მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/1466 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 29 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 მაისი 2020 13:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1466) მიმართა საქართველოს მოქალაქე მიხეილ ნოზაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2019 წლის 12 დეკემბერს. №1466 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 29 აპრილს.
2. №1466 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 313 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაედო ყადაღა. მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო სადავო ნორმას და განმარტა, რომ ქონება შესაძლოა, მოპოვებული იყო დანაშაულებრივი გზით ან/და მის მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს არგუმენტაცია და გასაჩივრებული განჩინება ძალაში დარჩა.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ იგი არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და არ აქვს კავშირი ჩადენილ დანაშაულთან. იგი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არ წარმოადგენს ბრალდებულ ან მსჯავრდებულ პირს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უშვებს ყადაღის დადებას იმ ქონებაზე, რომელიც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, თუმცა მის მესაკუთრეს იგი დანაშაულებრივი გზით არ მოუპოვებია. აღნიშნული კი, მოსარჩელის თქმით, უხეშად არღვევს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
7. მოსარჩელის განმარტებით, პირის ქონებაზე ყადაღის დადებისთვის აუცლიებელია მის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, სარგებლობა ან ფლობა ხდებოდეს განზრახვით. სადავო ნორმა კი ყადაღის დადების შესაძლებლობას ითვალისწინებს ისეთი პირის ქონებაზე, რომელსაც არათუ ამგვარი განზრახვა აქვს, არამედ არც კი იცის ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი მისი შემდგომი ჩამორთმევაა. კეთილსინდისიერი შემძენის ქონების დაყადაღება კი მისი შემდგომი ჩამორთმევის მიზნით, მოსარჩელის მტკიცებით, ვერც სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს აკმაყოფილებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქონების ჩამორთმევა როგორც სასჯელი უშუალოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უნდა იყოს მიმართული და არა იმ პირის მიმართ, რომლესაც კავშირი არ აქვს ჩადენილ დანაშაულთნ.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო რეგულაცია ლეგიტიმური მიზნის გარეშე ახდენს ჩარევას კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლებაში. ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, კეთილსინდისიერი შემძენი არის პირი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვებასთან, მისი მხრიდან ვერც ის საფრთხეები იარსებებს, რომლის აღმოფხვრისკენაც არის მიმართული ყადაღის ინსტიტუტი.
10. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. შესაბამისად, ნორმა ყადაღის დადების შესაძლებლობას ითვალისწინებს კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული პირების ქონებაზე და იმ ქონებაზე, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული ან/და დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. მოსარჩელე, როგორც უკვე აღინიშნა, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას და არ მიუთითებს ზემოთ ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების პრობლემურობაზე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის N1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „„სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). №1466 კონსტიტუციურ სარჩელზე დართული სასამართლოს განჩინებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადებისას სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაეყრდნო და მიუთითა, რომ შესაძლოა, ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. საერთო სასამართლოთა პრაქტიკა ადასტურებს, რომ მსგავს საქმეებზე ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველს სადავო ნორმის ის სიტყვები ქმნის, რომელიც ქონების შესაძლო დანაშაულებრივი გზით მოპოვებაზე ან/და მის მიმართ დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლების შემზღუდველი წესი მომდინარეობს სადავო ნორმის შემდეგი სიტყვებიდან: „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.“ სადავო ნორმის დანარჩენი ნაწილის არაკონსტიტუციურობასთან მიმართებით მოსარჩელეს არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1466 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1466 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1466 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1466 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. №1434 და №1466 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი