გაქარწყლდეს და გაქრეს ქონებაზე ყადაღის დადების ლეგიტიმური საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანი ბალანსის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ქონების მესაკუთრეს ჰქონდეს გარემოებების შეცვლის შედეგად, ყადაღის გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის შესაძლებლობა. ხსენებულს კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
42. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ქონების დაყადაღებისას, ერთი მხრივ, არ მოითხოვს მისი პოტენციურად ჩამორთმევადობის დასაბუთებული ვარაუდის წარმოჩენას, მეორე მხრივ კი, არ ითვალისწინებს ხსენებული ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევაში, ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის ეფექტურ მექანიზმებს. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს გონივრულ ბალანსს ქონების კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებასა და მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს შორის.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
43. №1434 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავოდ არის გამხდარი სსსკ-ის 158-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის მოქმედების ვადას.
44. ყადაღის ვადის განმსაზღვრელი ნორმა არსებითად იმავე მიზნებს ემსახურება, რასაც თავად ყადაღის ინსტიტუტი. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავო სიტყვების გამოსადეგობასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით, ზემოთ მითითებული სასამართლოს არგუმენტაცია, ასევე რელევანტურია ყადაღის ვადის განმსაზღვრელ სადავო ნორმასთან მიმართებით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება პირის ქონების დაყადაღება, მით უფრო იზრდება უფლების შეზღუდვის ინტენსივობა. შესაბამისად, დამოუკიდებელ შეფასებას საჭიროებს, რამდენად შეიძლება ბალანსი, რომელიც სამართლიანად იქნა მიჩნეული ქონების დაყადაღების საწყისი ეტაპისათვის, ასეთად არ იქნეს მიჩნეული იმ პირობებში, როდესაც ყადაღა დროში მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება.
45. სადავო ნორმის თანახმადაც, ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე. სსსკ-ის 103-ე მუხლი განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის ვადას და ადგენს, რომ გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს შესაბამისი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადისა. სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადებს, რომელთა ხანგრძლივობა განსხვავდება დანაშაულის კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, იწყება 2 წლიდან და შესაძლებელია, გაგრძელდეს 30 წელიც. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი გამოძიების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად ადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლას. შესაბამისად, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს კონკრეტული დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
46. ამდენად, სადავო ნორმის საფუძველზე, პირის ქონება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ცნობილი ბრალდებულად, შესაძლოა, ხანგრძლივი ვადით დაყადაღდეს.
47. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიმართ მოთხოვნები ჩარევის ინტენსივობის პროპორციულად მატულობს. „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება. რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამიანის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). სისხლის სამართლის განაჩენის შედეგად ქონების მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობამ ან/და მისი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების დასაბუთებული ვარაუდის არსებობამ, შესაძლოა გაამართლოს საკუთრების უფლების დროებითი შეზღუდვა, თუმცა შესაფასებელი მოცემულობა იცვლება უფლების შეზღუდვის ვადის, ინტენსივობის ზრდასთან ერთად.
48. როგორც პროკურატურიდან მოწვეულმა წარმომადგენელმა განმარტა, საგამოძიებო ორგანოს აქვს ვალდებულება, გამოიძიოს საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე და გამოძიების შეწყვეტის საფუძველი ვერ იქნება ის გარემოება, რომ გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, საქმეზე არ იკვეთება ბრალდებული პირი, ვინაიდან გამოძიება ვერ ახერხებს ბრალის წარდგენისთვის საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას.
49. განსახილველი დავის შემთხვევაში, №1434 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის ქონების მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 2017 წელს. აღნიშნულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადად განსაზღვრულია 10 წელი. გამოძიების დაწყებიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროისათვის, გასული იყო 4 წელი, თუმცა ოთარ მარშავა არ იყო ცნობილი ბრალდებულად. მიუხედავად იმისა, რომ უკვე განხორციელებული იყო საგამოძიებო მოქმედებები, არ არსებობდა ბრალის წარდგენისთვის საჭირო მტკიცებულებები. აღნიშნულის მიუხედავად, ოთარ მარშავას ქონებას, შესაძლოა კიდევ 6 წელი ედოს ყადაღა, ვინაიდან სადავო ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების ვალდებულებას გამოძიების შეწყვეტამდე.
50. შესაბამისად, ამგვარი მოწესრიგება, რომელიც ქონებაზე ყადაღის მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა ძალიან ხანგრძლივი ვადით, ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების მზღუდავ პროპორციულ საშუალებად. ქონების მესაკუთრე, ისე რომ საქმეზე მისი ბრალეულობაც ვერ დასტურდება და ყადაღის გამოყენების ვადაზეც მას არ აქვს რაიმე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოკლებულია ქონების განკარგვის და აუცილებლობის შემთხვევაში, ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.
51. ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა არღვევს გონივრულ ბალანსს შეზღუდვის შედეგად შელახულ უფლებასა და დაცულ ინტერესებს შორის. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლი არაპროპორციულად ზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას და შესაბამისად, მისი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების- „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ -საფუძველზე დადებული ყადაღის მოქმედების ვადას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
3. სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის გადავადება
52. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სადავო ნორმები, ერთი მხრივ არ მოითხოვს ქონების დანაშაულის ჩასადენად გამოყენების ან ამ ქონების ჩამორთმევის, ან სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით ქონების მესაკუთრის სხვა ფორმით შეცვლის შესაძლებლობის დასაბუთებული ვარაუდის წარმოჩენას, ხოლო, მეორე მხრივ არ ითვალისწინებს ხსენებული ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევაში, ყადაღის გადაწყვეტილების გადახედვის ეფექტურ მექანიზმებს. ამავდროულად, ქონებაზე ყადაღის ხანგრძლივი ვადით მოქმედება არ წარმოადგენს საკუთრების უფლების მზღუდავ პროპორციულ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ქონებაზე ყადაღა (თუნდაც მცირე ვადით) შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების ჩამორთმევის, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით მესაკუთრის სხვა ფორმით შეცვლის შესაძლებლობის, ან ამ ქონების დანაშაულის ჩასადენად გამოყენების დასაბუთებული ვარაუდი არსებობს. ამასთან, მხოლოდ იმ ვადით, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის მიღწევას მესაკუთრის ინტერესსა და მისაღწევ საჯარო ინტერესებს შორის. ამდენად, სადავო ნორმების დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს. კერძოდ, აღარ იარსებებს ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობა მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის ან/და ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევის შედეგად მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესების უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ლეგიტიმურად მიიჩნევს კანონმდებლის შესაძლებლობას, შექმნას, ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისგან დაცვის მიზნით, ქონებით სარგებლობის აკრძალვის საფუძველი.
53. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. აღნიშნული კი, გულისხმობს პარლამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილების დამდგენი ვიწროდმიმართული რეგულირების შემოღებას, ყადაღის მოქმედების გონივრული ვადის განსაზღვრას და დაყადაღების გადაწყვეტილების გადახედვის მექანიზმების შექმნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1434 და №1466 კონსტიტუციური სარჩელები („ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები -„ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“- საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების- „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“- საფუძველზე დადებული ყადაღის მოქმედების ვადას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში