ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1708 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 22 თებერვალი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2023 20:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი და 11 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 27 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1708) მომართა ზვიად დევდარიანმა. №1708 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 30 მაისს. №1708 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 22 თებერვალს.
2. №1708 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-60 მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. ამავე მუხლის 11 ნაწილი კი აწესებს საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციას, საქართველოს კანონმდებლობით, მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას, როგორც მოსარჩელემ, ამ კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუკი იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს. თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს იმ სახელმწიფო ორგანოთა ჩამონათვალს, რომელთა მიმართ არ ვრცელდება ამ კოდექსის (გარდა მესამე თავისა) მოქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფო ორგანოდ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2018 წლის პირველ ნოემბერს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიცა რეკომენდაცია №13/13851, რომლითაც დადგინდა მოსარჩელის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები მას უკრძალავს ზემოაღნიშნული აქტის სასამართლოში გასაჩივრებას, რაც, ერთი მხრივ ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას (მხედველობაშია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი და 11 ნაწილები) ხოლო, მეორე მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტს (მხედველობაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
6. კონსტიტუციური სარჩელის ავტორისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში პრობლემურია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ და გამორიცხავს ამ შესაძლებლობით სარგებლობისგან დამრღვევად მიჩნეულ პირს. დამატებით, სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებაში მოსარჩელეს პრობლემურად ესახება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახალხო დამცველს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული განაპირობებს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით წინააღმდეგობის თაობაზე მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია, კანონმდებლობა ირიბად მიუთითებს მისი შესრულების აუცილებლობაზე. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, „როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია გავლენას ახდენს მის უფლებრივ მდგომარეობაზე.
8. მოსარჩელის მითითებით, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებისა, სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პირს, სამოქალაქო დავის ფარგლებში, შეუძლია აღნიშნული აქტის გამოყენება დისკრიმინაციის ჩამდენად მიჩნეული პირის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, რეკომენდაციას პირდაპირი სამართლებრივი ეფექტი გააჩნია, რაც თვალსაჩინოს ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის უფლებების ეფექტიანად დასაცავად აუცილებელია, არსებობდეს სახალხო დამცველის რეკომენდაციის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ სახალხო დამცველი ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული „ადმინისტრაციული ორგანოს“ ცნებაში, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრულ „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების“ ცნებაში. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს და მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, რისი შესაძლებლობაც მას ჩამორთმეული აქვს სადავო ნორმის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
10. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე, მათ შორის, ითხოვს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილი. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, დასახელებული სადავო ნორმები, მათი მოქმედების პირობებში, იმ პირებს აღჭურავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ, ხოლო დამრღვევად მიჩნეულ პირს ამგვარ შესაძლებლობას არ აძლევს. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, მართალია, ზემოხსენებული სადავო ნორმა იმ პირებისთვის, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ, უფლებააღმჭურველია, თუმცა მას იმავდროულად გააჩნია ისეთი მზღუდავი ნორმატიული შინაარსიც, რომელიც დამრღვევად მიჩნეულ პირს გამორიცხავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მქონე პირთა წრიდან, რაც ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილი პირთა გარკვეული კატეგორიისთვის, რომლებიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევენ, ადგენს შესაძლებლობას, რომ მიმართონ სასამართლოს მათი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებების დასაცავად, მათ შორის, მოითხოვონ მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურება. გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული წესი შეეხება მხოლოდ განსაზღვრულ სუბიექტებს - მათ, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს და მათ მიმართ შემოსაზღვრავს ნორმატიული მოქმედების ფარგლებს. ხსენებულ ნორმებს არ გააჩნია არავითარი მიმართება დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევი პირის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრასთან. დასახელებული ნორმები არ შეიცავს რაიმე ხელშესახებ შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლებოდა, ჩაეთვალა მოსარჩელის სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის შესაძლებლობის შეზღუდვად. თავისთავად ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო მოწესრიგება დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო მსხვერპლს რაიმე უფლებით/შესაძლებლობით აღჭურავს, არ იძლევა კონსტიტუციურად დასაბუთებულ საფუძველს, რომ ამ მოწესრიგებიდან ამოკითხვადი იყოს იმავე კატეგორიის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევის უფლების მზღუდავი შინაარსი. გარდა აღნიშნულისა, ისიც მხედველობაშია მისაღები, რომ, ზოგადად, სასამართლოს მოსარჩელის სტატუსით მიმართავს პირი/ორგანიზაცია, რომელსაც ნაგულვები აქვს საკუთარი უფლებების თუ კანონიერი ინტერესის შესაძლო დარღვევა. ასეთ დროს, სავარაუდო მოპასუხის უფლება სასამართლოში უზრუნველყოფილია მხარეთა საპროცესო თანასწორუფლებიანობით, მათ შორის, შეგებებული სარჩელის წარდგენის შესაძლებლობით. მოსარჩელე კი, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის საფუძველზე, ფაქტობრივად, იმას მოითხოვს, რომ მას, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით სავარაუდო დისკრიმინაციული დარღვევის ჩამდენს, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მსგავსად, ჰქონდეს სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება და, სწორედ ამ თვალსაზრისით, ასაბუთებს დასახელებული სადავო ნორმებიდან მომდინარე შესაძლო დიფერენცირებულ მოპყრობას, ანიჭებს რა მათ იმგვარ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, რეალურად, ზემოხსენებულ გასაჩივრებულ რეგულაციებს არ გააჩნია. ამდენად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში ემყარება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
5. მოსარჩელე, №1708 კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში, ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციის ამ შინაარსით მოქმედების პირობებში ირღვევა სამართლის წინაშე მისი თანასწორობის უფლება.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნილი იურისპრუდენციის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორს შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან პირიქით, ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1304 განჩინება საქმეზე „„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
7. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული სადავო ნორმა ადგენს საქართველოს სახალხო დამცველის კომპეტენციას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ისევე, როგორც გარკვეული წინაპირობების არსებობისას, როდესაც შესაბამისი სუბიექტი/ორგანიზაცია არ პასუხობს ან/და არ იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არსებულ დისკრიმინაციულ დარღვევებთან დაკავშირებით, მან, როგორც სათანადო მოსარჩელემ, მიმართოს სასამართლოს. გასაჩივრებული რეგულაცია შემოიფარგლება სახალხო დამცველისათვის კონკრეტული უფლებამოსილების მინიჭებით და იგი საერთოდ არ არეგულირებს დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევ პირთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მით უფრო, მისგან ამოკითხვადი არ არის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დამრღვევ სუბიექტს უზღუდავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელეს, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არ დაუსაბუთებია, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე, მას, არსებითად თანასწორი პირებისგან განსხვავებით, არ ეძლევა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის სასარჩელო ლოგიკა ამ ნაწილში მთლიანად აგებულია იმის მტკიცებაზე, რომ სადავო ნორმა სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს იმ პირობებში, როდესაც რეკომენდაციაში მითითებულ დამრღვევ პირს არ გააჩნია აღნიშნული რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა. თუმცა გაუგებარია, აღნიშნული ნორმატიული შინაარსის მხედველობაში მიღების შემთხვევაშიც კი, რა თვალსაზრისით ეწინააღმდეგება იგი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მოსარჩელე საერთოდ არ გამოყოფს შესადარებელ პირთა წრეს, რომელთან მიმართებითაც იგი დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტექსტში, კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართება მაშინ იქნებოდა ლოგიკურად რელევანტური, თუკი სახეზე იქნებოდა ანალოგიურ ან მსგავს ვითარებაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმე საერთოდ არ შეეხება პირთა გარკვეული ჯგუფებისადმი განსხვავებულ მოპყრობას. მათ შორის, ნორმა არ ითვალისწინებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მონაწილე მხარეს (მსხვერპლს) გააჩნია სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების უფლება, ხოლო კონსტიტუციური სარჩელის ავტორს და მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს, რომლებიც დისკრიმინაციის საქმეებზე სავარაუდო დამრღვევ სუბიექტებად არიან მიჩნეული, არ გააჩნიათ. კიდევაც რომ არ მივიღოთ მხედველობაში, რომ დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენი და სავარაუდო მსხვერპლი, საზოგადოდ, განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან, მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი ისაა, რომ სადავო ნორმა განსხვავებულ მოპყრობას არ ითვალისწინებს. სადავო რეგულაცია საერთოდ არ არეგულირებს პირთა რომელიმე იდენტიფიცირებადი წრის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელეს არასწორად ესმის გასაჩივრებული სადავო ნორმის შინაარსი და მას ანიჭებს ისეთ შინაარსობრივ დატვირთვას, რომელიც რეალურად არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის 11 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულაციით განისაზღვრება, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წარმოადგენს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის საქმიანობაზეც არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, გარდა ამავე კოდექსის მესამე თავისა (ინფორმაციის თავისუფლება). მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ართმევს შესაძლებლობას, სასამართლოში გაასაჩივროს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის მიმართ გამოცემული რეკომენდაცია, რაც წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვის კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
11. ამგვარად, პირის უფლება, მოითხოვოს სახელმწიფო მოხელეთა უფლებაშემზღუდველი აქტების კანონიერების სასამართლოს მიერ შემოწმება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავე დროს, ამ უფლების შინაარსი და ფარგლები თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული და მისით სარგებლობა შესაძლებელია გასაჩივრების შესაძლებლობის საკანონმდებლო აქტით დადასტურების გარეშეც. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული შემზღუდველი ღონისძიების სასამართლოში გასაჩივრების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს მის მიმართ გამოყენებული შემზღუდველი ღონისძიების კანონიერების შესამოწმებლად. ამგვარი ნორმატიული აქტის არარსებობის პირობებში, პირს შესაძლებლობა აქვს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
12. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან რელევანტური მიმართების წარმოსაჩენად, აუცილებელია მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული რეგულაციის შინაარსის სწორად აღქმა. სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს ნორმატიული აქტის მხოლოდ რეალური შინაარსის კონსტიტუციურობა. შესაბამისად, აუცილებელია მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს გასაჩივრებული ნორმის შინაარსს. იგი ვალდებულია, სასამართლოს დაანახოს და დაუსაბუთოს, რომ მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მითითებული შეზღუდვა სწორედ სადავო ნორმიდან მომდინარეობს, რაც განაპირობებს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან მიმართებით შეფასებას.
13. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის მიზანს და არსს წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოების დეკლარირება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა არ წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამავდროულად, მას არ გააჩნია რაიმე სხვა, მით უფრო, გარკვეული სამართლებრივი მოქმედების განხორციელების ამკრძალავი ხასიათი. ამ ნორმით არათუ არ არის მოწესრიგებული სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების წესი, არამედ უფრო მეტიც, ნორმა სწორედ ამ საკითხებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულირების მიღმა ტოვებს. ის გარემოება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და მასში მოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესები, თავისთავად, ვერ გამოიწვევს მოსარჩელისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას (იხ. mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/11/654 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
14. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს სახალხო დამცველის მიერ მიღებული აქტების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ცხადია, საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს სათანადო საპროცესო მექანიზმების შექმნას, თუმცა აღნიშნული ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს, თუ მოსარჩელეზე რომელი კანონი გავრცელდეს ან არ გავრცელდეს. კონსტიტუციური უფლების ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელობა არ ენიჭება იმას, თუ რომელი კანონის ფარგლებში მოხდება მისი რეგლამენტირება. მოსარჩელე შეიძლება უთითებდეს სახალხო დამცველის მიერ მიღებული აქტების გასაჩივრების წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციასთან შინაარსობრივ შეუსაბამობაზე და არა იმაზე, თუ რომელი კანონით უნდა წესრიგდებოდეს ესა თუ ის ურთიერთობა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კანონის დებულებები რომელიმე ურთიერთობაზე არ ვრცელდება, საერთოდ არ მიუთითებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს არ გააჩნია მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების მზღუდავი ხასიათი, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება კი ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმისა და მისგან მომდინარე შესაძლო უფლების შემზღუდველი შინაარსის არასწორ აღქმას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
16. მოსარჩელე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული დანაწესი გარანტირებულად აცხადებს დაცვის უფლებას, პირის შესაძლებლობას, სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის (წარმომადგენლის) მეშვეობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთან, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ვრცელდება არა მხოლოდ სისხლის სამართლის სფეროზე, არამედ, ასევე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალწარმოებაზეც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56).
17. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამავე კოდექსის მოქმედება (გარდა მესამე თავისა) არ ვრცელდება, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე. სადავოდ გამხდარი ნორმა არ ადგენს წესს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას საქმის განხილვაში პირის მონაწილეობის ან/და თავის დაცვის შესახებ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმად, ხსენებული სადავო ნორმები მას ართმევს დაცვის უფლებით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობას. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციურ სარჩელში არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ იწვევს სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით განმტკიცებული დაცვის უფლების დარღვევას. მოსარჩელის მითითებით, მისთვის პრობლემურია, რომ სადავო რეგულაციის საფუძველზე, მას არ ეძლევა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების შესაძლებლობა, ვინაიდან ხსენებული ნორმა გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის გავრცელებას სახალხო დამცველის საქმიანობაზე, თუმცა მას არ დაუსაბუთებია არც ის, თუ რატომ მომდინარეობს მის მიერ დასახელებული პრობლემა სადავოდ მიჩნეული რეგულაციიდან და არც ის, თუ რატომ და რა ასპექტში ზღუდავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
19. №1708 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დასახელებული კონსტიტუციური დებულებით - ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების დანაწესით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მას, როგორც სამართლის მაძიებელი პირის კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). თავის მხრივ, „ადვოკატთა თვითორგანიზების უფლების კონსტიტუციური უზრუნველყოფა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გულისხმობს არა ინდივიდუალური ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას, არამედ ადვოკატთა კორპუსის/ერთობის კოლექტიურ უფლებას, შექმნან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელიც სახელმწიფოსაგან ჩარევის, მისი დიქტატის გარეშე გადაწყვეტს ადვოკატის პროფესიასთან და მის განვითარებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს“ [...] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).
20. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება იმ მოცემულობის დეკლარირებით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება (გარდა მესამე თავისა) საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე. გასაჩივრებული რეგულაცია საერთოდ არ ეხება როგორც ადვოკატის ინდივიდუალური, ასევე ადვოკატთა კორპუსის კოლექტიური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. დამატებით, ამ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის წარმოსაჩენად, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოსარჩელეს, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი თუ მოსაზრება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან შინაარსობრივი მიმართების თაობაზე.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1708 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1708 კონსტიტუციური სარჩელი („ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე