ოთარ მარშავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1434 |
ავტორ(ებ)ი | ოთარ მარშავა |
თარიღი | 1 აგვისტო 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მოწმის სტატუსის მქონე პირის ქონებაზე ყადაღის დადებას, საკმარისი მონაცემების არსებობისას, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. | მუხლი 19. საკუთრების უფლება ნაწილი 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების ვადას, მხოლოდ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე - მოწმის სტატუსის მქონე პირის ქონებასთან მიმართებით. | მუხლი 19. საკუთრების უფლება ნაწილი 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
-საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 4. ნაწილი2. ნაწილი 4
მუხლი 19. ნაწილი 1.
მუხლი 31. ნაწილი 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
მუხლი 60.
-საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
მუხლი 1. ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
მუხლი 19 ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
მუხლი 26 ნაწილი 2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ ლ“ და „ მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას: ა) ამოწმებს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;
მუხლი 39 ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის (შემდგომში „სარჩელი“) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (შემდგომში „სასამართლო“) არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
კერძოდ:
ა) თავისი ფორმითა და შინაარსით სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის - ფიზიკური პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 158-ე მუხლის - ნორმების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლის 1 ნაწილთან (კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან) მიმართებით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებულ საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია;
ე) სადავო აქტის ნორმატიული შინაარსი ექცევა კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ სფეროში, რის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მოთხოვნის დასაბუთების ქვეთავში. ამასთან, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია კონსტიტუციით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სარჩელის შეტანის ვადა;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, არ არსებობს “საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული, სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ქუთაისის შს საქალაქო სამმართველოს, პოლიციის მე-5 განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის #084121118001 საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია 2018 წლის 12 ნოემბერს, ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ დირექტორის, ლეილა ხუნჯუას განცხადების საფუძველზედ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მას თითქოსდა მოტყუებით, ხელი მოაწერინეს ნასყიდობის ხელშეკრულებაზედ, რის შედეგადაც მოხდა ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ კუთვნილი ქონების, მდებარე მისამართზე, ქ. ბორჯომი, თორის ქ. #41 ს.კ. 64.23.03.366, მოქალაქეებზე, ოთარ მარშავასა (პ.ნ. 01025000122) და ავთანდილ კანკაძეზე (პ.ნ. 62006004428) გასხვისება. დირექტორი ლეილა ხუნჯუა აღნიშნავს, რომ მისთვის თანხა მყიდველებს არ გადაუციათ.
გამოძიების პროცესში, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზედ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 დეკემბრის განჩინებით (საქმე #12-129/18, მოსამართლე მურთაზ კაპანაძე), საქართველოს სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზედ, ყადაღა დაედო მოწმეების, ოთარ მარშავასა და ავთანდილ კანკაძის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე, ქ. ბორჯომი, თორის ქ. #41 ს.კ. 64.23.03.366.
ავღნიშნავთ, რომ ლეილა ხუნჯუას ზემოაღნიშნული განცხადება განპირობებულია იმით, რომ რამენაირად თავი დაიძვრინოს იმ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან, მოცემული საწარმოსა და მათი დამფუძნებლების წინაშე, რომელიც მოჰყვება მის მიერ საწარმოს გასხვისების შედეგად მიღებული თანხების მითვისებას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოცემულ დავაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო წესით, დაამთავრა საქმის განხილვა და 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინებით (საქმე #2591333-2/652-18) ა(ა)იპ „ლტოლვილ ინვალიდთა ასოციაციის“ სარჩელი, მოქალაქეების: ოთარ მარშავასა და ავთანდილ კანკაძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით უძრავ ქონებაზედ, მდებარე მისამართზე: ქ. ბორჯომი, თორის ქ. #41 ს.კ. 64.23.03.366, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას. მოცემული გადაწყვეტილება ლეილა ხუნჯუამ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თავისი განჩინებით, სააპელაციო საჩივრის მიღებაზე აპელანტს უარი უთხრა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე #084121118001, უკვე დაახლოებით 4 თვეზე მეტია, რაც ჩატარებულია ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხულია ყველა მოწმე, ამოღებული და გამოთხოვილია დოკუმენტაცია. გამოძიების პროცესში არ დგინდება ოთარ მარშავასა და ავთანდილ კანკაძის რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება და ისინი მოცემულ საქმეზე, დღესაც მოწმის სტატუსით სარგებლობენ.
საქართველოს სისხლის სამარტლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად:
1. სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მათი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად.
3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
4. ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს.
ამ მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ოთარ მარშავასა და ავთანდილ კანკაძის, მოცემულ მუხლში მითითებულ სუბიექტებად მოაზრება ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული, ოთარ მარშავა ორჯერ არის დაჯილდოვებული ღირსების ორდენით, უკვე 40 წელია არის პროფესორი და მომქმედი ქირურგი, არის სამედიცინო დარგში ევროპის პროფესორთა საბჭოს წევრი (ოთარ მარშავა ერთადერთია საქართველოდან ვინც ამ წოდებას ფლობს), არის გადაცემა „იმედის გმირი“, სპეციალობით ნამსახურები აქვს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.
ჩვენ გამოძიებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, ოთარ მარშავას შემოსავლების თაობაზედ.
მოცემულ ქონებაზე სისხლისსამართლებრივი წესით ყადაღის არსებობა, ზღუდავს მესაკუთრეების (რომლებიც დღესაც მოწმის სტატუსით სარგებლობენ) კანონიერ უფლებებს, მათ საკუთრების უფლებას, მათ ყოველდღიურად ადგებათ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზარალი, მათ მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას საჯარიმო სანქციები, სამშენებლო საწარმოს მხრიდან, ვინაიდან დაგეგმილი იყო მოცემული ქონების რეაბილიტაცია და სასტუმროს მშენებლობა (აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარგდენილი გვაქვს გამოძიებისათვის), ხოლო ქონებაზედ ყადაღის არსებობა კი ხელს უშლის ქონების განკარგვას და მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებას.
პროკურატურის ქმედებით, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე გამოძიება ფაქტობრივად დიდი ხანია (4 თვეზე მეტია) დამთავრებულია და საგამოძიებო ორგანოს მიერ არ გამოიკვეთა მოქალაქეებს ოთარ მარშავასა და ავთანდილ კანკაძის რაიმე სახის დანაშაული და ეს უკანასკნელნი დღესაც საქმეზე მოწმის სტატუსთ სარგებლობენ, უხეშად და უკანონოდ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, თავისუფლად ფლობდნენ და განკარგავდნენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.
არაერთი მიმარვის მიუხედავად საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვერ იქნა მიღებული ვერანაირი პასუხი მოთხოვნაზედ, მოეხსნათ უძრავ ქონებაზედ, უსაფუძვლოდ დადებული ყადაღა, მითუმეტეს, რომ სამოქალაქო წესით მომჩივან ლეილა ხუნჯუასთან სასამართლო პროცესი მოგებულია.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა