ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1708 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ზვიად დევდარიანი |
თარიღი | 27 მაისი 2022 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
ბ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
გ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მეათე მუხლის პირველი პუნქტის - ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლებად მიიჩნევენ. | მე-11 მუხლის პირველი პუნქტი - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის- ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლებად მიიჩნევენ. | მე-11 მუხლის პირველი ნაწილი - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 3632-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის- საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას, როგორც მოსარჩელემ, ამ კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. | მე-11 მუხლის პირველი პუნქტი - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტი: 2. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე: გ. საქართველოს სახალხო დამცველი. |
31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 31-ე მუხლის მესამე პუნქტი: დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე”ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. „საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. დაცულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების შესახებ კანონის 313 მუხლისა და სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ა) სარჩელი ფორმით ან შინაარსით შეესაბამება ხსენებული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის (ამგვარი იერარქიულად მაღლა მდგომი აქტი ნორმატიურლი აქტი ჩვენს შემთზვევაში არც არსებობს).
კონსტიტუციური სარჩელი შტანილია უფლებამოსილი სუბიექტის, ფიზიკური პირის მიერ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოადგენს ზვიად დევდარიანი, რომლის მიმართაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლება და 31-ე მუხლის მესამე პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
სახალხო დამცველის მიერ 2018 წლის 1 ნოემბერს მიღებულ იქნა N13/13851 რეკომენდაცია, რომლის საფუძველზეც დადგინდა ზვიად დევდარიანის მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების ფაქტი, გამოხატული სექსუალური შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად დევდარიანი არ ეთანხმებოდა რეკომენდაციაში მითითებულ ფაქტებს, მიიჩნევდა აღნიშნულ რეკომენდაციას უკანონოდ, მას არ ეძლევა შესაძლებლობა გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და აღნიშნული გაასაჩივროს სასამართლოში. მოგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანმა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრება სცადა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ასევე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, თუმცა, ორივე შემთხვევაში, სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე, აღნიშნული განჩინებები უცვლელი დარჩა გასაჩირების შემდეგაც, ზემგომი - ამ განჩინებების გასაჩივრების კანონით დაშვებული საბლოო ინსტანციის სასამართლოების მიერ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს ერთმევა კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობა და მის მიმართ ადგილი აქვს თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ხოლო „საკონსიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
ამდენად, კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია ამ სარჩელისათვის დადგენილი ყველა პირობის დაცვით და ფორმით, შედგენილია ქართულ ენაზე და ხელმოწერილია, ერთვის სადავო სამართლებრივი აქტების ტექსტი და კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა. სარჩელი ფორმითა და შინაარსით აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, შესაბამისად უნდა მოხდეს წინამდებარე სარჩელის განსახილველად მიღება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანი 2002 წლიდან 2018 წლის მარტამდე გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" (ააიპ - "სამოქალაქო განვითარების სააგენტო") აღმასრულებელი დირექტორი.
2018 წლის 16 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი საქართველოს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.
2018 წლის 14 მარტს, მანამ, სანამ სახალხო დამცველის მიერ მოხდებოდა ზვიად დევდარიანის წარდგენა, „ქალთა მოძრაობამ“ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად მათი ერთ-ერთი ლიდერი ბაბუცა (ბაია) პატარაია წარედგინა საქართველოს პარლამენტისთვის.
სწორედ, ზვიად დევდარიანის კანდიდატურის წარდგენამ გამოიწვია ქალთა მოძრაობის წევრების უკმაყოფილება, რასაც 16 მარტსვე მოჰყვა ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზება და შემდგომ დღეებში კამპანიის განხორციელება. ინტერესთა თანხვედრით იყო განპირობებული კამპანიაში პოლიტიკური და მედია ჯგუფების მონაწილეობა.
17 მარტს, ქალთა მოძრაობამ, ღია განცხადებით, ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა.
სახალხო დამცველის 2018 წლის 1 ნოემბრის N13/13851 რეკომენდაციით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სოფიკო ცერცვაძის, თინათინ მურჯიკნელისა და ბარბარე ჯალიაშვილის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად დევდარიანი არ ეთანხმებოდა აღნიშნულ რეკომენდაციას და მიიჩნევდა, რომ იგი მიღებულ იქნა უკანონოდ, იძულებული გახდა უარი ეთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე და ასევე, დაეტოვებინა "სიდას" აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია, რითაც, ფაქტობრივად, მიღწეულ იქნა ამ კამპანიის ორგანიზატორთა მიზნები.
საქართველოს სახალხო დამცველმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე (რეკომენდაციაშივე აღნიშნავს სახალხო დამცველი, რომ წარმოების ფარგლებში სახალხო დამცველს არ ჰქონია შესაძლებლობა მოეპოვებინა პირდაპირი მტკიცებულებები) დადასტურებულად მიიჩნია, რომ იგი სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ახორციელებდა დისკრიმინაციულ ქმედებებს, თუმცა მის მიერ დადგენილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და ამგავრი ფაქტების დადგენილად მიჩნევა, ცალსახაა, რომ ლახავს ზვიად დევდარიანის უფლებებს.
აღნიშნულის გამო, ზვიად დევდარიანმა დაიწყო სამართლებრივი დავა თავის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის #3/5461-19 განჩინებით წადგენილ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში, იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. კანონმდებლობით ასევე კონკრეტულად არის განსაზღვრული აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებანი. დასახელებულ სამართლებრივ ნორმათა ანალიზის საფუძველზე ასევე ირკვევა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებათა განხორციელებისას არ გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს(განსხვავებით ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებისას, რა დროსაც საქართველოს სახალხო დამცველი გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს) მას არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება გააუქმოს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს აქტი. მისი ძირითადი ამოცანა არის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. უდავოა, რომ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოდ არ განიხილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით ზვიად დევდარიანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმისნიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განჩინება.
ამდენად, მოპასუხის მხრიდან უხეშად იქნა დარღვეული მოსარჩელის უფლება. გარდა იმისა, რომ მას არ განემარტა რეკომენდაციის გასაჩივრების უფლების შესახებ, სახალხო დამცველის მიერ არაერთი საჯარო კომენტარი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ „დევდარიანის მოთხოვნა რეკომენდაციის გასაჩივრების მექანიზმზე - გაუგებარია“ (იხ. http://www.tabula.ge/ge/story/142131-lomjaria-devdarianis-motxovna-rekomendaciis-gasachivrebis-meqanizmze-gaugebaria). აღნიშნული განმარტებით დაარღვია მან კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. კანონის პირველ მუხლში კი ნათქვამია, რომ ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. შესაბამისად, თუ კანონის მიზანი დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის დაცვაა, სრულიად გაურკვეველია რატომ ცდილობდა სახალხო დამცველი მოსარჩელისათვის უმთავრესი უფლების - როგორც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვას, არ განმარტა რა რეკომენდაციაში სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ და მედიაში გაკეთებულ კომენტარებში მიუთითა, რომ მისთვის გააუგებარი იყო რეკომენდაციის გასაჩივრების მექანიზმზე მოთხოვნა, ვინაიდან დაბეჯითებით მიიჩნევდა, რომ რეკომენდაცია არ საჩივრდებოდა.
იმის გამო, რომ რეკომენდაციაში მითითებულ იქნა გასაჩივრების წესი იმგვარად, რომ არ იქნა გათვალისწინებული მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, ანუ შეიქმნა ამ უფლების შეზღუდვის საფრთხე, მოსარჩელემ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განჩინება).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინებით განიმარტა, რომ „პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად“.
ამის შემდეგ ზვიად დევდარიანმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა რეკომენდაციაში მითითებული ინფორმაციის უარყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ზვიად დევდარიანს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე (იხ. განჩინება N2/21144-20).
2020 წლის 1 დეკემბერს ზვიად დევდარიანმა კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის კანონიერების შემოწმების ფარგლებში, მოითხოვა, „დაევალოს საქართველოს სახალხო დამცველს აღიაროს მის მიერ 2018 წლის 1 ნოემბრის N13/13851 რეკომენდაციით დადგენილად მიჩნეული, ზვიად დევდარიანის მიერ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების (გამოხატული სექსუალური შევიწროებით (სოფიკო ცერცვაძის, თინათინ მურჯიკნელისა და ბარბარე ჯალიაშვილის მიმართ) არარსებობის ფაქტი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ზვიად დევდარიანს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ზვიად დევდარიანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი მხარის მიერ გაცხადებული იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან რეკომენდაცია, მისი გაუქმების/უკანონოდ ცნობის არარსებობის პირობებში, წარმოშობს იმავე სამართელბრივ შედეგებს, როგორსაც წარმოშობდა წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე. ამავე განჩინებით სააპელაციო პალატა იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ „პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინება საქმეზე 2/10/1378 ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინებით განიმარტა, რომ „პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება“, ზვიად დევდარიანის მიერ ვერ მოხერხდა საკუთარი უფლების რეალიზება და დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვა.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 3632-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილების შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას, როგორც მოსარჩელემ, ამ კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს.
აღნიშნული სადავო ნორმები ითვალსიწინებენ უფლების სასამართლო წესით დაცვას მსხვერპლის მიერ. აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით სასმართლოსადმი მიმართვის წესი განსაზღვრულია მსხვერპლისა და სახალხო დამცველის მიმართ, თუმცა არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვის შედეგად მიღებული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობას დამრღვევის მიერ, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას უფლების დაცვის კუთხით. ამასთან, ნორმის განმარტება იმის შესახებ, რომ „თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა, უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს“, ხაზს უსვამს რეკომენდაციის სავალდებულო ხასიათს. აღნიშნულს ადასტურებს ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონი, რომლის 22-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე იმ ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, რეკომენდაცია დღემდე საჯაროდაა გავრცელებული სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე და დღემდე დამრღვევ პირად მოიაზრება მოსარჩელე იმ პირობებში, როდესაც მას არ მიეცა აღნიშნული რეკომენდაციის კანომიერების შემოწმების საშუალება.
აქვე გვსურს მაგალითის სახით შევეხოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს“, რომელსაც ასევე პარლამენტი ნიშნავს, რომელიც უფლებების დარღვევეთან დაკავშირებით, ასევე გამოსცემს რეკომენდაციას, თუმცა ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კატეგორიაში გადის და მისი გასაჩივრება შესაძლებელია, მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრება, როგორც აღინიშნა, შეუძლებელია. ამის მიუხედავად, მოსარჩელემ სახალხო დამცველთანაც სცადა რეკომენდაციის გადასინჯვა, რაზეც უარი მიიღო.
შესაბამისად, დამრღვევის მიერ აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების უფლების ფაქტობრივი შეზღუდვა, წარმოადგენს მისი უფლებების ცალსახა დარღვევას.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან:
კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიღწევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპი აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო კანონდმებლობით. სამართლებრივი თვალსაზრისით, თანასწორნი არიან როგორც ცალკეული ფიზიკური პირები, ისე მათი გაერთიანებები, იურიდიული პირები.
იმის შესაფასებლად, არის თუ არა უფლების შეზღუდვა გამართლებული, უნდა გაირკვეს არის თუ არა შეზღუდვა კანონით განსაზღვრული, ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და ამავდროულად არის თუ არა მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. კანონმდებელი უნდა იცავდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. მის მიერ დასახული მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს ყველაზე უმტკივნეულო, აუცილებელი და სამართლებრივად ვარგისი საშუალებით. ვარგისიანობა და აუცილებლობა განაპირობებს არჩეული საშუალების ნამდვილობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონცენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ,,მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის (სხვა დანარჩენთან ერთად იხ. Karlheinz Schmidt v. Germany, 18 July, 1994, პარ. #32-33).
მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით საკონსიტიტუციო სასამართლოს განმარტავს, რომ იგი „წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).). ნორმის „მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8).
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში არსებული ჩამონათვალით და თვითმიზნურ დიფერენცირებას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოპყრობის სხვა ფორმის გამოც. ,,კონსტიტუციის აღნიშნული დებულების მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას სამართლებრივ სივრცეში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2).
,,თანასწორობის უფლების შინაარსის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის კონსტიტუციურობას განსხვავებულად აფასებს. ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას.... სხვა შემთხვევაში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები" და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-15).
შესაბამისად, სასამართლო იყენებს ორგვარ - რაციონალური დიფერენცირებისა და მკაცრი შეფასების ტესტს, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულია თუ არა შესაბამისი ნიშანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6, 2016 წლის 29 დეკემბრის N№2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). აღნიშნული ტესტის ფარგლებში დიფერენცირება გამართლებადია, თუ მას გარკვეული მიზანი გააჩნია და გონივრულ დასაბუთებას ემყარება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 3-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“-ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქო გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59) (N2/5/879, „ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პ.II.6.) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებში აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს“ ამასთან, სადავო არ არის, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის არსს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლის 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება,პ I.), ისევე როგორც ნათლად იკვეთება მისი კავშირი კანონის უზენაესობის პრინციპთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის #1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტია უფლებაშემზღუდველი ღონისძიებების/აქტების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები ცხადყოფს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება, II. პ. 55), გასაჩივრების უფლება, ერთის მხრივ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომის თავიდან აცილებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება, II. პ. 45). ისევე, როგორც შესაძლებლობას აძლევს პირს დამოუკიდებელი ორგანოს წინაშე კიდევ ერთხელ დაიცვას თავისი უფლებები, წარმოადგინოს პოზიცია და დაუპირისპირდეს მოპასუხე მხარეს, რაც ზრდის განცდას, რომ მას სამართლიანად მოექცნენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3.).
როგორც უკვე აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება ადამიანის სხვა უფლებების დაცვის გარანტიას წარმოადგენს-სხვა მატერიალური უფლებების დაცვის შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას. ამავეს მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში: „სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14) ამ ნაწილში საინტერესოა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მეცამეტე მუხლი, რომელიც თავისი შინაარსით ზოგად ხასიათს ატარებს, მუხლის თანახმად, „ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან“. აღსანიშნავია, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-6, მე-7 მუხლებითა და ასევე მე-7 დამატებითი ოქმით. უფლებას ასევე იცავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის პირველი და მესამე ნაწილები.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმადაც: „ყოველი ადამიანი, სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლის სამართლებრივი ბრალდებულის საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით“, შესაბამისად, აღნიშნული პუნქტით დადგენილი უფლება ვრცელდება როგორც სამოქალაქო სამართლებრივ, ისე სისხლის სამართლებრივ სფეროზე, ხოლო შინაარსობრივად მეექვსე მუხლის გამოყენების ფარგლებს თავად სასამართლო წყვეტს (სელემანი და სხვები ყოფილი იუგოსლავიის მაკედონიის რეპუბლიკის წინააღმდეგ), კერძოდ, სასამართლო სამოქალაქო სამარლებრივ ხასიათად მიიჩნევს საკითხს იმ შემთხვევაში, როდესაც განხილვა მნიშვნელოვანია ქონებრივი უფლებების დაცვისთვის, ან თუკი შედეგი გავლენას ახდენს კერძო უფლებებსა და ვალდებულებებზე (ლე კომტი, ვან ლიუვენი და დე მეიერი ბელგიის წინააღმდეგ., (Le Compte, Van Leuven and De Meyere v. Belgium), 1982 წლის 18 ოქტომბერი, N 544, §45). აღნიშნულით სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება სამართლიანი სასამართლოს დაცვის უფლება შეზღუდულად, კონკრეტული დარგთან მიმართებით იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით მოსარჩელეს მინიჭებული აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ, რაც კონკრეტული სადავო ნორმით იზღუდება.
დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების დაცულ სფეროში მოაიზრება როგორც დარღვეული უფლების დასაცავად სარჩელის აღძრა- პირის უფლება მიმართოს სასამართლოს, ისე პირის უფლება, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი დარღვეული უფლების აღსადგენად.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირველად აღინიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ძალიან მწირია და ძირითადად, მიემართება სისხლის სამართლებრივ დავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განამრტებით, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ვრცელდება როგორც სისხლისამართლებრივ, ისე სხვა სამართლის დარგის კანონმდებლობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 16 თებერვლის N1/1/186 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი წაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი განმარტება უნდა მოხდეს ფართოდ, რაშიც ასევე მოიაზრება სამოქალაქო კანონმდებლობა (თ.ტუღუში, გ.ბურჯანაძე, გ.მშვენიერაძე, გ.გოცირიძე, ვ.მენაბდე, „ადამიანის უფლებები და საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა“, თბილისი, 2013წ., გვ.656).
სასამართლოს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი დაცვისთვის, მნიშვნელოვანია ის მოიცავდეს შემდეგს: „პირის უფლებას, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს მისი საქმის სამართლიანი საჯარო მოსმენა, გამოთქვას თავისი მოსაზრებები და დაიცვას თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სასამართლო განხილვა მოხდეს გონივრულ, შემჭიდროებულ ვადებში და საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა სასამართლომ" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 1), ამასთან, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილისN#1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-55)
II. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით დაცულ სფეროში ჩარევა;
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი-ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები, მის მიერ გამოცემული რეკომენდაცია სადავო ნორმის თანახმად არ ითვლება ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად. შესაბამისად, მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმება, რითიც იზღუდება საქართელოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც უკვე მოგახსენეთ, სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაცია გამოცემულია „დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონისა“ და „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე. სახალხო დამცველის უფლებამოსილება - შეიტანოს სარჩელი რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცალსახად მიუთითებს მისი შესრულების სავალდებულო ხასიათზე. მოგახსენებთ, რომ არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის გასაჩვრებას სასამართლო წესით, რაც დაუშვებელია იმ პირობებში, როდესაც სისტემურად, კანონმდებლობა სახალხო დამცველს აღჭურავს სპეციალური უფლებამოსილებით, მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ გამოცემული რეკომენდაცია არ იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, „უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს“. შესაბამისად, გამოცემული რეკომენდაციის სახით, სახეზე გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელსაც პირდაპირ შეუძლია მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენა. ამასთან, სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პიროვნებას აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია გამოიყენოს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და, ამ თვალსაზრისით, რეკომენდაცია იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გასაჩივრება და მისი მატერიალური თუ ფორმალური კანონიერების სასამართოს გზით შემოწმება წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ვარიანტს მოსარჩელეს არ დაერღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ „სახალხო დამცველი“ თავის მხრივ ექცევა სახაზინო დაწესებულების ცნების ქვეშ. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი სახალხო დამცველის აპარატისა და მის სააგენტოების საქმიანობას აქცევს საჯარო სამსახურის საქმიანობის ფარგლებში. შეასაბამისად, საჯარო თუ სახელმწიფო მოხელის მიერ განხორცილებული საქმიანობის სასამართლო გზით შემოწმება და მისი მოქმედების გასაჩივრება ამ თვალსაზრისითაც უნდა იყოს შესაძლებელი.
მოგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანმა 2018 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლის კოლეგიის მიერ, 2019 წლის 28 მაისის გამოცემულ იქნა განჩინება, რომლითაც არსებითად განსახიველად არ იქნა მიღებული №1378 კონსტიტუციური სარჩელი. სასამართლო განჩინებით აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საერთო სასამართლოებმა, სადავო ნორმის საფუძველზე, განაცხადეს უარი მის მიმართ გამოცემული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის კანონიერების შემოწმებაზე. მოგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. 2019 წლის 26 სექტემბერს, მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის მიერ მიღებულ იქნა განჩინება დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განმარტებულ იქნა, რომ კანონის შესაბამისად, ზვიად დევდარიანს არ აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს რეკომენდაციის კანონირების შემოწმების მოთხოვნით. მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა სადავო შეზღუდვა, სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ აქტზე გავრცელდებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რაც მოქალაქეებს მისცემდა შესაძლებლობას, სახალხო დამცველის მიერ, მათ მიმართ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიემართათ სასამართლოსთვის. როგორც უკვე მოგახსენეთ, ზიანი, რომელიც რეკომენდაციით ადგებათ პირებს, საკმაოდ დიდია, თუმცა ამის მიუხედავად, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, აღადგინონ სამართლიანობა და მოითხოვონ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული აქტის ბათილობა.
ზვიად დევდარიანმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა რეკომენდაციაში მითითებული ინფორმაციის უარყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ზვიად დევდარიანს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე (იხ. განჩინება N2/21144-20).
2020 წლის 1 დეკემბერს ზვიად დევდარიანმა კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციის კანონიერების შემოწმების ფარგლებში, მოითხოვა, „დაევალოს საქართველოს სახალხო დამცველს აღიაროს მის მიერ 2018 წლის 1 ნოემბრის N13/13851 რეკომენდაციით დადგენილად მიჩნეული, ზვიად დევდარიანის მიერ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების (გამოხატული სექსუალური შევიწროებით (სოფიკო ცერცვაძის, თინათინ მურჯიკნელისა და ბარბარე ჯალიაშვილის მიმართ) არარსებობის ფაქტი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ზვიად დევდარიანს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით ზვიად დევდარიანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 დეკემბრის განჩინება. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი მხარის მიერ გაცხადებული იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან რეკომენდაცია, მისი გაუქმების/უკანონოდ ცნობის არარსებობის პირობებში, წარმოშობს იმავე სამართელბრივ შედეგებს, როგორსაც წარმოშობდა წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე. ამავე განჩინებით სააპელაციო პალატა იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ „პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინება საქმეზე 2/10/1378 ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ საქმეში სახალხო დამცველი თავად წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, თუნდაც იმის გამო, რომ ზვიად დევდარიანის კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, სწორედ მან წარუდგინა საქართველოს პარლამენტს და ზვიად დევდარიანის მიერ წარმოებულმა კამპანიამ, მის რეპუტაციასაც მიაყენა ზიანი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს არც ერთ კოლეგიაში არ ეძლევა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები, მოსარჩელის აზრით, ადგილი აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვას და მის მიმართ უთანასწორო მოპყრობას. სადავო ნორმის არ არსებობის შემთხვევაში, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია ჩაითვლებოდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტად, რა გზითაც, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა მიემართა სასამართლოსთვის საკუთარი დარღვეული უფლების აღსადგენად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა